კულება: 2014 წლისგან განსხვავებით, ჩვენ საინფორმაციო ომს ვიგებთ

უკრაინა რუსეთში სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ რუსეთთან საინფორმაციო ომს იგებს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ 13 ივლისს ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა.

კულებამ თქვა, რომ 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინის ომის შესახებ, ჭეშმარიტი ინფორმაციის გასავრცელებლად, მათ გამოიყენეს ოფიციალური გვერდები Ukraine.ua და war.ukraine.ua.

„ფართომასშტაბიანი ომის 140 დღის განმავლობაში Ukraine.ua ეკოსისტემამ მოიცვა 600 მილიონზე მეტი ადამიანი მსოფლიოში. აქედან 91 მილიონი ივნისში და ეს 21%-ით მეტია, ვიდრე მაისში. შეფასებების მიუხედავად, რომ საზოგადოება ომის ინფორმაციით გადაიღალა, ჩვენი კომუნიკაციები კიდევ უფრო მძლავრი ხდება", - აღნიშნა კულებამ.

კულებას თქმით, უკრაინა ახერხებს ხალხის ყურადღების მიქცევას რუსულ აგრესიასთან მიმართებით.

„ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და გადმოვცეთ სიმართლე და ასევე გამოვიყენებთ ამ უნიკალურ შესაძლებლობას, რათა მსოფლიოს ავუხსნათ რა არის უკრაინა, ვინ არიან უკრაინელები და რატომ არის ჩვენი სახელი თავისუფლება. ამჯერად, 2014 წლისგან განსხვავებით, ჩვენ ვიგებთ საინფორმაციო ომს. რა თქმა უნდა, უცხოეთში ყოველთვის იქნება ხალხი, ვინც რუსულ ტყუილს დაიჯერებს, მაგრამ ზოგადად, ხალხის კრიტიკული მასა უკრაინის მხარესაა. დიდი მიღწევაა პრეზიდენტ ზელენსკის მთელი გუნდისთვის“ - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.