აშშ უკრაინას, დამატებით $400 მილიონის სამხედრო აღჭურვილობასა და HIMARS-ის 4 სარაკეტო სისტემას გაუგზავნის

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის $400 მილიონის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მოაწერა ხელი. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

პენტაგონის მაღალჩინოსნის ინფორმაციით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი კიევს რუსეთის წინააღმდეგ ომში, ტექნოლოგიურ უპირატესობას მისცემს. პაკეტში ასევე შედის ოთხი დამატებითი სარაკეტო გამშვები მოწყობილობა და საბრძოლო მასალა, რითაც აშშ უკრაინისთვის მიწოდებული მოძრავი საარტილერიო სარაკეტო სისტემების რაოდენობას 12-მდე ზრდის.

8 HIMARS-ი უკრაინამ უკვე მიიღო და ამ დროისთვის 100-ზე მეტმა მებრძოლმა სისტემის გამოყენების მიზნით, შესაბამისი სწავლება გაიარა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.