ახალი ამბები

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორის თქმით, ბოლო დღეებში მათ პაციენტები ძირითადად მაღალი ცხელებით მიმართავენ

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორის დავით რეხვიაშვილი თქმით, ბოლო დღეებში მათ პაციენტები ძირითადად მაღალი ცხელებით მიმართავენ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა. „გუშინ 58 პაციენტი შემოვიდა. ერთი დღის განმავლობაში საკმაოდ დიდი ციფრია. მოგეხსენებათ, თუ მომართვიანობა ასეთი ტემპით გაგრძელდა, კლინიკას გაუჭირდება. 175 კოვიდსაწოლია ჩვენთან და 165 პაციენტი უკვე მკურნალობს. მათგან 21 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია და სამწუხაროდ, სამი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. იმყოფებიან აპარატულ მხარდაჭერაზე“, - განაცხადა რეხვიაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოში დღეს COVID19-ით ინფიცირების 6351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 27 პაციენტი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გაფიცულ სოციალურ აგენტებთან შეხვედრას გამართავს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია 21 იანვარს, 12:00 საათზე, გაფიცულ სოციალურ აგენტებთან შეხვედრას გამართავს. მათივე ცნობით, უწყება მზად არის, გაფიცულ თანამშრომლებთან დიალოგისა და მოლაპარაკების რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა, რისთვისაც მზაობა მეორე მხარემაც გამოთქვა. „ჯანდაცვის სამინისტროში საინიციატივო ჯგუფთან დაგეგმილი შეხვედრის მიზანი იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე მსჯელობა იქნება, რომელიც შესაძლოა, სამომავლოდ გადაიდგას. სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს მიზანია, დასაქმებულების შრომითი უფლებები და პირობები იყოს ადეკვატური. შესაბამისად, ის სერვისები, რომელიც ბენეფიციარებს მიეწოდებათ, იყოს ხარისხიანი. ამ მიმართულებით უკვე არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. მათ შორის, აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების, ასევე, სოციალური აგენტების შრომის ანაზღაურების მომატების შესახებ დოკუმენტი ძალაშია შესული“, – აცახადებენ ჯანდაცვის სამინისტროში. ცნობისთვის, გაფიცულ სოციალური აგენტები ხელფასის მომატებას ითხოვენ,

ადვოკატი: შარლ მიშელმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიხეილ სააკაშვილს წერილი გამოუგზავნეს

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის გიორგი მშვენიერაძის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის წერილი გადასცა. ,,მიხეილ სააკაშვილს გადავეცი წერილი, რომელიც მას გუშინ გადმოუგზავნეს შარლ მიშელისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის კაბინეტიდან. აღნიშნულ წერილში განსაკუთრებულ ყურადღებას გამოხატავენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის და საქართველოს ხელისუფლებას მკაცრად შეახსებენ ვალდებულებებს, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით არის დამტკიცებული. ამავდროულად ისინი გააგრძელებენ დაკვირვებას მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის, საუბარია სამართლიანი სასამართლოს განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და აღნიშნავენ, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელება არის ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს. ეს წერილი გუშინ გადმომეგზავნა კარლ ჰარცელის სახელით როგორც სააკაშვილის ადვოკატს”, - აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

ევროკომისიის პრეზიდენტი: არსებული სირთულეები კრემლის სახიფათო პოლიტიკასთან არის დაკავშირებული

"რუსეთთან და რუს ხალხთან სირთულეები არ გვაქვს. არსებული სირთულეები კრემლის სახიფათო პოლიტიკასთან არის დაკავშირებული", – აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიდეოჩართვის დროს განაცხადა. ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ის მიესალმება რუსეთთან დიალოგს. „ევროკავშირი რუსეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და უმსხვილესი ინვესტორია. ეს სავაჭრო ურთიერთობები ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თუმცა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია რუსეთისთვის. ვიმედოვნებთ, რომ თავდასხმა არ მოხდება, თუმცა თუ მოხდება ჩვენ ამისთვის მზად ვართ. მსურს, არ დაივიწყოთ ერთი რამ: რუსეთს და ევროპას საერთო გეოგრაფია, ისტორია და კულტურა აქვს. ჩვენ ასევე გვსურს საერთო მომავალი. ჩვენ რუსეთთან და რუს ხალხთან სირთულეები არ გვაქვს. არსებული სირთულეები კრემლის სახიფათო პოლიტიკასთან არის დაკავშირებული“, – ვკითხულობთ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: დიმიტრი პესკოვი: ვშიშობთ, მოსკოვის წინააღმდეგ აშშ-ის მუქარა უკრაინაში ახალი ომის პროვოცირებას გამოიწვევს აშშ-ის ელჩი: ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს რუსეთთან, შექმნილი კრიზისის მოსაგვარებლად

ნოვაკ ჯოკოვიჩი აპირებს, ავსტრალიის ხელისუფლებას სასამართლოში უჩივლოს

სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი აპირებს, ავსტრალიის ხელისუფლებას სასამართლოში უჩივლოს. ჩოგბურთელი გეგმავს, კომპენსაციის სახით 3,2 მილიონი გირვანქა სტერლინგი მოითხოვოს. ამ თანხაში შედის საპრიზო 2,3 მილიონი გირვანქა, რომელიც სერბ ჩოგბურთელს ავსტრალიის ღია პირველობაში მონაწილეობის შემთხვევაში შეიძლება მიეღო. ცნობისთვის, 16 იანვარს, ავსტრალიაში, სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ გადაწყვიტა, რომ ქვეყნის იმიგრაციის მინისტრის მიერ ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის ვიზის გაუქმება კანონიერი იყო. შესაბამისად, მსოფლიოს პირველ ჩოგანს ქვეყნის დატოვება მოუწია. ასევე წაიკითხეთ: ნოვაჯ ჯოკოვიჩი დეპორტირებულია ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიაში სასამართლო დავა წააგო და მისი დეპორტაცია იგეგმება

