საზოგადოება

AstraZeneca-ს თქმით, ვაქცინის დოზების მიწოდების ტემპი ევროპაში მოსალოდნელზე დაბალი იქნება

ბრიტანული ვაქცინის მწარმოებელი ფირმის, AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დოზების მიწოდება ევროპაში შეფერხებების გარეშე ვერ მოხერხდება. AstraZeneca მეორე ევროპული კომპანიაა, რომელმაც ვაქცინის მიწოდების პრობლემებზე გააკეთა განცხადება, პირველი ეს გერმანულმა კომპანია Pfizer-მა გააკეთა. ბრიტანულ კომპანიას ჯერ არ აქვს ნებართვა პრეპარატის მიწოდებაზე ევროკავშირის მხრიდან, თუმცა როგორც მოსალოდნელია მათ ავტორიზაციას ევროპული მარეგულირებელი 29 იანვარს მიანიჭებს. AstraZeneca– ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის თანხმობის მიღების შემთხვევაში „საწყისი მოცულობები უფრო დაბალი იქნება ვიდრე მოსალოდნელია“, თუმცა დოზების მიწოდების პროცესი პირველ დღეებში არ დაყოვნდება. კომპანიის თქმით, შეფერხება "ევროპული მიწოდების ჯაჭვის წარმოების ადგილზე მოსავლიანობის შემცირებით" არის გამოწვეული.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საერთაშორისო საზოგადოებას დამატებით წონიან არგუმენტს აძლევს

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი გამოეხმაურა და რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა. „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის საქმეზე დამატებით წონიან არგუმენტს აძლევს საერთაშორისო საზოგადოებას, რათა მათ რუსეთისგან მოითხოვონ შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. რუსეთი უნდა დაემორჩილოს საერთაშორისო ვალდებულებებს“, - წერს ნედ პრაისი. 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

მექსიკის პრეზიდენტის თქმით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ცენტრალურ ამერიკას 4 მილიარდი დოლარით დაეხმარება

მექსიკის პრეზიდენტის, ანდრე მანუელ ლოპეზ ობრადოს თქმით, ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას ცენტრალური ამერიკისთვის ფინანსურ დახმარებაზე ისაუბრეს. ობრადოს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია გამოყოფს 4 მილიარდ დოლარს, რომელსაც აშშ ჰონდურასის, ელ სალვადორისა და გუატემალას განვითარებისთვის დახარჯავს. მექსიკის პრეზიდენტის თქმით, სატელეფონო საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მიგრანტთა პრობლემებს და მათ ყურადღება გაამახვილეს პრობლემის სიღრმისეულად განხილვის საჭიროებაზე, კერძოდ, მიგრანტების ნაკადზე, როდესაც ჰონდურასიდან და სალვადორიდან აშშ-ში მექსიკის გავლით შეღწევას ცდილობენ. მექსიკამ რამდენიმე დღის წინ შეაჩერა მიგრანტების ნაკადი, როდესაც მექსიკის გავლით აშშ-ში შესვლას ცდილობდნენ.

ორკვირიანი მცდელობს შემდეგ ჩინეთის შახტაში ჩარჩენილი პიველი მუშა ამოიყვანეს

ჩინეთის აღმოსავლეთით, შანდუნის პროვინციაში მაღაროში ორ კვირაზე მეტია,რაც მუშები არიან ჩარჩენილნი. დღეს მაღაროდან პირველი მუშის ამოყვანა მოახერხეს. აფეთქების შედეგად, მიწის ქვეშ ათობით მუშა მოექცა, რის გამოც მათი გამოყვანა ვერ ხერხდებოდა. აფეთქებას 11 მეშახტე გადაურჩა, თუმცა ერთი კომაში ჩავარდა და თავის ძლიერი დაზიანების გამო მოგვიანებით გარდაიცვალა. ორი კვირის განმავლობაში მუშებს საკვებსა და მედიკამენტებს გრძელი, ვიწრო გვირაბის მეშვეობით აწვდიდნენ. სამაშველო ოპერაცია შახტაში ამ დრომდე გრძელდება. აფეთქების მიზეზი უცნობია, მაღაროში ათამდე მუშა რჩება.

