სტიქია რაჭაში: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი 27 ივლისსა და 4 აგვისტოს გადაღებულ სატელიტურ სურათებს აქვეყნებს

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი რაჭაში განვითარებულ მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით, 27 ივლისსა და 4 აგვისტოს გადაღებულ სატელიტურ სურათებს აქვეყნებს. 

„ვაქვეყნებთ Landsat-ის მიერ, 27 ივლისსა და 4 აგვისტოს გადაღებულ სატელიტურ სურათებს. ეს სურათები არის უფასო. Landsat-ის მიერ ფოტოები გადაღებულია ისეთ დროს, როდესაც ღრუბელია და გარჩევადობა დაბალი.

მიუხედავად ამისა, სავარაუდოა რომ ამ შუალედში, შოვიდან 7 კილომეტრში დაახლოებით, მდინარე ბუბაზე კალაპოტი მკვეთრად გაგანიერებულია, ანუ მეწყრულ-ღვარცოფული პროცესი დაწყებულია, რამაც შესაძლოა, გამოიწვია მდინარის გადაკეტვა (ადგილობრივებმა თქვეს, რომ ქვემოთ მდინარე აღარ მოდიოდა). ეს არის მონიტორინგი და წინასწარი შეტყობინების სისტემი ნაწილი.

ვთხოვთ, ყველა ჩვენს პარტნიორ ამერიკულ და ევროპულ უნივერისტეტს, მოგვცენ მაღალი გარჩევადობის, კარგი ხილვადობის ან ფასიანი ამ პერიოდის კოსმოსური/აერო გამოსახულებები. რომელიც საშუალებას მოგვცემს, უკეთესად დავინახოთ, შევაფასოთ მიმდინარე გეოდინამიკური და გეომორფოლოგიური პროცესები და დაფიქსირებული პრობლემატიკის შემთხვევაში ვაწარმოოთ მონიტორინგი. გთხოვთ, დაგვეხმარეთ!“


ცნობისთვის, გაეროს განცხადებით, რაჭის სტიქია კლიმატის ცვლილების მზარდი ზემოქმედების მკვეთრი შეხსენებაა.


შეგახსენებთ, 4 აგვისტოს, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.

შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი გამოიყვანეს. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

5 აგვისტოს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოში თავდაცვის ძალები აქტიურად ჩაერთო. ამავე დღეს, 7 აგვისტო გლოვის დღედ ოფიციალურად გამოცხადდა.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დაკარგულთა შორის ბავშვებიც არიან. მეწყერი შოვში სამ აგვისტოს ჩამოწვა.