დიდი ბრიტანეთი მომავალ წელს უმასპინძლებს კონფერენციას, რომელიც უკაინის აღდგენაზე იქნება ფოკუსირებული. დიდი ბრიტანეთი უკრაინის აღდგენის ღონისძიებებს გაუწევს კოორდინაციას.
„ჩვენ ვხელმძღვანელობთ უკრაინის მხარდაჭერას ომის დროს და გავაგრძელებთ რეკონსტრუქციისა და განვითარების გეგმის მხარდაჭერას, რომელსაც უკრაინის მთავრობას წარმოადგენს“, - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრუსმა განცხადებაში.
ბრიტანეთი უკვე მუშაობს უკრაინასთან და სხვა ქვეყნებთან მომავალი წლის კონფერენციის მასპინძლობისთვის.
უკრაინა ქვეყნის აღდგენის ხედვას შვეიცარიაში დაგეგმილ კონფერენციაზე 4 ივლისს წარადგენს.
„სინამდვილეში, ეს ჩვენი დროის ყველაზე დიდი ეკონომიკური პროექტია ევროპაში და საგანგებო შესაძლებლობები ყველა სახელმწიფოსთვის, ყველა კომპანიისთვის, რომლებსაც ჩვენ უკრაინაში სამუშაოდ მოვიწვევთ, რათა აჩვენონ საკუთარი თავი. რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე ჩვენი ძალებით დავიწყეთ ნორმალური ცხოვრების აღდგენა გათავისუფლებულ ტერიტორიებზე, მაგრამ ასეთი მასშტაბური პროექტის რეალიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით, უსაფრთხოების ახალი სტანდარტებისა და ცხოვრების ახალი ხარისხის შექმნა შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო შესაძლებლობების მოზიდვით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.