ძებნის რეზულტატი: პრეზიდენტი

საფრანგეთის პრეზიდენტი გამოთქვამს სურვილს, ფრანგულ-ქართული თანამშრომლობა ,,ამილახვარის" სტრუქტურული დიალოგის ფარგლებში განახლდეს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოთქვამს სურვილს, ფრანგულ-ქართული თანამშრომლობა ,,ამილახვარის" სტრუქტურული დიალოგის ფარგლებში განახლდეს. ამის შესახებ მაკრონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ წერილში აღნიშნავს. ,,გამოვთქვამ სურვილს, რომ უკვე სამაგალითო ფრანგულ-ქართული თანამშრომლობა განახლდეს « ამილახვარის » სტრუქტურული დიალოგის ფარგლებში, რომელიც გავხსენით 2019 წლის თებერვალში, თუმცა, რომლის ბოლო რაუნდიც ჯანდაცვის კრიზისის გამო ვერ გაიმართა. ვსარგებლობ შემთხვევით, რომ დაგიდასტუროთ საფრანგეთის ურყევი ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ", - აღნიშნულია წერილში.

საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა გენერალ კვინიტაძის პანაშვიდზე: დღევანდელი დღე არა გლოვის, არამედ გამარჯვების და ახალი იმედების დღეა

"ბატონო გენერალი, ბატონო გიორგი, დღეს თქვენ უსაყვარლეს, მონატრებულ ქართულ მიწას მიებარებით. ამით სრულდება ჩვენი ქვეყნის 100-წლიანი ეპოპეა და მთელი ეპოქა. ეპოქა, რომელიც 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობით დაიწყო და რუსული მე-11 არმიის თავდასხმითა და ოკუპაციით შეწყდა", - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა გენერალ გიორგი კვინიტაძის სამოქალაქო პანაშვიდზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გენერლის საქართველოში გადმოსვენება ქართული ჯარისთვის ისტორიული დღეა. „ბატონო გენერალო, ბატონო გიორგი, თქვენი საქართველოში გადმოსვენება ქართული ჯარისთვის ისტორიული დღეა, რამეთუ ამ ჯარის ღირსების, შეუპოვრობის და მამაცობის განსახიერება ბრძანდებით. საქართველოს დაუმარცხებელო მთავარსარდალო, დაუმარცხებელი ხართ, რადგან სასწავლებელში, რომელიც თქვენ სახელს ამაყად ატარებს, ახალგაზრდა კადეტები თქვენ მაგალითზე იზრდებიან და აღიზრდებიან თქვენი შემართებითა და გულანთებული მამულიშვილობით, ეს არის მტერზე ნამდვილი გამარჯვება“, - განაცხადა პრეზიდენტმა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, დღევანდელი დღე არა გლოვის, არამედ გამარჯვების და ახალი იმედების დღეა. „სიმბოლურია, რომ ემიგრაციის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ შვილს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის უკანასკნელ და ყველაზე ძლიერ მთავარსარდალს ხვდება ემიგრაციის შვილი, საქართველოს დღევანდელი უმაღლესი მთავარსარდალი და პრეზიდენტი. 100 წლის თავზე ქართულ თავისუფალ მიწაზე ჩვენი ასეთი შეხვედრა ნიშნავს, რომ გამართლდა თქვენი, მამაჩემისა და ყოველივე სხვა ქართველი ემიგრანტის რწმენა - საქართველო უკვდავია და დამოუკიდებლობის აღდგენა გარდაუვალია. ის რწმენა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ შენელებულა და დღეს გამართლებულია. ამიტომ დღეს მე აქ მოვედი არა მხოლოდ როგორც ის პატარა გოგო, რომელიც უფროსებთან ერთად თქვენს სანახავად მისული შთაბეჭდილებების ქვეშ გარინდული იდგა, არამედ როგორც უმაღლესი მთავარსარდალი და პრეზიდენტი და მაშასადამე, თქვენი ჭირისუფალი. თქვენს ირგვლივ დღეს სრულიად საქართველო ერთიანდება, ანუ აღსრულდა ის ოცნება, რომელიც თქვენ საომარი მოქმედებების დროს და მთელი ცხოვრება გამოძრავებდათ, როცა შორიდან საქართველოს გათავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიზანს ემსახურებოდით. დღევანდელი დღე არა გლოვის, არამედ გამარჯვების და ახალი იმედების დღეა! ვისურვებდი, რომ ახალგაზრდა თაობებს თქვენსავით სჯეროდეთ ჩვენი ქვეყნის მომავლის და ესმოდეთ, რამდენს ნიშნავს ერთგულად სახელმწიფოს სამსახურში ყოფნა. მინდა, ყველას სახელით მადლობა მოგახსენოთ ამ ერთგულებისა და თავდადებისთვის. დაე, თქვენთვის და თქვენი მეუღლისთვის, ქალბატონი მარიამისთვის მსუბუქი ყოფილიყოს მშობლიური, ქართული მიწა. იყოს თქვენი საუკუნო ხსენება, საქართველოს დიდო მთავარსარდალო!“ - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი: საზოგადოებისთვის მწვავედ აღქმულ ისეთ თემებზე, როგორიცაა „ნამახვანჰესი“, გვჭირდება საკუთარი ხედვა, კონკრეტული გეგმა და, რაც მთავარია, ერთობა

