ეკონომიკა

დღეიდან, ქუთაისსა და კრაკოვს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდა

დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია -Wizz Air-მა კრაკოვის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთაინება ავრცელებს. მათივე ცნობით, პირველ რეისს კრაკოვიდან 133 მგზავრი ჩამოყვა. მათი უმრავლესობა პოლონეთის მოქალაქეები იყვნენ. პანდემიის შემდეგ პირველ განახლებულ რეისთან დაკავშირებით მგზავრებს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. ,,ნაყოფიერი გამოდგა საქართველოში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის Wizz Air-ის ვიზიტი. ჩვენთან შეხვედრებისა და კონსულტაციების შედეგად სულ ცოტა ხანში კომპანიის მენეჯმენტმა გადაწყვეტილება მიიიღო, რომ კრაკოვსა და ქუთაისს შორის პირდაპირი რეგულარული მიმოსვლა აღედგინა. ამ ეტაპზე, Wizz Air დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან პირდაპირ რეგულარულ რეისებს 9 ქვეყნის 15 მიმართულებით ასრულებს. რეგულარული ავიაიმოსვლის განახლებიდან, Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 80 ათასზე მეტი მგზავრი გადაიყვანა,-‘’განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ. ევროპის უძველესი ქალაქი კრაკოვი პოლონეთის რიგით მე-5 მიმართულება, სადაც მოხვედრა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკვე კვირაში ორჯერ არის შესაძლებელი. ამ ეტაპზე, ქუთაისიდან პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრა მგზავრებს პოლონეთის 5 ქალაქში: ვარშავაში, გდანსკში, ვროცლავში, კატოვიცესა და კრაკოვში შეუძლიათ. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების მიხედვით, სიხშირეებისა და ახალი მიმართულებების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.

მსოფლიო ბანკი Doing Business-ის ანგარიშის გამოქვეყნებას წყვეტს

მსოფლიო ბანკი Doing Business-ის ანგარიშის გამოქვეყნებას წყვეტს. მსოფლიო ბანკმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 2018 და 2020 წლების ანგარიშებში დარღვევები აღმოაჩინეს. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის მიერ 16 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც ცნობლია, მსოფლიო ბანკი არსებული მონაცემების გადამოწმებას იწყებს. "ყველა ხელთასრსებული ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ, მათ შორის წარსული შემოწმებების, აუდიტებისა და ანგარიშების გათვალისწინებით, მსოფლიო ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღარ გააგრძელოს doing business ანგარიშის გამოქვეყნება", - ნათქვამია ბანკის განცხადებაში. მსოფლიო ბანკის თანახმად, შიდა აუდიტისა და კერძო იურიდიული ფირმის "WilmerHale-ის" დამოუკიდებელი გამოძიების თანახმად, მსოფლიო ბანკის მაღალი თანამდებობის მქონე პირები, მათ შორის კრისტალინა გეორგიევა, რომელიც ახლა მსოფლიო სავალუტო ფონდს ხელმძღვანელობს, მანამდე კი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი იყო, გავლენას ახდენდნენ თანამშრომლებზე, რათა მიეღოთ ჩინეთისა და სხვა ქვეყნებისთვის სასარგებლო მონაცემები. შედეგად, 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში, მეთოდოლოგიის ცვლილების შემდეგ, ჩინეთი შვიდი საფეხურით დაწინაურდა. გეორგიევა უარყოფს ჩატარებული აუდიტისა და გამოძიების შედეგებს და აცხადებს, რომ ისინი ყალბ ინფორმაციას შეიცავს. ცნობისთვის, Doing business-ის ანგარიშს მსოფლიო ბანკი 2003 წლიდან შემდეგ, ყოველწლიურად აქვეყნებდა. Doing Business-ის ანგარიში აფასებს მარეგულირებელ გარემოს, ბიზნესის დაწყების სიმარტივეს, ინფრასტრუქტურასა და ბიზნესის კლიმატის სხვა მაჩვენებლებს.

საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი გახდა

2021 წელს საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი 4 წლის ვადით გახდა. არჩევნები საბერძნეთში, ქალაქ ათენში, ორგანიზაციის ევროპის კომისიის რიგით 66-ე შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგრძელებს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან (USAID, GIZ, EU, ADA, FAO, UNDP, EBRD, WB) ინტენსიურ თანამშრომლობას, რომელიც ორიენტირებულია, როგორც ინდუსტრიის დახმარებასა და გაძლიერებაზე, ასევე მდგრადი ტურიზმის ხელშეწყობაზე. კერძოდ: სტრატეგიული დოკუმენტების მომზადება - ტურიზმის კანონი, ეკო-ტურიზმის სტრატეგია, აგრო ტურიზმის სამოქმედო გეგმა, ტურიზმის აღდგენის სამოქმედო გეგმა; ახალი ტურისტული ადგილების, პროდუქტებისა და სერვისების განვითარება; მცირე გრანტების პროგრამები ტურიზმის კერძო სექტორისთვის; კერძო და საჯარო დიალოგის ხელშეწყობა და პლატფორმის შექმნა; ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია; ციფრული ტრანსფორმირების ხელშეწყობა; მომსახურების ხარისხის ამაღლება და ტრენინგების ორგანიზება ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის; DMO-ების განვითარების მხარდაჭერა; ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების განახლება და ოპერირების მხარდაჭერა და პოსტ-პანდემიურ პერიოდში ინდუსტრიის აღდგენის მხარდაჭერა (მარკეტინგული აქტივობების მხარდაჭერა კერძო სექტორისთვის, ახალი ინიციატივების წარდგენა) 2021 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურიზმის სფეროში ორმხრივი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის სხვადასხვა შეთანხმება და მემორანდუმი მოამზადა შემდეგ ქვეყნებთან: არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ისრაელი, კორეა, სან-მარინო და მავრიკი.

ეკონომიკის მინისტრი: ძალიან დიდი იმედი გვაქვს, „ენკასთან“ არბიტრაჟში არ აღმოვჩნდებით

"ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ „ენკასთან“ ერთად საერთაშორისო არბიტრაჟში არ აღმოვჩნდებით და ყველაფერს მოლაპარაკების გზით მოვაგვარებთ. მათი ამოცანა არის პროექტის აშენება და არა სასამართლოში სიარული",- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ნამახვანჰესის პროექტის შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა. მინისტრის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ურთიერთშეთანხმებით მოხდეს „ნამახვანჰესის“ პროექტის გაგრძელება. "საქართველოსთვის ნამახვანის ჰესის არსებობა უმნიშვნელოვანესია. ვინაიდან დღეს არის ასეთი ვითარება, რომ საერთაშორისო არბიტრაჟის რისკი დგას, მე თავს შევიკავებ დეტალებზე საუბრისგან იმისთვის, რომ შესაძლო დავის შემთხვევაში ჩვენი პოზიციები არ დავაზიანო. თუმცა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავამდე საქმე არ მივიდეს, ისევ მოლაპარაკებით და კომუნიკაციით გადაწყდეს ეს საკითხი. ჩვენ კვლავაც ვადასტურებთ და ეს პრემიერ-მინისტრმაც ბრძანა, რამდენად მნიშვნელოვანია თავად ნამახვანის პროექტი და ზოგადად, ქართული ენერგეტიკა, ქართული ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგო უსაფრთხოება. აქედან გამომდინარე, ეს პროექტი უნდა განხორციელდეს, შეიძლება, განხორციელდეს უკეთესი პირობებით, რადგან ყოველთვის შეიძლება პირობების გაუმჯობესება. ფაქტია, რომ ჩვენი წინა კომუნიკაცია ინვესტორთან თვეების განმავლობაში მიდიოდა, სადაც ჩართული იყო ევროკავშირის მედიაცია, ადგილობრივი ორგანიზაციები და ასე შემდგ, ეს იყო მიმართული, რომ უფრო მეტად განხორციელებადი გამხდარიყო აღნიშნული პროექტი. მოდით, ნუ გავასწრებთ მოვლენებს, ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ არბიტრაჟში „ენკასთან“ არ აღმოვჩნდებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოლაპარაკებით მოგვარდეს ეს საკითხი, რადგან თვითონ კომპანია „ენკაც“ არაერთხელ ადასტურებდა, რომ ისინი არიან ინვესტორები და მშენებლები, მათი ამოცანა არის პროექტის აშენება და არა სასამართლოში სიარული. ამ მიმართულებით ვართ ჩვენც და მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ურთიერთშეთანხმებით მოხდეს ამ პროექტის გაგრძელება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ პროექტი შედგეს გაუმჯობესებული პირობებით, უფრო უსაფრთხოდ. პროექტი აუცილებლად უნდა შედგეს, ამაზე ვგრძნობთ პასუხისმგებლობას“, – განაცხადა თურნავამ. ნამახვანჰესი აღარ აშენდება. Enka Renewables-ი სახელმწიფოსთან ხელშეკრულებას წყვეტს ენერგოუსაფრთხოების ექსპერტი: ნამახვანჰესის უსაფრთხოდ აშენებას 2 მილიარდი დოლარი სჭირდებოდა, ახლა კი 750 მილიონ დოლარად აშენებენ ფინანსისტი ირაკლი ერაძე: 2021 წელს რუსეთი საქართველოსთვის ელექტროენერგიის მთავარი იმპორტიორი გახდა

ნათია თურნავა: საქართველო მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლების ინდექსით მე-9 ადგილზეა და სტატუსი აქვს „ქვეყანა თავისუფალი ინტერნეტ სივრცით“

„საქართველო დღეს აღიარებულია ქვეყნად თავისუფალი ინტერნეტ სივრცით. ჩვენი შემდგომი გადაწყვეტილებები მიმართულია იქითკენ, რომ გავხდეთ რეგიონული ციფრული ჰაბი, რაც ქვეყანას მისცემს დამატებით შემოსავლებს, ინვესტიციებს, ახალ სამუშაო ადგილებს,“ - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ინტერნეტის თავისუფლების ინდექსში საქართველოს მიღწევები. „ინტერნეტზე წვდომა საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებაა, რაც 2018 წელს საქართველოს ხელისუფლების ინიციატივით ქვეყნის კონსტიტუციაში აისახა. ჩვენ ინტერნეტზე წვდომის მაჩვენებლის გაუმჯობესების მიმართულებით არაერთი გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის ეს არის წვდომა საგანათლებლო რესურსებთან, კავშირების დამყარება ბიზნეს პარტნიორებთან, საკუთარი პროდუქციისთვის გასაღების ახალი ბაზრების მოძიება და ა.შ.“, - აცხადებს ნათია თურნავა. მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობაზე ქვეყანაში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით, განსაკუთრებით გამოყო საქართველოსა და აშშ-ს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმება. ნათია თურნავას განცხადებით, 2021 წლის დასაწყისში ამერიკულ მხარესთან ხელმოწერილი მემორანდუმით საქართველო მიუერთდა „Clean Network“ ინიციატივას, რაც თავის მხრივ ხაზს უსვამს სანდო მომწოდებლებისგან 5G ქსელის უსაფრთხოებისათვის საჭირო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების გამოყენებას, მოქალაქეთა კონფიდენციალურობისა და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე არასანქცირებული წვდომისგან დაცვას და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას. გარდა ამისა, იძლევა შესაძლებლობას, შეიქმნას აპლიკაციების ფართო სპექტრი, მათ შორის, რომლებიც გამოყენებული იქნება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მომსახურების მისაწოდებლად, რაც სარგებელს მოუტანს ორი ქვეყნის მოქალაქეებსა და ეკონომიკებს. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველო მთავრობის მიერ საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 5 წლიანი ეროვნული სტრატეგიის დამტკიცებას, რომლის მიზანია ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარება, რეგიონში საქართველოს ციფრული და საინფორმაციო ჰაბად გარდაქმნა, კონკურენციის სტიმულირება, ახალი ინვესტიციების მოზიდვა, ციფრული უნარების განვითარება და სხვა. „ჩვენ არ ვაპირებთ მიღწეულით დაკმაყოფილებას. ვგეგმავთ, რომ გავზარდოთ ქვეყნის ინტერნეტიზაციის მაჩვენებელი. ამისთვის აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც დონორ ორგანიზაციებთან, მათ შორის, მსოფლიო ბანკთან, აგრეთვე კერძო სექტორთან. ჩვენ კარგად გვესმის ინტერნეტთან წვდომის მნიშვნელობა ციფრულ ეპოქაში, ამდენად, ამ მხრივ, ვახორციელებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. საქართველოს აქვს ყველა რესურსი საიმისოდ, რომ უახლოეს პერიოდში გახდეს ინტერნეტ ჰაბი და საკუთარ ბაზარზე შეძლოს მსხვილი საერთაშორისო ტექნოლოგიური ბიზნესების მობილიზება,“ - განაცხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2025 წლისთვის 4G ქსელებით უნდა დაიფაროს საქართველოს ტერიტორიის 99 პროცენტი, ხოლო 5G სერვისების პილოტირება უნდა მოხდეს მინიმუმ სამ მუნიციპალიტეტში. გარდა ამისა, მიმდინარეობს მუშაობა ერთიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის შექმნაზე, რომელიც უნდა უზრუნველყოფს საბითუმო ინტერნეტ მომსახურებების მიწოდებას ტელეკომ ოპერატორებისთვის.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდას მხარი დაუჭირა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 2022 საფინანსო წლის თავდაცვის ბიუჯეტის 777 მილიარდი დოლარით გაზრდას მხარი დაუჭირა. დოკუმენტს მთლიანობაში - 316-მა დეპუტატმა, „დემოკრატებმა“ და „რესპუბლიკელთა“ უმეტესობამ დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგი იყო 113 დეპუტატი. კანონპროექტი ტრადიციულად თავდაცვითი ხარჯების გარდა, სხვადასხვა პოლიტიკურ წინადადებასაც მოიცავს, მათ შორის რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრებას. კერძოდ, მასში შეტანილია შესწორება, რომლის მიხედვითაც, სანქციების შემოღების შესაძლებლობა რუსეთის 35 ბიზნესმენის, მაღალჩინოსნისა და მედია მენეჯერის წინააღმდეგ განიხილება. ასევე წაიკითხეთ: აშშ რუსეთისთვის ახალ სანქციებს ამზადებს დოკუმენტი ასევე, ადმინისტრაციას უფლებას უკარგავს, შეაჩეროს იმ კომპანიების მიმართ სანქციები, რომლებიც დაკავშირებული არიან გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2თან“. წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული ახალი შესწორებით, აშშ-ის მოქალაქეებს ეკრძალებათ რუსეთის სუვერენული ვალის შესყიდვა და გაყიდვა როგორც პირველად, ისე მეორად ბაზრებზე. არსებული სანქციები რუსეთის ახალი სუვერენული ვალის შესყიდვას კრძალავს, თუმცა ეს არ ეხება მეორად ვაჭრობას. რაც შეეხება ახალ შესწორებას, ის თავდაცვის ხარჯების კანონპროექტს დაემატება და აშშ-ის არჩევნებში ჩარევის გამო მოსკოვის მიმართ გამოყენებული ზომების ნაწილია. ეს კანონი სენატმა უნდა განიხილოს. კანონპროექტის ავტორების თქმით, სუვერენულ ვალზე სანქციამ შესაძლოა, რუსეთის მთავრობას სესხის ფასი 0.5 პროცენტიდან 0.8 პროცენტამდე გაუზარდოს.

ფინანსისტი ირაკლი ერაძე: 2021 წელს რუსეთი საქართველოსთვის ელექტროენერგიის მთავარი იმპორტიორი გახდა

საქართველოსთვის ელექტროენერგიის მთავარი მომწოდებელი რუსეთი გახდა. 2021 წელს რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი, 2020 წელთან შედარებით 171%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ Europetime-ს ფინანსისტმა ირაკლი ერაძემ განუცხადა. ირაკლი ერაძე ნამახვანჰესის მშენებლობის პროექტის გაუქმების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ჰესების არ აშენება, პირდაპირ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. „ბოლო რამოდენიმე დღეა, „რიონის ხეობის მცველების“ მხრიდან ვიღებთ მილოცვებს ნამახვანჰესის პროექტის ინვესტორის, „ენკას“ პროექტიდან გასვლის განზრახვასთან დაკავშირებით. უნდა გვესმოდეს, რეალურად რას გვილოცავენ: ქვეყნის ელექტროენერგიით მომარაგების უცხო ქვეყნების იმედზე დატოვებას, მზარდი ელექტრომოხმარების პირობებში თბოსადგურებისთვის მეტი რაოდენობით ბუნებრივი აირის შესყიდვას, ქარის და მზის ელექტროსადგურების მშენებლობის პოტენციალის მინიმუმ განახევრებას, ქვეყნის საინვესტიციო რეპუტაციის საბოლოოდ განადგურებას, მეზობელი ქვეყნებისთვის, მათ შორის რუსეთისთვის, ენერგომატარებლების შესაძენად, ბევრად მეტი თანხის გადახდას, საერთაშორისო სავაჭრო ანგარიშის გაუარესებას,შესაბამისად ლარის სავალუტო კურსის გაუარესებას და კიდევ ბევრ ცუდ ამბავს. მისალოცად კი ნამდვილად აქვს საქმე რუსეთს. მხოლოდ 2021 წელს, 8 თვის განმავლობაში, ელექტროენერგიის იმპორტი 171%-ით, თითქმის ორჯერ არის გაზრდილი. მანამდე მთავარი მომწოდებელი აზერბაიჯანი იყო. ჩავთვალოთ, რომ რუსი ჯარისკაცი დავსვით იმ ე.წ „რუბილნიკთან“, რომლის ჩართვა-გამორთვაზეა იქნება დამოკიდებული მთლიანად ჩვენი ენერგოუსაფრთხოება, ძალიან ახლო მომავალში. ის მაინც მოვახერხოთ, რომ ამ „პატრიოტული“ მილოცვების მიღებისას მადლობა შიშნარევი, დაბალი ხმით გადავიხადოთ", - განუცხადა Europetime-ს ირაკლი ერაძემ. ფინანსისტის ცნობით, უკანასკნელი წლების სტატისტიკის თანახმად, რუსეთიდან საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის წილი მთლიან იმპორტში მხოლოდ და მხოლოდ 13%-დან 35%-ის ფარგლებში მერყეობდა და 2017 წლიდან მთავარი მომწოდებელი აზერბაიჯანი იყო. როგორც Europetim-თან საუბარში ენერგეტიკის ექსპერტი, ენერგეტიკის აკადემიის წევრი პაატა ცინცაძე აცხადებს, წლების წინ, ელექტროენერგიის ექსპორტიორი საქართველო, ბოლო წლების განმავლობაში, არა თუ ექსპორტს ვეღარ ახორციელებს, ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარების გამო, (12 მილიარდ კილოვატ საათამდე), ყოველწლიურად თვითონ შეისყიდის 1.5 მილიარდზე მეტ კილოვატ საათს სამი ქვეყნიდან, მათ შორის რუსეთიდან. „მიუხედავად ამ მოცემულობისა, ქვეყანაში დიდი ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგება მოსახლეობის გარკვეული ნაწილი. ჩვენ ჯერ ჩვენი შიდა ბაზარი არ გვაქვს დაკმაყოფილებული. ახლა სამი ქვეყნისგან ვყიდულობთ, ელექტროენერგიას - რუსეთისგან, აზერბაიჯანისგან და თურქეთისგან. ადრე ვიყავით ექსპორტიორი ქვეყანა, ახლა არათუ საექსპორტო მოცულობები აღარ გვაქვს, ჩვენ თვითონ ვყიდულობთ. ერთადერთი რესურსი, რითაც ელექტროენერგიის წარმოება შეგვიძლია, არის ჰიდრო რესურსი. ჰესების მშენებლობა არის ერთადერთი ხსნა იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს ჩვენი ენერგეტიკა და მინიმალურად დამოკიდებული ვიყოთ სხვა ქვეყანაზე. მდინარე, რომელსაც აქვს ამხელა პოტენციალი და შესაძლებელია წყალსაცავიანი ჰესების მშენებლობა, საქართველოში სულ ორია. ერთი არის ენგური, მეორე რიონი. სხვა მდინარეებს ამხელა პოტენციალი არ აქვთ. მთელი საქართველოს მდინარეების ტექნიკურად გამოსაყენებლი ჰიდროპოტენციალი, დაახლოებით 40 მილიარდი კილოვატ საათია. რესურსის ნახევარი ამ ორ მდინარეზე მოდის. ამიტომ, ადრე თუ გვიან ნამახვანი და ხუდონჰესი აუცილებლად აშენდება. სჯობს ადრე აშენდეს. მეტი გზა არ გვაქვს. თუ, რა თქმა უნდა, გვინდა დამოუკიდებლობა, ევროკავშირის წევრობა. თუ რუსეთის გუბერნიად გადაკეთება გვსურს, მაშინ აღარ გვინდა აღარაფერი, რუსები შეგვინახავენ. მაგრამ ეს ხომ არ გვინდა?! ყველა სახელმწიფო ცდილობს, ენერგოდამოუკიდებლობის ამღლებას", - განუცხადა Europetime-ს ენერგეტიკის ექსპერტმა. ელექტროენერგიის მოწოდებასთან დაკავშირებული სტატისტიკა დღეს BPN-მა გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ კომპანია Enka Renewables-მა ნამახვანჰესის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულება გაწყვიტა. რამდენიმე წლის განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობა და გარემოს დამცველები ნამახვანჰესის არსებული პროექტით აშენებას აპროტესტებენ. პროექტის შეჩერების მოთხოვნით არაერთი მასშტაბური აქცია მოეწყო. რიგი სპეციალისტები აცხადებდნენ, რომ ჰესის ასაშენებლად სათანადო კვლევები არ არის ჩატარებული. სახელმწიფომ ახალი ექპერტიზა დანიშნა და უცხოეთიდან საექსპერტო კომპანიები მოიწვია. "ენკას" მხრიდან ხელშეკრულების გაწყვეტის ფაქტზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს უარყოფითად აისახება საქართველოს საინვესტიციო იმიჯზე და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაზე. ნამახვანჰესი აღარ აშენდება. Enka Renewables-ი სახელმწიფოსთან ხელშეკრულებას წყვეტს ენერგოუსაფრთხოების ექსპერტი: ნამახვანჰესის უსაფრთხოდ აშენებას 2 მილიარდი დოლარი სჭირდებოდა, ახლა კი 750 მილიონ დოლარად აშენებენ ენერგეტიკის ექსპერტი: როგორ შეიძლება ჰესის ტექნიკური ნაგებობის მაღალი დონის ექსპერტიზა არ ჩატარდეს?! თურქეთი რუსეთზე კიდევ უფრო ენერგოდამოკიდებული ხდება - ენერგეტიკის ექსპერტი პაატა ცინცაძე

საქართველოში სურსათის ბანკის შექმნის საკითხი განიხილება

სურსათის ბანკის შექმნასა და სურსათის მარაგების სწორად მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხატია წილოსანის და საფრანგეთის საელჩოს ეკონომიკის სამსახურის უფროსის, ფრანსუა ჰენრი კლოარეკს შორის გამართულ შეხვედრაზე. პარლამენტის ცნობით, ხატია წილოსანმა განაცხადა, რომ „აგრარულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, „კარფურთან“ თანამშრომლობითა და გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაციის ერთობლივი ხედვით, საკანონმდებლო ჩარჩოს მოწესრიგება იგეგმება, რომელიც სურსათის მარაგების სწორად განაწილებას შეუწყობს ხელს. „აღნიშნული ინიციატივა შესაძლებელს გახდის, ქვეყნის მასშტაბით, უვნებელ სურსათზე კიდევ უფრო მეტ ხელმისაწვდომობას გახდის შესაძლებელს. ფრანგული გამოცდილების გაზიარების მიზნით, საფრანგეთის საელჩოს ატაშესთან შეხვედრაზე, საელჩოს მხრიდან ქართველი სპეციალისტებისთვის საფრანგეთში სასწავლო ვიზიტის უზრუნველყოფის მზადყოფნა გამოითქვა, რაც ჩვენ სპეციალისტებს სურსათის მარაგების მართვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ცოდნას შესძენს“, - განაცხადა ხატია წილოსანმა.

საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე მიხეილ ლომთაძე ყაზახეთში საუკეთესო ხელმძღვანელად დასახელდა

ყაზახეთში, Growth Forum-ის ყოველწლიურ ფორუმზე წლის საუკეთესო მენეჯერებისა და საუკეთესო კომპანიებისათვის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. მიხეილ ლომთაძე, Kaspi.kz- ის ხელმძღვანელი და თანადამფუძნებელი, ზედიზედ მესამედ დასახელდა „წლის საუკეთესო აღმასრულებელ დირექტორად“. მან ჯილდო ინოვაციური განვითარებისთვის მიიღო. „წლის ტრანსფორმატორის“ წოდება ასევე მიენიჭა მის კომპანიას Kaspi.kz-ს. დაჯილდოებაში ყოველწიურად 500 საუკეთესო კომპანია და მათი ხელმძღვანელები მონაწილეობენ. 9 სექტემბერს, გამოცემა Forbes-ის მიერ გავრცელებული ცნობოთ, მიხეილ ლომთაძემ ივანიშვილს $200 მლნ-ით გაუსწრო და საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე გახდა.

აზიის განვითარების ბანკმა ვაქცინაციისთვის საქართველოს $15 მლნ-იანი სესხი დაუმტკიცა

აზიის განვითარების ბანკმა ვაქცინაციისთვის საქართველოსთვის $15 მლნ-იანი სესხი გამოყო. ეს ფინანსური რესურსი ქვეყანას დაეხმარება დაახლოებით 700,000 დოზა კოვიდვაქცინის, ასევე ნემსების, უსაფრთხოების ყუთებისა და ვაქცინაციისთვის საჭირო სხვა ნივთების შეძენასა და ჩამოტანაში. ADB-ის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ განაცხადა, რომ ვაქცინაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია ვირუსის გავრცელებისა და მისით გამოწვეული გართულებების შესამცირებლად. ასევე წაიკითხეთ: აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს $100 მლნ-იანი სესხი დაუმტკიცა „ეს პროექტი საქართველოში ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას უზრუნველყოფს, შეამცირებს დაავადების გავრცელებასა და მისით გამოწვეულ სიკვდილიანობას და აღადგენს მოსახლეობის თავდაჯერებულობას. ADB სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს COVID19-ის უარყოფითი გავლენის მართვაში ჯანდაცვაზე, სოციალურ დაცვასა და ეკონომიკაზე და ეს პროექტი ქვეყნის პანდემიასთან გასამკლავებლად მიმართული ADB-ის სრული მხარდაჭერის მთავარი კომპონენტია“. „ახლად დამტკიცებული პროექტი ADB-ის მიერ საქართველოს COVID19-ის საპასუხოდ გაწეული დახმარების კიდევ ერთი საფეხურია. ADB-მ საქართველოს უკვე გამოუყო $100 მილიონიანი სესხი მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სოციალური დაცვის მექანიზმებისა და დაზარალებული ბიზნესების მხარდაჭერის დასაფინანსებლად. $200 მილიონიანი საბიუჯეტო სესხი ქვეყნის სოციალური დაცვის, ფისკალური და ვალის მართვის სისტემების გასაძლიერებლად გამოიყო და $2.5 მილიონიანი გრანტი გაიცა ლაბორატიული სატესტო შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად“, - ნათქვამია ბანკის განცხადებაში. ADB-ის დახმარება 300,000-ზე მეტი მოქალაქის, საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 8%-ს აცრას გახდის შესაძლებელს. ამ დროისთვის ერთი დოზით აცრილია მოსახლეობის 26%, ხოლო ორი დოზით აცრილია მთლიანი მოსახლეობის 20%.

აშშ რუსეთისთვის ახალ სანქციებს ამზადებს

წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული ახალი შესწორებით, აშშ-ის მოქალაქეებს ეკრძალებათ რუსეთის სუვერენული ვალის შესყიდვა და გაყიდვა როგორც პირველად, ისე მეორად ბაზრებზე. არსებული სანქციები რუსეთის ახალი სუვერენული ვალის შესყიდვას კრძალავს, თუმცა ეს არ ეხება მეორად ვაჭრობას. რაც შეეხება ახალ შესწორებას, ის თავდაცვის ხარჯების კანონპროექტს დაემატება და აშშ-ის არჩევნებში ჩარევის გამო მოსკოვის მიმართ გამოყენებული ზომების ნაწილია. ეს კანონი სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში ფართო მხარდაჭერით დამტკიცდება წარმომადგენელთა პალატაში, რის შემდეგაც ის სენატმა უნდა განიხილოს. კანონპროექტის ავტორების თქმით, სუვერენულ ვალზე სანქციამ შესაძლოა, რუსეთის მთავრობას სესხის ფასი 0.5 პროცენტიდან 0.8 პროცენტამდე გაუზარდოს. რუსეთმა არაერთხელ უარყო ბრალდებები აშშ-ის არჩევნებში ჩარევის შესახებ.

Wizz Air-ი ფრენებს ნოემბრიდან სამი მიმართულებით განაახლებს, დეკემბრიდან კი ახალ ავიარეისს ამატებს

ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან აბუ-დაბის მიმართულებას 16 დეკემბრიდან ამატებს, ბარსელონის, ბერლინისა და ვენის მიმართულებით კი რეისებს ნოემბრიდან განაახლებს. ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები ასევე, 3 ქალაქის: ბარსელონის, ბერლინისა და ვენის მიმართულებით განახლდება. „საქართველოსა და ესპანეთს შორის პირდაპირი რეგულარული რეისები, რომელიც პანდემიის დაწყებისას შეწყდა, ნოემბრიდან, პირველ ეტაპზე, კვირაში ერთი სიხშირით აღდგება. რაც შეეხება ავსტრიის დედაქალაქს, ვენის მიმართულებით რეისები ნოემბრიდან კვირაში ორი სიხშირით განახლდება. ბერლინში მოხვედრა კი ქუთაისიდან, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, კვირაში ერთი სიხშირით იქნება შესაძლებელი. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ახალი მიმართულებები და სიხშირეები ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით კვლავ დაემატება", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში. ავიაბილეთები უკვე ხელმისაწვდომია ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი2-ის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი2-ის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა. იუწყება „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიურო. მას სენატმაც უნდა დაუჭიროს მხარი, რათა დოკუმენტი კანონად იქცეს. ამის შემდეგ დოკუმენტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს გადაეგზავნება. სანქციები შეეხება ყველა პირსა და კომპანიას, რომელიც გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მშენებლობასა და ფუნქციონირებასთან არის კავშირში. აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ პროექტზე შეთანხმებას 21 ივლისს მიაღწიეს. შედეგად, გერმანია ვალდებულია, ზომები მიიღოს, თუ რუსეთი ენერგომატარებლის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებას შეეცდება, ან თუ უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებას ჩაიდენს. ეს მოიცავს გერმანიის მიერ ზომების გატარებას როგორც ეროვნულ, ასევე ევროკავშირის დონეზე, მათ შორის სანქციების დაწესებას. მისი მშენებლობა 10 სექტემბერს დასრულდა. Nord Stream AG-აღნიშნავენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ პროექტი მიმდინარე წლის ბოლომდე ამოქმედდება. ამავე თემაზე: რუსულ „გაზპრომს“ გერმანიის სასამართლომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ სიმძლავრის 100%-ის გამოყენებაზე უარი უთხრა

აშშ-მა და ევროკავშირმა პანდემიის დასაძლევად მსოფლიოს ვაქცინაციისა და სიცოცხლეების გადარჩენის დღისწესრიგი წარადგინეს

აშშ-მა და ევროკავშირმა პანდემიის დასაძლევად მსოფლიოს ვაქცინაციისა და სიცოცხლეების გადარჩენის დღისწესრიგი წარადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს. "ვაქცინაცია კორონავირუსის პანდემიაზე ყველაზე ეფექტური პასუხია. შეერთებული შტატები და ევროკავშირი ტექნოლოგიური ლიდერები არიან ვაქცინის მოწინავე პლატფორმებსა და კვლევებში. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აგრესიულად მივყვეთ მსოფლიოს ვაქცინაციის დღისწესრიგს. აშშ-ისა და ევროკავშირის კოორდინირებული საქმიანობა ხელს შეუწყობს ვაქცინების მიწოდების გაფართოებას, უფრო კოორდინირებული და ეფექტური გზით მიწოდებასა და მიწოდების ჯაჭვებში გამოვლენილი შეზღუდვების მართვას. ეს ასევე აჩვენებს ტრანსატლანტიკური პარტნიორობის ძალას გლობალური ვაქცინაციის ხელშესაწყობად", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. როგორც განცხადებაში წერია, აშშ და ევროკავშირი თანამშრომლობას გააფართოვებენ მსოფლიოს ვაქცინაციის, სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის უკეთესი უსაფრთხოების შექმნის მიზნით. აღნიშნულ საკითხზე აშშ-ისა და ევროკავშირის დღისწესრიგი 5 კომპონენტისგან შედგება: 1. ევროკავშირისა და აშშ-ის ერთობლივი ვალდებულება ვაქცინის განაწილებასთან დაკავშირებით: აშშ და ევროკავშირი გლობალურ დონეზე გაანაწილებენ დოზებს ვაქცინაციის მაჩვენებლების გასაძლიერებლად, ხოლო პრიორიტეტი COVAX-ის მექანიზმსა და დაბალი და საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში ვაქცინაციის მაჩვენებლების გაუმჯობესებას მიენიჭება. 2. ევროკავშირისა და აშშ-ის ერთობლივი ვალდებულება ვაქცინის განაწილების მზადყოფნასთან დაკავშირებით: შესაბამის ორგანიზაციებთან ერთად აშშ და ევროკავშირი მხარს დაუჭერენ და კოორდინაციას გაუწევენ ვაქცინის მიწოდებას, ლოგისტიკასა და იმუნიზაციის პროგრამებს. 3. ევროკავშირისა და აშშ-ის ერთობლივი პარტნიორობა ვაქცინების გლობალური მიწოდებისა და თერაპიის გასაძლიერებლად: ევროკავშირი და აშშ ახლადშექმნილ ერთობლივი წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვის სამუშაო ჯგუფს გამოიყენებენ ვაქცინისა და თერაპიული საშუალებების წარმოებისა და გავრცელების მხარდასაჭერად და მიწოდების ჯაჭვის პროცესში გამოწვევების დასაძლევად. 4. ევროკავშირისა და აშშ-ის ერთობლივი ინიციატივა ჯანმრთელობის გლობალური უსაფრთხოების მისაღწევად: აშშ და ევროკავშირი მხარს დაუჭერენ ფინანსური შუამავლობის ფონდის (FIF) შექმნას 2021 წლის ბოლოსთვის. ევროკავშირი და აშშ ასევე მხარს დაუჭერენ გლობალური პანდემიის ზედამხედველობას, მათ შორის გლობალური პანდემიის რადარის კონცეფციის მეშვეობით. 5. ევროკავშირის, აშშ-ისა და პარტნიორების ერთობლივი საგზაო რუკა ვაქცინების რეგიონული წარმოებისთვის: ევროკავშირი და აშშ კოორდინაციას გაუწევენ ინვესტიციებს რეგიონული წარმოების შესაძლებლობების გაძლიერებაში დაბალი და საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებთან.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი: საქართველოს, რეგიონის მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი უმუშევრობა აქვს

სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს, რეგიონის მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი უმუშევრობა აქვს. IMF-მა საქართველოს ეკონომიკის შესახებ მორიგი მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და არსებულ გამოწვევებზე. მიმოხილვაში საუბარია სასამართლო რეფორმის აუცილებლობაზეც, რასაც სავალუტო ფონდი საქართველოში კარგი მმართველობის და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს შექმნის აუცილებელ წინაპირობებად მიიჩნევს. ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს შორის, სავალუტო ფონდი კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს ქვეყანაში არსებულ მაღალ უმუშევრობის დონეს. ანგარიშში ნათქვამია, რომ COVID-19-ის პანდემიის შედეგად, ამ მხრივ არსებული ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა. "2019 წლის მეოთხე კვარტლიდან, 2021 წლის მეორე კვარტლის ჩათვლით, საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა 62,000 ათასით შემცირდა. ამ პერიოდის განმავლობაში უმუშევარი გახდა 90,000 ადამიანი, ხოლო დაახლოებით, 27,000 სამუშაო ძალას შეუერთდა. შედეგად, საქართველოში უმუშევრობა დაახლოებით 5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და მან 22.1%-ს მიაღწია. საქართველოში ახალგაზრდებში უმუშევრობა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და უმუშევრების თითქმის ნახევარი 34 წელზე უმცროსია. საქართველოში ახალგაზრდებში უმუშევრობის დონე რეგიონის მასშტაბით მხოლოდ სომხეთს ჩამორჩება",- ნათქვამია IMF-ის მიმოხილვაში. ამავე თემაზე: საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმოხილვა საქართველოს ეკონომიკის შესახებ - რა წერია დოკუმენტში

ეკონომიკის სამინისტრო: „ენკამ“ გვაცნობა, რომ ერთ თვეში გეგმავენ ხელშეკრულების მოშლას

ეკონომიკის სამინისტრო კომპანია „ენკასთან“ დაკავშირებით მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიამ ახლახანს მიმართა უწყებას და აცნობა, რომ 1 თვის ვადაში განიხილავენ ხელშეკრულების მოშლას. „ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ნამდვილად მიიღო კომპანია „ენკასგან“ წინასწარი შეტყობინება პროექტიდან ერთი თვის შემდეგ შესაძლო გასვლის შესახებ. კომპანია ერთი თვის თავზე გეგმავს ხელშეკრულების მოშლას, რაც წინასწარ გვაცნობა. მთავრობის მხრიდან კეთდება ყველაფერი, რათა მოიხსნას კითხვები პროექტის შესახებ, მეტიც, ამისათვის მივმართეთ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ მედიატორს - ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების განხილვის საბჭოს და მასში ჩართვის მიზნით მოვიწვიეთ ნამახვანის პროექტით დაინტერესებული ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და საზოგადოებრივი ჯგუფი. იმედი გვაქვს, რომ პროცესი პოზიციების დაახლოებითა და რაც მთავარია, საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაწყდება. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს პროექტი არის კომპლექსური და ამდენად, ინვესტორები მსგავსი პროექტის განხორციელებისას არაერთ სირთულეს აწყდებიან. თუმცა ისიც ცხადია, რომ პროექტი არ არის მარტივი, მას აქვს ეკოლოგიური, სოციალური და ტექნიკური ხასიათის გამოწვევები და ამდენად, როგორც მთავრობის, ასევე ინვესტორის ვალდებულებაცაა, რომ საჭიროების შემთხვევაში, პროექტში შემავალი ცალკეული მახასიათებლების ხელახალი შესწავლა გაიმართოს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ - ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც უშუალოდ ნამახვანი ჰესების კასკადის პროექტი, ასევე ზოგადად ნებისმიერი ინვესტორის ინტერესი, ამიტომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ აუცილებლად განვაგრძობთ კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან, რათა გამოინახოს სწორი და რაც მთავარია, სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს საინვესტიციო გარემოს არ დააზიანებს და ამავე დროს, პროექტთან დაკავშირებულ ყველა კითხვას საბოლოოდ მოხსნის. საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით გაგრძელდეს ინვესტიციების მოზიდვა, რათა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა და რაც მთავარია, ენერგეტიკული უსაფრთხოება სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი“, - ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში. ამავე თემაზე: ნამახვანჰესი აღარ აშენდება. Enka Renewables-ი სახელმწიფოსთან ხელშეკრულებას წყვეტს ვარლამ გოლეთიანი "ენკას" გადაწყვეტილებაზე: რიონის ხეობაში ვრჩებით იქამდე, ვიდრე ტექნიკის გაყვანის პროცესი არ დაიწყება ირაკლი კობახიძე: კომპანია "ენკას" მხრიდან ნამახვანჰესის ხელშეკრულების გაუქმება, ცუდად აისახება შემდგომ ინვესტიციებზე

გაერო ავღანეთის ჯანდაცვას 45 მლნ დოლარით დაეხმარება

გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის სამმართველო ავღანეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად 45 მილიონ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ჰუმანიტარულ საკითხებში და გადაუდებელი დახმარების კოორდინატორმა, მარტინ გრიფიტსმა განაცხადა. მისი თქმით, მან გამოყო 45 მილიონი დოლარი გადაუდებელი თანხები ავღანეთის ჯანდაცვის სისტემის დანგრევის თავიდან ასაცილებლად. "ქვეყანაში წამლები, სამედიცინო ნივთები, საწვავი მთავრდება. ჯანდაცვის სფეროს საკვანძო მუშაკებს ხელფასს არ უხდიან", - აღნიშნულია გრიფიტსის განცხადებაში. მისი თქმით, ავღანეთის ჯანდაცვის სისტემის დანგრევას კატასტროფული შედეგები ექნება. როგორც გრიფიტსმა განაცხადა, გაეროს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი საჭიროების შემთხვევაში ავღანეთის ხალხს გვერდით დაუდგეს. მისი თქმით, თანხები გადაირიცხება გაეროს ჯანდაცვისა და ბავშვთა ფონდის სააგენტოებში, რაც მათ საშუალებას მისცემს პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით შეინარჩუნონ საავადმყოფოები, Covid-19 ცენტრები და ჯანდაცვის სხვა დაწესებულებები წლის ბოლომდე.

ირაკლი კობახიძე: კომპანია "ენკას" მხრიდან ნამახვანჰესის ხელშეკრულების გაუქმება, ცუდად აისახება შემდგომ ინვესტიციებზე

"Enka Renewables-ის მხრიდან ხელშეკრულების გაუქმება, სამომავლო ინვესტიციებზე ცუდად აისახება, თუმცა ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, ენერგეტიკის სფეროს ინვესტირების გასაგრძელებლად", - ასე შეაფასა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნამახვანჰესის მშენებლობის პროექტის შეჩერება. მისი თქმით, ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, არა მარტო ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. "ეს ყველა შემთხვევაში იყო, რა თქმა უნდა, კომპანიის მიერ გადადგმული ნაბიჯი. აქედან გამომდინარე, ეს არის ცუდი სიგნალი რა თქმა უნდა შემდგომი ინვესტიციებისთვის, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით დიდი ინვესტიციები მოიზიდოს. გვაქვს 10-წლიანი სამოქმედო გეგმა, მათ შორის ენერგეტიკის კუთხით," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. დღეს, ENKA Renewables-მა საქართველოს სახელმწიფოსთან არსებული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ განცხადება სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოაქვეყნა. "რიონის ხეობის მცველების" ლიდერი ვარლამ გოლეთიანი კმაყოფილია კომპანია "ენკას" გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც "ნამახვანჰესის" მშენებლობა წყდება და ქვეყანასთან ხელშეკრულება უქმდება. "ხელშეკრულების შეწყვეტა არ აწყობს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ამ პროექტით პირადი სარგებლის მიღებაზე ფიქრობდნენ", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ვარლამ გოლეთიანმა. შეგახსენებთ, რომ ნამახვანჰესის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა და გარემოსდამცველების ნაწილი ეწინააღდეგებოდა. ჰესის მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით, რამდენიმე მასშტაბური საპროტესტო აქცია მოეწყო. ხელისუფლებასა და აქციის ორგანიზატორებს შორის დიალოგი კი უშედეგოდ დასრულდა. ამავე თემაზე: ნამახვანჰესი აღარ აშენდება. Enka Renewables-ი სახელმწიფოსთან ხელშეკრულებას წყვეტს

ნამახვანჰესი აღარ აშენდება. Enka Renewables-ი სახელმწიფოსთან ხელშეკრულებას წყვეტს

ENKA Renewables-ი საქართველოს სახელმწიფოთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს. ნამახვან ჰესი აღარ აშენდება. ამის შესახებ Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის, ENKA İNŞAAT-ის განცხადებაშია ნათქვამი. მისი მიხედვით, ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი, მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფოსმაჟორული სიტუაცია გახდა. „ჩვენი კომპანია, რომელიც 90%-ს ფლობს, ENKA Renewables-ი საქართველოს აცნობებს, რომ წყვეტს ნამახვანჰესის აშენებასთან, განვითარებასთან და ფლობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას საქართველოსთან. ამის მიზეზად ასახელებს კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევასა და ფორს-მაჟორს“, - ვკითხულობთ განცხადებაში. ენერგოუსაფრთხოების ექსპერტი: ნამახვანჰესის უსაფრთხოდ აშენებას 2 მილიარდი დოლარი სჭირდებოდა, ახლა კი 750 მილიონ დოლარად აშენებენ

ევროკავშირი, გაეროს პარტნიორი ორგანიზაციები და საქართველოს მთავრობა ციფრული ჯანდაცვის ახალ პროექტს იწყებენ

ევროკავშირმა (EU), გაეროს ოთხმა ორგანიზაციამ, კერძოდ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO), გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA), გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF), გაეროს პროექტების მომსახურების ოფისმა (UNOPS) და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (MoIDPLHSA) ახალი ინიციატივა წამოიწყეს: „საქართველოში COVID-19 პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის მინიმუმამდე შემცირება ტელემედიცინისა და ციფრული სამედიცინო ტექნოლოგიების საშუალებით.“ ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. მათივე ცნობით, ევროკავშირის და გაეროს ახალი ინიციატივის ფარგლებში, COVID-19-ის უსაფრთხოდ მართვის ხელშეწყობის მიზნით სოფლად 200 დაწესებულება აღიჭურვება ძირითადი აპარატურით, დამატებით 50 დაწესებულება - ტელემედიცინის აპარატურით, რაც ასევე უზრუნველყოფს შეუფერხებელ და ფართო წვდომას სამედიცინო სერვისებზე ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისათვის, ბავშვებისათვის რუტინული ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას. ხარისხიანი პირველადი ჯანდაცვის სერვისების უზრუნველსაყოფად ჯანდაცვის მუშაკების პოტენციალის გაუმჯობესებისა და გაძლიერების მიზნით, მათ ასევე ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ გადამზადების დისტანციურ კურსებში. კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში აცხადებს: „COVID-19 პანდემიასთან გამკლავებაში საქართველოს მოსახლეობის დახმარება ევროკავშირის პრიორიტეტს წარმოადგენს, პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან. ამ ინოვაციური პროექტითა და გაეროს პარტნიორებთან თანამშრომლობით იმედი გვაქვს, მივწვდებით საქართველოს უფრო მეტ მოქალაქეს. კარგი ჯანდაცვა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს და იმედი გვაქვს, ჩვენს წვლილს შევიტანთ ამ მიზნის მიღწევაში.“ „COVID-19-მა კიდევ ერთხელ დაგვანახა რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი პირველადი ჯანდაცვის სისტემა. არსებული რესურსების სწორი დაგეგმვით შესაძლებელი გახდა პანდემიის პიკის პერიოდში ინფიცირებულთა დიდი ნაწილის ბინაზე მართვა. ტელემედიცინის სისტემების დანერგვა რეგიონების ამბულატორიებში პირველადი ჯანდაცვის სისტემას მკვეთრად გააუმჯობესებს, რაც დადებითად აისახება სოფლის მოსახლეობასა და ექიმებზე. მნიშვნელოვნად გაიზრდება სოფლის ექიმების შესაძლებლობები, ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან დიაგნოსტიკის უახლესი ტექნოლოგიებით. აღნიშნული შესაძლებელი გახდა ჩვენი ერთგული პარტნიორების დახმარებით, რისთვისაც მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულეებით გადაადგილებულთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საქმეთა მინისტრმა. „პირველადი ჯანდაცვის დონეზე COVID-19-ზე დაუყოვნებელი რეაგირების გარდა, პროექტი მყარ და მდგრად საფუძველს ჩაუყრის საქართველოში ციფრული ჯანდაცვისა და ტელემედიცინის განვითარებას, ხელს შეუწყობს რა შესაბამისი სამართლებრივი და მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზისა და კლინიკური გაიდლაინების ჩამოყალიბებას, პირველადი ჯანდაცვის პერსონალისათვის სპეციალური სასწავლო კურსების უზრუნველყოფას და ჯანდაცვის მუშაკებისა და მოსახლეობის მიერ ტელემედიცინის სერვისების გამოყენებას,“ - განაცხადა საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენელმა და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სილვიუ დომენტემ. "COVID-19-ის შემთხვევების უსაფრთხოდ მართვის თვალსაზრისით, მეტად მნიშვნელოვანია ტელემედიცინისა და დისტანციური სამედიცინო სერვისების გამოყენება. ამავდროულად, ის უზრუნველყოფს სამედიცინო სერვისებზე შეუფერხებელ და ფართო წვდომას ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისათვის პანდემიისა და პოსტკოვიდურ პერიოდში. პროექტი ხელს შეუწყობს COVID-19-ის კრიზისის უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას საქართველოს მოსახლეობასა და ჯანდაცვის სისტემაზე. გრძელვადიან პერსპექტივაში ერთობლივი პროექტი ხელს შეუწყობს მდგრადი და ჯანსაღი პირველადი ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბებას ტელემედიცინის შესაძლებლობებით დაშორებულ პუნქტებში პაციენტებისათვის სერვისებზე თანაბარი წვდომის უზრუნველსაყოფად. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს საყოველთაო ჯანდაცვის შემდგომ განვითარებას", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, პროექტი „საქართველოში COVID-19 პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის მინიმუმამდე შემცირება ტელემედიცინისა და ციფრული სამედიცინო ტექნოლოგიების საშუალებით“ მიზნად ისახავს ციფრული ტექნოლოგიების პოტენციალის გამოყენებას, საქართველოში ტელემედიცინის სერვისების დანერგვა/განვითარებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშესაწყობად. აღნიშნული დახმარება ქვეყანაში COVID-19-ზე რეაგირების მიზნებისთვის ევროკავშირისა და გაეროს მიერ გაწეული დახმარებისა და, ასევე, საყოველთაო სამედიცინო დაზღვევის (UHC) პარტნიორობის ფარგლებში WHO-ს მიმდინარე ტექნიკური დახმარების განუყოფელი ნაწილია, პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით ქვეყნის ხელისუფლების მიერ აღებული ვალდებულებისა და საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის განვითარების მხარდასაჭერად. პროექტი გაეროს ოთხი პარტნიორის (WHO, UNFPA, UNICEF, UNOPS) მიერ განხორციელდება WHO-ს ხელმძღვანელობით, რომლებიც შესაბამის სფეროებში დაგროვილი საექსპერტო ცოდნითა და მაღალი ეფექტურობით ხელს შეუწყობენ ინიციატივის საერთო მიზნის, კერძოდ, ხარისხიანი ციფრული ჯანდაცვისა და ტელემედიცინის სერვისების საშუალებით ადამიანების ჯანმრთელობასა და ჯანდაცვის სისტემაზე COVID-19 პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის მინიმუმამდე შემცირების მიღწევას. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის უკეთ აღდგენას პოსტკოვიდურ პერიოდში. ეს დახმარება ევროკავშირისა და ევროპის გუნდის მიერ გაწეული უფრო ფართო მხარდაჭერის პაკეტის ნაწილია, რომლის მოცულობაც ახალი და გადანაწილებული დახმარების სახით 1.5 მილიარდ ლარს შეადგენს და რომლის მიზანია საქართველოს პანდემიასთან გამკლავებაში დაეხმაროს. ეს არის მსოფლიო მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და ამ უპრეცედენტო კრიზისის პერიოდში საქართველოს მიმართ ევროკავშირის ძლიერ სოლიდარობაზე მიანიშნებს.