ისრაელის მთავრობა და ოპოზიცია საგანგებო მთავრობისა და ომის პირობებში კაბინეტის შექმნაზე შეთანხმდნენ

ისრაელის მთავრობა და ოპოზიცია საგანგებო მთავრობისა და ომის პირობებში კაბინეტის შექმნაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ერთობლივი განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და “ეროვნული ერთიანობის” ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ბენი განცმა გააკეთეს.

განცი, რომელიც ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრია, ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს „ომის მართვის კაბინეტში” შეუერთდება.


მთავრობა არ მიიღებს კანონებს ან გადაწყვეტილებებს, რომლებიც ომის მიმდინარეობას არ უკავშირდება. ეს გულისხმობს, რომ საგანგებო მთავრობის პირობებში სადავო სასამართლო რეფორმა წინ არ წაიწევა.

ამ მომენტისთვის არ არსებობს ნიშნები, რომ უდიდესი ოპოზიციური პარტიის “იეშ ატიდის” ლიდერი იაირ ლაპიდი საგანგებო მთავრობას შეუერთდება.


7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.


9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა.