უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უკრაინის დახმარების პოტენციური შემცირება მსოფლიოსთვის მესამე მსოფლიო ომის რისკს ზრდის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელგიის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბელგიის დედაქალაქში მისი ერთ-ერთი მიზანი იყო, მიეღო ერთგვარი გარანტიები, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი უკრაინის მხარდაჭერას რისკებს არ შეუქმნის.
„მეშინია თუ არა, რომ მხარდაჭერა შემცირდება? არის მსგავსი რისკები. მაგრამ ეს არ არის რისკი მხოლოდ უკრაინისთვის. თუ თქვენ არ დაეხმარებით უკრაინას, მაშინ რუსეთი გაძლიერდება. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, იქნება ეს ერთი, ორი თუ სამი წელი, იმ შემთხვევაში, თუ ომი არ დასრულდება, რუსეთი ისევ დაბრუნდება და მთელ უკრაინას გაანადგურებს. შემდეგი კი ევროკავშირისა და NATO-ს წევრი ქვეყნები იქნებიან.
ამიტომ დახმარების შემცირება ყველასთვის რისკს წარმოადგენს. გარდა ამისა, ჩვენი საერთო რისკები მოიცავს იმას, დარჩება თუ არა ევროპა და NATO ერთიანი და დაიწყება თუ არა მესამე მსოფლიო ომი,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ასევე ისაუბრა მსოფლიოში არსებული დაძაბული ვითარების შესახებ და აღნიშნა, რომ მსგავსი სიტუაცია რუსეთისთვის სასარგებლოა, რადგან ისინი დაინტერესებულნი არიან, რომ უკრაინის მიმართ დახმარება და ყურადღება შემცირდეს.
ზელენსკიმ ოთხშაბათს, ბრიუსელში რამშტეინის შეხვედრის დროს მიიღო გარანტიები მოკავშირეებისგან, რომ უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება ისრაელში არსებული რთული სიტუაციის მიუხედავად. აღსანიშნავია, რომ NATO-ს თავდაცვის მინისტრები ასევე განიხილავენ ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას, „ჰამასის“ მიერ NATO-ს პარტნიორი ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტების შემდეგ. ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი NATO-ს მოკავშირეებს ერთგვარ ანგარიშს ხვალ გააცნობს.
„რა თქმა უნდა, პარტნიორები ირწმუნებიან, რომ უკრაინა დახმარებას მაინც მიიღებს, უკრაინას არავინ მიატოვებს,“ - განაცხადა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.
7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.
9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა.
-
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა
-
როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“
-
რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი
-
როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი
-
ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია
- რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას
- ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters