პოლიტიკა

ბენ ჰოჯესი: უკრაინაში რაც ახლა ხდება, არის იმის გაგრძელება, რაც საქართველოში 2008 წელს დაიწყო

ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ ის რაც ახლა უკრაინაში ხდება, არის იმის გაგრძელება, რაც საქართველოში 2008 წელს დაიწყო. ჰოჯესი ბაიდენ-პუტინის შეხვედრას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ რუსეთი მხოლოდ მაშინ ჩერდება, როცა მას აჩერებენ. „რუსეთი მხოლოდ მაშინ ჩერდება, როცა მას აჩერებენ. ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, არის იმის გაგრძელება, რაც საქართველოში 2008 წელს დაიწყო. პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ 3-6 თვეში ეცოდინებოდა, რა ტიპის დიალოგი ექნება პრეზიდენტ პუტინთან. დრო მიდის“, – წერს ბენ ჰოჯესი Twitter-ზე. ცნობისთვის, გუშინ ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. ჯო ბაიდენის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტებმა პრესკონფერენციები ცალ-ცალკე გამართეს. შეხვედრის შემდეგ ასევე გახდა ცნობილი, რომ აუდიენციას ამერიკის და რუსეთის ლიდერების მხრიდან ვაშინგტონსა და რუსეთში ერთმანეთის მიწვევა არ მოჰყოლია. ჟენევაში გამართული შეხვედრა თითქმის 4 საათს გრძელდებოდა, პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის ჩათვლით. აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ბაიდენის მკაფიო სიგნალი იყო, რომ რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ აშშ და მისი მოკავშირეები ერთიანი არიან - მეთიუ ბრაიზა

