კულტურა

„ეშმაკური გამოხედვით, ხმადაბალი საუბრის წესით, პენსნეს ტარების ჩვევით“ - რა ეწერა ჟანდარმერიის ბარათში მიხეილ ჯავახიშვილზე

უცოლო, ასე 30-32 წლის, სორბონისა და ჟენევის უნივერსიტეტების ყოფილი სტუდენტი, ჟურნალ „გლეხის“ რედაქტორი, ეშმაკური გამოხედვით, ხმადაბალი საუბრის წესით, პენსნეს ტარების ჩვევით - ასე ახასიათებს ჟანდარმერიის ბარათი ქართველ კლასიკოს მწერალს - მიხეილ ჯავახიშვილს. დღეს მიხეილ ჯავახიშვილის დაბადების დღეა. ბარათი მეფის რუსეთის ჟანდარმერიის თბილისის გუბერნიის სამმართველოს 1910 წლის 1 მაისს, მიხეილ ჯავახიშვილის დაპატიმრებისას შეუდგენია. დაკავების მიზეზი სოციალ-ფედერალისტებთან კავშირი იყო. მასში კიდევ სხვა ბევრი საინტერესო დეტალია: სახელი, მამის სახელი: ჯავახოვ (ზედმეტსახელი: ადამაშვილი) მიხეილ საბას ძე. დეტალები, წოდება: გლეხი. სოფელი სიონი, ბორჩალოს მაზრა, თბილისის გუბერნია. დაბადების ადგილი: სოფელი ზემო წერაქვი, ბორჩალოს მაზრა. მშობლები: გარდაცვლილი ოჯახური მდგომარეობა: დასაქორწინებელი სასიყვარულო კავშირი: ოდესელი დორა ადამის ასული რეზნაკი და, ძმა, ნათესავები: სპირიდონ, მელანია, ანასტასია, მარგარიტა. აღმსარებლობა: მართლმადიდებელი სამხედრო სამსახური: 1902 წ. არმიის მეორე რანგის მებრძოლი განათლება: ნიკიტინის მებაღეობა - მევენახეობის სასწავლებელი, იალტა; სორბონისა და ჟენევის უნივერსიტეტები. სამუშაო ადგილი: ჟურნალ „გლეხის“ რედაქტორი, თბილისი ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილი: თბილისი დაპატიმრებული: 1910 წლის 1 მაისს, სოციალ-ფედერალისტების მიმოწერასთან დაკავშირებით ნასამართლობა: 1906 წელს პასუხისგებაში მიცემულია სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით (მოწოდება სახელმწიფო წყობის წინააღმდეგ) „გლეხის“ გამო, მაგრამ ემალებოდა მართლმსაჯულებას. დგომა: წელში მოხრილი სიარული: ჩქარი მშობლიური ენა: ქართული ხმა: ხმადაბალი ტენორი ჩვევა: პენსნეს ტარება ასაკი შეხედულების მიხედვით: 30-32 წლის დაბადების დრო და ადგილი: 1880 წ. 8 ნოემბერი აღნაგობა: გამხდარი, საშუალო თმა: შავი, სწორი წვერ-ულვაში: შავი, მოხვეული, თხელი სახე: ფერმკრთალი სახის გამომეტყველება: ეშმაკური ბარათს ახლავს დაკავებულის თითის ანაბეჭდები. ქართველმა კლასიკოსმა ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი XX საუკუნის ქართულ რეალისტურ რომანს, შექმნა რომანები ავანტიურული „კვაჭი კვაჭანტირაძე“, სოციალური „ჯაყოს ხიზნები“, სათავგადასავლო „გივი შადური“, ისტორიული „არსენა მარაბდელი“, ფილოსოფიური „თეთრი საყელო“. მწერალს განსაკუთრებით იზიდავდა სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლისა და საზოგადო ცხოვრების რევოლუციური გარდაქმნის რთული ეპოქა. მწერალი 1937 წლის 14 აგვისტოს დააპატიმრეს და ბერიას თანდასწრებით წამების ქვეშ ხელი მოაწერინეს „აღიარებაზე“. სასჯელი აღსასრულში მოიყვანეს დახვრეტით იმავე წლის 30 სექტემბერს. მწერლის არქივი განადგურდა, ხოლო მის ქონებას კონფისკაცია გაუკეთდა. მოგვიანებით მისი ძმაც დახვრიტეს, მეუღლე კი გადაასახლეს.

სალომე ჯაშის დოკუმენტურმა ფილმმა „მოთვინიერება“ „ევროპულ ოსკარად“ წოდებული EFA-ს ნომინაცია მიიღო

„მოთვინიერება“ - ასე ჰქვია სალომე ჯაშის დოკუმენტურ ფილმს, რომელმაც European Film Awards(EFA)-ის ნომინაცია მიიღო. ქართული სურათი საუკეთესო ევროპული დოკუმენტური ფილმის წოდებისთვის იბრძოლებს. იმავე კატეგორიაში მოხვდა სერგეი ლოზნიცას ბოლო ნამუშევარი „ბაბი იარი“. ქართველი რეჟისორის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი მილიარდერისა და ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის საყვარელ საქმიანობას ეძღვნება. ფილმში მოთხრობილია ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანის პროცესი. დოკუმენტური ფილმის მსოფლიო პრემიერა 31 იანვარს სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. 2021 წელს კი ბერლინის ფესტივალის ერთ-ერთი სექციის, ფორუმის მონაწილე გახდა. ქართველი დოკუმენტალისტს, გადაღებული აქვს ფილმები „ლიდერი ყოველთვის მართალია“, „მათი ვერტმფრენი“, „ბახმარო“, „ცურვა“... EFA ოსკარის ევროპული ანალოგია, რომელიც პირველად 1988 წელს გაიმართა. სხვადასხვა წლებში პრესტიჟული ჯილდო მიხაილ ჰანეკეს, რომან პოლანსკის, იორგოს ლანთიმოსის და პედრო ალმოდოვარის ნამუშევრებს გადაეცა. 2021 წლის ცერემონია ონლაინ რეჟიმში გაიმართა, საუკეთესო ფილმად დანიელი რეჟისორის თომას ვინტერბერგის თრობა დასახელდა.

მე-19 საუკუნის ღია ბარათები - როგორ წარმოედგინათ მომავალი 2000 წელს

1899 წელს, ფრანგი ილუსტრატორების ჯგუფს, რომელსაც ჟან მარკ კოტე ხელმძღვანელობდათ, დაევალა წარმოედგინა როგორი იქნებოდა საფრანგეთი 2000 წელს. ფუტურისტული ფოტოები თავიდან ოთხ ნაწილად - 1899, 1900, 1901 და 1910 წლებში თამბაქოს კოლოფებზე დახატული გამოქვეყნდა, მოგვიანებით კი ნახატების მიხედვით ღია ბარათები დამზადდა. როგორც ფოტოებზე ვხედავთ წინასწარმეტყველების ნაწილი ახდა, ბევრი რამ კომიკურად დაემთხვა თანამედროვეობას. ბარათები დაახლოებით 1985 წელს იპოვეს და მისი დაბეჭვდის შემდეგ ფუტურისტულმა სერიამ კიდევ ერთხელ მოიპოვა პოპულარობა. "საჰაერო ბრძოლა" "საჰაერო მეხანძრეები" მტვერსასრუტი აპარატი კვერცხს მომენტალურად გადააქცევდა წიწილად მოსიარულე სახლი ბავშვები სპეციალურ მოწყობილობას დაიმაგრებდნენ თავზე და ინფორმაცია პირდაპირ ტვინში გადაიცემოდათ მომავლის სილამაზის სალონი როლიკებზე მდგარი ხალხი ვიდეო ტელეფონი "დისტანციურად საუბარი" "მომავლის ჯარისკაცები ჯავშნიანი ველოსიპედებით"

შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა

შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადების მიღება გრძელდება. კონკურსი საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით შექმნილმა კომისიამ გამოაცხადა, რომლის პირველი სხდომაც პირველ ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა და რომელსაც ფილოლოგი ვალერი ასათიანი უხელმძღვანელებს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „პრემია ენიჭება პირს ლიტერატურის, მუსიკის, კინოხელოვნების, თეატრალური ხელოვნების, სახვითი ხელოვნების ან არქიტექტურის დარგში შექმნილი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომლის მხატვრულმა ღირსებებმა საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვა და განმსჭვალულია პატრიოტიზმის, თავისუფლებისა და ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით. პრემია გაიცემა 3 წელიწადში ერთხელ, არა უმეტეს ხუთისა, თითოეული 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. პირს, რომელიც მოიპოვებს პრემიას, გადაეცემა პრემიის ლაურეატის დიპლომი, სამკერდე ნიშანი და შესაბამისი ფულადი გასაცემელი. პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები და ნაწარმოებები მიიღება ელექტრონულად 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან - 29 ოქტომბრის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@president.gov.ge, ხოლო ის ნაწარმოები, რომელიც თავისი მოცულობის ან სპეციფიკის გათვალისწინებით შეუძლებელია წარმოდგენილი იყოს ელექტრონული ფორმით, მიიღებ მატერიალურად ელექტრონული განაცხადის გადმოგზავნის შემდგომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თბილისი, ათონელის ქ. N25, საფოსტო ინდექსი - 0114“, - აღნიშნულია ადმინისტრაციის ინფორმაციაში. შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის კონკურსისძირითადი პირობები

კედლის მხატვრობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, გელათის სამონასტრო კომპლექსს დამატებითი ვიზიტით UNESCO-ს ექსპერტი ეწვია

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოწვევით გელათის სამონასტრო კომპლექსს რიგით მეორე ვიზიტით ეწვია UNESCO-ს იტალიელი ექსპერტი, რომელიც გელათში 23-30 ივნისს იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ექსპერტის საქართველოში ამჟამინდელი ვიზიტის მიზანია, გელათის სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობის მდგომარეობის მონიტორინგი და არსებული მდგომარეობის შედარება ივნისში არსებულ მდგომარეობასთან, ასევე, მარტის თვეში ქართველი სპეციალისტების მიერ განხორციელებული სატესტო ჩარევების შედეგების შეფასება და საკულტო ნაგებობის კედლის ფერწერის 5 ახალგაზრდა ქართველი რესტავრატორის ტრენინგი. "შეგახსენებთ, რომ საქართველოს კულტურის სამინისტროს მოწვევით, UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფის პირველი მისია გელათში მიმდინარე წლის 23-30 ივნისის პერიოდში შედგა. ექსპერტთა ორმა ჯგუფმა (კედლის მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტები: მარიო პულიერი, ვინჩენცო ჩენტანი; ძეგლის გადახურვის სპეციალისტები: უგო ტონიეტტი, სარა სტეფანინი) ადგილზე შეისწავლა გელათში არსებული მდგომარეობა და აგვისტოს დასაწყისში სამინისტროს წარუდგინა საექსპერტო დასკვნები, რომლებშიც გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული მდგომარეობა არის შეფასებული და შესაბამისი რეკომენდაციებია გაცემული. სწორედ ამ დასკვნებზე დაყრდნობით და ქართველი სპეციალისტების ჩართულობით მუშავდება სამინისტროში გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით შემდგომი სამოქმედო გეგმა, რომელიც შედგენისთანავე გახდება საჯარო. როგორც სახურავთან, ასევე ფერწერასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის შემუშავებამდე, გელათს უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი უცხოელი ექსპერტი ეწვევა, რომელიც პროფესიით კლიმატოლოგია. მისი მისიაა, სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში დაყენებული სენსორების მონაცემების დეტალური შესწავლა და სახურავის არქიტექტორ-რესტავრატორებისათვის პროფესიონალური ინფორმაციის მიწოდება. ეს ყოველივე კი აუცილებელია იმის შესაფასებლად, ახდენს თუ არა ამჟამინდელი სახურავი, მისი მოწყობის მეთოდოლოგიიდან გამომდინარე, მავნე ზეგავლენას ტაძარში არსებულ კლიმატზე და შესაბამისად კედლის ფერწერაზე", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ ცხოვრობდა ავღანეთი თალიბანამდე - 70-იანი წლების ფოტოები