„საზოგადოებისთვის მწვავედ აღქმულ ისეთ თემებზე, როგორიცაა „ნამახვანჰესის“ საკითხი, გვჭირდება საკუთარი ხედვა, კონკრეტული გეგმა და, რაც მთავარია, ერთობა“, განაცხადა პრეზიდეტმა ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. „ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად - პანდემიის, პოლიტიკური დაპირისპირების, საზოგადოების პოლარიზაციისა და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის, თუ საზოგადოებისთვის მწვავედ აღქმული ისეთი თემები, როგორიცაა „ნამახვანჰესის“ საკითხი, გვჭირდება საკუთარი ხედვა, კონკრეტული გეგმა და, რაც მთავარია, ერთობა“, - განაცხადა პრეზიდენტმა. „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით პოზიციები დიპლომატებმაც დააფიქსირეს

პრეზიდენტი: როცა საქმე ოკუპაციის დაძლევას ეხება, გვაკლია სათანადო ინსტრუმენტები კონკრეტული მიზნების მისაღწევად, მზად უნდა ვიყოთ ახალი ფორმატებისთვის

„საკუთარი მიდგომა და გეგმა ყველაზე მეტად გვჭირდება, როცა ოკუპაციის დაძლევის მიზანზე ვსაუბრობთ“, - განაცხადა პრეზიდეტმა ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. „საკუთარი მიდგომა და გეგმა ყველაზე მეტად გვჭირდება, როცა ოკუპაციის დაძლევის მიზანზე ვსაუბრობთ. ქვეყანაში ამ მიმართულებით სრული კონსენსუსია, ამ მიზნის ირგვლივ ვერთიანდებით ყველა, პარტიული თუ სხვა ნიშნის მიუხედავად, თუმცა, როცა საქმე ოკუპაციის დაძლევას ეხება, გვაკლია სათანადო ინსტრუმენტები კონკრეტული მიზნების მისაღწევად, როგორებიცაა: 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელება, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის არეალის ჯერ გაზრდა და შემდეგ, შეთანხმებისამებრ სრულ ტერიტორიაზე განთავსება, ბორდერიზაციის შეჩერება და გაუქმება, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა, გატაცებული ზაზა გახელაძის შინ დაბრუნება და ადამიანთა შორის ურთიერთობის გამყარება, რის გარეშეც ტერიტორიების დაბრუნება არაფერს ნიშნავს... ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ახალი მიდგომებისთვის, ახალი ფორმატებისთვის, დიალოგისა და მოლაპარაკებებისთვის. ყველა ამ მიმართულებით კი ჩვენი პარტნიორების მეტი ჩართულობა აუცილებელია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილი: 26 მაისი 25 თებერვალზე იმარჯვებს, გამარჯვებაა, რომ ქვეყანამ უმძიმეს გამოწვევებს - ომს, ოკუპაციას, პროვოკაციებს გაუძლო

