სამართალი
ბელგიაში საქართველოს საელჩო იზოლატორში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმირებულია - საგარეო
ბელგიაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მოქალაქის შიმშილობის პროცესში არც თავად მოქალაქეს და არც მისი ოჯახის წევრებს, სამწუხაროდ, არ მიუმართავთ ბელგიაში საქართველოს საკონსულოსთვის დახმარების მიზნით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული საკითხის მოგვარების პროცესში საკონსულო ჩაერთო პირველივე დღეებიდან. „ბელგიაში საქართველოს კონსული მუდმივ კონტაქტზე იყო და ახლაც რჩება როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და ბელგიის შესაბამის ადგილობრივ უწყებებთან, ასევე ანტვერპენის საუნივერსიტეტო კლინიკასთან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების პირველივე დღიდან კონსული გარდაცვლილის ოჯახს დაეხმარა ადვოკატის და დამკრძალავი ბიუროს მოძიების საკითხში და განხორციელდება საჭირო პროცედურები. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მოქალაქის შიმშილობის პროცესში არც თავად მოქალაქეს და არც მისი ოჯახის წევრებს, სამწუხაროდ, არ მიუმართავთ ბელგიაში საქართველოს საკონსულოსთვის დახმარების მიზნით. ბელგიის იზოლატორში ქართველი პატიმრის შიმშილობის საკითხთან დაკავშირებით, ბელგიაში საქართველოს კონსულს უახლოეს მომავალში შეხვედრა აქვს დანიშნული ბელგიის საემიგრაციო სამსახურის ხელმძღვანელობასთან“, – ნათქვამია განცხადებაში. ბელგიის დაკავების ცენტრში ქართველი მამაკაცი გარდაიცვალა.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მსხვერპლთა უფლებების დაცვის სამმართველო იქმნება
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ადამიანის უფლებების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნისა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეკომენდაციების ეფექტურად შესასრულებლად მსხვერპლთა უფლებების დაცვის სამმართველო შეიქმნება. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ , მოადგილეებთან ერთად აღნიშნული ინიციატივა ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ერთობლივი ინიციატივის „ადამიანის უფლებები ყველასათვის – ფაზა 2“ მხარდაჭერით, განსახილველად და რეკომენდაციების მისაღებად არასამთავრობო სექტორისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს წარუდგინა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და ობიექტური გამოძიების წარმართვის აუცილებელ წინაპირობას გამჭვირვალობისა და საზოგადოებრივი ნდობის მაღალი ხარისხის არსებობა განაპირობებს. სწორედ ამიტომ, ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი გარანტიების შექმნა და პოტენციურ მსხვერპლზე მორგებული ეფექტური კომუნიკაციის მექანიზმების დანერგვა სამსახურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამოქმედებიდან მალევე პოტენციური მსხვერპლისთვის საქმის მასალების გაცნობის გამარტივებული წესი შეიმუშავა; მსხვერპლთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით კი სამსახურში დაცვის სპეციალური პროგრამა აამოქმედა. ახალი სამმართველო სწორედ ზემოაღნიშნული სიახლეების პრაქტიკაში ეფექტურად განხორციელებაზე იქნება ორიენტირებული და პოტენციური მსხვერპლის, დაზარალებულის უფლებების დაცვის დამატებით გარანტიებს შექმნის. ახლად შექმნილი სამმართველო გაამარტივებს გამოძიების პროცესში მსხვერპლის ჩართულობასა და გამომძიებელთან კომუნიკაციას, ხელს შეუწყობს დანაშაულის შედეგად გამოწვეული სტრესის შემცირებას და გამოძიების მიმდინარეობისას მსხვერპლთა და დაზარალებულთა ინფორმირებულობას. მსხვერპლთა უფლებების დაცვის სამმართველო დაკომპლექტდება მაღალკვალიფიციური, სპეციალიზებული და ღია კონკურსის წესით შერჩეული კადრებით, რომლებიც სამსახურის ხელშეწყობითა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მიზნობრივ პროფესიულ გადამზადებას გაივლიან.
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულ ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას თავად ბრალდებულიც ესწრება. დღეს დაცვის მხარემ უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ბრალდების მხარის შუამდგომლობასთან დაკავშირებით. „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმაში და მძევლების აყვანაში ბრალდებული ბადრი ესებუა სოფელ ჯიხაშკარში 8 თებერვალს დააკავეს.
შსს: დიდი ოდენობით ქონების ჯგუფურად გამოძალვის და ძალადობის ფაქტზე 4 პირია დაკავებული
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წარსულში ნასამართლევი 4 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „დიდი ოდენობით ქონების ჯგუფურად გამოძალვის და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებული არიან: 1980 წელს დაბადებული ლ.ღ. და 1977 წელს დაბადებული ა.ჩ. (მეტსახელად „ბუფალო“), ხოლო მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის - 1979 წელს დაბადებული ლ.ბ. (მეტსახელად „კუდალა“). 1971 წელს დაბადებული გ.მ. კი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა - ა.ჩ.-მ და ლ.ღ.-მ 2023 წლის 20 იანვარს ნაცნობი - პ.ჩ. მოტყუებით მიიყვანეს ზაჰესში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სადაც გადასცეს 300 გრამი ნარკოტიკული საშუალება, მისი რეალიზებისთვის 2 კვირის ვადა მისცეს და ნარკოტიკის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის გადაცემა მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პ.ჩ.-ს ოჯახის წევრების სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრნენ. ვინაიდან პ.ჩ.-მ არ შეასრულა ბრალდებულების მოთხოვნები, ა.ჩ.-მ და ლ.ღ.-მ იგი ძალის გამოყენებით, ავტომანქანით წაიყვანეს დიღომში, რომელსაც ლ.ბ. მართავდა. გზაში ბრალდებულები ემუქრებოდნენ პ.ჩ.-ს მისი და მის ოჯახის წევრების წამებით, დაწვით და ლიკვიდაციით, ასევე, ფიზიკურად ძალადობდნენ მასზე. მოძალადეებმა პ. ჩ. იმ პირობით გაუშვეს, რომ რამდენიმე დღეში ა.ჩ.-ის საბანკო ანგარიშზე 20 000 ლარი უნდა ჩაერიცხა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას, მის მცირეწლოვან შვილს, მეუღლეს და დედას ფიზიკურად გაანადგურებდნენ. ლ.ბ.-მ, რომელიც შეესწრო ა.ჩ.-ს და ლ.ღ.-ს მიერ ჩადენილ დანაშაულს, სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ არ შეატყობინა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა განახორციელეს ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რის შედეგადაც დადასტურდა დაკავებულთა მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებები. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირის გ.მ.-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო დიდი ოდენობით "მარიხუანა", - აღნიშნულია ინფორმაციაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 376-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ქონების ჯგუფურად გამოძალვას, ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
შვეულმფრენები, რომლებსაც სამინისტრო შეიძენს, არის მრავალფუნქციური - გომელაური
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ შვეულმფრენები, რომლებსაც სამინისტრო შეიძენს, არის მრავალფუნქციური. მინისტრის თქმით, შვეულმფრენები, რომლებსაც სამინისტრო შეიძენს, არის მრავალფუნქციური და შეუძლია შეასრულოს საპოლიციო, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ოპერაციები, „სასაზღვრო პოლიციის გაძლიერება არამარტო საავიაციო მიმართულებით, არამედ სანაპირო დაცვის მიმართულებითაც მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, „დეფენდერის“ ტიპის 4 სწრაფმავალი მცირე საპატრულო კატარღა შეემატა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ 2023 წელს დაგეგმილია სასაზღვრო სექტორების ინფრასტრუქტურის განვითარება“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
დაბა სურამთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი - ადგილზე, ხოლო მეორე - საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
ვახტანგ გომელაური: თბილისში აშენდება „პოლიციის ქალაქი“ და 1000-მდე პოლიციელი მიიღებს ბინას
„მინდა, სიამაყით აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციის შედეგად, 3 ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით, ფრანგულ კომპანია "Airbus Helicopters"-თან ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. შვეულმფრენები, რომლებსაც სამინისტრო შეიძენს, არის მრავალფუნქციური და შეუძლია, შეასრულოს საპოლიციო, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ოპერაციები, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.„სასაზღვრო პოლიციის გაძლიერება, არამარტო საავიაციო მიმართულებით, არამედ სანაპირო დაცვის მიმართულებითაც მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, „დეფენდერის“ ტიპის 4 სწრაფმავალი მცირე საპატრულო კატარღა შეემატა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ 2023 წელს დაგეგმილია სასაზღვრო სექტორების ინფრასტრუქტურის განვითარება“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა. მისივე თქმით, 2023 წელს გაგრძელდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტექნიკური განახლებისა და გადაიარაღების პროცესი. „2022 წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აღიჭურვა ახალი, სხვადასხვა ტიპის ავტომობილებით, მათ შორის, მაღალი გამავლობის ავტოტექნიკით, ყველგანმავალი კვადროციკლებით, წყლის სატრანსპორტო საშუალებებით. სრულად განახლდა სამთო-სამაშველო, მყვინთავი მაშველების, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების აღჭურვილობა. სამინისტრომ მეხანძრე-მაშველებისთვის შეიძინა სპეციალური ფორმები, ასევე, ცეცხლგამძლე ტანსაცმელი და მათი საქმიანობისთვის განკუთვნილი სხვადასხვა სახის აღჭურვილობა. მნიშვნელოვანია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გაძლიერების მიზნით, მიმდინარე წელს, შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველ ეტაპზე 10 ერთეულ მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანას შეისყიდის. ვახტანგ გომელაურის თქმით, თბილისში აშენდება „პოლიციის ქალაქი“ და 1000-მდე პოლიციელი მიიღებს ბინას - ეს იქნება ჩვენი პოლიციელებისთვის მნიშვნელოვანი წახალისება. „2022 წლის პირველი იანვრიდან განხორციელდა ჩვენი პოლიციელების, პატრულ-ინსპექტორების, მესაზღვრეების, მეხანძრე-მაშველების და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომლის ხელფასების 10%-ით ზრდა. 2023 წლიდან კი, შტატიანი თანამშრომლების ხელფასი გაიზარდა 20%-ით, ხოლო დანარჩენი თანამშრომლების - 10%-ით, როგორც ყველა სხვა საჯარო უწყების თანამშრომლების. 2022-2023 წლებში, სამინისტროს თანამშრომლების ხელფასები მთლიანობაში 30%-ით გაიზარდა. ასევე, მინდა ვისაუბრო პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე, რომლის თანახმად, მუშაობა დაიწყო „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. როგორც იცით, ეს „ქალაქი“ აშენდება თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე და პირველ ეტაპზე, 1000-მდე პოლიციელი მიიღებს ბინას. რა თქმა უნდა, ეს იქნება ჩვენი პოლიციელებისთვის მნიშვნელოვანი წახალისება. სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესია პოლიციელებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს მათი საყოფაცხოვრებო პირობები, ასევე, მათ მეტი მოტივაცია და წახალისება ჰქონდეთ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ვახტანგ გომელაური: 2022 წელს, ქვეყნის მასშტაბით, სამინისტროს მიერ დაკავებულია 307 ძებნილი პირი, მათ შორის 37 პირი იძებნებოდა ინტერპოლის წითელი ცირკულარით
საქართველოს პოლიციის ატაშეები წარგზავნილნი არიან 16 სახელმწიფოში, საიდანაც ჯამში მათ მიერ იფარება 24 სახელმწიფო. მიმდინარეობს საქართველოს პოლიციის ატაშეების ქსელის გაფართოება, - ამის შესახებ განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას. მინისტრის თქმით, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, პოლიციის ატაშეების უშუალო ჩართულობით, 8 ერთობლივი საპოლიციო მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა, რა დროსაც დააკავეს 45 პირი, მათ შორის კრიმინალური ავტორიტეტები. „2022 წელს, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, ინტერპოლის, ევროპოლისა და სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის გამოყენებით, პარტნიორ სახელმწიფოებთან ხორციელდებოდა ეფექტიანი ურთიერთობა, რაც წელსაც გრძელდება. 2022 წელს, ქვეყნის მასშტაბით, სამინისტროს მიერ დაკავებულია 307 ძებნილი პირი, მათ შორის 37 პირი იძებნებოდა ინტერპოლის წითელი ცირკულარით. საქართველოს პოლიციის მიერ ამოღებულია ინტერპოლის არხებით ძებნილი 56 ავტომობილი. ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, პოლიციის ატაშეების უშუალო ჩართულობით, 8 ერთობლივი საპოლიციო მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა, რა დროსაც დააკავეს 45 პირი, მათ შორის კრიმინალური ავტორიტეტები. საქართველოს პოლიციის ატაშეები წარგზავნილნი არიან 16 სახელმწიფოში, საიდანაც ჯამში მათ მიერ იფარება 24 სახელმწიფო. მიმდინარეობს საქართველოს პოლიციის ატაშეების ქსელის გაფართოება და პროცედურების დასრულების შემდეგ, საქართველო წარგზავნის 2 პოლიციის ატაშეს ირლანდიის რესპუბლიკასა და ისრაელში“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტზე ხუთი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, გულგრილობისა და პირთა ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს, რომელთაგანაც ორი - კომპანიის დირექტორი და მისი თანამშრომელია, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული უაქციზო თამბაქოს ნაწარმის განადგურება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტო“-სთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, უნდა განეხორციელებინა ერთ-ერთ კონტრაქტორ კომპანიას. უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კომპანიის დირექტორი, თავისსავე თანამშრომელთან ერთად, აყალბებდა, ფიქტიურად ადგენდა საქონლის განადგურებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, რის შემდეგაც, პერიოდულად, სხვადასხვა მოქალაქის მეშვეობით, ახდენდნენ უაქციზო თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციას. ქალაქ თბილისში, რუსთავსა და გარდაბანში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულ იქნა, სარეალიზაციოდ განკუთვნილი, დოკუმენტურად განადგურებულად დაფიქსირებული, 5 241 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 22 000 ლარს აღემატება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200, 220-ე, 220-ე პრიმა და 362-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით.
თავს დამნაშავედ არ ვცნობ - ესებუა
თავას დამნაშავედ არ ვცნობ, - ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობაში ბრალდებულის, ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა ესებუასთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს. აღნიშნული შუამდგომლობა პროკურორმა მირანდა წერეთელმა სასამართლო პროცესზე დააყენა. ცნობისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
კარგია, რომ აქციები დაინიშნა, მაგრამ არაშესაფერისი დღეა შერჩეული - ალასანია
ძალიან კარგია, რომ აქციები დაინიშნა - ერთადერთი ის არის, რომ არაშესაფერისი დღეა შერჩეული“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანია განაცხადა. „აქციებზე მაინცდამაინც არ გვისაუბრია. ძალიან კარგია, რომ ეს აქციები დაინიშნა და ეს მსოფლიო მასშტაბით კეთდება. ერთადერთი ის არის, რომ დღე არის არაშესაფერისად შერჩეული, რადგან ორშაბათია და თან სამუშაო საათებია. ადამიანები, როგორც წესი, ამ დროს მუშაობენ. არ ვიცი, როგორ გამოვა“, - აღნიშნა ალასანიამ. ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციასთან, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, საპროტესტო აქციები დაანონსდა.
ანანურში, ავტოავარიის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა
ანანურში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. საპატრულო ეკიპაჟის წევრები კი, დაშავდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მანქანას საპირისპირო ზოლში, შემხვედრი მიმართულებიდან დაეჯახა. მომხდართან დაკავშირებით, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
პოლიციამ საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის, შესაბამისი პირობების შექმნისა და ორგანიზების გაწევის ბრალდებით 3 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან და აშშ-ის საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების საზღვარგარეთ წარმოებული კრიმინალური გამოძიების სამსახურთან თანამშრომლობით ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და ქუთაისში 3 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების არაერთგზის შექმნისა და ორგანიზების ბრალდებით დაკავებული არიან: 1984 წელს დაბადებული ნ.ვ., 1991 წელს დაბადებული ნ.დ. და 1990 წელს დაბადებული ნ.ბ. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ნ.ვ.-მ შექმნა ტურისტული კომპანია, რომელიც ორგანიზებას უწევდა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ გამგზავრებას და იქ დარჩენას. ნ. დ. და ნ. ბ. აღნიშნულ კომპანიაში იყვნენ დასაქმებული. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულები ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლის მსურველ პირებს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, შესაბამის დოკუმენტაციას უმზადებდნენ, რის შემდეგაც სხვადასხვა ქვეყნის გავლით ახდენდნენ მათ ტრანსპორტირებას ამერიკის შეერთებული შტატების საზღვართან, საიდანაც საქართველოს მოქალაქეები უკანონოდ გადადიოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა განახორციელეს ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რის შედეგადაც დადასტურდა დაკავებულთა მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებები. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულების სამუშაო ოფისებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ფულადი თანხა, დოკუმენტები, კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე სეკუნდა მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნასა და ორგანიზებას გულისხმობს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, პროკურატურამ, „გრინსერვისი +“-ის დირექტორს, ამავე კომპანიის თანამშრომელს ბრალდება დაუმძიმა
მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, საქართველოს პროკურატურამ, „გრინსერვისი +“-ის დირექტორს, ამავე კომპანიის თანამშრომელს, „მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს და ექსპერტს ბრალდება დაუმძიმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და „გრინსერვისი +“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნების და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების თაობაზე. სამუშაოების მიმდინარეობისას, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში, „გრინსერვის+“-ის დირექტორმა ყალბი დოკუმენტები წარადგინა კერძოდ, პროექტის ცვლილებები , რომლებზეც დასმული იყო ერთ-ერთი საპროექტო კომპანიის ბეჭედი და ხელმოწერები. 2022 წლის აგვისტოში, „გრინსერვის+“-მა შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი დაასრულა. აღნიშნული სამუშაოები შესრულდა უხარისხოდ, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს. ამის შემდეგ, „გრინსერვის+“-მა შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით „მშენ-ექსპერტთან“ ხელშეკრულება გააფორმა. „მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორმა და ექსპერტმა შეისწავლეს მხოლოდ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების შესაბამისობა დანახარჯებთან, ხოლო სამუშაოების შესაბამისობა მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან მათ არ შეუსწავლიათ. „მშენ - ექსპერტის" დირექტორმა და ექსპერტმა მოამზადეს დასკვნის პროექტი, რის შემდგომაც, „გრინსერვისი+“-ის თანამშრომელმა. „მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორი და ექსპერტი მათ დასკვნაში ყალბი მონაცემების შეტანის თაობაზე დაითანხმა, კერძოდ, თითქოს მათ შეისწავლეს სამუშაოების შესაბამისობაც მოქმედ სამშენებლო ნორმებთან. მიუხედავად იმისა, რომ შადრევანზე სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულებული იყო უხარისხოდ, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს, 25 აგვისტოს, „მშენ-ექსპერტი“-ს ზემოხსენებულმა თანამშრომლებმა შეადგინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, კერძოდ ინსპექტირების შუალედური ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში ასევე დააფიქსირეს, რომ შესრულებული სამუშაოები შესაბამისობაში იყო საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან. აღნიშნული ყალბი დასკვნა „გრინსერვის+“-ის დირექტორმა, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მიზნით წარადგინა. 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის ტერიტორიაზე მისულ მოზარდებს, თამაშის დროს შადრევნის აუზში ბურთი გადაუვარდათ. ბურთის ამოსატანად წყალში ჩასულმა ანდრია ლორთქიფანიძემ და ლაზარე ლობჟანიძემ დაზიანებული კაბელიდან წყალზე გადასული ელექტროდენისგან ელექტროტრავმა მიიღეს, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდნენ და აუზში წაიქცნენ. მეგობრების დასახმარებლად აუზში მარიტა მეფარიშვილი ჩავიდა, რომელმაც ასევე ელექტროტრავმა მიიღო, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდა. საბოლოოდ ბავშვები აუზიდან იქვე მყოფმა ვაკის პარკის მებაღემ დევი მეზურნიშვილმა ამოიყვანა, რის შემდეგაც ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. ელექტრო ტრავმის შედეგად მიღებული დაზიანებებით, მარიტა მეფარიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ანდრია ლორთქიფანიძემ და ლაზარე ლობჟანიძემ კი, მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები. საქართველოს პროკურატურამ "გრინსერვისი+“-ის დირექტორს ბრალდება დაუმძიმა უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი); "გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტი) და ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს და ამავე კომპანიის ექსპერტს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი). საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიების მოცემულ ეტაპზე, ბრალდებულია 9 პირი, რომელთაც აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა და საქმე არსებითი განხილვისთვის სასმართლოში წარიმართება. შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიურად გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დანაშაულთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი, სხვა პირების დადგენის მიზნით. დანიშნულია საინჟინრო-ტექნიკური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზები.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობაში ბრალდებული, როინ მებონია დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლის განმარტებით, მსჯავრდებული მამაკაცი გამოჯანმრთელებამდე სასჯელს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მოიხდის. თავად როინ მებონიამ სხდომაზე მოკლე განცხადება გააკეთა. შეგახსენებთ, შემთხვევა თბილისში, 2022 წლის 21 მაისს მოხდა. შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გურამიშვილის გამზირზე მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მამაკაცმა მეუღლეს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე პასუხისგებაში მისცეს 3 პირი, რომელთაგანაც ერთი დაკავებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულები სისტემატურად ამზადებდნენ 100 ლარიანი ნომინალის ყალბ კუპიურებს, რომელსაც შემდგომ ასაღებდნენ საქართველოს მასშტაბით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულია11 800 ლარის ოდენობის 118-ცალი ყალბი 100-ლარიანი კუპიურა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10-წლამდე ვადით.
Credit Suisse-მა ბიძინა ივანიშვილს $210 მილიონის კომპენსაცია გადაუხადა - Bloomberg
მრავალწლიანი სასამართლო დავების მიმდინარეობის პერიოდში, წამყვანმა შვეიცარიულმა ბანკმა, Credit Suisse-მა ბიძინა ივანიშვილის კომპენსაციის სახით 210 მილიონი დოლარი გადაუხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg ავრცელებს. Credit Suisse-ის მენეჯმენტზე სტატიის გამოქვეყნებაზე საერთაშორისო მედიიდან განმეორებითი უარი მივიღეთ - MKD ბანკს არ განუმარტავს უშუალოდ რომელი სასამართლო დავის კომპენსირებაზე გადაიხადა $210 მილიონი, აგრეთვე არ არის ცნობილი ზუსტი პერიოდი, თუ როდის განხორციელდა აღნიშნული ტრანზაქციები. 2022 წლის მარტში ბერმუდის სასამართლომ შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ის მიერ დაფუძნებულ ბერმუდულ კომპანია Credit Suisse Life-ს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიმართ 607 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. საქმე მილიარდერის ყოფილი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის მიერ ჩადენილ თაღლითურ სქემას უკავშირდებოდა, რის შესახებაც ბერმუდაში დავა არაერთი წელი გრძელდებოდა. Bloomberg-ის თანახმად, ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა Credit Suisse Life-მა, შესაბამისად ბერმუდის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იწყება. შესაბამისად, ბანკი ამ კომპენსაციის გადახდისგან თავის არიდებას ცდილობს. პარალელურად, სასამართლო დავა გრძელდება სინგაპურშიც. დავები სინგაპურსა და ბერმუდაში: სასამართლო მასალების მიხედვით, 2005 წელს Credit Suisse-მა სინგაპურში დააფუძნა ტრასტი სახელწოდებით Mandalay Trust-ი, რომელშიც ივანიშვილმა $550 მილიონის დეპოზიტი განათავსა. 2014 წლის დეკემბერში კომპანიის სახელზე $697.68 მილიონი ირიცხებოდა, ხოლო 2015 წლის სექტემბერში ტრასტის ანგარიშზე მხოლოდ $437.8 მილიონი იყო დარჩენილი. ივანიშვილი მიუთითებს, რომ ეს თანხა მისი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის თაღლითობით დაიკარგა, რაზეც პასუხისმგებლობა Credit Suisse-მა უნდა აიღოს. ბერმუდაში კი დავა ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების სახელზე განხორციელებულ პირად სადაზღვევო შენატანებს ეხებოდა. სასამართლო მასალებში აღნიშნულია, რომ ივანიშვილმა ბერმუდის კუნძულებზე, Credit Suisse Life-ის ოფისს 2011 და 2012 წლებში დადებული ხელშეკრულებით, $755 მილიონის მოცულობის დეპოზიტი მიანდო. ეს შენატანი “სადაზღვევო პრემიის” სახეს ატარებდა და მის ინვესტირებასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი თავად შვეიცარიული ბანკი იყო. 2015 წელს კი, ბიძინა ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ ამ სადაზღვევო სქემიდან $400 მილიონი გაქრა, რაც Credit Suisse-ში მისი ყოფილი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის მიერ განხორციელებულ თაღლითურ ოპერაციებს უკავშირდებოდა. 2017 წელს ივანიშვილის იურისტებმა სარჩელი ბერმუდის კუნძულების სასამართლოში შეიტანეს. იქამდე, სანამ საქმე ბერმუდის კუნძულებზე გადაინაცვლებდა, დავა მიმდინარეობდა შვეიცარიულ სასამართლოში, სადაც 2018 წელს პატრიკ ლესკადრონს ჩადენილი ფინანსური სამართალდარღვევების გამო 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ლესკადრონი აღნიშნული დროისთვის უკვე იხდიდა წინასწარ პატიმრობას, რადგანაც ის 2015 წლის ბოლოს დააპატიმრეს. სასამართლომ დაადგინა, რომ პირადმა ბანკირმა მის კლიენტებს (ძირითადად ბიძინა ივანიშვილს) შვეიცარიაში $144 მილიონის ფინანსური ზარალი მიაყენა, დოკუმენტების ფალსიფიკაციის შედეგად კი უკანონოდ $30 მილიონის ღირებულების ქონებას დაეუფლა. პატრიკ ლესკადრონი სასამართლო განხილვის დაწყებიდანვე აღიარებდა დანაშაულს. მისი თქმით, ივანიშვილის ხელმოწერას 2008 წლიდან მოყოლებული აყალბებდა. ხელმოწერის გაყალბებით აფორმებდა გარიგებებს, რომლებზეც ივანიშვილისგან ავტორიზაცია არ ჰქონდა მიღებული. Credit Suisse-ის აღმასრულებლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ბანკს წლების განმავლობაში მიმდინარე სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და რომ თაღლითური სქემის ავტორი მხოლოდ ყოფილი პირადი ბანკირია. თუმცა, როგორც ირკვევა, ეს პოზიცია არ გაიზიარა ბერმუდის სასამართლომ, რომელმაც ბანკს მრავალმილიონიანი კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
კომპანიის ხელმძღვანელმა ყალბი დოკუმენტებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, 707 449 აშშ დოლარი გამოსძალა - საგამოძოებო სამსახური
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხოეთის მოქალაქე მ. მ. დააკავეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მ.მ, რომელიც იყო უძრავი ქონების რეალიზაციით დაკავებული ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი, საქართველოში ბიზნესის დაწყებით დაინტერესებულ უცხოელ ინვესტორს შეუთანხმდა, რომ გაუწევდა მას მომსახურებას კონკრეტული მიწის ნაკვეთებზე მშენებლობის ნებართვების მოპოვებაში და შესაბამისი თანხმლები დოკუმენტების მომზადებაში, რის შემდეგაც, დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ხსენებული მომსახურების თითქოსდა შესრულებისათვის ბრალდებულმა სხვა პირთა დახმარებით დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტები – არქიტექტურული და საინჟინრო კომუნიკაციების პროექტები, გეოლოგიური დასკვნები, რის შედეგადაც მოტყუებით დაეუფლა დამკვეთის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – 707 449 აშშ დოლარის ოდენობით. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. გამოძიება გრძელდება აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით“, – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.
აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე შსს-მ პაკისტანის 5 მოქალაქე დააკავა
აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის 5 მოქალაქე დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს. მათივე ცნობით, დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ცოდნისკარის“ დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის 5 მოქალაქე - 1989 წელს დაბადებული ს.ა, 2001 წელს დაბადებული ა.ზ., 1979 წელს დაბადებული რ.ი., 1991 დაბადებული ა.მ. და 1971 წელს დაბადებული ჯ.კ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩავარდა
ბათუმში, ერთ-ერთ კორპუსში ლიფტის ჩავარდნისას 3 ადამიანი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს, რომ დაშავებულები ბათუმის კლინიკებში არიან გადაყვანილნი. ერთი პაციენტი კლინიკა „ბრაზერში“, ორი კი, სამედიცინო ცენტრში მკურნალობს. შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები არიან მობილიზებულნი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.