სლოვაკეთი უკრაინაში MiG-29 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების და ტანკების გაგზავნას გეგმავს

სლოვაკეთი უკრაინაში MiG-29 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს და ტანკებს გაგზავნის, ხოლო ჩეხეთი დახმარებას გაუწევს სლოვაკეთს მისი ტერიტორიის პატრულირებაში, სანამ უკრაინაში გადაგზავნილი თვითმფრინავის ნაცვლად, აშშ-ის წარმოების F-16-ებს არ მიიღებს. ამის შესახებ სლოვაკეთისა და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებმა ედუარდ ჰეგერმა და პეტრ ფიალამ კვირას, ჩეხეთის რესპუბლიკის არხის, CT24-ის პირდაპირ ეთერში განაცხადეს.

ჰეგერის თქმით, ბრატისლავა თავის MiG-29-ებს უკრაინას გადასცემს და ასევე ისაუბრა უკრაინაში ტანკების გაგზავნის შესაძლებლობაზე. მან გაიხსენა, რომ ბრატისლავამ ივნისში სთხოვა პრაღას, დაეცვა ქვეყნის საჰაერო სივრცე F-16 გამანადგურებლების მიღებამდე, რომელთა მიწოდება ჭიანურდება. ჰეგერმა აღნიშნა, რომ ჩეხეთს მთელი წლის განმავლობაში დასჭირდება სამხედრო მხარდაჭერა ჩეხი კოლეგებისგან.

ფიალამ, თავის მხრივ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ასეთ დახმარებას გაუწევს თავის მეზობლებს და ჩეხური თვითმფრინავები სლოვაკეთის საჰაერო სივრცეში პატრულირებას სექტემბრიდან დაიწყებენ. 

მან ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთმა უნდა მიაწოდოს იარაღი უკრაინას, რათა შეძლოს ბრძოლა მისი დამოუკიდებლობისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის. „ისინი ჩვენთვისაც იბრძვიან", - განაცხადა ფიალამ. მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ჩეხეთი მზადაა, მონაწილეობა მიიღოს უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნაში.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.