აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა და უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა უსაფრთხოების სფეროში უკრაინის საჭიროებები სატელეფონო საუბრისას განიხილეს. ამის შესახებ თავდაცვის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი.
პენტაგონის ინფორმაციით, ოსტინმა რეზნიკოვს დაუდასტურა, რომ აშშ რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად უკრაინის შესაძლებლობების მხარდაჭერას განაგრძობს. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენს ამის დასტურად უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი, $550-მილიონიანი პაკეტი მოჰყავს. თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, რეზნიკოვმა ოსტინს საბრძოლო მოქმედებების ადგილებში არსებული სიტუაციის შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა თავის მხრივ, Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკული დახმარების ახალი პაკეტი უკრაინის საჭიროებებს აკმაყოფილებს.
პირველ აგვისტოს აშშ-მ უკრაინისთვის დამატებით $550 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა. თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ახალ პაკეტში შედის 75 ათასი, 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვი და დამატებითი საბრძოლო მასალები მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემისთვის (HIMARS).
პენტაგონი იუწყება, რომ მთლიანობაში, ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას უსაფრთხოებისთვის დაახლოებით, 8,8 მილიარდი დოლარის დახმარება გამოყო. 2014 წლიდან შეერთებულმა შტატებმა 10 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გაიღო.
„ბრძოლის ველზე მზარდი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, შეერთებული შტატები თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მუშაობას განაგრძობს“, - აცხადება აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი.
ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.