პუტინმა უკრაინის ოთხ ანექსირებულ რეგიონში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ Reuter-ი იუწყება.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ საომარ მდგომარეობას აცხადებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ოთხ რეგიონში, რომლებსაც მოსკოვი გასულ თვეში საკუთარ ტერიტორიად აცხადებდა.
უშიშროების საბჭოს წევრებთან საუბრისას პუტინმა ასევე დაავალა მთავრობას, შექმნას სპეციალური საკოორდინაციო საბჭო პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინის მეთაურობით, რომლის მიზანიც უკრაინაში მიმდინარე ომში, მოსკოვის ძალისხმევის გაძლიერებაა.
„ეს ომიდან თითქმის რვა თვის შემდეგ, პუტინის უკანასკნელი ესკალაციაა, რათა დაუპირისპირდეს უკრაინის ძალების წარმატებას“, - წერს Reuters-ი.
პუტინის მტკიცებით, ეს ზომები გაზრდის ეკონომიკის, მრეწველობისა და წარმოების სტაბილურობას, მის მიერ წარმოებული ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მხარდასაჭერად.
„ჩვენ ვმუშაობთ ძალიან რთული, ფართომასშტაბიანი ამოცანების გადაჭრაზე, რათა უზრუნველვყოთ რუსეთის საიმედო მომავალი, ჩვენი ხალხის მომავალი“, - განაცხადა პუტინმა.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს.
21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაციის დროს „დაშვებული ყველა შეცდომის“ აღმოფხვრა მოითხოვა.
რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა ყალბი რეფერენდუმის შედეგები 28 სექტემბერს გამოაცხადეს.
30 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა.
14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა.
უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს.
დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.