სამართალი
ემანუელ მაკრონი: გოჩა ლორთქიფაინძეს საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლისთვის აუცილებელი კვალიფიკაცია აქვს
ემანუელ მაკრონის მიერ საქართველოს პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილში, საფრანგეთის პრეზიდენტი გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურაზე წერს და ამბობს, რომა მას „საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლისთვის აუცილებელი კვალიფიკაცია აქვს“. წერილს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „ქალბატონო პრეზიდენტო, მადლობას მოგახსენებთ 2020 წლის 30 ნოემბრის წერილისთვის, რომელსაც ყურადღებით გავეცანი. ორიენტირებულია რა ევროპაზე, თქვენს ქვეყანას საფრანგეთი მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს, რომელთანაც, როგორც მოგეხსენებათ, მსურს, რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები. ამის დასტურია ორმხრივი სტრატეგიული დიალოგის დაფუძნება, რომელიც ჩვენ ერთად დავაარსეთ და რომელმაც უკვე დაიწყო ფუნქციონირება და პირველი შედეგების ჩვენება. სამხრეთ კავკასიის პრობლემურ კონტექსტში, ჩვენს ქვეყნებს შორის სიახლოვეს დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც ხაზგასმით აღინიშნა საფრანგეთ-გერმანიის 12 დეკემბრის განცხადებაში. თქვენს წერილში, მთხოვეთ ყურადღება გამემახვილებინა პროფესორ გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურაზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (CPI) მოსამართლის თანამდებობაზე 2021-2030 წლების ვადით, არჩევნების ფარგლებში, რომელიც 2020 წლის 17 – 23 დეკემბერს ნიუ-იორკში ჩატარდა. თქვენ ხაზი გაუსვით მის მდიდარ პროფესიულ გამოცდილებას საერთაშორისო სამართალში და ომის დანაშაულების მსხვერპლთა დახმარებაში, მის შესანიშნავ პროფესიონალიზმს, ისევე როგორც მიუკერძოებლობას - თვისებებს, რომლებიც აუცილებელია საერთაშორისო სასამართლოში მოღვაწეობისთვის. მართლაც, დამოუკიდებელმა საკონსულტაციო კომისიამ დაადასტურა, რომ თქვენს კანდიდატს აქვს აუცილებელი კვალიფიკაცია საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლის პოსტისთვის და ჩვენც ასევე აღვნიშნეთ ღია განხილვისას, რომ ბატონი ლორთქიფანიძე შესანიშნავი კანდიდატი იყო.სწორედ ამიტომ, მივესალმები 18 დეკემბერს ნიუ-იორკში ბატონი ლორთქიფანიძის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლედ არჩევას და ვუსურვებ მას წარმატებას თავისი მოვალეობის შესრულებაში მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ქვეყნებმა შეინარჩუნონ და გააძლიერონ მხარდაჭერა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსადმი, რომელიც მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის წყაროს წარმოადგენს“, - წერს ემანუელ მაკრონი.
ბათუმში კოვიდინფიცირებული ქუჩაში გადაადგილდებოდა
ბათუმში 2000 ლარით დააჯარიმეს კოვიდინფიცირებული, რომელიც ქუჩაში საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა. შსს-ს ცნობით, კოვიდინფიცირებული საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს. „ტ.ტ.-ს, 2021 წლის 4 იანვარს ჩატარებული ტესტირების შედეგად, covid-19“-ით ინფიცირება დაუდგინდა, რის გამოც სპეციალისტების მიერ მის მიმართ თვითიზოლაციის რეკომენდაცია გაიცა. მიუხედავად ამისა, ამ მოქალაქემ თვითნებურად დატოვა იზოლაციის ადგილი,“ - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. პოლიციამ კოვიდინფიცირებული დაჯარიმების შემდეგ ერთ-ერთ კოვიდ სასტუმროში გადაიყვანა. covid19-თან დაკავშირებული რეგულაციების დამრღვევები ქვეყნის მასშტაბით დღესაც გამოავლინეს.
არასრულწლოვანი გოგოს გატაცებისთვის 4 ადამიანი, მათ შორის 3 ქალი დააკავეს
არასრულწლოვანი გოგოს გატაცებისთვის 4 ადამიანი, მათ შორის 3 ქალი დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ე.ბ.-მ თავისივე დედისა და 2 ახლობელი ქალის დახმარებით, ცოლად შერთვის მიზნით, არასრულწლოვან თანასოფლელ გოგოს - 2005 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. „პოლიციამ ოთხივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავა. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
covid19-თან დაკავშირებული რეგულაციების დამრღვევები გამოავლინეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ covid19-თან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევის 716 ფაქტი გამოავლინა. ამ ინფორმაციას უწყება ავრცელებს. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 104 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 612 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. „შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის - 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. კორონავირუსი დღეს კიდევ 1857 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა - 993.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 3 პირი 1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 3 პირი 1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გათავისუფლებულია ძალადობის ეპიზოდზე დაკავებულ საბა გოქსელიძე, საბა ჩხარტიშვილი და ირაკლი წაქაძე. შეგახსენებთ, რომ ადვოკატებმა დღეს აღკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე შუამდგომლობა დააყენეს. ცნობისთვის, დღეს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მიიღო, რომლითაც კიდევ ერთხელ უტყუარად დადასტურდა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის და მკვლელობამდე მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილი არის მოკლული, ხოლო მკვლელობამდე მას ბრალდებულები ფიზიკურად გაუსწორდნენ
პარლამენტთან მიმდიანრე აქციაზე, პატიმრების ოჯახის წევრები, ამნისტიის კანონპროექტის გაფართოებას ითხოვენ
პარლამენტის შენობასთან დილიდან საპროტესტო აქცია იმართება. აქციაზე მყოფო პატიმრების ოჯახის წევრები, ოპოზიციის წარმოამდგენლები და სამოქალაქო აქტივისტები მოითხოვენ, ამნისტია შედარებით მძიმე დანაშაულსაც შეეხოს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სრულიად შესაძლებელი იყო ამნისტიის კანინპროექტი უფრო ფართოდ განევრცოთ და კანონპროექტში შედარებით მძიმე დანაშაულების ამნისტიაც გაეთვალისწინებინათ. „საუბარია პატიმრებისთვის სასჯელის შემსუბუქებაზეც. ეს იყო არასამთავრობო სექტორის და მათ შორის, სასულიერო პირების მოთხოვნაც, თუმცა საბოლოო პროექტში არ აისახა. ეს არ არის ამნისტია, ამნისტია იქნება თუ გააფართოებენ, ჩაანაცვლებენ, მოხსნიან ნასამართლეობას, თუ მისცემენ ყველა პატიმარს ¼-ს, რადგან ძალიან დავიღალეთ, მაისიდან მოყოლებული სულ ასე ვართ და ასე გვტანჯავენ," – აცხადებს ერთ-ერთი პატიმრის ოჯახის წევრი ქეთევან მისაბაშვილი. აქციაზე მყოფი პარტია "ლელოს" წევრის ლანა გალდავას განცხადებით, ჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ამნისტიის კანონპროექტი არა მთლიანად მსჯავრდებულებზე, არამედ კონკრეტულ პირებზეა მორგებული. ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა უკვე ორი მოსმენით დაამტკიცა.
პროკურატურა: ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილი არის მოკლული, ხოლო მკვლელობამდე მას ბრალდებულები ფიზიკურად გაუსწორდნენ
"ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილი არის მოკლული, ხოლო მკვლელობამდე მას ბრალდებულები ფიზიკურად გაუსწორდნენ". - განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. საქართველოს პროკურატურამ, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მიიღო, რომლითაც კიდევ ერთხელ უტყუარად დადასტურდა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის და მკვლელობამდე მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი. "კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილს სხეულის სხვადასხვა ნაწილებში დაზიანებები აღენიშნებოდა, რომლებიც მათი ხასიათიდან და ლოკალიზაციიდან გამომდინარე, განვითარებულია მინიმუმ 9 დარტყმით ფეხის, ხელის ან სხვა სახის მკვრივი-ბლაგვი საგნებით. აღნიშნული კი პირდაპირ მიუთითებს, რომ გიორგი შაქარაშვილს მკვლელობამდე სასტიკად გაუსწორდნენ, რის შემდგომაც წყალში გადააგდეს.ამავე დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის მუცლის მიდამოში არსებული დაზიანება განვითარებულია სხეულზე ფეხსაცმლიანი ფეხის დარტყმის შედეგად, რითაც გამოირიცხა გავრცელებული ვერსია, რომ გიორგი შაქარაშვილმა აღნიშნული დაზიანება ხიდის ქვეშ, ბილიკზე ჩასასვლელთან არსებული ჯებირზე შეჯახებით მიიღო.სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ასევე გამოირიცხა,რომ გიორგი შაქარაშვილმა სხეულზე არსებული დაზიანებები წყალში ჩავარდნის შემდგომ მიიღო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია მკვლელობამდე უახლოეს პერიოდში და წარმოადგენს მასზე ფიზიკური ძალადობის კვალს. კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ასევე, უტყუარად დგინდება, რომ მკვლელობის მომენტიდან გიორგი შაქარაშვილის გვამი 3-4 დღის განმავლობაში იმყოფებოდა წყალში, რაც ცალსახად თანხვედრაშია გამოძიებით დადგენილ გარემოებებთან და გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის დროსთან, ასევე გამორიცხავს აღნიშნულ საკითხთან მიმართებით არსებულ ყოველგვარ სპეკულაციებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გიორგი შაქარაშვილი არის მოკლული, ხოლო მკვლელობამდე მას ბრალდებულები ფიზიკურად გაუსწორდნენ." - ნათქვამია განცხადებაში.
ჰააგის მოსამართლე აშშ-ის სანქცირებულთა სიაში მოხვდა
აშშ-ს მთავრობამ სანქციები დაუწესა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორ ფატუ ბენსუდას და კიდევ ერთ უფროს პროკურორს. ფატუ ბენსუდაზე სანქციების დაწესების განკარგულება, ამერიკის მთავრობამ, დონალდ ტრამპის მეთაურობით გადაწყვიტა, მოსამართლეს კორუფციასა და უფლებამოსილების გადაჭარბებაში ადანაშაულებენ. ბენსუდაზე სანქციების დაწესებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი- მაიკ პომეო, Twitter-ზე გამოეხმაურა, მან საერთაშორისო სასამართლო კორუფციასა და უკომპეტენტურობაში დაადანაშაულა.
შსს-მ Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 668 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 668 ფაქტი გამოვლინდა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 103 ფიზიკური პირი დააჯარიმა. მათივე ინფორმაციით, დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 565 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. „შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულ 21 წლის გიორგ ახლოურს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დისტანციურ რეჟიმში გამართულ სასამართლო სხდომაზე, ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონსიძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა. ბრალდებულის ადვოკატის მტკიცებით, გიორგი ახლოურმა ცივი იარაღი შინაური ცხოველის წინააღმდეგ გამოიყენა რა დროსაც მისი ძმა უბედური შემთხვევითობის გამო, სასიკვდილოდ დაიჭრა. როგორც ბრალდებულის ადვოკატი თამარ გაჩეჩილაძე აღნიშნავს ბვრალდებული აცხადებს რომ ძმის განზრახ მკვლელობის არანაირი განზრახვა მას არ ჰქონია და არც დაზიანების მიყენება სურდა. "ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, არც მეგონა, რომ დანა მას მოხვდაო. ოჯახში ჩხუბი, აგრესიული საუბარი რომ ყოფილიყო, მამამისს ეძინა და ხომ გაიღვიძებდა? არაფერი გაუგია. ძმებს შორის პატარა წაკამათებისას, ძაღლმა დაიწყო ყეფა, რომელიც გარდაცვლილს ეკუთვნოდა, ის მიშას გამოესარჩლა და მის მხარდასაჭერად გიორგისკენ გაექანა, რა დროსაც გიორგიმ იფიქრა, რომ მის ძმას გააბრაზებდა და ძაღლს მოუქნია დანა, ძაღლისთვის მოქნეული დანა ძმას მოხვდა. არც ძაღლის განზრახ მოკვლის მცდელობა არ ჰქონია“, - განაცხადა ადვოკატმა. ბრალდების მხარის ინფორმაციით, გიორგი ახლოურს ბრალი ედება 19 წლის ძმას, მიშა ახლოურის ცივი იარაღის გამოყენებით მკვლელობაში, მიშა ბრალდებულის ძმა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. გიორგი ახლოურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 13-დან 17-წლამდე თავისუფლების აღკევეთას ითვალისწინებს.
საქართველოდან აშშ-ში ექსტრადირებულ რუს ჰაკერს ნიუ იორკის სასამართლომ 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, 2018 წელს საქართველოში დაკავებულ რუს ჰაკერს, ანდრეი ტიურინს აშშ-ში 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.რუსი ჰაკერის აშშ-ში ექსტრადირება ორი წლის წინ განხორციელდა. ტურინს განაჩენი ნიუ იორკის მანჰეტენის საოლქო სასამართლომ გამოუტანა. მას ბრალად ედება ამერიკულ ფინანსურ ჰოლდინგ „ჯიპიმორგან ჩეისის“ 80 მილიონი კლიენტის მონაცემების უკანონოდ მითვისება. რუსი ჰაკერი საქართველოში დააკავეს. ჰაკერმა სასამართლოში „ჯიპიმორგან ჩეისსა“ და სხვა ამერიკულ ფინანსურ დაწესებულებასა თუ კომპანიაზე კიბერთავდასხმები აღიარა. ნიუ იორკის მანჰეტენის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 12 წლიანი პატიმრობის გარდა რუს ჰაკერს 20 მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. ბრალდება ამტკიცებს, რომ რუსეთის მოქალაქის თანამზრახველი არის ისრაელის მოქალაქე გერი შალონი. ("გარი შალელაშვილი). მის თანამზრახველად ასევე დასაელდნენ: მაიკ შილდსი, ფილიპ მუსეტი, კრისტოფერ ენგაჰემი ზივ ორენშტეინი, ჯონ ევერი. ავივ სტეინი. გამოძიების მიხედვით, ბოროტმოქმედები ტიურინის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას ელეტრონული ფოსტაზე წერილების გასაგზავნად და სიმდიდრის უკანონოდ მოხვეჭისთვის იყენებდნენ. სამართალდამცველების ცნობით, ტიურინმა და მისმა თანამზრახველმა მილიონობით დოლარი უკანონოდ მიითვისეს. ტიურინის თანამზრახველი შალონი 2015 წელს დააკავეს. აშშ-ში მისი ექსტრადირება იმავე წელს მოხდა. აშშ-ის მიერ ძებნილი ანდრეი ტიურინი ქართველმა სამართალდამცველებმა 2017 წელს დააკავეს. 2018 წლის სექტემბერში საქართველომ რუსი ჰაკერი აშშ-ს გადასცა.
ბათუმის პენიტენციურ დაწესებულებაში არცერთ პატიმარს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ბათუმის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებისთვის ჩატარებული PCR ტესტების ყველა პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ europetime-ს ენიტენციურ დაწესებულებიდან აცნობეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს პატიმრების ინტენსიურ PCR ტესტირებას და ამჯერად N3 პენიტენციური (ბათუმის) დაწესებულების მსჯავრდებულებს ჩაუტარდათ ტესტირება. დაწესებულებაში მყოფი 52 მსჯავრდებულიდან 31-მა გაიარა ტესტირება და ყველა პასუხი იყო უარყოფითი. 21-მა მსჯავრდებულმა PCR ტესტირებაზე უარი განაცხადა, რაზეც შედგა შესაბამისი ოქმები. ცხადია, პატიმრებს ტესტირება ნებაყოფლობით უტარდებათ და თუ რომელიმე მათგანს ამის სურვილი არ აქვს, ძალდატანებით ტესტს ვერავინ ჩაუტარებს. შეგახსენებთ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ბრალდებულ/ სჯავრდებულების ინტენსიური PCR ტესტირება 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. ამ ეტაპზე ტესტირება ჩატარებულია N11 (არასრულწლოვანთა) და N5 (ქალთა) პენიტენციური დაწესებულებებში. არასრულწლოვანთა დაწესებულების ყველა ტესტი უარყოფითი იყო, ხოლო ქალთა დაწესებულებაში ჩატარებული 329 ტესტიდან 23 დადასტურდა. გეგუთის პენიტენციურ დაწესებულებაზე გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება რამდენიმე მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს N14 პენიტენციურ (გეგუთის) დაწესებულებაში covid-19 გავრცელდა და პენიტენციურ სამსახურს დაწესებულების პატიმრები სხვაგან გადაჰყავს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის აშკარა დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს პანიკის გავრცელებას და მსჯავრდებულთა ოჯახების დაშინებას. მოვუწოდებთ მსჯავრდებულების ოჯახებს, არ აყვნენ პანიკას. მედიასაშუალებებს კი მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელებისგან.
კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ბარს - „სახელოსნოს“ ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერედა
კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ბარს - „სახელოსნოს“ ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერედა - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ბარს - „სახელოსნოს“ ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერეს. აღნიშნული კომპანია შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა 2020 წლის ნოემბერში, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის დადგენილების მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 10 000 ლარით დააჯარიმა. ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიუხედავად, ბარი კვლავ განაგრძობდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას და მოქალაქეები აღნიშნულ ობიექტზე 21:00 საათის შემდეგაც იმყოფებოდნენ. აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო, ბარ „სახელოსნოს“ მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით დაიწყო.მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2021 წლის 7 იანვარს, სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბარში ჩხრეკა ჩაატარეს და ობიექტი დალუქეს - „სახელოსნოს“ ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა.აღნიშნულ საქმეზე გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები შეგახსენებთ, რომ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. სამართალდარღვევის განმეორებითი გამოვლენა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
იუსტიციის მინისტრი: ქალთა დაწესებულებაში დაინფიცირებული მსჯავრდებულების ყველა კონტაქტი იზოლაციაშია, შეშფოთების საფუძველი არ არსებობს
იუსტიციის მინისტრის გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, პენიტენციურ სისტემაში კორონავირუსის გავრცელების კუთხით არსებულ მდგომარეობის გათვალისწინებით, შეშფოთების არავითარი საფუძველი არ არსებობს. ამის შესახებ გოჩა ლორთქიფანიძემ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და გავრცელებულ ინფორმაციას არსებულ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია უწოდა. მისი თქმით, ქალთა სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში დაფიქსირებულ 23 შემთხვევაზე შესაბამისი რეაგირება მოხდა, იზოლაციაში გადაიყვანეს როგორც დაინფიცირებულები, ისე მათი თანამესაკნეები და სხვა კონტაქტები. „პატიმრების ინტენსიური PCR ტესტირება დავიწყეთ 31 დეკემბრიდან და გეგმაზომიერად მივყვებით ამ პროცესს. პირველ რიგში, PCR ტესტირებას დაექვემდებარა არასრულწლოვნების პენიტენციური დაწესებულება, სადაც ყველა ტესტი იყო უარყოფითი შედეგით. შემდეგ გადავედით ქალთა დაწესებულებაზე, სადაც, ასევე, ჩატარდა PCR ტესტირება და 23 შემთხვევაში დადასტურდა კოვიდი. ყველა ეს პირი გადაყვანილი და იზოლირებულია, ასევე, მათი კონტაქტები, თანამესაკნეები. ყველა ამ შემთხვევაში ხდება მყისიერი რეაგირება და ვიმეორებ, სისტემა კვლავ ეფექტურად ფუნქციონირებს. ხაზს ვუსვამ, არავითარი საფუძველი არ აქვს ამ აჟიოტაჟს და დეზინფორმაციას. და რატომ ვუსვამ ხაზს – ჩვენ ახლა პასუხისმგებლები ვართ ამ 9 ათასამდე ადამიანის წინაშე, მათი ოჯახების წინაშე, რომლებიც გვიყურებენ. არავითარი საფრთხე და შეშფოთების არავითარი საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
იუსტიციის მინისტრი: სამოქალაქო კლინიკაში გარდაცვლილ ყოფილი პატიმარი, პატიმრობიდან უკვე გათავისუფლებული იყო
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი პატიმარი, რომელიც კორონავირუსისგან გარდაიცვალა, სამოქალაქო კლინიკაში მკურნალობდა. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა მისი თქმით დაინფიცირების პერიოდში პატიმარი უკვე გათავისუფლებული იყო სასჯელ აღსრულების დაწესებულებიდან. “ჩვენ პასუხისმგებელი ვართ 9 000-მდე მსჯავრდებულის და მათი ოჯახების წინაშე, არავითარი საფუძველი შეშფოთების არ არსებობს. ყველა ის მექანიზმი და ფილტრი რაც ემსახურება კოვიდვირუსის პრევენციას, მის აღმოჩენას, კონტროლს და ვითარების მართვას კვლავ მოქმედებს ეფექტურად, როგორც აქამდე მოქმედებდა," - აღნიშნა ბრიფინგზე გოჩა ლორთქიფანიძემ.
სამეგრელოს პოლიციამ 10 წლის განმავლობაში ძებნილი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზუგდიდში დააკავეს ბოლო 10 წლის განმავლობაში ძებნილი, 1987 წელს დაბადებული გ.მ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზუგდიდში სამართალდამცველების მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში ძებნილი - 1987 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს. გ.მ.-ს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის წარედგინა. ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე გ.მ.-ს მიმართ სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, ხოლო 2010 წლის აგვისტოდან, მასზე ძებნა სასამართლოს გადაწყვეტილებით მიმდინარეობდა",- აცხადებენ უწყებაში.
არასრულწლოვანი შვილების მშობელ ქალებს, შესაძლოა, სასჯელის მოუხდელი ნაწილი შინაპატიმრობით შეეცვალოთ
არასრულწლოვანი შვილების მშობელ ქალებს, შესაძლოა, სასჯელის მოუხდელი ნაწილი შინაპატიმრობით შეეცვალოთ, - ამის შესახებ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტშია აღნიშნული. პროექტის დეტალები რიგგარეშე სესიაზე ინიციატივის ავტორმა, მიხელ სარჯველაძემ განმარტა. „ძირითადი მიმართულებები, რა მიმართულებითაც ცვლილებები იქნა შეტანილი, არის ორი: ერთი, რომ გაფართოვდა იმ მუხლების ჩამონათვალი, რომლისთვისაც გათვალისწინებული დანაშაული შეიძლება დაექვემდებაროს ამნისტიას, მეორე მხრივ, საუბარია ზოგიერთ შემთხვევაში მუხლების ნაწილების შედარებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებისთვის გათვალისწინებული სასჯელის შემსუბუქებაზე. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ნაცვლად თავდაპირველ რედაქციაში არსებული მთლიანად პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებისა, ზოგიერთ შემთხვევაში გათვალისწინებულია სასჯელის გარკვეული ნაწილით შემცირება - განახევრება და მეოთხედით თავისუფლების აღკვეთის შემცირება. ასევე გასათვალისწინებელია, რომ გაჩნდა შესაძლებლობა, რომ გარკვეული დაშვებით, გარკვეული პირობებით გავრცელდეს ამნისტია, კერძოდ, ცალკეული კატეგორიის მსჯავრდებულებისთვის სასჯელის მოხდა შინაპატიმრობით მოხდეს. ამ შემთხვევაში იგულისხმება არასრულწლოვანთა მშობელი ქალებისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა შინაპატიმრობით, ასევე სტუდენტებისთვის, რომელთაც სტატუსი მოიპოვეს პატიმრობის პერიოდში და ამით საკუთარი განწყობა რესოციალიზაციის მიმართულებით დაადასტურეს და, შესაბამისად, შეიძლება რომ მათზე ეს შეღავათი გავრცელდეს. ამით მეტი და უკეთესი შესაძლებლობა მიეცემათ ამ პირებს რესოციალიზაციისთვის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. დღეს საქართველოს პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. პროექტს მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა და მის წინააღმდეგ ხმა არც ერთს არ მიუცია. დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესიის 5 იანვრის პლენარულმა სხდომამ მუშაობა დაასრულა. მორიგი პლენარული სხდომა 11 იანვარს გაიმართება.
სოზარ სუბარი: ამნისტიის შესახებ კანონპროექტი 1000-მდე ადამიანს შეეხება
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტში შეტანილი ცვლილებები კრიმინალის ზრდას არ გამოიწვევს. მისი თქმით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დაახლოებით 1000-მდე მსჯავრდებულს შეეხება. როგორც სუბარი განმარტავს კანონპროექტი შეეხება მსუბუქ და ნაკლებად მძიმე დანაშაულს, თუმცა არის მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებიც, ოღონდ იმ ნაწილში, სადაც ის საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. „ განსაკუთრებით მძიმედ მიიჩნევა ნარკოტიკების ფლობა, თუ ის განსაკუთრებით დიდი ოდენობისაა. „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიღებულია. და დღეს პარლამენტში უნდა გავიდეს მეორე მოსმენით. დაისვა არაერთი კითხვა და წინადადება. შესაბამისად, მათი ნაწილი გათვალისწინებულია. გაფართოვდა როგორც მუხლების რაოდენობა, ისევე იმ პუნქტების შემადგენლობა, რომელსაც შესაძლოა, შეეხოს ეს კანონი. ამნისტიის ეს აქტი შემუშავებულია ისე, რომ კრიმინალის ზრდის მოლოდინი ნამდვილად არ გვაქვს. ზოგადად, ჰუმანური აქტია, თუმცა ამნისტიას ყოველთვის აქვს ერთი მინუსი ის, რომ ის თანაბრად ვრცელდება ყველა იმ ადამიანზე, რომელიც ამ კონკრეტული მუხლის ქვეშ ხვდება. ეს შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც არანაირად არ ნანობს ან ადამიანი, რომელმაც დღეს დაიწყო სასჯელის მოხდა. წარმოდგენილი რედაქცია დაახლოებით 1000-მდე ადამიანს შეეხება“, - განაცხადა სუბარმა.
შაქარაშვილის საქმეში სამ ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ პირებს: საბა გოგშელიძეს, ირაკლი წაქაძეს და საბა ჩხარტიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს. ბრალდების მხარე მათ ძალადობას და ვახტანგ ჩიქოვანისთვის განზრახ მსუბუქი დაზიანებების მიყენებას ედავებოდა. ბრალდებულებს პროკურატურა კონკრეტული პირობებით გაურიგდა. საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე თანახმაა, საქმის ამ კონკრეტულ ნაწილში დაზარალებულად ცნობილი ვახტანგ ჩიქოვანიც. ბრალდებულების ადვოკატები იმედოვნებენ, რომ სასამართლო დაკავებულებს პატიმრობას უფრო მსუბუქი სასჯელით შეუცვლის. საქმის მასალების მიხედვით, აღნიშნული სამი პირი ნარეკვავში მდებარე აგარაკზე წვეულების დროს მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდა, რა დროსაც ფიზიკური დაზიანებები მიიღო ვახტანგ ჩიქოვანმა, რომელიც წვეულების შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო, გიორგი შაქარაშვილი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლითაა ბრალდებული. აღნიშნულ 3 პირთან, საპროცესო შეთანხმების გაფორმებას შაქარაშვილის ოჯახი არ აპროტესტებს. "არანაირ შემხებლობაში ისინი არ არიან გიორგის გარდაცვალებასთან, ეს იყო პირველი კონფლიქტი, რომელიც მოხდა წვეულების დარბაზში, სადაც გიორგის არც კი მიუღია მონაწილეობა," - აცხადებს გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე. 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს დაიკარგა. დადგინდა, რომ ის მცხეთაში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ ერთმა ჯგუფმა თბილისიდან "დახმარება გამოიძახა". შაქარაშვილი და კიდევ 5 ადამიანი აგარაკიდან მათ მოსვლამდე წამოვიდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ უკვე არაგვის ხიდთან მყოფ ახალგაზრდებს მანქანიდან გადმოსული ადამიანები თავს დაესხნენ, რის შემდეგაც შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ. ფეხბურთელის კვალი მას შემდეგ იკარგება, მასთან ერთად მყოფი 5 ადამიანი კი თბილისში ცალ-ცალკე, სხვადასხვა დროს დაბრუნდა. 4 დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. რამდენიმე დღეში საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს, მათგან 6 არასრულწლოვანია.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის, მიხეილ სარჯველაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ პროექტებთან ერთად. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ კომიტეტის წევრებს ის ძირითადი სიახლეები გააცნო, რომელიც პირველი მოსმენის შემდეგ კანონპროექტში შევიდა. „კანონპროექტში უკვე შემოვიდა სისხლის სამართლის კოდექსის გარკვეული ახალი ნაწილები, ახალი ფრაგმენტები, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულია ცალკეული დანაშაულები და მათთან დაკავშირებით არჩეულია პოზიცია, რომლითაც მოხდება არა სრულად პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან გათავისუფლება, არამედ მოხდება ნაწილობრივ. ამ შემთხვევაში ორი ფორმაა გამოყენებული, ეს გახლავთ: განახევრება და მეოთხედით სასჯელის შემცირება და ეს არ ხელყოფს იმ პრინციპებს, რომელთა გათვალისწინებითაც მიღებული იქნა კანონპროექტი პირველი მოსმენის დროს“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ. ანრი ოხანაშვილმა ისაუბრა კანონპროექტის ცალკეულ მუხლებში შეტანილ ცვლილებებზე, რომელთა საბოლოო ვერსიები პლენარულ სხდომაზე იქნება წარდგენილი. „პირველი ვერსიისგან განსხვავებით, გაცილებით მეტ მუხლებს შეეხება ეს პროექტი და თუ პირველ ვერსიაში იყო მხოლოდ გათავისუფლება ან განახევრება, ახლა უკვე გარკვეული ვადით შემცირებაზეც არის საუბარი. ამიტომ, ვფიქრობ, რომ დაბალანსებულ მოდელს მივიღებთ“, - აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხნაშვილმა. კომიტეტმა, სხდომაზე გამოთქმული დათქმების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.