ნიგერიის სანაპიროსთან მახლობლად მეკობრეებმა თურქული გემი გაიტაცეს

გვინეის ყურეში მეკობრეები თურქულ სატვირთო გემს დაესხნენ თავს, - ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. გემზე მყოფი 19 მეზღვაურიდან მეკობრეებმა 15 გაანთავისუფლეს, ერთი მათგანი მოკლეს, ხოლო 3 მძევლად აიყვანეს. თურქული გემი ნიგერიიდან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მიმართულებით მიცურავდა.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 546 ადამიანს დაუდასტურდა, 1 456 კი გამოჯანმრთელდა, ბოლო 24 საათში საქართველოში 17 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინფიცირების 546 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 285 შემთხვევა, აჭარა - 30, იმერეთი - 80, ქვემო ქართლი - 21, შიდა ქართლი - 32, გურია - 14, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 31, კახეთი - 34, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი -14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0. ამ ეტაპზე ინფიცირების 8 352 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. საიდანაც: 3 272 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 638, აჭარაში - 242, იმერეთში - 640. 697 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში - 309, აჭარაში - 49, იმერეთში - 177. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა - 195 მათგან თბილისში - 144, აჭარაში - 2, იმერეთში - 24. 443 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 210 - თბილისში, 153 - აჭარაში, 23 - იმერეთში. 4 637 ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 511 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 180, აჭარაში - 128, ხოლო იმერეთში - 9. სულ 6 ოქტომბრიდან - 23 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 837 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 443 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 12 453 პირი, აჭარაში - 1 218, იმერეთში - 2 086.

