საზოგადოება

ევროკავშირი და ჯანმო საქართველოში COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობისთვის ერთიანდებიან

ევროკავშირი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისი ერთობლივად იწყებენ ფართომასშტაბიან ინიციატივას, რომლის მიზანიც საქართველოში COVID-19 ვაქცინების ჩამოსვლისა და ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობაა. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ახორციელებს. იგი ეხება COVID-19 ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ყველა ფაზას და მნიშვნელოვანი ინვესტიცია იქნება რუტინული იმუნიზაციის სისტემის გასაძლიერებლად. სამწლიან ინიციატივას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ევროპის რეგიონში განახორციელებს უკვე არსებული ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში მიმდინარეობს და მისი მთლიანი დაფინანსება €40 მილიონ ევროს შეადგენს. ამ პროგრამის დანიშნულება ქვეყნების ვაქცინაციისთვის მზადება, შემოტანის პროცესის ხელშეწყობა და მონიტორინგი წარმოადგენს. კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველში ამბობს: „COVID-19 წინააღმდეგ ბრძოლაზე მიმართულ საერთო ძალისხმევაში გადამწყვეტი ადგილი სწორი ვაქცინაციის კამპანიას უჭირავს. ევროკავშირი კვლავ აგრძელებს საქართველოს თანადგომას და გვეამაყება, რომ დღეს ვიწყებთ ახალ ინიციატივას ჩვენს ახლო პარტნიორთან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად. ეს ინიციატივა ვაქცინაციის კომპლექსური პროცესის მხარდაჭერისთვისაა განკუთვნილი, რათა ეფექტურად მოხდეს ქვეყანაში შემოსული ვაქცინების გამოყენება და ყველაზე მეტი საჭიროების მქონე ადამიანების მოცვა.“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, სილვიუ დომენტე: „ვაქცინა იმედს უსახავს და იცავს იმ ადამიანებს, რომლებიც პანდემიის დროს წინა ხაზზე იბრძვიან; ასევე იმათ, ვინც ყველაზე მაღალი რისკის ქვეშაა და ეშინია დაავადების შედეგების. ამ გულუხვი მხარდაჭერის მეშვეობით WHO შეძლებს კიდევ უფრო გააძლიეროს თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან, რათა როგორც კი ხელმისაწვდომი გახდება, ვაქცინამ მოიცვას ყველა ადამიანი, ვისაც განსაკუთრებით ესაჭიროება.“ პირველ ეტაპზე დაფინანსება გამოყენებული იქნება ვაქცინისათვის მზადებისა და შემოტანის პროცესის ხელშეწყობისთვის, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სტრატეგიულ პროგრამულ მიმართულებებს - დაგეგმვას, მოწყობილობებს/დანადგარებს, ჯანდაცვის პერსონალის ტრენინგებსა და საინფორმაციო კამპანიას. პროექტი აგრძელებს ევროკავშირსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას შორის უკვე მიმდინარე თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც ხდება ქვეყნების დახმარება COVID-19 პანდემიასთან გასამკლავებლად. უკვე ხორციელდება €35 მილიონი ევროს ღირებულების „სოლიდარობა ჯანმრთელობისთვის“ ინიციატივა, რომელიც პარტნიორ ქვეყნებს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების მოგვარებაში ეხმარება.

ეკატერინე ტიკარაძე: ვაქცინაცია დაიწყება მაშინ, როცა ეს საჭიროა. დაგვიანებული არ არის

"ვაქცინაცია დაიწყება მაშინ, როცა ეს საჭიროა და არაფერი დაგვიანებული არ არის" - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, რომ COVID -19-ის საწინააღმდეგო "ვაქცინაცია ბანგლადეშმაც კი დაიწყო, თუმცა, საქართველოში ეს ჯერ არ მომხდარა". „მსოფლიოში არის 10 ქვეყანა, რომელშიც მიმდინარეობს ინტენსიური ვაქცინაცია და მე ალბათ არ ჩავთვლიდი და არ ვიქნებოდი კატეგორიული, რომ რაიმე დაგვიანებულია. ყველაფერს აქვს თავისი დრო და ვაქცინაცია დაიწყება მაშინ, როცა ეს საჭიროა და არაფერი დაგვიანებული არ არის“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ცნობისთვის, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა საქართველოში მიმდინარე თვის ბოლოს ჩამოვა.

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესზე კაპიტოლიუმის შტურმის აქამდე უცნობი კადრები აჩვენეს

სენატში იმპიჩმენტის პროცესზე, დემოკრატებმა დონალდ ტრამპის მხარდამჭერების კაპიტოლიუმში შეჭრის კადრები აჩვენეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. კადრებში ნათლად ჩანს, აშშ-ის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტთან, მაიკ პენსთან რამდენად ახლოს იყვნენ შტურმის მონაწილეები და როგორ ცდილობდნენ მორიგე ოფიცრები პოლიტკოსების უსაფრთხოდ გაყვანას. ტრამპის იმპიჩმენტი სენატმა კონსტიტუციურად ცნო.

საქართველოში ვაქცინების ტრანსპორტირებას Covax-პლატფორმა თავად უზრუნველყოფს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხახებით, კოვაქს-პლატფორმის ფარგლებში მისაღები ვაქცინის ტრანსპორტირებას თავად „კოვაქსი“ უზრუნველყოფს. მისი თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდება საქართველოში დაანონსებულ ვადებში, თებერვალში მოხდება. გარდა ამისა, დღესვე მინისტრმა გააჟღერა ინფორმაცია, რომ დამატებით, მარტის დასაწყისში ქვეყანა 150 ათას დოზა „ასტრა-ზენეკას“ ვაქცინას მიიღებს. „ავიაკომპანიას რაც შეეხება, კოვაქს-პლატფორმის ფარგლებში „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის" ვაქცინის მოწოდებას უზრუნვეყოფს თავად კოვაქს-პლატფორმა და ავიაკომპანიაზე თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს არის ვაქცინის მოწოდების ერთ-ერთი უსაფრთხო გზა, რადგან ვიცით, რა რთულია ის ცივი ჯაჭვი, რომელიც ფაიზერის ვაქცინას სჭირდება“, - განმარტა ჯანდაცვის მინისტრმა.

ოქსფორდის კვლევა: ასთმის პრეპარატი Covid19-ით ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის რისკსა და ავადობის დროს ამცირებს

ასთმის სამკურნალოდ ფართოდ გავრცელებული სამკურნალო პრეპარატები, კორონავირუსით ჰოსპიტალიციის რისკსა და ავადობის პერიოდს ამცირებს. Oxford-ის უნივერსიტეტის კვლევაზე Reuters-ი წერს. ასთმის წამალს, თუ მას პაციენტს სიმპტომების გამოჩენიდან შვიდი დღის განმავლობაში დაუნიშნავენ, ჰოსპიტალიზაციის საჭიროებასა და გამოჯანმრთელების დროის შემცირება შეუძლია. 146 პაციენტის გამოკვლევით დადგინდა, რომ პრეპარატი „ბუდესონიდი“, ჰოსპიტალიზაციის რისკს 90%-თ ამცირებს. „მოხარული ვარ, რომ შედარებით უსაფრთხო და ფართოდ გავრცელებულ პრეპარატს შეუძლია სამედიცინო სექტორზე დატვირთვა შეამსუბუქოს“, - განაცხადა კვლევის მთავარმა სპეციალისტმა მონა ბაფანდჰეიმ. ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის შედეგები რეცენზირებულ ჟურნალში ჯერ არ გამოქვეყნდება.

ქართველების ლეგალურად დასაქმებაზე მოლაპარაკებები 3 ქვეყანასთან მიმდინარეობს

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების პროგრამა აუცილებლად გაგრძელდება და მხოლოდ ერთწლიანი არ იქნება. ამის შესახებ მინისტრმა გერმანულ მხარესთან აღნიშნული პროგრამის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ტიკარაძის თქმით, ქართველების ლეგალურად დასაქმებაზე მოლაპარაკებები 3 ქვეყანასთან მიმდინარეობს. „ეს პროგრამა აუცილებლად გაგრძელდება. სხვა ქვეყნებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება, ამ ეტაპისთვის ეს არის ბულგარეთი და ისრაელი, ასევე საფრანგეთთან გვაქვს დიალოგი ამასთან დაკავშირებით. ეს არ იქნება ერთწლიანი პროგრამა, ამას ექნება სისტემატიური ხასიათი“, - განაცხადა მინისტრმა.

მეუფე ანტონი: გვინდა ადამიანებს მოვუხსნათ ის შეხედულება, რომ ვაქცინაცია განიხილება როგორც ჩიპიზაცია

განვიხილეთ ვაქცინაციის საკითხი და გვინდა, ადამიანებს მოვუხსნათ შეხედულება, თითქოს ვაქცინაცია განიხილება როგორც ჩიპიზაცია, - ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „განვიხილეთ ვაქცინაციის საკითხი და ჩვენ გვინდა ადამიანებს მოვუხსნათ ის შეხედულება, რომ ვაქცინაცია განიხილება როგორც ჩიპიზაცია. ეს ბიოლოგიური და მედიცინის საკითხია. ჩვენი მხრიდან არანაირი განსხვავება არ იქნება მათი, ვინც აცრას გაიკეთებს და არ გაიკეთებს“, - აღნიშნა მეუფემ. როგორც მეუფე ანტონმა აღნიშნა, ბოლო დროს ძალიან მომძლავრდა ეკლესიისადმი მტრულად განწყობილი ძალების გააქტიურება. „ჩვენ ვისაუბრეთ დავით გარეჯის საკითხზე. არგუმენტებით გაჯერებული მოხსენება წაიკითხა მეუფე დავით ალავერდელმა. ბოლო დროს ძალიან მომძლავრდა ეკლესიისადმი მტრულად განწყობილი ძალების გააქტიურება, არ ვიცი ამათ სამშობლო, ქვეყანა უყვართ თუ არა, რისი თქმა სურთ, ვითომ მამხილებელი არიან, მაგრამ გველმა ბულბული რომ დაირქვას, ამით ზნეს არ იცვლის, გინდა თეოლოგი დაირქვი, გინდა ასოციაცია, ასეთი ადამიანები უფრო მეტს აკეთებენ იმისთვის, რომ ეკლესიაში არ მოვიდეს ახალგაზრდობა. ზოგადად თეოლოგის დანიშნულებაა ადამიანებს ღმერთი შეაყვაროს და ესენი პირიქით, ღმერთთან მისასვლელ ყველა გზას უკეტავენ“, - განაცხადა მეუფე ანტონმა.

ჯო ბაიდენი Covid19-ის წარმოშობის შესახებ ყველა ინფორმაციის დეტალურად შესწავლას გეგმავს

ჯო ბაიდენი Covid19-ის წარმოშობის შესახებ ყველა ინფორმაციის დეტალურად შესწავლას გეგმავს. აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხეს, აპირებ თუ არა ჩინეთის „დასჯას“ იმის გამო, რომ მათ Covid19 -ის შესახებ სათანადო ინფორმაცია მსოფლიოს დროულად არ გააცნეს. ბაიდენმა განაცხადა, რომ კორონავირუსზე ხელმისაწვდომი ყველა ფაქტითაა დაინტერესებული. „ყველა ფაქტით დაინტერესებული ვარ“, - განაცხადა ბაიდენმა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. ვაშინგტონის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია ჯანმოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის დეტალურ განხილვას აპირებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები უხანში სამეცნიერო გამოძიებას 27 იანვრიდან აწარმოებდნენ. ექსპერტთა ჯგუფს რამდენჯერმე უარი უთხრეს ჩინეთში შესვლაზე.

აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოს თავდაცვის ძალები ახალი ტიპის შეიარაღებით აღიჭურვა

საქართველოს თავდაცვის ძალებში შეიარაღების მოდერნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოს თავდაცვის ძალებმა ახალი ტიპის ტყვიამფრქვევები და ყუმბართმტყორცნები მიიღო. უკვე მიმდინარეობს ქვედანაყოფების აშშ-ის წარმოების ნატოს M2 ტიპის 12.7 მმ მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებითა და MK 19 ტიპის ახალი ავტომატური ყუმბართმტყორცნებით აღჭურვის პროცესი. საქართველოს თავდაცვის ძალებს დამატებით გადმოეცა 5,56 მმ კალიბრის M249 ტიპის ხელის მსუბუქი ტყვიამფრქვევებიც. "აღნიშნული ტიპის შეიარაღება ზრდის ქვედანაყოფის საცეცხლე ზემოქმედების შესაძლებლობებს და ბრძოლის ველზე მათ ეფექტიანად მოქმედებას უზრუნველყობს. საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ახალი ტიპის ტყვიამფრქვევებითა და ყუმბართმტყორცნებით დაკომპლექტება, შეიარაღებისა და აღჭურვილობის განახლებისა და მოდერნიზაციის პროცესის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც თავდაცვის ძალების შესაძლებლობების ზრდას და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესებას ემსახურება", - ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ვაზიანში იმყოფებოდნენ, სადაც თანამედროვე, ნატოს სტანდარტის იარაღით ქვედანაყოფების დაკომპლექტების პროცესს პირადად გაეცნენ და საცდელ სროლებს დაესწრნენ. ვაზიანის სასროლეთზე, საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ქართველმა და ამერიკელმა ინსტრუქტორებმა აღნიშნული იარაღით საჩვენებელი სროლები განახორციელეს.

მედია: ლუკაშენკომ 2700-კაციანი ასამბლეა ჩაატარა, რასაც შესაძლოა, უფრო მეტი დემონსტრაცია მოჰყვეს

ალექსანდრე ლუკაშენკომ საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელი ღონისძიება გახსნა. ბელარუსის პრეზიდენტმა, „მხოლოდ ბელარუსელი ხალხის ასამბლეას“ უმასპინძლა, რეფორმებისა და ქვეყნის განვითარების განსახილველად“. ამ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ლუკაშენკოს თქმით, ასამბლეაზე შესაძლოა, განიხილონ საკონსტიტუციო რეფორმების გეგმები. ამასთან ერთად, ხელისუფლებასთან დაახლოებული პოლიტიკოსები ამბობენ, რომ, შესაძლოა, პოლიტპატიმრების ამნისტიაც გამოაცხადონ. ასამბლეაში 2,700-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. დელეგატების უმეტესობა მთავრობის მომხრე მაღალჩინოსანია. Reuters-ის ცნობით, ორდღიანმა ღონისძიებამ შესაძლოა კიდევ უფრო მეტი დემონსტრაცია გამოიწვიოს. ქვეყანაში, გასული წლის 9 აგვისტოდან ანტისამთავრობო გამოსვლები მიმდინარეობს, აქციების ფონზე ლუკაშენკო მოსახლეობას სხვადასხვა დაპირებებს სთავაზობდა, მან გარკვეულ მომენტში მოქალაქეებს,პრეზიდენტის პოსტის დატოვებაც კი დაპირდა.

გერმანიის ელჩი საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმებაზე: პირველად ვიწვევთ სამუშაო ძალას სხვა ქვეყნიდან

მოხარული ვართ, რომ შევძელით დროებით ლეგალურად დასაქმების პროგრამის მომზადება ამ რთულ გლობალურ პანდემიურ ვითარებაში და განსაკუთრებით იმ რთულ სოციალურ პირობებში, რომელიც წარმოქმნა პანდემიამ, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც ელჩმა აღნიშნა, პროექტი გულისხმობს საქართველოს მოქალაქეების სეზონურად დასაქმებას გერმანიის სოფლის მეურნეობის სფეროში. „მოხარული ვარ, რომ ვიწყებთ პროექტს, რომელიც გულისხმობს ქართველების დასაქმებას გერმანიის სოფლის მეურნეობაში სეზონურად. საინფორმაციო კამპანია უკვე იწყება, როგორც ინტერნეტში, ასევე საქართველოს შრომის სააგენტოს მეშვეობით. ეს არის ორწლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგი. ერთი მხირვ, საქართველოს შრომის სააგენტო და მინისტრი და მეორე მხრივ, გერმანიის დასაქმების სააგენტო აქტიურად იყვნენ ჩართული პროცესში. ეს არ არის გერმანიაში მიგრაციის პროექტი, არამედ ეს არის დროებითი სეზონური სამუშაო პროექტი გერმანიაში, რომელიც მაქსიმუმ 90 დღე გრძელდება. ეს იქნება სამუშაო ადგილები გერმანიის სოფლის მეურნეობის დარგში. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც კარგად იცნობს ამ დარგს და შეეძლებათ, წვლილი შეიტანონ, როგორც გერმანიის სოფლის მეურნეობაში, ასევე ჩამოსვლის შემდგომ თავის ქვეყნის იმავე სფეროში. გერმანია ამ პროექტს არ ახორციელებს ყველა ქვეყანასთან, ჩვენ ამას ვიწყებთ საქართველოდან და ვაკეთებთ პირველად ძალიან დიდი ხნის შემდგომ. პირველად ვიწვევთ სამუშაოდ ძალას სხვა ქვეყნიდან. განსაკუთრებით მოხარული ვართ, რომ ჩვენ შევძელით ამის გაკეთება ამ რთულ გლობალურ პანდემიურ სიტუაციაში და განსაკუთრებით იმ რთულ სოციალურ პირობებში, რომელიც წარმოქმნა ამ პანდემიამ. მადლობა გაწეული შრომისთვის და მოუთმენლად ველო ამ პროექტის შედეგებს", - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა. ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმდებიან.

ჭყონდიდის ეპარქიას მიტროპოლიტი სტეფანე უხელმძღვანელებს

ჭყონდიდის ეპარქიას ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თიანეთის და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მიქაელმა სინოდის სხდომის შემდეგ განუცხადა. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს ადასტურებს თუ არა ინფორმაციას, რომ მიტროპოლიტმა სტეფანემ ეპარქია შეიცვალა, რაზეც ეპისკოპოსმა მიქაელმა უპასუხა, რომ ეს “ღვთის ნებაა”. “რა საკვირველია [ღვთისნება იყო სტეფანეს ჭყონდიდში მივლინება”] – ამბობს ეპისკოპოსი მიქაელი. ჭყონდიდის ეპარქიაში მიტროპოლიტი პეტრე 2019 წელს წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა შეცვალა. ამჟამად, ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს საქმიანობას ეპისკოპოსი გრიგოლი. ეპარქია მდებარეობს სამეგრელოს ცენტრალურ ნაწილში და მოიცავს მუნიციპალიტეტებს: მარტვილს, აბაშასა და მათ მიმდებარე ტერიტორიას. ეპარქიის საკათედრო ტაძარი მარტვილში მდებარეობს.

მეშახტეთა პროტესტს "საქნახშირი" იანვრის თვის შედეგების შეჯამებას უკავშირებს

"N4 ნახშირმომპოვებელი უბნის თანამშრომლები უარს აცხადებენ შახტიდან ამოსვლაზე, რამაც გამოიწვია უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევა და ავარიული სიტუაცია. ინციდენტის დაწყების მომენტიდან კომპანია შეეცადა, გაერკვია მომხდარის მიზეზი, რის შემდეგაც იკვეთება, რომ, სავარაუდოდ, აღნიშნული შესაძლებელია უკავშირდებოდეს N4 ნახშირმომპოვებელი უბნის მუშაობის იანვრის თვის შედეგების შეჯამებას", - ამის შესახებ განცხადებას "საქნახშირი" ავრცელებს. განცხადებაში კომპანია აქვეყნებს უბნების მიერ მოპოვებული ნახშირის რაოდენობას და აღნიშნავს, რომ მეოთხე უბანმა გეგმა სხვებისგან განსხვავებით, მხოლოდ 77 პროცენტით შეასრულა. "10 თებერვალს, დღის 11 საათზე, საქნახშირის ადმინისტრაციულ კორპუსში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის ინიციატორები იყვნენ IV უბნის ხელმძღვანელები და მოხდა იანვრის თვის შედეგების შეჯამება-განხილვა. საერთო ჯამში, იანვრის მონაცემები და უბნების მიერ მოპოვებბული ნახშირის რაოდენობა ასეთია: II უბანმა 6100 ტონა მოიპოვა და გეგმა 110.9 % -ით შეასრულა, რაც მოიცავს 91.01 ₾ დღეზე. VI უბანმა მოიპოვა 5405 ტონა, გეგმა შესრულდა 108.1 % - ით. ანაზღაურებამ შეადგინა 90.00 ₾ დღეზე IV უბანმა მოიპოვა 4660 ტონა, გეგმა შესრულდა მხოლოდ 77.7 % -ით. ანაზღაურებამ დღეზე 48.00 ₾ შეადგინა. აღსანიშნავია, რომ VI და II უბნის თანამშრომლებმა იანვრის თვეში გადაჭარბებით შეასრულეს გეგმა და შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, მათ ანაზღაურებას ბონუსიც დაემატა. IV უბანმა კი გეგმის მხოლოდ 77.7 % შეასრულეს რაც შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად (რომელიც თანამშრომლებსა და კომპანიას შორის არის გაფორმებული) მათ გამომუშავებულ ანაზღაურებაზე აისახა", - ნათქვამია განცხადებაში. როგორც განცხადებაში წერია, N4 ნახშირმომპოვებელ უბნის თანამშრომლებისა და „საქნახშირის“ ადმინისტრაციის ერთობლივი ინიციატივით, შედგა სპეციალური კომისია, რომელიც უახლოესი 10 დღის ვადაში შეისწავლის იმ გარემოებებს, რის გამოც IV უბნის თანამშრომლებმა ვერ შეასრულეს გეგმა. "თანამშრომელთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, კომპანიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, უსაფრთხოების წესების დარღვევის ლიკვიდაციამდე, (მიმდინარე წლის 11 თებერვლის 23:55 საათიდან) შეჩერდა N4 ნახშირმომპოვებელ უბანში შახტის დამხმარე ჭაურით ხალხის ჩაყვანა. აღნიშნული ჭაურით მოხდება იმ პერსონალის ჩაყვანა და ამოყვანა, რომლებიც უზრუნველყოფენ შახტის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას. 11 თებერვლის პირველი ცვლიდან N4 ნახშირმომპოვებელ უბანში პერსონალის გადაყვანა მოხდება „მინდელის“ სახელობის შახტიდან, ვიდრე არ მოხდება აღნიშნული ვითარების ლიკვიდაცია. მათი ტრანსპორტირებისთვის გამოყოფილი იქნება ავტოტრანსპორტი. N4 მომპოვებელი უბნის თანამშრომლებს არ ეზღუდებათ სასადილოთი სარგებლობა და სურვილის შემთხვევაში, საკვების მიღების შემდეგ, შეძლებენ უკან დაბრუნდნენ", -ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ტყიბულში მეშახტეების ნაწილი პროტესტის ნიშნად შახტიდან არ ამოდის. ისინი იანვრის თვის სახელფასო ანაზღაურების განახევრებას აპროტესტებენ. 10 თებერვალს, ძიძიგურის შახტის მე-17 უბნის მეშახტეთა ნაწილი ცვლის დასრულების შემდეგ შახტში ჩაიკეტა. ტყიბულის შახტების ადმინისტრაციისთვის შახტში გამოკეტილი მეშახტეების მოთხოვნები უცნობია

საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმდებიან

საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ - ეს საკითხი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰუბერტ ქნირშთან შეხვედრაზე განიხილა. გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები გერმანიაში პირველი აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაციის გავლა კი 15 თებერვლიდანაა შესაძლებელი და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. დასაქმება სოფლის მეურნეობის სექტორში სეზონურ სამუშაოებზეა შესაძლებელი. სამუშაოს მაძიებელი პირველად რეგისტრაციას სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე http://workabroad.gov.ge/ გადის. სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: _მოქალაქეობა: საქართველო; ასაკი: 18 წლიდან 60 წლამდე; გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში;ფიზიკური ჯანმრთელობა;მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია; ნებისმიერი ისეთი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას იწვევს; გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთ წევრს უნდა შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი.სეზონურ სამუშაოებზე დასაქმება სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. დასაქმების ხანგრძლივობაა 1-დან 3 თვემდე. სამუშაო დრო: 5-6 დღე კვირაში; 8-10 საათი დღეში. მინიმალური ხელფასი - 9,50 ევრო საათში (დარიცხული), რომელსაც გამოაკლდება გადასახადები, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები. _რეგისტრაციის შემდეგ, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები, კონკრეტული ვაკანსიის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, უკავშირდებიან დასაქმების მსურველებს. სერვისცენტრში მისვლისას მსურველს თან უნდა ჰქონდეს პირადობის ელექტრონული მოწმობა და/ან საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი. კონკრეტულ ვაკანსიაზე დასაქმების მსურველთა შესახებ მონაცემები მიეწოდება გერმანელ დამსაქმებელს. დასაქმებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გერმანელი დამსაქმებელი. გადაწყვეტილება ეცნობება თითოეულ მსურველს. გერმანელი დამსაქმებლის მხრიდან დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, დამსაქმებელი მუშაობის დაწყების მსურველს უგზავნის შრომით ხელშეკრულებას, რომელიც მხარეებს შორის გაფორმდება გერმანიაში გამგზავრებამდე. შეგახსენებთ, რომ საქართველოს, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოსა და გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტოს - (BA) შორის 2020 წლის 17 იანვარს, დაიდო შეთანხმება „გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ“, რითაც შეიქმნა სამართლებრივი საფუძველი გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმებისთვის. შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეების დროებითი ლეგალური დასაქმება შრომითი და სოციალური უფლებების დაცვით. სამუშაოს მაძიებლისთვის დასაქმებასთან დაკავშირებული მომსახურება სრულიად უფასოა.

ლიეტუვა რუსულ ვაქცინას არც ერთ შემთხვევაში არ შეისყიდის

Bloomberg-ის ცნობით, ლიეტუვა რუსულა ვაქცინას იმ შემთხვევაშიც არ შეიძენს, თუ მას ევროკავშირი დაამტკიცებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ინგრიდა შიმონიტეს თქმით, მას ეჭვი არ ეპარება, რომ ვიდრე რუსეთი საკუთარ მოსახლეობას აცრის, ვაქცინის მიყიდვას სხვა ქვეყნებისთვის ეცდება. „ეს რუსეთის მორიგი გეოპოლიტიკური თამაშია",- აცხადებს შიმონიტე. პრემიერის თქმით, ქვეყანას უკვე საკმარისი დასავლური წარმოების ვაქცინა აქვს და „რუსული ვაქცინის საჭიროებას ვერ ხედავს“. გამოცემის ცნობით, რუსეთი საკუთარი Sputnik V-ით ევროკავშირის მომარაგებას აპირებს. რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის გერმანიაც განიხილავს რუსული ვაქცინის ადმინისტრირებას. შიმონიტეს თქმით, დასანანია, რომ ევროკავშირი რუსული ვაქცინის გამოყენებას განიხილავს.

თეა წულუკიანმა ფოლკლორის ცენტრისა და ანსამბლ „ბასიანის" წარმომადგენლებთან სალოტბარო სკოლების საკითხი განიხილა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი დარგობრივი სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან შეხვედრებს განაგრძობს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. დღეს, თეა წულუკიანი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ცენტრის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს, ასევე, ანსამბლ ბასიანის წევრებს შეხვდა. ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი დონაძემ და ბასიანის ხელმძღვანელმა ზურაბ წკრიალაშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს პანდემიის პირობებში მიმდინარე საქმიანობისა და შეზღუდვების მოხსნის შემდგომი გეგმების შესახებ თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს. საუბარი ასევე შეეხო სალოტბარო სკოლებს, ქართული ფოლკლორის დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით სამომავლოდ განსახორციელებელ ნაბიჯებს, არქივების გაციფრებას, ადგილობრივ თვითმმართველობებთან უფრო ეფექტური თანამშრომლობის აუცილებლობას და სხვა.

საპატრიარქო სინოდის სხომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე განჩინებას გაავრცელებს

წმიდა სინოდის წლის პირველი სხდომა დასრულდა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „საკმაოდ ბევრი საკითხი, საკმაოდ მცირე დროში შეათანხმეს მღვდელმთავრებმა და რამდენიმე საათში განჩინების სახით გაავრცელებს საპატრიარქო ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც სინოდმა მიიღო. „საკითხები ეხებოდა გარეჯს, ვაქცინაციას, იყო რიგი საკითხებისა ზნეობრივი კუთხით შეფასებული და ეს ყველაფერი ოქმში აისახება“, - აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ. ამავე თემაზე: კორონავირუსზე სინოდის წევრთა ტესტირების პასუხი ცნობილია. სასულიერო პირების ნაწილი თვლის, რომ ვაქცინაციას ზიარების უფლებასთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს, ზოგიერთისთვის კი ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, სინოდის სხდომის პარალელურად, აქცია გამართა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ საპატრიარქოში სინოდის სხდომის პარალელურად საპროტესტო აქციას გამართა. თორნიკე მამალაძე სინოდის სხდომის დაწყებამდე საპატრიარქოს წინ ბანერით მივიდა, რომელზეც ეწერა, რომ დეკანოზი 4 წელია, როგორც საპატრიარქოს, ისე ივანიშვილის პირადი ტყვეა. „სამი წლის წინ, როცა სინოდში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შექმნილიყო საგამოძიებო კომისია, დღემდე არ შექმნილა. მოვუწოდებ, დააყენონ ეს საკითხი და შექმნან კომისია და იმსჯელონ ერთხელ და სამუდამოდ ციანიდთან დაკავშირებით. მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ ესენი არ შექმნიან კომისიას, რადგან როდესაც დასრულდება გამოძიება, საპატრიარქოს მაღალჩინოსნებთან გავა კვალი. ამიტომაც არ აწყობთ კომისიის შექმნა და ამიტომაც სამი წელია არ შექმნილა", - განაცხადა თორნიკე მამალაძე. შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ე.წ. ციანიდის საქმეზე. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ტყიბულის შახტების ადმინისტრაციისთვის შახტში გამოკეტილი მეშახტეების მოთხოვნები უცნობია

ტყიბულის შახტების ადმინისტრაციისთვის შახტში გამოკეტილი მეშახტეების მოთხოვნები უცნობია. როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ სოცკი აცხადებს, ადმინისტრაციას მეშახტეთა გაფიცვის შესახებ შეტყობინება არ მიუღიათ და მათთვის უცნობია მოთხოვნებიც, რომლებსაც მეშახტეები აყენებენ. მიხეილ სოცკის თქმით, მეშახტეებს ხელშეკრულების გათვალისწინებთ დაერიცხათ ხელფასი იმის მიხედვით, როგორც მოიპოვეს ქვანახშირი: „ზოგმა 70 %-ით შეასრულა გეგმა, ზოგმა 110 %-ით და ხელფასიც შესაბამისად მიიღეს , როგორც ეს კონტრაქტითაა გათვალისწინებული“, - განაცხადა მიხეილ სოცკიმ. ტყიბულის შახტების ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კომენტარი გააკეთა ასევე მეშახტეთა ნაწილის განცხადებაზე, რომ შახტში პროტესტის ნიშნად გამოკეტილ მეშახტეებს ადმინისტრაცია საკვების მიწოდებაში ხელს უშლის და მეშახტეებს მხოლოდ წყალი მიეწოდებათ. სოცკის განცხადებით, მაღაროში საკვების მიღების პირობები არ არის და წესდებითაა აკრძალული, მაგრამ არასწორია ინფორმაცია, რომ შახტის ადმინისტრაცია ხელს უშლის შახტში საკვების ჩატანას. შეგახსენებთ, რომ ტყიბულში მეშახტეების ნაწილი პროტესტის ნიშნად შახტიდან არ ამოდის. ისინი იანვრის თვის სახელფასო ანაზღაურების განახევრებას აპროტესტებენ. 10 თებერვალს, ძიძიგურის შახტის მე-17 უბნის მეშახტეთა ნაწილი ცვლის დასრულების შემდეგ შახტში ჩაიკეტა.

30 წლის შემდეგ პირველად, ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსზეა წარდგენილი

თითქმის 30 წლის შემდეგ პირველად, ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსზეა წარდგენილი. კინოფესტივალის მთავარ სექციაში ალექსანდრე კობერიძის „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ წარადგინეს, რომელიც საქართველო-გერმანიის ერთობლივი კინოპროდუქციაა. როგორც Europetime-სთვის გახდა ცნობილი, რეჟისორი იზოლაციაშია, რადგან საქართველოში ახლახან დაბრუნდა. აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთი ქართული ფილმი, დეა კულუმბეგაშვილის „დასაწყისი“ წელს კანის ფესტივალის მთავარ კონკურსში, ბერლინალეს ერთ-ერთ სექციაში კი სალომე ჯაშის „მოთვინიერება“ მოხვდა. ბოლოს ბერლინალეს მთავარ კონკურსზე, 1993 წელს თემურ ბაბლუანის ფილმ „უძნართა მზე“ იყო წარდგენილი, რომელმაც საერთაშორისო კინოფესტივალზე „ვერცხლის დათვი“ მოიპოვა. ალექსანდრე კობერიძის ფილმში "რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?". მთავარ როლებს ასრულებენ გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე. პანდემიის გამო, ბერლინის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ჩვეული ფორმატით არ გაიმართება. 1-5 მარტს მოეწყობა ევროპული კინოს ვირტუალური ბაზრობა Industry Event, ხოლო 9-20 ივნისს ზაფხულის გამოშვების (Summer Special) ფარგლებში ნაჩვენები იქნება ფესტივალის მიერ შერჩეული ფილმები.