სამართალი

პროკურატურამ ,,ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, მიმართვისა და მხარდაჭერისთვის 15 პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, ,,ქურდული სამყაროსათვის“ მიმართვის და მხარდაჭერისთვის 15 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ნ.მ., კ.ნ., მ.მ., ა.ა., ა.ც., შ.მ., ბ.გ., პ.ბ., და შ.ქ., აღიარებენ ქურდულ სამყაროს და აქტიური კავშირი აქვთ საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდებთან. ისინი თავიანთი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, ქურდული სამყაროს წესების შესაბამისად, წყვეტდნენ არაერთ დავას და მოქალაქეებს სისტემატიურად სძალავდნენ ფულად თანხებს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ავტომანქანასთან დაკავშირებული ერთ-ერთი დავის გადასაწყვეტად, ბ.ა.-მ და ზ.ნ.-მ ქურდული სამყაროს წევრებს მიმართეს. კანონიერი ქურდის დავალებების შესრულებისას კი ბ.მ.-მ, ო.მ.-მ, გ.რ.-მ და გ.გ.-მ თავიანთი აქტიური ქმედებით ქურდული სამყაროს საქმიანობას ხელი შეუწყვეს. ნ.მ.-ს, კ.ნ.-ს, მ.მ.-ს, ა.ა.-ს, ა.ც.-ს, შ.მ.-ს, ბ.გ.-ს, პ.ბ.-სა და შ.ქ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბ.მ.-ს, ო.მ.-ს, გ.რ.-ს და გ.გ.-ს ბრალდება 223-ე სამი პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხოლო ბ.ა.-ს და ზ.ნ.-ს 223-ე ოთხი პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროსთვის“ მიმართვა), რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში. ბრალდების მხარე დაკავებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ამავე თემაზე: შსს-მ გორსა და ხაშურში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 11 პირი დააკავა, 4 კი პასუხისგებაში მისცა

მაია რჩეულიშვილი ციხიდან გათავისუფლდა

„ყველას ბოდიშს ვუხდი“, - „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ დამფუძნებლის პირველი სიტყვებია საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ. ასევე წაიკითხეთ: „ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელი მშენებლობების დასასრულებლად მერიასა და კომპანიებს შორის მემორანდუმი გაფორმდა „უდიდესი მადლობა მერიას, რომელიც გვერდით დაგვიდგა. მადლობა უფალს, რომ დასრულდა. ინვესტორებს გადაეცათ შპს-ები და დარწმუნებული ვარ, რომ მერიის ზედამხედველობის ფარგლებში ყველაფერი კარგად დამთავრდება“, - აღნიშნა მაია რჩეულიშვილმა. მსჯავრდებულმა მაია რჩეულიშვილმა ქალთა მე-5 პენიტენციური დაწესებულება „ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელი მშენებლობების დასასრულებლად მერიასა და კომპანიებს შორის მემორანდუმის გაფორმებიდან ორი დღის შემდეგ დატოვა. „ციხიდან ჩვეულებრივად ვმუშაობდი, როგორც ბიზნესმენი, ინვესტორებისთვის გადასაცემ დოკუმენტაციაზე, სულ ეს იყო, მაგრამ ძალიან ბევრი დრო დასჭირდა“, - განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა. მას ციხესთან ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ. მაია რჩეულიშვილსა და ბრალდების მხარეს შორის საპროცესო შეთანხმება დღეს გაფორმდა. მაია რჩეულიშვილის თქმით, „მიონთან“ დაკავშირებით გაფორმდა საპროცესო, ამ ობიექტებზე კი დასრულებითი სამუაშაო ახლა მიმდინარეობს. ცნობისთვის, „ცენტრ პოინტის“ საქმეზე „მიონის“ ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. კომპანია „ცენტრ პოინტის” დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს მაია რჩეულიშვილს თანხების მითვისებასა და გაფლანგვაში ედებოდა ბრალი.

პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა, მათ შორის ერთ-ერთი ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი ნარკორეალიზატორია. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს "სამართალდამცველების მიერ, ქობულეთსა და ბათუმში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დაკავებულები არიან უცხო ქვეყნების მოქალაქეები: 1974 წელს დაბადებული თ.დ. 1993 წელს დაბადებული ბ.ა. 1989 წელს დაბადებული ვ.კ. ამავე წელს დაბადებული ო.პ და საქართველოს მოქალაქე - 1999 წელს დაბადებული ა.გ. სამართალდამცველებმა ბ.ა. ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ იგი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას ახდენდა. ბ.ა.-ს პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია მის მიერ ნარკორეალიზაციის შედეგად მიღებული ფული - 8000 ლარზე მეტი და 44 აბი „სუბოქსინი“. პოლიციამ ბრალდებული თ.დ. ქობულეთის მუნიციპალიტეტში დააკავა. მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია 3 შეკვრად დაფასოებული, „მეტამფეტამინის“ შემცველი ნარკოტიკი. დაკავებულს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედება. რაც შეეხება წარსულში ნასამართლევ ა.გ.-ს, იგი პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავა. მისი პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია 10 შეკვრად დაფასოებული, ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“-ს შემცველი ნივთიერება. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის, ასევე, ბათუმში დააკავეს ვ.კ. და ო.პ., რომელთა პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია 247 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის „ალფა-პვპ“. გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.კ. და ო.პ ნარკოტიკულ საშუალებებს შემდგომი რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა ადგილზე, სპეციალურად შერჩეულ სამალავებში ათავსებდნენ. დანაშაული 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

სომხეთი აზერბაიჯანს რასობრივ დისკრიმინაციაში ადანაშაულებს და ჰააგაში უჩივის

სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ერევანმა ბაქო რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის საერთაშორისო კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა, რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო 1965 წელს. მოსარჩელის განცხადების თანახმად, აზერბაიჯანი "სომხებს ათწლეულების განმავლობაში რასობრივი დისკრიმინაციის ქვეშ აყენებდა", სახელმწიფო "ატარებდა სომხების მიმართ სიძულვილის პოლიტიკას", რის შედეგადაც ისინი "განიცდიდნენ სისტემური დისკრიმინაციას, ხოცვას, წამებას და სხვა სახის ძალადობას " . მომჩივნის თქმით, ეთნიკური ან ეროვნული წარმოშობის სომხები, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა, დისკრიმინირებულნი იყვნენ. სომხეთის სარჩელის თანახმად, აზერბაიჯანმა ეს პრაქტიკა ისევ გამოიყენა 2020 წლის სექტემბერში, მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ აგრესიის დროს და შეიარაღებული კონფლიქტისას სერიოზულად დაარღვია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის საერთაშორისო კონვენცია.

ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ს სასამართლოში უჩივლა

ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს მასთან დაკავშირების არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო ლოს-ანჯელესის ფედერალურ საოლქო სასამართლოში უჩივლა. სასამართლოში სარჩელი გაფრინდაშვილმა 16 სექტემბერს შეიტანა. როგორც ცნობილია, სარჩელი ეხება Netflix-ის მიერ სერიალ The Queen’s Gambit -ის (ლაზიერის გამბიტი) დასკვნით ეპიზოდში გაჟღერებულ მცდარ ცნობებს, ნონა გაფრინდაშვილის ლეგენდარული კარიერული მიღწევების შესახებ. სერიალში ნათქვამია, რომ ნონა გაფრინდაშვილს კაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია, მაშინ როდესაც ის 1963 წლიდან წარმატებით მონაწილეობდა მამაკაცთა ტურნირებზე. სერიალში ბეტ ჰარმონზე საუბრისას ჭადრაკის კომენტატორი დასძენს: "ერთადერთი უჩვეულო რამ მის შემთხვევაში, მისი სქესია, თუმცა ის ერთადერთი არ არის რუსეთში. არსებობს ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც მსოფლიოს ქალი ჩემპიონია, თუმცა ის არასდროს შეხვედრია კაც მოთამაშეებს". ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს იურიდიული კომპანია BLB იცავს. ისინი სარჩელში წერენ, რომ კომენტატორის ნათქვამი ტყუილია და სექსისტური. სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ Netflix-მა დამატებითი შეურაცხყოფა მიაყენა ნონა გაფრინდაშვილს, როდესაც ის რუს მოჭადრაკედ წარადგინა, იმის მიუხედავად, რომ საქართველო დღემდე ებრძვის რუსეთის აგრესიას. ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატები მოჭადრაკისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, სულ მცირე, 5 მილიონ დოლარს ითხოვენ. The Hollywood Reporter-ის თანახმად, სარჩელში აღნიშნულია, რომ "მტკიცება, რომლის თანახმადაც გაფრინდაშვილი არასდროს შეხვედრია კაც მოთამაშეებს, აშკარა სიცრუეა, ასევე უხეშად სექსისტური და დამამცირებელი”. ნონა გაფრინდაშვილი (1962; 1965; 1969; 1972; 1975 წლები) მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია. მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებული - 1963; 1966; 1969; 1972; 1974; 1978; 1980; 1982; 1984; 1986; 1992 წლებში. 1983 წელს გახდა პირველი საჭადრაკო ოსკარის მფლობელი. 1989 -1996 წლებში ევროპის საჭადრაკო კავშირის უმაღლესი საჭადრაკო ჯილდო „ოქროს პაიკის" მფლობელი, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე.

მარტვილის მუნიციპალიტეტში ხის გადამამუშავებელი საამქრო დაიწვა

მარტვილის მუნიციპალიტეტში ხის გადამამუშავებელი საამქრო დაიწვა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ მეხანძრეები, სამაშველო სამსახური. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია. ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებული. მეხანძრე-მაშველები ადგილზე რჩებიან. უცნობია ზარალის ოდენობაც. როგორც მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე დროულად იყო მობილიზებული სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, ხის საამქროში ცეცხლი სწრაფად გავრცელდა და მისი ჩაქრობა დროულად ვერ მოხერხდა. „მეხანძრეებთან და მაშველებთან ერთად, ხანძრის ჩაქრობაში ჩართული იყვნენ ადგილობრივი მცხოვრებლებიც, მაგრამ სამწუხაროდ, ხანძარმა სწრაფად მოიცვა დიდი ტერიტორია და თითქმის მთლიანად დაიწვა საამქრო“, - განაცხადა ალექსანდრე გრიგალავამ.

„მთავარი არხის“ ოპერატორი მომხდარ ინციდენტზე: გადმომაგდეს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით

„მთავარი არხის“ ოპერატორ ლევან აბლოთიას განცხადებით, გუშინ ის ქარელში, „ქართული ოცნების“ ოფისის აივნიდან გადმოაგდეს. ამის შესახებ მან დღეს, კლინიკის დატოვების შემდეგ განაცხადა. ოპერატორმა ჟურნალისტებთან საუბრისას ქარელში მომხდარი ინციდენტის დეტალები გაიხსენა და აღნიშნა, რომ უცხო ადამიანების მხრიდან მსგავსი აგრესია და ძალადობა არსად უნახავს. „თუ გნახავდით, არ მეგონა. ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, რომ ცოტა რთული გასახსენებელია.. მე და ჩემი ჟურნალისტი ბექა ყორშია ქარელში ვიმყოფებოდით, ჟურნალისტურ საქმიანობას ვასრულებდით, რა დროსაც “ქართული ოცნების” ოფისში მივედით. არ ვიცი, ნახეთ თუ არა, როგორ გამოჰყავთ შიგნიდან ბექა ყორშია, ამის შემდეგ მეც გამოვედი იმიტომ, რომ ჩემი ჟურნალისტი ძალის გამოყენებით გამოყვანეს გარეთ. ეს ხალხი მერე ოფისში ჩაიკეტა, მე და ბექა „სტენდაფს“ ვწერდით, ისევ გამოვარდა 4 თუ 5 ადამიანი და ზოგი უკნიდან კამერის წართმევას ცდილობდა, ზოგი წინიდან, და ვარიდებდი თავს, როგორც ხდება ხოლმე. უკან მივდიოდი. მინდოდა, რომ დისტანცია ყოფილიყო ჩემსა და იმ აგრესორ ადამიანს შორის, რა დროსაც მოაჯირი ყოფილა უკან და ამ ჭიდაობასა და ხელის კვრაში წონასწორობა დავკარგე და გადავვარდი. უბრალოდ თავს ვიცავდი, მაგრამ ვერ დავიცავი ბოლომდე თავი და მოხდა ის, რაც მოხდა, გადმომაგდეს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით“, - განაცხადა ლევან აბლოთიამ. კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ გამოეხმაურა ქარელში მომხდარ ფაქტს. კოალიცია გმობს „მთავარი არხის“ ოპერატორის, ლევან აბლოთიას და ჟურნალისტის, ბექა ყორშიას მიმართ გამოვლენილ ძალადობას. „მიგვაჩნია, რომ 2021 წლის 15 სექტემბერს ქარელში მაუწყებლის გადამღები ჯგუფის შეზღუდვა და ოპერატორის დაზიანება ასევე მოიცავს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ნიშნებს, რაც გამოძიების პროცესში გასათვალისწინებელი გარემოებაა“, - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში. როგორც კოალიციაში აღნიშნავენ, ქარელში მომხდარი შემთხვევა მმართველი პარტიის აგრესიული პოლიტიკის შედეგია და „ქართულ ოცნებას“ მიმართავენ, არ წაახალისოს ჟურნალისტების მიმართ ძალადობა. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ქარელში გადაღებული კადრები წარადგინა და განაცხადა, რომ ოპერატორი კამერით ხელში გადაადგილდება. „ნიკა გვარამიას და მისი ტელევიზიის მიერ გუშინ მოწყობილი შოუ მთლიანად შეიცავდა როგორც დეზინფორმაციას, ისე ზიზღის ენას. როგორც იტყვიან ხოლმე, იყო სრული ბუკეტი იმისა, რისი ლუსტრირებაც მოვახდინეთ“, - განაცხადა მდინარაძემ. ამავე თემაზე: ,,მთავარის“ ინფორმაციას, რომ ტელეკომპანიის ოპერატორი „ქართული ოცნების“ ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს, მმართველ პარტიაში გამოეხმაურნენ

შსს-მ  გორსა და ხაშურში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 11 პირი დააკავა, 4 კი პასუხისგებაში მისცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გორსა და ხაშურში 11 პირი დააკავეს, 4 პირი კი პირის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ცნობით, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით დაკავებული არიან: 1985 წელს დაბადებული შ.მ., 1988 წელს დაბადებული ნ. მ. (მეტსახელად „რიჟოვიჩი“), 1963 წელს დაბადებული კ. ნ., 1964 წელს დაბადებული ბ. გ. (მეტსახელად „პაპლიკა“), 1987 წელს დაბადებული ა. ც. (მეტსახელად „მღვდელოვიჩი“), 1990 წელს დაბადებული გ. რ. (მეტსახელად „წერტილა“), 2002 წელს დაბადებული ო. მ. (მეტსახელად „ომო“), 1999 წელს დაბადებული ბ. მ., 1974 წელს დაბადებული გ. გ., 1972 წელს დაბადებული ზ. ნ. და 1996 წელს დაბადებული ბ. ა. ამავე დანაშაულებისთვის ბრალი წარედგინებათ: 1990 წელს დაბადებულ ა.ა.-ს (მეტსახელად „ბოთე“), 1983 წელს დაბადებულ მ.მ.-ს (მეტსახელად „ჩაინიკა“), 1998 წელს დაბადებულ პ.ბ.-ს (მეტსახელად „პაწე“) და 1989 წელს დაბადებულ შ. ქ.-ს (მეტსახელად „ტყუპა“). „კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები აღიარებდნენ „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში. კერძოდ, ისინი სისტემატურად მონაწილეობდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და ე.წ. კანონიერი ქურდების დავალებით, „ქურდული სამყაროს“ მიზნების განსახორციელებლად და მატერიალური სარგებლის მისაღებად, მოქალაქეებს ფულს და ძვირადღირებულ ავტომანქანებს ართმევდნენ. ბრალდებულები, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარების, სადავო საკითხების „ქურდული წესების“ შესაბამისად განხილვისა და მათი თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, უცხოეთში მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის - „ტერტერას“ დავალებით, არაერთ საქმეში ჩაერთნენ. „ქურდული გარჩევის“ შედეგად, ბრალდებულები ფინანსურ დავებს „ქურდული სამყაროს“ წესების შესაბამისად წყვეტდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს სადავო თანხის მიტანას აიძულებდნენ. გარდა ამისა, ბრალდებულებმა - „ქურდული სამყაროს“ წევრებმა, ე.წ. კანონიერი ქურდის - „ტერტერას“ დავალებით, ასევე „ქურდული სამყაროს“ წევრს - მეტსახელად „ჩაინიკას“ თავისი კუთვნილი ავტომანქანა წაართვეს. მოგვიანებით კი, აღნიშნული მანქანის დაბრუნების მიზნით, „ქურდული გარჩევა“ მოეწყო, რომელშიც „ქურდული სამყაროს“ წევრი მეტსახელად -„რიჟოვიჩი“ მონაწილეობდა. „ქურდული გარჩევის“ შედეგად, ავტომანქანა „ჩაინიკას“ დაუბრუნდა. აღნიშნულმა პირებმა ასევე კუთვნილი ავტომანქანა წაართვეს ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც „ქურდული გარჩევის“ შემდეგ, გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაუბრუნეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკებისას ნივთმტკიცებად ამოიღეს: კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ. ასევე, ამოღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა და 15 ათასი დოლარი, „მაგნუმის“ და „კოლტის“ სისტემის 2 ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანჟილეტი და საბრძოლო ვაზნები“ , - ნათქვამია უწყების განცხადებაში. „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ამავე თემაზე: გორსა და ხაშურში სპეცოპერაცია ტარდება

წყნეთში 2 ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

წყნეთში 2 ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს. ერთი არის 19-109 მუხლი, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და მეორე - 236-ე მუხლი, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ითვალისწინებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

ვერაზე დაჭრილი ახალგაზრდა გარდაიცვალა

ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე დაჭრილი ნიკა კვარაცხელია დღეს დილით კლინიკაში გარდაიცვალა. მას ქირურგიული ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა. დაპირისპირება თბილისში გუშინ, ღამით მოხდა, თუმცა, დამატებითი დეტალები ამ დრომდე უცნობია. როგორც Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ამავე თემაზე: თბილისში, ვერაზე ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს ვერაზე დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა

,,მთავარის“ ინფორმაციას, რომ ტელეკომპანიის ოპერატორი „ქართული ოცნების“ ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს, მმართველ პარტიაში გამოეხმაურნენ

ტელეკომპანია ,,მთავარის“ ოპერატორი ქარელის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ქარელში „ქართული ოცნების“ ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს არხის ოპერატორი ლევან აბლოთია. ამას უარყოფენ მმართველ გუნდში. ცოტა ხნის წინ, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „4-ჯერ“ ესაუბრა შტაბის წევრებს ქარელში და ფიზიკური შეხება ოპერატორთან არ ყოფილა და სიცრუეა, რომ ოპერატორი გადმოაგდეს. მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „უკუსვლით წასული ოპერატორი კიბის მოაჯირს წამოედო და ერთმეტრიანი დისტანციიდან გადავარდა“. „პრესსამსახურის წარმომადგენლები მოგაწვდიან ვიდეოს და ფოტოებს, სად დაეცა ოპერატორი და კიდევ ერთხელ მოხდება ტყუილის მხილება“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. ,,ქართული ოცნების“ ქარელის ორგანიზაციის ოფისში აცხადებენ, რომ ტელეკომპანია ,,მთავარის“ ოპერატორზე ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და ის აივნიდან თავად გადავარდა, როცა კადრებს იღებდა და უკანსვლით მიდიოდა. ,,ტელეკომპანია ,,მთავარის“ გადამღები ჯგუფი ოფისში შემოიჭრა და ყოველგვარი შეთანხმების გარეშე ახდენდა გადაღებას, თუმცა, ამის მიუხედავად, ოპერატორზე ან ჟურნალისტზე არანაირ ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, ოპერატორი აივნიდან, რომელსაც საკმაოდ დაბალი მოაჯირი აქვს, თავად გადავარდა, როცა კადრებს იღებდა და უკანსვლით მიდიოდა“, - განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს“ ,,ქართული ოცნების“ ქარელის ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა ილია ქელეხსაშვილმა.

ვერაზე დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა

თბილისში დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა. როგორც მეცხრე საავადმყოფოში ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, ექიმმა განაცხადა, ექიმები ბიჭის სიცოცხლის შენარჩუნებას ცდილობენ. თბილისში, ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე, ახალგაზრდა ბიჭი დღეს დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, გამოძიება 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.

თბილისში, ვერაზე ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს

თბილისში, ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე, ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, გამოძიება 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.

ემანუელ მაკრონი პოლიციაზე საპარლამენტო ზედამხედველობის ინიციატივით გამოდის

საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ქვეყნის საპოლიციო ძალების და მათი ქცევის მონიტორინგის მიზნით, საპარლამენტო ზედამხედველობის შექმნა სურს. France24 წერს, რომ მაკრონის გამოსვლა მოსახლეობასთან პოლიციის ურთიერთობის საკითხზე დისკუსიას მოჰყვა. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, პოლიციის ძალების საპარლამენტო ზედამხედველობის ორგანოს შექმნა აუცილებელია. კერძოდ, საუბარია გასული წლის ნოემბერში გავრცელებულ ვიდეოზე, რომელშიც ოთხი ოფიცერი შავკანიან მუსიკოსს სცემს. მაშინ, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზის პოლიციის მიერ შავკანიანი კაცის ცემა საფრანგეთისთვის სამარცხვინოა. მისივე თქმით, პოლიციელის ქმედებები სამაგალითო უნდა იყოს. მიშელ ზეკლერზე თავდასხმამ საფრანგეთში ფართო აღშფოთება გამოიწვია და გაამძაფრა აქტივისტების პრეტენზია უმცირესობების, განსაკუთრებით შავკანიანი და არაბი კაცების მიმართ აგრესიის გამო. საფრანგეთში პოლიციის მიმართ ერთ-ერთი მთავარი კრიტიკა იმის გამო ისმის, რომ ქვეყანას არ ჰყავს პოლიციის დამოუკიდებელი ზედამხედველი.

ადვოკატი აცხადებს, რომ 16 წლის მოზარდს არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდება მოეხსნა

16 წლის მოზარდს, რომელსაც პროკურატურა არასრულწლოვნის გაუპატიურებას ედავებოდა, ბრალდება არ დაუდასტურდა. ყოფილი ბრალდებულის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი, ლალი ჩაველაშვილი იცავდა. ადვოკატმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ექსპერტიზის დასკვნით, დაზარალებულს დაზიანებები არ ჰქონდა და გაუპატიურებული არ ყოფილა, ამიტომ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. ადვოკატის განმარტებით, საქმეზე კიდევ ერთი, ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამავე თემაზე: 8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდა

მოსკოვის სასამართლომ Facebook-ი 21 მლნ რუბლით დააჯარიმა

მოსკოვის სასამართლომ, აკრძალული ინფორმაციის წაშლაზე უარის თქმის გამო, Facebook-ი კიდევ 21 მილიონი რუბლით დააჯარიმა, ამის შესახებ ინფორმაციას ტაგანსკის სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, სოციალურ ქსელებისთვის რუსული სასამართლოების მიერ დაწესებული ჯარიმების საერთო ოდენობამ, 90 მილიონი რუბლი შეადგინა. "განხილულ 5 საქმეზე დადგენილია ჯარიმები ადმინისტრაციული სასჯელის სახით, 21 მილიონი რუბლის ოდენობით", - აცხადებენ სასამართლოს პრესსამსახურში. როგორც ცნობილია, სასამართლომ ასევე დააჯარიმა Twitter-ი 5 მილიონი რუბლით. Twitter-ისთვის დაწესებული ჯარიმების საერთო ოდენობ 45 მილიონი რუბლია.

პროკურატურამ „ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო“

საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო. „საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. მოვუწოდებთ ყველას, ვისთანაც შესაძლოა ინახებოდეს უკანონო ჩანაწერები და მასალები, გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ. ამასთან, იმ მედიასაშუალებებს, რომლებსაც გააჩნიათ აღნიშნული მასალა, მოვუწოდებთ ამჯერად მაინც ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მოგვაწოდონ მათ ხელთ არსებული მტკიცებულებები. ასევე ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ პირადი და პერსონალური ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებისგან“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მამუკა მდინარაძე: ხელისუფლება ეკლესიის რეპუტაციის სადარაჯოზე იდგება ოპოზიციის და მმართველი გუნდის კომენტარები ე.წ. ფარულ ფაილებზე ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ძალიან ცუდია, თუ სიმართლეა უკანონო მოსმენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მამუკა ხაზარაძე: ვადასტურებ, რომ გვისმენენ და ჩანაწერში ზუსტად არის აღწერილი ჩემი სიტყვები ინსპექტორის სამსახური: მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოს, დროულად შეისწავლოს ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ყველა საეჭვო შემთხვევა ნინო ლომჯარია: ძალიან მაღალია ალბათობა, რომ უკანონო მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება

სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული კიდევ ერთი საჩივარი მიიღო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით წარმოებაში „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ მომზადებული კიდევ ერთი საჩივარი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, საქმე სახელწოდებით ,,Berikashvili vs Georgia“ სასამართლომ უკვე დაარეგისტრირა. აქციაზე დაზარალებული მოქალაქე ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევის დადგენას ითხოვს. "ვახტანგ ბერიკაშვილი, რომლის სამართლებრივ ინტერესებს 2019 წლიდან ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს, 2019 წლის 20 ივნისს იმყოფებოდა პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე, რათა გამოეხატა მშვიდობიანი პროტესტი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. შსს-ს მიერ ამ აქციის არაპროპორციული ძალის გამოყენებით დარბევის შედეგად ვახტანგ ბერიკაშვილმა მიიღო ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი დაზიანებები სპეცრაზმელების მიერ ნასროლი სავარაუდოდ პლასტმასისა და კაუჩუკის შემცველი გაურკვეველი წარმოების ტყვიისაგან, რომელიც მისი სხეულიდან - მხრის მიდამოდან ამოიღეს სამედიცინო დაწესებულებაში. მისი სხეულიდან ამოღებული ტყვიის კადრი მედიაშიც არაერთხელ გავრცელდა, რითაც დასტურდებოდა დემონსტრანტებზე სასტიკად მოპყრობის ფაქტი. მიყენებული ჭრილობის გარდა, ვახტანგ ბერიკაშვილმა განიცადა ძლიერი ემოციური სტრესი, როდესაც ხედავდა, სამართალდამცავები როგორი დამიზნებით ესროდნენ აქციის მონაწილეებს რეზინის ტყვიებს. ვახტანგ ბერიკაშვილი საგამოძიებო ორგანოების მიერ დღემდე არ არის დაზარალებულად ცნობილი, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრი თავიდანვე ითხოვდა, დაუყოვნებლივ მინიჭებოდა დაზარალებულის სტატუსი. ორგანიზაციამ ეროვნულ დონეზე ყველა არსებული სამართლებრივი საშუალება გამოიყენა, რათა გენერალურ პროკურატურას ეწარმოებინა დროული, ეფექტიანი და მიუკერძოებელი გამოძიება. მათ შორის, პროკურატურის უარი გასაჩივრდა სასამართლოშიც, საიდანაც ორგანიზაციამ ასევე უარი მიიღო. დაზარალებულის სამართლიან მოთხოვნებზე უარის შემდეგ ადამიანის უფლებათა ცენტრი სტრასბურგის სასამართლოს მიმართა და მოითხოვა, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევის დადგენა", - ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. როგორც ცნობილია, "ადამიანის უფლებათა ცენტრი" 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებისას დაზარალებულ კიდევ სამ მოქალაქეს იცავს.

3,5 მლნ. ლარამდე ღირებულების ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტზე, 2 ადამიანი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო და სხვა ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და სახელმწიფოს მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ორი პირი მისცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და დღგ-ს ყალბი აქტივების შექმნის მიზნით, მათი ფაქტობრივი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, გაწერეს 3 428 000 ლარის ღირებულების ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რა გზითაც მათსავე კომპანიას შეუქმნეს ჯამში 522 915 ლარის ოდენობის ყალბი აქტივი, რაც შემდგომში გამოიყენეს კომპანიის საბიუჯეტო ვალდებულებების და იმპორტირებული პროდუქციის გადასახადების დასაფარად. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 210-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით", - ნათქვმია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს და დიდუბე ჩუღურეთის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2007 წელს დაბადებული ლ.მ. არასრულწლოვნების მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 13 სექტემბერს, თბილისში დაკავებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა 2007 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს., 2006 წელს დაბადებულ ბ.ხ.-ს და 2006 წელს დაბადებუ გ.მ.-ს. პოლიციამ ლ.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა.სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109- ე მუხლით მიმდინარეობს,რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში. ამავე თემაზე: თბილისში, წერეთლის გამზირზე 3 არასრულწლოვანი დაჭრეს