აფრიკის ლიდერები რუსეთს მოუწოდებენ, დაუბრუნდეს „მარცვლეულის შეთანხმებას“

აფრიკის ქვეყნების ლიდერებმა რუსეთს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის განახლებისკენ მოუწოდეს. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ აფრიკის კავშირის კომისიის თავმჯდომარემ, მუსა ფაკი მაჰამატმა სანკტ-პეტერბურგში აფრიკა-რუსეთის სამიტზე განაცხადა.

„მარცვლეულის შეთანხმება უნდა გაგრძელდეს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის, განსაკუთრებით აფრიკელებისთვის," - განაცხადა მაჰამატმა. ლიდერები ომის დასრულებისკენ მოწოდებითაც გამოვიდნენ.


„ჩვენ ვგრძნობთ, რომ გვაქვს უფლება, მოვუწოდოთ მშვიდობისკენ - მიმდინარე კონფლიქტი ასევე უარყოფითად მოქმედებს ჩვენზე,“ - განაცხადა თავის მხრივ, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა, კირილ რამაფოსამ.

უკრაინა მარცვლეულის ერთ-ერთი წამყვანი ექსპორტიორია მსოფლიოში. მისი პროდუქტი აუცილებელია რეგიონების სასურსათო უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკისთვის.


ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან რუსეთის გასვლის გამო, სანქტ-პეტერბურგის სამიტს 20-ზე მეტი აფრიკელი ლიდერი არ დაესწრო. ცნობისთვის, 19 ივლისს ხორვატიამ უკრაინას მარცვლეულის ტრანსპორტირებისთვის საკუთარი პორტები შესთავაზა.


მედიით 24 ივლისს გავრცელდა ცნობა, რომ საბერძნეთი და ბულგარეთი უკრაინული მარცვლეულის სარკინიგზო გზით ტრანზიტს განიხილავენ.

შეგახსენებთ, ოდესასა და მის შემოგარენზე თავდასხმები 17 ივლისის შემდეგ გაძლიერდა, როდესაც რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მხოლოდ ჩერნომორსკის პორტში, დაახლოებით 60 000 ტონა მარცვლეული განადგურდა.

თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია.


იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“
 
შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა.

ასევე წაიკითხეთ: