სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შეხვდა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის 30-ე მინისტრთა საბჭოს ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები.
„საუბარი შეეხო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესში ბოლო მოვლენებს. მირზოიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის არაკონსტრუქციული დამოკიდებულების, მთიან ყარაბაღში განხორციელებული ეთნიკური წმენდისა და არსებული ჰუმანიტარული პრობლემების მიუხედავად, სომხეთმა აზერბაიჯანს გადაუგზავნა წინადადებები სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით ცნობილი პრინციპების შესაბამისად და და აზერბაიჯანის ამ პრინციპებისადმი მკაფიო ერთგულების შემთხვევაში, ამ პროექტზე შეთანხმების მიმართულებით შეიძლება მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა.
ბლინკენმა და მირზოიანმა ასევე ისაუბრეს სომხეთის რეგიონულ პროგრამებზე, რომლის კონტექსტში საგარეო საქმეთა მინისტრმა მირზოიანმა ისაუბრა სომხეთის მთავრობის მიერ შემუშავებულ პროექტზე "მშვიდობის გზაჯვარედინზე" და ხაზი გაუსვა მის განხორციელების შედეგად რეგიონის სტაბილურობისთვის მოსალოდნელ სარგებელს.
შეხვედრაზე მირზოიანმა და ბლინკენმა სომხურ-ამერიკული ორმხრივი დღის წესრიგიც განიხილეს. ისაუბრეს ორმხრივ და მრავალმხრივ პლატფორმებზე არსებულ თანამშრომლობასა და მისი გაფართოების პერსპექტივებზე,“ - იუწყება სომხური მხარე. ამერიკულ მხარეს ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.
თავის მხრივ, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტოივო კლაარმა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში განიხილა „სამშვიდობო პროცესი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.“
„გუშინ ანკარაში კარგი ვიზიტის შემდეგ დავბრუნდი ბრიუსელში. განვიხილეთ ევროკავშირსა და თურქეთს შორის საერთო ინტერესის საკითხები სამხრეთ კავკასიის რეგიონთან დაკავშირებით, კერძოდ, სამშვიდობო პროცესი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის,“ - დაწერა კლაარმა X-ზე (ყოფილი Twitter-ი).
28 ნოემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ აშშ-ის განცხადებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აზერბაიჯან-ამერიკის ურთიერთობებს. შეგახსენებთ, ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
ბაქოს პროტესტი მოჰყვა ბლინკენის თანაშემწის ჯიმ ო'ბრაიანის მიერ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, „ნორმალურად ვერ იქნება ვერაფერი აზერბაიჯანთან, 19 სექტემბრის მოვლენების შემდეგ, ვიდრე არ დაინახავენ პროგრესს სამშვიდობო გზაზე."
„ჩვენ გავაუქმეთ რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი, დავგმეთ [ბაქოს] ქმედებები“, აღნიშნა ო'ბრაიანმა.
შეგახსენებთ, ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, რომელიც Europetime-ს ანონიმურობის დაცვის პირობით, ვრცელ ინტერვიუში ესაუბრა, ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. ამის დასტურად მოჰყავთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის გამოსვლა კონგრესის მოსმენაზე, რასაც ბაქოს მწვავე რეაქცია მოჰყვა, თუმცა ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ბლინკენის თანაშემწის განცხადებები უსაფრთხოებისკენ საუკეთესო გზას ასახავს. ვაშინგტონი ბაქოს პროტესტის ფონზე, ო’ბრაიენის პოზიციას ამყარებს. 16 ნოემბერს ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. საპასუხოდ, აშშ-მ აზერბაიჯანს და სომხეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ კვლავ მოუწოდა.
- „ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებები აჩვენებს გზას გრძელვადიანი უსაფრთხოებისაკენ როგორც სომხეთისთვის, ასევე, აზერბაიჯანისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს სასარგებლოდაც. განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგვრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის მშენებლობა ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო.“