ზელენსკი: რუსეთის ტერორისტული ქმედებების შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ თანამედროვე, მაღალი სიზუსტის, ძლიერი იარაღით

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ტერორისტული ქმედებების შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ თანამედროვე, მაღალი სიზუსტის და ძლიერი იარაღით. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მე გავმართე შეხვედრა საფრანგეთის სენატის პრეზიდენტთან ჟერარ ლარშესთან და სენატორთა დელეგაციასთან, მას შემდეგ რაც ბატონი ლარშე უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვიდა. მადლობელი ვარ მისი, შთამაგონებული მიმართვისთვის. ჩვენი მთელი გუნდი, უკრაინის გუნდი, მუშაობს 24/7-ზე, რათა ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები და ჩვენი დაცვის საკითხი ყველა ქვეყნის ყურადღების ცენტრში იყოს, რომელიც უკვე არის ან შეიძლება, გახდეს ჩვენი ომის საწინააღმდეგო კოალიციის ნაწილი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ს ახალი ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„დამატებითი HIMARS-ს სარაკეტო სისტემები და სხვა მაღალი სიზუსტის იარაღი საშუალებას გვაძლევს, გადავდგათ ანტიტერორისტული ნაბიჯები და შევამციროთ რუსული თავდასხმის შესაძლებლობები“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.