პოლონეთის პრეზიდენტი  სოფელ ოძისთან, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის თანხლებით ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს ოძისის მახლობლად ეწვია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ავრცელებს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, ადგილზე ჩასვლის შემდეგ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა პრეზიდენტს არსებული ვითარება გააცნო. მისიის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა უარყოფით გავლენას, რომელიც აქვთ „ბორდერიზაციის“ ისეთ მოქმედებებს, როგორებიცაა ღობეების ან სათვალთვალო პოსტების დაყენება კონფლიქტით დაზარალებული ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რაც მათი გადაადგილების თავისუფლებაზეც აისახება. „მისიის ხელმძღვანელმა ასევე ყურადღება გაამახვილა უარყოფით შედეგებზე, რომელიც კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე, მათთვის სამედიცინო მომსახურებაზე, განათლებაზე ან სასოფლო-სამეურნეო მიწაზე და ადამიანის უფლებებზე წვდომის კუთხით ოძისის გადაკვეთის კონტროლირებადი პუნქტის განგრძობად დახურვას აქვს. პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ ისარგებლა შესაძლებლობით და მისიას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სტაბილურობასა და ნდობის აღდგენაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე მადლიერება გამოხატა ინფორმაციული საველე ვიზიტისთვის და დაადასტურა პოლონეთის ურყევი მხარდაჭერა და დაფასება მისიის საქმიანობის მიმართ. მისიაში ამჟამად პოლონეთის ჩვიდმეტი მოქალაქე მსახურობს, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და მცხეთის რეგიონალური ოფისის უფროსის მოადგილე. მაღალი დონის ბოლო პოლონური ვიზიტები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში შედგა 2017 წლის მაისში, როდესაც პრეზიდენტი დუდა ეწვია მისიის სათაო ოფისს და 2017 წლის ნოემბერში, როდესაც საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრი ვიტოლდ ვაშკიკოვსკი ეწვია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალურ ოფისს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ისლანდიის პრეზიდენტი: გილოცავ საქართველო. იმედი მაქვს, ოდესმე თქვენს ქვეყანას ვეწვევი

ისლანდიის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალში საქართველოს ეწვევა. "ქართველ ხალხსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გულწრფელ მილოცვას ვუგზავნი ისლანდიიდან. იმედი მაქვს, ოდესმე თქვენს ქვეყანას ვეწვევი, გილოცავ საქართველო", – წერს ისლანდიის პრეზიდენტი Twitter-ში.

პოლონეთის პრეზიდენტი: მცდელობას არ დავიშურებთ, რომ საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს და NATO-ს

„პოლონეთის ინტერესია, რომ ძლიერი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს და NATO-ს. ჩვენ მცდელობას არ დავიშურებთ საქართველოს მხარდასაჭერად“, - ეს ჩანაწერი დატოვა პოლონეთის პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში, სტუმართა წიგნში. ანდჟეი დუდა: მნიშვნელოვანია, აღმოსავლეთ პარტიონორობის ქვეყნების გაწევრიანება იმ რეფორმების პარალელურად, რომლებსაც ევროკავშირი და NATO ითხოვენ ანდჟეი დუდა: ქართველებო, გელოდებით NATO-ში სალომე ზურაბიშვილი ანდჟეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ: ჩვენი ერთობლივი ინტერესია, რომ ევროკავშირი შავ ზღვაში, რეგიონში, ეკონომიკურ პროექტებში აქტიურად შემოვიდეს, რომ გავლენა და პოლიტიკური ადგილი დაიმკვიდროს სალომე ზურაბიშვილი: ჩვენი მოთხოვნაა, რომ NATO-ს სამიტმა გაითვალისწინოს საქართველოს და უკრაინის დღევანდელი მდგომარეობა

საქართველოს პრეზიდენტი: საზოგადოებას მოვუწოდებ გაერთიანდეს ამ იდეის ირგვლივ, რომ ჩვენმა დიასპორამ პარლამენტში მოიპოვოს საკუთარი ხმა და საკუთარი ინტერესების წარმოჩენის უფლება

