ახალი ამბები
თურქეთი შუა დერეფნის პოტენციალის ეფექტიანად გამოსაყენებლად, ახალ შესაძლებლობებს იკვლევს
თურქეთმა აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან, უზბეკეთთან და თურქმენეთთან ორმხრივი მექანიზმები შექმნა, რათა შუა დერეფნის პოტენციალის ეფექტიანად გამოსაყენებლად, დამატებითი თანამშრომლობის შესაძლებლობები შეისწავლოს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კვლევების ცენტრის დეპარტამენტის უფროსმა თურჰან დილმაჩმა განაცხადა. CICA-ს ანალიტიკური ცენტრების ფორუმის მე-13 სესიაზე, „ევრაზიული კავშირის გაძლიერების“ პანელზე გამოსვლისას, დილმაჩმა ხაზი გაუსვა, რომ კავშირის კონცეფციას კონკრეტული ნაბიჯები უნდა ახლდეს თან. „სატრანსპორტო და სავაჭრო დერეფნების შექმნით, ჩვენ ფაქტობრივად ვქმნით ნდობის დერეფნებს, რომლებიც აკავშირებს ჩვენს ეკონომიკებს, საზოგადოებებსა და ხალხს,“ - აღნიშნა თურქეთის წარმომადგენელმა. მანვე აღნიშნა, რომ თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის ფარგლებში, თურქეთი შუა დერეფანთან დაკავშირებით, აზერბაიჯანთან და ცენტრალური აზიის პარტნიორებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. „ჩვენი მიზანია ამ მარშრუტის გასწვრივ ეკონომიკური ინტეგრაციისა და მდგრადი განვითარების გაძლიერება. ჩვენ გვჯერა, რომ შუა დერეფანი ცენტრალური აზიის ქვეყნებს სთავაზობს სავაჭრო გზების გაფართოების, ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავებისა და მდგრადი ზრდის უზრუნველყოფის შესაძლებლობას,“ - აღნიშნა დილმაჩმა. ცნობისთვის, შუა დერეფანი წარმოადგენს აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელ სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტს, რომელიც გადის რეგიონის რიგ ქვეყნებში. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან და გადის ცენტრალური აზიის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი, შემდეგ კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს.
აზერბაიჯანული მედია: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ექსპორტი ივლისში 11%-ით შემცირდა
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, 2025 წლის ივლისში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით ნავთობის ექსპორტი საშუალოდ 517 000 ბარელს შეადგენდა დღეში. ივლისში, ივნისთან შედარებით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ექსპორტი 11%-ით - 61 000 ბარელით შემცირდა დღეში. 2024 წლის ივლისთან შედარებით, მიმდინარე წლის ივლისში BTC-ის მეშვეობით ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობა 25%-ით - 170 000 ბარელით შემცირდა. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი 2006 წლის 13 ივლისს გაიხსნა. მისი სიგრძე 1 768 კმ-ია: 443 კმ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის, 249 კმ საქართველოს ტერიტორიაზე და 1 076 კმ თურქეთის ტერიტორიაზე.
ბერლინის შეფასებით, პოლონეთში რუსული დრონების შეჭრა შემთხვევითი არ იყო
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ „არ არსებობს მტკიცებულება“, რომ რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა შემთხვევითი იყო. პისტორიუსმა ბუნდესტაგში გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსული დრონები სავარაუდოდ, განზრახ გაუშვეს პოლონეთის ტერიტორიაზე. მისი თქმით, არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს გაცვლითი კურსის კორექტირების შეცდომაა. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა შეჭრა პროვოკაციად შეაფასა, როგორც მთელი NATO-ს წინააღმდეგ. „გერმანია მხარს უჭერს ყველა ნაბიჯს, რომელიც უზრუნველყოფს პოლონეთის უსაფრთხოებას და შესაბამისად, ევროპის უსაფრთხოებას. ეს ასევე ეხება პოლონეთის მიერ მე-4 მუხლის შესაბამისად ინიცირებულ კონსულტაციების პროცესს,“ - აღნიშნა პისტორიუსმა. თავის მხრივ, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის შეფასებით, კრემლმა პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების გაგზავნით, NATO-ს პროვოცირება მიზანმინართულად მოახდინა. მერცის თქმით, ინციდენტმა აჩვენა, რომ ევროპის საჰაერო თავდაცვა უნდა გაუმჯობესდეს. „რუსეთის მთავრობის ეს სრულიად უგუნური ქმედება პროვოკაციების ხანგრძლივი სერიის ნაწილია, რომელსაც თვეების განმავლობაში ვხედავთ ბალტიის რეგიონში და მთლიანად NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე. ეს ძალიან სერიოზული საფრთხეა ევროპაში მშვიდობისთვის,“ - განაცხადა მერცმა. გერმანიის კანცლერი იზიარებს პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის შეფასებას, რომ დრონების შეჭრა წინასწარგანზრახული ქმედება იყო. „რუსეთის მთავრობის მტკიცება, რომ ეს, ასე ვთქვათ, დამთხვევა ან შემთხვევა იყო, სანდო არ არის,“ - აღნიშნა მერცმა. პოლონეთში რუსული დრონების შეჭრის შემდეგ, ვარშავა NATO-ელი პარტნიორებისგან თავდაცვის დამატებით საშუალებებს მიიღებს
პოლონეთში რუსული დრონების შეჭრის შემდეგ, ვარშავა NATO-ელი პარტნიორებისგან თავდაცვის დამატებით საშუალებებს მიიღებს
პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრის შემდეგ ვარშავამ NATO-ელ მოკავშირეებს საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემებითა და უპილოტო საფრენ აპარატებთან ბრძოლის საშუალებებით დახმარება სთხოვა. ნიდერლანდის მთავრობამ უკვე დაადასტურა, რომ წლის ბოლოსთვის პოლონეთს საჰაერო თავდაცვის ორ სისტემა Patriot-ს და დრონებთან ბრძოლის სისტემებს გადასცემს. ჩეხეთი პოლონეთს დაჰპირდა სამ ვერტმფრენს, რომლებიც დაეხმარებიან დაბალ სიმაღლეზე მფრინავი დრონებისგან დაცვაში. სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, პოლონეთმა 10 სექტემბერს, თავის ტერიტორიაზე რუსული დრონების შეჭრის შემდეგ პარტნიორებთან კონსულტაციები გამართა. თავდაცვის მინისტრ ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის განცხადებით, მოკავშირეები მხარდაჭერისთვის მზად არიან. Bloomberg-ის წყაროს ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი პოლონეთში Typhoon-ის ტიპის რამდენიმე გამანადგურებლის დაბრუნებას განიხილავს. ექვსი ასეთი გამანადგურებელი დაახლოებით ორი თვის წინ, პოლონეთის საჰაერო სივრცის NATO-ს პატრულირების მისიაში მონაწილეობდა. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, განსაკუთრებით სჭირდებათ სისტემები Patriot-ი, რადგან ქვეყნის საჰაერო სივრცეს რუსეთიდან მხოლოდ დრონების საფრთხე არ ემუქრება. პოლონეთის მთავრობამ 10 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინაზე რუსეთის მორიგი მასირებული შეტევისას დრონებმა დაარღვიეს პოლონეთის საჰაერო სივრცე და მათი ჩამოგდება გახდა საჭირო. მოსკოვში უარყვეს, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული დრონები შეიჭრნენ, თუმცა ვარშავა დარწმუნებულია, რომ ეს რუსეთის მიზანმიმართული ქმედება იყო. პოლონეთის მიმართვის საფუძველზე ამოქმედდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-4 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს NATO-ს წევრი სახელმწიფოების ერთმანეთთან კონსულტაციებს, თუ რომელიმე მათგანი მიიჩნევს, რომ საფრთხე ემუქრება ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან უსაფრთხოებას. უკრაინაზე რუსეთის ჯარების მასირებული შეტევების გამო, პოლონეთს ხშირად უწევს თავისი საჰაერო სივრცის გასაკონტროლებლად პოლონეთის არმიისა და მოკავშირეების თვითმფრინავების გაგზავნა, თუმცა 10 სექტემბერს იყო პირველი შემთხვევა, როცა ქვეყნის ტერიტორიაზე დრონების მოგერიება დასჭირდათ. ოპერაციაში მონაწილეობდნენ პოლონეთის არმიის გამანადგურებლები F-16, ნიდერლანდის F-35 და იტალიის რადიოლოკაციური დაზვერვის თვითმფრინავები AWACS. დრონები რადარებზე დააფიქსირეს რეგიონში განთავსებულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა Patriot, მაგრამ უშუალოდ ამ სისტემის ამოქმედების აუცილებლობა არ ყოფილა. შეგახსენებთ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცე რუსეთიდან წამოსულმა მრავალმა დრონმა დაარღვია, ჩვენი საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა და ალიანსის ტერიტორიის დაცვა წარმატებით უზრუნველყო, რაც მათი დანიშნულებაა. მისი თქმით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ საშიშ ომს აწარმოებს და მუდმივად ესხმის თავს მშვიდობიან მოსახლეობას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. კითხვაზე, აქვს თუ არა ალიანსს აღნიშნული ინციდენტის წინასწარი შეფასება : იყო ეს განზრახ თავდასხმა, განზრახ შეჭრა თუ შეცდომა, რუტემ უპასუხა: „სრული შეფასება მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, განზრახ იყო ეს თუ არა, უგუნური საქციელია. ეს აბსოლუტურად საშიშია. მაგრამ, როგორც ვთქვი, სრული შეფასება მიმდინარეობს.“ ამასთან, კითხვაზე, გაქვთ რაიმე კონკრეტული გზავნილი რუსეთისთვის პრეზიდენტ პუტინისთვის ამ ინციდენტთან დაკავშირებით, მარკ რუტემ უპასუხა: „პუტინისთვის ჩემი გზავნილი ნათელია: შეწყვიტეთ ომი უკრაინაში. შეწყვიტეთ ომის ესკალაცია. შეწყვიტეთ მოკავშირეთა საჰაერო სივრცის დარღვევა და იცოდეთ, რომ ჩვენ მზად ვართ, ფხიზლად ვართ და რომ დავიცავთ ნატო-ს ტერიტორიის ყოველ ინჩს.