მიწას არ ავცდენოდით და ჯარჯის შეეძლო ყველას ერთად გადაგვფარებოდა. მის უკან ამოფარებულმა გავატარე სკოლის პერიოდი, ჯარჯიმ გმირულად და სამშობლოს სიყვარულით იცხოვრა, - რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ჯაბულ ხოფერიას მეგობარი, ქეთა ბაგაშვილი სოციალურ ქსელში, ემოციურ მიმართვას ავრცელებს.
"ჩემს მეგობარზე მინდა მოგიყვეთ. ასეთი იყო, როცა გავიცანი. თითქმის 20 წლის წინ.კლასში რომ შემოდიოდა, მერხები ზანზარებდნენ. ასეთი იყო თავიდანვე, დიდი. ჩვენ მიწას არ ავცდენოდით და ჯარჯის შეეძლო ყველას ერთად გადაგვფარებოდა. და ასეც იყო სულ. მის უკან ამოფარებულმა გავატარე სკოლის პერიოდი. მერე უკრაინაში ომი რომ დაიწყო, ჩავთვალე, კლასს კი არა, მთელ საქართველოს გადაეფარა. მეხუთე კლასში ვიყავით, რაგბის თამაში რომ დაიწყო და ჩემთვის ვფიქრობდი ხოლმე, ვინმეს რომ დაეჯახოს, ის ადამიანი ვეღარ ადგება-მეთქი. უკრაინაში რომ წავიდა, გავაფრთხილე მაგრად დაეჯახე, იცოდე, ყველას და მჯეროდა, რომ ერთი დაჯახებითაც გამუსრავდა რუსებს. და მპირდებოდა, არ დავაკლებო და მეც ვიცოდი, რომ მისთვის უკან ნაბიჯი არ არსებობდა.
27 თებერვალს უკვე კიევში იყო. გაგანია ომში. ვფიქრობდი ხოლმე, ნეტა არ ეშინია? რანაირად არ ეშინია? რა გული აქვს ასეთი? და ეგ უზარმაზარი გული გაჩერდა დღეს.ჯაბას თავისი ბიძის, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ჯამბულათ ხოფერიას სახელი ერქვა. დაგვისვამდა ხოლმე ბავშვებს და გვიყვებოდა ბიძის და მამის გმირობების შესახებ და ვუყურებდი და სულ ვფიქრობდი, როგორ შეეძლო არნახულის ასეთი ემოციით გადმოცემა. მეხუთე კლასელს ძარღვები ასკდებოდა საფეთქელზე, როცა რუსეთის ბოროტებას გვიყვებოდა და თვალები ენთებოდა საქართველოს და გმირი ქართველების სიყვარულზე ლაპარაკისას.თავის გვერდზე ეწერა : "როგორ აღესრულა ის? სჯობს გიამბო თუ როგორ იცხოვრა მან". არ ვიცი, რომელ გვერდში მოარტყეს ჩემს მეგობარს ტყვია, რომელმაც სამუდამოდ დააძინა, მაგრამ მე ვიცი, როგორ იცხოვრა მან. გმირულად და სამშობლოს სიყვარულით. და მინდა, რომ ყველამ იცოდეს ეს.საუკუნოდ მის დიდებაში გავატარებ ჩემს დარჩენილ ცხოვრებას. მშვიდობით, მეგობარო!“, - წერს ქეთა ბაღაშვილი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან 2 დეკემბრამდე 28 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა.
14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა.
უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს.
- ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა.
- 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა.
- 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.
დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.