სამართალი

შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულ რაფაელ მურსაკულოვს პატიმრობა შეეფარდა

ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ რაფაელ მურსაკულოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობდნენ. სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებულიც. რაფაელ მურსაკულოვმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ახლა აღარაფერს საქმიანობს, მანამდე კი „ქართულ ოცნებაში“ უბნის უფროსი იყო. ბრალდებულმა მოსამართლის კითხვას უპასუხა, თუ რას საქმიანობდა ის. ბრალდების მხარე რაფაელ მურსაკულოვის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, დაცვის მხარე კი დაკავებულის საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, 33 წლის რაფაელ მურსაკულოვი დანაშაულს არ აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობაზეც უარს ამბობს. შეგახსენებთ, რომ რაფაელ მურსაკულოვს პროკურატურამ ბრალი რამდენიმე მუხლით წაუყენა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც ცნობილია, შანაი ბრუკი 30 ივლისს დაიკარგა. მეგობრების მონაყოლზე დაყრდნობით გავრცელდა ცნობები, რომ შანაე ბრუკმა დაურეკა ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფ მეგობარს, რომელმაც გაიგო, როგორ ეუბნებოდა ის ვიღაცას, რომ ხელი გაეშვა. მეგობრები ვარაუდობენ, რომ უცხოელს თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა. ამის შემდეგ სატელეფონო საუბარი გაითიშა. თბილისში გაუჩინარებული ავსტრალიის მოქალაქე გარდაცვლილი 31 ივლისს იპოვეს. ამავე თემაზე: პროკურატურამ შანაი ბრუკის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულთან ადვოკატი შევიდა

პროკურატურამ შანაი ბრუკის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი ედუარდსის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე რ.მ.-ს ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, თბილისში, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებული ყაჩაღურად, პირადი ნივთების დაუფლების მიზნით თავს დაესხა შანაი ბრუკი ედუარდს. მსხვერპლის მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო, ბრალდებულმა, ყაჩაღობის გაადვილების და შემდგომში მისი დაფარვის მიზნით, ანგარების მოტივით, მისი მოკვლა გადაწყვიტა. ბრალდებულმა შანაი ბრუკს დანით კისრის არეში მიაყენა დაზიანება და გაგუდა. ამის შემდეგ იგი მსხვერპლის პირად ნივთებს დაეუფლა და დანაშაულის კვალის დაფარვა სცადა, ცხედარს ხის ტოტები დააფარა, დანაშაულის იარაღი - დანა მიმდებარე ტერიტორიაზე გადააგდო და ადგილიდან მიიმალა. "გამოძიების პროცესში ჩატარდა რამდენიმე ასეული საგამოძიებო მოქმედება. გამოიკითხა 200-ზე მეტი პირი, მათ შორის გარდაცვლილი ქალის მეგობრები, თანამშრომლები, მეზობლები, დანაშაულის დღეს მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე მყოფი და იქ დასაქმებული პირები. საქმის მოწმეებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დამნაშავე პირის იდენტიფიცირების მიზნით, შეიქმნა ფოტორობოტი, რომელიც გაეგზავნა ყველა ოპერატიულ დანაყოფს. შესწავლილია შანაი ბრუკის გადაადგილების მარშრუტები და ამოღებულია ასევე, შემთხვევის ადგილის, გარდაცვლილის დროებითი საცხოვრებელი სახლის და მთაწმინდის პარკის მიმდებარე ქუჩებზე განთავსებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის - „112“-ის და კერძო ობიექტების კუთვნილი რამდენიმე ათეული ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერი. დანიშნულია დაქტილოსკოპიური, ტრასოლოგიური, ბიოლოგიური და გენეტიკური ექსპერტიზები. გამოძიების მიერ შეკრებილი მტკიცებულებების, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებების, ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, სამართალდამცავებმა 8 სექტემბერს რ.მ. დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით), 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; ანგარებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა სასამართლოს მიმართავს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. ამავე თემაზე: შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულთან ადვოკატი შევიდა

შს მინისტრი: ყვარელში მაღალ დონეზე ჩატარდა ყველაფერი და უსისხლოდ დამთავრდა, არანაირი მოთხოვნა არ შეგვისრულებია

შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის დაკავების შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მისი ინფორმაციით, დაკავებულია საქართველოს მოქალაქე და ის კახეთიდან არის. „მადლობა ყველას, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამშრომლებს, ასევე ბანკის თანამშრომლებს, ვინც შიგნით იყო, ბანკის თანამშრომლებს, მოქალაქეებს. მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩაატარეს ყველაფერი და უსისხლოდ დამთავრდა მადლობა ღმერთს, როგორც მძევლები ასევე ყველაფერი გავაკეთეთ, ყველაფერი ვეცადეთ, რომ ეს ადამიანიც უვნებლად დაგვეკავებინა და პასუხისგებაში მიგვეცა“, - განაცხადა მინისტრმა. რაც შეეხება მოთხოვნებს, მინისტრის თქმით, თავდამსხმელი სხვადასხვა თანხას ითხოვდა. „ხან ნახევარ მილიონს, ხან ერთ მილიონს. არანაირი მოთხოვნა არ შეგვისრულებია ამჯერად. ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და არავინ დაშავებულა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. დღესვე ინფორმაცია გაავრცელა შსს-მ. უწყების ინფორმაციით, ყვარელში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1 პირი - 1972 წელს დაბადებული შ.მ. დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ შეიარაღებული შ.მ. ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე “საქართველოს ბანკის" ფილიალში დღის მეორე ნახევარში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით 13 პირი მძევლად აიყვანა. ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მობილიზება და დაიწყო ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად, შ.მ.-მ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა", - ნათქვამია ინფორმაციაში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს. ამავე თემაზე: საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია

მედიის ცნობით, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია

ტელეკომპანიების ცნობით, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია. განახლება ყვარელში სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა და „საქართველოს ბანკიდან“ ყველა მძევალი თავისუფალია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის ხელმძღვანელმა ქეთი კოვზიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორ კოვიაშვილმა აღნიშნა, გამოძიება მიმდინარეობს სამი მუხლით და დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებს უწყება. ასევე დაუდასტურებელია ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი დაახლოებით ნახევარ მილიონს ითხოვდა. ამავე თემაზე: "საქართველოს ბანკში" აყვანილი ყველა მძევალი თავისუფალია

"საქართველოს ბანკში" აყვანილი ყველა მძევალი თავისუფალია

ყვარელში „საქართველოს ბანკიდან“ ყველა მძევალი თავისუფალია, სპეცოპერაცია გრძელდება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის ხელმძღვანელმა ქეთი კოვზიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორ კოვიაშვილმა აღნიშნა, მიმდინარეობს თავდამსხმელის იდენტიფიცირება. "ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ამ წუთებშიც მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები. გამოძიება მხოლოდ ერთი მუხლით არ მიმდინარეობს. ადგილზე არიან სამართალდამცველები. როგორც არის ინფორმაცია გავრცელებული, ეს პირი შეიარაღებულია. თანხასთან დაკავშირებით იყო მოთხოვნა. მიმდინარეობს პირის იდენტიფიცირება", - განაცხადა ქეთი კოვზიაშვილმა. ამავე თემაზე: ყვარელში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა

ყვარელში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში  შეიარაღებული პირი შეიჭრა

ყვარელში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა. როგორც შსს-ში აცხადებენ, ჭავჭავაძის ქუჩაზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. "პირველადი ინფორმაციით, საქართველოს ბანკის ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი. თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს - დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს" , - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ანა დოლიძე შსს-ში დაკითხვაზე დაიბარეს

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე დღეს შსს-ში დაკითხვაზე დაიბარეს. საქმე ეხება 30 აგვისტოს მის სოციალურ ქსელზე განხორციელებულ კიბერშეტევას. ანა დოლიძის თქმით, ის უნდობლობას უცხადებს გენერალურ პროკურატურას და დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს. "30 აგვისტოს იყო ჩემი სოციალური ქსელის გატეხვის მცდელობა. იყო არაერთი მცდელობა, მთელი დღის განმავლობაში. ამაზე შევიტანე განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროში. დღეს დამიბარეს გამოკითხვაზე. უნდობლობას ვუცხადებ შსს-ს, როგორც წინა ოთხ შემთხვევაზე, ამ შეთხვევაზეც ტყუილად მოვალ. უნდა გადავცე ჩემი პირადი ნივთები და ტელეფონი და შედეგი იქნება ნულოვანი", - აცხადებს ანა დოლიძე.

შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს

ავსტრალიის მოქალაქე შანაე ბრუკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული რაფაელ მურსაკულოვი ბრალს არ აღიარებს და დამულის უფლებას იყენებს. ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა, სოფიო გოგლიძემ, მურსაკულოვთან პირველი შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. "ბრალს არ აღიარებს, დუმილის უფლებას იყენებს, ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარსდგენია, არ გავცნობივართ რა ფორმალური საფუძვლებია შიგნით და საერთოდ რას გვედავება გამოძიება", - განაცხადა ადვოკატმა მისი თქმით, მურსაკულოვი შანაე ბრუკს არ იცნობდა. "საერთოდ არ უნახავს, საერთოდ არ იცნობდა", - განაცხადა ადვოკატმა. როგორც ცნობილია, შანაი ბრუკი 30 ივლისს დაიკარგა. მეგობრების მონაყოლზე დაყრდნობით გავრცელდა ცნობები, რომ შანაე ბრუკმა დაურეკა ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფ მეგობარს, რომელმაც გაიგო, როგორ ეუბნებოდა ის ვიღაცას, რომ ხელი გაეშვა. მეგობრები ვარაუდობენ, რომ უცხოელს თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა. ამის შემდეგ სატელეფონო საუბარი გაითიშა. თბილისში გაუჩინარებული ავსტრალიის მოქალაქე გარდაცვლილი 31 ივლისს იპოვეს. ამავე თემაზე: ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულთან ადვოკატი შევიდა

ჩრდილოეთ მაკედონიაში, კოვიდსაავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილოეთ მაკედონიაში, ქალაქ ტეტოვოს კოვიდსაავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. საავადმყოფოში ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. დაშავებული სამედიცინო პერსონალი და პაციენტები დედაქალაქ სკოპიეს საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრის ზორან ზაევის განცხადებით, ხანძარს წინ უსწრებდა აფეთქება, მაგრამ მიზეზი ჯერ კიდევ გამოუძიებელია. "მე ღრმა თანაგრძნობას ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახებსა და ახლობლებს და ვუსურვებ დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას", - განაცხადა ზაევმა. როგორც Euronews-ი წერს, მაკედონიაში, სრულადვაქცინირებულია მოსახლეობის 30% -ზე ნაკლები. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სწორედ ქალაქ ტეტოვოში იყო ყველაზე მეტი ჰოსპიტალიზებული და გარდაცვლილი. ამასთანავე, ქალაქის მაცხოვრებლების მხოლოდ 19% იყო აცრილი ივლისში, რის საფუძველზეც ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აგვისტოში ამან გამოიწვია დიდი ზეწოლა საავადმყოფოებზე.

BBC რუსი მინისტრის დაღუპვის დეტალებზე წერს

რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრი, ევგენი ზინიჩევი ნორილსკში სწავლების დროს მომხდარ ინციდენტს ემსხვერპლა. BBC სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ 55 წლის ზნიჩევი სხვის გადარჩენას ცდილობდა. კერძოდ, ინტერვიუს დროს, მინისტრი ოპერატორ, 63 წლის ალექსანდრე მელნიკთან ერთად კლდის პირას იდგა, ოპერატორი დაეცა და წყალში გადავარდა. საგანგებო სიტუაციების მინისტრმა მისი გადარჩენა სცადა, თუმცა კლდის მასაზე დაცემის შემდეგ თავადაც დაიღუპა. რუსული მედიის ცნობით, შემთხვევა კიტაბო ორონის ჩანჩქერთან, ჩრდილოეთ ციმბირში მოხდა. ნორილსკის დასავლეთით, 165 კილომეტრში. ამავე თემაზე: მედია: რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრი სწავლების დროს დაიღუპა

ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულთან ადვოკატი შევიდა

ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული მისმა ადვოკატმა სოფიო გოგლიჩიძემ დიღმის მთავარ სამმართველოში მოინახულა. ადვოკატის თქმით, მას ბრალდებულთან პირისპირ საუბრის საშუალება არ მიეცა და მისი დაცვის ქვეშ მყოფის დროებითი დაკავების იზოლატორში გადაყვანა მოითხოვა. ბრალდებულს სავარაუდოდ, დღეს დაკითხავენ. „ვინაიდან, არ მომეცა საშუალება, რომ ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს შევხვედროდი ერთი-ერთზე, რომ ჩვენს შორის საუბარი ყოფილიყო კონფიდენციალური, მოვითხოვე, გადაიყვანონ დროებითი მოთავსების იზოლატორში, გადაიყვანენ, შევხვდები და ამის შემდეგ ჩამოვყალიბდები დეტალებზე. საქმის მასალები ჯერ არ გადმოუციათ, დაკავების ოქმი გადმომცეს, მხოლოდ მას გავეცანი. გადაიყვანენ და დღესვე ვაპირებ შესვლას", - განაცხადა სოფიო გოგლიჩიძემ. ბრალდებულს, 33 წლის რაფაელ მურსაკულოვს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ჯერ უცნობია, აღიარებს თუ არა ის ბრალს. როგორც ცნობილია, შანაი ბრუკი 30 ივლისს დაიკარგა. მეგობრების მონაყოლზე დაყრდნობით გავრცელდა ცნობები, რომ შანაე ბრუკმა დაურეკა ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფ მეგობარს, რომელმაც გაიგო, როგორ ეუბნებოდა ის ვიღაცას, რომ ხელი გაეშვა. მეგობრები ვარაუდობენ, რომ უცხოელს თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა. ამის შემდეგ სატელეფონო საუბარი გაითიშა. თბილისში გაუჩინარებული ავსტრალიის მოქალაქე გარდაცვლილი 31 ივლისს იპოვეს. ამავე თემაზე: ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ შსს-ში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. "მოსამართლის განჩინების საფუძველზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაკავებულია თბილისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე", - განაცხადეს უწყებაში. უწყების ცნობით, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დროებით ცხოვრობდა თბილისში, გოგებაშვილის პირველ შესახვევში. მეგობრების განმარტებით, იგი ხშირად სეირნობდა მთაწმინდის პარკის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში. 30 ივლისს შანაი ბრუკი მეგობრებს უნდა შეხვედროდა, თუმცა არ მივიდა დათქმულ დროს და მას შემდეგ მასთან კომუნიკაცია შეწყდა. მოგვიანებით, შანაი ბრუკის მეგობრებმა აღნიშნულის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინეს. შეტყობინების მიღებისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სამძებრო ღონისძიებები დაიწყეს. "სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო კრიმინალური პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რამდენიმე ასეული თანამშრომელი. ასევე, ძებნის ოპერაციაში ჩართული იყო საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახური. ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, 31 ივლისს, დღის მეორე ნახევარში ნახეს ახალგაზრდა ქალის ცხედარი, რომელსაც აღენიშნებოდა ძალადობის კვალი. გამომძიებლის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტ - კრიმინალისტების მონაწილეობით მოხდა შემთხვევის ადგილისა და ცხედრის დათვალიერება, რა დროსაც ამოღებულ იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე არაერთი ნივთი და ბიოლოგიური კვლები. ასევე, ამოღებულ იქნა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, დაზიანებულ მდგომარეობაში. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ, ცხედარი გადასვენებულ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში და ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზა, ხოლო შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ნივთებსა და კვლებზე ჩატარდა დაქტილოსკოპიური, ტრასოლოგიური, ბიოლოგიური და გენეტიკური ექსპერტიზები. გამოძიებამ ჩაატარა რამდენიმე ასეული საგამოძიებო მოქმედება. გამოიკითხა 200-ზე მეტი პირი, მათ შორის გარდაცვლილი ქალის მეგობრები, თანამშრომლები, მეზობლები, დანაშაულის დღეს მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე მყოფი და იქ დასაქმებული პირები. მათგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დამნაშავე პირის იდენტიფიცირების მიზნით, შეიქმნა ფოტორობოტი, რომელიც გაეგზავნა ყველა ოპერატიულ დანაყოფს. შეისწავლეს შანაი ბრუკის გადაადგილების მარშრუტები და დათვალიერდა შემთხვევის დღეს შანაი ბრუკის გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერები, ასევე, შემთხვევის ადგილის, მისი დროებითი საცხოვრებელი სახლისა და მთაწმინდის პარკის მიმდებარე ქუჩებზე განთავსებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის - „112“-ის და კერძო ობიექტების კუთვნილი რამდენიმე ათეული ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები. საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობისა და სამართლებრივი დახმარების ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა სახის ღონისძიება: კერძოდ, დისტანციურად გამოიკითხა ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი, შანაი ბრუკის მეგობარი, რომელთანაც შანაი ბრუკს გარდაცვალებამდე ჰქონდა კომუნიკაცია, სოციალური ქსელის მეშვეობით. ასევე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული, სავარაუდო დამნაშავის ბიოლოგიური კვლები, დნმ-ის ბაზებთან შედარების მიზნით, გადაიგზავნა ინტერპოლის წევრ 194 სახელმწიფოში. აღნიშნულ დანაშაულთან სავარაუდოდ შემხებლობაში მყოფი რამდენიმე ათეული პირისგან აღებულ იქნა ბიოლოგიური ნიმუშები, რომლებზეც დაინიშნა გენეტიკური ექსპერტიზები. მოხდა თითოეული მათგანის დეტალური გამოკითხვა, მათ მიერ გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაცია ალიბები, თუ სად იმყოფებოდნენ შანაი ბრუკეს გარდაცვალების დროს, გადამოწმდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებით. კომპლექსური და მრავალმხრივი საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მინიმუმამდე შემცირდა ზემოთ აღნიშნულ პირთა წრე, ხოლო, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით, უტყუარად დადასტურდა ბრალდებულის ვინაობა. გამოძიების ფარგლებში შეკრებილი მტკიცებულებების, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებების, ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, მიმდინარე წლის 8 სექტემბერს ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 1988 წელს დაბადებული რ.მ. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" , - ნათქვამია უწყების განცხადებაში. შეგახსენებთ, შანაი ბრუკი 30 ივლისს დაიკარგა. მეგობრების მონაყოლზე დაყრდნობით გავრცელდა ცნობები, რომ შანაე ბრუკმა დაურეკა ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფ მეგობარს, რომელმაც გაიგო, როგორ ეუბნებოდა ის ვიღაცას, რომ ხელი გაეშვა. მეგობრები ვარაუდობენ, რომ უცხოელს თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა. ამის შემდეგ სატელეფონო საუბარი გაითიშა. თბილისში გაუჩინარებული ავსტრალიის მოქალაქე გარდაცვლილი 31 აგვისტოს იპოვეს. ამავე თემაზე: თბილისში გაუჩინარებული ავსტრალიის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს შსს თბილისში უცხოეთის მოქალაქის გაუჩინარების საქმეს თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით იძიებს

დავით კეზერაშვილის განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

პროკურატურამ დავით კეზერაშვილის საქმეზე განცხადება გაავრცელა. „უზენაესმა სასამართლომ, საქართველოს პროკურატურის 2018 წლის 21 ივნისის საკასაციო საჩივრის საფუძველზე გააუქმა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გამამართლებელი განაჩენი და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვისათვის, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დ.კ. დამნაშავედ ცნო. დადგინდა, რომ 2008 წლის 10 იანვარს საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დ.კ.-მ, მასთან დაკავშირებული პირის - მისი მეგობრის ო.შ.-ს და ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის სასარგებლოდ თანხების გაფლანგვის მიზნით, ყოველგვარი საფუძვლისა და კომპანიის შემოწმების გარეშე, გამოსცა ბრძანება ხსენებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. მანვე, სიტყვიერად დაავალა, მასთან დაახლოებულ პირს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის იმჟამინდელ უფროსს ა. ნ.-ს, კომპანიის წარმომადგენელთან ხელშეკრულების უპირობოდ, სასწრაფოდ, ყოველგვარი შემოწმების გარეშე, იმავე დღეს გაფორმება. ეს დავალება შესრულდა სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების მოთხოვნების უხეში დარღვევით, კერძოდ, მან, იურიდიული პირის შეუმოწმებლად, შეთავაზებული მომსახურეობის საბაზრო ღირებულების შეუსწავლელად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სათანადო დეპარტამენტებთან შეუთანხმებლად და საბანკო და სხვა სახის გარანტიების მოთხოვნის გარეშე, ასევე „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების ნებართვის არარსებობის მიუხედავად, იმავე დღეს, 2008 წლის 10 იანვარს, კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფების გეგმიური საბრძოლო მომზადების შესახებ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 5 685 000 ევროს ოდენობით, საიდანაც, დ.კ.-ს დავალებით 5 060 000 ევრო გადაირიცხა კომპანიის ანგარიშზე, ხოლო კომპანიის მხრიდან სანაცვლოდ შესასრულებული ვალდებულება - სამხედრო წვრთნების ჩატარება - საერთოდ არ განხორციელებულა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დ.კ. ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე, 3 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. ეს სასჯელი, 2012 წლის 29 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განახევრდა და საბოლოოდ დ.კ.-ს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 1 წლით და 6 თვით ჩამოერთვა დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. რაც შეეხება ამავე საქმეზე მსჯავრდებულ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ა.ნ.-ს, რომელიც თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებით მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, მის მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად დარჩა ძალაში. საზოგადოებას ასევე ვაცნობებთ, რომ ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დანაშაულებრივად გაფლანგული, საქართველოდან სხვადასხვა ქვეყანაში გადარიცხული თანხების მოძიების, უკანონოდ დაუფლებული თანხების საბოლოო მესაკუთრეების დადგენისა და აღნიშნულ დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეთა გამოვლენის მიზნით“, - აღნიშნულია განცხადებაში. უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.

უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა

თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს დღეს უზენაესმა სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა დაუსწრელად მიუსაჯა. დავით კეზერაშვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, თუმცა სასჯელი ამნისტიის შედეგად განახევრდა. პროკურატურა ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელს ედავებოდა თავდაცვის მინისტრობის პერიოდში საწვრთნელ პროექტებზე 5 მილიონზე მეტი თანხის გაფლანგვას. კეზერაშვილის ადვოკატი, გიორგი გელხაური აცხადებს, რომ პირველ და მეორე ინსტანციაში დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ წვრთნები ნამდვილად ჩატარდა და სასამართლომ გადაწყვეტილება კეზერაშვილის სასარგებლოდ გამოიტანა. სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას დავით კეზერაშვილი მისი და ტელეკომპანია „ფორმულას” დაშინების მცდელობად აფასებს და ამი ორგანიზატორად ირაკლი ღარიბაშვილს ასახელებს. აქვე აღნიშნავს, რომ ევროსასამართლოს მიმართავს. „თადუმაძე და ივანიშვილის ჯიბის სასამართლო მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ ყველაფერი იკადროს - მათსავე სასამართლოს ორ ინსტანციაში ჩემი უდანაშაულობის უტყუარი მტკიცებულებებით გამართლებისა და თითქმის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, საქმე ამგვარად შემოატრიალოს. ჩემთვის ცნობილია, რომ უშუალო ინიციატორი და ორგანიზატორი ამ უმსგავსობისა ივანიშვილის ხელის ბიჭი ირაკლი ღარიბაშვილია. სწორედ ის ფიქრობს, რომ ამდაგვარად დააშინებს ან დამაშანტაჟებს მე, ან ჩემს მიერ მხარდაჭერილ ტელევიზიას. ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ისტორიის სწორ მხარეს ვარ და მიმყარებს მოტივაციას, უფრო მეტი ენთუზიაზმით დავეხმარო თავისუფალ სიტყვას და ზოგადად თავისუფლებისთვის ბრძოლას საქართველოში“, - აცხადებს დავით კეზერაშვილი გავრცელებულ განცხადებაში. 2017 წელს სააპელაციო სასამართლომ დავით კეზერაშვილის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, რომელიც პროკურატურამ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. იმ პერიოდში გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე იყო.

ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

თბილისში, ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. როგორც Europetime-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს სპეცოპერაცია ნარკოდანაშაულს უკავშირდება. უწყების ცნობით, სპეცოპერაციის შედეგებთან დაკავშირებით განცხადება მოგვიანებით გავრცელდება. უცნობია, არიან თუ არა დაკავებულები. ამ ეტაპზე შსს-ში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

სახალხო დამცველმა 5 ივლისის მოვლენებზე, ზურაბ მახარაძისა და დეკანოზ სპირიდონისთვის ბრალის წარდგენის მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

სახალხო დამცველი 5 ივლისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ძალადობისკენ მოწოდების ფაქტებზე 2 პირის, ზურაბ მახარაძისა და მღვდლის, სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვს. დღეს გამართულ ბრიფინგზე ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ შეისწავლა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ვიდეომასალები და მიიჩნევს, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებები აღწევს დასაბუთებული ვარაუდის, ბრალის წარდგენის სტანდარტს, რათა 2 პირის მიმართ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ასევე, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტებზე. ზურაბ მახარაძისა და დეკანოზი სპირიდონისთვის ბრალის წარდგენის მოთხოვნით მან პროკურატურას უკვე მიმართა „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახალხო დამცველი უფლებამოსილია, მოითხოვოს გამოძიების, ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, თუ საქმის განხილვის შედეგად მივა დასკვნამდე, რომ არსებობს დანაშაულის ნიშნები. შესაბამისად, მე უკვე გამოვიყენე ორგანული კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და ზურაბ მახარაძისა და სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მივმართე. დევნის დაწყების წინადადებას საფუძვლად დაედო საჯაროდ გავრცელებული ვიდეომასალები, რომლითაც დასტურდება, რომ 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებამდე „ალტ-ინფოს“ ეთერით ზურაბ მახარაძე და სხვა პირები განუწყვეტლივ აანონსებდნენ ძალადობას „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილე პირთა მიმართ. ძალადობრივი მოწოდებები ასევე, ისმოდა ჟურნალისტთა მიმართ. ამავე პირებმა, სატელევიზიო ეთერით გაავრცელეს ინფორმაცია ჯგუფების შექმნის შესახებ, რომელთა პირდაპირი დანიშნულება 5 ივლისს ძალადობა იქნებოდა. სახალხო დამცველის წინადადებაში დასაბუთებულია, რომ 5 ივლისს ზურაბ მახარაძე უშუალოდ ხელმძღვანელობდა ჯგუფურ ძალადობას, მათ შორის, საკანონმდებლო ორგანოს წინ დადგმული საპროტესტო კარვების გატანასა და „სირცხვილიასა“ და „თბილისი პრაიდის“ ოფისების დარბევის მიზნით სხვადასხვა ჯგუფების გამოყოფას. საბოლოოდ, საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 2021 წლის 5 ივლისის ჯგუფური ძალადობის ფაქტზე დაზარალებულად იქნა ცნობილი 53 პირი და სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 27 პირის მიმართ. თუმცა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა არავის მიმართ არ დაწყებულა. გარდა ამისა, სახალხო დამცველმა კიდევ ერთი წინადადებით მიმართა გენერალურ პროკურატურას და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტზე სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება მოითხოვა. დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დადგინდა, რომ 5 ივლისს, დაახლოებით 14:14 საათზე, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელმა დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა მიკროფონით, ხმის გამაძლიერებლების საშუალებით მოუწოდა მოქალაქეებს ძალადობისკენ, რითაც გასცდა გამოხატვის თავისუფლებას და ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2391 მუხლით აკრძალული ქმედება - ძალადობის მოწოდება, რომელიც ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს. სახალხო დამცველი აგრძელებს ინფორმაციის მოპოვებას 5 ივლისის ძალადობასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ირგვლივ და საჭიროების შემთხვევაში, კვლავ გამოიყენებს ორგანული კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. ამავე თემაზე: ,,ალტ-ინფოს" დამფუძნებელი ზურაბ მახარაძე საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

მეტროსადგურ 300 არაგველთან სასწრაფოს მანქანა ავარიაში მოყვა

მეტროსადგურ 300 არაგველთან სასწრაფოს მანქანა ავარიაში მოყვა და ამოტრიალდა. ადგილზე დახმარების აღმოსაჩენად საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ გადმოჰყავთ მათ დაშავებულები. განახლება : ავარიის დროს სულ სამი ადამიანი დაშავდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს. გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფოს კოვიდინფიცირებული გადაჰყავდა.

BBC: ინგლისში, შინაური ცხოველების გატაცება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება

BBC-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც პანდემიისას, "ლოკდაუნის" დროს, მკვეთრად გაიზარდა შინაური ცხოველების ქურდობა, ინგლისში, შინაური ცხოველების გატაცება სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება. როგორც გამოცემა წერს, შინაური ცხოველის ქურდობა ახლა მფლობელის ქონების დაკარგვად ითვლება. თუმცა, პარლამენტარებს სურთ კანონით განსაზღვრონ ემოციური დისტრესი, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს შინაური ცხოველის დაკარგვამ. გავრცელებული ინფორმაციით, გასულ წელს დაახლოებით 2 000 ძაღლი მოიპარეს. ანგარიშის თანახმად, პოლიციის მიერ დაფიქსირებული ცხოველების ქურდობის ათი შემთხვევიდან შვიდ შემთხვევაში ძაღლები გაუჩინარდნენ. ახალ კანონმდებლობაში სასჯელის სიმძიმე ჯერ არ არის ცნობილი. საქველმოქმედო ორგანიზაცია Dogs Trust- ის მონაცემებით, დიდი ბრიტანეთის პირველი მასშტაბური ჩაკეტვის დროს, ძაღლების ხუთი ყველაზე ძვირფასი ჯიშის ღირებულება "მნიშვნელოვნად" გაიზარდა, ზოგიერთ შემთხვევაში 89%-ით.

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 6 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა დროს, შიდა ქართლში, აჭარაში, სვანეთსა და თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს და 6 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულები არიან: 1981 წელს დაბადებული ა.ხ., 1981 წელს დაბადებული ჯ.ლ., 1989 წელს დაბადებული გ.დ., 1973 წელს დაბადებული თ. ც., 1988 წელს დაბადებული ნ.გ. და 1970 წელს დაბადებული გ.ჯ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები 3-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა ჯ.ლ. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მისივე მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ, აღნიშნული ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო „გლოკ 43“-ის მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 11 საბრძოლო ვაზნა და 2 მჭიდი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ა.ხ.-მ „გლოკ 43“-ის მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 11 საბრძოლო ვაზნა მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა თავის ნაცნობ ჯ.ლ.-ზე, ამ უკანასკნელმა კი ცეცხლსასროლი იარაღი შემდგომი რეალიზაციის მიზნით შეიძინა. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ბრალდებული გ.დ.-ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, კუსტარულად გადაჭრილი თოფი და 12 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე ნივთმტკიცების სახით ამოღებულია კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 75 საბრძოლო ვაზნა. მესტიის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა, ბრალდებული თ.ც.-ის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს "აკ-74"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებული ნ.გ.-ის ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს „ჩეზეს“ ფირმის პისტოლეტი, 1 მჭიდი და 8 ვაზნა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გ.ჯ.-ის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 15 ვაზნა და 1 მჭიდი ამოიღეს. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, უკანონო გასაღებისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს." - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული კ.კ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან სამქეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა კ.კ.-მ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში, წარსულში არსებული კონფლიქტის გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ნაცნობს - 1954 წელს დაბადებულ ვ.ვ-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში დანით გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. პოლიციამ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში. ამავე თემაზე: განმუხურში, რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი, ვლადიმერ ვახანია მოკლეს.