“ აშშ NATO-ს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს დაიცავს. თავის მხრივ, ამის შესახებ განცხადებას NATO-ში აშშ-ის ელჩი, მეთიუ უიტეკერი X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. “მხარში ვუდგავართ ჩვენს ნატო-ს მოკავშირეებს ამ საჰაერო სივრცის დარღვევების ფონზე და NATO-ს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს დავიცავთ,” - წერს უიტეკერი. ის ასევე, ევროპაში სამოკავშირეო ძალების უმაღლესი შტაბის სპიკერის, მარტინ ო’დონელის განცხადებას ავრცელებს. “ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც NATO-ს თვითმფრინავებს საქმე ჰქონდათ პოტენციალურ საფრთხეებთან მოკავშირეების საჰაერო სივრცეში. NATO, ევროპაში სამოკავშირეო ძალების უმაღლესი შტაბი, სამოკავშირეო სარდლობის ყველა ოპერაცია მზად არის, ნატოს ტერიტორიის ყოველი კილომეტრი დაიცვას, მათ შორის ჩვენი საჰაერო სივრცე,” - განაცხადა ო’დონელმა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის თქმით, პოლონელმა სამხედროებმა ღამით ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონების 19 შეჭრა დააფიქსირეს. ტუსკის თქმით, სამი, ან შესაძლოა, ოთხ დრონი პოლონეთისა და NATO-ს თვითმფრინავებმა ჩამოაგდეს. ტუსკის განცხადებით, დრონების მნიშვნელოვანი რაოდენობა ქვეყანაში ბელარუსიდან შეფრინდა. „ეს არ არის ომი მხოლოდ უკრაინელებისთვის. ეს არის დაპირისპირება, რომელიც რუსეთმა მთელი თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ გამოაცხადა,“ - აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა. მომხდარს მოკლე პოსტით გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი. “რა ხდება რუსული დრონებით პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე? აბა, დავიწყეთ!” - წერს ტრამპი. ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ „გზავნილი ნათელია და ევროპის პასუხიც ნათელი უნდა იყოს.“ „რუსეთზე ზეწოლა გვჭირდება, რათა ის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს. მეტი სანქციები გვჭირდება. პარტნიორებთან ერთად სანქციების მე-19 პაკეტზე ვმუშაობთ,“ - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ბელორუსმა 52 პატიმარი გაათავისუფლა, აშშ მინსკისთვის სანქციების ნაწილს ამსუბუქებს - Reuters
ბელორუსმა 52 პატიმარი გაათავისუფლა. ინფორმაციას Reuters-ი ლიეტუვაში აშშ-ის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს. „აშშ-ის დელეგაცია, პრეზიდენტ ტრამპის თანაშემწის მოადგილის ჯონ კოულის ხელმძღვანელობით, მინსკში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ვილნიუსში მიემგზავრება, 52 სხვადასხვა ეროვნების პატიმართან ერთად, რომელთა გათავისუფლებაც მოხდა,“ - განაცხადა ლიეტუვაში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა. ბელორუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტას“ ცნობით, გათავისუფლებულ პატიმრებს შორის 14 უცხოელია, მათ შორის, ლიეტუვიდან, ლატვიიდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და გერმანიიდან. ამასთან, ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა ჯონ კოულმა განაცხადა, რომ აშშ-ს მინსკში საელჩოს ხელახლა გახსნა სურს. „ამ ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზებისთვის ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ჩვენი საელჩოს მინსკში დაბრუნება გვსურს,“ - აღნიშნა კოულმა. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ვილნიუსში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლის თქმით, ლუკაშენკოს ამ ჟესტის სანაცვლოდ, აშშ ბელორუსის ეროვნულ ავიაკომპანია „ბელავიას“ სანქციებისგან გაათავისუფლებს, რაც მას საშუალებას მისცემს, მოემსახუროს და შეიძინოს კომპონენტები თავისი ფლოტისთვის, მათ შორის „ბოინგის“ თვითმფრინავებისთვის. სანქციების მოხსნის შესახებ კოულის სიტყვებს ციტირებს ბელორუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტაც.“ ცნობისთვის, ბელორუსს NATO-ს სამი ქვეყანა და უკრაინა ესაზღვრება. ლუკაშენკომ პუტინს ნება დართო, ბელორუსის ტერიტორია გამოეყენებინა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის, მაგრამ მის არმიას ომში პირდაპირი მონაწილეობა არ მიუღია.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს. ამის შესახებ განცხადება სუს-ში გაკეთდა. უსაფრთხოების სამსახურში გაკეთდა. "ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის მითითებით, თავისთვის და ვ.მ.-სთვის გამორჩენის მისაღებად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის იმდროინდელმა მოადგილემ - გ.ხ-მ და ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა - ვ. ღ. - მ, მინისტრის ახლო ნათესავის - ვ. მ.-ის დახმარებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც, არარეალური გარიგებების დადების გზით, ხელოვნურად გაიზარდა აპარატის რეალური საბაზრო ღირებულება და 2 606 272 ლარად ღირებული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მიწოდებული იქნა 3 940 000 ლარად. დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიადგა 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი. ამასთან, ჯუანშერ ბურჭულაძემ მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის წარმოშობის წყაროს დამალვისა და შენიღბვის მიზნით, რომლის ლეგალურ წარმომავლობას იგი ვერ დაასაბუთებდა, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად განახორციელა შემდეგი ქმედებები:2025 წლის იანვარში, ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახმა 544 000 ევროდ შეიძინა ესპანეთში, მალაგას პროვინციაში მდებარე მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით. ვინაიდან აღნიშნული თანხის კანონიერი წარმომავლობა ჯუანშერ ბურჭულაძეს და მის მეუღლეს არ უფიქსირდებოდათ, აღნიშნული თანხის რეალური წარმომავლობის დამალვა/შენიღბვის მიზნით, 2024 წლის 9 დეკემბერს ჯუანშერ ბურჭულაძის მეუღლესა და მესამე პირს შორის გაფორმდა ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება დაბა წყნეთში, ნუშის ბაღების ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების 620 000 ევროდ მიყიდვის შესახებ. რეალურად კი ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს აღნიშნული ქონება არ გაუსხვისებია და ხელშეკრულების მიზანი იყო მხოლოდ ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა. ამასთან, დამატებით, გამოყენა ფიქტიური სესხის ხელშეკრულებები. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ დასახელებული 544 000 ევროს უკანონო წარმოშობის დამალვის მიზნით, 2025 წლის მარტში, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საერთოდ არ მიუთითა ესპანეთში შეძენილი უძრავი ქონება.ხსენებული მეთოდებით, ჯუანშერ ბურჭულაძემ განახორციელა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1 593 212 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია.ზემოაღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით," - განაცხადეს სუს-ში.
ლევან ხაბეიშვილი დააკავეს
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დააკავეს. სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული. სუს-ში განაცხადეს, რომ „ლევან ხაბეიშვილის ქმედებაში იკვეთება დანაშაულის ყველა ნიშანი, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით და ის დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე. დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“ „ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტს. კერძოდ, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ლევან ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში ტელევიზიასა და სოციალურ ქსელებში ავრცელებდა მოწოდებებს და ძალოვანი სისტემების თანამშრომლებს ჰპირდებოდა ქრთამის მიცემას იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები უარს იტყოდნენ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე, ასევე თუ არ გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ კანონით ნებადართულ საშუალებებს. ვინც ასეთ ქმედებებს განახორციელებდა, ლევან ხაბეიშვილი საჯაროდ ჰპირდებოდა 200 ათასი აშშ დოლარის გადახდას," - განაცხადეს სუს-ში. ლევან ხაბეიშვილის გარდა, მურთაზ ზოდელავაც დაკავებულია. სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ მურთაზ ზოდელავამ სცადა გაქცევა, გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და იძალადა ერთ-ერთ მათგანზე. „ლევან ხაბეიშვილის დაკავებისას მასთან ერთად დააკავეს მურთაზ ზოდელავა, რომელსაც ხაბეიშვილმა დაკავებისთანავე მიაწოდა თავისი მობილური ტელეფონი. ზოდელავამ კი აღნიშნული ტელეფონის გადამალვის მიზნით, სცადა გაქცევა, რა დროსაც გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და იძალადა ერთ-ერთ მათგანზე. მისი ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით კვალიფიცირდება, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ - განაცხადეს სუს-ში.
