ზელენსკი: საბერძნეთი უკრაინელ პილოტებს F-16-ის ტიპის თვითმფრინავებისთვის მოამზადებს

საბერძნეთი დასავლური F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებისთვის უკრაინელი მფრინავების მომზადებაში მონაწილეობას მიიღებს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ, კირიაკოს მიცოტაკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„საბერძნეთი მონაწილეობას მიიღებს ჩვენი მფრინავების მომზადებაში F-16-ებზე,“ - განაცხადა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთში ვიზიტით 21 აგვისტოს ჩავიდა. მანამდე კი, დანიას, ნიდერლანდებსა და შვედეთს ეწვია.


შეგახსენებთ, აშშ დანიისა და ნიდერლანდების მიერ F-16-ების უკრაინაში გაგზავნას დაეთანხმა.

თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს.


უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა.


რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ.

ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია.

ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.

ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს.


ინფორმაციისთვის, F-16 არის ამერიკული ერთძრავიანი ზებგერითი მრავალფუნქციური გამანადგურებელი თვითმფრინავი, რომელიც თავდაპირველად General Dynamics-ის მიერ შეერთებული შტატების საჰაერო ძალებისთვის (USAF) შეიქმნა. წარადგინეს როგორც საჰაერო უპირატესობის დღის გამანადგურებელი, თუმცა იქცა ყველა ამინდის პირობებში მრავალფუნქციურ თვითმფრინავად. 4600-ზე მეტი თვითმფრინავი შეიქმნა მას შემდეგ, რაც მისი წარმოება 1976 წელს დამტკიცდა.