„დემოკრატიულმა სამყარომ ამერიკის ლიდერობით 12-წლიანი დაცვის თამაშის შემდეგ, რუსეთთან შეტევაზე გადასვლა გადაწყვიტა. რეალურად, ახალი ევროპული უსაფრთხოება საქართველოს და უკრაინის გარეშე წარმოუდგენელია“, - ამის შესახებ Europetime-ს ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტმა ბათუ ქუთელიამ განუცხადა.
ქუთელიას განმარტებით, რუსეთთან შეტევაზე გადასვლა, მაინცდამაინც ბირთვულ ომს არ ნიშნავს. ეს ნიშნავს დემოკრატიული ფასეულობების გავრცელებას, დემოკრატიული არეალის გაფართოებას.
„შესაბამისად, ჩვენი შანსი არის ის, რომ „შეტევაზე გადასვლის პოლიტიკიდან გამომდინარე, უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე გადასვლა ჩვენს გარეშე არ მოხდეს. პირველი, შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების კონტექსტში, მეორე იმიტომ, რომ ეს ორი ქვეყანა არის სწორედ ის წერტილი, სადაც რუსეთმა საერთაშორისო წესრიგის მოშლის პირველი ორი დარტყმა განახორციელა. 2008-ში საქართველოში, 2014-ში უკრაინაში და დღემდე გრძელდება. ძველი საერთაშორისო წესრიგის რღვევა რეალურად 2008 წლიდან დაიწყო, როდესაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა, გაგრძელდა უკრაინაში და დღემდე გრძელდება, სამწუხაროდ. ახლა უკვე მიმდინარეობს მუშაობა, რომ ეს ძველი უსაფრთხოების არქიტექტურა ახლით ჩანაცვლდეს, რუსული ჰიბრიდული ომიდან და აგრესიული რევიზიონიზმიდან გამომდინარე. აქ სხვა ფაქტორებიც შემოდის, ჩინეთი , ირანი და ა.შ. ამიტომ, ახლა როცა ჩვენ, მხოლოდ შიდა პოლიტიკურ პრობლემებზე ვსაუბრობთ, სწორედ ამ დროს, დანარჩენ მსოფლიოში ახალი წესრიგი ლაგდება“, - აღნიშნავს Europetime-თან საუბარისას ბათუ ქუთელია.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანის ენტონი ბლინკენის განცხადებით, ვაშინგტონი NATO-ს ქვეყნებთან კონსულტაციას გადის და იმ ზომებს განიხილავს, რაც შესაძლოა მოსკოვის წინააღმდეგ მიიღონ.
უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო მანევრების შესახებ გავრცელებული ცნობების გამო, ოფიციალურ კიევსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა იზრდება. რუსმა სამხედროებმა და დონბასელმა სეპარატისტებმა დონბასში არაერთხელ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ევროპარლამენტი რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს სამხედრო პროვოკაციები და უკრაინის დაშინება. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO შეშფოთებულია უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ქმედებების გამო
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბრისას ის დაარწმუნა, რომ უკრაინა რუსეთის აგრესიის წინაშე არასდროს დარჩება მარტო.
„ჩვენ ყველგან ვხედავთ რუსული აგრესიის სხვადასხვა მაგალითს. ერთ-ერთი ასეთია აღმოსავლეთ უკრაინის ტრაგიკული მოვლენები. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნათლად განაცხადა, რომ ამ ქმედებებს შედეგები მოჰყვება. ჩვენ დავასრულებთ კომპანია „სოლარ ვინდისის“ საშუალებით კიბერშეტევის მიმოხილვას, ასევე არჩევნებში ჩარევაზე, ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობისას ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, ჯილდოებზე ავღანეთში ამერიკული ჯარისკაცების მკვლელობისთვის. ამას ექნება შედეგები და გადახდილი იქნება ფასი“, – განაცხადა ბლინკენმა.
"აშშ და ევროკავშირი შეთანხმდნენ, კოორდინირებულად გაუმკლავდნენ რუსეთის რთულ ქცევას, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიას“, - ამის შესახებ კი ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჟოზეფ ბორელის და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
ბათუ ქუთელია: დღეს ისე ახლოს ვართ NATO-ში გაწევრიანებასთან, როგორც არასდროს, თუ სწორ გზას ავირჩევთ
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის NATO-ში გაწევრიანება დონბასში ომის დასრულების ერთადერთი შესაძლებლობაა