ტურიზმის სექტორი საქართველოს მთავრობას ღია წერილითა და რეკომენდაციებით მიმართავს

ტურიზმის სექტორმა საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებითა და ღია წერილით მიმართა. ღია წერილს ხელი მოაწერა სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციამ; საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაციამ; საქართველოს გამყვანი ტურიზმის ასოციაციამ; სატრანსპორტო კომპანიებმა და ტუროპერატორებმა,ისინი აღნიშნავენ, რომ რეკომენდაციების საბოლოო ვერსიას მთავრობას ორშაბათს გაუგზავნიან. ტურიზმის სექტორის რეკომენდაციები 5 პუნქტად არის მოცემული: 1. ზამთრის კურორტების გახსნა პირველი თებერვლიდან (მობილობა მაღალი უკვე ვეღარ იქნება, ეკიპირებული ადამიანი არ არის ვირუსის გადატანის საფრთხე, სამთო კურორტების სასტუმროებსაც ისევე შეუძლია კორონავირუსის პრევენციული რეგულაციების დაცვა, როგორც კახეთის ან სხვა რეგიონის სასტუმროებს, სადაც საკმაოდ მაღალი მობილობა შეიმჩნეოდა, მაგრამ ამით ეპიდ-მდგომარეობა არ გაუარესებულა) 2. საზღვრების გახსნა, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო – შემდეგი რეგულაციებით: ა) ქვეყანაში მივიღოთ ის უცხოელი ვიზიტორების ვინც საზღვარზე წარმოადგენს: ა1) ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელ საბუთს ა2) PCR ტესტს, გამოფრენამდე არა უგვიანეს 72 საათისა ა3) წარმოადგენს საბუთს რომ აქვს ანტისხეულები, ანუ არის აქვს კორონავირუსი გადატანილი (უახლოესი 6 თვის მანძილი) ბ) ყველა უცხოელ ვიზიტორს, რომელსაც არ აქვს ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაცია,საზღვარზე გაუკეთდეს სწრაფი ტესტი. (ინდივიდუალური მოგზაურები თავად გადაიხდიან ტესტის თანხას, ტურისტული კომპანიით მოწვეული ტურისტებს კომპანია დაუფარავს ტესტის თანხას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს თვითღირებულებას) გ) საზღვრების გახსნა უახლოეს პერიოდში ზუსტი თარიღების მითითებით (რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტურიზმისთვის) შესაბამისად ვაქცინის დამადასტურებელი საბუთით, ან PCR ტესტის დამადასტურებელი საბუთით, ანტისხეულის დამადასტურებელი საბუთით, ან ჩაუტარდეს ადგილზე სწრაფი ტესტი. დ) აღდგეს სახმელეთო მიმოსვლა მეზობელ ქვეყნებთან, სადაც უკვე დაწყებულია ვაქცინაცია, ასევე გაკონტროლდეს ვიზიტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფი ტესტით საზღვარზევე, რაც მინიმუმამდე დაიყვანს ქვეყანაში ეპიდ სიტუაციის დამძიმებას 3. სასწრაფოდ შემუშავდეს Covid დაზღვევის პროგრამა უცხოელი ვიზიტორებისთვის. ეს დამატებით შემოსავალს გაუჩენს სადაზღვევო კომპანიებს, ასევე დამატებითი შემოსავალი გაჩნდება ქვეყნისთვისაც, ასევე მოაგვარებს პრობლემას ვინ და რა სახსრებით მკურნალობს ვიზიტორს, თუ საქართველოში ყოფნის დროს დაუდგინდა კორონავირუსი. დაზღვევის პაკეტები შესაძლებელია იყოს განსხვავებული ფასის შესაბამისად განსხვავებული დაფინანსებით. 4. რეგულარული რეისების აღდგენისთანავე გაიხსნას რესტორნები, მუზეუმები და სხვა ღირსშესანიშნაობები რეგულაციების მკაცრი დაცვით და კონტროლით. 5. უახლოეს მომავალში აუცილებლად შედგეს სამუშაო ჯგუფი კერძო სექტორის ჩართულობით, რომ სწრაფად, სწორად, უსაფრთხოდ და ბიზნესინტერესების გათვალისწინებით მოხდეს 2021 წლის ტურიზმის სტრატეგიის შემუშავება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ლოს-ანჯელესში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციისას 33-მდე ბავშვი გადაარჩინეს

ლოს- ანჯელესში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციისა FBI-მ33-მდე ბავშვი გადაარჩინეს. ინფორმაციას NBC-ი ავრცელებს. ოპერაციაში,რომელიც 11 იანვრიდან მიმდინარეობდა, რამდენიმე სამართალდამცველი ორგანო მონაწილეობდა. ოპერაციის დროს გადარჩენილი რამდენიმე ბავშვი წარსულშიც იყო ტრეფიკინგის მსხვერპლი, სამართალდამცველი ორგანოების თანახმად, მსხვერპლის ხელახლა, ან მოტყუებით ჩათრევა საქმიანობაში საკმაოდ ხშირი პრეცედენტია. "ადამიანით ვაჭრობა ფართოდ გავრცელებული და მზაკვრული დანაშაულია,რომელიც ჩვენ ახალ თაობას საფრთხეს უქმნის",- განაცხადა მაიკლ მურმა, ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა. ფედერალური საგამოძიებო ბიუროს განცხადებით, ერთი ეჭვმიტანილია დაკავებული, სხვა ინფორმაცია ეჭვმიტანილების ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.

ამერიკული სამხედრო ხომალდი „დონალდ კუკი“ შავ ზღვაში შემოვიდა

ამერიკული სამხედრო ხომალდი „დონალდ კუკი“ შავ ზღვაში შემოვიდა. ინფორმაციას აშშ-ის საზღვაო შეიარაღებული ძალების ევროპისა და აფრიკის სარდლობა ავრცელებს. განცხადებაში მითიტებულია, რომ 2021 წელს, ეს ამ ხომალდის პირველი ვიზიტია შავ ზღვაში. „დონალდ კუკი“ იმუშავებს პარტნიორებთან, რათა რეგიონში საზღვაო უსაფრთხოება იყოს დაცული“, - ნათქვამია განცხადებაში.

ფოტოკოლაჟი - 35awards - International Photography Awards-ი საკონკურსო ნამუშევრების მიღებას აგრძელებს

35awards - International Photography Awards-ი საკონკურსო ფოტოების მიღებას აგრძელებს. AWARDS-ის მე-6 ყოველწლიური დაჯილდოებისათვის ფოტოების მიღების დასრულებამდე 35 დღე დარჩა . Europetime მიმდინარე ფოტოკონკურსის მონაწილე ფოტოების კოლაჟს გთავაზობთ, რამდენიმე კატეგორიიდან. ჯილდოზე წარდგენილია 21 ნომინაცია: არტ ფოტოგრაფია, შავ-თეთრი, კონცეპტუალური ფოტოგრაფია, მამაკაცის პორტრეტი, ქალის პორტრეტი, საბავშვო ფოტოგრაფია, პეიზაჟი - დღე, ქალაქური პეიზაჟი, ველური ცხოველთა სამყარო, Nu 18 +, დადგმული ფოტო , მოხსენებული ფოტოგრაფია, ქუჩის ფოტოგრაფია, ყოველდღიური ცხოვრება, წყალქვეშა ფოტოგრაფია, მაკრო, ლანდშაფტი - ღამე, ნატურმორტი, მობილური ფოტოგრაფია, მოდა & გლამური, დრონის ფოტო. კონკურსის მიზანია წლის 100 საუკეთესო ნამუშევრის პოვნა სხვადასხვა ნომინაციაში. ფოტოგრაფებს მთელი მსოფლიოდან საკუთარი ნამუშევრების ატვირთვა აღნიშნულ ლინკზე შეუძლიათ. https://35awards.com

ალექსეი ნავალნის მეუღლე გაათავისუფლეს

ალესქეი ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნაია, დაკავებიდან სამი საათის შემდეგ, გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაიას რუსული მედია ავრცელებს. ცნობისთვის, რუსეთში პოლიციამ ალესქეი ნავალნის მეუღლე დღეს დააკავა. რუსეთში დღეს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები არაერთ ქალაქში იყო დაგეგმილი. მოსკოვში ნავალნის მხარდასაჭერად შეკრებილ დემონსტრანტებს აკავებენ.

ბაიდენმა თეთრ სახლში ტრამპის მიერ დაყენებული უშაქრო კოკა-კოლის ღილაკი გააუქმა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, თეთრ სახლში ოვალური ოფისიდან დონალდ ტრამპის მიერ დაყენებული უშაქრო კოკა-კოლის ღილაკი გააუქმა. ყოფილი პრეზიდენტის მაგიდას სპეციალური წითელი ღილაკი ჰქონდა, რომელზეც თითის დაჭერის შემდეგ ტრამპთან მაშინვე შეჰქონდათ მისთვის საყვარელი გაზიანი სასმელი. შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტმა ჟურნალისტებს თავისი ოფისი თეთრ სახლში 21 იანვარს პირველად დაათვალიერებინა.

