ეკონომიკა

კატარი სირიისთვის აზერბაიჯანული გაზის შესყიდვას დააფინანსებს

აშშ-ის ელჩმა კატარს სირიისთვის გაზის შესყიდვის დაფინანსებისთვის მადლობა გადაუხადა. კატარის ინიციატივა ყოველდღიურად ელექტროენერგიის მიწოდებას 40%-ით გააუმჯობესებს ხუთ მილიონზე მეტი ადამიანისთვის, ასევე, კომერციული და სამრეწველო ზონებისთვის. ამ პროექტით, კატარის განვითარების ფონდის მთლიანი წვლილი სირიის ელექტროენერგეტიკულ სექტორში 760 მილიონს გადააჭარბებს. ბუნებრივი აირის დღიური მოცულობა 2 მილიონიდან 3.4 მილიონ კუბურ მეტრამდე გაიზრდება.  „გულწრფელი მადლობა კატარს სირიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გაზის ინიციატივის სრულად დაფინანსებისთვის," - დაწერა X-ზე ტომ ბარაკმა, აშშ-ის ელჩმა თურქეთში და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სირიის საკითხებში.  აზერბაიჯანი თურქეთის კილისის მილსადენით, სირიაში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას იწყებს  

სირიაში, თურქეთისა და საქართველოს გავლით, აზერბაიჯანული გაზის ექსპორტი დაიწყო

2 აგვისტოს, თურქეთის ქალაქ კილისიში, აზერბაიჯანული გაზის სირიაში ტრანსპორტირების დაწყება აღინიშნა. Trend-ის ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის, თურქეთის, სირიის, კატარის მთავრობების წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა, SOCAR-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მიკაილ ჯაბაროვმა განაცხადა, სირიაში აზერბაიჯანული გაზის ექსპორტი თურქეთის გავლით მოკლე დროში დაიწყო. გაზის ექსპორტი ხორციელდება თურქეთის გავლით, ხოლო აზერბაიჯანიდან თურქეთში მიწოდება ხდება საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სამხრეთკავკასიური მილსადენის (South Caucasus Pipeline – SCP) მეშვეობით. საქართველოს როლი ტრანზიტულია — გაზი ბაქოდან შემოდის საქართველოში, გაივლის ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ ინფრასტრუქტურას და შემდეგ მიეწოდება თურქეთს. სწორედ თურქეთის სამხრეთით ხდება ბუნებრივი აირის გადაცემა სირიაში, კერძოდ კი, ქალაქ კილისის მონაკვეთის მეშვეობით, საიდანაც ის სირიის ენერგოსექტორს მიეწოდება. კატარი სირიისთვის აზერბაიჯანული გაზის შესყიდვას დააფინანსებს  

„ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე სატვირთო გადაზიდვები გაიზრდება“ - თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზზე მოძრაობა გაიზრდება, ხოლო თურქეთი და ყაზახეთი დიგიტალიზაციის, საბაჟოზე წესების გამარტივებისა და ერთობლივი საინვესტიციო ძალისხმევის საკითხებში ითანამშრომლებენ. ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი აცხადებს. აბდულკადირ ურალოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთმა და ყაზახეთმა ხელი მოაწერეს სარკინიგზო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომლის მიზანიც შუა დერეფნის გასწვრივ სატვირთო გადაზიდვების გამტარუნარიანობისა და მომსახურების ხარისხის გაზრდაა. თურქული სააგენტო Anadolu წერს, რომ ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის ბოლო ვიზიტის დროს, თურქეთშ  მიღწეულ შეთანხმებას ორივე მხარე სტრატეგიულ- ლოგისტიკური თანამშრომლობის ეტაპად მიიჩნევს. „ჩვენ დავიწყებთ ბლოკ-მატარებლების რეგულარულ მომსახურებას თურქეთსა და ყაზახეთს შორის და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე სატვირთო გადაზიდვები გაიზრდება,“ - განუცხადა ურალოღლუმ Anadolu-ს. მისი თქმით, შეთანხმება ხელს შეუწყობს ორმხრივ ტვირთების გადაადგილებას ჩინეთ-ევროპისა და ჩინეთ-აფრიკის მარშრუტებზე, მხარს დაუჭერს მულტიმოდალურ ინფრასტრუქტურას და დანერგავს კონკურენტულ ტარიფებს მეტი სატვირთო ოპერატორის მოსაზიდად. შეთანხმება ასევე მოიცავს თანამშრომლობას ისეთ ძირითად სფეროებში, როგორიცაა, დიგიტალიზაცია, საბაჟოზე წესების გამარტივება და ერთობლივი საინვესტიციო ინიციატივები. „აღჭურვილობის გადაცემა, ნოუ-ჰაუს გაზიარება, გამარტივებული საბაჟო პროცედურები და ციფრული ინსტრუმენტების უფრო ფართო გამოყენება სატრანსპორტო დოკუმენტაციაში, ფოკუსირებული სფეროებია,“ - აღნიშნა ურალოღლუმ. მანვე განაცხადა, რომ შეთანხმების მიზანია თურქეთისა და ყაზახეთის გლობალური ლოგისტიკის როლის გაძლიერება, შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაძლიერება და რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავება. „ყაზახური ნავთობის ექსპორტის გაფართოება და შუა დერეფნის განვითარება“ - რა შეთანხმებები გააფორმეს ასტანამ და ანკარამ  

„ყაზახური ნავთობის ექსპორტის გაფართოება და შუა დერეფნის განვითარება“ - რა შეთანხმებები გააფორმეს ასტანამ და ანკარამ

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და მისმა კოლეგამ, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა, სამშაბათს, ყაზახეთის ლიდერის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში 20 შეთანხმებას მოაწერეს ხელი: მათ შორის შუა დერეფნით (რკინიგზის მარშრუტით) ტვირთების გადაზიდვის მიმართულებით თანამშრომლობისა და ბიზნესის განვითარების ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს „თურქეთის რკინიგზის“ აღმასრულებელმა დირექტორმა უფუკ იალჩინმა, „Pacific Eurasia Logistics“-ის თავმჯდომარის მოადგილემ ეროლ ერკანმა და „JSC NC Kazakhstan Temir Zholy“-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ ტალგატ ალდიბერგენოვმა. თოყაევის ვიზიტის ცენტრალური ელემენტი იყო ძლიერი პოლიტიკური დიალოგისა და საგარეო პოლიტიკის უფრო მჭიდრო თანხვედრის დადასტურება. ორმა ლიდერმა ხაზი გაუსვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას და მხარდაჭერა გამოხატა გლობალური მმართველობის სისტემის რეფორმირების მიმართ. ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება და ახალი შეთანხმებები განხილვები ძირითადად ვაჭრობასა და ექსპორტზე თანამშრომლობაზე იყო ორიენტირებული. ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას, 18 ახალ სამთავრობათშორისო შეთანხმებასთან ერთად, რომლებიც 60-ზე მეტი დოკუმენტის არსებულ სამართლებრივ ჩარჩოს აფართოებენ და თურქული ინტეგრაციის უფრო ფართო ეტაპებს საფუძველს უყრიან. ეს შეთანხმებები რეალურ შესაძლებლობებს ქმნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სექტორებში, მათ შორის, დიგიტალიზაციაში, ლოგისტიკაში, ენერგეტიკაში, მედიკამენტებსა და სოფლის მეურნეობაში თანამშრომლობითი საწარმოებისთვის. თურქეთმა ასევე გამოთქვა ინტერესი ყაზახეთის ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების განხორციელების მიმართ, მათ შორის, ახალ ინფრასტრუქტურაში, ელექტროენერგიის დეფიციტის მოსაგვარებლად.  ერდოღანმა დისკუსიები „პროდუქტიულად“ შეაფასა და ხაზი გაუსვა ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას. „ყაზახეთი რეგიონში უდიდესი ეკონომიკაა და ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ჩვენ განვიხილეთ თემების ფართო სპექტრი - თავდაცვიდან და ენერგეტიკიდან დაწყებული, ტრანსპორტით, მეცნიერებითა და ტექნოლოგიებით დამთავრებული. ასევე განვიხილეთ თანამშრომლობა იშვიათი მინერალების მოპოვების მიმართულებით, ყაზახური ნავთობის ექსპორტის გაფართოება თურქეთის გავლით და ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის - თანამედროვე აბრეშუმის გზის ალტერნატივის განვითარება,“ - განაცხადა ერდოღანმა. ყაზახეთში თურქული ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით 5.8 მილიარდ დოლარს შეადგენს და მოიცავს ისეთ სექტორებს, როგორიცაა, წარმოება, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა და ინფრასტრუქტურა. ცნობილ ინვესტორებს შორის არიან Coca-Cola Icecek, Aksa Energy და Yildirim Group. ყაზახეთი ასევე ინვესტიციებს ახორციელებს თურქეთში: 2025 წელს Kaspi.kz-მ 1.1 მილიარდ დოლარად შეიძინა ელექტრონული კომერციის პლატფორმა Hepsiburada-ს საკონტროლო პაკეტი და ის ასევე მონაწილეობს ეგეოსის ზღვის სანაპიროს ტურისტულ პროექტებში. ლოგისტიკა და ენერგეტიკა: ახალი მარშრუტები და ერთობლივი პროექტები თოყაევმა და ერდოღანმა ასევე განიხილეს სატრანსპორტო სფეროში უფრო ღრმა ინტეგრაციის პერსპექტივები. ყაზახეთი მაქსიმალურად ცდილობს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითრებას, რადგან რუსეთში გამავალი ტრადიციული მარშრუტები, სანქციების გამო, აქტუალობას კარგავს. „ჩვენ ვახდენთ რკინიგზის მოდერნიზებას, ვაშენებთ გზებს და ვაახლებთ კასპიის პორტის ინფრასტრუქტურას. ჩვენ ვიწვევთ თურქულ კომპანიებს ამ პროექტებში მონაწილეობის მისაღებად,“ აღნიშნა თოყაევმა. განხილვის საგანი ასევე იყო ყაზახური ნავთობის ექსპორტის გაზრდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მეშვეობით. რადგან თურქეთი ენერგეტიკული ცენტრის როლში შემოდის, ეს მარშრუტი შეიძლება, გლობალური ენერგეტიკული სცენის მუდმივად ცვალებად ტალღებში მყარი სამაშველო რგოლი გახდეს. ასტანა-ანკარის ღერძი თოყაევის ვიზიტი ორმხრივ ურთიერთობებში გარდამტეხი მომენტი იყო, რადგან ორივე მხარემ მნიშვნელოვანი ინიციატივების განხორციელება და თანამშრომლობის გაძლიერება დაიწყო. ხელმოწერილი შეთანხმებები ხაზს უსვამს არამხოლოდ ძლიერ პოლიტიკურ ნდობას, არამედ, მზარდი ორმხრივი ინტერესის ჩამოყალიბებას მდგრადი ეკონომიკური კავშირების დამყარების მიმართ, მათ შორის, სამრეწველო თანამშრომლობა, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარება და ორმხრივი ინვესტიციები.  ყაზახეთი და თურქეთი სისტემატურად ქმნიან თანამშრომლობის ჩარჩოს, რაც ამ პარტნიორობას ფუნდამენტურად სტრატეგიულს ხდის და არამხოლოდ ტრანზაქციულს. თოყაევის ვიზიტი სცილდებოდა უბრალო დიპლომატიურ პროტოკოლს. ეს იყო ყაზახეთის სტრატეგიული ამბიციის გადამწყვეტი ინდიკატორი, ასტანა ჩაერთოს როგორც პროაქტიული თანაარქიტექტორი გლობალური წესრიგის რეკონფიგურაციაში; აძლიერებს ალიანსებს მნიშვნელოვან დაინტერესებულ მხარეებთან, თურქეთი კი, ახლა ცალსახად მდებარეობს ამ ჩარჩოში. წყარო  

ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ტრანზიტის გაზრდას გეგმავს

ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ 2024 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტით, ქვეყანამ დაახლოებით 1.4 მილიონი ტონა ნავთობი გაგზავნა, 2025 წელს კი, ამ მოცულობის 1.7 მილიონ ტონამდე გაზრდა იგეგმება. ერლან აკენჟენოვმა აღნიშნა, რომ წლის პირველ ექვს თვეში BTC-ით 800 000 ტონა გადაიტანეს. ამასთან, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტი ყაზახური ნავთობის ერთ-ერთ მთავარ ალტერნატიულ საექსპორტო მარშრუტად რჩება და მისი გამოყენების გაფართოების მიზნით მუშაობა გრძელდება. „სამუშაო მიმდინარეობს; ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ალტერნატიული მარშრუტია. მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელს ამ მარშრუტით დაახლოებით 1.4 მილიონი ტონა ექსპორტი განხორციელდა, 2025 წელს ჩვენ დაახლოებით 1.7 მილიონი ტონის ტრანსპორტირებას ვგეგმავთ,“ აღნიშნა ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა  

საქართველო და თურქეთი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრული ამოქმედებისთვის მზად არიან - სამინისტრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს აბდულკადირ ურალოღლუს შეხვდა. ქართული მხარის ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები. „საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას ისეთ სექტორებში, როგორიცაა: ორმხრივი ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, სამოქალაქო ავიაცია, ტურიზმი და სხვ. აღინიშნა, რომ თურქეთი ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორი და რეგულარულად მოწინავე ინვესტორია. ხაზი გაესვა ნაყოფიერ თანამშრომლობას ტრანსპორტის სფეროში. აღინიშნა, რომ სატრანზიტო დერეფნის როლის ეფექტური გამოყენება და რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის ფორმირება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა, რომლის შემდგომი განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული ქვეყნის საერთო სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასთან. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ ისე მრავალმხრივ დონეზე. აღინიშნა, რომ საქართველო და თურქეთი აქტიურადაა ჩართულია ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო დერეფნების განვითარების არაერთ ინიციატივაში, მათ შორისაა ტრანს-კასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი - შუა დერეფანი, რომელიც სულ უფრო მეტად იძენს აქტუალობას რეგიონალური კავშირების გაღრმავების, გლობალური ვაჭრობისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით. მარიამ ქვრივიშვილმა თურქ კოლეგას გააცნო საქართველოს მთავრობის ხედვა ქვეყნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ და მიაწოდა დეტალური ინფორმაცია კონკრეტული პროექტების მიმდინარეობაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით ქვეყნის განვითარებას. მათ შორისაა, რკინიგზის მოდერნიზაცია, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა და სხვ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა უფრო მეტად გააქტიურებას შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და მასში დამატებითი ტვირთების მოზიდვასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზის სრულ ამოქმედებასთან დაკავშირებით. თანამშრომლობა სამოქალაქო ავიაციის სექტორში კიდევ ერთი პრიორიტეტულ მიმართულებად დასახელდა. აღინიშნა, რომ 2025 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში პირდაპირი რეგულარული რეისების შედეგად ორ ქვეყანას შორის გადაყვანილმა მგზავრების რაოდენობამ შეადგინა 615 ათასზე მეტი მგზავრი, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,97%-ით მეტია. ხაზი გაესვა, რომ ამჟამად თურქეთის 4 ავიაკომპანია ახორციელებს ქვეყნებს შორის კვირაში 100- ზე მეტი სიხშირით მგზავრების გადაყვანას, ასევე წარმატებით ფუნქციონირებს სატვირთო ავიაგადაზიდვებიც. ითქვა, რომ თურქეთის უმსხვილეს ავიაკომპანიასთან „თურქეთის ავიახაზებთან“ მიმდინარეობს მუშაობა ახალი მიმართულების დაწყების შესახებ, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის თანამშრომლობას როგორც ავიაციის, ისე ტურიზმის სექტორში. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გახშირებული ავია მიმოსვლა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ორ ქვეყანას შორის ტურისტული მიმოსვლის განვითარებაში - 2024 წლის მონაცემებით, თურქეთიდან საქართველოში შემოსულია 1,3 მლნ ვიზიტორზე მეტი და ამ მაჩვენებლით, თურქეთი მეორეა საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების შემოსვლის მიხედვით. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობა ინვესტიციების, სახმელეთო ტრანსპორტის, ჰიდროგრაფიისა და საზღვაო სფეროს, რკინიგზისა და სხვა მიმართულებით,“ ნათქვამია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მარიამ ქვრივიშვილმა თურქეთის მინისტრი რიგით მეხუთე საერთაშორისო აბრეშუმის გზის ფორუმზე მოიწვია, რომელიც თბილისში 22–23 ოქტომბერს გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის მინისტრი ორმხრივ მთავრობათაშორის ეკონომიკურ კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მეექვსედ გაიმართება. მარიამ ქვრივიშვილი და აბდულკადირ ურალოღლუ კომისიის თანათავმჯდომარეები არიან.  

უკრაინამ აზერბაიჯანიდან ახალი მარშრუტით ბუნებრივი აირი პირველად მიიღო

უკრაინის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანიის ინფორმაციით, აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი უკრაინამ პირველად სატესტო რეჟიმში მიიღო ტრანსბალკანური დერეფნით, რუმინეთისა და ბულგარეთის გავლით. „ნეფტოგაზმა“ ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ კონტრაქტი „სოკარ ენერჯი უკრაინასთან“ გააფორმა. ივლისში უკრიანული მედია წერდა, რომ სატესტო რეჟიმში ტრანსბალკანური დერეფნით, დღე-ღამეში 160 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გადაიზიდა. უკრაინა ბუნებრივ აირს დღეს უმეტესწილად, უნგრეთიდან, პოლონეთიდან და სლოვაკეთიდან იღებს.  

უზბეკეთმა საქართველო ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის რკინიგზის პროექტში მიიწვია

უზბეკეთმა საქართველო ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის რკინიგზის პროექტში ჩართვისთვის მიიწვია. ხსენებული პროექტი შუა დერეფნის ახალ ნაწილს წარმოადგენს. The Caspian Post-ი ყირგიზულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ უზბეკეთმა ოფიციალურად შესთავაზა საქართველოს, რომ განიხილოს მონაწილეობა ამბიციურ პროექტში, რომელიც ტრანსევრაზიული სატრანსპორტო ქსელის მთავარი კომპონენტი უნდა გახდეს. ამ წინადადების შესახებ, უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრ ილხომ მახამოვსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილს შორის შეხვედრის დროს გახდა ცნობილი. მახამოვმა ხაზი გაუსვა პროექტის პოტენციურ ინტეგრაციას ძირითად საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებში, განსაკუთრებით, შუა დერეფანში, რომელიც ჩინეთს ევროპასთან ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის გავლით აკავშირებს. „საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობისა და რეგიონულ კავშირებში მისი მზარდი როლის გათვალისწინებით, უზბეკმა მინისტრმა თბილისს შესთვაზა, შეისწავლოს პროექტში გაწევრიანების ვარიანტები. საქართველოს ინტეგრაცია გააძლიერებს როგორც დერეფნის შესაძლებლობებს, ასევე ეფექტურობას, რაც ხელს შეუწყობს უფრო დივერსიფიცირებულ და მდგრად გლობალურ ლოგისტიკურ ჯაჭვს. ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის რკინიგზა, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს რეგიონულ ვაჭრობას, შეამცირებს მიწოდების დროს და შექმნის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს ევრაზიის მასშტაბით მონაწილე ქვეყნებისთვის,“  წერს The Caspian Post-ი. ამავე თემაზე:  ჩინეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი რუსეთის გვერდის ავლით რკინიგზის მშენებლობას გეგმავენ  

ისტორიული შეთანხმება: ყირგიზეთმა და უზბეკეთმა საზღვრისპირა ფულადი გზავნილების სისტემა დანერგეს

ყირგიზეთმა და უზბეკეთმა პირველი საზღვრისპირა ფულადი გზავნილების სერვისი ოფიციალურად დანერგეს. შეთანხმება ქვეყნების ეროვნულ საგადახდო სისტემებს - Elkart-სა და UZCARD-ს შორის შედგა, რასაც რეგიონული ფინანსური ინტეგრაციისკენ გადადგმულ მნიშვნელოვანი ნაბიჯად მიიჩნევენ. „ახალი სერვისი ორივე ქვეყნის მცხოვრებლებს თანხების პირდაპირ ბარათიდან გაგზავნის შესაძლებლობას აძლევს, საერთაშორისო საგადახდო სისტემების გვერდის ავლით,“ წერს ყირგიზული მედია. სისტემა ბიშკეკში გამართული ოფიციალური პრეზენტაციის დროს ამოქმედდა. ყირგიზეთში მომხმარებლებს სერვისზე წვდომა Elkart Mobile აპლიკაციის საშუალებით, ხოლო უზბეკეთში - UNIRED აპლიკაციის საშუალებით შეეძლებათ. ყირგიზეთის ბანკთაშორისი დამუშავების ცენტრის (IPC) თავმჯდომარემ ალტიმიშ ტურატბეკოვმა, განაცხადა, რომ ინიციატივა ცენტრალურ აზიაში ერთიანი ფინანსური ეკოსისტემის შექმნის უფრო ფართო ვალდებულებაზე მიუთითებს. უზბეკეთსა და ყირგიზეთს ისტორიულად ჰქონდათ რთული ურთიერთობა, განსაკუთრებით, საზღვრის დემარკაციის, წყლის რესურსების გამოყენებისა და ეთნიკური კონფლიქტების გამო (მაგალითად, 2010 წლის არეულობები). ასეთ ფონზე ამგვარი თანამშრომლობა ნიშნავს ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას. ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერება ცენტრალურ აზიაში ფულადი გზავნილების ერთიანი სისტემა ამარტივებს და ამცირებს ხარჯებს ათასობით ადამიანისთვის, რომლებიც მუშაობენ ერთ ქვეყანაში და ოჯახები ჰყავთ მეორეში. ეს ხელს შეუწყობს: შრომითი მიგრაციის ლეგალიზაციას მცირე ბიზნესების განვითარებას საზღვრისპირა რეგიონებში არაფორმალური ფულადი გადარიცხვების შემცირებას  

აზერბაიჯანი თურქეთის კილისის მილსადენით, სირიაში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას იწყებს

პირველი აგვისტოდან, თურქეთის კილისის მილსადენის მეშვეობით სირიაში აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება დაიწყება. თურქული მედიის ცნობით, ეს პროექტი მიზნად ისახავს სირიის დაზიანებული ელექტროინფრასტრუქტურის აღდგენას და თურქეთის რეგიონულ ენერგეტიკულ ცენტრად გადაქცევის მიზნის განმტკიცებას. აღსანიშნავია, რომ „სოკარს“ და სირიას შორის ცოტა ხნის წინ ხელმოწერილი დოკუმენტის ფარგლებში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისთვის მზადება დასრულებულია. პირველ ეტაპზე სირიაში ყოველწლიურად, 1,2 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის გაგზავნა იგეგმება. გაზი გაივლის თურქეთის საზღვარზე მდებარე ქალაქ კილისს და მიაღწევს ალეპოსა და ჰომსის ელექტროსადგურებს, სადაც გამოყენებული იქნება ელექტროენერგიის წარმოებისთვის. ამის წყალობით, დაგეგმილია დაახლოებით 1200-1300 მეგავატის სიმძლავრის წარმოება. შეგახსენებთ, რომ 12 ივლისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიასა (SOCAR) და სირიის მხარეს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი.  

მედია: მილიარდერ ამბანის მიერ კონტროლირებადი, ინდური ნავთობგიგანტი რუსული ნავთობის ალტერნატივას ეძებს

მედიის ცნობით, ევროკავშირის ახალი სანქციების ფონზე, ინდურმა კომპანია Reliance Industries-მა, რომელიც დღეში თითქმის 600 000 ბარელ ნავთობს ამუშავებს, რუსული ნავთობის ალტერნატივების ძიება დაიწყო. კერძოდ, მილიარდერ მუკეშ ამბანის მიერ კონტროლირებადმა Reliance Industries Ltd.-მ 18 ივლისის სანქციების პაკეტის გამოცხადების შემდეგ, აბუ-დაბიდან ნავთობი შეიძინა, რაც იშვიათი შემთხვევაა.  „მიუხედავად იმისა, რომ კომპანია, როგორც წესი, რუსეთიდან და ახლო აღმოსავლეთიდან უფრო იაფ კლასს ყიდულობს, ამჯერად მან პრემიუმ ვარიანტი აირჩია,“ იუწყება Bloomberg-ი.  Reliance-ის წარმომადგენლებმა კომენტარი არ გააკეთეს. Bloomberg-ი წერს, რომ კომპანია უკვე ეძებს ალტერნატივებს ახლო აღმოსავლეთში. თუმცა საკითხი კვლავ ღიად რჩება - შეძლებს თუ არა ის რუსეთიდან ყოველდღიურად იმპორტირებული დაახლოებით 600,000 ბარელის ჩანაცვლებას და რა ფასად. როგორც ცნობილია, 18 ივლისს ევროკავშირის საბჭომ მიიღო ეკონომიკური და ინდივიდუალური შემზღუდავი ზომების მე-18 პაკეტი, რომელიც გავლენას მოახდენს რუსეთის ენერგეტიკულ, საბანკო და სამხედრო სექტორებზე, ასევე ,ევროკავშირთან ვაჭრობაზე. ამავდროულად, Bloomberg-ის ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს რუსული ნედლი ნავთობიდან დამზადებული საწვავის ნაკადის შეზღუდვას, ძალაში 2026 წლის იანვარში შევა.  

აშშ-ჩინეთს შორის დაძაბულობის ფონზე, Amazon-მა შანხაის ხელოვნური ინტელექტის კვლევითი ლაბორატორია დახურა

Amazon-ი შანხაიში ხელოვნური ინტელექტის კვლევით ცენტრს ხურავს. ამის შესახებ Financial Times-ი იტყობინება. ლაბორატორიის თანამშრომელმა სოციალურ ქსელ WeChat-ზე დაწერა, რომ გუნდი „აშშ-სა და ჩინეთს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე, სტრატეგიული ცვლილებების“ გამო იშლებოდა. მისი თქმით, ექვსი წლის განმავლობაში გუნდმა 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა და შეიმუშავა ღია კოდის პლატფორმები, რამაც კომპანიას დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის შემოსავალი მოუტანა. ლაბორატორიაში დასაქმებულთა ზუსტი რაოდენობა არ არის გამჟღავნებული. შეგახსენებთ: დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ექსპორტის „შავ სიაში“ ჩინური ჩიპების მწარმოებელი რამდენიმე კომპანიის დამატებას გეგმავს. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჟენევაში მოლაპარაკებების პირველი დღის შემდეგ, ჩინეთთან ურთიერთობებში „დიდი პროგრესი“ იყო მიღწეული. ჩინეთმა აშშ-ის ახალი შეზღუდვები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ვაშინგტონი სავაჭრო მოლაპარაკებების დროს ჟენევაში მიღწეულ შეთანხმებებს არღვევს.  

უზბეკურმა მხარემ ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის განვითარებაში მონაწილეობის ინტერესი გამოხატა

უზბეკურმა მხარემ ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის განვითარებაში მონაწილეობის ინტერესი გამოხატა.    ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, უზბეკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უზბეკეთის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს ლაზიზ კუდრატოვს შეხვდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ უზბეკეთის სოფლის მეურნეობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა უწყებების ხელმძღვანელი პირები.   „მხარეებმა განიხილეს ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. ყურადღება გამახვილდა ორმხრივ ვაჭრობაზე, რომელიც ზრდადი დინამიკით ხასიათდება - 2024 წელს სავაჭრო ბრუნვა 40 პროცენტით, ექსპორტი კი - 27 პროცენტით გაიზარდა, რაც შეეხება 2025 წელს, იანვარი - მაისის პერიოდში, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 20 პროცენტით, ექსპორტი კი 46 პროცენტით გაიზარდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სავაჭრო ბრუნვის ზრდადი დინამიკის მიუხედავად, პოტენციალი დიდია.   შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია მეტად ითანამშრომლოს უზბეკეთის მხარესთან, ასევე დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მისიებისა და ბიზნეს ფორუმების ჩატარება. ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაღრმავებას უზბეკური ტვირთების საქართველოს დერეფანში ტრანსპორტირების კუთხით.   შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით საქართველოს მთავრობის ძალისხმევაზე საუბრისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სატრანსპორტო - ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს, მათ შორის, დასახელდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზა, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზება, თბილისის ახალი აეროპორტი და სხვ. უზბეკურმა მხარემ ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის განვითარების პროცესში მონაწილეობის ინტერესი გამოხატა.   შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ასევე ენერგეტიკული დერეფნის განვითარებაზეც. მარიამ ქვრივიშვილმა უზბეკ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიმდინარეობაზე, თავის მხრივ, აღინიშნა, რომ უზბეკეთი დაინტერესებულია საკუთარი მწვანე ენერგეტიკული რესურსების ევროკავშირის ბაზარზე გასატანად, რისთვისაც განიხილავს თანამშრომლობას დერეფნის სხვა მონაწილე ქვეყნებთან, მათ შორის, საქართველოსთან.   ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფერო კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულება იყო, რომელზეც საქართველოსა და უზბეკეთის მინისტრებმა ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველოში ფუნქციონირებენ უზბეკური ინოვაციური კომპანიები. უზბეკეთის მხარისთვის საინტერესო აღმოჩნდა საქართველოს გამოცდილება ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებისა და ქვეყანაში საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების შემოსვლასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები სოფლის მეურნეობის, სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორებში. აღინიშნა, რომ ბოლო წლებია საქართველოსა და უზბეკეთს შორის სამი ავიაკომპანია ახორციელებს პირდაპირ ფრენებს, რაც დადებითად აისახა საქართველოში უზბეკეთიდან ვიზიტორების ზრდაზე - 2024 წელს ეს მაჩვენებელი 23,4 პროცენტით გაიზარდა, 2025 წლის პირველ ნახევარში კი - 14,5 პროცენტით. ითქვა, რომ პირდაპირი ფრენების სიხშირის ზრდა საქართველოსა და უზბეკეთს შორის დამატებით ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას ტურიზმის სექტორში,“ წერს ეკონომიკის სამინისტრო გავრცელებულ პრესრელიზში.   შეხვედრას უზბეკეთის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე, გურამ გურამიშვილი და ირაკლი ნადარეიშვილი.

ფულადი გზავნილების თითქმის ნახევარი აშშ-ზე, ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოზე მოდის

ბოლო შვიდი წლის განმავლობაში (2019 წლიდან (პანდემიიდან) 2025 წლის იანვარ-ივნისის პერიოდის) საქართველოში 19 564 468 500 დოლარის ოდენობით ფულადი გზავნილები განხორციელდა. ეროვნული ბანკის მონაცემების აჩვენებს, რომ საანგარიშო პერიოდში ფულადი გზავნილების 48.6%-ზე მეტი ჯამურად ამერიკის შეერთებული შტატებიდან, გაერთიანებული სამეფოდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმოირიცხა. უფრო კონკრეტულად, 7 წელში აღნიშნული ქვეყნებიდან საქართველოში 9 526 426 600 დოლარის ფულადი გზავნილები განხორციელდა, აქედან 6 947 368 800 დოლარი - ევროკავშირის ქვეყნებიდან (35.5%-იანი წილი), 2 362 867 500 დოლარი - ამერიკიდან (12%), ხოლო 216 190 300 დოლარი - დიდი ბრიტანეთიდან (1.1%). აღბოლო 7 წელში მზარდია როგორც ევროკავშირიდან, ისე ამერიკიდან და გაერთიანებული სამეფოდან ფულადი გზავნილების მოცულობა, 2024 წელს ყველა აღნიშნულ შემთხვევაში რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება.  

რატომ ეწინააღმდეგება ირანი ზანგეზურის დერეფნის პროექტს

წყარო „ზანგეზურის დერეფნის“ კონცეფცია, 2020 წელს ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პოლიტიკურ დღის წესრიგში შეიტანა. დაახლოებით 32 კმ სიგრძის ამ დერეფანმა (ზოგიერთი წყაროს თანახმად, 49 კმ) თანამედროვე სომხეთის სამხრეთ ნაწილში, კერძოდ, სიუნიქის რეგიონის მეღრის რაიონში უნდა გაიაროს და აზერბაიჯანის მატერიკული ნაწილი მის ნახიჩევანის ანკლავთან დააკავშიროს.  ბაქოსთვის ეს დერეფანი უმოკლესი და სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო გზაა, რომელიც აზერბაიჯანის ორ ტერიტორიას აკავშირებს. აზერბაიჯანი დაჟინებით მოითხოვს, რომ ადამიანები ამ მარშრუტზე თავისუფლად გადაადგილდნენ და ტვირთმა შეუფერხებლად გაიაროს. ბაქო თავის პოზიციას ამყარებს 2020 წლის ნოემბერში აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის მიერ ხელმოწერილი სამმხრივი განცხადების მე-9 პუნქტით, რომელიც რეგიონში ყველა სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირის განბლოკვას ითხოვს. შესაბამისად, ზანგეზურის დერეფანი სცდება სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ფარგლებს და სულ უფრო მეტ რეგიონულ და გლობალურ ინტერესს იწვევს. ანტირუსული სანქციებისა და გლობალური ლოგისტიკური ცვლილებების ფონზე, ეს დერეფანი, ევროკავშირისა და თურქეთის მიერ სულ უფრო ხშირად განიხილება, როგორც ალტერნატიული სავაჭრო მარშრუტი, რომელიც რუსეთსა და ირანს გვერდს აუვლის. თუმცა ირანი, რომელიც თურქულ-აზერბაიჯანული გავლენის გაფართოებასა და დასავლეთის ღრმა შეღწევადობას უფრთხის, პროექტს მკაცრად ეწინააღმდეგება. თეირანი ზანგეზურსა და სომხეთთან საზღვარს, ევროპისა და რუსეთისკენ გასასვლელი მარშრუტის უმნიშვნელოვანეს კარიბჭედ მიიჩნევს. ამ წვდომის დაკარგვა ირანის გეოპოლიტიკურ პოზიციაზე ძლიერ დარტყმას გამოიწვევს. თეირანი ასევე ღრმად შეშფოთებულია იმ პერსპექტივით, რომ მის საზღვრებთან თურქულენოვან სახელმწიფოთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანება ჩამოყალიბდეს. ასეთ ვითარებაში, კავკასიაში პროთურქული ბლოკის გაძლიერება, რეგიონისგან ირანის სრულ იზოლაციასა და მარგინალიზაციას შეუწყობს ხელს. შესაბამისად, ზანგეზურის დერეფანი ირანისთვის არამხოლოდ ეკონომიკურ ინტერესებს, არამედ, სტრატეგიულ ბალანსსაც უქმნის საფრთხეს. ამასობაში, ჩინეთი — „სარტყელისა და გზის ინიციატივის“ მთავარი მამოძრავებელი, ახალი სავაჭრო მარშრუტების გახსნისადმი აქტიურად იჩენს ინტერესს. ინდოეთიც ცდილობს, გამოიყენოს დერეფანი საკუთარი რეგიონული სტრატეგიის ფარგლებში, მიუხედავად იმისა, რომ ის ეწინააღმდეგება შუა დერეფნის პროექტს, რომელშიც მისი კონკურენტები — ჩინეთი და პაკისტანი წამყვან როლს თამაშობენ. ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო ზანგეზურის დერეფანს ცენტრალური აზიის კარიბჭედ განიხილავენ. ეს არის რეგიონი, რომელიც მდიდარია რესურსებით, თუმცა არასაკმარისი ლოგისტიკური ინფრასტრუქტურით. ლონდონისთვის ეს სტრატეგიული მიზნის ერთგვარი აღორძინებაა, რაც რუსეთს, ირანსა და ჩინეთს შორის სახმელეთო კავშირის გაწყვეტას გულისხმობს. თურქეთი, რომელიც ამ დერეფნის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია, მას განიხილავს, როგორც პირდაპირ ეკონომიკურ გზას აზერბაიჯანში და იქიდან ცენტრალურ აზიაში — რაც მნიშვნელოვან სატრანზიტო შემოსავალსა და რეგიონულ გავლენას უზრუნველყოფს. რუსეთიც დაინტერესებულია ამ რეგიონში თავისი გავლენის შენარჩუნებით — დერეფნის კონტროლით, ევრაზიული ინტეგრაციის ხელშეწყობითა და რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფით. მოსკოვი პროექტში მონაწილეობას განიხილავს, როგორც საკუთარი გეოპოლიტიკური ყოფნის შენარჩუნების საშუალებას. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, ვაშინგტონი წინადადებით გამოვიდა, რომ დერეფანი ამერიკის კონტროლის ქვეშ მოექცეს. ვაშინგტონის ჩართულობამ ირანის ყველაზე მწვავე რეაქცია გამოიწვია. თეირანი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნებისმიერ ფორმატს, რომელიც სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკურ ლანდშაფტს აშშ-ის სასარგებლოდ შეცვლის. ვაშინგტონის მიზნები მოიცავს ირანის პოლიტიკური და ლოგისტიკური იზოლაციის გაღრმავებას და მისთვის კავკასიასა და ცენტრალურ აზიასთან წვდომის შეზღუდვას. ირანულ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, თეირანმა დიპლომატიური გზით გადასცა მოსკოვს თავისი კატეგორიული უარყოფითი პოზიცია, განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, თუ დერეფანი ექსტერიტორიული კონტროლის ქვეშ მოექცევა, რაც ირან-სომხეთის სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხეს შეუქმნის. ბაქოსთვის კი, ირანის პროტესტი ძირითადად ეკონომიკური ხასიათისაა. თეირანი ცდილობს, შექმნას საკუთარი დერეფანი არაქსის მდინარის ირანულ ნაპირზე. ირანულ საინფორმაციო სააგენტო „Mehr“-თან ინტერვიუში ინფრასტრუქტურის ექსპერტმა მორტეზა ნასერიანმა გამოხატა შეშფოთება იმის გამო, რომ ბაქოს კონტროლის ქვეშ, დერეფანმა შესაძლოა, ირანს სომხეთი საბოლოოდ მოწყვიტოს. ამასობაში, NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც თეთრ სახლში გაიმართა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი „წარმატებულ დასრულებას უახლოვდება.“ მოსე ბეკერი, ANAS-ის (აზერბაიჯანის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის) სამართლისა და ადამიანის უფლებების ინსტიტუტის ყოფილი წამყვანი მკვლევარი. პოლიტიკურ საკითხებზე კომენტატორი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი და ეთნიკურ-რელიგიურ საკითხებში ექსპერტი.

ჩინეთი აცხადებს, რომ მსოფლიოში უდიდესი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას იწყებს

სახელმწიფო მედიის ცნობით, ჩინეთმა დაიწყო მსოფლიოში უდიდესი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ ტიბეტის რეგიონში მდებარეობს. CGTN-ის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა პროექტი ავტონომიური რეგიონის ქალაქ ნიინგჩიში საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაზე გახსნა. ლი ციანმა პროექტს „საუკუნის პროექტი“ უწოდა და პროექტის მაღალი ხარისხის მშენებლობისთვის მყარი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად მოწინავე ტექნოლოგიების, აღჭურვილობის, ტექნიკისა და მასალების დანერგვის ბრძანება გასცა.  

პოლონეთში, ბალტიის ზღვაში ნავთობისა და გაზის უდიდესი საბადო აღმოაჩინეს

კანადურმა კომპანია Central European Petroleum-მა ორშაბათს განაცხადა, რომ პოლონეთში, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, შჩეცინის პორტიდან 6 კილომეტრის (3.7 მილის) დაშორებით, ბალტიის ზღვაში ნავთობის და გაზის უდიდესი საბადო აღმოაჩინეს. კომპანიის ინფორმაციით, საბადოს მარაგი 22 მილიონ ტონამდე ამოსაღებ ნახშირწყალბადს და 5 მილიარდ კუბურ მეტრ კომერციული ხარისხის ბუნებრივ გაზს შეადგენს. კომპანია აღნიშნავს, რომ ეს არის პოლონეთში ყველაზე დიდი აღმოჩენა, მთელ ევროპაში კი, ერთ-ერთი უდიდესი ფაქტია. Wolin-ის ლიცენზიის ფარგლებში აღმოჩენილი ბუნებრივი გაზის რესურსი შესაძლოა, 300 მილიონზე მეტი ბარელი ნავთობის ექვივალენტი იყოს. ბურღვით სამუშაოს ამერიკული კომპანია Noble Corporation-ი ახორციელებს, ხოლო პროექტის საინჟინრო ზედამხედველობას და მენეჯმენტს უზრუნველყოფს კომპანია Zenith Energy, რომელმაც მიმდინარე წლის დასაწყისში გაავრცელა განცხადება, რომ Wolin East 1-ის ჭაბურღილი Central European Petroleum-ს წარმატებით ჩაბარდა. ბოლო წლებში პოლონეთში ქვანახშირის მოხმარება იკლებს, თუმცა ნავთობისა და ბუნებრივი გაზის მოთხოვნა კვლავ იზრდება, რაც ქვეყანას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ემისიების მქონე ეკონომიკად აქცევს.  ამავდროულად, ქვეყანაში იზრდება ენერგორესურსების იმპორტზე დამოკიდებულება: ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 29%-დან 45%-მდე გაიზარდა, ხოლო ნედლი ნავთობის დაახლოებით 97% პოლონეთს ასევე იმპორტით მიეწოდება. ამ აღმოჩენამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეამციროს პოლონეთის ენერგოდამოკიდებულება და გავლენა მოახდინოს მეზობელ გერმანიის ენერგეტიკულ ბაზარზეც.  

Mercedes-ი მსოფლიოს მასშტაბით, დაახლოებით 223 000 ავტომობილს უკან იწვევს

გერმანიის სატრანსპორტო საშუალებების სამსახურის ცნობით, არსებობს რისკი, რომ 2002-2006 წლებში წარმოებულ Viano-სა და Vito-ს ფურგონებში, „ავარიის შედეგად, რომლის დროსაც აირბალიში აქტიურდება“, შესაძლოა, მგზავრები დაზარალდნენ. მონაცემების მიხედვით, ამ ავტომობილებიდან 60,246 გერმანიაშია რეგისტრირებული. გერმანულმა მედიამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ ავტომობილებში „ავარიის შემთხვევაში, შესაძლოა, გაზის გენერატორი აფეთქდეს“ და ამ შემთხვევაში აირბალიშს აღარ შეუძლია უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რაც მგზავრების დაზიანების რისკს იწვევს.  

რომელი ქვეყნები არიან ქართული პროდუქციის უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები

2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 234.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.7%-ით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.6%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.4%-ით გაიზარდა და 1 473.6 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. „2025 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 70.5% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (310.6 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (162.3 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (150.4 მლნ. აშშ დოლარი). 2025 წლის იანვარ-ივნისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 174.6 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, 121.0 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები 101.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.9 პროცენტი),“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

საქართველომ ტურიზმიდან წელს 2 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო

2025 წლის იანვარ-ივნისში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.8%-ით გაიზარდა და რეკორდულ მოცულობას - თითქმის 2 მილიარდ აშშ. დოლარს (1.971 მლნ აშშ დოლარს) გაუტოლდა - ამის შესახებ აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში. ამასთან, 2025 წლის ორ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის ანალოგიური პერიოდის დონეს 35.4%-ით გადააჭარბა. „საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 2025 წლის მეორე კვარტალში წლიურად 5.0%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა - 1,145.0 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა. იანვარ-ივნისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა: ისრაელიდან (გაიზარდა 66.4 მლნ. აშშ. დოლარით, 37.9%-ით და 241.9 მლნ. აშშ შეადგინა) ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან (გაიზარდა 30.7 მლნ. აშშ. დოლარით, 12.5%-ით და 277.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), აზერბაიჯანიდან (გაიზარდა 24.1 მლნ. აშშ. დოლარით, 30.7%-ით და 102.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), საუდის არაბეთიდან (გაიზარდა 6.2 მლნ. აშშ. დოლარით, 18.9%-ით და 38.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა) და სომხეთიდან (გაიზარდა 1.8 მლნ. აშშ. დოლარით, 2.8%-ით და 66.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა),“ - აღნიშნულია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.