ისრაელი აცხადებს, რომ კატარში, „ჰამასის“ ხელმძღვანელობას დაარტყა
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, კატარის დედაქალაქ დოჰაში „ჰამასის“ ხელმძღვანელობის შტაბ-ბინაზე დარტყმა უსაფრთხოების სამსახურთან, „შინ ბეთთან“ ერთად და ისრაელის საჰაერო ძალების მიერ განხორციელდა. „ხელმძღვანელობის წევრები, რომლებზეც დარტყმა განხორციელდა, 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტასა და ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ ომზე არიან პასუხისმგებელი,“ - ნათქვამია განცხადებაში. BBC-ის ცნობით, ჰამასის წარმომადგენელი აცხადებს, რომ თავდასხმის სამიზნეები იყვნენ ჰამასის მომლაპარაკებელი გუნდის წევრები. ისრაელის პრემიერმინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომ 9 სექტემბერს შუადღისას მათ მიიღეს ჰამასის ლიდერებზე თავდასხმის გადაწყვეტილება. „დღევანდელი ქმედება „ჰამასის“ ტერორისტული დაჯგუფების მთავარი ლიდერების წინააღმდეგ სრულიად დამოუკიდებელი ოპერაცია იყო. ოპერაცია ისრაელმა დაიწყო, ისრაელმა განახორციელა და სრული პასუხისმგებლობაც თავად ქვეყანამ აიღო,“ – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. Sky News-ი წერს, რომ დოჰაში ისრაელის სამიზნეში „ჰამასის“ ხუთი წარმომადგენელი: ხალილ ალ ჰაია, ხალედ მაშალი, მუჰამედ დარვიში, რაზი ჰამადი და იზატ ალ-რიშკი მოექცა. კატარი, რომელიც შუამავლობას სწევს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკებებში, საერთაშორისო სამართლის “უხეშ დარღვევად” აფასებს ისრაელის თავდასხმას. თეთრ სახლში BBC-ს განუცხადეს, რომ აშშ-ს წინასწარ “ეცნობა” დაგეგმილი თავდასხმის შესახებ. „ჰამასის“ მოლაპარაკების ჯგუფი დოჰაშია დაფუძნებული. ისინი ივლისიდან ისრაელთან არანაირ არაპირდაპირ მოლაპარაკებებში არ მონაწილეობენ.
ევროკავშირი უკრაინისთვის ოქტომბრამდე 2 მილიონი ჭურვის მიწოდებას გეგმავს
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირის ქვეყნები ოქტომბრამდე უკრაინისთვის 2 მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდებას გეგმავენ. ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას კალასმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინას თითქმის 169 მილიარდი ევროს ფინანსური მხარდაჭერა გამოუყვეს. „ახლა მათ (ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა) ასევე მიაწოდეს საბრძოლო მასალის 80%-ი ჩვენი მიზნიდან, რომელიც 2 მილიონი საბრძოლო მასალის უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ოქტომბრისთვის ჩვენი მიზანია 100%-ით უზრუნველყოფა,“ - განაცხადა კალასმა.
„შუა დერეფნისთვის გაცილებით ფართო შესაძლებლობები გაიხსნება“ - ამერიკული DFC-ს მმართველი დირექტორი
უახლოეს მომავალში, შუა დერეფნისთვის გაცილებით ფართო შესაძლებლობები გაიხსნება. ამის შესახებ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მმართველმა დირექტორმა კენეთ ენჯელმა აზერბაიჯანში, ამერიკული ბიზნეს დელეგაციის ვიზიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შუა დერეფნის მთავარი მიზანია დასავლეთიდან აღმოსავლეთში და პირიქით, ტვირთის შეუფერხებელი ტრანსპორტირება. „არსებობს კითხვა, განსხვავდება თუ არა ახალი მარშრუტი ყაზახეთიდან აზერბაიჯანის გავლით და შემდეგ თურქეთის გავლით გამავალი მარშრუტისგან. თუმცა ორივე მიმართულებით ტრანსპორტირებისთვის საკმარისი რაოდენობის ტვირთია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს უბრალოდ საქონლის გადაადგილებისთვის დამატებით მარშრუტს ხსნის,“ განაცხადა ენჯელმა. ცნობისთვის, აშშ-ის სავაჭრო მისიის წარმომადგენლები ვიზიტით იმყოფებიან აზერბაიჯანში. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს მიმდინარე წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში აზერბაიჯანისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ასევე, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით გამართული დისკუსიების ისტორიულ მნიშვნელობას და ამ მოლაპარაკებების დროს ხელმოწერილ დოკუმენტებს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს შეთანხმებები არამხოლოდ ხელს უწყობს რეგიონულ მშვიდობასა და პროგრესს, არამედ, მნიშვნელოვან პერსპექტივებს ხსნის აზერბაიჯან-აშშ-ის ურთიერთობებისთვის. შეხვედრაზე ხაზი გაესვა პროექტის მნიშვნელობას, რომელიც უზრუნველყოფს აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის შეუფერხებელ კავშირს. მოლაპარაკებების დროს ასევე ხაზგასმული იყო აზერბაიჯანის ძალისხმევა, რომელიც მიმართულია შუა დერეფნის განვითარებისკენ, რაც გამოიხატა შემდეგ პროექტებში – ბაქო-თბილისის-ყარსის რკინიგზა, ბაქოს საერთაშორისო საზღვაო პორტი და ალათის თავისუფალი ეკონომიკური ზონა. აზერბაიჯანის საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს აზერბაიჯანის როლზე ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამ კონტექსტში აღინიშნა, რომ იქ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც აზერბაიჯანულ ბუნებრივ აირის იღებენ, 14-მდე გაიზარდა. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო იმ აქტიურ სამუშაოს, რომელსაც აზერბაიჯანი ატარებს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ევროპის მწვანე ენერგიით მომარაგებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ პროექტებს, როგორიცაა შავ ზღვის ფსკერზე ენერგეტიკული კაბელის გაყვანა. თავის მხრივ, აზერბაიჯანში ამერიკის სავაჭრო პალატის აღმასრულებელმა დირექტორმა ნატიგ ბახიშოვმა განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის სავაჭრო მისიის მიზანი შუა დერეფნის გამოუყენებელი პოტენციალის შეფასებაა.
