უცხოეთი

ჩეხეთის პოლიცია 27 წლის საქართველოს მოქალაქეს ეძებს

მედიის ინფორმაციით, ჩეხეთის პოლიცია საქართველოს 27 წლის მოქალაქეს ეძებს, რომელიც პრაღაში თავდასხმის საქმეზე იძებნება. თავდასხმა პრაღაში, ოქტომბრის დასაწყისში, ვლადისლავოვის 1-ში მოხდა. 29 წლის მამაკაცს თავს დაესხნენ. ის მაშველებმა მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. „სისხლის სამართლის საქმეთა გამომძიებლებმა ხანგრძლივი გამოძიების შედეგად შეძლეს დაედგინათ, რომ შესაძლო თავდამსხმელი არის 27 წლის ბ.ჯ. საქართველოდან, რომელიც ერთხელ უკვე იყო წარსულში ნასამართლევი მსგავსი ძალადობრივი დანაშაულისთვის“, - განაცხადა პოლიციის პრესმდივანმა ევა კროპაჩოვამ. დამნაშავეს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პოლიციამ ჩეხეთის და შენგენის საზღვრებზე სპეციალური ზომები მიიღო იმისთვის, რომ დამნაშავეს ქვეყანა არ დაეტოვებინა. „გთხოვთ მოგვაწოდოთ ნებისმიერი ინფორმაცია დამნაშავის ადგილსამყოფელის შესახებ. ამჟამად ჩვენ არ შეგვიძლია გამოვრიცხოთ, რომ ის შეიარაღებული არ არის. არავითარ გარემოებაში არ ეცადოთ მის დაკავებას! გაფრთხილებთ, რომ ეს ძალიან საშიშია“, - განაცხადა პოლიციის პრესმდივანმა.

ირანის ხელისუფლება - ფახრიზადეს მკვლელობისთვის ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელის მოადგილის ალი ფადავის განცხადებით, ირანელი მეცნიერი მოჰსენ ფახრიზადე სატელიტური მართვის ტყვიამფრქვევით მოკლეს, რისთვისაც ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს. ალი ფადავის თქმით, ქვეყნის დედაქალაქისკენ მიმავალ ავტომაგისტრალზე ბირთვული პროგრამის მთავარ სპეციალისტს თან 11 მცველი ახლდა, თუმცა ტყვიამფრქვევის სისტემამ მხოლოდ მისი სახე ამოიცნო და 13 გასროლა განახორციელა. "ტყვიამფრქვევი „ნისანის“ პიკაპზე იყო დაყენებული და ფოკუსირებული მხოლოდ მოჰსენ ფახრიზადეს სახეზე ისე, რომ მის გვერდით მჯდომი მეუღლეარ დაშავებულა. მას ინტერნეტით აკონტროლებდნენ სატელიტის საშუალებით და თანამედროვე კამერას და ხელოვნურ ინტელექტს იყენებდნენ“, - აცხადებს ალი ფადავი. ირანის ხელისუფლებამ მკვლელობაში ბრალი ისრაელსა და დევნილ ოპოზიციურ ჯგუფ „ირანის სახალხო მოჯაჰედებს“ დასდო. ირანული მედიის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი იარაღები ისრაელშია დამზადებული.

კენედის აეროპორტში მოსკოვი-ნიუ იორკის რეისი დააკავეს

ნიუ იორკის ჯონ კენედის აეროპორტში მოსკოვი-ნიუ იორკის რეისი დააკავეს. რუსული მედიის ინფორმაციით, ყველა მგზავრი და მათი ბარგი ძაღლებით შეამოწმეს. მათივე ცნობით, ამ დროისთვის, ჩასვლიდან სამი საათის შემდეგ, მგზავრებს აეროპორტიდან გასვლის უფლება კვლავ არ ეძლევათ. თვითმფრინავში მყოფი მგზავრების დაუზუსტებელი ინფორმაციით, ისინი აფეთქების საფრთხის გამო შემოწმდნენ. როგორც რუსულ ავიაკომპანია „აეროფლოტში“ განაცხადეს, საპასუხო რეისი ნიუ იორკიდან მოსკოვში 3,5 საათზე მეტით გადაიდო. მანამდე, „ფოქს ნიუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის სავარაუდო საფრთხის გამო, ჯონ კენედის აეროპორტში მოსკოვი-ნიუ იორკის რეისის მგზავრების ევაკუაცია მოხდა.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 67 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 67 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს. მონაცემების თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით ინფიცირების 67 385 217 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 46 578 694 ადამიანი, 1 541 635 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის მსოფლიოში 19 264 888 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს- რუსეთი, მეხუთეზე კი - საფრანგეთია.

თურქეთში, 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ანტალიის პროვინციაში 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ კანდილის ობსერვატორიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ობსერვატორიის ინფორმაციით, მიწისძვრა მიწისქვეშ 93.3 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა. თურქული მედიის ინფორმაციით, მიწისძვრა ანტალიაში და მის მიმდებარე პროვინციებში იგრძნობოდა. მსხვერპლისა და ზიანის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

ჯო ბაიდენმა აშშ-ის ამომრჩეველთა კოლეგიაში 279 ხმა მოიპოვა

„ასოშიეითიდ პრესის“ ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა პრეზიდენტად დამტკიცებისთვის საჭირო რაოდენობის ამომრჩეველთა კოლეგიის ხმები ოფიციალურად მოაგროვა. სააგენტოს ცნობით, კალიფორნიის შტატის მდივნის ალექს პადილას მიერ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ოფიციალურად დამტკიცების შემდეგ, ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის კიდევ 55 ხმა მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამჟამად მას აშშ-ის საარჩევნო კოლეგიაში 279 ხმა აქვს. პრეზიდენტად დამტკიცებისთვის კი საარჩევნო კოლეგიის 270 ხმაა საჭირო. აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა კოლეგია 14 დეკემბერს შეიკრიბება და აშშ-ის მომავალ პრეზიდენტს ოფიციალურად აირჩევს. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია კი 20 იანვარს გაიმართება.

კონგრესში მარიხუანას ლეგალიზაციის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს

წარმომადგენელთა პალატაში, სადაც უმრავლესობა დემოკრატებს ჰყავთ, დაამტკიცეს კანონპროექტი, რომელიც მარიხუანას აშშ-ის ფედერალური კანონით აკრძალული ნივთიერებების ნუსხიდან ამოღებას ითვალისწინებს. პროექტს მხარი 224 კანონმდებელმა დაუჭირა, ხოლო 164 წინააღმდეგი წავიდა. პროექტის მიხედვით, მარიხუანას გაყიდვიდან ბიუჯეტში მობილიზებული თანხა ნარკომოვაჭრეთა მიერ დაზარალებულთა დასახმარებლად და იმ პირთა ნასამართლეობის გასაუქმებლად უნდა დაიხარჯოს, რომლებიც მარიხუანას შენახვისა და ვაჭრობის მუხლით დააკავეს და ძალადობაში არ არიან ბრალდებულები. კანონპროექტის ამოქმედებისთვის მას მხარი კონგრესის ზედა პალატამაც უნდა დაიჭიროს და შემდეგ მას ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს. ამჟამად, აშშ-ის 38 შტატში მარიხუანას მოხმარება სამედიცინო მიზნით, ხოლო 15 შტატში და კოლუმბიის ოლქში რეკრეაციული მიზნით არის დაშვებული. შეგახსენებთ, რომ მანამდე გაერო-მ მარიხუანა საშიში ნარკოტიკული ნივთიერებების ნუსხიდან ამოიღო. ამასთან, გაერო-ში განაცხადეს, რომ მარიხუანას მოხმარების დაშვების გადაწყვეტილება ცალკეული სახელმწიფოების მთავრობის კომპეტენციაში დარჩება.

ავსტრიის ყოფილ ფინანსთა მინისტრს პატიმრობა შეეფარდა

ავსტრიის ყოფილი ფინანსთა მინისტრი კორუფციაში ბრალდებულად ცნეს და 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. კარლ-ჰაინც გრასერი გაფლანგვისთვის, ქრთამის აღებისთვის, მტკიცებულებების გაყალბებისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ათასობით ბინის გაყიდვისთვის ბრალდებულად ცნეს. ვენის სასამართლოს ინფორმაციით, გრასერმა 9 მილიონი ევროს ოდენობის ქრთამი აიღო. განაჩენი ასობით მოწმის ჩვენებისა და სატელეფონო ჩანაწერების საფუძველზე იქნა გამოტანილი. თავად გრასერი უარყოფს დანაშაულს. მისმა ადვოკატმა განაჩენს არასწორი უწოდა და განაცხადა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. 2000 წელს კარლ-ჰაინც გრასერი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფინანსთა მინისტრი გახდა.

გიორგი გახარია ჰელგა შმიდს ეუთოს გენერალურ მდივნად დანიშვნას ულოცავს

გიორგი გახარია ჰელგა შმიდს ეუთოს გენერალურ მდივნად დანიშვნას ულოცავს - ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს. "გულწრფელად ვულოცავ ჰელგა შმიდს ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალურ მდივნად დანიშვნას. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ხელმძღვანელობის პირობებში საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოსთვის აქტუალური მიმართულებებით დაწინაურების ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება," - წერს პრემიერი. გერმანელი დიპლომატი, ჰელგა შმიდი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) ახალი გენერალური მდივანი გახდა. შმიდი პირველი ქალია ორგანიზაციის ისტორიის მანძილზე, რომელიც ეუთოს გენერალური მდივნის თანამდებობას იკავებს. ის 2011 წელს გენერალური მდივნის მოადგილე იყო.

ჩინეთში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით არავინ დაღუპულა

ჩინეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით არავინ დაღუპულა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ჩინეთის ჯანდაცვის კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, ახალი შემთხვევებიდან 15 იმპორტულია. ჩინეთის მთვარობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ჩინეთში „კოვიდ-19“ ის 86 601 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 4 634 ადამიანი.

ტრამპმა სომალიდან ჯარის უმეტესი ნაწილის გაყვანის ბრძანება გასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა სომალიდან აშშ-ის ჯარის უმეტესი ნაწილის 2021 წლის დასაწყისამდე გაყვანის ბრძანება გასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს. ”შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თავდაცვის დეპარტამენტსა და შეერთებული შტატების აფრიკის სარდლობას 2021 წლის დასაწყისამდე სომალიდან პერსონალისა და აქტივების უმრავლესობის გამოყვანის უზრუნველყოფა დაავალა,” - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში. შეგახსენებთ, 17 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპი 2021 წლის 15 იანვრამდე ავღანეთიდან და ერაყიდან ათასობით ამერიკელ ჯარისკაცს გაიყვანს

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 66 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 66 მილიონს გადააჭარბა. worldometers-ის მონაცემების თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით ინფიცირების 66 231 071 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 45 812 547 ადამიანი, 1 524 457 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის მსოფლიოში 18 894 067 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს- რუსეთი, მეხუთეზე კი - საფრანგეთია.

DUNE და სხვა ბლოკბასტერები ონლაინ გამოვა

კინოსტუდია Warner Bros.-ის გადაწყვეტილებით, ყველა მსხვილი პროექტი კინოთეატრების გარდა ონლაინაც გამოვა. კომპანიას სტრიმინგ სერვისი HBO Max მოემსახურება. უახლოეს დროში კინოკომპანია შემდეგი ფილმების გამოშვებას გეგმავს: დიუნი, ტომი და ჯერი, ქალი საოცრება 1984, მატრიცა 4, მეფე რიჩარდი, წყევლა 3, თვითმკვლელთა რაზმი, გოძილა კინგ კონგის წინააღმდეგ, მორტალ კომბატი. ფილმები ერთი თვის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი HBO Max-ის ვიდეოთეკაში. სტუდიის გადაწყვეტილება ახალი კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება. დღემდე აშშ-ს კინოთეატრების 50%-ზე მეტი დახურულია.