ავღანეთში თალიბების მოსვლამდე და სამოქალაქო ომამდე ცხოვრება სხვანაირი იყო. ავღანელი ქალების მდგომარეობა ისეთი მძიმე არ იყო, როგორც ახლა. ქალებმა ხმის მიცემის უფლება 1919 წელს მოიპოვეს, 1950 წლიდან კი ჩადრის ტარების ვალდებულება გაუქმდა, 1960-იან წლებში კი ქალისა და კაცის თანასწორობა უკვე ქვეყნის კონსტიტუციაში ჩაიწერა. 1966-1971 წლებში, ისლამური იურისდიქციის მოსამართლის პოსტი 14-მა ქალმა დაიკავა. ამ პერიოდში ქვეყანაში ქალები აქტიურად ჩაერთნენ ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების მუშაობაშიც. ქალები მსახურობდნენ – პოლიციაში, ჯარში, ავიაკომპანიებში, განათლების სფეროსა და კერძო ბიზნესში. 1973 წელს, ავღანეთს სათავეში მუჰამედ დაუდი ჩაუდგა. სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდნენ ქვეყანაში ფუნდამენტალისტი ექსტრემისტები, რომლებიც ხელისუფლებისა და მისი რეფორმების წინააღმდეგ აქტიურად იბრძოდნენ. ქვეყანაში ქალთა უფლებები საბოლოოდ 1994 წელს დაინგრა, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში თალიბები მოვიდნენ, რომლებმაც შუასაუკუნეების რეჟიმის დამყარეს, შარიათის კანონების ბრმა და სიტყვასიტყვით გადმოღებით. 1994 წელს, თალიბები ყანდაღარში გამოჩნდნენ, 1996 წელს კი ქაბული აიღეს. მათ ქალებს „შარიათის კანონები“ დაუწესეს. ავღანელ ქალებს მუშაობა აეკრძალათ, დაიხურა გოგონათა სკოლები. ქალებს ყველა ის უფლება ჩამოერთვათ, რისთვისაც ათწლეულები იბრძოდნენ. ქალებს აეკრძალათ მამრობითი სქესის წარმომადგენელი ნათესავის გარეშე გარეთ გასვლა. ქალი კვლავ თავით ფეხებამდე შეიმოსა ჩადრსა და ფარანჯაში. დაიჭირეს უამრავი ქალი, აწამეს და სიკვდილით დასაჯეს. თალიბი პოლიციელები ხშირად ფიზიკურად უსწორდებოდნენ ქალებს იმის გამო, რომ კოჭი ან მაჯა უჩანდათ. ბოლო წლებში, ამერიკის ჯარების შესვლის შემდეგ ქვეყანაში, მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა. ათასობით ავღანელი გოგონა დადიოდა სკოლაში, ქალებისთვის კი პარლამენტში ადგილების 20% იყო განკუთვნილი. ქალებმა ისევ დაიწყეს მუშაობა შეიარაღებულ ძალებში, ქაბულის ისტორიაში პირველად, ერთ-ერთი რაიონის პოლიციის შეფი ქალი გახდა. დღეს ავღანეთი მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრშია. მას შემდეგ რაც ამერიკამ ქვეყნიდან ჯარები გაიყვანა „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქს ალყა შემოარტყა და ქაბულში კონტროლი დაამყარა. წარმოგიდგენთ 70-იანი წლების ავღანეთის ფოტოებს...

დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის შესახებ ფილმის გადასაღებად კულტურის სამინისტრო კონკურსს აცხადებს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების 900 წლისთავთან დაკავშირებით დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის შესახებ მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღების მიზნით კონკურსს აცხადებს. ამის შესახებ მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე განაცხადა. თეა წულუკიანმა პროექტს ისტორიული და უპრეცედენო უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ხარისხიანი არამხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე წარდგება. კონკურსი სიმბოლურად სწორედ 12 აგვისტოს გამოცხადდება და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა საქართველოში მოქმედ კინოს მწარმოებელ კომპანიებს ექნებათ. მოცემული ფილმის გადაღება რამდენიმეწლიანი კომპლექსური სახელმწიფო პროექტია და შესაბამისად კონკურსიც რამდენიმე ეტაპად იყოფა. სრულყოფილი სცენარის პირველადი ვერსიის ჩაბარების შემდეგ, კომისია განიხილავს სცენარს. კომისიის მსჯელობის შემდეგ და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებების მიხედვით, კომპანიას მიეცემა ერთთვიანი ვადა სრულყოფილი სცენარის საბოლოო ვერსიის დაწერისათვის. მოცემული სამუშაო დაფინანსდება 7500 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხის ოდენობით. ჯამში, გამარჯვებული კომპანია სცენარსა და ფილმის პროექტზე მუშაობისათვის მიიღებს 20 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ თანხას ლარში და სამუშაოდ ექნება 7,5 თვე. ეტაპი 4 სცენარის საბოლოო ვერსიის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება ფილმის წარმოებაში ჩაშვების დეტალებისა და ვადების შესახებ. ფილმზე უფლებების მესაკუთრეა სახელმწიფო, როგორც დამკვეთი და დამფინანსებელი. საავტორო უფლებები ეკუთვნის ფილმის მთავარ შემოქმედებით ჯგუფს.

ხელოვნების მუზეუმიდან თანამშრომლების უსაფრთხო ადგილას გადაყვანისა და ფონდების ევაკუაციის შესახებ სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა 2021 წლის 15 ივლისის N00014916 ბრძანებით, დაამტკიცა შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში მართვის განსაკუთრებული რეჟიმი, რაც მუზეუმში დასაქმებული თანამშრომლების უსაფრთხო ადგილას გადაყვანისა და ფონდების ევაკუაციის სამოქმედო გეგმის თანახმად მოქმედებებს გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამოქმედო გეგმა 2021 წლის 5 აგვისტოდან 2022 წლის 5 თებერვლამდე პერიოდს მოიცავს და ის დეტალურად, კონკრეტული თარიღებით და თითოეულ პუნქტზე პასუხისმგებელი პირებით არის გაწერილი. "გეგმის თანახმად, მიმდინარე წლის 5 აგვისტომდე უნდა იქნეს მოძიებული მუზეუმის საჭიროებებზე მორგებული დროებითი სივრცე თანამშრომლებისა და საცავებისათვის, ხოლო 2022 წლის 5 თებერვალს მუზეუმის ამჟამინდელი ავარიული შენობის დაცლა დასრულებული უნდა იყოს. მოცემულ პერიოდში, თავდაპირველად დროებითი სივრცის რეკონსტრუქცია და ფონდების სხვადასხვა საჭიროებაზე მორგება მოხდება, ხოლო ფონდებისა და კოლექციების მიგრაცია ექვს ეტაპად განხორციელდება. მუზეუმს პირველი ქსოვილებისა და ნაქარგობის ფონდი და არქივისა და მემუარების ფონდი დატოვებს (2021 წლის 10 სექტემბერი), ხოლო ყველაზე ბოლოს, ახალ დროებით სივრცეში ოქროს ფონდი იქნება გადატანილი. ამასთან, ოქროს ფონდის ზოგიერთი, UNESCO-ს საექსპერტო დასკვნის თანახმად ყველაზე დაზიანებული ხატები ამავე დასკვნის შესაბამისად მომზადდება გადასატანად. კერძოდ, მიმდინარე წლის 1-ელ დეკემბრამდე დაზიანებული ჭედური ხატების საყრდენი ხის დროებითი გამაგრება უნდა მოხდეს, რაც გადატანისას ხის ჩამოშლის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად. ამისათვის, შეიქმნება ქართულ-უცხოური პროფესიონალთა ჯგუფი, რისთვისაც სამოქმედო გეგმა 2021 წლის 1-ელ ოქტომბრამდე ვადას აწესებს. 2022 წლის 1-ელ იანვრამდე კი საგანძურში დაცული ექსპონატების გადამტანი ჯგუფი დაკომპლექტდება და ამგვარი ექსპონატების გადატანის მიმართულებით გაივლის სპეციალურ გადამზადებას. კულტურის მინისტრის 2021 წლის 15 ივლისის N00014916 ბრძანებით, დამტკიცებული შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის თანამშრომლების უსაფრთხო ადგილას გადაყვანისა და ფონდების ევაკუაციის სამოქმედო გეგმა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://cutt.ly/2mZBpWC კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 4 ივლისს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზოგადოებას აცნობა, რომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის. ამ გადაწყვეტილების საფუძველი გახდა მუზეუმის შენობაზე ჩატარებული ექსპერტიზა და საგანძურის კონკრეტულ ექსპონატებზე (ხახულის ღვთისმშობლის ხატი; ანჩის ხატი; აწყურის ღვთისმშობლის ხატი; წილკნის ღვთისმშობლის ხატი; ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატი; ზარზმის ფერისცვალების ხატი; ზარზმის ღვთისმშობლის ხატი (ლაკლაკიძეები); კაცხის მაცხოვრის ხატი; ახალი შუამთის ღვთისმშობლის ხატი) კულტურის სამინისტროს მიერ მოწვეული UNESCO-ს ექსპერტების მიერ გაცემული დასკვნა. მოცემული დასკვნის თანახმად, ყველა შესწავლილი ხატის (როგორც ფერწერული, ისე ჭედური) საყრდენი ხე დაზიანებულია და არ არის გამორიცხული, ხის დაზიანების პროცესი ამჟამადაც მიმდინარეობდეს. ამასთან, სხვადასხვაგვარად არის დაზიანებული ხატების ფერწერული და ჭედური ნაწილებიც. შესაბამისად, ზოგიერთი ხატის გადაადგილება მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული მეთოდითაა რეკომენდებული, ხოლო დანარჩენი ხატების გადაადგილება იმავე მეთოდით მხოლოდ ხის დროებითი გამაგრების შედეგადაა შესაძლებელი. რაც შეეხება მუზეუმის ძირითადი შენობაზე (ე.წ. ყოფილი სემინარია) ჩატარებულ ექსპერტიზას, შენობის მდგომარეობის შესახებ დასკვნის თანახმად: ლ. გუდიაშვილის ქუჩის გასწვრივ მდებარე შენობის ფლიგელის გამაგრება დაკავშირებული იქნება ძალიან დიდ ტექნიკურ სირთულეებთან და დანახარჯებთან და მისი გაძლიერება სავარაუდოდ არ იქნება რენტაბელური; ალ. პუშკინის ქუჩის გასწვრივ მდებარე ფლიგელზე განვითარებულია მზიდი კონსტრუქციების დიდი გადახრები, დეფორმაციები და რღვევები, რის გამოც შეუძლებელია შენობის ამ ნაწილის შენარჩუნება და გაძლიერება; შენობის მხოლოდ ცენტრალური შესასვლელის გაძლიერება არის შესაძლებელი; შენობის ქვეშ მიმდინარეობს ფუძე-გრუნტების გაწყლოვანება ტექნოგენური და ატმოსფერული წყლების ჩამოდინებისაგან და შენობას არც სართულშუა გადახურვის და არც სახურავის დონეებზე არ გააჩნია ანტისეისმური სარტყლები, რის გამოც ის არ აკმაყოფილებს სეისმურობის ელემენტარულ სტანდარტებს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გარდაიცვალა მხატვარი ზურაბ (პიკო) ნიჟარაძე

92 წლის ასაკში მხატვარი ზურაბ (პიკო) ნიჟარაძე გარდაიცვალა. ზურაბ ნიჟარაძემ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1955 წელს დაამთავრა. 1964-1971 წლებში იყო სამხატვრო აკადემიის ხატვის კათედრის პედაგოგი, 1982-1987 წლებში რექტორი; მუშაობდა მხატვრობის სხვადასხვა დარგში: ფერწერა, გრაფიკა, თეატრალური, კინო და კედლის მხატვრობა. 1955 წლიდან სისტემატურად იღებდა გამოფენებში. მისი ნამუშევრები დაცულია: ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში (თბილისი), თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში (თბილისი), მხატვართა კავშირში (თბილისი), ტრეტიაკოვის გალერეაში (მოსკოვი), რიო-დე-ჟანეიროს ნაციონალური გალერეა (ბრაზილია), ლუდვიგის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (აახენი, გერმანია), აშშ-ის, საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, შვედეთის, საბერძნეთის და სხვა ქვეყნების კერძო კოლექციები. ზურაბ ნიჟარაძე იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 2013 წლის 24 დეკემბერს ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა კულტურის სამინისტროს ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“.

,,ქართული ხმების" სოლისტი ზურაბ ბაკურაძე გარდაიცვალა

რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში უბედური შემთხვევისას ანსამბლ „ქართული ხმების" სოლისტი ზურა ბაკურაძე გარდაიცვალა. მეხანძრე-მაშველებმა ცხედარი ხევიდან ამოიყვანეს. „მაშველებმა ხევიდან ამოიყვანეს ერთი ადამიანი, რომლის გარდაცვალების ფაქტი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მხრიდან დაფიქსირდა“, - განუცხადეს Europetime-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. Europetime-ს ონის მუნიციპალიტეტის მერიასაც დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ადგილზე ცდილობენ ვითარების შესწავლას.

იუნესკოს უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი გელათში არსებულ მდგომარეობას 23-30 ივნისს ადგილზე შეისწავლის

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, იუნესკოს უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი გელათში არსებულ მდგომარეობას 23-30 ივნისს ადგილზე შეისწავლის. მათივე ცნობით, ისინი ერთი კვირის მანძილზე გელათის ძირითად ტაძარზე 2008 წელს შედგენილი პროექტის მიხედვით ჩატარებული გადახურვის სამუშაოების დროს დაშვებულ ხარვეზებს შეისწავლიან და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ. როგორც უწყებაში აცხადებენ, ექსპერტები ასევე შეისწავლიან კედლის ფერწერის დაზიანებულ ნაწილებს, რის შემდეგაც ზიანის გამოსწორების მიზნით, სამოქმედო გეგმა დაისახება. „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ძალისხმევის შედეგად, მიუხედავად პანდემიისა, იუნესკო-ს (UNESCO) უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი საქართველოში ჩამოდის და როგორც კედლის მხატვრობის დაზიანების, ასევე სახურავის მოწყობის ხარვეზების დიაგნოსტიკის მიზნით მუშაობას 23 ივნისს შეუდგება. კედლის მხატვრობის ექსპერტები და არქიტექტორ-რესტავრატორები ერთი კვირის მანძილზე გელათის ძირითად ტაძარზე 2008 წელს შედგენილი პროექტის მიხედვით ჩატარებული გადახურვის სამუშაოების დროს დაშვებული ხარვეზების შედეგად შექმნილ მდგომარეობას შეისწავლიან და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ. ექსპერტები ასევე შეისწავლიან კედლის ფერწერის დაზიანებულ ნაწილებს, რის შემდეგაც ზიანის გამოსწორების მიზნით, სამოქმედო გეგმა დაისახება. სწორედ უცხოელი ექსპერტების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, ქართველი სპეციალისტების ჩართულობით განისაზღვრება გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული გამოწვევების აღმოფხვრის შემდგომი სამოქმედო გეგმა. აღსანიშნავია, რომ ექსპერტებს მისიის დასრულებამდე მედიის წარმომადგენლებთან ურთიერთობა არ აქვთ გადაწყვეტილი. ისინი თვლიან, რომ მედიის მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, მხოლოდ მისიის დასასრულს, თბილისში დაბრუნებისას არის შესაძლებელი შემაჯამებელი ბრიფინგის გამართვა. 12 ივნისს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი პირადად გაეცნო გელათის სამონასტრო კომპლექსში იუნესკო-ს ექსპერტების საქართველოში ვიზიტისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს. სამინისტროს ინიციატივით, გელათის ძირითად ტაძარში კედლის ფერწერის სრულფასოვნად შესასწავლად ინტერიერში, ხოლო სახურავის შესასწავლად – გარე პერიმეტრზე, ხარაჩოები აღიმართა, რაც უცხოელ სპეციალისტებს ადგილზე არსებული მდგომარეობის შესწავლის საშუალებას მისცემთ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კულტურის სამინისტრო ზურაბ რთველიაშვილის სახელობის პრემიას აარსებს

საქართველოს კულტურის სამინისტრო პერფორმანსში ზურაბ რთველიაშვილის სახელობის პრემიას აარსებს. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, თეა წულუკიანის განცხადებით, კულტურის სამინისტრომ გაიზიარა პოეტ ზურაბ რთველიაშვილის თანამებრძოლი მწერლის, ირაკლი კაკაბაძის ინიციატივა და გადაწყვიტა, რომ კულტურის სამინისტროსა და საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით საქართველოში ზურაბ რთველიაშვილის სახელობის პერფომანსის საერთაშორისო ფესტივალი დაფუძნდეს. პირველი ასეთი ფესტივალი წელს შემოდგომაზე ჩატარდება და კულტურის სამინისტროს მიერ შემოღებული პრემია გამარჯვებულ ხელოვანს ზურაბ რთველიაშვილის დაბადების დღეს, 16 ოქტომბერს გადაეცემა. საქართველოს კულტურის სამინისტროში ჩატარებულ ბრიფინგს მინისტრთან ერთად ესწრებოდნენ ირაკლი კაკაბაძე, მწერალი, პენ-ოქსფამის პრემიის ლაურეატი და ცნობილი პოეტი დათო ჩიხლაძე. თეა წულუკიანის განცხადებით, ზურაბ რთველიაშვილის სახელობის პერფომანსის საერთაშორისო ფესტივალის საქართველოში დაფუძნება მნიშვნელოვანი სახელოვნებო სიახლეა. მისი მთავარი მიზანია, ქართული პერფორმანსის პოპულარიზაცია საერთაშორისო მასშტაბით და უცხოელი პერფორმერების შემოქმედების გაცნობა ქართული საზოგადოებისათვის. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ პოეტები, მუსიკოსები, მსახიობები, ვიზუალური და მულტიმედია არტისტები და სხვა ხელოვანები, რომლებსაც საშუალება მიეცემათ წარმოადგინონ პერფორმანსები. „2012 წლამდე, ზურაბ რთველიაშვილი ლექსითა და პერფორმანსით ებრძოდა უსამართლობასა და ხელისუფლების მიერ ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილ სისტემურ დანაშაულებს. ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ მის ხელოვნებასა და ხსოვნას და კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, რომ ხელოვნება ყველა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაუმარცხებელია.“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ლევან კოღუაშვილის ფილმმა „ტრაიბეკას“ საერთაშორისო კინოფესტივალზე სამი ჯილდო მოიპოვა

ქართველის რეჟისორის ლევან კოღუაშვილის ფილმმა „მეოთხე ბრაიტონი“ ნიუ იორკში, „ტრაიბეკას“ საერთაშორისი კინოფესტივალზე სამი ჯილდო მოიპოვა. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია „ტრაიბეკას“ კინოფესტივალის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც თავად რეჟისორი ,,პირველ არხთან" საუბრისას აცხადებს, ფილმმა მიიღო ჯილდო საუკეთესო ფილმის ნომინაციაში, ასევე საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში გაიმარჯვა – ლევან თედიაშვილმა. ფილმი ასევე დაჯილდოვდა საუკეთესო სცენარისთვის. „მთავარი პრიზები წამოვიღეთ, მოგვაქვს საქართველოში. მიხარია და ვულოცავ ქართულ კინოსაზოგადოებას, რადგან მე ნაწილი ვარ ამ საზოგადოების და მგონია, რომ ჩვენი წარმატებები ყველას წარმატებაა“, – განაცხადა ლევან კოღუაშვილმა. მისივე თქმით, „მეოთხე ბრაიტონი“ ბოლო კინოროლი იყო კახი კავსაძისთვის. „ცხადია, კახი განსაკუთრებული ფენომენია, განსაკუთრებული მოვლენაა ჩემთვის და ის ფაქტი, რომ ბატონმა კახიმ ბოლო როლი ჩვენთან ითამაშა, კიდევ ერთი პასუხისმგებლობაა ალბათ. მგონია, რომ ძალიან საინტერესო და თავის სტილში შექმნილი როლია, რომელიც თან ექსცენტრიულია, თან რეალისტური, თან ძალიან მსახიობური, თან ძალიან ადამიანური, როგორც მხოლოდ მას შეეძლო და ალბათ ამით იყო გამორჩეული, უნიკალური მსახიობი ქართულ კინოსივრცეში და არამარტო. ფილმი მამა-შვილის ურთიერთობაზეა, თან კახიმ და მისმა შვილმა, ირაკლიმ ერთად ითამაშეს. ჩემთვის განსაკუთრებული ამბავია ეს ფილმი, მამა-შვილის ურთიერთობა ჩემი პირადი ტრაგედიიდან გამომდინარე, რადგან მამა დავკარგე „კოვიდის“ პერიოდში და ბევრი ფაქტორია, რაც გაერთიანდა ამაში. კახი რომ არის, სხვა ელფერი აქვს ამას და სხვა სიხარული“, – განაცხადა ლევან კოღუაშვილმა. კინორეჟისორის თქმით, ფილმს კარგი გამოხმაურებები ჰქონდა ფესტივალზე წარმოდგენილი გამოცემების მხრიდან, რაც მის დისტრიბუციას დაეხმარება. „ტრაიბეკა ამით არის კარგი, რომ კარგად იფარება პრესით, პრესა აშუქებს კარგად. ფაქტობრივად, ყველა წამყვანი გამოცემა იყო წარმოდგენილი და ძირითადად ჰქონდა პოზიტიური ან ძალიან პოზიტიური გამოხმაურება, რაც ცხადია, მნიშვნელოვან წინაპირობას აჩენს. იმედია, ეს დაეხმარება ფილმის დისტრიბუციას, რადგან ეს საკითხიც მნიშვნელოვანია ჩვენს რეალობაში. დღეს დამატებითი პრიზიც მივიღეთ „ნეტფლიქსისგან, რაც ნიშანს აჩენს, დისტრიბუციაც უფრო დაჩქარდეს იგივე „ნეტფლიქსთან“, – აღნიშნა ლევან კოღუაშვილმა. მისივე თქმით, ფილმს საკმაოდ აქტიური საფესტივალო ცხოვრება ექნება, ამ დროისთვის უკვე დადასტურებულია, რომ ფილმი 10-მდე ფესტივალზე იქნება წარდგენილი. „საქართველოში გვინდა, იყოს გვიან შემოდგომაზე, კოვიდსიტუაცია ჩაწყნარდეს ცოტა, რათა მაყურებელს საშუალება ჰქონდეს, დარბაზში ნახოს ფილმი“, – განაცხადა ლევან კოღუაშვილმა. „მეოთხე ბრაიტონი“ ემიგრაციაში წასული ქართველი მოჭიდავის ისტორიას გვიყვება. ფილმში მთავარ როლს ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი ლევან თედიაშვილი ასრულებს. კინოსურათი ოთხი ქვეყნის თანამშრომლობის შედეგია. „მეოთხე ბრაიტონის“ თანაპროდიუსერი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელია. ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერები არიან არმენ ზულოიანი, თინათინ ბერძენიშვილი და რუსუდან მანჯგალაძე. „ტრაიბეკა“ დამოუკიდებელი ფილმების ყოველწლიური საერთაშორისო კინოფესტივალია, რომელიც ტარდება ნიუ იორკში. დაარსდა 2002 წელს ჯეინ როზენთალის, რობერტ დე ნიროსა და კრეიგ ჰატკოფის მიერ, მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის საპასუხოდ.

ვატიკანში  ქართული კულტურისა და ხალხური სიმღერის პოპულარიზაციის მიზნით, პრეზიდენტის სახელით მიღება გაიმართა

ქართული კულტურისა და მრავალხმიანი ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაციის მიზნით ვატიკანში, პრეზიდენტის სახელით, მიღება გაიმართა. მიღება რომში, კანცელარიის სასახლეში ანსამბლ „ბასიანის" მონაწილეობით ჩატარდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოს პრეზიდენტმა მიღებაზე მოწვეულ სტუმრებსა და ვატიკანში აკრედიტებულ დიპლომატებს სიტყვით მიმართა და ქართული კულტურის, ტრადიციებისა და ღირებულებების შესახებ ისაუბრა. „საქართველო, საუკუნეების განმავლობაში, ტოლერანტობის ქვეყანა იყო, რაც ჩვენი ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. დღეს ტოლერანტობა მრავალმხრივ საფრთხის ქვეშაა. საქართველოშიც ვხედავთ პოლარიზაციას, რასაც საერთო ღირებულებების გაზიარება უნდა დავუპირისპიროთ. ამ ღირებულებებს განმტკიცება, ჩვენ კი, მრავალ სფეროში სოლიდარობა და მხარდაჭერა გვჭირდება, რადგან საქართველო პატარა ქვეყანაა. 300 წლის წინ სულხან - საბა ორბელიანი ვატიკანში ჩამოვიდა და პაპთან აუდიენცია გამართა. უკვე მაშინ, ის საქართველო-ვატიკანს შორის კავშირების დამყარებას ცდილობდა. დღეს სულხან-საბა ქართული დიპლომატიის მამად არის მიჩნეული და ქრისტიანულ ევროპასთან კავშირის სიმბოლოა. დღეს აქ წარმოგიდგინეთ ქართული მრავალხმიანი სიმღერა, რომელიც ქართული უნიკალური კულტურის ნაწილია. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიმღერებით მცირედით მაინც გასაგები გახდება რა იყო, რა არის და რა იქნება საქართველო! ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი საღამო საქართველოში სტუმრობის სურვილს გაგიჩენთ",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

12-20 ივნისს ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

თბილისის მერიის მხარდაჭერით, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი ახალ ფესტივალს უმასპინძლებს, რომელიც დიდი ქართველი მუსიკოსის - მომღერლის, საგუნდო დირიჟორის, ხალხური სიმღერების შემკრებისა და პედაგოგის, ანზორ ერქომაიშვილის სახელს ატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისი მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ფესტივალი ანზორ ერქომაიშვილის სახელის უკვდავსაყოფად და იმ საქმისადმი მადლიერების გამოსახატად დაარსდა, რომელიც მან ქართული ფოლკლორის გადარჩენისა და განვითარებისთვის გასწია. "ღონისძიების სტატუსი საერთაშორისოა, თუმცა წელს მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო, ფოლკლორული ანსამბლების სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოყვანა ვერ ხერხდება, რის გამოც, მსმენელის წინაშე საკონცერტო პროგრამებით მხოლოდ ქართული ანსამბლები წარსდგებიან. ფესტივალზე წელს ოთხი კონცერტი გაიმართება: 12 ივნისი - საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“; 13 ივნისი - ქართული სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“; 19 ივნისი - საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ერისიონი“; 20 ივნისი - აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“; ქვეყანაში არსებული კოვიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე, ბილეთები გაიყიდება მხოლოდ ელექტრონულად, პორტალზე www.biletebi.ge ფესტივალის პირველი მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია", - ნათქვამია მერიის მიერ გვარცელებულ ინფორმაციაში.

თეა წულუკიანმა ის 12 პრიორიტეტული მიმართულება დაასახელა, რომლებსაც კულტურის სამინისტრო დააფინანსებს

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა კულტურის სფეროს ის პრიორიტეტული მიმართულებები დაასახელა, რომლებსაც სამინისტრო მიმდინარე წელს „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დააფინანსებს. ამის შესახებ მან უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, სამინისტრომ 12 პრიორიტეტული მიმართულება გამოყო. ესენია: 1. ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობა; 2.ქართული თეატრისა და თეატრალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა; 3. ქართული პროფესიული მუსიკალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა; 4. ქართული კინოს ხელშეწყობა; 5. სახვითი და თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა; 6. სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა; 7. ქართული ფოლკლორის ხელშეწყობა; 8. კულტურაზე ხელმისაწვდომობა; 9. მნიშვნელოვანი კულტურული და საფესტივალო ღონისძიებები; 10. ინოვაციური და თავისუფალი პროექტები; 11. კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა; 12. COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ზიანის შემცირება. სამინისტრო პრიორიტეტული ჯგუფებისთვის დაფინანსებაზე განაცხადების მიღებას დღეიდან იწყებს.

BBC რეზო გაბრიაძეზე სტატიას აქვეყნებს

BBC თეატრისა და კინოს რეჟისორის, მწერალის რეზო გაბრიაძე გარდაცვალებას ეხმაურება. როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, საერთაშორისო ასპარეზზე გაბრიაძე ცნობილი იყო მარიონეტული თეატრის სპექტაკლებით, როგორიცაა „სტალინგრადის ბრძოლა“. გაბრიაძემ ასევე დაწერა საბჭოთა კავშირის რამდენიმე ყველაზე პოპულარული ფილმის სცენარი, რომელთა შორისაა „მიმინო“ და „ქინ ძა ძა“. 2002 წელს, „სტალინგრადის ბრძოლის“ ლონდონში წარდგენისას, მან BBC-ის განუცხადა, რომ საბჭოთა პერიოდში ის ხშირად ასოცირდებოდა დანიელ დეფოს „რობინზონ კრუზოსთან“, რადგან საკუთარ თავს ხედავდა როგორც ტოტალიტარული სახელმწიფოს უდაბნოს კუნძულზე მსოფლიო კულტურისგან მიტოვებულად. მისი თქმით, რობინზონ კრუზომ წვერი გაიპარსა და საქართველოსა და დანარჩენი ყოფილი საბჭოთა კავშირის ხელოვნება „მსოფლიოს უერთდებოდა. ცნობისთვის, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თეატრისა და კინოს გამორჩეული რეჟისორი, მხატვარი და მწერალი რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ოსტატების რეესტრისთვის კანდიდატებს სპეციალური კომისია შეარჩევს

ოსტატების რეესტრისთვის კანდიდატების შესარჩევად საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში სპეციალური კომისია შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კომისიის შემადგენლობაში არიან: ტარიელ კიპაროიძე (არქიტექტორ-რესტავრატორი), მერაბ ბოჭოიძე (არქიტექტორ-რესტავრატორი), გოგოთურ მირსიაშვილი (არქიტექტორ-რესტავრატორი), ნიკოლოზ ზაზუნიშვილი (არქიტექტორ-რესტავრატორი), ნოდარ მინდორაშვილი (არქიტექტორ-რესტავრატორი), სპარტაკ ჯვარიძე (სამუშაოთა მწარმოებელი, რესტავრატორი), გიორგი ციციშვილი (არქიტექტორი), დავით ჯინჭარაძე (არქიტექტორი) და ლაშა შარტავა (არქიტექტორი). როგორც კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სწორედ ამ კომისიასთან გასაუბრების შემდეგ ექნებათ კანდიდატებს შანსი, რომ მოხვდნენ ოსტატების რეესტრში და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში დასაქმდნენ, ან დასაქმებამდე კვალიფიკაციის კურსები გაიარონ. ამ ეტაპისთვის სამინისტროში შემოსულია 70 განაცხადი. ოსტატების რეესტრში დასარეგისტრირებლად განაცხადების მიღების ბოლო ვადა 15 ივნისია, ხოლო გასაუბრება კანდიდატებთან მომდევნო კვირაში დაიწყება. შეგახსენებთ, ოსტატების რეესტრის შექმნის მიზნით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აგრძელებს განაცხადების მიღებას შემდეგ პროფესიებში: - ქვითხურო (ქვისმთლელი მწყობელი; ჩუქურთმის მჭრელი; დეკორატორი); - ხითხურო; ყოველი სადურგლო სამუშაოს შემსრულებელი. - კირითხურო (მლესავი; ყორემწყობელი; მძერწავი); - სახურავთა ოსტატი (კრამიტ-ლორფინის ოსტატები; მეთუნუქე ოსტატები) - მჭედელ-ზეინკალი; - მეავეჯე; ხარატი; დეკორატორი. რეესტრში მოსახვედრად პრაქტიკოს ოსტატებს 15 ივნისამდე კიდევ აქვთ შესაძლებლობა მიმართონ საქართველოს კულტურის სამინისტროს ფეისბუქის ოფიციალური გვერდის, ოფიციალური ელექტრონული ფოსტის info@culture.gov.ge ან ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე 2-022-229. გასაუბრებაზე მოსაწვევად პირმა უნდა წარმოადგინოს თავისი ბიოგრაფია და ჩამოთვალოს წარსულში განხორციელებული სამუშაოები. გასაუბრებაზე დაბარების შემთხვევაში, მან თან უნდა იქონიოს შესრულებულ სამუშაოთა ფოტო და, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ვიდეომასალა. გასაუბრების შედეგად, კომისია ან გასცემს კულტურის სამინისტროს სისტემაში დასაქმების რეკომენდაციას, ან მიუთითებს დასაქმებამდე კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ. კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს (თეორიულ-პრაქტიკული წვრთნები) უზრუნველყოფს კულტურის სამინისტრო. დასაქმებული ან კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე გაგზავნილი პირებისაგან შედგება ოსტატთა რეესტრი. საბოლოო ჯამში, რეესტრში აღრიცხული ოსტატები მიიღებენ დამატებით პრაქტიკულ გამოცდილებას და ერთწლიანი პერიოდის წარმატებით დასრულების შემთხვევაში - სერტიფიკატს. გათვალისწინებულია, რომ 2022 წლის 1 მაისიდან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობის უფლება ჰქონდეთ მხოლოდ იმ სპეციალისტებს, რომელთაც ექნებათ სერტიფიკატით დადასტურებული პროფესიული უნარები. "აღსანიშნავია, რომ ოსტატთა რეესტრის შექმნის აუცილებლობა ქვეყანაში კულტურულ მემკვიდრეობის მიმართულებით არსებულმა პრობლემებმა განაპირობა. კერძოდ, როგორც ახალშექმნილი სამინისტროს მიერ ამ სფეროს შესწავლამ ცხადჰყო, ხშირ შემთხვევაში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე არსებული პრობლემები კვალიფიციური კადრების სიმწირით ან არსებული კადრების პროფესიონალიზმის ნაკლებობითაა გამოწვეული. ამის სამწუხარო მაგალითია გელათის სამონასტრო კომპლექსიც, რომლის გადახურვის პროექტი 2008 წელს შედგა და, მას შემდეგ, ხარვეზებით წარმოებულმა სამუშაოებმა ძეგლის დაზიანება გამოიწვია", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ქართულ ტრადიციულ საეკლესიო მუსიკას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ქართულ ტრადიციულ საეკლესიო მუსიკას, ქართულ გალობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას ამის შესახებ ფოლკლორის ცენტრი ავრცელებს. ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, ქართული გალობისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს ქართულ გალობასთან დაკავშირებული კულტურული ფენომენისა და ღირებულებების შენარჩუნებას. „ქართული გალობა, მრავალხმიან მუსიკალურ ფოლკლორთან ერთად, ქართველთა მიერ აღიარებულია, როგორც ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლო; იგი უნიკალური ტრადიციაა, რომელშიც ორგანულად არის შერწყმული ეროვნული მრავალხმიანი აზროვნებისა და ქრისტიანული მსოფლმხედველობის ესთეტიკური პრინციპები. ქართული გალობა ერთი მხრივ, ეროვნული, საქართველოში წარმოშობილი და განვითარებული ტრადიციაა, ხოლო, მეორე მხრივ – მასში განსაკუთრებით ჩანს ქართული კულტურის ერთიანობა ევროპულ ქრისტიანულ სამყაროსთან. მეცნიერთა ვარაუდით, საეკლესიო მუსიკაში მრავალხმიანობა ყველაზე უწინ საქართველოში ჩამოყალიბდა, X-XI საუკუნეებში განვითარების კლასიკურ ეტაპს მიაღწია, ხოლო XII-XIII საუკუნეებში, მთლიან ქართულ კულტურასთან ერთად, რენესანსული მსოფლმხედველობით განიმსჭვალა. შესაბამისად, ქართული საგალობელი არა მხოლოდ ეროვნული, არამედ მთელი ქრისტიანული სამყაროს კულტურული საგანძურია. ქართული ტრადიციული საეკლესიო მუსიკისთვის/ქართული გალობისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს ქართულ გალობასთან დაკავშირებული კულტურული ფენომენისა და ღირებულებების შენარჩუნებას, ქართული გალობის სწავლა-გადაცემის ხელშეწყობას, ცოცხალ პროცესში შესრულების აუცილებლობის პოზიციონირებას, ამ უნიკალური პოლიფონიური ხელოვნების ახალგაზრდებში პოპულარიზებას, საზოგადოების და სამეცნიერო წრეების მეტად დაინტერესებას, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ცნობადობის ამაღლებას“, – აღნიშნულია ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციაში.

აშშ-ს საფრანგეთი თავისუფლების ახალ ქანდაკებას უგზავნის

Politico-ს ინფორმაციით, საფრანგეთი აშშ-ს თავისუფლების ახალ ქანდაკებას გაუგზავნის. როგორც ცნობილია, გაგზავნის მიზანი ორ ქვეყანას შორის ისტორიული კავშირების ხაზგასმაა. თავისუფლების ახალი ქანდაკება ნიუ-იორკში 4 ივლისს, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს ჩავა. ის პირველ ქანდაკებაზე პატარაა და სიმაღლეში მხოლოდ 2,83 მეტრს აღწევს. ახალი ქანდაკების დამზადების სურვილი საფრანგეთმა 2019 წლის ივლისში გამოთქვა, თუმცა პანდემიის გამო პროექტის განხორციელება დროებით შეჩერდა და მხოლოდ მიმდინარე წლის ზამთარში განახლდა. თავისუფლების ქანდაკება, რომელიც დღეს ნიუ-იორკის სანაპიროებთან ჩანს, მე -19 საუკუნის საჩუქარია საფრანგეთისგან აშშ-ს დამოუკიდებლობის პირველი საუკუნის აღსანიშნავად. ”ჩვენ გვინდოდა ამ საფრანგეთ-ამერიკის ისტორიასთან დაკავშირება”, - თქვა აშშ-ში საფრანგეთის ელჩმა. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ თავისუფლების ახალი ქანდაკება ვაშინგტონში, საფრანგეთის ელჩის რეზიდენციის ბაღში განთავსდება.