ეკონომიკა

მინიმალური ხელფასის ოდენობით, საქართველო მსოფლიოში ბოლოდან მესამე ადგილზეა

მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, მინიმალური ხელფასის ოდენობით, საქართველო მსოფლიოში ბოლოდან მესამე ადგილზეა - ამის შესახებ Europetime-ს შრომის საკითხების მკვლევარმა, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენელმა, გიგა ბექაურმა განუცხადა. ბექაურის ცნობით, 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში, თვეში 100 ლარზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა - 23 526 ადამიანს, ხოლო 320 ლარზე ნაკლები ხელფასი - 126 665 დასაქმებულს, რაც დაქირავებით დასაქმებულთა 15%-ს შეადგენდა. მისი თქმით, ამის მიზეზი არის ის, რომ 1999 წლის შემდეგ, საქართველოში მინიმალური ხელფასის ოდენობა განსაზღვრული არ არის. 1999 წელს, პრეზიდენტის დადგენილებით კი, საქართველოში ერთი თვის მინიმალურ ხელფასი 20 ლარია, რას სრულ განაკვეთზე, საათში 0.13 თეთრი გამოდის. „მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ოთხმა მსხვილმა კომპანიამ საქართველოში, საკუთარი საწარმოების გახსნაზე უარი სწორედ ქვეყანაში დაწესებული ასეთი დაბალი მინიმალური ხელფასის გამო თქვა. „ადიდასის“, „ნაიკის“, „ნიუ ბალანსის“ და „პუმას“ კორპორაციების ხელმძღვანელებმა ოფიციალური კოლექტიური წერილი მისწერეს საქართველოს მთავრობას, რომლითაც მათ 2015 წლის აგვისტოში მოითხოვეს ჩვენი ქვეყნის სამკერვალო სექტორში მინიმალური ხელფასის გაზრდა, რათა საქართველოში მომუშავე მათ კონტრაქტორ ფირმებს აღარ მიეცეთ ტექსტილის სფეროში დასაქმებული პირების ექსპლუატაციის შესაძლებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უარი თქვეს საქართველოში საკუთარი ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნაზე. ვინც მათ ეკონტაქტებოდა, მერე ისევ იმ ბიზნესმენმა მოიფიქრა და კომპანიის შიდა განაწესში ჩაწერა მინიმალური ხელფასისი ზღვარი, რომ კონტრაქტი მიეღო“, - აცნობა Europetime-ს გიგი ბექაურმა. მისივე ცნობით, მეზობელ ქვეყნებშიც კი, მაგალითად სომხეთშიც მინიმალური ხელფასი თვეში 131,17 დოლარია, ხოლო აზერბაიჯანში 147,15 დოლარი. „საქართველოში კი ნებისმიერ დამსაქმებელს შეუძლია, დასაქმებული, მთელი თვის განმავლობაში 30 ლარად ამუშაოს მონურ პირობებში, მონურ ხელფასზე და სახელმწიფო ამაზე არის თანახმა, იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტი მინიმალური ხელფასის ადეკვატური ოდენობით განსაზღვრაზე უარს ამბობს“, - აღნიშნავს გიგა ბექაური. როგორც Europetime-ს პროფკავშირების ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარიამ ალიხანაშვილმა განუცხადა, გასულ წელს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ პარლამენტში შეიტანა საკანონმდებლო ინიციატივა მინიმალური ხელფასის განსაზღვრასთან დაკავშირებით. მისი თქმით, კანონპროექტის მიხედვით მინიმალური ხელფასი თვეში თავდაპირველად არანაკლებ 320 ლარით განისაზღვრებოდა, რაც საშუალო ხელფასის 30%-ს შეადგენს და საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკაა. ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, „მინიმალური ხელფასი ყოველწლიურად გადაიხედება. კანონის მიღება გავლენას მოახდენდა 130 000 დასაქმებულზე, ანუ დაქირავებით დასაქმებულთა 15%-ზე, რომელთა ხელფასიც თვეში 320 ლარზე ნაკლები იყო. თუმცა, კანონპროექტი პარლამენტმა არ დაამტკიცა. როგორ შეიძლება მინიმალური ხელფასი ქვეყანაში დაწესებულ საარსებო მინიმუმთან, პენსიასთან და სოციალურ დახმარებებთან შედარებითაც ძალზედ დაბალი იყოს? ადამიანები მუშაობენ მთელი თვე, სრულ განაკვეთზე და კანონმდებლობა არ იცავთ იმისგან, რომ დამსაქმებელმა საარსებო მინიმუმზე ნაკლები ხელფასი არ გადაუხადოს“, - აღნიშნავს მარიამ ალიხანაშვილი. მისივე განმარტებით, ქვეყანაში (პანდემიამდე) 100 ლარზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა 23 526 ადამიანს. ხოლო 320 ლარზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა 126 665 დასაქმებულს, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი შემოსავალი ოჯახის საარსებო მინიმუმზე დაბალია, რაც ამ ადამიანებს სიღარიბის ზღვარს მიღმა და შესაბამისად, საარსებო შემწეობის მიმღებთა შორის მოხვედრისას შანსს ზრდის. მინიმალური ხელფასის დაწესების შემთხვევაში, მათი ყოველთვიური შემოსავალი გაიზრდება ოჯახის საარსებო მინიმუმამდე, რაც ამ ადამიანებს შეუქმნის არსებობისთვის აუცილებელ წყაროს და შეამცირებს დასაქმებულთა სიღარიბის ზღვარს მიღმა მოხვედრის ალბათობას შრომის უფლებების მკვლევარის განმარტებით, საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, საქართველოსგან განსხვავებით ზოგადად მთელ მსოფლიოში განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყნებში მინიმალური ხელფასი დადგენილია. ეს არის ერთ-ერთი სოციალური კანონპროექტი, რომელსაც თითქმის ყველა ქვეყანა იღებს და ყველა აღიარებს, რომ ამ კანონპროექტს დადებითი ეკონომიკური ეფექტი მოსდევს, დოვლათის გადანაწილების პროცესში. (საქართველოში მხოლოდ 1999 წლის პრეზიდენტის განკარგულება არსებობს) „პარლამენტში მინიმალური ხელფასის დადგენაზე ორი კანონპროექტი იყო შესული, ერთი პროფკავშირების ინიცირებით, მეორე ბექა ნაცვლიშვილის ინიცირებით. პროფკავშირები 320 ლარს მოითხოვდნენ, ნაცვლიშვილის პროექტში ოდნავ მეტი თანხა იყო ჩაწერილი და პარლამენტმა ბიზნესის ზეწოლით ორივე დაბლოკა. პარლამენტი მსგავს გადაწყვეტილებებს ბიზნეს ასოციაციის და დამსაქმებელთა ასოციაციის ქოლგის ქვეშ იღებს. მათი არგუმენტი იყო, რომ მინიმალური ხელფასის განსაზღვრა საფრთხეს შეუქმნიდა ბიზნესის და ეკონომიკის განვითარებას. არადა ერთ-ერთი კანონპროექტით თვეში 320 ლარზე იყო საუბარი. სწორედ იმიტომ დასახელდა ასეთი მინიმალურ თანხა, რომ ეკონომიკაზე გავლენა არ ჰქონოდა. პარლამენტის მხრიდან იყო უსაფუძვლო არგუმენტი. მიუხედავად იმისა რომ ორივე კანონპროექტს თან ერთვოდა სერიოზული კვლევები და საერთაშორისო პრაქტიკა. ევროკავშირის დირექტივები და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებიც კი არ გაითვალისწინეს. შრომის კოდექსშიც იყო ჩადებული, ვიდრე ეს პუნქტი დამტკიცდებოდა. ამოიღეს მინიმალური ხელფასის პუნქტი და თქვეს, რომ მერე ცალკე განიხილავდნენ. ცალკე შეტანილი კანონპროექტი კი დაბლოკეს. პარლამენტი სავსეა ბიზნესმენებით. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, უგანდას და ნიგერიას თუ არ ჩავთვლით, ასეთი დაბალი არ არსებობს. საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში მინიმალური ხელფასი განსაზღვრულია. კანონპროექტის მოწინააღმდეგეების ლიბერალების საპასუხოდ ვამბობ, რომ აშშ-ში მინიმალური ხელფასი საათობრივად არის განსაზღვრული, სხვადასხვა შტატში სხვადასხვა ოდენობით. ასევე ევროკავშირის ყველა ქვეყანაშია განსაზღვრული მინიმალური ხელფასი. იქ არის განსაზღვრულ სახელმწიფო დონეზე, და ასევე სექტორულ დონეზე. სხვადასხვა სექტორში სხვადსხვა თანხით. ზოგან წლის ინდექსაცია ხდება. მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნებში ყველა სექტორში სხვადასხვა თანხაა დადგენილი, ტურიზმის, სექტორში, მშენებლობის სექტორში, ფინანსურ სექტორში და ა.შ“, - განუცხადა Europetime-ს გიგა ბექაურმა. მარიამ ალიხანაშვილის ცნობით, საქართველოში კერძო სექტორისგან განსხვავებით, საჯარო სექტორში მინიმალური ხელფასი განსაზღვრულია, პრეზიდენტის 2005 წლის ბრძანებულებით, თვეში 135 ლარით. „ეს განსხვავებაც ცალკე დისკრიმინაციული მიდგომაა სახელმწიფოს მხრიდან. მაგრამ საჯაროშიც მნიშვნელოვნად დაბალია. აუცილებელია, რომ ქვეყანაში მინიმალური ხელფასი ცხოვრების ღირებულებასა და სხვა ეკონომიკურ გარემოებებთან შესაბამისობაში იყოს მოყვანილი. მინიმალური ხელფასის მთავარი იდეა მშრომელთა დაცვაა გაუმართლებლად დაბალი ხელფასებისა და ექსპლუატაციისგან. თუმცა, მინიმალური ხელფასი, არამხოლოდ მოსახლეობის სიღარიბისგან დაცვას ემსახურება, არამედ ადამიანების მსყიდველობით უნარის ზრდით ხელს უწყობს ქვეყანაში მოთხოვნის ზრდას, მეტი საქონლისა და მომსახურების რეალიზაციას, რაც ეკონომიკური ზრდის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია“, - განუცხადა Europetime-ს მარიამ ალიხანაშვილმა. მინიმალური ხელფასის აწევის კანონპროექტის ჩავარდნის მიზეზებზე, Europetime პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს დიმიტრი ხუნდაძეს ესაუბრა. მისი თქმით, სამომავლოდ მინიმალური ხელფასის აწევის საკითხი პარლამენტმა აუცილებლად უნდა დააბრუნოს და თავიდან განიხილოს, მაგრამ ახლა ამ სიტუაციაში ამ კანონის მიღება მეტ პრობლემას შექმნიდა, ვიდრე სარგებელს მოიტანდა. „ვეთანხმები, რომ ეს არის აქტუალური და პრობლემური საკითხი. მინიმალური ხელფასი რაც ახლა არის, არასაკმარისია, მაგრამ მე ვფიქრობ, ამ სიტუაციაში, ამ რეალობაში, მით უმეტეს, ეპიდვითარებაში ამ კარგმა ინიციატივამ შესაძლოა, ხელი შეუწყოს უმუშევრობის ზრდას. ანუ, სამუშაო ადგილების შემცირება გამოიწვიოს. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, რა ჯობს, 100 დასაქმებული 800-ლარიანი ხელფასით, თუ მხოლოდ 10 დასაქმებული - 1000-ლარიანი ხელფასით? მინიმალური ხელფასის ზღვარი რომ დაწესდეს, იმ რაოდენობით რასაც ითხოვდნენ, შესაძლოა, დამსაქმებელმა ამას სამუშაო ადგილების შემცირება დაუპირისპიროს და საბოლოოდ, მივიღოთ მეტი ხელფასით ნაკლები დასაქმებული, ვიდრე დღეს არის. არსებული რეალობა უნდა გავითვალისწინოთ. მინიმალური ხელფასის ოდენობა საზრუნავია, მაგრამ არა ასე პირდაპირ და მხოლოდ ციფრებში. სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდას უნდა შევუწყოთ ხელი. რაც შეეხება, სტატისტიკას, რომ 2019 წელს 100 ლარზე ნაკლები ხელფასი 23 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო, რა თქმა უნდა, დამსაქმებლის მხრიდან ეს არასწორია. დამსაქმებელმაც უფრო მეტი პასუხისმგებლობა და ვალდებულება უნდა იკისროს. დღეს ხედავთ, რომ ეპიდემიიდან გამომდინარე მსოფლიო კრიზისია. პანდემიას როცა გადავივლით, საკითხი ისევ დასაბრუნებელია. აუცილებელია ამ საკითხზე მუშაობა. მაგრამ ახლა, ამ ვითარებაში მე ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტ რისკს მოიტანდა, ვიდრე სარგებელს. თუმცა პანდემია კანონპროექტის ერთ-ერთი და გასათვალისწინებელი მიზეზი იყო და არა მთავარი", - განუცხადა Europetime-ს დიმიტრი ხუნდაძემ.

ნათია თურნავა ნამახვანჰესზე: ესაა 800 მილიონ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია

"ესაა 800 მილიონ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ისეთ პერიოდში, როდესაც პოსტკოვიდ კრიზისია მთელს მსოფლიოში. ნებისმიერი ქვეყანა ნატრობს ასეთ დიდ შენატანს" , - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ესაა ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო პროექტი, რომელიც თავისი სეისმოლოგიური პარამეტრებით ისეთ თეორიულ მიწისძვრასაც კი გაუძლებს. „ჩვენი ქვეყანა არაა მდიდარი საკუთარი ნავთობითა და გაზით, მაგრამ საბედნიეროდ, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ჰიდრორესურსებითაა მდიდარი. ეს გვაძლევს საშუალებას, საკუთარ ენერგორესურსებს ვეყრდნობოდეთ. ისეთ სამყაროში, სადაც ენერგორესურსები ხშირად ხდება პოლიტიკური გავლენისა და ზეწოლის ბერკეტი, გვაქვს შანსი, რომ პირიქით, ელექტროენერგიის ექსპორტიორი და ძლიერი ქვეყანა ვიყოთ, რომელიც თავისი ენერგეტიკული დამოუკიდებლობით ამაყობს. ეს ენერგია უპირატესად მწვანე ენერგიაა, რომელიც ჩვენი ეროვნული სიმდიდრიდან, ჩვენი წყლიდან გამომუშავდება. აქედან გამომდინარე, ეს მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც მხარდაჭერილი იყო სახელმწიფოს მხრიდან. ეს არ ნიშნავს, რომ ძალიან მკაცრ მოთხოვნებს არ ვუყენებდით ინვესტორს. პრაქტიკულად, ორი წლის განმავლობაში მიდიოდა სხვადასხვა კვლევა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად დამუშავებული, უსაფრთხო პროექტი, რომელიც არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ შეისწავლა და დაადასტურა, რომ მართლაც, გეოლოგიური თვალსაზრისით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო პროექტი, რომელიც თავისი სეისმოლოგიური პარამეტრებით ისეთ თეორიულ მიწისძვრასაც კი გაუძლებს, რომელიც 2000 წელიწადში ერთხელ შეიძლება მოხდეს ჩვენს რეგიონში. გარდა ამისა, ეს არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ესაა 800 მილიონ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ისეთ პერიოდში, როდესაც პოსტკოვიდ კრიზისია მთელს მსოფლიოში. ნებისმიერი ქვეყანა ნატრობს ასეთ დიდ შენატანს, უცხოური ინვესტიციის შემოსვლას მათ ქვეყანაში და რაც ყველაზე მთავარია, ეს არის 2000-მდე საქართველოს მოქალაქის დასაქმების შესაძლებლობა. ძირითადად, ადგილობრივი მცხოვრებლები არიან დასაქმებულები და ცალსახად, ჩვენ ყოველთვის გვერდით დავუდგებით ამ პროექტს“ - განაცხადა ნათია თურნავამ. დღეს, ნამახვანჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები განახლდა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა გააპროტესტა. სამშენებლო ტერიტორიაზე, პოლიცია იყო მობილიზებული.

ეკონომიკის ექსპერტი: კორონავირუსის მკურნალობა რომ ფასიანი ყოფილიყო, ქვეყნის ჩაკეტვა აღარ მოუწევდათ

რესტორნების გახსნის მოთხოვნით და დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად, თბილისის 200-მდე რესტორანი გაიფიცა და მიტანის სერვისი შეწყვიტა. მიტანის სერვისის შეწყვეტის გარდა, ასოციაციის წარმომადგენლებმა უმუშევრად დარჩენილებთან ერთად, მთავრობის კანცელარიასთან აქცია გამართეს. Europetime აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, ეკონომიკის საკითხებში ექსპერტს პაატა შეშელიძეს დაუკავშირდა. ექსპერტი მთავრობის ყველაზე მცდარ გადაწყვეტილებად აფასებს ყველა სამედიცინო ხარჯის სახელმწიფოს თავზე აღებას. „თუ მოქალაქე უპასუხისმგებლოდ იქცევა, დადის პირბადის გარეშე, არ იცავს დისტანციას და მერე ავად გახდა, სხვისი გადასახდელი არ უნდა იყოს მისი მკურნალობის ხარჯები. მოტივაცია ფინანსური პასუხისმგებლობა თუ იქნება, უკეთ მოუფრთხილდება ყველა თავს და ინფიცირებულთა რაოდენობაც ნაკლები იქნება. მეტი ფინანსური პასუხისმგებლობის შემთხვევაში, ყველა ეს საწარმო, სასტუმრო, რესტორანი დაფიქრდებოდა, როგორ იმუშაოს, როგორ დაიცვას თავისი თანამშრომლები და ა.შ. მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებოდა უსაფრთხოების ყველა ნორმას, უფრო მალე დანერგავდნენ თავდაცვის საშუალებებს: პირბადის ტარებას, დისტანციის დაცვას, ულტრაიისფერ სხივებით აღჭურვას და ა.შ. სახელმწიფო ამ შეზღუდვებით, უსაფრთხოების დაცვის მოტივაცია დააქვეითა. თავდაცვითი ბარიერების დანერგვას და პრაქტიკაში გამოყენებას შეუშალა ხელი. ფუნდამენტალურად არასწორად იყო ორგანიზებული პანდემიასთან ბრძოლის ეს სისტემა. არ შეიძლება, სხვა ქვეყნებს მივბაძოთ, როცა მათ სხვა ეკონომიკური შესაძლებლობები აქვთ“, - აღნიშნავს ეკონომიკის საკითხების ექსპერტი. მისი თქმით, მარტიდან დღემდე აქცენტი უნდა გაკეთებულიყო სამედიცინო მომსახურების სიმძლავრეების გაზრდაზე და არა ქვეყნის და ბიზნესის ჩაკეტვაზე. „მარტიდან უნდა ეზრუნათ სამედიცინო აღჭურვილობის, საწოლების რაოდენობის ზრდაზე, ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. თვეების განმავლობაში სულ რამდენიმე საავადმყოფოს ჰქონდა კოვიდინფიცირებული პაციენტების მიღების უფლება. მერე იყო იგივე ფუნდამენტურად არასწორი გადაწყვეტილებები, რაც ეხებოდა მკურნალობის დაფინანსებას, პირბადეებს. ანტისაბაზრო ეკონომიკის ლოგიკის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები მიიღეს და შედეგად მიიღეს ის, რომ ხალხი გამოდის მიტინგზე და ამბობენ, რომ შიაათ. რაც შეეხება მთავრობის მიმართ ეკონომიკურ რეკომენდაციებს: უნდა დააბრუნონ ნორმალური ცხოვრების რიტმი! ადამიანებმა უნდა მიხედონ თავის თავს! უნდა შეწყდეს პანდემიის საბიუჯეტო დაფინანსება“, - აღნიშნავს პაატა შეშელიძე. რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით კი, აქციის მიზანია, ხელისუფლებამ დაინახოს, რომ ამ სექტორის განადგურების შემთხვევაში, ეს არამხოლოდ მათი, არამედ სახელმწიფოს პრობლემაც იქნება. „არ გვინდა სუბსიდირება - გვინდა გავაგრძელოთ იმ 250 000 ადამიანის დასაქმება, რომლებიც დასაქმებული გვყავდა აქამდე და სახელმწიფოს მოვხსნათ ის წნეხი, როცა 200-ლარიანი დახმარებით ვალდებულია, ამ ხალხს დაეხმაროს. 200 ლარად ხალხი თავს ვერ ირჩენს. რესტორნების 24-საათიანი გაფიცვის აქციით გვინდა, სახელმწიფოს დავანახოთ, რა რეალობა იქნება ქვეყანაში, როდესაც რესტორნები ვერ შეძლებენ ოპერირებას, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ. აქციას ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არც ექიმები და არც შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურები, რეგულაციების მოხსნის შესახებ პოპულისტურ მოსაზრებებს არ უნდა აყვნენ. „დღესვე რომ მოიხსნას ყველა რეგულაცია ერთად, ამით იგივე მოსახლეობა, რომელიც შეჭირვებულია, კიდევ უფრო დაზარალდება. რეგულაციები უნდა მოიხსნას ეტაპობრივად და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირბადეების ხმარება არის მნიშვნელოვანი“,- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ. 29 იანვარს, მას შემდეგ რაც სარესტორნო ქსელების გაფიცვა დაანონსდა, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობას ესმის, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია სარესტორნო ბიზნესი, თუმცა ნორმალურ ცხოვრებას ქვეყანა მალევე ვერ დაუბრუნდება. „უნდა დავინახოთ და ვაღიაროთ, რომ როგორც კი გვეძლევა საშუალება ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ამა თუ იმ რეგიონს, ამა თუ იმ მიმართულებას ვხსნით. შეუძლებელია, რომ ერთ დღეში დავუბრუნდეთ ეპიდემიის წინა ვითარებას და ნორმალურ ცხოვრებას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. მთავრობის რეგულაციებით, ამ ეტაპზე ღია სივრცეში მუშაობის უფლება, მხოლოდ აჭარაში მდებარე რესტორნებს მისცეს, იმ მიზეზით, რომ აჭარაში ინფიცირების სტატისტიკამ საგრძნობლად იკლო. 22 იანვარს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ 15 თებერვლისთვის ინფექციის გავრცელების საშიშროება შემცირდება, რესტორნების მუშაობა სხვა რეგიონებშიც განახლდება. „დამერწმუნეთ, ჩვენთვისაც თითოეული გადაწყვეტილებაა რთული, რადგან ძალიან კარგად გვესმის, რა პრობლემების წინაშე იმყოფება ბიზნესი, მათ აქვთ პასუხისმგებლობა დასაქმებული პერსონალის წინაშე, ასევე უმეტესობას აქვს სესხები, გეგმები და რა თქმა უნდა, ყველასთვის რთულია, როდესაც ვერ ვგეგმავთ მომავალს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. რესტორნების გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გაიმართა. 27 იანვარს ერთ-ერთი ასეთია ქცია ბულგარეთში მოეწყო. Reuters-ის ინფორმაციით, აქციაში რესტორნებისა და კლუბების მფლობელები, ასევე მიმტანები და ბარმენები მონაწილეობდნენ. ზაფხულში დროებით გახსნის შემდეგ რესტორნებს და კაფე-ბარებს ღია სივრცეში მუშაობის უფლება ნოემბერში შეუჩერდათ.

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი: მზად ვართ საქართველოს ვაქცინის შემოტანაშიც დავეხმაროთ

"მზად ვართ საქართველოს ვაქცინის შემოტანაშიც დავეხმაროთ", - ამის შესახებ სოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებთან, თამარ გაბუნიასთან და თამარ ბარკალაიასთან შეხვედრისას განაცხადა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო მსოფლიო ბანკის COVID-19-ზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებსა და ვაქცინასთან დაკავშირებულ საკითხებს. „ვისაუბრეთ მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე. მსოფლიო ბანკი მხარს უჭერს და ეხმარება საქართველოს. მოგაწოდეთ 2,5 მილიონი ტესტი და სასუნთქი აპარატები. მზად ვართ საქართველოს ვაქცინის შემოტანაშიც დავეხმაროთ. გარდა ამისა, ჩვენ ახალ პროექტსაც ვგეგმავთ, რომლის ფარგლებშიც გვსურს მცირე და საშუალო ბიზნეს დავეხმაროთ“-ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა განაცხადა. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო პრიორიტეტული მიმართულებებიც განიხილეს. საუბარი შეეხო პირველადი ჯანდაცვის სისტემაში ციფრული ტექნოლოგიებისა და ტელემედიცინის დანერგვას.

თბილისის 200-მდე რესტორანი პროტესტის ნიშნად გატანის სერვისს აჩერებს

თბილისში, 200-მდე რესტორანი ქვეყანაში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივებას აპროტესტებს და 30 იანვარს გატანის სერვისს აჩერებს. რესტორატორნების წარმომადგენლების შეზღუდვის მოხსნას და მუშაობისგაგრძელების უფელბას ითხოვენ. „ლოქდაუნის გამო, ქვეყანა სოციალური აფეთქების ზღვარზეა მისული. კოტრდება ბიზნესები. სუფევს ტოტალური უმუშევრობა. პრობლემების დაძლევის ქმედითი ნაბიჯები არ ჩანს. ვინაიდან ქვეყნის ხელისუფლება არასათანადოდ აფასებს არსებულ პრობლემებს და ნიშნის მოგებით გვახსენებს, რომ გატანის სერვისით შეგვიძლია სარგებლობა, ჩვენ პროტესტის მიზნით, ერთი დღით უარს ვამბობთ გატანისა და ონლაინ სერვისებით სარგებლობაზე“, – აღნიშნულია რესტორატორთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში დღეს, 15:00 საათზე, მთავრობის კანცელეარიასთან, რესტორენების წარმომადგენლები აქციას გამართავენ. ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი თებერვლიდან კვების ობიექტების ღია სივრცეებში სტუმრების მიღება დაშვებული იქნება მხოლოდ აჭარაში. სხვა რეგიონებში, მათ შორის, დედაქალაქში, რესტორნები და კვების ობიექტები, გააგრძელებენ მუშაობას გატანა-მიტანის სერვისით. როდის გაიხსნება რესტორნები. ცნობილია, რა შეზღუდვები რჩება ძალაში და რა იხსნება 1-ლი თებერვლიდან.

ცნობილია, 43 სავაჭრო მოლიდან რამდენი აკმაყოფილებს გახსნის მოთხოვნებს

"ახალ პორტალზე, labour.moh.gov.ge ჯამში დარეგისტრირებულია 43 სავაჭრო მოლი, რომელთაგან, გუშინდელი მონაცემებით, 13 მოთხოვნებს აკმაყოფილებს და გატესტეს თანამშრომლების 20% მოთხოვნის შესაბამისად, ამიტომ 1-ლი თებერვლიდან სრულად განაახლებენ სამუშაო პროცესს. თუმცა ეს გუშინდელი მონაცემებია და ყოველდღიურად იცვლება", - ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „მოლოდინი გვაქვს, რომ 1-ლი თებერვლისთვის ობიექტების აბსოლუტური უმრავლესობა მზად შეხვდება პროცესს. ასევე 21 ბაზარია დარეგისტრირებული, რომელთაგან 2 აკმაყოფილებს მოთხოვნებს. მათ 15 თებერვლამდე აქვთ ვადა, რომ თანამშრომლები დაარეგისტრირონ და გატესტონ. საცალო-საბითუმო ტიპის 24 ობიექტია დარეგისტრირებული, რომელთაგან 3 აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ასევე სკოლების რეგისტრაციაა დაწყებული“, - აღნიშნა ბექა ფერაძემ.

როდის გაიხსნება რესტორნები

"ალბათ, გვიანი გაზაფხული იქნება, როდესაც ტურიზმის სექტორში, რეალურ შედეგებს ვიგრძნობთ. იმ დროისთვის, თუ ყველა შევასრულებთ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებსა და ყველა გადავინაწილებთ პასუხისმგებლობას, დიდი იმედი მაქვს, რომ რესტორნები დანარჩენ საქართველოშიც იმუშავებენ. ამის იმედი მაქვს, თუმცა გარანტია არავის აქვს, რადგან ძალიან ბევრი მოულოდნელობით ხასიათდება ეპიდემიასთან ბრძოლა და პანდემიის დაძლევა ჯერ მიღწეული არაა", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "ნამდვილად მძიმეა რესტორნების მდგომარეობა. ჩვენ ამას ცალსახად ვხედავთ, გვაქვს მათთან მჭიდრო კომუნიკაცია, მათი ყველა პრობლემა ვიცით. უნდა დავინახოთ და ვაღიაროთ, რომ მაქსიმალურად, როგორც კი, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, გვეძლევა საშუალება, ამა თუ იმ რეგიონისთვის, ამა თუ იმ საქმიანობას ვხსნით. სამწუხაროდ, შეუძლებელია, რომ ერთ დღეში დავუბრუნდეთ ეპიდემიამდე არსებულ ვითარებას და ნორმალურ ცხოვრებას. ჩვენს ნაბიჯებს ეტაპობრივობა უნდა ახასიათებდეს. ყოველკვირეულად მოწმდება დადებითობის მაჩვენებელი. დღეს დადებითი ტენდენცია გვაქვს და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ეს შევინარჩუნოთ. როგორც კი მოგვეცემა ამის საშუალება, აჭარის მსგავსად, და აჭარა ნამდვილად კარგი მაგალითია, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ, ეს სხვა რეგიონებზეც გავრცელდება. მესმის, რომ რესტორნების პროტესტი არ არის პოლიტიზირებული აქტი, ეს არის მათი შიდა პრობლემებით გამოწვეული პროტესტი. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს, გავხსნათ რესტორნები, მათ შორის, ღია სივრცეებიც“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავა: ყველა წინაპირობა გვაქვს, რომ 2021 წელი ზრდის და აღდგენის წელი იყოს

„წინასწარი პროგნოზით ქვეყნის ეკონომიკა შემცირდება 6 პროცენტით, ეს არის მძიმე მაჩვენებელი, თუმცა ეს არის მსოფლიო ტრენდის ნაწილი". განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრის თქმით, გასულ წელს ქვეყნის ეკონომიკის პროგნოზირებულზე მეტად შემცირება ეპიდემიამ განაპირობა. „წინასწარი პროგნოზით ქვეყნის ეკონომიკა შემცირდება 6 პროცენტით, ეს არის მძიმე მაჩვენებელი, თუმცა ეს არის მსოფლიო ტრენდის ნაწილი. იცით, რომ გარკვეული, მე ვიტყოდი სერიოზული გაჯანსაღება გვქონდა, რომელიც იყო სხვა ქვეყნების ფონზე საკმაოდ მნიშვნელოვანი პოზიტიური სიგნალი სექტემბერში, ოქტომბრის დასაწყისში, მაგრამ ბოლო კვარტლის ვითარებამ კერძოდ, მეორე ტალღამ, ისევე როგორც ჩვენს რეგიონს, ევროკავშირს, საქართველოს ეკონომიკასაც თავისი დაღი დაასვა და საბოლოო ჯამში, შედეგი იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე თავიდან ვპროგნოზირებდით და ეს არის ეპიდემიის გავლენით. მთავრობის გეგმაზომიერი ნაბიჯები, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები იმასთან დაკავშირებით, რომ ნოემბრის ბოლოს მივიღეთ პრევენციული ზომები და წერტილოვანი შეზღუდვები დავაწესეთ, რომელთა ეტაპობრივი შემსუბუქება ახლა ხდება, იყო აბსოლუტურად ადეკვატური და ხედავთ, რომ ეკონომიკაში ვითარება პანდემიიდან გამომდინარე, არც თუ ისე სახარბიელო გვაქვს, თუმცა საერთაშორისო ტრენდიდან, საფინანსო ორგანიზაციების პროგნოზებიდან, ყველა წინაპირობა გვაქვს, რომ 2021 წელი ზრდის და აღდგენის წელი იყოს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. “საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა.

ფერმერები აგროდიზელის ფასდაკლების ბარათებს 1-ლი თებერვლიდან მიიღებენ

ფერმერები აგროდიზელის ფასდაკლების ბარათებს პირველი თებერვლიდან მიიღებენ. აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა 2021 წლის ბოლომდე გაგრძელდა. ინფორმაციას განვოთარების სააგენტო ავრცელებს. პროგრამის ფარგლებში ფასდაკლების ბარათების მიღება დისტანციურად იქნება შესაძლებელი. პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყება პირველ თებერვალს, ხოლო ფასდაკლების ბარათების გააქტიურება ეტაპობრივად მოხდება 7 თებერვლიდან. პროგრამის ბენეფიციარი ვებგვერდზე https://my.mepa.gov.ge რეგისტრაციის შემდეგ მიიღებს ბარათს, რომლის წარდგენის შემდეგ, „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ ბენზინგასამართ სადგურზე აგროდიზელის შეღავათიან ფასად მიღებას შეძლებს. ფერმერებს აგროდიზელის ფასდაკლების ბარათების მიღება ასევე შეეძლებათ სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებში, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში - მუნიციპალურ ცენტრებში. "პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია 1 ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15, 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა. მთელი ქვეყნის მასშტაბით დიზელის შეუფერხებლად გაცემა მოხდება დადგენილი გრაფიკის მიხედვით, კერძოდ: 1 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით - გაიცემა არაუმეტეს 2,000 ლიტრი საწვავი, 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით - დამატებით 1,500 ლიტრი, ხოლო 1 მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით - დარჩენილი რაოდენობა. ფასდაკლების ბარათების განაღდება შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით მოქმედ „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ 89 ბენზინგასამართ სადგურზე, ასევე მის საბითუმო ბაზებზე თბილისსა და სამტრედიაში. პროგრამა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანიას ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ შორის გაფორმებული მემურანდუმის საფუძველზე ხორციელდება და მასზე საბიუჯეტო სახსრები არ იხარჯება", - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ფერმერები აგროდიზელს შეღავათიან ფასად მიიღებენ.

ნათია თურნავა: მივმართავ ავიაკომპანიებს, თუ მგზავრს არ ექნება PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი ან ვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტი, თვითმფრინავში არ დაუშვან

ავიაკომპანიებს მივმართავთ თხოვნით, რომ თვითმფრინავში არ დაუშვან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომელთაც თან არ ექნებათ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი ან კოვიდ-ვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტი, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ინოვაცია, რომელიც საშუალებას იძლევა შემდეგი კვირიდან დაიწყოს აქტიური შეხვედრები ტურ-ოპერატორებთან, სასტუმრობთან და ტურისტული ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან, რათა მათ ეს ახალი წესები გააცნონ. „ეს მოგცემს საშუალებას დავიწყოთ ფიქრი იმაზე, თუ სწრაფად როგორ შემოვიყვანოთ საქართველოში პირველ რიგში ვაქცინირებული უცხოელების ჯგუფი, ვისაც სურს საქართველოს ეწვიოს და დაათვალიეროს. ამისთვის ჩვენ ეტაპობრივად სხვადასხვა რეგიონს, დადებითობის მაჩვენებლის მიხედვით. ამ ეტაპზე ეს არის აჭარა“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ 1-ლი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა უქმდება. ცნობილია, რა შეზღუდვები რჩება ძალაში და რა იხსნება 1-ლი თებერვლიდან. ცნობილია, რა შეზღუდვები შემსუბუქდება 1-ლი თებერვლიდან საქართველოში შემომსვლელი მოქალაქეებისთვის.

წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა

“საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა. ინფორაციას სტატისტიკის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. წინასწარი შეფასებით, 2020 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 7.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლისსაშუალო რეალური ზრდა -6.1 პროცენტით განისაზღვრა. გავრცელებული ინფორმაციით, 2020 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდაშემდეგ საქმიანობებში: განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, მშენებლობა, ხელოვნება,გართობა და დასვენება, დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება,საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი. ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები,წყალმომარაგება, კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავებისსაქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამთომოპოვებითი მრეწველობა.

ფერმერები აგროდიზელს შეღავათიან ფასად მიიღებენ

ფერმერები აგროდიზელს 2021 წელსაც შეღავათიან ფასად მიიღებენ. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ფერმერებისათვის შეღავათიანი პირობებით საწვავის მიწოდებას ითვალისწინებს მემორანდუმი, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანიას „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ შორის გაფორმდა. პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყება პირველ თებერვალს, ხოლო ფასდაკლების ბარათების გააქტიურება 7 თებერვლიდან, ეტაპობრივად მოხდება. მემორანდუმს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და კომპანიის „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ დირექტორმა, ლევან გიორგაძემ მოაწერეს ხელი. ხელმოწერას ესწრებოდნენ სოკარ ენერჯი ჯორჯიას გენერალური დირექტორი მაჰირ მამედოვი და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი ფაიგ გულიევი. „2020 წელს ძალიან წარმატებული აგროდიზელის პროგრამა განხორციელდა „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმთან” თანამშრომლობით. ამ პროგრამით 125 ათასმა ფერმერმა ისარგებლა და მათ 7 მილიონ ლარზე მეტი შეღავათი მიიღეს. ჩვენ 2021 წელსაც ვაგრძელებთ სოკართან თანამშრომლობას. ფერმერებს საშუალება ექნებათ, შეღავათიანი პირობებით შეიძინონ დიზელი. გვაქვს სიახლეც, რაც ელექტრონულ პლატფორმას გულისხმობს. ფერმერებს აღარ მოუწევთ ქაღალდზე დაბეჭდილი დოკუმენტის წარდგენა ბენზინგასამართ სადგურებზე, ისინი ელექტრონული აპლიკაციით ისარგებლებენ”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. კომპანიის „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი” დირექტორის, ლევან გიორგაძის განცხადებით, სახელმწიფოსთან თანამშრომლობით ხორციელდება პროგრამა, რომლიც ფერმერებს შეღავათიანი პირობებით სთავაზობს დიზელის საწვავს, რითაც ისინი ზოგავენ თანხას სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულებისას. „პანდემიამ ეკონომიკის მიმართულებით ბევრი პრობლემა გააჩინა. ვფიქრობთ, არც 2021 წელი იქნება მარტივი. ჩვენ, გასულ წელს, მემორანდუმის საფუძველზე, დიზელს ფასდაკლებით ვაწვდიდით ფერმერებს, რაც ხელს უწყობდა ეკონომიკას. მემორანდუმი გაფორმდა წელსაც, რომ საწვავი მივაწოდოთ აგროსფეროს და ეს წელი უფრო წარმატებული გავხადოთ“, - განაცხადა სოკარ ენერჯი ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა, მაჰირ მამედოვმა. აგროდიზელის შეღავათიან ფასად მიღებას კვლავ შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელი ის ფიზიკური და იურიდიულ პირები, რომელთაც გააჩნიათ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრებად რეგისტრირებული არანაკლებ 0.25 ჰა - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გარდა საძოვარისა, ან, რომლებიც მოახდენენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირველად რეგისტრაციას და დაზუსტებას.

ჯანი ბუკიკიო: საქართველო ვენეციის კომისიის საუკეთესო პარტნიორია, კანონდებლებმა ბევრჯერ მოგვმართეს რეკომენდაციებისთვის

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს ჯანი ბუკიკიოს შეხვდა. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო ის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტები, რომლებზეც საქართველოს პარლამენტის მიმართვის საფუძველზე ვენეციის კომისია ამ დროისთვის მუშაობს. მათ შორის არის პარტიების დაფინანსების შეწყვეტის წესისა და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტები. კომისიის თავმჯდომარის ჯანი ბუკიკიოს განცხადებით, საარჩევნო სისტემისა და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებზე, კომიიის მიერ პროექტის წინასწარი ვერსიები დამუშავების პროცესშია და სამუშაო ვერსიები დოკუმენტის ოფიციალური ვერსიის გამოქვეყნებამდე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს გადაეგზავნება. "ჩვენ გვქონდა კარგი დისკუსია საქართველოს პარლამენტის წევრებთან, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ვენეციის კომისიის საუკეთესო პარტნიორია. თქვენი ქვეყნის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ბევრჯერ მოგვმართეს მოსაზრებებისთვის, ახლა ჩვენ ორი მნიშვნელოვანი მოსაზრება გვაქვს, ჩვენ უკვე ვამზადებთ დასკვნის პროექტის პირველად ვერსიას, რომელიც საარჩევნო თემატიკას ეხება. ოფიციალური ვერსიის გამოქვეყნებამდე ჩვენ მას გადავუგზავნით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რაც სავარაუდოდ თებერვლის შუა რიცხვებისთვის მოხდება. მეორე თემა ეხება ელექტრონული კომუნიკაციის კანონს, ჩვენი მოსაზრება მარტში გამოქვეყნდება. სამწუხაროდ ჩვენ არ შეგვიძლია საქართველოში ჩასვლა, ოფიციალურ პირებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრა, მაგრამ ჩვენ გვექნება ამ საკითხებთან დაკავშირებით ონლაინ დისკუსიები“, - აცხადებს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო. პარტიების დაფინანსების შეწყვეტის წესისა და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტებისგანხილვის თხოვნით, ვენეციის კომისიას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ, დეკემბერში მიმართა. კანონპროექტი ახალმა, მე-10 მოწვევის პარლამენტმა 23 დეკემბერს პირველი მოსმენით მიიღო. საკანონდებლო ინიციატივას 83 დეპუტატამა დაუჭირა მხარი. სახელისუფლებო პარტიის კანონპროექტის თანახმად, პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება, ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება, ან ერთი წლით შეუჩერდება, ხოლო იმ პოლიტიკურ პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს. ეს საკანონდებლო ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მას შემდეგ წარადგინა, რაც ოპოზიციამ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა და ამ მოტივით, სხვადსხვა ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნებში მიღებული საპარლამენტო მანდატების გაუქმება, ოფიციალურად მოითხოვეს. დეკემბერში ხელისუფლების საკანონდებლო ინიციატივას ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი გამოეხმაურა. საარჩევნო სუბიექტისთვის საარჩევნო რეგისტრაციის შეჩერებისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივების შეფასებისას ელჩმა აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი ორი საკანონმდებლო ინიციატივა, ვერ ეხმარება მიმდინარე მოლაპარაკების პროცესს. „ის იწვევს გარკვეულ შეშფოთებას ჩემში, გულწრფელი რომ ვიყო...რომ დავიწყოთ პარტიების საარჩევნო რეგისტრაციის საკანონმდებლო ინიციატივით, უნდა ვთქვა, რომ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ ინიციატივას აქვს ძალიან ცხადი მიმართულება, რომელიც მიმართულია ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციური პარტიისკენ. ვფიქრობ, რომ ყოველთვის კითხვის ნიშნები ჩნდება, როდესაც დღის წესრიგშია კანონი, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზნები, მაგრამ ასევე უნდა ვთქვა, რომ ამ სახის კანონებს ექნება უფრო ფართო გამოძახილი, რომელზეც ყველა უნდა დაფიქრდეს, თუ რა მნიშვნელობა ექნება მას პარტიებისთვის მომავალში. ჩვენ უკვე მოვისმინეთ არგუმენტები ამასთან დაკავშირებით, რომ პარტიას უნდა შეუწყდეს დაფინანსება იმ შემთხვევაში, თუ ის არ შევა პარლამენტში, აქ არის გარკვეული ლოგიკა, შეიძლება იყოს მხედველობაში მიღებული, რომ დაფინანსება უნდა მიიღოს პარტიამ, რომელსაც აქვს სურვილი მიიღოს მონაწილეობა და აიღებს პასუხისმგებლობას როგორც პარლამენტის წევრი, მაგრამ ფართო მსჯელობაც შეიძლება ამ საკითხზე და აქ ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს იმას, თუ სინამდვილეში რას წარმოადგენენ პარტიები დემოკრატიულ პროცესში - ეს არ არის მხოლოდ პარლამენტში სივრცის შევსება და საპარლამენტო მუშაობა.“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა კანონპროექტის შეფასებისას.

მაია ცქიტიშვილი: შევთანხმდით იმაზე, რომ შესაძლებელია გარკვეული შეზღუდვების ოპერირების წესების შემსუბუქება

„შევთანხმდით იმაზე, რომ შესაძლებელია გარკვეული შეზღუდვების ოპერირების წესების შემსუბუქება", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა, სავაჭრო ქსელებისა და მაღაზიების მფლობელებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, სავაჭრო ქსელებისა და მაღაზიების მენეჯმენტთან მთავარი განხილვის თემა იყო ის, თუ როგორ უნდა იმუშაონ ობიექტებმა პირველი თებერვლიდან ისე, რომ არ მოხდეს ინფექციის გავრცელება. „დღეს შეხვედრა შედგა ძირითადი სავაჭრო ქსელების და მაღაზიების მენეჯმენტთან. ეს არის ის ბიზნესი, რომელიც პირველი თებერვლიდან უნდა გაიხსნას მთელი ქვეყნის მასშტაბით და ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა იყო, თუ როგორ იფუნქციონირებს ეს ქსელები, ისე, რომ არ დავუშვათ ინფექციის სწრაფი გავრცელება. გავიხსენეთ ერთ კვირიანი წინასაახალწლო პერიოდი, როდესაც სავაჭრო ქსელებმა ზედმიწევნით შეასრულეს ყველა რეკომენდაცია და ჩვენი ამოცანა ამ ეტაპზეც არის ის, რომ ეს გახსნის პერიოდიც ისე გავიაროთ, რომ ეპიდაფეთქება არ მივიღოთ. კომუნიკაცია ძალიან აქტიურია, ისინი ყოველდღიურ კომუნიკაციაში არიან შრომის ინსპექციასთან, რომელთანაც არის შეთანხმებული გახსნის პირობები. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ შესაძლებელია გარკვეული შეზღუდვების ოპერირების წესების შემსუბუქება. მაგალითად, საახალწლო პერიოდში არ იყო დაშვებული საქონლის გადაცვლა, რაც პირველი თებერვლიდან შესაძლებელი იქნება. ასევე შესაძლებელი იქნება გასახდელების შემსუბუქება, ისევე, როგორც გარკვეული შემსუბუქება იქნება ერთ კვადრატულ მეტრზე დაშვებულ ადამიანებთან დაკავშირებით. რაც შეეხება საათების გადახედვას, შაბათ-კვირის შეზღუდვას, ჩვენ ავხსენით იმ გადაწყვეტილებების ლოგიკაც, რასაც ეს შეზღუდვები ეფუძნება. შესაბამისად, ამ თვალსაზრისითაც არსებობს სრული აღქმა, რომ ნებისმიერი გახსნა უნდა იყოს ეტაპობრივი, ფრთხილი და თუ მობილობას ვზრდით ამ ეტაპზე გარკვეული შეზღუდვებით უნდა დავაკომპენსიროთ. ვეუბნებით ასევე საზოგადოებას და ბიზნესს, რომ მაშინ, როდესაც დადებითობის მაჩვენებელი შემცირდება კვირის განმავლობაში 4%-მდე შევძლებთ უფრო თამამი ნაბიჯების გადადგმას“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს მთავრობის ეკონომიკური გუნდი სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიების წარმომადგენლებს შეხვდა.

ნათია თურნავა: ვაჭრობა ის სფეროა, რომელიც ყველაზე სწრაფად აღდგება

„საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე საუბარი არაა. შეგახსენებთ, რომ ვაჭრობა არის ის სფერო, რომელიც ყველაზე სწრაფად აღდგება", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. „სავაჭრო მოლები, წინასაახალწლო დღეებში ვამუშავეთ. სხვა შეზღუდულ ბიზნესებთან შედარებით, მათ ძალუძთ მოიკრიბონ ძალები და საკუთარი ძალებით შეძლონ მუშაობა“, - განაცხადა თურნავამ. შეგახსენებთ, რომ დღეს მთავრობის ეკონომიკური გუნდი სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიების წარმომადგენლებს შეხვდა.

„გალერია თბილისის“ დირექტორი: ეპიდემიოლოგიურ ვითარებას დააკვირდებიან და როგორც კი გაუმჯობესდება სიტუაცია, იმის მიხედვით მოიხსნება შეზღუდვები

„კონსტრუქციული საუბარი იყო. ეპიდემიოლოგიურ ვითარებას დააკვირდებიან და როგორც იქნება გაუმჯობესება იმის მიხედვით მოიხსნება შეზღუდვები, ეს ეხება გადაადგილების შეზღუდვას და ასევე შაბათ-კვირას მუშაობას. მთავარი იყო ის, რომ გავხსნილიყავით, რაც არ შეიცვალა და ვიხსნებით ჩვეულებრივად პირველ თებერვალს" , - ამის შესახებ მთავრობის წევრებსა და სავაჭრო ქსელებისა და მაღაზიების მფლობელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ „გალერია თბილისის“ დირექტორმა ნიკოლოზ ცინცაძემ განაცხადა. ცინცაძის თქმით, პერიოდულად გადაიხედება მდგომარეობა და ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების შემთხვევაში ეტაპობრივად მოიხსნება შეზღუდვები. „დანარჩენი ყველაფერი ისედაც ვიცოდით, რომ იქნებოდა შეზღუდვები. გვქონდა ინფორმაცია შაბათ-კვირის შეზღუდვებზე, ასევე გადაადგილების შეზღუდვაზე. უბრალოდ კარგი ის იყო, რომ გადახედვა მოხდება ამ ყველაფრის კვირაში, 2 კვირაში ერთხელ და იმის მიხედვით, თუ გაუმჯობესდება მდგომარეობა მოიხსნება შეზღუდვები ეტაპობრივად. „გალერია თბილისი“ არის ცენტრალური მოლი, ამ შემთხვევაში ჩვენთან გადანაწილებულია თითქმის იდენტურად ყოველდღიური ნავაჭრი, რა თქმა უნდა, ის ორი დღე დაგვაკლდება, მაგრამ გადანაწილდება დანარჩენ დღეებზე, ნაწილობრივ მაინც“, - განაცხადა ნიკოლოზ ცინცაძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს მთავრობის ეკონომიკური გუნდი სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიების წარმომადგენლებს ხვდება.

„თბილისი ცენტრალის“ ხელმძღვანელი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას დადებითად აფასებს

„დღეს პოზიტიური დღე გვქონდა, იმიტომ, რომ დავაზუსტეთ კონკრეტული შეზღუდვები", - ამის შესახებ თბილისი ცენტრალის დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა, მტავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, სავაჭრო ცენტრებისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ათ კვადრატულ მეტრზე დაშვებული იქნება ერთი მომხმარებელი, ასევე იმუშავებს გასახდელები და იქნება პროდუქციის გადაცვლის შესაძლებლობა. „დღეს პოზიტიური დღე გვქონდა, იმიტომ, რომ დავაზუსტეთ კონკრეტული შეზღუდვები. კერძოდ, კარგი ამბავია ჩვენთვის ის, რომ ათ კვადრატულ მეტრზე იქნება ერთი მომხმარებლისთვის სავაჭრო ცენტრში, ისევე, როგორც ეს არის ჰიპერმარკეტებში. მეორე - იმუშავებს გასახდელები, იქნება პროდუქციის გადაცვლის შესაძლებლობა, რაც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი კლიენტებისთვის. სამწუხაროდ, ჯერ ვერ განიხილება შაბათ-კვირას მუშაობის საკითხი, მაგრამ ორ კვირაში ამ საკითხს კიდევ დავუბრუნდებით. შეფასდება ეპიდემიოლოგიური ვითარება და გადაწყვეტილება ამის მიხედვით იქნება მიღებული. იგივე ეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის თემას, რაც ასევე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. ჩვენ ასევე გვაქვს კონკრეტული დროებითი გადაწყვეტილებები, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად დავამუშავებთ“, - განაცხადა ლევან ყარალაშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს მთავრობის ეკონომიკური გუნდი სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიების წარმომადგენლებს ხვდება.

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე, ბორჯომის მერიის ყოფილი თანამშრომელი დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი და ერთი პირი დააკავეს. "გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის იანვარში, ქ.ბორჯომში მცხოვრები პირი დაუკავშირდა ბორჯომის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსს და სთხოვა დახმარებოდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევში მდებარე, საკომლო ჩანაწერით, მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაში. იმის გათვალისწინებით, რომ მიწის მოცემული ადგილმდებარეობა აღნიშნულ პირს არ აკმაყოფილებდა, შესთავაზა, მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია მოეხდინათ ტურისტული მიზნებისათვის პერსპექტიულ ადგილას, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით შესთავაზა დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის ნაწილის ან შესაბამისი ღირებულების ფულადი თანხის გადაცემა. აღნიშნულ შეთავაზებაზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მაღალჩინოსანი დათანხმდა და დაპირდა, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილებისა და ავტორიტეტის გამოყენებით უზრუნველყოფდა სოფელ ჭობისხევის რწმუნებულს გაეცა მიწის ნაკვეთის იდენტურობის ყალბი ცნობა, რის საფუძველზეც მოხდებოდა 46 737 ლარის ღირებულების 10 000 მ2 ფართობის სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის უკანონოდ რეგისტრაცია. საქმეზე გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ვერ მოახერხეს მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია და მხილებულ იქნენ მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებაში." - ნათქვამია განცხახებაში . გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 339-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

მთავრობის ეკონომიკური გუნდი სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიების წარმომადგენლებს ხვდება

მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური გუნდი სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიების წარმომადგენლებს ხვდება. მოლაპარაკებებს ესწრებიან ეპიდემიოლოგებიც. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ბიზნესის წარმომადგენლებმა განუცხადეს, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა შაბათ-კვირის შეზღუდვის მოხსნას უკავშირდება. „ჩვენმა სექტორმა აჩვენა, თუ როგორ შეიძლება წარმატებით მართო პროცესები პანდემიის განმავლობაში. 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე მუშაობის პერიოდში, ექვსმა სავაჭრო ცენტრმა გავატარეთ და მოვემსახურეთ მილიონ მომხმარებელს და არანაირი ეპიდაფეთქება არ ყოფილა, სიტუაცია არ დამძიმებულა, ანუ ეს შესაძლებელია.ამიტომ, ჩვენი შეთავაზება დღეს იქნება, რომ შაბათ-კვირის შეზღუდვების გარეშე გავაგრძელოთ მუშაობა. საერთო პრობლემაა ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, იმიტომ რომ 17 000 ადამიანი ყოველდღიურად უნდა მივიდეს სამსახურში და წავიდეს სახლში - ეს კითხვის ნიშნის ქვეშაა. ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იყოს კონკრეტული ანტიკრიზისული პაკეტი, რომელიც არ იყო შემუშავებული. ეს გულისხმობს საგადასახადო შეღავათს ქონების გადასახადის ნაწილში. ასევე ვისაუბრებთ კომენდანტის საათის გადაწევაზე, ერთი საათით მაინც. სავაჭრო ცენტრებმა და ზოგადად ბიზბესმა რომ იმუშაოს, 20:00 საათიდან 21:00 საათამდე ძალიან ცოტა დროს არის, რომ ელემენტრალურად თანამშრომლები სახლში მივიდნენ“, - განაცხადა „თბილისი ცენტრალის“ დირექტორმა, ლევან ყარალაშვილმა. „რითეილ გრუფ ჯორჯიას“ წარმომადგენელი რევაზ მაღალაშვილი აცხადებს, რომ რითეილებს და სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებს აქვთ კონკრეტული ხედვა, როგორ შეიძლება ეს პროცესი იმართოს. „აქამდე რა რეგულაციებიც იყო, 100 პროცენტით წარმატებით ვმართეთ, დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია და ვფიქრობთ, რომ არსებობს საშუალება კიდევ უფრო კარგად გავაკეთოთ ეს ყველაფერი ისე, რომ ბიზნესმა მეტი შვება იგრძნოს და ზიანი არ მივაყენოთ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას. შაბათ-კვირის შეზღუდვა არის საინტერესო თემა ჩვენთვის, იმიტომ რომ 19:00 საათამდე ისედაც ვერ ვიმუშავებთ საათობრივი შეზღუდვის გამო“, - აცხადებს მაღალაშვილი. სავაჭრო ცენტრ „ქარვასლის“ ხელმძღვანელი ზურაბ შავლაყაძე აცხადებს, რომ თუ ბიზნესი იხსნება, ეს გახსნა მომგებიანი უნდა იყოს. „გახსნა უნდა იყოს არა უბრალოდ გახსნისთვის, არამედ იმითვის რომ ბიზნესმა მიიღოს სარგებელი. ჩვენი ძირითადი თხოვნა, რაც იქნება მთავრობის მიმართ ესაა შაბათ-კვირას მუშაობის შესაძლებლობა. მომხმარებელი გადანაწილდება და არ იქნება კონცენტრირება ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით. ამასთანავე, თხოვნა იქნება ტრანსპორტის გახსნა.რაც შეეხება კომენდანტის საათს. ესეც არის ჩვენი თხოვნა გამომდინარე იქიდან რომ 9 ზე უკვე იწყება კომენდანტის საათი ძალიან მოკლე პერიოდი არის სამუშაოდ. სრულად ვითხოვთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნას. იგივე თანამშრომლების გადაადგილება ძალიან რთულია და კომპანიებს ძალიან ძვირი უჯდებათ. დღეში ეს 3 ათასიდან 7 ათას ლარამდე აღწევს, წარმოიდგინეთ თვის მასშტაბით რამხელა ხარჯებთან არის ეს დაკავშირებული“, - აცხადებს შავლაყაძე.

მთავრობა ფიტნეს-ცენტრებს სესხებს დაუსუბსიდირებს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სესხები ფიტნეს-ცენტრებსაც დაუსუბსიდირდება. ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში ტურიზმის ინდუსტრიასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ სპორტ დარბაზებს „აწარმოე საქართველოს“ სესხების სუბსიდირების პროგრამაში ჩართავენ. „ფიტნეს კლუბები ის ინდუსტრიაა, რომლის თებერვალში გახსნა არ გვაქვს დაგეგმილი, სამაგიეროდ, დავეხმარებით სესხების პროცენტის სუბსიდირებაში. ეს გადაწყვეტილება მომზადებულია და უახლოეს მთავრობის სხდომაზე გავიტანთ“, - განაცხადა თურნავამ. ეკონომიკის მინისტრს არ დაუკონკრეტებია. თუ რა პირობით ჩაერთვებიან ფიტნეს-ცენტრები სესხების სუბსიდირების სახელწმიფო პროგრამაში.