ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას, გაათავისუფლოს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა ონლაინ ბრიფინგზე, Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მაიკლ კარპენტერის თქმით, შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინის მიერ ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენას, ყირიმისა და დონბასის ჩათვლით.
- ჩვენ, შეერთებული შტატები, მოწოდებული ვართ, დავეხმაროთ უკრაინას, გააგრძელოს საკუთარი თავის დაცვა და გაათავისუფლოს მისი ტერიტორიები რუსეთის კონტროლისა და რუსეთის დროებითი ოკუპაციისგან.
„თუ არ ვცდები, ბოლო რამდენიმე კვირაში, უკრაინელებმა გაათავისუფლეს 8500-მდე კვადრატულ კილომეტრამდე ტერიტორია, რაც მიუახლოვდა 9000 კვადრატულ კილომეტრს. ეს არის ტერიტორიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ამ ძალისხმევის შედეგად, უკრაინამ დაიბრუნოს კონტროლი მთელ თავის ტერიტორიაზე.
- შეერთებული შტატები, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობაში სხვა სახელმწიფოების აბსოლუტური უმრავლესობა, არასოდეს, არასოდეს აღიარებს ამ ტრიუკების ლეგიტიმურობას. ეს ვერანაირად ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ უკრაინა არის უკრაინა და რომ ჩვენ ვაღიარებთ მის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში.
ამ ომის წარმოება რუსეთის მხრიდან, წმინდა იმპერიული დაპყრობის სურვილს ეფუძნება. ამ აგრესიაში აბსოლუტურად არანაირი რაციონალურობა არ არის, ამას გამართლება არ აქვს და ჩვენი მიზანია, რომ დავინახოთ, უკრაინამ დაიბრუნოს სრული, ვიმეორებ, სრული სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რაც რა თქმა უნდა, მოიცავს მთლიანად დონბასსა და ყირიმს“, - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.
ამავე ბრიფინგიდან
- მაიკლ კარპენტერი: ეს არ არის რეფერენდუმი, ეს არის პროპაგანდისტული ტრიუკები
- მაიკლ კარპენტერი: აშშ განაგრძობს უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას, გაათავისუფლოს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი 29 აპრილს, სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ რუსეთის ძალები აკავებენ ადგილობრივ მოსახლეობას და შემდეგ, უკრაინის მთავრობასთან ან დამოუკიდებელ მედიასთან რაიმე სავარაუდო კავშირის გამო სასტიკ პირობებში კითხავენ.
კარპენტერი ასევე აცხადებდა, რომ კრემლი შესაძლოა, ემზადებოდეს ყალბი რეფერენდუმების მოსაწყობად უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში - იმ რაიონებში, რომლებიც მან უკანონოდ დაიპყრო 24 თებერვლის შემდეგ.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა.
14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა.
უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს.
დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.