ბაიდენმა და ზელენსკიმ უკრაინისთვის F-16-ების გაგზავნის საკითხზე ისაუბრეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.


„ჩვენ ერთად ვამტკიცებთ, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ღირს ბრძოლა. მადლობა პრეზიდენტ ბაიდენს, აშშ-ის კონგრესს და ყველა ამერიკელს ამისათვის. თქვენ შეგიძლიათ, უკრაინის იმედი გქონდეთ ჩვენი საერთო ღირებულებების დაცვაში,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.


თავის მხრივ, თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა და უკრაინის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა აშშ-ის ვალდებულება, მხარი დაუჭიროს უკრაინის თავდაცვას რუსული აგრესიისგან იმდენხანს, რამდენხანსაც საჭირო იქნება და რუსეთს, მისი ქმედებების გამო, პასუხისმგებლობა დააკისროს," - აღნიშნულია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ამერიკული მხარის ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს უკრაინელი პილოტების მომზადების საკითხიც განიხილეს.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა და პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინელი პილოტების მომზადების დაწყება და უკრაინაში F-16-ების გაგზავნაზე სხვა ქვეყნებისთვის დაჩქარებული თანხმობის გარანტიის საკითხები განიხილეს," - წერია ინფორმაციაში.


სატელეფონო საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა ჯო ბაიდენმაც.

„ჩემს მეგობარს, პრეზიდენტ ზელენსკის ვესაუბრე და მას და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობა მივულოცე. დაე, დღევანდელი დღე იყოს შეხსენება, რომ სიბნელისა და ბატონობის ძალები ვერასოდეს ჩააქრობენ თავისუფლების ცეცხლს, რომელიც თავისუფალი ადამიანების გულში ანთია," - წერს ჯო ბაიდენი.


ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართა კანადის პრემიერ-მინისტრთან ჯასტინ ტრუდოსთანაც და მადლობა გადაუხადა ყირიმის პლატფორმის სამიტზე გამოსვლისა და ომში უკრაინის მუდმივი მხარდაჭერისთვის.


თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს.


უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა.


რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ.

ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია.

ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.

ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს. 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს ნორვეგიაც გაუგზავნის.