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის ფორუმის „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა და სახელმწიფოს განვითარების საქმეში ქართული დიასპორის ჩაბმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „მოგესალმებით! წელს 100 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც 1921 წლის ოკუპაციამ პირველ პოლიტიკურ ემიგრაციას ქვეყანა დაატოვებინა. მეც, ისე როგორც ბევრი თანამემამულე, რომელიც დღეს ჩვენ გვისმენს, ემიგრაციაში დავიბადე. პოლიტიკური ემიგრაციისთვის, ემიგრაცია დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლის გაგრძელების ფორმა იყო. ეს ბრძოლა დასრულდა 30 წლის წინ, დამოუკიდებლობის აღდგენით და დღეს, სიმბოლურად, გენერალ კვინიტაძის სამშობლოში დაბრუნებით. დამოუკიდებლობის დღიდან წარმოიშვა მძლავრი ემიგრაცია და ჩვენდა უნებურად საქართველო ემიგრაციის ქვეყნად იქცა. დღემდე ჩვენ ბოლომდე გააზრებული არა გვაქვს, თუ რას ნიშნავს, რა პასუხისმგებლობას და რა პოტენციალს, რომ ჩვენი მოსახლეობის ერთი მეოთხედი, მილიონ–ნახევარი ადამიანი, საზღვრების მიღმა სწავლობს, ცხოვრობს, მოღვაწეობს. აქამდე ვიცოდით, რომ ქართველი, თუ არა იძულებით, დევნით და გადასახლებით, არ ტოვებდა სამშობლოს, დღეს კი მთელ მსოფლიოში გაიშალა ჩვენი ემიგრაცია. ეს იწვევს დიდ ცვლილებებს, თუნდაც ქართული ოჯახის სტრუქტურასა და ტრადიციებში, როცა თითქმის ყოველი ოჯახის რამდენიმე წევრი უცხოეთში ცხოვრობს. როცა ბევრი ახალგაზრდა დედის გარეშე იზრდება, რამეთუ იგი იძულებული გახდა სამსახური უცხოეთში დაეწყო. ჩვენი მსოფლმხედველობის ცვლილებასაც იწვევს - გარესამყარო, რომელიც უმეტეს წილად უცნობი და მიუწვდომელი გვეჩვენებოდა, დღეს დაგვიახლოვდა და გაგვიშინაურდა. მსოფლიოში გაბნეული ქართველები საზოგადოების ყველა სექტორში მოღვაწეობენ. ისინი – აკადემიკოსები და სტუდენტები, მომღერლები და კომპოზიტორები, მწერლები და მხატვრები, პოლიციის ოფიცრები, პოლიტიკოსები, ფერმერები და ბიზნესმენები – ჩვენი ქვეყნის ელჩები არიან. მათ ასევე აქვთ ქვეყნის განვითარების უზარმაზარი პოტენციალი, თუ კი შევძლებთ და ჩავაბამთ მათ ჩვენს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში, როგორც აქტიურ ნაწილს. ჩვენი დიასპორის წევრებს უფლება უნდა მივანიჭოთ უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ საქართველოს დემოკრატიულ პროცესებში, რაშიც მათ მხარდაჭერა სჭირდებათ. ჩვენს დიასპორას პოლიტიკური წარმომადგენლობა სჭირდება. დიასპორის დღეს მთელ ქართულ საზოგადოებას მოვუწოდებ გაერთიანდეს ამ იდეის ირგვლივ, რომ ჩვენმა დიასპორამ პარლამენტში მოიპოვოს საკუთარი ხმა და საკუთარი ინტერესების წარმოჩენის უფლება ანუ რაღაც ფორმით წარმომადგენლობა. მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქის ჩაბმა სახელმწიფოს მშენებლობაში პრიორიტეტი უნდა იყოს. ეს კი აუცილებელია, რამეთუ საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებები პირდაპირ გავლენას ახდენს საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულეების ცხოვრებაზე - დაწყებული საკუთრების უფლებიდან და „მოქალაქეობის შესახებ“ კანონით დასრულებული. პარლამენტში დიასპორის სათანადო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა ასევე დემოკრატიულ პრინციპებს ეყრდნობა. მოხარული ვარ, რომ პარლამენტმა ახლახან მიიღო „მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რითაც საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის უფლება ორი წლით გახანგრძლივდა. თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩვენ კიდევ უფრო შორს უნდა წავიდეთ და კიდევ უფრო გავამარტივოთ პროცედურები და ამითი შევუწყოთ ხელი უცხოეთში დაბადებულ ჩვენს ახალგაზრდებს, რათა ქართულ პასპორტთან ერთად შეინარჩუნონ სამშობლოსთან მჭიდრო კავშირი. ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესშია. მინდა მივესალმო იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას, რომელიც დიასპორის წარმომადგენლებისათვის ბიომეტრიული პასპორტების საფასურის შემცირებას და პირადობის მოწმობების უფასოდ მიღებას ითვალისწინებს. ამ წლის დასაწყისში, ორბელიანების სასახლის პატრონაჟით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ პირველად ჩაატარა ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი. ეს მხოლოდ დასაწყისია. დღეს დიასპორის თაოსნობით უამრავი პროექტი ხორციელდება, რომლებიც აღნიშვნას იმსახურებს. ასეთია, მაგალითად, საფრანგეთში ქართველების პროექტი „ბიზნესი საქართველოში“, რომლის პრეზენტაციაც აქ შედგება და რომელიც პრეზიდენტის პატრონაჟით ხორციელდება. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ისეთი ინსტრუმენტის შექმნაზე, რომელიც ჩვენს დიასპორას შესაძლებლობას მისცემს პირდაპირი კავშირი დაამყაროს საქართველოში პოტენციურ საინვესტიციო სფეროებთან, იქნება ეს სტარტაპები, თუ დიდი რეგიონული პროექტები, რომლებიც ჩვენი რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას ისახავს მიზნად. გვჭირდება სახელმწიფო რესურსებისა და კერძო სექტორის გაერთიანება, პარტნიორობის ახალი ფორმატების მოფიქრება. ეს მხოლოდ რამდენიმე მიმართულებაა, რომლებიც მოითხოვს გამყარებას და ჩაღრმავებას. სინამდვილეში, ჩვენ გვჭირდება არა ცალკეული პროექტი თუ ინიციატივა დიასპორის მიმართულებით, არამედ კონცეფცია, სტრატეგია, თუ როგორ გადავაქციოთ დიასპორული „საფრთხე“ - ანუ ქვეყნის დემოგრაფიული დაცლა საკუთარი აქტიური მოსახლეობისგან - ქვეყნის დიდ ძალად. ამ სტრატეგიის ჩამოყალიბებაში, როგორც ზოგადად