შს მინისტრის მოადგილე: ჩვენ ვიყენებდით კანონით გათვალისწინებულ ყველა სპეციალურ საშუალებას

შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტის კითხვას - აქციაზე გამოყენებულ წყლის ჭავლში იყო თუ არა გარეული, რაიმე ნივთიერება, უპასუხა, რომ „როცა დგას საჭიროება, შესაძლებელია, რომ წყლის ჭავლში იყოს გარეული შესაბამისი ნივთიერებები, რომლებიც დაშვებულია კანონით, ეს გაზი იქნება, თუ სხვა საშუალებები, საღებავიც შეიძლება იქნას გარეული და ა.შ. როდესაც დგას ამის საჭიროება და არის ამის სამართლებრივი საფუძვლები, პოლიცია იყენებს ამ საშუალებას.“ შს მინისტრის მოადგილის თქმით, საპროტესტო აქცია არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დაშვებულ ნორმებს, გადაიზარდა ძალადობრივ ქმედებებში.


დარახველიძის თქმით, პოლიციას კანონით მინიჭებული აქვს უფლება, რომ გამოიყენოს იძულების ღონისძიებები, მათ შორის, სპეციალური საშუალებები, როგორც პასიური, ისე აქტიური სპეციალური საშუალებები.


„პასიურ საშუალებებში მოიაზრება თავდაცვის ის საშუალებები, რომლითაც ხდება პოლიციელების აქციის მოძალადე წევრებისგან დაცვა. რაც შეეხება აქტიურ საშუალებებს, ეს იქნება წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, თუ სხვა საშუალებები, ამას ვიყენებთ იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რაც კანონში არის განსაზღვრული, ანუ მთავარი ტესტი აქ არის პროპორციულობა იმ საფრთხიდან გამომდინარე, რაც დგას და რაც აუცილებელია მომდინარე ზიანის აღსაკვეთად, ამ შემთხვევაში, პოლიცია იყენებს ყველა საშუალებას, რაც განსაზღვრულია.


საზოგადოება ხედავდა, რომ გამოყენება ხდებოდა წყლის ჭავლის, გარკვეულ შემთხვევაში ხდებოდა წიწაკის სპრეის გამოყენება, საჭიროების შემთხვევაში სხვა საჭიროებების გამოყენება, თუმცა ყველა კონკრეტულ საშუალებაზე მე, ახლა, ვერ მოგაწვდით ინფორმაციას იმიტომ, რომ ეს პროცესი ხანგრძლივად გრძელდებოდა.


ხედავდით, რომ დაახლოებით, 12 საათის განმავლობაში ჩვენი თითოეული დანაყოფი მობილიზებული იყო პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასე რომ, ჩვენ ვიყენებდით კანონით გათვალისწინებულ ყველა სპეციალურ საშუალებას იმ ფარგლებში, რაც არის დადგენილი რეგულაციებით,“ - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.


28 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული 2 პირი მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.  გიორგი წაქაძეს 5-დღიანი პატიმრობა, ზურაბ წიკლაურს კი, 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. კიდევ 5 პირის სასამართლო პროცესი რამდენიმე დღით გადაიდო. 28-29 ნოემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე საერთო ჯამში, 150 პირი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლებით დააკავეს.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებითაც მიმდინარეობს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ასევე გამოძიება დაწყებულია სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო.



ცნობისთვის, 30 ოქტომბერს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ აცხადებდა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ამასთან, ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას ხელახალი ჩართულობისკენ „მკაფიო გზა“ და საქართველოს შესაძლო წევრობისკენ „გზამკვლევი“ შესთავაზა.


შეგახსენებთ, 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ამასთან, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ “ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.“ მანამდე, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მთავრობას ნდობა გამოუცხადა.


განცხადება კი, კობახიძემ მმართველი გუნდის ოფისში შეკრების შემდეგ გააკეთა, რასაც მოქალაქეების საპროტესტო აქცია მოჰყვა რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ და „ქართული ოცნების“ ოფისთანაც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა.


ეს იყო უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას ოპოზიციასთან ერთად აკეთებდა. პირველად, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა.


სახალხო დამცველის შეფასებით, აქციის დაშლის დაწყებით დაირღვა შეკრების თავისუფლება. იოსელიანის თქმით, შემაშფოთებელია მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები. შსს-ს განცხადებით, პარლამენტთან აქციაზე 43 პირიდაკავებული.


მედიაომბუდსმენის შეფასებით, 28 და 29 ნოემბერს, ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო.


პრემიერ-მინისტრმა პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ქმედებებს მომიტინგეების მხრიდან „მასშტაბური ძალადობის“ შედეგი უწოდა.

29 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი თანამდებობას ტოვებს.


თავის მხრივ, ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი მამუკა ციხელაშვილი იმ 100-ზე მეტ მოქმედ თანამშრომელს შორისაა, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ევროპული საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდასაჭერად. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი აცხადებს, რომ „ერთგულნი რჩებიან საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულების.“


განათლების სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი ამბობს, რომ ხელისუფლების განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლების ნაწილთა შეფასებით, ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღება მნიშვნელოვნად აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს.

29 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი და უკიდურესად სამწუხარო გადაწყვეტილება.

თავის მხრივ, ამერიკის ელჩმა „მტკიცედ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს.


პრეზიდენტმა 29 ნოემბრის საღამოსა და 30 ნოემბრის აქციის ღამეს განაცხადა, რომ „ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ.“

მანამდე, პოლიციამ პარლამენტთან აქციაზე ისევ წყლის ჭავლი და „სპეციალური საშუალებები“ გამოიყენა.


აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) და კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია) საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 29 ნოემბრით არის დათარიღებული, „მკაცრად გმობენ“ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ „უკიდურესი ძალადობის“ ფორმას.“


„ეს მთავრობა არალეგიტიმურია, ჩვენ ქართველ ხალხთან ვდგავართ,“ წერია განცხადებაში. ირაკლი კობახიძის თქმით, „გუშინდელ ძალადობრივ მიტინგზე უმთავრესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ევროპელ პოლიტიკოსებს და ადგილობრივ აგენტურას, მეხუთე კოლონას.“


ომბუდსმენის თქმით, დაკავების დროს, ადამიანებზე ძალადობას გამართლება არ აქვს და ეს დანაშაულია - ასეთი დანაშაულები უნდა გამოიძიონ. სახალხო დამცველის შეფასებით, ეს არის რაღაც სიმხეცე, ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობას გამართლება არ აქვს.