უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთი თავდასხმის შემდეგი ეტაპისთვის ემზადება

რუსეთი უკრაინაში შეტევის შემდეგი ეტაპისთვის ემზადება. ამის შესახებ უკრაინელმა ოფიციალურმა სამხედრო პირმა განაცხადა, მას შემდეგ რაც კრემლმა განაცხადა, რომ მისი ძალები „სამხედრო ოპერაციებს „ყველა ოპერატიულ რაიონში“ გააძლიერებენ“.

„ეს არ არის მხოლოდ სარაკეტო დარტყმები ზღვიდან და ჰაერიდან. ჩვენ ვხედავთ დაბომბვას მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ, აქტიურად გამოიყენება ტაქტიკური ავიაცია და თავდასხმის შვეულმფრენები“, - განაცხადა უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა ვადიმ სკიბიცკიმ.

Reuters-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ კვირას განაცხადა, რომ რუსეთი სამხრეთ უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავდაცვით პოზიციებს აძლიერებს.

უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ურბანული ტერიტორიების დაბომბვის შედეგად ბოლო სამი დღის განმავლობაში სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა.


ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.