უკრაინაში აშშ-ის კონგრესის ორპარტიული დელეგაცია ჩავიდა

23 ივლისს უკრაინას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ორპარტიული დელეგაცია ეწვია.

დელეგაციას ხელმძღვანელობს რესპუბლიკელი ადამ სმიტი, რომელიც პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის ხელმძღვანელია და პენტაგონის დაფინანსებას ზედამხედველობს. ასევე მას ნაწილობრივ ეხება ენერგეტიკული საკითხებიც.

დელეგაციაში ასევე არიან რესპუბლიკელი - ყოფილი სამხედრო მაიკ უოლცი, CIA-სა და პენტაგონის ყოფილი თანამშრომელი დემოკრატი ელისა სლოტკინი, ყოფილი სამხედრო მფრინავი და პროკურორი დემოკრატი მიკი შერილი და დემოკრატი მაიკ კუიგლი.

ვიზიტის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი შეხვდნენ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვს ,  შემდგომ კი ირპენსა და ბუჩაში გამგზავრნენ.

„კიევში ვიზიტისას ჩვენ უშუალოდ დავინახეთ, თუ რამხელა წარუმატებლობა განიცადა ვლადიმერ პუტინის ომმა უკრაინის წინააღმდეგ. პუტინის აგრესიამ მხოლოდ გააერთიანა უკრაინა და ევროპის სხვა დემოკრატიები. მისმა თავდასხმამ წესებზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგზე გამოიწვია რუსეთის ეკონომიკის გამანადგურებელ იზოლაცია და NATO-ს აქტუალიზაცია“, - ნათქვამია აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლების ერთობლივ განცხადებაში.


ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.