ზელენსკი: რუსები თავს დაესხნენ ხალხს, როდესაც ისინი პენსიებს იღებდნენ, ეს არის ტერორიზმი
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსებმა დონეცკის ოლქში, პენსიის მისაღებად რიგში მყოფ ხალხზე მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც, 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის სოფელ იაროვაიაში საავიაციო ბომბი ჩამოაგდეს. „რუსეთის სასტიკი საჰაერო დარტყმა პირდაპირ ადამიანებზე. ჩვეულებრივ მშვიდობიან მოქალაქეებზე. ზუსტად იმ დროს, როდესაც პენსიები გაიცემოდა. წინასწარი ინფორმაციით, 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა,“ - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი და მომხდარის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ „მსგავსი დარტყმები მსოფლიოს მიერ რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.“ „რუსები სიცოცხლის განადგურებას აგრძელებენ, თუმცა სანქციებს თავს არიდებენ. მსოფლიო უმოქმედოდ არ უნდა დარჩეს. საჭიროა აშშ-ისა და ევროპის მხრიდან რეაგირება,“ - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
ჩინეთის ექსპორტი რუსეთში, აგვისტოში მკვეთრად დაეცა
აგვისტოში, ჩინეთის მიერ რუსეთიდან საქონლის შესყიდვები წლიურად 17.8%-ით შემცირდა, იტყობინება Reuters-ი ჩინეთის საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით. ჩინური საქონლის რუსეთის ბაზარზე მიწოდება წლიურად 16.4%-ით შემცირდა, რაც ორჯერ მეტია ივლისის მაჩვენებელზე, როდესაც კლება 8.6%-ს შეადგენდა. მიმდინარე წლის პირველ 8 თვეში რუსეთ-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვა თითქმის 9%-ით შემცირდა და 1.03 ტრილიონი იუანი, ანუ 145 მილიარდი დოლარი შეადგინა. რუსეთის ექსპორტი ჩინეთში 8.8%-ით შემცირდა, ხოლო ჩინეთის ექსპორტი რუსეთში - 8.2%-ით. Reuters-ის წყაროების ცნობით, რუსეთის მთავარ პარტნიორთან სავაჭრო ბრუნვის შემცირებამ კრემლში შეშფოთება გამოიწვია. „ჩინეთთან ვაჭრობის შემცირება ასევე სანქციებით არის განპირობებული,“ განაცხადა მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა ანტონ ალიხანოვმა აგვისტოში. მისი თქმით, გავლენა იქონია „გარედან ეკონომიკურმა ზეწოლამ“, ბაზრის არასტაბილურობამ და „შიდა ეკონომიკურმა პროცესებმა როგორც რუსეთში, ასევე - ჩინეთში.“
იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ გიდეონ საარის განცხადებით, იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. მისივე ინფორმაციით, დაჭრილია ბევრი ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ხელისუფლება ამჟამად ალყაში აქცევს იმ სოფლებს, საიდანაც თავდამსხმელები იერუსალიმში შემოვიდნენ. ნეთანიაჰუმ, რომელიც სროლის ადგილზე მივიდა, სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულების ოჯახებს და იმედი გამოთქვა, რომ დაჭრილები სწრაფად გამოჯანმრთელდებიან. ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელმა წელს ასობით თავდასხმა აღკვეთა, თუმცა დღეს დილით ამის გაკეთება ვერ შეძლო. ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგის განცხადებით, იერუსალიმში დღეს მტკივნეული და რთული დღეა. „უდანაშაულო მოქალაქეები, ბავშვები და ზრდასრულები, ცივსისხლიანად მოკლეს და დაჭრეს ქალაქის გულში მდებარე ავტობუსში. თავდასხმა გვახსენებს, რომ ჩვენ ვებრძვით აბსოლუტურ ბოროტებას და მსოფლიომ უნდა გაიგოს, რის წინაშე ვდგავართ,“ - აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა.
აშშ არასაიმიგრაციო ვიზების გაცემის პროცედურებს ამკაცრებს
აშშ-ის მთავრობამ უცხოელებისთვის არასაიმიგრაციო ვიზების, მათ შორის, B1/B2 ტურისტული ვიზების გაცემის წესებს ამკაცრებს. ბრძანების თანახმად, რომლის შესახებაც სახელმწიფო დეპარტამენტმა შაბათს, 6 სექტემბერს გამოაცხადა, ვიზების მიღების მსურველებს დოკუმენტების წარდგენა მხოლოდ იმ ქვეყნებში შეეძლებათ, რომლის მოქალაქეებიც არიან ან ამ ქვეყნის მუდმივი ბინადრობის უფლება აქვთ. ამავდროულად, 17 ქვეყნის იმ მოქალაქეებისთვის, სადაც ასეთი ვიზების გაცემა შეჩერებულია, განისაზღვრა კონკრეტული საელჩოები და საკონსულოები, სადაც მათ განაცხადების წარდგენა შეუძლიათ. ამრიგად, რუსებს ამის გაკეთება მხოლოდ აშშ-ის საელჩოებში შეეძლებათ ასტანასა და ვარშავაში, ბელორუსის მოქალაქეებს - ვარშავაში ან ვილნიუსში, ხოლო უკრაინელებს - ვარშავასა და კრაკოვში. ამ დრომდე აშშ-ის ტურისტული ვიზის მიღება ნებისმიერ ქვეყანაში იყო შესაძლებელი. სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტეს, რომ უკვე დანიშნული გასაუბრებები არ გაუქმდება. ახალი წესები არ გავრცელდება A, G, C-2, C-3, NATO-ს წარმომადგენლების ვიზებსა და დიპლომატიურ ან სამსახურებრივი ნებისმიერი ტიპის ვიზაზე. იშვიათ შემთხვევებში, შესაძლოა, დაშვებული იყოს გამონაკლისი ჰუმანიტარული, სამედიცინო ან საგარეო პოლიტიკური საკითხების გათვალისწინებით.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია
რიგაში, ევრობასკეტის მერვედფინალში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა. საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის მეოთხედფინალში, ისტორიაში პირველად ითამაშებს. ანგარიში 80:70 დასრულდა.
უზბეკეთისა და აშშ-ის ლიდერები სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ
უზბეკეთის პრეზიდენტის ცნობით, პარასკევს, 5 სექტემბერს გამართული სატელეფონო საუბრისას, უზბეკეთის პრეზიდენტი შავკათ მირზიიოევი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოებასა და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. ტრამპმა უზბეკეთის „შეუქცევადი რეფორმები“ შეაქო, ხოლო მირზიიოევმა მას აშშ-ის ადმინისტრაციის „შიდა და საგარეო პოლიტიკის შთამბეჭდავი შედეგები“ მიულოცა. ორივე ლიდერმა სფეროების ფართო სპექტრი, მათ შორის ბიზნეს პარტნიორობა, უსაფრთხოების კავშირები, კულტურული გაცვლა და რეგიონული თანამშრომლობა განიხილა. მათ ხაზი გაუსვეს სავაჭრო მოცულობის ზრდას, რომელიც 2024 წელს 15%-ით გაიზარდა, ასევე, სამოქალაქო ავიაციის, კრიტიკული მინერალების, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ციფრული ტექნოლოგიების, ფინანსების, ინოვაციებისა და განათლების სფეროში პროექტების წინსვლას. „ამ თვეში, წამყვან ამერიკულ კომპანიებთან და ორგანიზაციებთან გრძელვადიანი და მდგრადი პარტნიორობის დასამყარებლად, ორმხრივი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების სერია გაიმართება,“ - განაცხადა უზბეკეთის პრეზიდენტმა. პრეზიდენტებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე, მათ შორის C5+1 ფორმატში თანამშრომლობის გაძლიერებაზე, რომელიც ცენტრალური აზიის სახელმწიფოებსა და აშშ-ს აერთიანებს. მირზიიოევმა ტრამპი უზბეკეთში, ხელსაყრელ დროს ოფიციალური ვიზიტით მიიწვია, ხოლო ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ერთობლივი პროექტების წინსვლის მიზნით, მაღალი დონის კონტაქტებს გააგრძელებდნენ. უზბეკეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სატელეფონო საუბარი „ღია, კონსტრუქციულ და მეგობრულ ატმოსფეროში“ გაიმართა.