უგულავასთვის გირაოს გაუქმებაზე ინფორმაცია ბაზაში არ იყო ასახული: შსს გიგი უგულავას მიერ საზღვრის ვერგადაკვეთაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შსს განმარტავს მიზეზს, რის გამოც უგულავამ სახელმწიფო საზღვარი ვერ გადალახა. სამინისტროში აცხადებენ, შსს-ს ბაზაში არ იყო ასახული განახლებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გიგი უგულავას მიმართ გაუქმდა პასპორტის და პირადობის მოწმობის ჩაბარების ვალდებულება და ასევე გირაო, რომელიც მას 2019 წლის 12 დეკემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა. განცხადების თანახმად, ამ ეტაპზე გიორგი უგულავას ბაზაში შეზღუდვა არ უფიქსირდება და მას აქვს უფლება გადაკვეთოს სახელმწიფო საზღვარი. „შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გიორგი უგულავას ბ.გ.-ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 2019 წლის 12 დეკემბერს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 2 000 ლარი, ხოლო დამატებითი ღონისძიების სახით განესაზღვრა საქართველოს მოქალაქის პასპორტის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ე.წ. „ფონდების“ საქმეზე, გიორგი უგულავას მიესაჯა საპატიმრო სასჯელი, ხოლო აეროპორტში მომხდარი ძალადობის საქმეზე სასამართლო განხილვის ეტაპზე, გაუქმდა მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და დამატებითი ვალდებულება პასპორტის და პირადობის მოწმობის ჩაბარების თაობაზე. პასპორტის და პირადობის მოწმობის ჩაბარების ვალდებულების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტროს არ მიუღია, შესაბამისად ბაზაში მონაცემები დარჩა უცვლელი. აქედან გამომდინარე გიორგი უგულავამ ვერ გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი. ამ ეტაპზე გიორგი უგულავას ბაზაში შეზღუდვა არ უფიქსირდება და მას აქვს უფლება გადაკვეთოს სახელმწიფო საზღვარი“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნულ განცხადებას გიგი უგულავა გამოეხმაურა. უგულავას თქმით, საქართველოში ან პოლიტიკური ნიშნით ზღუდავენ გადაადგილებას, ან უწყებებს შორის კომუნიკაციის არქონით, მის შემთხვევაში კი ორივე მათგანი მოხდა. უგულავამ აღნიშნა, რომ მსგავსად პუტინის რუსეთი იქცევა და ყოველწლიურად ხელისუფლება სულ უფრო მეტად ემსგავსება პუტინის რეჟიმს. „სამწუხარო რეალობაა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური ნიშნით შეიძლება ან გადაადგილება შეგიზღუდონ, ან გადაადგილება შეგიზღუდონ იმიტომ, რომ უწყებებს შორის კომუნიკაცია არ არის, ან ორივე ერთად. ჩემს შემთხვევაში ხდება ორივე, პოლიტიკური ნიშნითაც ხდება შეზღუდვა და შემდეგ ყველაფრის ამის ახსნა ხდება, როგორც განცხადებიდან მოვისმინეთ, ტექნიკური მიზეზებით და უწყებრივი გადაბრალებით. წარმოიდგინეთ, ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც დილის 6 საათზე მიდის აეროპორტში, აქვს ბილეთი, ჩაბარებული აქვს ბარგი, არ უშვებენ და შემდეგ ასეთ ახსნებს ეუბნებიან. ასე შუშის თვალებით, დამცინავად, მათ შორის ფინასური ზიანის მიყენებით და ა.შ, იქცევა პუტინის რუსეთი და ძალიან სამწუხაროა, რომ ყოველწლიურად ჩვენი ხელისუფლება სულ უფრო მეტად და მეტად ემსგავსება პუტინის რეჟიმს“, - განაცხადა უგულავამ. „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, მას ქვეყნის დატოვების უფლება უკანონოდ შეუზღუდეს. როგორც უგულავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გამთენიისას ჯერ უკრაინაში, შემდეგ ევროპაში გამგზავრებას აპირებდა, თუმცა აეროპორტში, საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს. უგულავა ამბობს, რომ მას სასამართლოს მიერ არანაირი შეზღუდვა დაწესებული არ აქვს. მან შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა აეხსნათ, აქვს თუ არა, მას რაიმე სახის შეზღუდვა დაწესებული.

პოლიციამ ალესქეი ნავალნის მეუღლე დააკავა

რუსეთში პოლიციამ ალესქეი ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნაია დააკავა. დაკავების შესახებ ინფორმაცია თავად იულია ნავალნაიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. ნავალნის მეუღლემ Instagram-ზე ფოტო გამოაქვეყნა. ცნობისთვის, რუსეთში დღეს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები არაერთ ქალაქში იყო დაგეგმილი. მოსკოვში ნავალნის მხარდასაჭერად შეკრებილ დემონსტრანტებს აკავებენ

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს, საქართველოში, თბილისის დროით 17:27 საათზე, წალკასთან 3.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ტელეწამყვანი ლარი კინგი გარდაიცვალა