ქვეყნის მშენებლობის საქმეში, გვჭირდება ერთიანობა, ახალი ხედვები, ინიციატივები და შორსმჭვრეტელი გეგმები. მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ და დიასპორას ან დავაბრუნებთ, ან ჩვენი განვითარების იარაღად ვაქცევთ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ირაკლი ღარიბაშვილი: სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ემიგრაციაში, დაბრუნდა საქართველოში და რა სიმბოლურია, რომ ახლა არის ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ემიგრაციაში, დაბრუნდა საქართველოში და რა სიმბოლურია, რომ იგი ახლა არის ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ონლაინფორუმზე „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ისტორიულად, ყოველთვის გამოკვეთილი იყო დიასპორის როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ამასთან, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საერთო ამოცანა უნდა იყოს, რომ ძლიერი დიასპორა გვყავდეს მთელს მსოფლიოში, რაც, საბოლოო ჯამში, ნიშნავს ძლიერ საქართველოს. „ჩემთვის დიდი პატივია, რომ მოგმართოთ დღეს. ყველას გილოცავთ კიდევ ერთხელ დამოუკიდებლობის დღეს და დიასპორის დღეს. ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ დიასპორის როლზე ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ისტორიულად, ყოველთვის გამოკვეთილი იყო დიასპორის როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ეს სახელწოდება, რომელიც დღევანდელი ფორუმისთვის არის შერჩეული, ძალიან სიმბოლურია, ვინაიდან, ჩვენი საერთო ამოცანა, საერთო იმედი და ოცნება უნდა იყოს ის, რომ ძლიერი დიასპორა გვყავდეს ყველგან, მთელს მსოფლიოში, რაც, საბოლოო ჯამში, ნიშნავს, რა თქმა უნდა, ძლიერ საქართველოს. ჩვენ არაერთი მაგალითი შეგვიძლია გავიხსენოთ ჩვენი დიასპორის თვალსაჩინო წარმომადგენლების, რომლებმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, არამედ იმ ქვეყნების წინსვლასა და განვითარებაში, სადაც ისინი მოღვაწეობდნენ. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ დიდი პატივით გენერალი გიორგი კვინიტაძე, რომელიც ასევე იყო თვალსაჩინო წარმომადგენელი ჩვენი ემიგრაციაში მყოფი ქართველების. იგი არა მხოლოდ საქართველოში მოღვაწეობისას ემსახურებოდა თავის სამშობლოს, არამედ ემიგრაციის რთულ, დრამატულ წლებშიც ინახავდა თავისუფლების, ჩვენი ევროპული მომავლის იდეას. ასევე, მინდა, აღვნიშნო ჩვენი პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ემიგრაციაში, შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და რა სიმბოლურია, რომ იგი ახლა არის ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი: საგარეო შოკები განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს ისეთი მცირე ღია ეკონომიკებისათვის, როგორიც საქართველოა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის ბლოგპოსტი („შეუძლებელი სამეულის“ თემაზე) გამოქვეყნდა. სტატიაში საუბარია დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკის სარგებელზე, რომელსაც ქვეყნები მაკროეკონომიკური სტაბილურობის მისაღწევად ინფლაციის თარგეთირების პირობებში იღებენ. სტატიაში, რომელსაც ეროვნული ბანკი ავრცელებს, ვრცლად არის განხილული ყველა ის უპირატესობა და გამოწვევა, რაც დამოუკიდებელ მონეტარულ პოლიტიკას მცურავი გაცვლითი კურსისა და კაპიტალის თავისუფალი მოძრაობის პირობებში შეიძლება გააჩნდეს. „საგარეო შოკები განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს ისეთი მცირე ღია ეკონომიკებისათვის, როგორიც საქართველოა. ეს გარემოება COVID-19-ის პანდემიის პირობებში კიდევ ერთხელ დადასტურდა - საგარეო მოთხოვნის შემცირება, განსაკუთრებით ტურისტულ ინდუსტრიაში, და განვითარებადი ქვეყნების მიმართ რისკის აღქმის ზრდა ფინანსური ნაკადების შემოდინებაზე უარყოფითად აისახა. ამან, თავის მხრივ, გავლენა გაცვლით კურსსა და ინფლაციაზეც იქონია. სტატიის თანახმად, გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური წნეხის გამო გააქტიურებული დისკუსიის პირობებში, აუცილებელია დავფიქრდეთ, თუ რამდენად დასაბუთებულია მსგავს შემთხვევებში გარკვეულწილად პოპულარული მოსაზრება, რომ ფასების სტაბილურობის მიღწევა უფრო ადვილი იქნებოდა ეროვნული ბანკის მიერ გაცვლითი კურსის დაფიქსირების ან ლარის რომელიმე სხვა ვალუტით ჩანაცვლების პირობებში. გამოჩენილ კანადელ ეკონომისტ რობერტ მანდელს, ბრიტანელ კოლეგა მარკუს ფლემინგთან ერთად, ფუნდამენტური წვლილი მიუძღვის ამ დებატებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხის კონცეპტუალიზაციაში. პროფესორი მანდელი, რომელმაც აღნიშნული მიმართულებით განხორციელებული კვლევებისთვის ნობელის პრემიაც კი მიიღო, ახლახან გარდაიცვალა და მისი მნიშვნელოვანი წვლილის კიდევ ერთხელ განხილვა დღეს უფრო მეტ აქტუალობას იძენს. მარკუს ფლემინგთან ერთად, მის მიერ პოპულარიზებული საკითხი „შეუძლებელი სამეულის“ სახელითაა ცნობილი, რაც იმას გულისხმობს, რომ ერთდროულად შეუძლებელია დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკის, ფიქსირებული გაცვლითი კურსის რეჟიმისა და კაპიტალის თავისუფალი მოძრაობის შენარჩუნება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კურსის ფიქსირება დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუკი კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა არ შეიზღუდება“, - აცხადებს კობა გვენეტაძე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიორგი აბაშიშვილი გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდება

ექსპრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკურ გუნდს უერთდება. ამის შესახებ ინფორმაციას თავად აბაშიშვილი ავრცელებს. „ორი თვის წინ აღვნიშნე და ვისურვე, რომ პოლიტიკაში დარჩენილიყო, დარჩა და აქტიურდება. მე მისი პოლიტიკაში ყოფნა მომწონს, ჩვენი ხედვები ძალიან ემთხვევა ერთმანეთს! ვაფასებ მის თანამოაზრეებს და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება მხარი დავუჭირო და შევუერთდე გახარიას გუნდს!“ – წერს აბაშიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში. აღსანიშნავია, რომ გახარიას პოლიტიკურ გუნდს NATO-ში საქართველოს ყოფილი ელჩი ლევან დოლიძეც უერთდება. ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, ექსპრემიერი გიორგი გახარია პოლიტიკური გუნდის წარდგენას უახლოეს დღეებში გეგმავს.

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რუს ჩინოვნიკებზე სანქციების გამკაცრებას ითხოვს

Deusche Welle-ს ინფორმაციით, ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი რუს ჩინოვნიკებზე სანქციების გამკაცრებას ითხოვს. სასოლის განცხადებით, აუცილებელია რუსეთის ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება და რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებასთან, დისიდენტებთან, მედიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან უფრო მჭიდრო კონტაქტის დამყარება. დავიდ სასოლი თვლის, რომ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, რომელიც მინსკში „რაინეარის“ თვითმფრინავის იძულებით დასმას და ბელარუსი ჟურნალისტის დაკავებას ეხება, რასაც ევროკავშირის მხრიდან მკაცრი რეაქცია მოჰყვა, შეიძლება ხელი შეუწყოს რუსეთისა და ბელარუსის კიდევ უფრო დაახლოებას. გარდა ამისა, ევროპარლამენტის პრეზიდენტი ბელარუსი ჟურნალისტის გათავისუფლების მიზნით, დაჟინებით მოითხოვს ბელარუსზე ზეწოლის გაგრძელებას და ევროკავშირის ქვეყნების აეროპორტებში და ევროპარლამენტში, რომან პროტასევიჩის სურათების განთავსებას.

