სოჭში პუტინისა და ერდოღანის შეხვედრა იმართება

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები სოჭში შეხვდნენ. შეხვედრაზე უკრაინასთან ომი და მარცვლეულის გარიგება განიხილება.

„ჩვენ უყურადღებოდ არ დავტოვებთ „უკრაინის კრიზისთან დაკავშირებულ საკითხებს“. ვიცი, რომ თქვენ აპირებთ „მარცვლეულის შეთანხმების“ საკითხის წამოწევას. ჩვენ ღია ვართ ამ საკითხზე მოლაპარაკებებისთვის," - განაცხადა პუტინმა რუსული მედიის ცნობით.

„მე მჯერა, რომ გზავნილი, რომელიც ჩვენი შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე გამჟღავნდება, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით განუვითარებელი აფრიკის ქვეყნებისთვის,“ - განაცხადა ერდოღანმა პუტინთან შეხვედრის გახსნისას.


მანამდე, რუსეთში ვიზიტით იმყოფება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი.

თურქმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ვიზიტი ლიდერების შეხვედრის მოსამზადებლად გაიმართა.

ფიდანის ვიზიტის დროს გახდა ცნობილი, რომ გაერომ რუსეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღსადგენად კონკრეტული წინადადებები წარუდგინა.

მანამდე, ახალი წინადადებების შეახებ გუშინ, 31 აგვისტოს მოსკოვში საუბრობდა ფიდანი, რომელმაც სერგეი ლავროვთან შეხვედრა გამართა.


ცნობისთვის, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა.

თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა მიმდინარე წლის 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია.

უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა.

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია.


ასევე წაიკითხეთ:

დროებითი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ოდესის პორტი პირველმა გემმა 16 აგვისტოს დატოვა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 აგვისტოს განაცხადა, რომ ოდესის პორტიდან გასულმა პირველმა სამოქალაქო გემმა ახალი ჰუმანიტარული დერეფანი გაიარა.


დროებითი დერეფანი გამოიყენება იმ გემებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მომენტისთვის უკრაინულ პორტებში „ჩერნომორსკი“, „ოდესა“ და „იუჟნი“ იმყოფებოდნენ. დროებითი მარშრუტები, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) შეთანხმებით ამოქმედდა.

კონტეინერმზიდი „იოზეფ შულტე“ სტამბოლის პორტში შევიდა. ამას ადასტურებს MarineTraffic-ის იმ სამსახურის მონაცემებიდან, რომელიც გემების მოძრაობას აკონტროლებს.

ხომალდის ბორტზე 30 ათას ტონაზე მეტი ტვირთია, სურსათის ჩათვლით. ჰონგ-კონგის დროშით მცურავი „იოზეფ შულტე“ ოდესის პორტში წელიწად-ნახევრის განმავლობაში - 2022 წლის 23 თებერვლიდან იდგა. 2 სექტემბერს ზელენსკიმ განაცხადა, რომ მარცვლეულის დროებითი დერეფანი კიდევ ორმა გემმა წარმატებით გაიარა.