პოლიტიკა

გაეროს წარმომადგენელი ე.წ სისხლიან ბანერებზე კომენტარს აკეთებს

„თუკი გსურთ გქონდეთ მშვიდობიანი საზოგადოება, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორი ტონით ესაუბრებიან ადამიანები ერთმანეთს“, - აღნიშნული განცხადება, გაეროს მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში საბინე მახლიმ თბილისში გამოჩენილ ე.წ. „სიძულვილის პოსტერებთან“ დაკავშირებით გააკეთა. მისი თქმით, სიძულვილის ენა არის ერთ-ერთი ის საკითხი, რომელთან გამკლავებაც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აუცილებელია. უკიდურესად მნიშვნელოვანია, როგორ ვესაუბრებით ერთმანეთს. „თუკი გსურთ გქონდეთ მშვიდობიანი საზოგადოება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამაში ყველამ წვლილი უნდა შეიტანოს“, - აცხადებს საბინე მახლი. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქვეყანაში ოპოზიციის საწინააღმდეგოდ გამოკრულ ე.წ. "სისხლიან ბანერებზე" მოკვლევა დაიწყო. ბანერების საქმის მოკვლევის მოთხოვნით ცესკო-ში საჩივარი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ შეიტანა. ამავე თემაზე: კომპანია „ალმა“ ვაქცინაციის ბანერებთან დაკავშირებით NCDC-ის პასუხობს კახა კალაძე ე.წ სისხლიან ბანერებზე: მე არ მომწონს, ამ ბანერებთან კავშირი არ მაქვს ცესკო-მ ე.წ "სისხლიანი ბანერების" გაკვრაზე მოკვლევა დაიწყო

მამუკა ხაზარაძე: პროკურატურამ საბანკო საქმეებზე იქნებ ისეთი კომპეტენტური პროკურორები იპოვოს, რომლებსაც exchange კომპანიის სახელი არ ჰგონიათ

"გენერალურმა პროკურორმა იქნებ ისეთი კომპეტენტური პროკურერები გამოაგზავნოს, რომ საქმის დაწყებიდან ორი წლის თავზე არ დაგვჭირდეს ახსნა, ლარში რატომ ხდება გადარიცხვა, კონვერტაცია რას ნიშნავს, რომ exchange კომპანიის სახელი არ არის და ა.შ.,- ამის შესახებ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულმა მამუკა ხაზარაძემ, სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა. ე.წ. ფულის გათეთრების საქმის განხილვა საქალაქო სასამართლში გრძელდება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებების განხილვა მიმდინარეობს. სასამართლო პროცესს მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეც ესწრებიან. დაცვის მხარემ შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს, დამატებით ჩანიშნული სასამართლო პროცესების გადადების მოთხვონით, ვინაიდან მათი თქმით, ჯაფარიძე-ხაზარაძე წინსაარჩევნო კამპანიას სრულფასოვნად ვერ მართავენ, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. დარბაზში პროკურორსა და ბადრი ჯაფარიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი მამუკა ხაზარაძე საქმის პროკურორის არაკომპეტენტურობაზე საუბრობს. "პროკურორები, რომლებსაც ეს საქმე მიჰყავთ მათი ცოდნა საბანკო-საფინანსო საკითხებში არის პლინტუსის დონეზე. ორი წელია, ამ აბსურდის თეატრში ვიღებთ მონაწილეობას. ახლა უკვე დაიწყო ისეთი კითხვების დასმა, რაც ფინანსურ საკითხებს ეხება. გენერალურ პროკურორს მივმართე, რადგან ამ არაკომპეტენტურობის მოსმენა შეუძლებელია. პროკურორებს, რომელთაც ეს საქმე მიჰყავთ, მათი ცოდნა საბანკო-საფინანსო საკითხებში "პლინტუსის" დონეზეა. გენერალურმა პროკურორმა იქნებ გამოაგზავნოს სხვა უფრო მეტად კომპეტენტური პროკურორები, რომ ორი წლის თავზე არ ავუხსნათ ელემენტარული საკითხები, როგორიცაა, ლარში რატომ ხდება გადარიცხვა, კონვერტაცია რას ნიშნავს, რომ exchange კომპანიის სახელი არ არის და ა.შ. ეს უნდა დამთავრდეს. ორო წლის თავზე აღმოჩნდა, რომ ამ სამმა პროკურორმა არაფერი იცის ფინანსურ თემებთან დაკავშირებით, აქ იმისთვის არ ვართ, რომ ისინი აღვზარდოთ და რაღაც ვასწავლოთ",- განაცხადა ხაზარაძემ.

რუსეთმა ცხინვალს „სამშვიდობო და თავდაცვითი მიზნებისათვის“ სამხედრო ტექნიკა გადასცა

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, სამშვიდობო და თავდაცვითი მიზნებისთვის, ე.წ სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ტექნიკა გადასცა. მედიის ცნობით, სამხერდრო ტექნიკის გადაცემის ცერემონიალს ესწრებოდნენ დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, ე.წ სამხრეთ ოსეთში რუსეთის ელჩი მარატ კულახმეტოვი, რესპუბლიკის განათლების დღის აღსანიშნავად ჩამოსული ოფიციალური დელეგაციების წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები. "ახალი ტექნიკის წყალობით შევძლებთ საკუთარი შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზაობის გაზრდას", - განაცხადა ღონისძიებაზე დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა იბრაგიმ გასეევმა. მისივე თქმით, ეს არის რუსეთის სამხედრო ტექნიკის მოწოდების პირველი ეტაპი, უახლოეს პერიოდში კი, ცხინვალში კიდევ ახალი რუსული ტექნიკა შევა. "ჩვენ ორიენტირებული ვართ მშვიდობიან განვითარებაზე, უსაფრთხო ცხოვრებაზე. ყველა გადაცემულ აღჭურვილობას აქვს ექსკლუზიურად მშვიდობიანი, თავდაცვითი დანიშნულება... გარანტიას გაძლევთ, რომ ამ ქონებას კვალიფიციურად და ხარისხიანად გამოვიყენებთ, უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით", - აღნიშნა მინისტრმა.

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს $100 მლნ-იანი სესხი დაუმტკიცა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დაამტკიცა 100 მლნ დოლარის ოდენობის საბიუჯეტო სესხი, რომლითაც მხარს დაუჭერს ელექტროგადამცემი სექტორის გაძლიერებისკენ მიმართულ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, ოპერაციული სტრუქტურის, ქვეყნის ელექტროგადამცემი კომპანიისა და მისი შვილობილის კორპორატიული მართვისა და ფინანსური მენეჯმენტის გაუმჯობესების გზით. ამის შესახებ ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს. „ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ორი ენერგოკომპანიის ფინანსური და კორპორატიული მართვის გაუმჯობესებას. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს პროგრამა მაგალითის მიმცემი იქნება სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი სხვა კომანიებისთვის და ADB მზადაა მთავრობას დაეხმაროს ამ მიმართულებით უფრო გაფართოებული რეფორმებისა და ეკონომიკის ზრდის ხელშესაწყობად“, - განაცხადა ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის დირექტორმა ევგენი ჟუკოვმა. როგორც ცნობილია, ელექტროგადამცემი სექტორის რეფორმის პროგრამის ფარგლებში ADB დაეხმარება ინსტიტუციური რეფორმების გატარებას სააქციო საზოგადოება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში (სსე) მის თანამედროვე, ოპერაციულად ეფექტიან და ფინანსურად მდგრად კორპორატიულ ორგანიზაციად გარდასაქმნელად. "სსე და მისი შვილობილი ენერგოტრანსი დღესდღეობით ძლიერად არიან დამოკიდებული მთავრობის დაფინანსებასა და საგარეო ვალზე. საგარეო ვალის საშუალებით მათ საკმარისი ფინანსური რესურსის აკუმულირება შეძლეს ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის განახლებისა და გაფართოებისთვის. მთავრობამ სსე-ს რეფორმირების მიზნით არა ერთი ნაბიჯი გადადგა, მათ შორისაა კომპანიის ახალი ქარტიისა და დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა, რომელმაც საერთაშორისო პრაქტიკისა და ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად ორგანიზაციის ახალი წესდება და სამართლებრივი ჩარჩო შეიმუშავა. მთავრობამ ასევე გააძლიერა სსე-ს საინვესტიციო დაგეგმარება, ვალის მართვის შესაძლებლობები და საგარეო შოკებისადმი მედეგობა კაპიტალიზაციისა და გაზრდილი შემოსავლების გენერირების გზით", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ADB-ის პროგრამა განაგრძობს რეფორმების მხარდაჭერას სსე-ს ოპერაციური სტრუქტურისა და ეფექტიანობის, კორპორატიული მმართველობისა და ინსტიტუციური გარემოს გაუმჯობესებისა და ფინანსური მდგრადობის მისაღწევად. „ეს პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკის სექტორის ფინანსური სტაბილურობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებას და გამოათავისუფლებს ფისკალურ სივრცეს, რაც მთავრობას საშუალებას მისცემს უკეთ გაანაწილოს რესურსები ისეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა კოვიდ-19-ის შედეგებისგან ეკონომიკის აღდგენა,“ - განაცხადა ADB-ის ენერგეტიკის მთავარმა სპეციალისტმა ადნან ტარინმა. ცნობისთვის, საქართველო ADB-ის წევრია 2007 წლიდან და მას შემდეგ ბანკი ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია. საქართველოსთვის გაცემული სესხების ჯამი 3.92 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო ტექნიკური დახმარების პროექტები 28.9 მილიონი აშშ დოლარის ოდენობისაა. საქართველოში ADB-ის განვითარების მთავარ პრიორიტეტებს შორისაა ვაჭრობის გაფართოება, მეტი სამუშაო ადგილის შექმნა და სიღარიბის დამარცხება ეკონომიკური დერეფნების განვითარების გზით. ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი. ამავე თემაზე: საქართველოს საგარეო ვალი $8.05 მილიარდამდე გაიზარდა

თეა წულუკიანი: ვფიქრობ, ამ ბილბორდებს აქვს დიდი დანიშნულება - შევხედავთ, შეგვზარავს და ვიტყვით, რომ ეს არასდროს აღარ უნდა დავაბრუნოთ

