„გავიგეთ რომ ტერორისტები ახალ დარტყმებს ამზადებენ და სანამ რაკეტები აქვთ არ დაწყნარდებიან. მაგრამ ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს და ვიზრუნოთ მათზე, ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ, მოხუცებზე, ოჯახებზე ბავშვებით, მათზე, ვისი სახლებიც და ნათესავებიც ომმა წაგვართვა...
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ჩვენი ურთიერთმხარდაჭერა ტერორისგან დაცვის ერთ-ერთი ელემენტია და ჩვენი ძალაა. კვირა, რომელიც იწყება, შესაძლოა, ისეთივე გამოწვევებით იყოს სავსე, როგორც კვირა, რომელიც გადის. ჩვენი თავდაცვის ძალები ემზადებიან. მთელი სახელმწიფო ემზადება.
ჩვენ ვამუშავებთ ყველა სცენარს, მათ შორის პარტნიორებიც. გთხოვთ, არ დატოვოთ დახმარების გარეშე, ვისი დახმარება შეგიძლიათ. გთხოვთ, ყურადღებით იყავით საჰაერო განგაშის შემთხვევაში ამ კვირის განმავლობაში.
ყველა ერთად და ერთმანეთის დახმარებით გავივლით ომის გამოწვევას ამ ზამთარს. ეს არის რუსეთის მცდელობა, რომ სიცივე ხალხის წინააღმდეგ გამოიყენოს. ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ თავდაცვის გასაძლიერებლად. ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რომ რუსეთმა პასუხი აგოს ამ ტერორისტულ ომზე. ერთად ყველაფერს გავუძლებთ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა.
14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა.
უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს.
- ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა.
- 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა.
- 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.
დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.