ჯო ბაიდენმა „ტოპ მესიჯები“ წარმოთქვა, ვლადიმერ პუტინი კი მსოფლიო სცენაზე რუსეთის მნიშვნელობის ამაღლებას ცდილობდა. ასე აჯამებს აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას ბუშის ადმინისტრაციის დროს სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში. 17 ივნისს, ჟენევაში, ბაიდენი-პუტინის სამიტის დეტალებს მეთიუ ბრაიზა ვრცლად განიხილავს და ამერიკისა და რუსეთის ლიდერების გადმოსახედიდან მიღწეულ შედეგებზე მიუთითებს. ამასთან, დეტალურად უსვამს ხაზს მხარეების მიზნებს. „პრეზიდენტი პუტინი ფიქრობს, რომ სამიტის მოლოდინი გამართლდა და შედეგები უკვე მიღწეულია. მას საერთოდ არ აინტერესებს მინიმალური შეთანხმება, მინიმალური პროგრესი, რომელსაც შეხვედრისას მიაღწიეს, როგორიცაა, დიპლომატების დაბრუნება ვაშინგტონსა და მოსკოვში. ასევე, მას საერთოდ არ აინტერესებს შეთანხმება ან კოორდინაცია კიბერუსაფრთხოების საკითხებზე იმ ფონზე, როდესაც რუსეთმა მასობრივი კიბერშეტევა განახორციელა აშშ-ზე. პუტინისთვის ძალიან მარტივია, განაცხადოს: „ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ კიბერუსაფრთხოებაზე“, თუმცა რუსეთი განაგრძობს კიბერთავდასხმებს აშშ-ზე. ან პირობას დებს და „ცდილობს, განაახლოს მოლაპარაკებები ბირთვულ საკითხებზე“... ეს არის ტაქტიკა პუტინისგან, რომ თქვას, „დიახ ჩვენ გვსურს ურთიერთობების გადატვირთვა შეერთებულ შტატებთან“, რაც სხვათა შორის, სტრატეგიული მნიშვნელობის კუთხით, რუსეთს ისეთივე გლობალურ დონეზე ამაღლებს, როგორც აშშ-ს“. პრეზიდენტი პუტინი ამ დისკუსიას უყურებდა, როგორც მსოფლიოს პოლიტიკურ სცენაზე რუსეთის მნიშვნელობის ამაღლების გზას, რომელსაც შემდეგ გამოიყენებს რუსეთის შიგნით, რომ გააძლიეროს მისი პერსონალური პოლიტიკური პოზიციები და უფრო მარტივად დაასუსტოს ოპოზიცია“, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა. რაც შეეხება პრეზიდენტ ბაიდენს, მეთიუ ბრაიზა მიიჩნევს, რომ აქ, სამიტმა მოლოდინი გაამართლა შედეგის მიღწევის თვალსაზრისით. „სამიტამდე და მას შემდეგაც, პრეზიდენტ ბაიდენს სურდა, მიამიტი არ გამოჩენილიყო რუსეთთან და პუტინთან მიმართებით, როგორც მაგალითად პრეზიდენტ ტრამპის შემთხვევაში ჩანდა. პრეზიდენტ ბაიდენის მხრიდან გაკვეთილის საჭიროებას ვერ ვხედავდი, როდესაც გამოაცხადა, რომ პუტინი მტრულად განწყობილი არ იყო, თუმცა ეს უკეთესი პერფორმანსი იყო მისი მხრიდან, ვიდრე პრეზიდენტ ტრამპისგან, რომელმაც 2019 წელს ჰელსინკში, პუტინთან ერთად ალბათ ყველაზე საშინელი პრესკონფერენცია გამართა, რაც კი ოდესმე მინახავს ამერიკის პრეზიდენტისგან. ვგულისხმობ, გულუბრყვილობას პუტინთან მიმართებით... პრეზიდენტმა ბაიდენმა სამიტამდე დიდი მოლოდინები არ შექმნა, ის ჩავიდა სამიტზე, ზოგი სკეპტიკოსი დიდ პროგრესს არც ელოდა მისგან ამ შეხვედრისას. თუმცა მკაფიოდ თქვა, რომ წამოჭრიდა პუტინის რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხს, ოპოზიციონერ, ალექსენი ნავალნის მოწამვლისა და დაკავების საკითხს და ნათლად განუცხადა პრეზიდენტ პუტინს, რომ თუ რუსეთი განაგრძობს კიბერთავდასხმებს, აშშ მას უპასუხებს. ჯო ბაიდენი: პუტინმა იცის, რომ კიბერშეტევას, ან არჩევნებში ჩარევას შედეგები მოჰყვება პრეზიდენტმა ბაიდენმა ასე ნათლად განაცხადა, რომ სანქციები ძალაში დარჩება და ეს მოხდება რუსეთის ქმედებების გამო, მათ შორის უკრაინაში. თუმცა მე არ ვთვლი, რომ რუსეთის ქცევები შეიცვლება. პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრა კონსტრუქციულ და არა მტრულ გარემოში ჩატარდა და პუტინმაც იგივე თქვა. ეს იყო ის, რაც ბაიდენს სურდა. მას სურდა შეხვედრიდან გამოსულიყო როგორც ბრძენი, (ისეთი როგორიც არის) ასევე, მკაცრი პუტინის მიმართ, პუტინმა კი უპასუხა, რომ მტრულად განწყობილი არ იყო. ასე რომ, ბაიდენისთვის ეს წარმატებული გადაწყვეტა იყო. ჯო ბაიდენი პუტინთან შეხვედრაზე: მე გავაკეთე ის, რისთვისაც ჩამოვედი ადრეა იმის თქმა, შეუწყობს თუ არა ეს ხელს პროგნოზირებად და სტაბილურ ურთიერთობებს, მე ვეჭვობ, ეს მოხდეს ფუნდამენტურად, ვფიქრობ, პუტინი ახლა თავის ტაქტიკას გამოიყენებს, მათ შორის განაგრძობს კიბერთავდასხმებს და სხვა ზომებს, რაც იქნება ჰიბრიდული ომის სტრატეგიის ნაწილი. გადავხედოთ მიმდინარე კვირებს, პრეზიდენტმა ბაიდენმა უდიდესი სამუშაო გასწია სამიტის ჩატარებით. „დიდი შვიდეულის“ სამიტისადმი სოლიდარობის დემონსტრირებით, სამიტი ამერიკის ლიდერების მონაწილეობით, NATO-ს სამიტი, შეხვედრა პრეზიდენტ ერდოღანთან, რომლის ჩამოშორებას აშშ-სგან და NATO-სგან რუსეთი ცდილობდა. ამის შემდეგ პრეზიდენტი ბაიდენი ჩადის ჟენევაში პუტინთან შესახვედრად და ძალიან მკაფიო სიგნალს გზავნის, რომ აშშ და მისი მოკავშირეები ერთიანი არიან რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი ქმედების წინააღმდეგ. ამის შემდეგ, პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე მთავარი გზავნილები წარმოთქვა და იმედი მაქვს, დაარწმუნა პუტინი, რომ შესაძლოა, რუსეთის სტრატეგია არა, მაგრამ ტაქტიკა მაინც შეცვალოს. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ჯო ბუდინმა „ტოპ მესიჯები“ წარმოთქვა, ვლადიმერ პუტინს კი მსოფლიო სცენაზე რუსეთის მნიშვნელობის ამაღლება სურდა", - განაცხადა მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში. ჯო ბაიდენის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტებმა პრესკონფერენციები ცალ-ცალკე გამართეს. შეხვედრის შემდეგ ასევე გახდა ცნობილი, რომ აუდიენციას ამერიკის და რუსეთის ლიდერების მხრიდან ვაშინგტონსა და რუსეთში ერთმანეთის მიწვევა არ მოჰყოლია. ჟენევაში გამართული შეხვედრა თითქმის 4 საათს გრძელდებოდა, პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის ჩათვლით.

ლიეტუვამ და ესტონეთმა რუსეთი მათი საჰაერო სივრცის დარღვევაში დაადანაშაულეს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი დაიბარა და მოსკოვს პროტესტი გამოუცხადა რუსული სამხედრო თვითმფრინავების მიერ ლიეტუვის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის გამო. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი. "15 ივნისს, რუსეთის ფედერაციის ორი სამხედრო თვითმფრინავი უკანონოდ შევიდა ლიეტუვის საჰაერო სივრცეში, ბალტიის ზღვის თავზე. ლიეტუვა მოითხოვს, რომ აიხსნას უკანასკნელი ინციდენტი და მიიღონ ყველა საჭირო ზომები რუსეთის მიერ მომავალში მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში. ანალოგიური ქმედების გამო, რუსეთს პროტესტი გამოუცხადა ესტონეთმაც. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, СУ-35С-ის ტიპის ორმა ავიაგამანადგურებელმა ესტონეთის საჰაერო სივრცე 15 ივნისს დაარღვია. "წელს მეოთხედ, რუსულმა თვითმფრინავებმა დაარღვიეს ესტონეთის საჰაერო სივრცე", - ნათქვამია ესტონეთის თაბდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

დავით ზალკალიანი: ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ მუდმივად იქნება მოკავშირეების გვერდით, რა თქმა უნდა, აქ საქართველო მოიაზრება

"პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ მიატოვებს მოკავშირეებს და იქნება მუდმივად მოკავშირეების გვერდით. რა თქმა უნდა, აქ საქართველო მოიაზრება", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა "ქრონიკასთან" განაცხადა. ზალკალიანმა ჟენევაში გამართული ბაიდენისა და პუტინის სამიტი შეაფასა. "ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ერთ-ერთი მთავარი შედეგი, რომელიც გაჟღერდა არის ის, რომ აშშ და რუსეთის ფედერაცია დაიწყებენ სრულმასშტაბიან დიალოგს სტრატეგიული მნიშვნელობის თემებზე და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ დიალოგში საქართველოსა და კონფლიქტებს რუსეთის ფედერაციასთან, ექნება ერთ-ერთი მთავარი ადგილი. ჩვენ ამაზე გვექნება პროაქტიული კომუნიკაცია და ურთიერთობა, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან. ბაიდენისგან გავიგეთ, რომ მათ აქვთ პრინციპული პოზიცია პრინციპულ საკითხებთან მიმართებაში. მათთვის მთავარია რუსეთს გააგებინონ, რომ დღევანდელი მსოფლიოს დღის წესრიგში გამოწვეული კრიზისი განპირობებულია მათი მხრიდან საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფით. ეს გაჟღერდა ძალიან მკაფიოდ", - განაცხადა დავით ზალკალიანმა. ცნობისთვის, გუშინ ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. ჯო ბაიდენის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტებმა პრესკონფერენციები ცალ-ცალკე გამართეს. შეხვედრის შემდეგ ასევე გახდა ცნობილი, რომ აუდიენციას ამერიკის და რუსეთის ლიდერების მხრიდან ვაშინგტონსა და რუსეთში ერთმანეთის მიწვევა არ მოჰყოლია. ჟენევაში გამართული შეხვედრა თითქმის 4 საათს გრძელდებოდა, პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის ჩათვლით. ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ პასუხს გასცემს იმ ქმედებებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ამერიკისა და მისი მოკავშირეების სასიცოცხლო ინტერესებს. „შეხვედრის ატმოსფერო კარგი და დადებითი იყო. დავაფიქსირეთ ის საკითხები, რომელშიც ერთმანეთს არ ვეთანხმებით. ამერიკამ მსოფლიოს აჩვენა, რომ ჩვენ დავბრუნდით და ჩვენი მოკავშირეების გვერდით ვდგავართ“, - განაცხადა ბაიდენმა.

საქართველოსა და ვატიკანს შორის პირველი ისტორიული თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა

ვატიკანში, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პირველად მოეწერა ხელი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისათვის განათლება და კულტურა ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებებია. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ და გავაღრმავოთ ჩვენი ქვეყნის ღრმა ტრადიციები და ქრისტიანული ღირებულებები, რომელთა განვითარებაც ძალიან ფასეულია. „ერთ-ერთი ასეთი ტრადიციული ღირებულება ტოლერანტობა და შემწყნარებლობაა, რომელიც საქართველოს ისტორიულად მოჰყვება. საქართველოში მიღებულია ყველა რელიგიისა და აღმსარებლობის ადამიანი. საქართველო კულტურათშორისი დიალოგის ერთ-ერთი ცენტრია და ჩვენ ეს უნდა შევინარჩუნოთ. დღეს ამ გზაზე და ამ მიმართულებებით თქვენთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“,- განაცხადა პრეზიდენტმა. საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრისას რამდენიმე ინიციატივით გამოვიდა, მათ შორის, საქართველო - ვატიკანის მუდმივმოქმედი სამეცნიერო საბჭოს შექმნის შესახებ, რომელიც ძველი ქართული ქრისტიანული ლიტერატურის თარგმანს განახორციელებს. კულტურისა და განათლების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს ხელი ვატიკანის კათოლიკური განათლების კონგრეგაციის პრეზიდენტმა, კარდინალ ჯუზეპე ვერსალდიმ და ვატიკანის კულტურის პონტიფიკალური საბჭოს პრეზიდენტმა, კარდინალ ჯანფრანკო რავაზიმ შეხვედრების შემდეგ მოაწერეს. ქართული მხრიდან კი, მემორანდუმს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა სიხარულიძემ მოაწერეს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პირველად ხდება სახელმწიფოთა შორის შეთანხმების გაფორმება, განათლების და კულტურის მიმართულებით, რაც ჩვენი ქვეყნის მკვლევარებს, მეცნიერებსა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს უფრო აქტიური თანამშრომლობის საშუალებას მისცემს. „ეს მემორანდუმი საშუალებას გვაძლევს შემდგომი, კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტისა და ვატიკანის არქივების კიდევ უფრო დაახლოების კუთხით. ჩარჩო მემორანდუმი საშუალებას მოგვცემს, რომ ქართველი მკვლევარებისათვის ხელმისაწვდომი გახდეს ვატიკანის არქივები და ის მასალა, რაც ამ წლების განმავლობაში დაცული და გამოუქვეყნებელი იყო, საჯარო გახდება და უკვე გარკვეული კვლევითი მტკიცებულებები იქნება“, - განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილის კახა სიხარულიძის განცხადებით, ხელმოწერილი მემორანდუმი ძალაში უკვე უკვე დღეიდან შევიდა და ის საშუალებას მოგვცემს, ვატიკანთან კულტურის სფეროში ჩვენი თანამშრომლობა განვავითაროთ. „მემორანდუმი მნშვნელოვანია და ის კულტურის თითქმის ყველა სფეროს მოიცავს. ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოსა და ვატიკანს შორის ურთიერთობებში“, - განაცხადა კახა სიხარულიძემ. ვატიკანის მხრიდან არის მზაობა, რომ საქართველოც ჩაერთოს გლობალურ მოწოდებაში Global Compact on Education, რომელიც მოიცავს ხალხთა შორის ურთიერთობებსა და მომავალი თაობების აღზრდისთვის უმნიშვნელოვანეს განათლების, მეცნიერების, ინოვაციების, ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობას.

პარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე დავით ზალკალიანს მოუსმენენ

21 ივნისს საგარეო საქმეთა კომიტეტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენა იგეგმება. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ მინისტრის მოსმენა დახურულ ფორმატში გაიმართება. მისი ინფორმაციით, კომიტეტი სხდომაზე დავით ზალკალიანისგან მოისმენს მოხსენებას როგორც ნატოს სამიტთან დაკავშირებით ასევე, მეზობელ ქვეყნებში - სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში ვიზიტების შესახებ. „როგორც იცით, „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ ფრაქცია მინისტრის მოსვლა ითხოვა. რეგლამენტით გათვალისწინებულ ვადებში მინისტრი კომიტეტის სხდომაზე გვესტუმრება“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ლუკ კოფი: საქართველოს მეგობრებმა მეტი უნდა იმუშაონ, რათა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში დააბრუნონ

„ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი ლუკ კოფი აცხადებს, რომ დაუჯერებელია, რომ საქართველო არც ერთხელ არ ყოფილა ნახსენები არც პუტინის და არც ბაიდენის პრესკონფერენციებზე. მისივე თქმით, საქართველოს მეგობრებმა მეტი უნდა იმუშაონ, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში დააბრუნონ. „საქართველოს მეგობრებმა დასავლეთში მეტი უნდა იმუშაონ, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია დააბრუნონ საერთაშორისო დღის წესრიგში. საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია. თითქმის დაუჯერებელია, რომ საქართველო არც ერთხელ არ ყოფილა ნახსენები არც პუტინისა და არც ბაიდენის პრესკონფერენციებზე“, – წერს ლუკ კოფი Twitter-ზე. ცნობისთვის, გუშინ ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. ჯო ბაიდენის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტებმა პრესკონფერენციები ცალ-ცალკე გამართეს. შეხვედრის შემდეგ ასევე გახდა ცნობილი, რომ აუდიენციას ამერიკის და რუსეთის ლიდერების მხრიდან ვაშინგტონსა და რუსეთში ერთმანეთის მიწვევა არ მოჰყოლია. ჟენევაში გამართული შეხვედრა თითქმის 4 საათს გრძელდებოდა, პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის ჩათვლით. აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

პირველად საქართველო-ვატიკანის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით წმინდა საყდარში (ვატიკანი) იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ემათივე ცნობით, ეს საქართველოს პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტია, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო-ვატიკანის დიპლომატიური ურთიერთობის ისტორიაში პირველად ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს. დღემდე ვატიკანსა და საქართველოს შორის არცერთ სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი არ გაფორმებულა. "ოფიციალური ვიზიტის პირველ დღეს გამართულ შეხვედრებზე განიხილეს ურთიერთობის ის შესაძლებლობები, რომელიც ქართველ სტუდენტებსა და მკვლევარებს მისცემს საშუალებას ისწავლონ ვატიკანის მუზეუმის სასწავლო ლაბორატორიებში და გაიარონ 6-თვიანი პრაქტიკა 7 სხვადასხვა სახეობის სახელოსნოში. თანამშრომლობის მეორე მიმართულება გამოფენების ჩატარებას უკავშირდება, მესამე კი, ვატიკანის მუზეუმის წარმომადგენლების ჩართვას საქართველოში მიმდინარე სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოებში, რაშიც დღეს გადაუდებელი საჭიროება არსებობს. აღნიშნული საკითხები საქართველოს პრეზიდენტმა ვატიკანის მუზეუმის დირექტორთან ბარბარა იატასთან შეხვედრისას განიხილა, რის შემდეგაც მუზეუმის დირექტორმა პრეზიდენტს მუზეუმში რესტავრაციის კონკრეტული ნიმუშები აჩვენა. საქართველოს პრეზიდენტმა ისტორიული არქივის დირექტორთან კარდინალ ლუის ანტონიო ტაგლესთან შეხვედრისას არქივის იმ ნაწილზე ისაუბრა, რომელიც საქართველოსთვის დიდი ინტერესის მატარებელია და მნიშვნელოვანია ამ არქივზე სამუშაოდ დაშვებული იყვნენ ქართველი სტუდენტები და მკვლევარები, რომლებიც შეძლებენ საქართველოსთვის ამ ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული წყაროების კვლევას, სისტემატიზაციას და კატალოგიზაციას. პრეზიდენტი არქივში გაეცნო წმინდა ქეთევანის წამებისა და მისი წმინდა ნაწილების გადაბრძანების ისტორიას, ასევე, მისი შვილის, თეიმურაზის რწმენით აღსავსე წერილსა და სხვა ავტორების დოკუმენტებს, რომლებიც წმინდა საყდრიდან წარგზვანილი მისიოენერების მიმართ მეგობრულ დამოკიდებულებას გამოხატავენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ვატიკანში საქართველოს პრეზიდენტი აუდიენციას გამართავს მის უწმინდესობა, რომის პაპ ფრანცისკესთან", - ნათქვამია ინფორმაციაში.

Reuters-ი: ევროკავშირი Ryanair-ის ინციდენტთან დაკავშირებით ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა

ევროკავშირი Ryanair-ის ინციდენტთან დაკავშირებით ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა. ამის შესახებ დიპლომატიურ წტაროებზე დაყრდნობით, Reuters-ი წერს. როგორც ცნობილია, სანქციები, რომელიც Ryanair-ის თვითმფრინავის ინციდენტს უკავშირდება, ევროკავშირის ელჩებმა ოთხშაბათს დაამტკიცეს, საგარეო მინისტრები კი მას, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში მიიღებენ. დიპლომატების თქმით, ახალი სანქციების სამიზნე შვიდი ადამიანია, რომლებსაც ბელორუსის საავიაციო სექტორთან კავშირი აქვთ. დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის ელჩები ასევე შეთანხმდნენ სანქციების მეოთხე პაკეტზე, რომელიც, გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების საპასუხოდ, 70-ზე მეტი პირისთვის აქტივების გაყინვასა და მოგზაურობაზე აკრძალვის დაწესებას ითვალისწინებს. როგორც ცნობილია, ეს პაკეტი 23 მაისამდე მზადდებოდა. შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა. ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს. 24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს. 24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.

„შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას ითხოვს

„მოსამართლეთა დანიშვნები უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმების განხილვა პარლამენტში არ დაიწყება“, - ამის შესახებ ფრაქციის „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტში ღიად წერია, რომ მოსამართლეების დანიშვნა უნდა შეჩერდეს. „შეთანხმების შესაბამისად, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ მოსამართლეების დანიშვნებზე. დოკუმენტში მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტში ერთი შეხვედრის გარდა არ გამართულა, რაც ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ აძლევს სივრცეს კლანს რომ მოასწროს ეს დანიშვნები“, - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ. მან პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არამოსამართლე წევრების დანიშვნისთვის კონკურსი გამოცხადდეს. „საქართველოში დადგება დრო, როდესაც მოსამართლე იქნება მართლმსაჯულების მსახური, თითოეული მოქალაქის ინტერესის მსახური და ამას ჩვენ ერთად მივაღწევთ. ჩამოვიყვანთ უცხოელ მოსამართლეებს რომ პოლიტიკური ანგარიშსწორება ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატი შეარჩია

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები სტრატეგიული სტაბილურობის საკითხზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ერთობლივი განცხადების ტექსტს თეთრი სახლი ავრცელებს. „ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტებმა, აღვნიშნეთ, რომ აშშ-მა და რუსეთმა აჩვენეს რომ დაძაბულობის დროსაც კი შეუძლიათ პროგრესს მიაღწიონ სტრატეგიულ სფეროში პროგნოზირებადობის უზრუნველყოფასა და შეიარაღებული კონფლიქტებისა და ბირთვული ომის საფრთხის რისკის შემცირებაში. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ იმ პრინციპს, რომ ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და ის არასდროს უნდა გაჩაღდეს“, - ნათქვამია აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების განცხადებაში. ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი აღნიშნავენ, რომ ამ მიზნების შესაბამისად, უახლოეს მომავალში შეერთებული შტატები და რუსეთი ერთად შეუდგებიან დიალოგს ინტეგრირებული ორმხრივი სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ, რომელიც გააზრებული და ძლიერი იქნება. „ამ დიალოგის საშუალებით, ჩვენ ვცდილობთ საფუძველი ჩავუყაროთ იარაღის კონტროლისა და რისკის შემცირების სამომავლო ზომებს“, - ნათქვამია განცხადებაში. ჯო ბაიდენის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტებმა პრესკონფერენციები ცალ-ცალკე გამართეს. შეხვედრის შემდეგ ასევე გახდა ცნობილი, რომ აუდიენციას ამერიკის და რუსეთის ლიდერების მხრიდან ვაშინგტონსა და რუსეთში ერთმანეთის მიწვევა არ მოჰყოლია. ჟენევაში გამართული შეხვედრა თითქმის 4 საათს გრძელდებოდა, პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის ჩათვლით.

დავით ზალკალიანი: ჩვენი დიპლომატიური სამსახური მუდმივ რეჟიმში მუშაობს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის გასამტკიცებლად

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაეროს მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციის მიღებას გამოეხმაურა. ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ქვეყნის წარმომადგენელს, ვინც დოკუმენტს მხარი დაუჭირა. „გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და ამით ასობით ათას იძულებით გადაადგილებულ პირსა და ლტოლვილს კიდევ ერთხელ გამოუცხადა თანადგომა და მხარდაჭერა. უნდა აღინიშნოს, რომ წელს, გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია თანასპონსორთა რაოდენობა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მიმართ საერთაშორისო საზოგადოების სოლიდარობას. მეტიც, ამ ნაბიჯით საერთაშორისო თანამეგობრობა ხაზს უსვამს, რომ თავად არის ჩართული ამ უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრის საქმეში“ - განაცხადა ზალკალიანმა. როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, დევნილთა უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. „დევნილების უფლებების დაცვა საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ჩვენი დიპლომატიური სამსახური მუდმივ რეჟიმში მუშაობს ამ საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის გასამტკიცებლად“, - აღნიშნა მინისტრმა. მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ COVID-19 პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებიდან გამომდინარე, საქართველოს დიპლომატიურ სამსახურს გასული წლის მსგავსად, წელსაც საგანგებო პირობებში მოუხდა რეზოლუციის მხარდამჭერი კამპანიის წარმოება. მინისტრი მიიჩნევს, რომ ქართული დიპლომატიის დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტიც, რომ პანდემიით გამოწვეული რეგულაციებისა და შეზღუდვების მიუხედავად, საქართველომ ამჯერადაც შეძლო და შეინარჩუნა ყოველწლიური დინამიკა, რაც გამოიხატა, როგორც დევნილების შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის, ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის მიღებაში. გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 75-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 56 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. ირაკლი ღარიბაშვილი: გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუციის მიღებით განამტკიცა დევნილთა უფლება, ღირსეულად დაბრუნდნენ სახლებში

ირაკლი ღარიბაშვილი: გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუციის მიღებით განამტკიცა დევნილთა უფლება, ღირსეულად დაბრუნდნენ სახლებში

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეისსაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დალტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციის მიღებას მიესალმება. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რეზოლუციის თანაავტორთა რიგებს წელს საქართველოსთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 57 ქვეყანა შეუერთდა. “მივესალმებით გაეროს გენერალური ასამბლეის „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალისრეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა დალტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციის მიღებას, რომლის თანაავტორთა რიგებს წელსსაქართველოსთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 57 ქვეყანა შეუერთდა. რეზოლუციის მიღებით, გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილებები და განამტკიცა დევნილთა უფლება, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. მადლობა სვუხდით ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა რეზოლუციის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ, კიდევერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნებისუფლებას და თანადგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

16 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 75-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 56 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლიდან წარადგენს. "რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, ვინაიდან ის გაერო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გზაზე. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს. გასული ორი წლის მსგავსად, გაერო-ს წევრ ქვეყნებს მიმდინარე წელსაც მიეცათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ რეზოლუციის თანაავტორები და ამ გზით, კიდევ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების დაძლევის საერთაშორისო ძალისხმევაში. შედეგად, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან რეზოლუციის თანაავტორთა რიგებს 57 ქვეყანა შეუერთდა, რაც გასულ წელთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია. აღნიშნული ფაქტი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხსენებული რეზოლუცია უკვე გლობალურ ინიციატივას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ COVID-19 პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებიდან გამომდინარე, საქართველოს დიპლომატიურ სამსახურს გასული წლის მსგავსად, წელსაც საგანგებო პირობებში მოუხდა რეზოლუციის მხარდამჭერი კამპანიის წარმოება. ქართული დიპლომატიის დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტიც, რომ პანდემიით გამოწვეული რეგულაციებისა და შეზღუდვების მიუხედავად, საქართველომ ამჯერადაც შეძლო და შეინარჩუნა ყოველწლიური დინამიკა, რაც გამოიხატა, როგორც დევნილების შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის, ასევე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის მიღებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა ინიციატივის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანადგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს", - ნათქვამია იწყების განცხადებაში.

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა შეხვედრისას ერთმანეთს საჩუქრები გადასცეს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავის რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს, ჟენევაში გამართულ სამიტზე, ორი საჩუქარი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრ სახლხე დაყრდნობით BBC ავრცელებს. როგორც ცნობილია, ერთი საჩუქარი არის კრისტალისგან დამზადებული ბიზონის ქანდაკება. "ჩვენი ერის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული ძუძუმწოვარი, ძლიერების, ერთიანობისა გამძლეობის სიმბოლო" - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. მეორე საჩუქარი კი არის "Custom Aviators"-ის სათვალე. თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენს საჩუქრად გადასცა კრებული "მოსკოვი" ხოხლომის ნახატებით.

დავით ზალკალიანმა და გერმანიის ელჩმა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის გაძლიერების საკითხი განიხილეს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთიბის დღის წესრიგი, ასევე საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის გაძლიერების საკითხს. "მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება, მათ შორის აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გაწეული ფასილიტაციის საკითხები, რასაც მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული შედეგი მოჰყვა და წინ გადადგმული ნაბიჯი იყო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ელჩთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე მდგომარეობაზე", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ჯო ბაიდენი: პუტინმა იცის, რომ კიბერშეტევას, ან არჩევნებში ჩარევას  შედეგები მოჰყვება

მან (პუტინმა) იცის, რომ აშშ-ის წინააღმდეგ კიბერთავდასხმის განხორციელების ან არჩევნებში ჩარევის შემთხვევაში შედეგები იქნება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "მოდით სწორად გავიგოთ: როგორ იქნება, მსოფლიოს დანარჩენი ნაწილი რომ შეერთებულ შტატებს განიხილავდეს ქვეყნად, რომელიც სხვა ქვეყნების არჩევნებში უშუალოდ ერევა? რა მოხდებოდა, ჩვენ რომ მის მსგავს საქმიანობაში ვიყოთ ჩართული? ეს ამცირებს იმ ქვეყნის მდგომარეობას, რომელიც ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ ინარჩუნებს მსოფლიოს წამყვანი ძალის სტატუსს", - აღნიშნა ბაიდენმა. როგორც ბაიდენმა აღნიშნა, მან ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ "კრიტიკული ინფრასტრუქტურის" გარკვეულ უბნებს კიბერშეტევები არ უნდა შეეხოს. ბაიდენის თქმით, მან 16 ერთეული კონკრეტული ობიექტი გამოყო, რომლებიც განისაზღვრება, როგორც კრიტიკული ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკის, წყლის ჩათვლით და ორივე მხარე უნდა შეთანხმდეს, რომ ეს კიბერომის საზღვრებს გარეთაა. ბაიდენის თქმით, აშშ-ს აქვს მნიშვნელვანი კიბერშესაძლებლობები და შემდგომ კიბერშეტევებს უპასუხებს.

ჯო ბაიდენი: პუტინს ვუთხარი, თუ ალექსეი ნავალნი ციხეში დაიღუპება, ეს რუსეთისთვის დამანგრეველი იქნება

"პუტინს ვუთხარი, თუ ალექსეი ნავალნი ციხეში დაიღუპება, ეს რუსეთისთვის დამანგრეველი იქნება", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟენევაში, რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბაიდენის თქმით, მან შეხვედრაზე თქვა, რომ მომავალშიც გამოხატავს შეშფოთებას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული გარემოებები. "უნიკალური ვალდებულება გვაქვს, ვმართოთ ორ ძლიერ ქვეყანას შორის ურთიერთობა და ეს ურთიერთობა უნდა იყოს სტაბილური და პროგოზირებადი, უნდა შევძლოთ საერთო ინტერესების საკითხებზე თანამშრომლობა, განსხვავებები არსებობს...ზოგიერთ რამეში არ დავეთანხმეთ, თუმცა ეს მკვახედ არ მომხდარა. ვუთხარი ბატონ პუტინს, რომ ამერიკის დღის წესრიგი არ არის რუსეთის ან ვინმეს წინააღმდეგ. ის მოქმედებს ამერიკელი ხალხისთვის. ასევე ვუთხარი, რომ ამერიკა ვერ შეინარჩუნებს ხალხის რწმენას, თუ ის არ დაიცავს დემოკრატიულ ღირებულებებს, ფუნდამენტურ უფლებებს. როგორ გგონიათ, რა მოხდება, თუ ნავალნი დაიღუპება, ეს დამანგრეველი იქნება რუსეთისთვის. ადამიანის უფლებები ყოველთვის იქნება მოლაპარაკებების მაგიდაზე. ეს არ ეხება რუსეთის წინააღმდეგ წასვლას, როდესაც ვსაუბრობთ ადამიანის უფლებების შელახვაზე. როგორ შეიძლება დავრჩე ამერიკის პრეზიდენტად და ხმა არ ამოვიღო ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ამიტომაც ვუთხარი ბატონ პუტინს, რომ ხმას ავიმაღლებთ ალექსეი ნავალნის საქმეზე და ნათლად ვუთხარი, რომ გავაგრძელებთ საუბარს ადამიანის უფლებებზე, რა თქმა უნდა ვიმუშავებთ უკანონოდ დაკავებული ამერიკელი მოქალაქეების საქმეებზე. ასევე წამოვწიე რადიო თავისუფლების ფუნქციონირების საკითხი",- განაცხადა ბაიდენმა პრესკონფერენციაზე. ბაიდენმა ილაპარაკა იმაზე, რომ საკუთარ პრესკონფერენციაზე ვლადიმირ პუტინმა "სასაცილო" შედარება გააკეთა ამერიკასთან, როცა საუბრობდა რუსეთში ოპოზიციის წინააღმდეგ მთავრობის მოქმედებებზე. "ეს სასაცილო შედარებაა. ერთია, როცა პირდაპირი მნიშვნელობით დამნაშავეები გაარღვევენ კორდონს, შეაღწევენ კაპიტოლიუმში, მოკლავენ პოლიციელს და მათ პასუხს აგებინებენ. და მეორეა, როცა ხალხი წინააღმდეგია, მარშით მიდის კაპიტოლიუმში და ამბობს, თავისუფლად ლაპარაკის საშუალებას არ გვაძლევთო", - აღნიშნა ბაიდენმა. ჟენევაში ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დასრულდა ჯო ბაიდენი პუტინთან შეხვედრაზე: მე გავაკეთე ის, რისთვისაც ჩამოვედი ჯო ბაიდენი: პუტინს ვუთხარი, რომ ამერიკის დღის წესრიგი არ არის რუსეთის წინააღმდეგ, ამერიკა მოქმედებს ამერიკელი ხალხისთვის ჯო ბაიდენი: პუტინთან შეხვედრაზე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა დავადასტურე ჯო ბაიდენი: აშშ უპასუხებს იმ ქმედებებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ამერიკისა და ჩვენი მოკავშირეების სასიცოცხლო ინტერესებს

ჯო ბაიდენი პუტინთან შეხვედრაზე: მე გავაკეთე ის, რისთვისაც ჩამოვედი

"მე გავაკეთე ის, რისთვისაც ჩამოვედი", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, პირისპირ შეხვედრა მნისვნელოვანი იყო და ეს შეცდომას არ წარმოადგენდა. "მე გავაკეთე ის, რისთვისაც ჩამოვედი. პირველი: განვსაზღვრეთ პრაქტიკული სამუშაოების სფეროები, რისი გაკეთება შეუძლია ჩვენს ორ ქვეყანას ორმხრივი ინტერესების ასამაღლებლად და ასევე მსოფლიოს სასარგებლოდ. მეორე: პირდაპირ, პირდაპირ ვუთხარი, რომ აშშ უპასუხებს ქმედებებს, რომლებიც ხელს უშლის ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებს ან ჩვენს მოკავშირეებს. მესამე: ნათლად ჩამოვაყალიბეთ ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტები და ჩვენი ღირებულებები, ასე რომ, მან ეს ჩემგან პირდაპირ მოისმინა", - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ჯო ბაიდენის თქმით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის ტონი "კარგი და პოზიტიური იყო" "მე უნდა გითხრათ მთელი შეხვედრების ტონი - მგონი სულ ოთხი საათი იყო - კარგი, პოზიტიური იყო" , - აღნიშნა ბაიდენმა. ჟენევაში ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დასრულდა ჯო ბაიდენი: პუტინს ვუთხარი, რომ ამერიკის დღის წესრიგი არ არის რუსეთის წინააღმდეგ, ამერიკა მოქმედებს ამერიკელი ხალხისთვის ჯო ბაიდენი: პუტინთან შეხვედრაზე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა დავადასტურე ჯო ბაიდენი: აშშ უპასუხებს იმ ქმედებებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ამერიკისა და ჩვენი მოკავშირეების სასიცოცხლო ინტერესებს

ჯო ბაიდენი: პუტინთან შეხვედრაზე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა დავადასტურე

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პუტინთან შეხვედრისას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა. "უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა დავადასტურე. შევთანხმდით, რომ დიპლომატიურ ქმედებებში ვიქნებით ჩართულნი მინსკის შეთანხმებების შსასრულებლად", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. ჟენევაში ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დასრულდა ჯო ბაიდენი: პუტინს ვუთხარი, რომ ამერიკის დღის წესრიგი არ არის რუსეთის წინააღმდეგ, ამერიკა მოქმედებს ამერიკელი ხალხისთვის