ისრაელის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტი აირჩია

ისრაელის პარლამენტმა ქვეყნის მე-11 პრეზიდენტად 87 ხმით იცხაკ ჰერცოგი აირჩია. ისრაელის მოქმედ პრეზიდენტს, რუვენ რივლინს საპრეზიდენტო მანდატი 9 ივლისს ეწურება. არჩეული პრეზიდენტის მამა ხაიმ ჰერცოგი 1983-1993 წლებში ისრაელის მე-6 პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.

საქართველოს ​ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ეწვევა

საქართველოს, 10-12 ივნისს, ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად ეწვევა. ვიზიტის მიზანია თანადგომის გამოხატვა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი, რეფორმების განხორციელებისა და დემოკრატიის კონსოლიდაციისადმი. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ​ლიეტუვის პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს. ვიზიტის პროგრამა ასევე მოიცავს შეხვედრას საქართველოში მცხოვრები ადგილობრივი ლიეტუვური თემის წარმომადგენლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებთან. ვიზიტისას გიტანას ნაუსედა გაემგზავრება საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. შემდეგ კი, მეუღლესთან ერთად შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. ამასთან, ლიეტუვის პრეზიდენტის მეუღლე დიანა ნაუსედა მონაწილეობას მიიღებს ლიეტუველი დრამატურგის, ინჟინრის, ანტანას ვილკუტაიტის-კეტურაკისის ძეგლის გახსნაში და დაესწრება ბირუტე იონუშკაიტეს წიგნის პრეზენტაციას, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მდებარე ლიეტუვის ენისა და კულტურის ცენტრში გაიმართება. ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოში პირველად ჩამოვა.

საქართველოს პრეზიდენტი მონაკოს სამთავროს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 9 ივნისს სამუშაო ვიზიტით მონაკოს სამთავროს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტისა და მონაკოს სამთავროს პრინცის, ალბერ II-ის პირისპირ შეხვედრა. "მონტე-კარლოში საქართველოს პრეზიდენტი ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზებულ ოფიციალურ პრეზენტაციას გახსნის და გამოფენაში მონაწილე მეღვინეებს სიტყვით მიმართავს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინის კომპანიების მიერ წარმოებული სხვადასხვა სახეობის ღვინოები. დაგეგმილია ასევე პრეზიდენტის შეხვედრა ღვინის თემატიკაზე მომუშავე ფრანგ ჟურნალისტებთან და ბლოგერებთან. საქართველოს პრეზიდენტი მონაკოს სამთავროს პრინცთან ალბერ II-თან ერთად დაესწრება ქართული ღვინის პრეზენტაციას - „ვაზის ფესვებთან შეხვედრა“ და პრეზენტაციის მონაწილე სტუმრებს სიტყვით მიმართავს. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციის „მშვიდობა და სპორტი“ პრეზიდენტთან, ჯოელ ბუზუსთან", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლიეტუვის პრეზიდენტი: ბალტიის ქვეყნებს ერთიანი პოზიცია აქვთ, NATO-ს სამიტზე დაიცვან უკრაინის და საქართველოს მიმართ უფრო მტკიცე მხარდაჭერა

ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას თქმით, NATO-ს სამიტზე ბალტიის ქვეყნები საქართველოსა და უკრაინას უფრო მტკიცედ დაუჭერენ მხარს. „ლიეტუვა, ესტონეთი და ლატვია მჭიდრო კოორდინაციაში არიან NATO-ს სამიტის წინ. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მტკიცე შეკავება, გავაგრძელოთ ინვესტიციები ჩვენს თავდაცვაში და მუდმივად შევიტანოთ წვლილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ადაპტაციაში. ბალტიის ქვეყნებს ერთიანი პოზიცია აქვთ, რომ დაიცვან ასპირანტი ქვეყნების, უკრაინისა და საქართველოს მიმართ უფრო მტკიცე მხარდაჭერა“, – წერს ლიეტუვის პრეზიდენტი Twitter-ზე. NATO-ს სამიტი ბრიუსელში 14 ივნისს გაიმართება.