თავდაცვის დეპარტამენტმა უნდა გაზარდოს ყურადღება და რესურსები შავი ზღვის რეგიონში - აშშ-ის კონგრესი

აშშ-ის კონგრესის სენატმა და წარმომადგენლობითმა პალატამ 2021 ფისკალური წლისთვის თავდაცვითი ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი. კერძოდ, დოკუმენტის ერთ-ერთ ნაწილში, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიულ კონკურენციასა და ამასთან დაკავშირებით თავდაცვის დეპარტამენტის საქმიანობას ეხება აღნიშნულია, რომ რუსეთის მხრიდან აგრესიის შესაკავებლად დეპარტამენტმა შავი ზღვის რეგიონის მიმართ ყურადღება და რესურსები უნდა გაზარდოს. „თავდაცვის დეპარტამენტმა უნდა გაზარდოს ყურადღება და რესურსები შავი ზღვის რეგიონში ცვალებადი სამხედრო ბალანსის საკითხის გადასაჭრელად. ასევე, გაზარდოს ნატო-სა და სხვა მრავალმხრივი სწავლებების სიხშირე და მასშტაბი შავი ზღვის რეგიონში, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს მონაწილეობით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ბაიდენი, ინაუგურაციის დღეს ამერიკელებს სპეციალური თხოვნით მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აპირებს, ინაუგურაციის დღეს ამერიკელებს პირბადეების 100 დღით ტარება სთხოვოს, რაც, მისი აზრით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. „ინაუგურაციის პირველ დღეს საზოგადოებას ვთხოვ, 100 დღის განმავლობაში პირბადე ატარონ. მხოლოდ 100 დღით და არა სამუდამოდ. ვფიქრობ, მნიშვნელოვან შემცირებას დავინახავთ. ვაქცინაცია და პირბადის ტარება მნიშვნელოვნად შეამცირებს რიცხვებს," - აღნიშნა ბაიდენმა. მისივე თქმით, გეგმავს გამოსცეს ბრძანება, რომლის თანახმადაც აშშ-ის სამთავრობო შენობებში, ისევე როგორც სატრანსპორტო საშუალებებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება. ასევე, მზადაა, ვაქცინაცია საჯაროდ ჩაიტაროს იმისთვის, რო საზოგადოებაში მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული მღელვარება შეამციროს. „ადამიანებმა ვაქცინის მიმართ ნდობა დაკარგეს. მნიშვნელოვანია, რას გააკეთებენ პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი," - აღნიშნა ბაიდენმა. არჩეულმა პრეზიდენტმა ასევე სთხოვა ინფექციური დაავადებების წამყვან ექსპერტს, ენტონი ფაუჩის, რომ ახალ ადმინისტრაციაში მუშაობა გააგრძელოს და კოვიდ 19-ის წინააღდეგ ბრძოლის გუნდის მთავარი სამედიცინო მრჩევლის თანამდებობა დაიკავოს. ცნობისათვის, აშშ-ში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 14 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა კი 275 000-ს აჭარბებს.

მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 65 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 65 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას worldometers აქვეყნებს. მონაცემების თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით ინფიცირების 65 528 133 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 45 371 073 ადამიანი, 1 511 726 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის მსოფლიოში 18 645 334 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს- რუსეთი, მეხუთეზე კი - საფრანგეთია.

იტალია, შობის დღეებში, რეგიონებს შორის მიმოსვლას კრძალავს

იტალიის მთავრობამ შობის დღეებში რეგიონებს შორის მიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას 20 დეკემბრიდან 6 იანვრამდე პერიოდში საკუთარი საცხოვრებელი რეგიონების დატოვებას უკრძალავს. გამონაკლისი შეეხება მხოლოდ სამუშაო, სამედიცნო ან სხვა გადაუდებელი მიზეზის გამო მგზავრობას. ახალ შეზღუდვასთან ერთად ძალაში უკვე დაწესებული ე.წ. „კომენდანტის საათი“ და სხვა შეზღუდვებიც დარჩება. შეგახსენებთ, იტალიაში ხუთშაბათს კორონავირუსით 993 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ქვეყნისთვის ვირუსით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დროიდან. ამასთან, ქვეყანაში კოვიდ 19-ის კიდევ 23 255 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. იტალიაში დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1.6 მილიონს აჭარბებს, ვირუსს კი დღემდე 58 038 ადამიანი ემსხვერპლა.

ირანი ურანის გამდიდრებას გეგმავს

ირანი ურანის გამდიდრებას გეგმავს - „ბიბისის" ინფორმაციით, შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტმა დაამტკიცა. იმ შემთხვევაში თუ, უახლოეს ორ თვეში ქვეყნის მიმართ დაწესებული სანქციები არ შემსუბუქდება, დოკუმენტი მთავრობას ავალდებულებს, განაახლოს ურანის 20 პროცენტამდე გამდიდრება, რაც ბევრად აღემატება 2015 წლის ბირთვული ხელშეკრულებით შეთანხმებულ 3.67 პროცენტს. კანონპროექტის დამტკიცებას ეწინააღმდეგებოდა პრეზიდენტი ჰასან როუჰანი. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის დამტკიცებას წინ უძღვოდა ირანის ბირთვული პროგრამის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტის, მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობა, რომელსაც 27 ნოემბერს თეირანის გარეუბანში დაესხნენ თავს.

ობამა, ბუში და კლინტონი Covid-19-ის ვაქცინას ტელეკამერების წინ გაიკეთებენ

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტები, ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში უმცროსი და ბილ კლინტონი გეგმავენ ახალი კორონავირუსის ვაქცინა საჯაროდ, ტელეკამერების წინ გაიკეთონ. მიზანი ვაქცინისადმი სანდოობის გაზრდა და მისი უსაფრთხოების და ეფექტიანობის ჩვენებაა. ინფორმაციას ყოფილი პრეზიდენტების ამ კამპანიის შესახებ CNN ავრცელებს. მათ თქვეს, რომ თუ აშშ-ს მთავარი ეპიდემიოლოგი ენტონი ფაუჩი იტყვის, რომ ვაქცინა უსაფრთხოა, მზად არიან ის საჯაროდ, ტელეკამერების წინ გაიკეთონ. "შესაძლოა ეს პროცესი გადავიღოთ, მხოლოდ ხალხისათვის იმის საჩვენებლად, რომ მეცნიერებას ვენდობი, რასაც არ ვენდობი - ესაა კორონავირუსით დაავადება". - თქვა ობამამ ერთ-ერთ ინტერვიუში. ჯერ-ჯერობით აშშ-ს გამოყენებისათვის კორონავირუსის არცერთი ვაქცინა არ დაუმტკიცებია. განიხილება რამდენიმე კომპანიის მიერ შექმნილი ვაქცინის დამტკიცება, თუმცა ამისათვის მათ შემოწმება წარმატებით უნდა გაიარონ. ვაქცინაცია მომდევნო კვირიდან დაიწყება დიდ ბრიტანეთში, სადაც უკვე დაამტკიცეს Pfizer-BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინა. მოსალოდნელია, რომ ამავე ვაქცინის გამოყენება აშშ-ში რამდენიმე კვირაში დაიწყება. აშშ-ში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი კვლავ იზრდება. პანდემიის დაწყებიდან ვირუსი სულ 14 314 265 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 8 462 434, გარდაიცვალა - 279 867. ეპიდემიოლოგები ამერიკის მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მომდევნო თვეებში შესაძლოა სიტუაცია კიდევ უფრო გართულდეს და მათ შეზღუდვების დაცვისაკენ მოუწოდებენ.

13-მა ქვეყანამ ნატოს საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მოუწოდა

13-მა ქვეყანამ ნატოს ღია კარის პოლიტიკა შეინარჩუნებისა და საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მოუწოდა - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა. შესაბამისი წერილი, რომელიც ლიეტუვის ინიციატივით მომზადდა, მან ნატოს მოკავშირეებს წარუდგინა. წერილში, ნატოს მოუწოდებენ, შეინარჩუნოს ფოკუსი ღია კარის პოლიტიკაზე. ლინკევიჩუსის თქმით, ნატომ უნდა განაგრძოს საქართველოს და უკრაინის უწყვეტი მხარდაჭერა. როგორც ლიეტუვის საგარეო უწყების მიერ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრაზე ლინას ლინკევიჩუსმა ლიეტუვის გარდა, ჩეხეთის, ლატვიისა და სლოვაკეთის სახელით ისაუბრა. მან მოკავშირეთა ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონში ნატოს პარტნიორებთან - საქართველოსთან და უკრაინასთან თანამშრომლობის გაღრმავების საჭიროებაზე. „ჩვენ მტკიცედ ვართ მოწადინებული, დავეხმაროთ საქართველოს და უკრაინას ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაციის გზაზე. ასევე გვაქვს სურვილი, წავახალისოთ გამოსავლის გზების ძიება, რომლითაც პარტნიორების გაძლიერებას შევძლებთ“, - განაცხადა ლინკევიჩუსმა.