„ოპოზიციური ფლანგი მუდმივად ბრალს სდებს სრულიად სამყაროს იმაში, რომ ამ ქვეყანაში მათი მოსაწონი არაფერი გაკეთებულა. ვფიქრობ, ეს ბილბორდი მაინც არის მათი მოსაწონი, შეხედავენ ერთმანეთს და გაუხარდებათ",- ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. წულუკიანის თქმით, ბილბორდებს აქვს თავისი დანიშნულება, "ვისაც არ მოგვწონს, შევხედავთ, შეგვზარავს და ვიტყვით, რომ ეს არასდროს აღარ უნდა დავაბრუნოთო". „აზრთა სხვადასხვაობა არსებობს ამ ბილბორდებთან დაკავშირებით. მე კი ასე ვიტყოდი, რომ ოპოზიციური ფლანგი მუდმივად ბრალს სდებს სრულიად სამყაროს იმაში, რომ ამ ქვეყანაში მათი მოსაწონი არაფერი გაკეთებულა. მე ვფიქრობ, ეს ბილბორდი მაინც არის მათი მოსაწონი, შეხედავენ ერთმანეთს და გაუხარდებათ, ხოლო ვისაც არ მოგვწონს, მათთვის ვფიქრობ, ეს წამალივითაა, რომ ყველამ კარგად შევხედოთ ამ ბილბორდებს, ყველას მოგიწოდებთ, და გავიხსენოთ, რა არ გვინდა, რადგან წარსულზე ლაპარაკის აკრძალვას ცდილობენ, წარსული არასდროს არავინ უნდა დაივიწყოს. არც ცუდი და არც კარგი, ვფქირობ, ამ ბილბორდებს აქვს თავისი ძალიან დიდი დანიშნულება, ვისაც არ მოგვწონს, შევხედავთ, შეგვზარავს და ვიტყვით, რომ ეს არასდროს აღარ უნდა დავაბრუნოთო. ვისაც მოსწონს, ის შეხედავს და გაუხარდება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დანიის საშინაო გვარდიის სარდლობის წარმომადგენლები ქართველ ინსტრუქტორებს წვრთნიან

დანიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო (DEMA) და დანიის საშინაო გვარდიის სარდლობის წარმომადგენლები თბილისში, ქართველ ინსტრუქტორებს წვრთნიან. ტრენინგი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (EMS) სასწავლო ცენტრში 11-დან 25 სექტემბრამდე ჩატარდება. უფროსი ლეიტენანტი დევიდ ჯონ დიკერი, სერჟანტი იენს კლემენ მადსენი, პირველი სერჟანტი სორენ მოგენსენი და კაპიტანი ტროელს გრაფი თავიანთ პროფესიულ ცოდნას უზიარებენ სტუდენტებს კრიზისის მართვის, ხანძრის დროს რეაგირების ტაქტიკების, ოპერაციების მართვისა და სამაშველო სტრატეგიების შესახებ. ასევე ატარებენ კომპეტენციისა და გამოცდილების ასამაღლებელ წვრთნებსა და ტრენინგებს. ორკვირიანი კურსი NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მხარდაჭერით და კრიზისების მართვის ინიციატივის ლიდერის, პოლკოვნიკ პიტერ კაას-კლაესონის მიერ არის ორგანიზებული.

BBC: ჯასტინ ტრიუდოს ლიბერალურმა პარტიამ კანადის არჩევნებში მოიგო, მაგრამ უმრავლესობა ვერ მოიპოვა

კანადაში, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში, პრემიერ-მინნისტრ, ჯასტინ ტრიუდოს ლიბერალურმა პარტიამ გაიმარჯვა, მაგრამ უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო. ეს ტრუდოს მესამე გამარჯვებაა ფედერალურ არჩევნებში. როგორც BBC წერს, ლიბერალები სავარაუდოდ 156 ადგილს მოიპოვებენ, 170 -ზე ნაკლები იმ უმრავლესობისთვის, რომელსიც მოქმედი პრემიერის პარტიას სჭირდებოდა. კონსერვატორებმა შეინარჩუნეს ოპოზიციური ძალის სტატუსი და სავარაუდოდ, დაახლოებით 122 ადგილს მოიპოვებენ. „ჯერ კიდევ მიმდინარეობს ხმების დათვლა, მაგრამ უკვე ვნახეთ, რომ მილიონობით კანადელმა პროგრესულ გეგას დაუჭირა მხარი”, - განაცხადა ტრუდომ. BBC წერს, რომ არჩევნები, რომელიც კანადაში პანდემიის მეოთხე ტალღის დროს ჩატარდა, ქვეყანას ისტორიაში ყველაზე ძვირი, დაახლოებით 600 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა. ჯასტინ ტრიუდო კანადის პრემიერ-მინისტრია 2015 წლიდან.

კახა კუჭავა ბანერებზე: სიძულვილის ენის გამოყენებას ყველა თუ შევეშვებით და გადავალთ უფრო კონსტრუქციულ კამათზე, ამ ქვეყნისთვის უკეთესი იქნება

„სიძულვილის ენის გამოყენებას ყველა თუ შევეშვებით და გადავალთ უფრო კონსტრუქციულ კამათზე, მსჯელობაზე, ამ ქვეყნისთვის იქნება უკეთესი", - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ქალაქში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერების პოლიტიკიურით, სიძულვილის ენის შემცველი გამოსახულებით ჩანაცვლების თემას შეეხებოდა. როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, სიძულვილის ენის გამოყენება არ არის ის ფორმა, რომლითაც ეს ქვეყანა უნდა იყოს დაკავებული. „მეც ვთვლი, რომ არ არის ეს სწორი. ვაქცინაცია ის საკითხია, რომელზეც ყველა ერთად უნდა ვიყოთ მობილიზებული, გაერთიანებული და შეიძლება, სხვა ადგილი გამოიყენონ თუ ამის სურვილია. ზოგადად ვთვლი, რომ სიძულვილის ენის გამოყენებას ყველა თუ შევეშვებით და გადავალთ უფრო კონსტრუქციულ კამათზე, მსჯელობაზე იქნება ამ ქვეყნისთვის უკეთესი. ზოგადად, სიძულვილის ენის გამოყენება, მით უმეტეს საჯაროდ ბანერებით, არ არის ის ფორმა, რომლითაც ეს ქვეყანა უნდა იყოს დაკავებული“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

საქართველო არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებას დაიწყებს

საქართველო რეგიონში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებას დაიწყებს, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკის სამინისტროში შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, "მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკება დაიწყება სპეციალური კვლევის გარეშე, რადგან ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო - ეკონომიკური ტენდენციების გათვალისწინებით, ცხადია, რომ თავისუფალი ვაჭრობა ორივე მხარეს დიდ სარგებელს მოუტანს". შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სავაჭრო დინამიკა მზარდია. "ჩვენ შეხვედრა გვქონდა საამიროების მსხვილ სავაჭრო ქსელთან, რომელიც საქართველოდან პროდუქციის იმპორტს ახორციელებს, შესაბამისად, აქვს საქართველოს მწარმოებლებთან თანამშრომლობის დადებითი გამოცდილება და რაც მთავარია, მის სავაჭრო ქსელში ყოველწლიურად იზრდება საქართველოში წარმოებული პროდუქციის, განსაკუთრებით, აგროსამრეწველო ნაწარმის მოცულობა. ვფიქრობ, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედება შესაძლებელს გახდის, რომ მეტი ქართული პროდუქცია იყოს წარმოდგენილი საამიროების ბაზარზე", - განაცხადა ნათია თურნავამ. ამავე თემაზე: ნათია თურნავა: არაბთა გაერთიანებული საამიროების საინვესტიციო ფონდები საქართველოს ენერგეტიკის, ლოგისტიკისა და ტურიზმის სფეროებში ინვესტირების მზადყოფნას გამოხატავენ დღეიდან ქართველი მეზღვაურები არაბთა გაერთიანებული საამიროების ფლოტში დასაქმებას შეძლებენ

ახალგაზრდები, რომლებიც ომით გაყოფილი საზოგადოებების შერიგებისა და დაზარალებულთა დახმარების პროცესში წვლილს შეიტანენ,  ყოველწლიურად დაჯილდოვდებიან

სახელმწიფო მინისტრის აპარატი მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ახალგაზრდებისთვის ყოველწლიურ ჯილდოს აწესებს სახელწოდებით - „სახელმწიფო მინისტრის აპარატის მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ (SMR Peace Award for Youth). ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, ჯილდო გადაეცემა ახალგაზრდას/ახალგაზრდებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, თავიანთი საქმიანობითა და აქტივობით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მშვიდობის მშენებლობის და ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგების, ასევე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში. ჯილდოს მიღება, პირის ან პირთა ჯგუფის წარდგინების საფუძველზე, შეეძლება ნებისმიერ ახალგაზრდას (18-დან 29 წლამდე), ახალგაზრდების ჯგუფს ან ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომელიც: • კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების/მშვიდობის მშენებლობის თემაზე ახორციელებს აკადემიურ საქმიანობას (აწარმოებს კვლევებს ან/და წერს ნაშრომებს); • მონაწილეობს ქართულ-აფხაზურ/ქართულ-ოსურ ნდობის აღდგენის პროექტებში, ან თავად ახორციელებს მსგავსს ინიციატივებს; • დახმარებას უწევს კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას, ან აქტიურად ხელს უწყობს მსგავსი დახმარების მოზიდვას; • ჩართულია სამოქალაქო აქტივობაში მშვიდობის მშენებლობის მიზნით. სახელმწიფო მინისტრის აპარატის მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ 2022 წლიდან გაიცემა.

კახა კუჭავა ჩანაწერებზე: არჩევნების შემდეგ ამ საკითზე საპარლამენტო სხდომა აუცილებლად უნდა ჩატარდეს, შეიძლება საგამოძიებო კომისიის შექმნაც გახდეს საჭირო

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას განცხადებით, ჩანაწერებთან დაკავშირებით საპარლამენტო სხდომა აუცილებლად უნდა ჩატარდეს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს გაუცხადა. როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, შეიძლება საგამოძიებო კომისიის შექმნაც გახდეს საჭირო. "ფაქტი ერთია, ეს ის საკითხია, რომელზეც საპარლამენტო სხდომა აუცილებლად უნდა ჩატარდეს, მოსმენა აუცილებლად უნდა ჩატარდეს. არ შეიძლება ეს საკითხი ასე უბრალოდ დაიხუროს. ჩემი აზრით, მარტო სესიაც არ იქნება საკმარისი და შეიძლება, მეტი სანდოობისთვის, საგამოძიებო კომისიის შექმნაც გახდეს საჭირო, სადაც ოპოზიცია და მმართველი გუნდი ერთად მიიღებენ მონაწილეობას", - განაცხადა კახა კუჭავამ. მისი თქმით, რიგგარეშე სხდომა არჩევნების შემდეგ ჩატარდება. "თუმცა, მეორე საკითხია, როდის უნდა ჩატარდეს რიგგარეშე სხდომა. ჩვენ ვიცით, რომ არჩევნები მოახლოებულია. ზოგადად, არჩევნებამდე სესიები არ ტარდება, მითუმეტეს როდესაც ამდენად მაღალი პოლიტიკური ელფერის მიცემა უნდათ ამ არჩევნებისთვის, განსაკუთრებით ოპოზიციას. ეს სხდომა აუცილებლად ჩატარდება როგორც კი არჩევნები დასრულდება. რადგან სხდომის მოწვევა, როგორც მოგეხსენებათ, შეუძლია დეპუტატების ერთ მეოთხედსაც. თვითონ ოპოზიციაც ვერ აგროვებს საკმარის ხმებს, რომ ეს სხდომა მოიწვიოს. ყველა ძირითადად ჩართულია წინასაარჩევნო მარათონში, დეპუტატები რეგიონებში არია, ამიტომ ქვორუმის შეკრების საკითხიც შემდეგ ცალკე სალაპარაკო რომ არ გახდეს, ეს უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც არჩევნები დასრულდება. ეს საკითხი აუცილებლად იქნება პარლამენტის დღის წესრიგში", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, არავის მოსმენა არ არის კანონიერი, თუ ამის შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. მისი თქმით, უკანონო მოსმენა ყოვლად მიუღებელია. "უკანონობაა ყველანაირი უკანონო მოსმენა. თვითონ სიტყვა ამბობს. თუ უკანონო მოსმენაზე ვსაუბრობთ, ესე იგი უკვე დარღვევა არის და დანაშაულია. ის, თუ უსაფრთხოების სამსახური რას ჩათვლის, ვის ჩათვლის მოუსმინოს კანონის ფარგლებში, ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი და გადასაწყვეტია შესაბამისი უწყების მიერ... არავის მოსმენა არ არის კანონიერი, თუ ამის შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. თუ უკანონო მოსმენა არის, ეს არის ყოვლად მიუღებელი და შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს, არ აქვს მნიშვნელობა, ვისი მოსმენა ხდება. ჩვეულებრივი ადამიანიც რომ იყოს, თუ უკანონოა", - განაცხადა კახა კუჭავამ.

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს

გაეროში დღეს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის გენერალური დებატები იხსნება. მაღალი დონის კვირეულის გახსნას დაესწრება საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც უკვე ნიუ-იორკში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. გენერალური დებატების გახსნითი სესიის მონაწილეებს სიტყვით გაეროს გენერალური მდივანი, გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი, ბრაზილიისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი და სხვა ლიდერები მიმართავენ. საქართველოს მთავრობის მეთაურის გამოსვლა გენერალური ასამბლეის სესიაზე 24 სექტემბერს არის ჩანიშნული. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დღესვე, ირაკლი ღარიბაშვილი არაერთ ორმხრივ შეხვედრას გამართავს სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებთან, ასევე, მონაწილეობას მიიღებს პარალელურ ღონისძიებებში, რომლებიც გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში იმართება. „წლევანდელი სესია მნიშვნელოვანია იმითაც, რომ გასულ წელს გენერალური ასამბლეის სესია ფაქტობრივად ონლაინ-ფორმატში, სახელმწიფოსა და მთავრობების მეთაურების ვიდეომიმართვებით ჩატარდა. წელს კი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს მიეცათ სესიაში უშუალოდ მონაწილეობის შესაძლებლობა. სწორედ ეს არის სესიის მთავარი არსი და მისი შემდგომი მიმდინარეობაც მიეძღვნება იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს ხელახალი დაწყება ყველაფრისა, რაც გაჩერებული იყო პანდემიის გამო და უკეთესად იმის აშენება, რასაც აქამდე მდგრადი განვითარების მიზნები და 2030-ის ამოცანები ითვალისწინებდა. საქართველოს დელეგაციას საკმაოდ დატვირთული პროგრამა აქვს. ბუნებრივია, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ძირითადი გამოსვლა. მანამდე პრემიერი მონაწილეობს რამდენიმე მრავალმხრივ შეხვედრაში, სადაც იგი სპეციალურად არის მიწვეული, ასევე, ექნება ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა კოლეგასა და სახელმწიფოების მეთაურებთან“, - განაცხადა საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში კახა იმნაძემ. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან. ამავე თემაზე: საქართველოს პრემიერი გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოვა

შარლ მიშელი: რას ნიშნავს ამერიკა დაბრუნდა? ამერიკა ამერიკაში დაბრუნდა, თუ სადმე? ჩვენ ეს არ ვიცით - ერთგულება და გამჭვირვალობა ალიანსის ელემენტარული პრინციპებია

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადეს საფრანგეთს, ნიუ-იორკში შეხვედრისას, სადაც განიხილავდნენ ავსტრალიის მიერ 40 მილიარდი დოლარის წყალქვეშა ნავის შეკვეთის გაუქმებას პარიზთან, აშშ-სა და ბრიტანეთის სასარგებლოდ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მხრიდან ძალიან უცნაურია ევროპის ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში თამაშიდან გამოყვანა. მისი თქმით, მას გაუჭირდა ავსტრალიის, ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების ნაბიჯის გაგება. "ჯო ბაიდენის ახალი ადმინისტრაციის თქმით, ამერიკა დაბრუნდა - ეს იყო ისტორიული გზავნილი ახალი ადმინისტრაციის მიერ და ახლა ჩვენ გვაქვს კითხვები. რას ნიშნავს ეს - ამერიკა დაბრუნდა? ამერიკა დაბრუნდა ამერიკაში თუ სხვაგან? ჩვენ არ ვიცით... თუ ჩინეთი იყო ვაშინგტონის მთავარი სამიზნე, მაშინ შეერთებული შტატებისათვის "ძალიან უცნაური" იყო ავსტრალიასა და ბრიტანეთთან გაერთიანება", - განუცხადა მან ჟურნალისტებს ნიუ იორკში. შარლ მიშელმა სამი ქვეყნის გადაწყვეტილებას და უწოდა "გადაწყვეტილება, რომელმაც დაასუსტა ტრანსატლანტიკური ალიანსი. "ძალიან უცნაურია ევროპის ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში თამაშიდან გამოყვანა. ერთგულება და გამჭვირვალობა ალიანსის ელემენტარული პრინციპებია. ეს არ იყო ის არჩევანი, რომელის ჩვენმა მოკავშირემ გააკეთა", - განაცხადა შარლ მიშელმა. შეხვედრისას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ "მეტი თანამშრომლობა, მეტი კოორდინაცია, ნაკლები დანაწევრება" იყო საჭირო სტაბილური და მშვიდობიანი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის მისაღწევად, სადაც ჩინეთი არის მთავარი მზარდი ძალა. "რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს განცხადება (აშშ-ავსტრალია-ბრიტანეთის შეთანხმება) მოულოდნელი იყო", - განაცხადა ბორელმა. მანამდე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის საფრანგეთისადმი დამოკიდებულება მიუღებელია. „ღია კითხვა არსებობს, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოს მიმართ მიუღებელი დამოკიდებულება ვიხილეთ. გვსურს ვიცოდეთ, რა მოხდა, რატომ მოხდა. ეს საკითხი უნდა გავარკვიოთ, ვიდრე ურთიერთობებს ჩვეულებრივ რეჟიმში გავაგრძელებთ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა ტელეკომპანია CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში. როგორც Reuters-ი წერს, შეერთებული შტატები ცდილობს შეამსუბუქოს აღშფოთება საფრანგეთსა და NATO-ს მოკავშირეებში. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და აშშ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უახლოეს დღეებში ტელეფონით ისაუბრებენ.

ევროკავშირი რუსეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირი რუსეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ დამოუკიდებელი და სანდო წყაროების თანახმად, არჩევნები სერიოზული დარვევებით ჩატარდა. "ევროკავშირი წუხს, რომ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებამ მკაცრად შეზღუდა ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მასშტაბი და ფორმატი, რამაც მისიის ადგილზე განთავსებას ხელი შეუშლა. წინასაარჩევნოდ, რუსეთში გაიზარდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ზეწოლა და მათი დარბევა. ამან გამოიწვია რუსი ამომრჩევლებისთვის არჩევანის შეზღუდვა და კანდიდატების შესახებ სრული და ზუსტი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა", - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში. ევროკავშირის ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს, რომ რუსეთში ოპოზიციისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი ხმებისთვის სივრცე სულ უფრო იზღუდება. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს ხელისუფლებას, შეცვალოს ეს ნეგატიური მოვლენები. "რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც მას ეკისრება გაერო-ს, ეუთო-სა და ევროპის საბჭოს ფარგლებში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის კუთხით“, - ნათქვამია განცხადებაში. ევროკავშირი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ არ აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმისა და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ანექსიას და შესაბამისად, არ აღიარებს ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს. "რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების მთავრობის მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიების მოსახლეობის სახელმწიფო დუმის, ასევე რეგიონულ და ადგილობრივ არჩევნებში ჩართვა ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებების სულისკვეთებასა და მიზნებს. ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი რჩება", - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში. ამავე თემაზე: თურქეთი ყირიმში ჩატარებულ რუსეთის დუმის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს საგარეო უწყება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დუმის არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, კვლავ სახელისუფლებო პარტია იმარჯვებს

თურქეთი ყირიმში ჩატარებულ რუსეთის დუმის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს

თურქეთი ყირიმში გამართულ რუსეთის დუმის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს. როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, ყირიმში ჩატარებული რუსეთის პარლამენტის არჩევნების შედეგებს თურქეთისთვის არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს. "თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და არ ცნობს ყირიმის უკანონო ანექსიას. ამ კონტექსტში, 2021 წლის 17-19 სექტემბერს ყირიმში ჩატარებული რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების შედეგებს თურქეთისთვის არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს", - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა. ასევე წაიკითხეთ: საგარეო უწყება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დუმის არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, კვლავ სახელისუფლებო პარტია იმარჯვებს

ევროპარლამენტის პრეზიდენტი პნევმონიის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, დავიდ სასოლი, რომელსაც პნევმონია დაუდგინდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ევროპარლამენტის პრეზიდენტი ახლა თავს კარგად გრძნობს. "ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი ოთხშაბათს, 15 სექტემბერს, სტრასბურგის სამოქალაქო საავადმყოფო Hôpital Civil-ში გადაიყვანეს.აუცილებელი სამედიცინო გამოკვლევისას მას პნევმონია დაუდგინდა და დაუყოვნებლივ დაექვემდებარა შესაბამისი თერაპიებით მკურნალობას. მისი მდგომარეობა კარგია“, - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტის პრესმდივანმა. როგორც Euronews-ი წერს, 65 წლის იტალიელი, რომელიც თავის ამჟამინდელ თანამდებობას 2019 წლის ივლისიდან იკავებს, უჩიოდა სიცხეს და მოუწია პარლამენტის სხდომის ნახევარი დაეტოვებინა. .

ჯანმოს ხელმძღვანელი ავღანეთში ჩავიდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი ავღანეთში ჩავიდა. ვიზიტის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, ავღანელი ხალხის ჯანმრთელობის დაცვა არის ჯანმოს "უმთავრესი პრიორიტეტი". როგორც ცნობილია, ჯანმოს ხელმძღვანელი "თალიბანის" ხელმძღვანელობას შეხვდება. "მე ავღანეთში ვარ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონალური ოფისის) დირექტორთან აჰმედ ალ მანდჰარისთან ერთად. ავღანელი ხალხის ჯანმრთელობის დაცვა არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენ მოვინახულებთ ჯანდაცვის ობიექტებს, შევხვდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავღანეთის თანამშრომლებს, ჯანდაცვის მუშაკებს და "თალიბანის" ხელმძღვანელობას ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებზე.", - წერს ჯანმოს ხელმძრვანელი.

კახა კალაძე: თბილისი დასავლეთისა და აღმოსავლეთის ჰარმონიული შერწყმის ადგილია - ქალაქი, სადაც ევროპული არსი აზიური ორნამენტებით არის გამოხატული

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საზოგადოებას კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ძირითადი პროგრამები გააცნო. როგორც მან პრეზენტაციაზე აღნიშნა, განვლილი ოთხი წლის განმავლობაში, ქალაქში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, თუმცა, გამოწვევები ჯერ კიდევ რჩება. „საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს, თუმცა, ეს ყველაფერი შესრულებადი და გაკეთებადია. ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელმაც ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა შეასრულოს ეს კონკრეტული დაპირებები. ამის თქმის უფლებას განვლილი ოთხი წელი მაძლევს. მართლაც უმნიშვნელოვანესი და კარგი საქმეები ვაკეთეთ ჩვენი ქალაქისთვის. ცხადია, ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები და პრობლემები, მაგრამ შეგვწევს ძალა, რომ ამ პრობლემებს ღირსეულად ვუპასუხოთ“,- განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში, ურბანული პოლიტიკის მიმართულებით, მომდევნო წლების განმავლობაში არაერთი პროექტი განხორციელდება, რომელთა შორის, ინფრასტრუქტურის განვითარება, ძველი თბილისის განახლება და ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლება შედის; სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, განახლდა ავტობუსების პარკი, თუმცა, ქალაქში, დამატებით, 380 ავტობუსი შემოვა, იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე კომფორტული იყოს; გარემოს დაცვის პოლიტიკის ფარგლებში, ქალაქში შემოდის საპარკე კულტურა, ჩნდება უამრავი რეკრეაციული სივრცე და მწვანე ზონები. „მომდევნო წლების განმავლობაში, 15 ახალი საქალაქთაშორისო პარკი გაშენდება და 1 000-ზე მეტი სკვერის კეთილმოწყობა მოხდება. ჩვენ ასევე, ვისაუბრეთ სოციალურ და ჯანდაცვის პოლიტიკაზე, რომელიც ჩვენს ბიუჯეტში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ამ მიმართულებით, ყოველწლიურად, ბიუჯეტის 30% დაიხარჯება იმისთვის, რომ ყველა იმ ადამიანს, ვისაც უჭირს და ჩვენი თანადგომა სჭირდება, სახელმწიფოს და მუნიციპალიტეტის გვერდით დგომა იგრძნოს. რა თქმა უნდა, როგორც ამ ქალაქის მერი, ვისურვებდი, რომ ქვეყანაში, რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად დაუცველი ოჯახი არსებობდეს, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება გარკვეული დრო, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, რაც, რა თქმა უნდა, შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ერთად დგომით“, - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა. გარდა ამისა, კახა კალაძის განცხადებით, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებას, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. „მართლაც კარგი პროექტები განვახორციელეთ ამ მიმართულებით, რომელშიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იყვნენ ჩართული. მომდევნო წლები კიდევ უფრო საინტერესო იქნება, კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელებას ვაპირებთ, იმისთვის, რომ ეს დარგი და მიმართულებები, გაჯანსაღდეს. ჩვენს მრავალფეროვან და დიდი ისტორიის მქონე ქალაქს ყველასგან გამორჩეული, თვითმყოფადი კულტურული ტრადიციები აქვს. თბილისი არის დასავლეთისა და აღმოსავლეთის ჰარმონიული შერწყმის ადგილი - ქალაქი, სადაც ევროპული არსი აზიური ორნამენტებით არის გამოხატული. ამიტომ, კულტურისა და ხელოვნების ხელშეწყობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ის ინსტიტუციურ დონეზე იქნება მხარდაჭერილი. ასევე, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით, ჩვენ გვაქვს საკმაოდ საინტერესო პროექტები, რომლის განხორციელებასაც მომდევნო წლებში ვაპირებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კულტურისა და სპორტის წარმომადგენლებს, ასევე, ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ისინი ქალაქისა და ქვეყნისთვის აკეთებენ. „თქვენი როლი დღევანდელ ცხოვრებაში ძალიან დასაფასებელია. თქვენ, ყველას გიყურებენ ჩვენი შვილები, მომავალი თაობები. ამიტომ, თქვენი ჩართულობა ყველა ამ პროექტში, ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, ყველას პირველ რიგში, ჯანმრთელობა და წარმატებები გისურვოთ. დარწმუნებული ვარ, 2 ოქტომბერს ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ და გაიმარჯვებს ჩვენი დედაქალაქი, იმიტომ, რომ იმ განვითარებასა და აღმშენებლობას, რაც დავიწყეთ, ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს“, - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

საგარეო უწყება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დუმის არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის დუმის არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის 2021 წლის 19 სექტემბრის არჩევნების ჩატარებას და 20-მდე საარჩევნო უბნის უკანონოდ გახსნას, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ, მოსკოვის მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯს, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს და სრულად უგულებელყოფს გაეროს წესდებასა და ჰელსინკის დასკვნით აქტს. ის ფაქტი, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა რუსეთის სახელმწიფო დუმაში - რუსულ პარტიებთან ერთად - ვორონეჟის, ლენინგრადის, სამარის ოლქებისა და იმიერბაიკალეთის მხარის მაჟორიტარ დეპუტატებს ირჩევს, ნათლად მიუთითებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის მიმდინარე პროცესზე. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციამ 2000-იანი წლების დასაწყისიდან განახორციელა უკანონო, იძულებითი პასპორტიზაცია და დღემდე აგრძელებს აღნიშნული რეგიონების ოკუპაციასა და ეფექტურ კონტროლს, რის გამოც საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობას მოკლებულია ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი, ადგილზე ნებისმიერი არჩევნების ჩატარება, მით უფრო, ოკუპანტი სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს დასაკომპლექტებლად უკანონოა და ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს. აღნიშნულ ფაქტს ამყარებს საერთაშორისო სასამართლოს - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომელმაც იურიდიულად დაადგინა რუსეთის ფედერაციის, როგორც ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფოს, პასუხისმგებლობა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დარღვევაში", - ნათქვამია უწყების განცხადებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებულის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, ხელი არ შეუშალოს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განლაგებას და უკან წაიღოს გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი რეაგირება მოახდინოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ, რუსეთის მორიგ უკანონო ნაბიჯზე. ამავე თემაზე: სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, კვლავ სახელისუფლებო პარტია იმარჯვებს

სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

17-19 სექტემბერს გამართული რუსეთის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ისეთ პირობებში, რომელიც ხელს არ უწყობს თავისუფალ და სამართლიან პროცესებს, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის მთავრობის მიერ "ექსტრემისტული ორგანიზაციების", "უცხოელი აგენტების" და "არასასურველი ორგანიზაციების" შესახებ მიღებულმა კანონებმა, მკაცრად შეზღუდა პოლიტიკური პლურალიზმი და ხელი შეუშალა რუს ხალხს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების განხორციელებაში. ამასთანავე, რუსეთის მთავრობის შეზღუდვებმა, რასაც წინ უძღოდა დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურების მარგინალიზაციის ფართო მცდელობა, ხელი შეუშალა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს არჩევნებზე დაკვირვებაში, რაც ზღუდავს გამჭვირვალობას, რაც თავის მხრივ აუცილებელია სამართლიანი არჩევენბისთვის. "მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება რუსეთის ვალდებულებებს, მათ შორის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტს. ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და ძირითად თავისუფლებებს და შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, პოლიტიკური ოპოზიციაზე და დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა. გარდა ამისა, ჩვენ არ ვაღიარებთ, უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის დუმის არჩევნების ჩატარებას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, კვლავ სახელისუფლებო პარტია იმარჯვებს