უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ რუსეთს რამდენიმე ფრონტის ხაზზე ერთდროულად შეტევა აღარ შეუძლია.
მისი თქმით, უკრაინაში შეჭრიდან ოთხი თვის შემდეგ გამოიკვეთა ნიშნები, რომ რუსეთის არსენალი ამოიწურა. თუმცა WSJ წერს, რომ პირველი შეცდომების შემდეგ რუსეთმა იპოვა ტაქტიკა, რომელიც მუშაობს. შეჭრის საწყის ეტაპზე რუსები უკრაინის ტერიტორიაზე გარღვევის მიღწევას ცდილობდნენ. ახლა რუსული ჯარები ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევენ არტილერიის საფარქვეშ.
დანილოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი არტილერიისა და ჯავშანტექნიკას თითოეულ კვადრატულ კილომეტრზე ძალიან დიდ რაოდენობით აგროვებს, რომელსაც უკრაინა ვერ უმკლავდება და ეს რუსებს უპირატესობას აძლევს.
„ამ დროისთვის უკრაინამ თავდაცვითი ომი უნდა აწარმოოს. გასულ თვეს, აშშ-ის საარტილერიო სარაკეტო სისტემების HIMARS-ის ჩამოსვლამ საშუალება მისცა უკრაინას, დარტყმები განეხორციელებინა ზუსტად იმ რუსულ სამიზნეებზე, რომლებიც ადრე უკრაინული აღჭურვილობისთვის მიუწვდომელი იყო“, - აღნიშნა დანილოვმა.
მისივე თქმით, უკრაინას კიდევ ათეულობით HIMARS-ი სჭირდებოდა.
„უკრაინის არმიამ საბჭოთა პერიოდის იარაღი და საბრძოლო მასალა გამოიყენა, და თანდათან NATO-ს შეიარაღებაზე დაყრდნობა დასჭირდება“, - აღნიშნა დანილოვმა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.