ბოლო ორი კვირის განმავლობაში ზაპოროჟიეს ატომური სადგურის გარშემო ძლიერი დაბომბვებია, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. BBC ამ საკითხს სტატიას უძღვნის. როგორც ბრიტანული მედია წერს, უკრაინაში აცხადებენ, რომ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ვითარება კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება.
მისივე ინფორმაციით, უკრაინა ყველაზე უარესი სცენარისთვის ემზადება, მაშველები შესაძლო ინციდენტთან დაკავშირებით, წვრთნებს გადიან.
„მათ თვალყურს ადევნებენ ოფიციალური პირები, რომლებსაც სურთ დაინახონ, რამდენად მზად იქნება რეგიონი ყველაზე უარესი სცენარის შემთხვევაში“, - წერს სტატიის ავტორი.
„რა თქმა უნდა, ჩვენ შეშფოთებულები ვართ. სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა, როდესაც რუსეთის ძალებმა 5 აგვისტოს ტერიტორიის დაბომბვა დაიწყეს“, - ციტირებს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრს BBC.
NATO ბოლო საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელმაც მოითხოვა გაეროს ინსპექტორების შეშვება ზაპოროჟიეს ელექტროსადგურში და აცხადებს, რომ რუსეთის ძალების მიერ მისი დაკავება სერიოზულ საფრთხეს უქმნის უკრაინასა და მეზობელ ქვეყნებს.
„შეუძლებელია ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ვიდრე იქ რუსული საოკუპაციო ჯარები არიან”, - ამბობს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, დენის მონასტრისკი.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესია.
გაეროს გენერალური მდივანი ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარებით „სერიოზულად შეშფოთებულია". ანტონიო გუტერეშის თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გავრცელებულმა ცნობებმა „უფრო ღრმად შემაშფოთებელი ინციდენტების“ შესახებ, შესაძლოა, „კატასტროფამდე მიგვიყვანოს“.
მან 11 აგვისტოს მოუწოდა მხარეებს, გაიყვანონ სამხედრო პერსონალი და აღჭურვილობა ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან.
დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 10 აგვისტოს განცხადება გაავრცელეს და რუსეთს მოუწოდეს, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს. 9 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა რომ, მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს ჩერნობილის კატასტროფა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში.
ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია „სრულიად უკონტროლოა“ და დღითიდღე უფრო საშიში ხდება, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ გროსიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს რუსეთს და უკრაინას, რომ ექსპერტები ადგილზე სწრაფად დაუშვან, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია და ბირთვული ავარიის თავიდან აცილება შეძლონ.