ალბანეთის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა

Euronews-ის ცნობით, ალბანეთის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტის ილირ მეტას იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. დეპუტატებმა გადაწყვეტილაბ საგანგებო კენჭისყრით მიიღეს. კენჭისყრა მას შემდეგ ჩატარდა, რაც საგამოძიებო კომიტეტმა გასულ კვირას დაასკვნა, რომ მეტამ ალბანეთის 25 აპრილის საყოველთაო არჩევნების წინ, დაარღვია კონსტიტუციის მე-16 მუხლი. ანგარიშში ნათქვამია, რომ პრეზიდენტი თანამდებობიდან უნდა გადააყენონ ერთი წლით ადრე, ვიდრე მისი პრეზიდენტობის ვადა დასრულდება. მეტა კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულეს, რადგან მან ვერ შეასრულა ეროვნული ერთიანობის შენარჩუნების ვალდებულება, რადგან ქვეყანაში ჩატარებულ ბოლო არჩევნებში ოპოზიციას დაუჭირა მხარი. ცნობისთვის, ილირ მეტას პრეზიდენტის პოსტზე ვადა 2022 წელს ეწურება. არჩევნების შედეგად მმართველმა სოციალისტურმა პარტიამ 140-ადგილიან პარლამენტში 74 ადგილი მოიპოვა და საგამოძიებო კომიტეტს დაავალა დაედგინა, დაარღვია თუ არა მეტამ კონსტიტუცია. პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭირო იყო ხმების ორი-მესამედი. მეტასთვის უფლებამოსილების შეჩერების გადაწყვეტილება ალბანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაამტკიცოს, რისთვისაც მას სამთვიანი ვადა აქვს.

ლიეტუვის ელჩი: ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა, რათა გამოხატოს მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური გზის და რეფორმების მიმართ

„ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა, რათა გამოხატოს მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური გზის, დემოკრატიის კონსოლიდაციის და რეფორმების მიმართ“, - ამის შესახებ ლიეტუვის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა Twitter-ზე წერს. პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და მისი მეუღლე ოფიციალური ვიზიტით საქართველოს 10-12 ივნისს ეწვევიან. ვიზიტის ფარგლებში, ლეუტუვის პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ- მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის სპიკერს კახა ქუჭავას. ვიზიტის პროგრამა ასევე მოიცავს პრეზიდენტის შეხვედრას ადგილობრივ ლიეტუველებთან და საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ვიზიტისას გიტანას ნაუსედა გაემგზავრება საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. შემდეგ კი, მეუღლესთან ერთად შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. ამასთან, ლიეტუვის პრეზიდენტის მეუღლე დიანა ნაუსედა მონაწილეობას მიიღებს ლიეტუველი დრამატურგის, ინჟინრის, ანტანას ვილკუტაიტის-კეტურაკისის ძეგლის გახსნაში და დაესწრება ბირუტე იონუშკაიტეს წიგნის პრეზენტაციას, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მდებარე ლიეტუვის ენისა და კულტურის ცენტრში გაიმართება. ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოში პირველად ჩამოვა. „ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა, რათა გამოხატოს მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური გზის, დემოკრატიის კონსოლიდაციის და რეფორმების მიმართ“, - ამის შესახებ ლიეტუვის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა Twitter-ზე წერს.

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა საქართველოშია

დღეს საქართველოს ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ლიეტუვის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა,რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა,საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. "საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გიტანას ნაუსედა შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან,პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან,პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან",- ნათქვამია ინფორმაციაში.

ლიეტუვის პრეზიდენტი: საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხი დემოკრატიული ევროპული ერების ოჯახში ყოფნას იმსახურებს

"საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხი დემოკრატიული ევროპული ერების ოჯახში ყოფნას იმსახურებს", - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ Twitter-ზე დაწერა. "საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ლიეტუვის ურყევ მხარდაჭერას ვადასტურებ. საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხი დემოკრატიული ევროპული ერების ოჯახში ყოფნას იმსახურებს“, - წერს გიტანას ნაუსედა. ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელ Facebook-შიც გამოეხმაურა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართველ ხალხს ისევე უყვარს თავისუფლება, როგორც ლიეტუველებს "გამარჯობა საქართველო. დღეს დაიწო ჩემი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. მთავარი მიმართულებები - ლიეტუვის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ და რეფორმის განხორციელება, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა, ასევე მეგობრული და კულტურული კავშირების დამყარება. საქართველო არის ღრმა ისტორიების, უნიკალური ენის, შთამბეჭდავი ბუნებისა და მდიდარი ტრადიციების ქვეყანა. ქართველ ხალხს ისევე უყვარს თავისუფლება, როგორც ჩვენ", - წერს ლიეტუვის პრეზიდენტი. ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა საქართველოშია საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გიტანას ნაუსედა შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან,პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან,პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან