ძებნის რეზულტატი: პრეზიდენტი
სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი საქართველოშია
თბილისს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ეწვია. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი საგანელიძე. არმენ სარქისიანისა და ნუნე სარქისიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც არმენ სარქისიანი და სალომე ზურაბიშვილი პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. დაგეგმილია ასევე, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეხვედრა. სომხეთის პრეზიდენტი თბილისში სომხურ საკათედრო ტაძარს დაათვალიერებს.
საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში ვიზიტს გეგმავს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში ვიზიტს გეგმავს. საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი დღეს შედგა. სალომე ზურაბიშვილის უკრაინაში ვიზიტის შესახებ, მხარეები სატელეფონო საუბრისას შეთანხდნენ. საქართველოს პრეზიდენტმა შეშფოთება გამოხატა რუსეთ-უკრაინის საზღვარსა და ყირიმში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით და სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას. სალომე ზურაბიშვილმა საუბრისას ხაზი გაუსვა უკრაინის მიერ პროვოკაციების მიმართ გამძლეობის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ აუცილებელია, ვიმოძრაოთ ჩვენი საერთო უსაფრთხოების ერთადერთი მიმართულებით, რომელიც არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ორივე ქვეყნის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობა და ამ მიმართულებით ნატო-სა და ევროკავშირის მაღალი დონის შეხვედრებზე საქართველოს და უკრაინის ერთობლივი მიზნების წარდგენის საჭიროება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ საკითხებზე სამუშაოდ გამოიყენებენ უკრაინაში საქართველოს პრეზიდენტის მომავალ ვიზიტს.
ორბელიანების სასახლეში სომხეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
ორბელიანების სასახლეში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და სომხეთის სახელმწიფო დელეგაციის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა. დაახვედრის ამსახველი ვიდეო საქართველოს პრეზიდენტის Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნდა. დახვედრის ცერემონიაზე შესრულდა სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები, პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს საქართველოს სახელმწიფო დროშას და ერთმანეთს სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს. სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: სომხეთის პირველი ლედი ნუნე სარქისიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ემილ ტარასიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გაგიკ ღალაჩიანი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი რუბენ სადოიანი, სომხეთის ეროვნული ინტერესების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავიდ პაპაზიანი.
"ქართული ოცნება": ვითვალისწინებთ არსებულ რეალობას და არ დავაფიქსირებთ კრიტიკულ პოზიციას, თუ პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს
"ჩვენ ვითვალისწინებთ არსებულ რეალობას და ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულებას, სწორედ ამიტომ, არ დავაფიქსირებთ ჩვენს კრიტიკულ პოზიციას, თუ საქართველოს პრეზიდენტი მას შეიწყალებს", - ნათქვამია "ქართული ოცნების" განცხადებაში. "გვსურს ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ გ. რურუასთან დაკავშირებით - ის არც პოლიტიკოსია და არც პოლიტიკურ პროცესში რაიმე გარდატეხის შემტანი პირი. მისი გათავისუფლების საკითხის ასახვა პარტიებს შორის შეთანხმებაში გახლავთ მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის უხეში მაგალითი. ჩვენ ვითვალისწინებთ არსებულ რეალობას და ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულებას, სწორედ ამიტომ, არ დავაფიქსირებთ ჩვენს კრიტიკულ პოზიციას, თუ საქართველოს პრეზიდენტი მას შეიწყალებს", - ნათქვამია განცხადებაში.
პრეზიდენტი გარკვეული პირობების სანაცვლოდ გიორგი რურუას შეიწყალებს
პრეზიდენტი გიორგი რურუას იმ შემთხვევაში შეიწყალებს, თუ მედიატორები გამოაცხადებენ, რომ პარტიებს შორის შეთანხმება შედგა, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. „მგონი, არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ ჩემთვის, როგორც მთელი საზოგადოებისთვის, კარგად ცნობილი პირი, რომელსაც ბევრი რამ შეიძლება დავარქვათ, გარდა პოლიტპატიმრისა, არც ერთი ნიშნით – იქნება ეს ზნეობრივი, მორალური თუ პოლიტიკური, არ ჯდება შეწყალების კატეგორიაში. ამის მიუხედავად, როგორც ერთხელ უკვე გადავაბიჯე ჩემს თავს და მივიჩნევდი და დღესაც მივიჩნევ, რომ თუ სასწორზე დგას ქვეყნის პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა, სტაბილურობა, წინსვლა და მისი მომავალი, პრეზიდენტის მოვალეობა სწორედ ის არის, რომ საკუთარ შეხედულებებსა და პრინციპულობაზე მაღლა დააყენოს ქვეყანა. ამის გათვალისწინებით, მზად ვარ, მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებას ვიღებ მხოლოდ და მხოლოდ შემდეგი ჩემი პირობით. ეს ნაბიჯი ამ კრიზისის დასრულებისთვის ბოლო აკორდი უნდა იყოს და გზა გაუხსნას იმას, რომ ყოველგვარი სხვა მოთხოვნის გარეშე, ქვეყანა და პარლამენტი შეუდგნენ ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს და გამოწვევებთან გამკლავებას. ეს ნიშნავს, რომ ჩემი გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთი მხრივ, პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში და მეორე მხრივ, ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა, ამ განცხადებიდან ერთი კვირის ვადაში ხელს მოვაწერ შეწყალების აქტს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 2020 წლის 30 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
პრეზიდენტი: გაკვირვებული ვარ მმართველი პარტიის განცხადებით, ჩემს სახელს, ჩემი ნებართვის გარეშე იყენებენ
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის გაკვირვებულია მმართველი პარტიის მიერ გაკეთებული განცხადებებით, რომელიც პრეზიდენტის სახელს შეწყალებასთან დაკავშირებით, მისი თანხმობის გარეშე უკავშირდება. პრეზიდენტის ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე, პარლამენტის თავმდჯომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა რომ "ქართულ ოცნებას" არ ექნება კრიტიკული პოზიცია, თუ პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს. „გაკვირვებული ვარ მმართველი პარტიის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით, რომელიც ჩემი ნებართვისა და თანხმობის გარეშე ჩემს სახელს იყენებს და აკავშირებს ერთ კონკრეტულ შეწყალების თემას. ის ვერ გაიგეს მავანმა, რომ გადაწყვეტილებას, მითუმეტეს ამ საკითხებში, ვიღებ მოსალოდნელი კრიტიკისა თუ შექების მიუხედავად, იმ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვთვლი საჭიროდ. ეს მგონი უკვე საქმით დავამტკიცე. მინდა ყველას შეგახსენოთ ერთი მარტივი წესი, რომ შეწყალების უფლებამოსილება არის პრეზიდენტის დისკრეცია და არა მოლაპარაკებების საგანი. ისიც მინდა ნათელი იყოს, რომ შეწყალების გადაწყვეტილება, როგორც არაერთხელ მითქვამს, არ ექვემდებარება რამე ზეწოლას, მითითებებსა თუ მოთხოვნებს, ეს იქნება ოპოზიციისგან, თუ მმართველი პარტიისგან, ან სხვისგან. პრეზიდენტი შეწყალების შესახებ წინასწარ პრინციპულად არ საუბრობს და მოტივაციას არ ასაჯაროვებს. თუმცა, ამ თემით სხვებისგან გაუთავებლად აპელირება და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იძულებული გავხდი, დავარღვიო ეს პრინციპი და მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რათა ყოველგვარი სპეკულაცია შეწყდეს. მგონი, არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ ჩემთვის, როგორც მთელი საზოგადოებისთვის, კარგად ცნობილი წარსულის მქონე პირი, რომელსაც ბევრი რამე შეიძლება დავარქვათ გარდა პოლიტპატიმარი, არც ერთი ნიშნით, ეს იქნება ზნეობრივი, მორალური, თუ პოლიტიკური, არ ჯდება შეწყალების რომელიმე კატეგორიაში. ამის მიუხედავად, როგორც ერთხელ უკვე გადავაბიჯე ჩემ თავს და მივიჩნევდი და დღესაც მივიჩნევ, თუ სასწორზე დგას ქვეყნის პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა, სტაბილურობა, წინსვლა და მისი მომავალი, პრეზიდენტის მოვალეობა სწორედ ის არის, რომ საკუთარ შეხედულებებსა და პრინციპულობაზე მაღლა დააყენოს ქვეყანა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
არჩილ თალაკვაძე: თუ პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს, კრიტიკული პოზიცია არ გვექნება
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თუ პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს, მმართველ პარტიას კრიტიკული პოზიცია არ ექნება. ამის შესახებ თალაკვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. "საზოგადოებისთის ცნობილია, თუ რას წარმოადგენს გიორგი რურუას საქმე. ის არ არის პოლიტიკოსი, არც რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ ან სააღცევნო პროცესებზე. მიუხედავად ამისა მმართველ პარტიას კრიტიკული პოზიცია არ ექნება, თუ პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს. ნიკა მელიასთან დაკავშირებითაც არსებობს კონკრეტული შემოთავაზება, რომელიც საზოგადოებამ უკვე იცის", - განაცხადა ბრიფინგზე თალაკვაძემ. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ დაადასტურა, რომ მისთვის უმთავრესია თანამოქალაქეების და სახელმწიფოს ინტერესები, აჩვენა, რომ ქვეყანაში არის ყველაზე პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილების მიმღები პოლიტიკური ძალა. „ჩვენ გამოვხატეთ პრინციპული მზადყოფნა განახლებული დოკუმენტის ხელმოსაწერად, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში 40%-იანი ნდობის პრინციპი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანდასწრებით, 8 მარტის დოკუმენტით შეთანხმდა და ასახულია კონსტიტუციაში. სხვა პროცენტულ მაჩვენებელს არა აქვს ლოგიკური ან სამართლებრივი საფუძველი. დღეს, პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ვთქვით და განვიხილეთ კიდეც ნდობის 40%-იანი ზღვრის 43%-მდე გაზრდა. “ქართული ოცნება“ მზად არის, შეთანხმებას ხელი მოაწეროს ამ მაჩვენებლით. მეტი კორექტირება აღარ მოხდება - ჩვენ რაიმე შინაარსობრივ დამატებას არ დავეთანხმებით, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან პირობებზე მოლაპარაკება ამით დასრულებულია. ოპოზიციას პასუხისმგებლიანი ნაბიჯებისკენ მოვუწოდებთ“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ დაადასტურა “ქართული ოცნების“ მზაობა, ევროკავშირის მიერ შეთავაზებული დოკუმენტის განახლებულ ვარიანტს მოაწერონ ხელი. “ხელმოწერაზე პრინციპული მზადყოფნა გვაქვს იმ მოცემულობით, რომ ჩვენი პარტნიორები კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირებენ, რომ საპარლამენტო არჩევნები სამართლიანი და დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩატარდა, როგორც ეს ასახულია ეუთო/ოდირის დასკვნაში და რისთვისაც, ევროსტრუქტურების წარმომადგენლებს ვიწვევთ, ჩაერთონ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასების პროცესში პარლამენტში. იმ აუცილებელი პირობით, რომ მომავალში გამოირიცხება ოპოზიციის მხრიდან რომელიმე სისხლის სამართლებრივი საქმის გადასაწყვეტად პოლიტიკური ჩარევა და ნებისმიერ სადავო საქმეს მიეცემა მხოლოდ სამართლებრივი შეფასებები, რისთვისაც ვიწვევთ საერთაშორისო სამართლებრივ ექსპერტებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ოპოზიცია და ხელისუფლება დღეს, პრეზიდენტის სასახლეში შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერენ
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს, ოპოზიცია და ხელისუფლება დღეს, პრეზიდენტის სასახლეში მოაწერს. ამის შესახებ ინფორმაციას, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამ წუთებში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იმართება. ჯერჯერობით უცნობია, დოკუმენტს, ოპოზიცია სრულად აწერს ხელს, თუ მხოლოდ ის პარტიები, რომლებმაც დღეს თანხმობა განაცახადეს. შეხვედრამდე ცნობილი იყო იმ პარტიების ვინაობა, რომლებმაც უკვე მზაობა გამოთქვეს შეთანხმებას ხელი მოაწერონ. ესენი არიან: "სტრატეგია აღმაშენებელი", ზურაბ ჯაფარიძის "გირჩი - მეტი თავისუფლება", "გირჩი", და "ლელო". ნაციონალურ მოძრაობას და ევროპულ საქართველოს თანხმობა ჯერ არ განუცხადებიათ.
პრეზიდენტი შარლ მიშელს: შეთანხმების შედეგად საქართველოსთვის ევროინტეგრაციისკენ გზა ხელახლა და ბევრად უფრო აქტიურად უნდა გაიხსნას
"ამ შეთანხმების შედეგად საქართველოსთვის გზა ევროინტეგრაციისკენ ხელახლა და ბევრად უფრო აქტიურად უნდა გაიხსნას. მინდა ეს ხვალვე, თქვენი ვიზიტით დაიწყოს", - ამ სიტყვებით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბშვილმა, დღეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს მიმართ. . როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, მას დიდი იმედი აქვს, რომ ძალიან სწრაფად დაიწყებენ ამაზე მუშაობას. ზურაბიშვილის თქმით, ევროკავშირისთვის საქართველოს სტაბილურობა და დემოკრატიულობა ძალიან მნიშვნელოვანია. „მინდა ორი სიტყვით მივმართო ბატონ მიშელს და ყველასთან ერთად გადავუხადო დიდი მადლობა მისი ძალისხმევისთვის. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ თქვენი ჩართულობა ეს არის ევროკავშირის ჩართულობა და ეს ნიშნავს ორ რამეს - ერთი, საქართველოს სხვა პერსპექტივა არ გააჩნია და მეორე, რომ საქართველო დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, მისი სტაბილურობა და მისი დემოკრატიულობა. ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა შიგნით, საქართველოში პოლიტიკურად დეპოლარიზაციისკენ და ეს ჩემთვის პირადად და მთელი საზოგადებისთვის ძალიან დიდი რამ არის. მაგრამ მეორე ნაბიჯი უნდა გადავდგათ ერთად. ამ შეთანხმების შედეგად საქართველოსთვის გზა ევროინტეგრაციისკენ ხელახლა და ბევრად უფრო აქტიურად უნდა გაიხსნას. ამაზე მე დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად დავიწყებთ მუშაობას და მინდა ეს ხვალვე, თქვენი ვიზიტით დაიწყოს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. დღეს, პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, შეთანხმების დოკუმენტზე ხელომწერის ცერემონია გაიმართა. ხელმოწერის ცერემონიაზე ონლაინ პირდაპირ ეთერში ჩაერთო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც, რომლის პირადი მედიაციით დაიწყო დიალოგი, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ოპოზიციური პარტიებიდან, დოკუმენტს ხელი მოაწერეს, შემდეგმა პარტიებმა. "სტრატეგია აღმაშენებელმა", ზურაბ ჯაფარიძის პარტიამ "გირჩი - მეტი თავისუფლება", პარტია "გირჩმა", "ლელომ", რესპუბლიკელებმა. პარტიის სახელით დოკუმენტზე ხელმოწერისგან თავი შეიკავა "ნაციონალურმა მოძრაობა" და "ევროპულმა საქართველომ", თუმცა ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა ინდივიდუალურად მოაწერა ხელი, როგორც სადეპუტატო მანდატის მფლობელმა. ინდივიდუალურად მოაწერა ხელი "ევროპული საქართველოს" ყოფილმა თავმჯდომარემ, რომელმაც პარტია რამდენიმე დღის წინ დატოვა.
აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, უოლტერ მონდეილი გარდაიცვალა
უოლტერ მონდეილი, რომელიც აშშ-ის ყოფილის პრეზიდენტის ჯიმი კარტერის დროს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. უოლტერ მონდეილი 93 წლის იყო. ის მინესოტაში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
ლიეტუვის პრეზიდენტი: მივესალმებით საქართველოში მიღწეულ პოლიტიკურ კონსენსუსს, მედიაციის ძალისხმევა ნაყოფიერი აღმოჩნდა
"მივესალმებით საქართველოში მიღწეულ პოლიტიკურ კონსენსუსს, მედიაციის ძალისხმევა ნაყოფიერი აღმოჩნდა", - ამის შესახენ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა Twitter-ში წერს. "მივესალმებით საქართველოში მიღწეულ პოლიტიკურ კონსენსუსს! ევროკავშირისა და აშშ-ის ერთობლივი მედიაციის ძალისხმევა ნაყოფიერი აღმოჩნდა. ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპული მისწრაფებებსა და დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერებ განმტკიცებას“, – წერს გიტანას ნაუსედა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტის პროგრამა ცნობილია
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტის პროგრამა ცნობილია. შარლ მიშელი თბილისის აეროპორტში, დღეს, თბილისის დროით, 15.00 სათზე ჩამოფრინდება. 15:30-ზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პირველ შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართავს. 16.50-ზე სალომე ზურაბიშვილისა და შარლ მიშელის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციის შემდგომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება, პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს და შემდეგ უკვე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრას. საღამოს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტ შარლ მიშელს, მის საპატივსაცემოდ გამართულ ვახშამზე უმასპინძლებს.
პრეზიდენტი: ბატონ მიშელს შევთავაზე, ბათუმის ცნობილი კონფერენცია გადაიქცეს ასოცირების სამიტად
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირთან ასოცირებამ მიიღოს სრულყოფილი სახე, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად", - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მან შესთავაზა პრეზიდენტ შარლ მიშელს, რომ ივლისში, ბათუმის უკვე ცნობილი კონფერენცია ევროკავშირთან, გადაიქცეს ასოცირების სამიტად. "კონფერენციაზე მოვიწვიოთ უკრაინის და მოლდოვის პრეზიდენტები, ევროკავშრთან ერთად და ვიმსჯელოთ, თუ რა ფორმა შეიძლება მიიღოს ამ ასოცირებამ, რომელიც გვაკავშირებს ამ სამ ქვეყანასა და ევროკავშირს. დღეს შეხვედრაზე ასევე ვისაუბერეთ აღმოსავლეთ პარტნიორების მომავალ სამიტზე. ეს ორი ერთმანეთს ავსებს და ორივე არის ის ძალიან მჭიდრო კავშირები, რაც ევროკავშირთან გვაქვს და რომელიც უნდა ავამოქმედოთ სრულყოფილად ისე, რომ ამ რეგიონში მეტი სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება შემოვიტანოთ. ამაში დევს როგორც ჩვენი, ასევე ევროკავშირის ინტერესები არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მთელი რეგიონის მიმართ. ასევე მნიშვნელოვანია განვავითაროთ ის პროგრამები, რომლებიც ადამიანებს აკავშირებს და აახლოვებს ერთმანეთთან. ანუ კულტურა და განათლება - ესაა ის ორი მიმართულება, სადაც საქართველო უნდა წავიდეს ისე შორს, როგორც შეიძლება და კიდევ უფრო შორს. მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა იგრძნონ, რომ ეკუთვნიან ნამდვილად ერთ ოჯახს“,- განაცხადა ზურაბიშვილმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში დღეს ჩამოფრინდა. ვიზტის გადაწყვეტილება სპონტანურად 19 აპრილს მიიღო მას შემდეგ რაც, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ შარლ მიშელის მიერ წარდგენილ შეთანხმების ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პარლამენტის წევრებს ხვდება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პარლამენტის წევრებს ხვდება. შეხვედრა ჟიული შარტავას სახელობის ოთახში მიმდინარეობს. მას ასევე ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ესწრება. ცნობისთვის, შარლ მიშელი უკვე შეხვდა სალომე ზურაბიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს.
არჩილ თალაკვაძე: მაღალი ალბათობით, პრეზიდენტი უახლოეს დღეებში მიიღებს შეწყალებაზე გადაწყვეტილებას
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მაღალი ალბათობით, პრეზიდენტი უახლოეს დღეებში მიიღებს შეწყალებაზე გადაწყვეტილებას, რაც შეეხება მელიას, ევროკავშირის მხრიდან გირაოს უზრუნველყოფის ღონისძიებაა განსაზღვრული. „პრეზიდენტმა მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რათა ეს შეთანხმება შემდგარიყო და მისი ვადები მკაფიოდ დაასახელა. მაღალი ალბათობით, ის უახლოეს დღეებში მიიღებს შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ნიკა მელიას, ის შეთანხმება და ამომწურავი განმარტება, რაც გაკეთდა მედიატორის მიერ ხელმოწერამდე, ეს მკაფიოდ ამბობს, თუ რა უნდა მოხდეს. პირველი-ეს არის ევროკავშირის მხრიდან გირაოს უზრუნველყოფის ღონისძიება და პატიმრობაში მყოფი პირის გადასაწყვეტია, დაეთანხმება ამ გირაოს თუ არა. შემდეგი ნაბიჯი, როდესაც კოლეგები შემოვლენ პარლამენტში, შეთანხმება ამბობს, რომ ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ ამნისტიის პროექტზე“, – განაცხადა თალაკვაძემ. პარლამენტის თავმჯდომარე მადლობას უხდის საერთაშორისო პარტნიორებს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, რომ კიდევ ერთხელ ჩამოვიდა საქართველოში. თალაკვაძის თქმით, სწორედ მისი მედიაციით, ძალისხმევით შეძლეს შეთანხმების დოკუმენტის გაფორმება, რომელიც ფართო კონსენსუსს ეფუძნება და რომელიც უკვე მომავალი კვირიდან უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის ისეთი სახით ფუნქციონირებას, როგორც ის საზოგადობამ აირჩია. „რასაკვირველია, რჩება რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც არ აწერს ხელს ამ შეთანხმებას, ვფიქრობ, საზოგადოებამ უნდა განსაჯოს, როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, საზოგადოება, ხელისუფლება და ოპოზიციის დიდი ნაწილი ეთანხმება იმ საერთო წინადადებებსა და პირობებს, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, ამ დროს, როცა რამდენიმე პარტია რჩება ამ შეთანხმების მიღმა, ალბათ, ეს არის ის, რაც ჩვენმა საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, რადგან ამ ხელმოწერის შემდეგ, დღეს უკვე ნათელია, თუ ვის აწყობდა და სურდა პოლიტიკური კრიზისი, ვინ მუშაობდა რეალურად მის მოსაგვარებლად. ფაქტი ერთია – რაც გაფორმდა გუშინ და რაც იქნება მომავალი კვირიდან, ანუ უმრავლესობა და ოპოზიცია პარლამენტში, ეს ჩვენმა საზოგადოებამ, ქართველმა ხალხმა ჯერ კიდევ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, გასულ წელს გააფორმა. სწორედ მათ გვითხრეს, მათ გააკეთეს ეს არჩევანი, რომ ოპოზიციას და უმრავლესობას უნდა ემუშავათ ერთად პარლამენტში. შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის არის, მადლობა გადავუხადო ჩვენს საზოგადოებას, მოქალაქეებს, რომ ამ თვეების განმავლობაში მოთმინებით ადევნებდნენ თვალს ამ დაძაბულ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს. პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, რომ მაქსიმალურად, მომავალშიც საქართველოს პროგრესს ვუზრუნველყოფთ რასაკვირველია ერთად, მაქსიმალურ ყურადღებას და დროს დავხარჯავთ იმ პრობლემებზე სამუშაოდ, რომელიც აქვთ მოქალაქეებს პანდემიიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ეკონომიკური ამოცანებია, ჩვენმა ქვეყანამ უნდა განაგრძოს წინსვლა, დემოკრატიის გაძლიერება და ევროინტეგრაციის მიმართულებით პროგრესი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ოპოზიციონერ დეპუტატებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან ერთად ოპოზიციონერ დეპუტატებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა პარტიებს შორის გაფორმებული შეთანხმება და პარლამენტში პოლიტიკური პროცესის სრულად გადატანა, ნდობის აღდგენა და საქართველოს ევროპული დღის წესრიგი იყო. აღინიშნა, რომ ქვეყნის პოლიტიკური სისტემის შემდგომი განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია ოპოზიციამ და მმართველმა პარტიამ აქტიურად ითანამშრომლონ. ხაზი გაესვა დოკუმენტზე ხელმოწერისა და პოლიტიკური პროცესების საპარლამენტო განზომილებაში გადატანის მნიშვნელობას. მხარეებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შედგენილ დოკუმენტში ასახულ საკითხებზე იმსჯელეს და აღნიშნული საკითხების გადასაწყვეტად თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურეს. არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ მიშელს მედიაციისთვის და ფასილიტატორ ელჩებს მოლაპარაკებებში შეტანილი წვლილისთვის.
სალომე ზურაბიშვილი: 27 აპრილს, როგორ კი ოპოზიცია პარლამენტში შევა, გამოიცემა პრეზიდენტის შეწყალების აქტი
"27 აპრილს, როგორ კი ოპოზიცია პარლამენტში შევა, გამოიცემა პრეზიდენტის შეწყალების აქტი", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა facebook-ზე დაწერა. "საქართველოს პრეზიდენტმა მისი 19 აპრილის განცხადებაში აღნიშნა: იმისთვის, რომ ქვეყანა და პარლამენტი ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს შეუდგეს და გამოწვევებს გაუმკლავდეს, მიიღო შეწყალების გადაწყვეტილება გარკვეული პირობებით. იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა - მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ, შეთანხმებას მიაღწიეს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ისევე როგორც აშშ-ს ელჩმა ეს ფაქტი დაადასტურეს, ამგვარად პირველი პირობა შესრულებულია. რაც შეეხება მეორე პირობას, პოლიტიკურმა პარტიებმა საჯაროდ მოაწერეს ხელი საბოლოო შეთანხმების დოკუმენტს და მათი შესვლა პარლამენტში 27 აპრილს პლენარულ სხდომაზე იგეგმება. ეს ნიშნავს, რომ როგორც განცხადებაშია გათვალისწინებული ერთი კვირის ვადაში შესრულდება მეორე პირობაც, მაშასადამე იმ დღესვე გამოიცემა პრეზიდენტის შეწყალების აქტი!", - ნათქვამია განცხადებაში.
პრეზიდენტის ინიციატივით, ახალგაზრდა მთარგმნელის პირველი თარგმანისთვის ელისაბედ ორბელიანის სახელობის პრემია დაწესდა
პრეზიდენტის ინიციატივით, ახალგაზრდა მთარგმნელის პირველი თარგმანისთვის ელისაბედ ორბელიანის სახელობის პრემია დაწესდა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისის მერიისა და იუნესკო-ს პროექტის „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე, ვიდეომიმართვის დროს განაცხადა. "საქართველო თავისი 16 საუკუნოვანი ლიტერატურული მემკვიდრეობით, თბილისი თავისი ლიტერატურული და საგამომცემლო ტრადიციებით, მრავალენობრიობით, მრავალანბანურობით, ღიაობით და თავისუფალი ცხოვრების სტილით იყო და დღესაც, ნამდვილად არის მსოფლიოში გამორჩეული ქალაქი, რომელსაც შესწევს ძალა და შემოქმედებითი ენერგია, ღირსეულად უმანსპინძლოს ლიტერატურით დაინტერესებულ სტუმრებს მთელი მსოფლიოდან! იყოს ახალი წამოწყებებისა და ინიციატივების ადგილი, იყოს მწერლებისთვის ახალი შთაგონების წყარო. რადგანც ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო მოვლენაზე, მინდა ხაზი გავუსვა ერთ აუცილებლობას: ჩვენ მეტი მხარდაჭერა უნდა გავუწიოთ ჩვენს მთარგმნელებს, რამეთუ ჩვენი ადგილი მსოფლიო ლიტერატურულ სამყაროში თარგმანზე გადის. მაშასადამე, ამ მოვლენასთან დაკავშრებით მსურს გამოვაცხადო ჩვენი ინიციატივა: პრეზიდენტის ეგიდით დაწესდა ელისაბედ ორბელიანის სახელობის პრემია ახალგაზრდა მთარგმნელის პირველი თარგმანისათვის, რომელიც გაიცემა UNESCO-ს წლის ფარგლებში, მომავალი წლის 22 აპრილს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ევროკომისიის პრეზიდენტი: ვაქცინირებული ამერიკელები ევროკავშირში თავისუფლად მოგზაურობას შეძლებენ
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ზაფხულში, ვაქცინირებულ ამერიკელებს ევროპაში მოგზაურობის უფლება მიეცემათ. როგორც ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენელი New York Times- თან ინტერვიუში აცხადებს, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო უპირობოდ დათანხმდება, რომ აშშ-ის მოქალაქეებისთვის ევროპაში მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდეს. ,,ამერიკელები, როგორც მე ვხედავ, "ევროპის მედიკამენტების სააგენტოს" მიერ დამტკიცებულ ვაქცინებს იყენებენ. ეს მათ ევროპაში თავისუფლად გადაადგილებისა და მოგზაურობის საშუალებას მისცემს“, - ფონ დერ ლაიენმა. ცნობისთვის, ევროკავშირმა უკვე დაამტკიცა ე.წ. ელექტრონული კოვიდპასპორტები, რომელთა საშუალებითაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ მოქალაქეებთან ერთად ევროკავშირის სახელმწიფოებში მოგზაურობას ის ადამიანებიც შეძლებენ, ვინც კოვიდტესტის უარყოფით პასუხს წარადგენს და ასევე იმ პირებს, რომლებსაც კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს.
უკრაინის პრეზიდენტი გამოდის ინიციატივით ,,ნორმანდიის ფორმატში" აშშ, დიდი ბრიტანეთი და კანადაც ჩაერთონ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „ნორმანდიის ფორმატის“ გაფართოების ინიციატივით გამოვიდის და მიიჩნევს, რომ აშშ, დიდი ბრიტანეთი და კანადაც უნდა ჩაერთონ მოლაპარაკებებში. როგორც ცნობილია, ზელენსკი ამბობს, რომ დონბასთან დაკავშირებული მოლაპარაკების ფორმატში სასურველია ამ სამი ქვეყნის ჩართვაც. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია პროცესი სწრაფად წარიმართოს. „პროცესი უნდა ემსახურებოდეს აწმყოს და არა წარსულის მიზნებს. არსებობს ორი ვარიანტი: ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ მინსკის ფორმატი, კორექტირება შევიტანოთ მასში. ან შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა ფორმატი. სიჩქარეს აქვს მნიშვნელობა. ამ პროცესის ტემპი მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ყოველდღე ვკარგავთ ხალხს“, – განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ “ნორმანდიის ფორმატი” ოთხი ქვეყნის: საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის და უკრაინის მონაწილეობით დონბასის პრობლემის მოგვარებისთვის შეიქმნა,