დღეს, ლეგენდარული ამერიკელი ტელეწამყვანი ლარი კინგი გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ლარი კინგი 87 წლის იყო. ის ლოს-ანჯელესის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამერიკელი ტელეწამყვანი ლარი კინგი კოონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში 3 იანვარს გადაიყვანეს. 87 წლის კინგი დიაბეტით იყო დაავადებული და ბოლო წლებში რამდენჯერმე ისულტი გადაიტანა. 2017 წელს ტელეწამყვანს ფილტვის კიბო დაუდგინეს. ლარი კინგის კარიერა 60 წელს ითვლის. 1985-2010 წლებში მას თოქშოუ ტელეკომპანია CNN-ზე მიჰყავდა. ბოლო წლებში ის ტელეკომპანია Russia Today-ში მუშაობდა.

ევროპარლამენტარები:  მხარს ვუჭერთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს - მათ საშუალება უნდა მივცეთ, რაც შეიძლება მალე დაიწყონ ვაქცინაცია

"მხარს ვუჭერთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს - მათ საშუალება უნდა მივცეთ, რაც შეიძლება მალე დაიწყონ ვაქცინაცია", - ნათქვამია ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებაში. ევროპარლამენტის წევრები ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეპ ბორელს, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენის, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისა და ევროკომისარ სტელა კირიაკიდესს მიმართავენ. „ჩვენ, ევროპარლამენტის წევრები, ვაღიარებთ და მადლობას ვუხდით კომისიის ხელმძღვანელობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ქვეყნების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით უზრუნველყოფისკენ. ეს არის თანამშრომლობის ის მაგალითი, რომელიც ისტორიაში შევა, როგორც ერთიანობისა და სამომავლოდ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საერთო საჭიროებების მოგვარების სიმბოლო. ასევე, მივესალმებით თქვენს ბოლოდროინდელ განცხადებას ვაქცინის გაზიარების მექანიზმის შესახებ, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ევროკავშირის მიერ მიღებული ვაქცინები პარტნიორ ქვეყნებს გავუზიაროთ. ეს განცხადება, გარკვეულწილად, ეხება იმ შეშფოთებას, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით არსებობს. ღრმად ვართ შეშფოთებული იმით, რომ ჩვენი აღმოსავლელი პარტნიორების უმრავლესობა მხოლოდ COVAX - მექანიზმს ეყრდნობა. ეს კი, არ იქნება საკმარისი მათი მოსახლეობის იმუნიზაციისთვის. მეტიც, COVAX-მექანიზმი მხოლოდ გაზაფხულზე გულისხმობს ვაქცინაციას, რაც მნიშვნელოვანი ინტერვალია, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან შედარებით. ზოგიერთი ჩვენი აღმოსავლელი პარტნიორი ლოდინს ერიდება და განიხილავს ან უკვე იწყებს რუსული და ჩინური ვაქცინების გამოყენებას. ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია ამ ვაქცინების ეფექტურობისა და იმის შესახებ, შეესაბამებიან თუ არა ისინი რეალიზაციის ნებართვისთვის საჭირო კრიტერიუმებს. ეჭვგარეშეა, რომ ამ ვაქცინებით მომარაგებას, რუსეთი და ჩინეთი გამოიყენებენ თავიანთი გავლენის გასაზრდელად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. ეს კი, ისევე როგორც წინა შემთხვევებში, შეარყევს ევროკავშირის ბევრად უფრო ძლიერ მხარდაჭერას. ჩვენი პოზიცია ემთხვევა ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ გამოქვეყნებულ წერილში გამოთქმულ პოზიციას, რომლითაც 2021 წლის 6 იანვარს მოგმართეს. მოგიწოდებთ, არ განასხვავოთ ჩვენი უშუალო მეზობლები აღმოსავლეთსა და სამხრეთში და COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინებით უზრუნველყოთ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები. მოგიწოდებთ, მოამზადოთ დეტალური გეგმა, რომელშიც გაწერილი იქნება, როდის და რამდენ ვაქცინას უნდა ელოდონ ჩვენი პარტნიორები. დასავლეთ ბალკანეთის ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე მიიღო ვაქცინების დონაცია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან. ჩვენ, მსგავსად ვუჭერთ მხარს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფრონტის წინა ხაზზე მყოფი მუშაკებისა და მაღალი რისკის ჯგუფების ვაქცინაციას. ჩვენს მეზობლებს საშუალება უნდა მივცეთ, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყონ ამ ჯგუფების ვაქცინაცია. მეტიც, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში იმუნიზაცია ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარალელურად მოხდეს“ - აღნიშნულია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ ლიეტუვის, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთის, დანიისა და ლატვიის წარმომადგენლები. შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს ევროკავშირის 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაზაფხულისთვის გადაცემის მოწოდებით გამოვიდნენ.

იტალიამ Tik-Tok-ს არასრულწლოვანი მომხმარებლების დაბლოკვისკენ მოუწოდა

იტალიამ Tik-Tok-ს არასრულწლოვანი მომხმარებლების დაბლოკვისკენ მოუწოდა. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. იტალიის მარეგულირებელმა ორგანოებმა შესაბამისი განცხადება 10 წლის გოგონას გარდაცვალების შემდეგ გაავრცელეს. როგორც ცნობილია, Tik-Tok-ის აპლიკაციის ხელმძღვანელობამ უკვე დადო პირობა, რომ 13 წლამდე მოზარდებს Tik-Tok-ით სარგებლობის უფლება არ ექნებათ, თუმცა კონტროლი საკმარისად მკაცრი არ არის და მოზარდები მაინც ახერხებენ აპლიკაციაში შესვლას. იტალიის მარეგულირებელი ორგანოები 13 წლამდე მომხმარებელთა გამოსავლენად და მათი დაბლოკვისთვის, აპლიკაციის ხელმძღვანელობას ვადას 15 თებერვლამდე აძლევენ. გავრცელებული ინფორმაციით, 10 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეს იტალიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც გარდაცვლილის მშობლები ამბობენ, 10 წლის გოგონა Tik-Tok-ის ერთ-ერთ თამაშში იყო ჩართული. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა.

ზურაბიშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტთან ქართველი და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტების სწავლის საფასურის გათანაბრების საკითხი განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების განვითარებისა და უფრო ღრმა და სექტორული ინტეგრაციის ხელშეწყობის საკითხები განიხილა. საუბრის ძირითადი თემა პანდემია, მასთან ბრძოლის გზები, კოვიდსოლიდარობა და ვაქცინის გამოყოფის საკითხი იყო. საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას კიდევ ერთხელ დასვა ქართველი სტუდენტების დაფინანსების საკითხი, რათა ევროკავშირის ქვეყნებში სასწავლებლად ჩასული საქართველოს მოქალაქეების სწავლის საფასური გაუთანაბრდეს ამავე ქვეყნების სტუდენტების სწავლის საფასურს, რაზეც ევროკომისიის პრეზიდენტმა არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოითხოვა და საკითხზე მუშაობის მზაობა გამოთქვა.

მოსკოვში  ნავალნის მხარდასაჭერად შეკრებილ დემონსტრანტებს აკავებენ

ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად მოსკოვში შეკრებილი დემონსტრანტების მასობრივი დაკავება დაიწყო. ამის შესახებ ინფრომაციას რუსული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, პუშკინის მოედანზე უკვე დაკავებულია 40 ადამიანი. პოლიციელებს მიჰყავთ ყველა, ვისაც ხელში პლაკატი უჭირავს. მიტინგის ორგანიზატორების ცნობით, აქცია ადგილობრივი დროით 14:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა პოლიციამ აქტივისტების დაკავება მანამდე დაიწყო. ცნობისთვის, რუსეთში დღეს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები არაერთ ქალაქშია დაგეგმილი.