პოლიციამ პარლამენტთან აქციაზე წყლის ჭავლი გამოიყენა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, 9 აპრილის ქუჩაზე პოლიციამ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. პროტესტის მონაწილეები შეკრებილნი არიან პარლამენტის შენობის კიდევ ერთ მხარეს - ჭიჭინაძისა და ძმები ზუბალაშვილების კვეთაზე. პოლიციამ წყლის ჭავლი ამ ადგილზეც გამოიყენა. ძალების გამოყენებამდე, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება იყო. პროტესტის მონაწილეები სხვადასხვა საგანს ისვრიან.


მანამდე, შსს-მ განაცხადა, რომ „აქციაზე შეკრებილთა ნაწილი სამართალდამცველებს უპირისპირდება, დააზიანეს განათების ფანრები და ინვენტარი, ცეცხლი წაუკიდეს ელექტრო გაყვანილობას, პოლიციელების მისამართით ისვრიან გაურკვეველ საგნებს, დაშავებულია ერთი პოლიციელი.“ შსს მოუწოდებდა „აქციის მონაწილეებს, არ განეხორციელებინათ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და დამორჩილებოდნენ სამართალდამცველთა მითითებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებდა კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში.“


აქციის დაშლის დაწყებამდე, გავრცელდა პრეზიდენტის ვიდეომიმართვაც. მან აღნიშნა, რომ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში არის „უაღრესად მშვიდობიანი პროტესტი.“

„ძალიან მაგარია საქართველო და მაგარია მისი საზოგადოება. ჩანს ყველანაირად, რომ არავინ არ არის მზად, შეეგუოს გარუსებულ საქართველოს, კონსტიტუციაწართმეულ საქართველოს, არალეგიტიმური მთავრობისა და პარლამენტის ხელში მყოფ საქართველოს.


თქვენ დღეს ძალიან ბევრნი ხართ გამოსულები. გიყურებთ რუსთაველზე, გიყურებთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ახმეტა, ლაგოდეხი, თელავი. ეს არნახულია, რომ ერთდროულად და სპონტანურად გამოდიოდნენ საქართველოს მოქალაქეები უაღრესად მშვიდობიანად.


მინდა, მივმართო, პირველ რიგში, სამართალდამცავებს, ვიცი, საპატრულო პოლიცია ყველაფერს აკეთებს და მინდა, ამისთვის მადლობა ვუთხრა. დანარჩენებს მინდა მოგმართოთ - არ აწიოთ ხელი ჩვენს ახალგაზრდა მოქალაქეებსა და არც სხვებზე! თავი შეიკავეთ და თქვენი მოვალეობა დაიცავით! არაფერი ხდება არც რუსთაველზე, არც სხვა ქალაქებში, რაც თქვენს ჩართულობასა და დარბევას მოითხოვს. ამიტომ, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა არის თქვენი, მხოლოდ თქვენი და თქვენი უფროსების. მათაც უნდა იფიქრონ ამაზე,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მეორე დღეა, ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ხალხმრავალი აქცია საქართველოს პარლამენტთან იმართება.


ცნობისთვის, 30 ოქტომბერს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ აცხადებდა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ამასთან, ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას ხელახალი ჩართულობისკენ „მკაფიო გზა“ და საქართველოს შესაძლო წევრობისკენ „გზამკვლევი“ შესთავაზა.


შეგახსენებთ, 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ამასთან, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ “ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.“ მანამდე, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მთავრობას ნდობა გამოუცხადა.


განცხადება კი, კობახიძემ მმართველი გუნდის ოფისში შეკრების შემდეგ გააკეთა, რასაც მოქალაქეების საპროტესტო აქცია მოჰყვა რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ და „ქართული ოცნების“ ოფისთანაც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა.


ეს იყო უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას ოპოზიციასთან ერთად აკეთებდა. პირველად, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა.


სახალხო დამცველის შეფასებით, აქციის დაშლის დაწყებით დაირღვა შეკრების თავისუფლება. იოსელიანის თქმით, შემაშფოთებელია მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები. შსს-ს განცხადებით, პარლამენტთან აქციაზე 43 პირიდაკავებული.


მედიაომბუდსმენის შეფასებით, 28 და 29 ნოემბერს, ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო.


პრემიერ-მინისტრმა პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ქმედებებს მომიტინგეების მხრიდან „მასშტაბური ძალადობის“ შედეგი უწოდა.

29 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი თანამდებობას ტოვებს.


თავის მხრივ, ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი მამუკა ციხელაშვილი იმ 100-ზე მეტ მოქმედ თანამშრომელს შორისაა, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ევროპული საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდასაჭერად. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი აცხადებს, რომ „ერთგულნი რჩებიან საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულების.“


განათლების სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი ამბობს, რომ ხელისუფლების განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლების ნაწილთა შეფასებით, ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღება მნიშვნელოვნად აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს.

29 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი და უკიდურესად სამწუხარო გადაწყვეტილება.

თავის მხრივ, ამერიკის ელჩმა „მტკიცედ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს.