უცხოეთი

ჩინელ ჟურნალისტს ქალაქ უხანიდან მომზადებული რეპორტაჟების გამო ხუთი წლით პატიმრობა ემუქრება

ჩინელ ჟურნალისტს ქალაქ უხანიდან მომზადებული რეპორტაჟების გამო ხუთი წლით პატიმრობა ემუქრება. ყოფილი იურისტი, 37 წლის ჯან ზანი, 2020 წლის მაისში დააკავეს. მას ბრალად „კონფლიქტის პროვოცირება და არეულობის გამოწვევა“ წაუყენეს. როგორც ჩინელი უფლებადამცველები აცხადებენ, ზანი ქალაქ უხანში თებერვალში ჩავიდა დ იქ არსებულ სიტუაციას აქტიურად აშუქებდა. მათ შორის მან გაავრცელა ცნობები, ქალაქში მომუშავე სხვა ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაკავების შესახებ. მის რეპორტაჟებში საუბარი იყო ვირუსით დაღუპული მოქალაქეების ოჯახის წევრების შევიწროების ფაქტებზეც. რეპორტიორი 14 მაისს უხანში გაუჩინარდა. ერთი დღის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ჯან ზანი შანხაიში დააკავეს. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ რეპორტიორი შიმშილობს და ამგვარად აპროტესტებს მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას.ახალი ბრალდების მიხედვით, ჩინელს ჟურნალისტს „ყალბი ახალი ამბების გავრცელებაში ადანაშაულებენ. ჯან ზანი არ არის პირველი ჟურნალისტი, რომელსაც უხანში კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ მომზადებული რეპორტაჟების გამო ჩინეთში პრობლემები შეექმნა. ქალაქში მომუშავე სამი რეპორტიორი უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. მათგან ერთ-ერთი მოგვიანებით გამოჩნდა და განაცხადა, რომ ის „კარანტინში“ იმყოფებოდა.

გერმანიაში კორონავირუსის 14 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 267 ადამიანი გარდაიცვალა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 14 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 815 746-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, ვირუსს კიდევ 267 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 12 814-ს მიაღწია. შეგახსენებთ, გუშინ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და ქვეყნის 16 რეგიონის ხელმძღვანელებმა კორონავირუსთან დაკავშირებული ზომების გამკაცრებაზე იმსჯელეს. შეხვედრის შემდეგ მერკელმა განაცხადა, რომ რეგიონების ხელმძღვანელებს ამ ეტაპზე ზომების გამკაცრება არ სურთ, თუმცა მოქალაქეებს მოუწოდებენ, შობამდე თავი შეიკავონ კერძო წვეულებების გამართვისგან, შეზღუდონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა და გრიპის ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე სახლში დარჩნენ. ანგელა მერკელი და რეგიონების ხელმძღვანელები ვიდეო ფორმატში შეხვედრას მომავალი კვირის ოთხშაბათსაც გამართავენ.

ბელგიის მოსახლეობისთვის კორონავირუსის ვაქცინა უფასო იქნება

ბელგიის მთავრობა გეგმავს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ნებისმიერი ვაქცინა ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 70 პროცენტისთვის გახდეს ხელმისაწვდომი და ვაქცინაცია უფასო იყოს,- ამის შესახებ ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს. ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა ფრენკ ვანდენბრუკმა განაცხადა, რომ მათი მიზანი მოსახლეობის სულ მცირე 70 პროცენტის ვაქცინაციაა. „პრიორიტეტული ჯგუფები განისაზღვრება სამეცნიერო მოსაზრებებისა და სოციალური დებატების საფუძველზე”, - განაცხადა ვანდენბრუკემ. მისივე თქმით, ვაქცინაცია ქვეყანაში სავალდებულო არ იქნება, თუმცა ყველა მსურველი უფასოდ აიცრება. ბელგიაში 11. 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ქვეყანაში კორონავირუსის თითქმის 540 000 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 14 000-ს აჭარბებს.

ბაიდენი უფრო მკაცრი იქნება რუსეთის მიმართ შეკავების ძლიერი გზავნილის გაჟღერების თვალსაზრისით - ეველინ ფარკასი

აშშ-ის 44-ე პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაციის თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსან ეველინ ფარკასის განცხადებით, არჩეული პრეზიდენტი ბაიდენი უფრო მკაცრი იქნება რუსეთის მიმართ შეკავების ძლიერი გზავნილის გაჟღერების თვალსაზრისით, რუსეთმა ნატოს წითელი ხაზები რომ არ გადაკვეთოს და ეცდება ამ ქოლგის ქვეშ ისეთი ქვეყნებიც მოაქციოს, როგორიც უკრაინა და საქართველოა. ამის შესახებ ფარსკასმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ვფიქრობ, აშშ-ის მომავალი ადმინისტრაციის ჩართულობა საქართველოსთან იქნება იგივე დონეზე, როგორც ეს ობამას ადმინისტრაციის დროს იყო. საქართველოში სიტუაცია ძალიან დაძაბულია - ისევე როგორც ეს ამერიკაშია ახლა. მიმდინარეობს ძალიან რთული პოლიტიკური ბრძოლა. ვფიქრობ, ამერიკა გააგრძელებს საქართველოს დახმარებას იმაში, რომ ის მოქნილ, მტკიცე დემოკრატიად ჩამოყალიბდეს, რადგან ეს ქართველი ხალხის სურვილია. ასევე ვფიქრობ, გავაგრძელებთ საქართველოს დახმარებას ნატოს წევრობისთვის მოსამზადებლად. თუმცა, ნატოში გაწევრიანებას, ამასთან ერთად, ქართველების მხრიდან ერთგვარი შემოქმედებითი მიდგომა და მძიმე შრომაც დასჭირდება. ვფიქრობ, ნატოსთან დაკავშირებით, საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს არსებული კრიტერიუმები. ამავდროულად კი, ნატომ უნდა გადაწყვიტოს, მისცემს თუ არა რუსეთის მთავრობას ვეტოს [უფლებას] ქართველი ხალხის გადაწყვეტილებაზე, თუ რომელ ალიანსს დაუკავშიროს საკუთარი ქვეყანა. ამასთან, თუ იმას გულისხმობთ, მოველი თუ არა რუსეთის მიმართ ხელშეწყობის ან ზედმეტად მეგობრული დამოკიდებულების ქონას, პასუხია - არა. თუმცა, მაქვს იმის მოლოდინი, რომ ეს პრეზიდენტი მოვა და რუსეთთან ძალიან მტკიცე იქნება. ცხადია, ის რუსეთს თანამშრომლობას შესთავაზებს, სადაც ეს შესაძლებელია, მაგრამ მას ძალიან მტკიცე მიდგომა ექნება“, - განაცხადა ეველინ ფარკასმა ინტერვიუში.

ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი აშშ-ის 4 შტატში იმუნიზაციის პროგრამას იწყებს

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი აშშ-ის 4 შტატში იმუნიზაციის საპილოტე პროგრამას იწყებს. მედიის ინფორმაციით, ოთხი შტატი - როდ აილენდი, ტეხასი, ნიუ-მექსიკო და ტენესი - პროგრამისთვის ზომის, მოსახლეობის მრავალფეროვნებისა და იმუნიზაციის ინფრასტრუქტურის განსხვავების გამო შეირჩა. კომპანიაში განმარტავენ, რომ საპილოტე პროგრამაში მონაწილეობა არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული შტატების მოსახლეობა ვაქცინას სხვა შტატებზე ადრე მიიღებს. შეგახსენებთ, გასულ კვირას აშშ-ის წამყვანმა ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა და გერმანულმა კომპანია BioNTech-მა განაცხადეს, რომ მათ მიერ შექმნილმა კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციურმა ვაქცინამ 90% -იანი ეფექტურობა აჩვენა. Pfizer-ში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის ვაქცინის 50 მილიონი დოზის მიწოდება, 2021 წლის ბოლოსთვის კი ამ რაოდენობის 1.3 მილიარდამდე გაზრდა იქნება შესაძლებელი.

BBC: კორონავირუსის წინააღმდეგ ამერიკული კომპანია Moderna-ს ვაქცინა 95%-ით ეფექტურია

ამერიკულმა კომპანია, Moderna-მ განაცხადა, რომ წინასწარი კლინიკური ანალიზებით, მათ მიერ შემუშავებული ვაქცინა 94.5% პროცენტით ეფექტურია Covid-19-ის წინააღმდეგ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მსოფლიოს მეცნიერების ძალისხმევა შედეგს აღწევს, უკიდურესად მძიმე სტადიაში მყოფი პანდემიის პირობებში. Pfizer-მა და BioNTech-მა სულ რაღაც ერთი კვირის წინ ამცნეს საზოგადოებას მათ მიერ შექმნილი ვაქცინის შესახებ, რომელმა 90%-ანი მაჩვენებელი გადალახა. ორივე კომპანია იყენებს ტექნოლოგიას სახელწოდებით „messenger RNA“, რომელიც ამ დრომდე არასდროს გამოყენებულა აღიარებული ვაქცინის შესაქმნელად. უცხოური მედია აღნიშნავს, რომ სულ მალე, ეს აღმოჩენა შეძლებს, იხსნას მილიონობით ადამიანი დაავადებისგან. წინასწარი მაჩვენებლებით, 30 000 მოხალისეში სრულიად გაქრა Covid -19-თან დაკავშირებული ყველა სიმპტომი. ამასობაში კი, „Moderna-ს“ აქციების ფასი საფონდო ბირჟაზე 9%-ით გაიზარდა აშშ-ში, ხოლო ევროპული- „the Stoxx 600“-ის ინდექსმა 1.5%-თ მოიმატა.

ერდოღანი ყარაბაღში თურქ სამხედროებს გზავნის

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანში თურქი სამხედროების გაგზავნის შესახებ ბრძანებულება მოამზადა. პროექტი პარლამენტში უკვე გადაზავნილია დასამტკიცებლად, - იუწყება საინფორმაციო სააგენტო “Anadolu”. «ცენტრის დისლოკაციის ადგილს აზერბაიჯანი განსაზღვრავს. მასში იმოქმედებენ სამხედრო მოსამსახურეები, საჭიროების შემთხვევაში კი – სამოქალაქო სპეციალისტებიც. ცენტრის მუშაობა მიმართული იქნება სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაზე აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის ჭრილში, რაც ასახულია გაერო-ს უშიშროების საბჭოსა და ეუთო-ს რეზოლუციებშიც” - ნათქვამია ბრძანებულების პროექტი. მასში ასევე აღნიშნულია, რომ “აზერბაიჯანში სამხედროების გაგზავნა თურქეთის ეროვნულ ინტერესებსაც შეესაბამება”. ცნობისთვის: რუსეთი და თურქეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გასაკონტროლებლად ერთობლივი ცენტრის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ. თუმცა შემდგომში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ "არანაირი თურქი სამხედროები ყარაბაღში არ შევიდოდნენ" და რომ დიახ, სადამკვირვებლო მისიაში თურქული მხარის მონაწილეობა მართლაც იყო შეთანხმებული, მაგრამ "დაკვირვების განხორციელება დისტანციურადაცაა შესაძლებელი, მაგალითად, დრონების გამოყენებით".

საქართველოს პრეზიდენტი მაია სანდუს მოლდოვის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი მაია სანდუს მოლდოვის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. ამის შესახებ ის ტვიტერზე წერს. სალომე ზურაბიშვილი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ რეგიონში კიდევ ერთი ქალი პრეზიდენტი იქნება. საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მოუთმენლად ელოდება ერთობლივ მოშაობას და ევროპისკენ საერთო გზაზე სვლას. მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 15 ნოემბერს ჩატარდა, ხმების 57%-ით გაიმარჯვა ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პროევროპული ორიენტაციის კანდიდატმა მაია სანდუმ. მან პრორუსულად განწყობილი იგორ დოდონი დაამარცხა. Congratulations with a deserved victory @sandumaiamd, President- elect of Moldova. Another woman President in our region is extremely important. I look forward to working together and forging our common path to Europe.#WomenLeadtheChange 🇬🇪 🇲🇩 🇪🇺 — Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) November 16, 2020

ბორის ჯონსონი თვითიზოლაციაში გადავიდა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი თვითიზოლაციაში გადავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის სპეციალური პროგრამისგან მიიღო შეტყობინება, რომ კონტაქტი ჰქონდა ადამიანთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. BBC-ი წერს, რომ აღნიშნული პირი პარლამენტის წევრი ლი ანდერსონია. ბორის ჯონსონი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ ვირუსის სიმპტომები არ აქვს, თუმცა, დადგენილი წესების თანახმად, თვითიზოლაციაში გადადის და მუშაობას დაუნინგ სთრითზე მდებარე რეზიდენციიდან განაგრძობს. შეგახსენებთ, ბორის ჯონსონს კორონავირუსი აპრილში დაუდასტურდა. მან 3 დღე რეანიმაციულ განყოფილებაში გაატარა, რომლის დატოვების შემდეგაც ექიმებს გადარჩენისთვის მადლობა გადაუხადა.

მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნებში, ხმების 57%-ით, მაია სანდუ იმარჯვებს

15 ნოემბერს ჩატარებულ, მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში ხმების თითქმის 100% დათვლილია. წინასწარი შედეგებით, ხმების 57%-ით, პროევროპული ორიენტაციის კანდიდატი მაია სანდუ იმარჯვებს. მოლდოვის მოქმედმა პრეზიდენტმა, პრორუსულად განწყობილმა იგორ დოდონმა 43% მიიღო. მაია სანდუმ უპირველეს ამოცანად საერთო მიზნების გარშემო საზოგადოების გაერთიანება დაასახელა. „ყველას გვინდა ვიცხოვროთ საკუთარ სახლში, გვქონდეს სახელმწიფო, რომელიც დაგვიცავს და განვითარებული ეკონომიკა, რათა ადამიანებს ქვეყნიდან წასვლა არ უწევდეთ“, - უთხრა მედიას სანდუმ. მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 1 ნოემბერს ჩატარდა, მაია სანდუმ ყველაზე მეტი ხმა მიიღო, მაგრამ ვერ შეძლო გამარჯვებისთვის აუცილებელი 50%-იანი ბარიერის გადალახვა.

ბელარუსში სამართალდამცავებმა 1100-ზე მეტი პირი დააკავეს

ბელარუსში კვირას გამართული საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავებმა 1100-ზე მეტი პირი დააკავეს. ინფორმაციას ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრი „ვიესნა“ ავრცელებს. ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია დაკავებული პირების სია და აღნიშნულია, რომ დემონსტრანტები მინსკის გარდა ნოვოგრუდოკში, ბობრუისკში, ვიტებსკიში, გომელსა და სვეტლოგორსკშიც დააკავეს. ცნობისთვის, ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება. მოსახლეობის ნაწილი და ოპოზიცია არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებს და ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს.

ახალი კვლევის თანახმად, კორონავირუსი იტალიაში 2019 წლის სექტემბრიდან ცირკულირებდა - როიტერი

ახალი ტიპის კორონავირუსი იტალიაში 2019 წლის სექტემბრიდან ცირკულირებდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ იტალიის ქალაქ მილანის სიმსივნის ეროვნული ცენტრის ახალ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს. იტალიელი მკვლევრების დასკვნით, 959 ჯანმრთელი მოხალისიდან, რომლებიც 2019 წლის სექტემბრიდან 2020 წლის მარტამდე ფილტვის კიბოს სკრინინგის კვლევაში მონაწილეობდნენ, 11,6 პროცენტმა კორონავირუსის ანტისხეულები თებერვლამდე დიდი ხნით ადრე გამოიმუშავეს. SARS-CoV-2-ის ანტისხეულების შემდგომი სპეციფიკური ტესტი ჩატარდა სიენის უნივერსიტეტის მიერ იმავე კვლევისთვის, სახელწოდებით „SARS-CoV-2-ის ანტისხეულების მოულოდნელი გამოვლენა იტალიაში პრეპანდემიურ პერიოდში“. კვლევამ აჩვენა, რომ ოქტომბრის პირველი კვირით დათარიღებული ოთხი შემთხვევა ასევე დადებითი იყო ანტისხეულების მიმართ, რომლებიც ვირუსს ანეიტრალებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სექტემბერში დაინფიცირდნენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ახალი ტიპის კორონავირუსი და მისგან გამოწვეული რესპირატორული დაავადება ჩინეთის ქალაქ უხანში ვირუსის ეპიდემიის აფეთქებამდე უცნობი იყო. იტალიის პირველი კოვიდინფიცირებული პაციენტი 21 თებერვალს მილანის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქში, ლომბარდიის ჩრდილოეთ რეგიონში აღმოაჩინეს. წყარო

საბერძნეთში საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები იხურება

საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის შემთხვევების შემცირების მიზნით ქვეყანაში ორშაბათიდან საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები დაიხურება, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტო წერს, რომ ოქტომბრის დასაწყისიდან კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო საბერძნეთის ხელისუფლებამ შეზღუდვებისა და საყოველთაო კარანტინის ხელახალი დაწესების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ღამის ე.წ. „კომენდანტის საათსაც“ ითვალისწინებს. შეზღუდვები ძალაში ნოემბრის ბოლომდეა, სწორედ ამ დრომდე დარჩება დახურული საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები. საბერძნეთში გუშინ კორონავირუსის 3 038 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ხუთშაბათს კი ქვეყანაში კოვიდ 19-ით ინფიცირების 3 316 შემთხვევა გამოვლინდა და 50 ადამიანი გარდაიცვალა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია საბერძნეთისთვის.

ალექსანდრე ლუკაშენკომ პირობა დადო, რომ მისი შვილები პრეზიდენტები არ გახდებიან

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ პირობა დადო, რომ მისი შვილები პრეზიდენტები არ გახდებიან. „პრეზიდენტის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ არც ერთი ჩემი შვილი პრეზიდენტი არ გახდება. ვიმეორებ, არც ერთი შვილი“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ. 6 ნოემბერს ევროკავშირმა ლუკაშენკოს და 14 ბელარუს მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. ყოველდღიური მასობრივი პროტესტი ქვეყანაში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელშიც გამარჯვებულად კვლავ ალექსანდრე ლუკაშენკო გამოცხადდა. იგი უკვე მეექვსე ვადით იყრიდა კენჭს.მომიტინგეები ლუკაშენკოს გადადგომას და ხელახალი არჩევნების დანიშნვას მოითხოვენ. პროტესტის ჩახშობის მცდელობებს უკვე სულ მცირე, ოთხი მოქალაქე ემსხვერპლა, კიდევ 6 დაკარგულად ითვლება, დაშავებულთა და დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. ევროკავშირის ქვეყნები და აშშ არჩევნების შედეგებს არ სცნობენ.

მაიკ პომპეო საფრანგეთს ესტუმრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთს ესტუმრა. „როიტერის“ ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები დაგეგმილია პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან ივ ლე დრიანთან. განსახილველ საკითხებს შორის არის - ეკონომიკა, უსაფრთხოება და კონტრტერორიზმი. „შესანიშნავია საფრანგეთში, აშშ-ის უძველეს მეგობარ და მოკავშირე ქვეყანაში ყოფნა. ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება საერთო ღირებულებებს - დემოკრატიას, თავისუფლებასა და კანონის უზენაესობას“, - დაწერა პომპეომ „ტვიტერში“. საფრანგეთის შემდეგ პომპეოს ვიზიტი დაგეგმილი აქვს თურქეთში, საქართველოში, ისრაელში, ყატარსა და საუდის არაბეთში.

იტალია ე.წ.წითელ ზონას აფართოვებს

იტალიის ე.წ.წითელ ზონას, სადაც კორონავირუსის მაღალი რისკის გამო მკაცრი „ლოქდაუნია“ გამოცხადებული, კიდევ ორი რეგიონი - კამპანია და ტოსკანა - დაემატა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კამპანიის ხელისუფლება აცხადებს, რომ რეგიონის ჯანდაცვის სისტემა კოლაფსს უახლოვდება. კორონავირუსის გავრცელების რისკი შესაბამისად, იტალიაში რეგიონები იყოფა სამ - წითელ, ნარინჯისფერ და ყვითელ ზონად. ახალი რეგიონების დამატებამდე „წითელ ზონაში“ შედიოდა ლომბარდია, ბოლცანო, პიემონტი და ვალე-დ’აოსტა ჩრდილოეთით და კალაბრია სამხრეთით. აღნიშნულ რეგიონებში, სადაც დაახლოებით 16.5 მილიონი ცხოვრობს, მოქალაქეებს თავიანთი სახლების დატოვება მხოლოდ სამსახურში წასვლის შემთხვევაში, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზების, აუცილებელი საჭიროების პროდუქციის შესაძენად ან სხვა გადაუდებელი აუცილებლობის გამო შეუძლიათ. დაკეტილია ბარები და რესტორნები. იტალიაში პარასკევს კორონავირუსის 40 902 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის. ქვეყანაში, საერთო ჯამში, კოვიდ 19-ით 1 მილიონზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული, დაღუპულთა რიცხვი კი 44 000-ს აჭარბებს.

თურქეთის ინფორმაციით, ნახიჩევანთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობა იგეგმება

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ადილ კარაისმაილოღლუ აცხადებს, რომ ყარაბაღის შეთანხმების ფონზე ანკარა აზერბაიჯანის რეგიონ ნახიჩევანთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობას გეგმავს. მინისტრის თქმით, პროექტის წინასწარი დაგეგმვის და შესწავლის შედეგები მალე გახდება ცნობილი. მანამადე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ყარაბაღის შეთანხმების ფარგლებში ნახიჩევანის დერეფნის გაჩენით სარგებელს რეგიონის ქვეყნების გარდა, ჩინეთიც მიიღებს. ნახიჩევანი არის რეგიონი, რომელიც ირანსა და სომხეთს შორისაა მოქცეული. ამასთან, ნახიჩევანს 8კმ-იანი საზღვარი აქვს თურქეთთან. გარდა ამისა, სომხეთის სახელმწიფო ტერიტორიებს გარდა, მთიან ყარაბაღსა და ნახიჩევანს შორის მოქცეულია ის ტერიტორიებიც, რომელთაც აზერბაიჯანი ოკუპირებულად მიიჩნევდა და რომელთა ნაწილიც მიმდინარე წლის 27 სექტემბერს დაწყებული ომის შემდეგ დაიკავა.

სერგეი ლავროვი - ყარაბაღში არანაირი თურქი სამშვიდობოების გაგზავნა არ მოხდება

თურქეთის სამშვიდობო მისიები მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე არ გაიგზავნება, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. ”თურქეთის რესპუბლიკის სამშვიდობო ნაწილები არ გაიგზავნება მთიან ყარაბაღში. ეს ლიდერების მიერ ხელმოწერილ განცხადებაში გარკვევითაა ნათქვამი,“- განაცხადა სერგეი ლავროვმა. მისი თქმით, თურქი დამკვირვებლების მობილობის საზღვრები შემოიფარგლება იმ გეოგრაფიული კოორდინატებით, რომლებიც განისაზღვრება რუსულ-თურქული მონიტორინგის ცენტრის განსათავსებელად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ტერიტორიის იმ ნაწილში, რომელიც არ არის ყარაბაღთან ახლოს და რაზეც შეთანხმება დამატებით მოხდება. ცნობისათვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს მემონარდუმს, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის განმახორციელებელი ერთობლივი ცენტრის შექმნას ითვალისწინებს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსულ-თურქული ერთობლივი ცენტრი აზერბაიჯანში განთავსდება. თურქული მედიის ინფორმაციით კი, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ „თურქეთი მთიან ყარაბაღში სამშვიდობო ძალებს შეუერთდება და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელებას რუსეთთან ერთად გააკონტროლებს“.

საფრანგეთმა კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობით რუსეთს გადაუსწრო

საფრანგეთმა კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობით რუსეთს გადაუსწრო. უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 865 538 შემთხვევაა გამოვლენილი, რუსეთში კი – 1 858 568. მსოფლიოში ამ დროისთვის კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ–შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოტხეს – საფრანგეთი, მეხუთეს – რუსეთი. შეგახსენებთ, რომ ეპიდვითარების გაუარესების გამო 30 ოქტომბრიდან საფრანგეთი ხელმეორედ ჩაიკეტა. ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 52 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 52 484 945 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 1 290 563 ადამიანი იმსხვერპლა. 36 707 467 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა. რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 69 681 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 52 169 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 599 გარდაიცვალა.

ჯორჯიის შტატში ბიულეტენებს ხელახლა, ხელით დაითვლიან

აშშ-ის ჯორჯიის შტატში ბიულეტენებს ხელით გადაითვლიან, - მედიის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების შესახებ ჯორჯიის სახელმწიფო მდივანმა, ბრედ რაფენსფერგერმა განაცხადა. ხმების დათვლის პროცესი შტატის 159-ვე ოლქში დაიწყება და სავარაუდოდ, 20 ნოემბრისთვის დასრულდება. აღსანიშნავია, რომ ჯორჯიაში ხმა დაახლოებით 5 მილიონმა ამომრჩეველმა მისცა და შტატში ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს 14 000-ზე მეტი ხმით უსწებს. ცნობისაათვის, მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და რამდენიმე შტატში, მათ შორის ჯორჯიასა და უისკონსინში, ხმების ხელახლა დათვლას ითხოვს.