სომხეთის პრემიერის თვითმფრინავმა 30 წლის შემდეგ, აზერბაიჯანს პირველად გადაუფრინა
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა 30 წლის შემდეგ, პირველად გამოიყენა აზერბაიჯანის საჰაერო სივრცე. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა, ნაზელი ბაღდასარიანმა Facebook-ზე დაწერა. 8 აგვისტოს ვაშინგტონში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და შეთანხმების შემდეგ, სომხეთის შესაბამისმა ორგანოებმა აზერბაიჯანს საჰაერო დერეფნის გახსნა სთხოვეს და დადებითი პასუხი მიიღეს. „ჩვენ ამ ფაქტს რეგიონული კომუნიკაციების გახსნის, მშვიდობის დღის წესრიგის პოპულარიზაციისა და ურთიერთნდობის გარემოს ხელშეწყობისკენ გადადგმულ პრაქტიკულ ნაბიჯად მივიჩნევთ,“ განაცხადა ბაღდასარიანმა. სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციები ერთმანეთის ტერიტორიებს ეწვივნენ რას მოიცავს 8 აგვისტოს თეთრ სახლში გაფორმებული დეკლარაცია
სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციები ერთმანეთის ტერიტორიებს ეწვივნენ
8 აგვისტოს, ვაშინგტონში, დონალდ ტრამპის მედიაციით მიღწეული შეთანხმების შემდეგ, სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციები სასაზღვრო ზონაში შეხვდნენ. სომხეთის დელეგაციას ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი, აზერბაიჯანისას კი - ვიცე-პრემიერი შაჰინ მუსტაფაევი ხელმძღვანელობდა. უშუალოდ რომელ სასაზღვრო რაიონებში იმყოფებოდნენ სომეხი და აზერბაიჯანელი ოფიციალური პირები, ვის შეხვდნენ და კიდევ ვინ შედიოდა დელეგაციებში ვიცე-პრემიერების გარდა, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. უცნობია, დელეგაციები ერთობლივად ეწვივნენ თუ არა სიუნიქის რეგიონს, - იმ ადგილს, სადაც შეთანხმების თანახმად უნდა გაიაროს „ტრამპის მარშრუტმა.“ „8 აგვისტოს ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად, მხარეებმა განვიხილეთ სასაზღვრო ხაზის შესაბამისი მონაკვეთების/სექციების დემარკაციასთან და განაღმვასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე განვიხილეღ საჭირო ინფრასტრუქტურის აღდგენა-მშენებლობასთან და [აღდგენა-მშენებლობის] ვადებთან დაკავშირებული საკითხები, კომუნიკაციების შექმნის სფეროში მოქმედებების სინქრონიზაციის მიზნით,“ - წერია სომხეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. მუსტაფაევი და გრიგორიანი ამავე დროს ხელმძღვანელობენ თავიანთი ქვეყნების კომისიებს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვის დელიმიტაციის საკითხებში. საგარეო უწყებების განცხადების თანახმად, პოლიტიკოსებმა „გაცვალეს მოსაზრებები“, თუ როდის შეიძლება, ჩატარდეს ერთობლივი კომისიის მორიგი სხდომა. რას მოიცავს 8 აგვისტოს თეთრ სახლში გაფორმებული დეკლარაცია
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს ომის დეპარტამენტი ერქმევა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის დეპარტამენტს „ომის დეპარტამენტი“ ერქმევა. ეს ნაბიჯი აღადგენს სახელწოდებას, რომელიც სააგენტოს ბოლოს 1940-იან წლებში ეკუთვნოდა - ბრძანების ტექსტის თანახმად, სახელის დაბრუნების მიზანია „ძალისა და სიმტკიცის დემონსტრირება.“ „ვფიქრობ, ეს ბევრად უფრო შესაფერისი სახელია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ სად არის ამჟამად მსოფლიო. ჩვენ გვყავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალები,“ - განაცხადა ტრამპმა ბრძანების ხელმოწერამდე. თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა, რომელიც პრეზიდენტთან ერთად ოვალურ კაბინეტში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ სახელის შეცვლა „მხოლოდ სახელის შეცვლას არ ეხება, არამედ აღდგენას.“ ჰეგსეთმა დასძიმა, რომ ქვეყანა „მეომრებს აღზრდის და არა მხოლოდ დამცველებს.“ ეს დეპარტამენტის თავდაპირველი სახელწოდება იყო, რომელიც 1789 წლიდან 1947 წლამდე გამოიყენებოდა. ომის დეპარტამენტი ჯორჯ ვაშინგტონმა დააარსა, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რებრენდინგი განხორციელდა. თეთრი სახლი ჯერ არ ამბობს, რა დაჯდება რებრენდინგი, მაგრამ ამერიკული მედია ვარაუდობს, რომ ასობით სააგენტოს, ემბლემის, ელექტრონული ფოსტის მისამართებისა და უნიფორმების განახლების ხარჯი მილიარდ დოლარს შეადგენს. სახელის შეცვლის იდეა ტრამპმა არაერთხელ წამოჭრა და განაცხადა, რომ წინა სახელწოდებით, აშშ-ს, ორივე მსოფლიო ომში „გამარჯვების დაუჯერებელი ისტორია“ აქვს.
ზელენსკი: პუტინს შეუძლია, კიევში ჩამოვიდეს, ტერორისტის დედაქალაქში ვერ ჩავალ
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მისი მოსკოვში მიწვევით შეხვედრის გადადებას ცდილობს. „მოსკოვში წასვლა არ შემიძლია მაშინ, როცა ჩემი ქვეყანა ყოველდღიურად რაკეტებისა და თავდასხმების ქვეშ არის. ამ ტერორისტის დედაქალაქში ვერ ჩავალ და პუტინი ამას ხვდება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკის თქმით, „პუტინის ნდობა არ შეიძლება და ის აშშ-ს ეთამაშება.“ „თუ ადამიანს ომის დროს შეხვედრა არ სურს, რა თქმა უნდა, მას შეუძლია, ისეთი რამ შემოგვთავაზოს, რაც ჩემთვის ან სხვებისთვის მიუღებელი იქნება,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკი პუტინის განცხადებაზე: როცა შეხვედრა არ გინდა, მოსკოვში უნდა მიმიწვიო