უკრაინა აშშ-სგან დამატებით $50 მილიონის იარაღსა და აღჭურვილობას მიიღებს - ბლინკენი

„უკრაინა დამატებით დახმარებას მიიღებს შეერთებული შტატებისგან. ქვეყანა ჩვენს დამცველებს $50 მილიონ დოლარამდე ღირებულების იარაღსა და აღჭურვილობას გადასცემს“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც უკრაინაში აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„უკრაინელებს კვლავ უწევთ სისასტიკის პირისპირ ყოფნა, რაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ამ კვირაში მშვიდობიანი მოქალაქეებით სავსე სავაჭრო ცენტრზე თავდასხმით. ისინი აგრძელებენ ბრძოლას თავიანთი ქვეყნისთვის და შეერთებული შტატები აგრძელებს მათი და მათი ღირსეული საქმის მხარდაჭერას. შეერთებული შტატები ემზადება თავისი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. ამასთან, ჩვენ ვრჩებით უკრაინის დამოუკიდებლობის, უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული“, - ნათქვამია განცხადებაში.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.