დიმიტრი პესკოვი: ვშიშობთ, მოსკოვის წინააღმდეგ აშშ-ის მუქარა უკრაინაში ახალი ომის პროვოცირებას გამოიწვევს

"რუსეთი შიშობს, რომ მოსკოვის წინააღმდეგ აშშ-ის მუქარა უკრაინაში ახალი ომის პროვოცირებას გამოიწვევს", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, აშშ-ის განცხადებები ხელს არ უწყობს იმ დაძაბულობის განმუხტვას, რომელიც ევროპაში ახლა წარმოიშვა. „უკრაინის NATO-ში მოკლევადიან პერსპექტივაში არშესვლა არ ნიშნავს უარს უკრაინის ალიანსში მიღებაზე საშუალოვადიან პერსპექტივაში. მოსკოვის პოზიცია უკრაინის NATO-ში არმიღების საკითხთან დაკავშირებით რუსეთისთვის ისეთივე ფუნდამენტურია, როგორც ამ ქვეყნის ტერიტორიაზე სტრატეგიული იარაღის არგანლაგების საკითხი. ამ კითხვებზე პასუხები იმ წერილობითი განცხადებებიდან უნდა გავიგოთ, რომელსაც უახლოეს დღეებში ველოდებით“, – განაცხადა პესკოვმა. ასევე წაიკითხეთ: ჯენ ფსაკი: რუსული ძალის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთა იქნება განახლებული შეჭრა და ამას მკაცრი პასუხი მოჰყვება

პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობა "დაუსაბუთებლობის გამო" არ დააკმაყოფილა

პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობა "დაუსაბუთებლობის გამო" არ დააკმაყოფილა, ამავდროულად, ადვოკატებს სისხლის სამართლის საქმის გაცნობის შესაძლებლობა მისცა, - ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. "2021 წლის 9 ნოემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო N18 სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში, ასევე, გორის სამხედრო ჰოსპიტალში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. კერძოდ, N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანისას მის მიმართ შესაძლო ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების, მიზანმიმართული ვერბალური აგრესიის და მისი სამხედრო ჰოსპიტალიდან N12 დაწესებულებაში გადაყვანისას მაჯის საათის ჩამორთმევის ფაქტებზე. მიმდინარე გამოძიების და ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების თაობაზე, სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურმა ორჯერ - 2021 წლის 9 და 30 დეკემბერს მოახდინა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების დეტალური ინფორმირება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმე საჭიროებს კომპლექსურ და სრულყოფილ გამოძიებას და ამ მიზნით, 2021 წლის 29 ნოემბერს, საქმეზე პროკურორის მიერ გაცემულ იქნა მითითება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესახებ, რომელთა ნაწილიც ამ დრომდე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ შესრულებული არ არის. საქმეზე დანიშნულია კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნის პერიოდში თუ რამდენად სათანადო სამედიცინო მომსახურება გაეწია მას; დანიშნულია ფსიქოლოგიური ექსპერტიზა; საქმეზე გამოთხოვილ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებზე დანიშნულია ჰაბიტოსკოპიური, ვიდეოსკოპიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზები; ასევე ტრასოლოგიური ექსპერტიზა, რომლის პასუხები გამოძიებას ამ ეტაპისთვის არ მიუღია და რომლის შედეგებიც ძალიან მნიშვნელოვანია გარემოებების დასადგენად. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორის წერილობითი მითითებების შესრულებამდე, მათ შორის შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნების მიღებამდე და გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ცალკეული გარემოებების გადამოწმების მიზნით, შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებამდე, პროკურატურა მოკლებულია შესაძლებლობას საქმეზე მიიღოს რაიმე სახის შემაჯამებელი გადაწყვეტილება, მათ შორის პირი ცნოს დაზარალებულად. ხსენებულის გათვალისწინებით, დაცვის მხარის მოთხოვნა - მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

კელი დეგნანმა შალვა პაპუაშვილთან და ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე საკანონმდებლო საქმიანობასა და რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელის დეგნანის განცხადებით, შალვა პაპუაშვილთან და ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა რეგიონში შექმნილი ვითარება იყო. ამასთან, კელი დეგნანის განცხადებით, შეხვედრაზე საკანონმდებლო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილეს. „მქონდა კარგი შესაძლებლობა შევხვედროდი პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს და გვესაუბრა მის პრიორიტეტებზე და ხედვებზე, სამომავლო საკანონმდებლო საქმიანობის კუთხით. ასევე, მქონდა კარგი შესაძლებლობა შევხვედროდი მმართველი პარტიის თავმჯდომარეს და ასევე განგვეხილა პრიორიტეტული საკითხები. როგორც გვითხრეს შეხვედრაზე, დღის წესრიგის პრიორიტეტული საკითხები მომდევნო საკანონმდებლო სესიებზე იქნება სასამართლო რეფორმა, საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან ასოცირების შეთანხმების კონტექსტში. ასევე, იქნება მუშაობა დემოკრატიის გაძლიერების ისეთ მიმართულებებზე, რომლის შესრულების პირობა საქართველომ ბაიდენის დემოკრატიის სამიტზე დადო. საკანონმდებლო საქმიანობის კუთხით საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი იქნება. ასევე, განვიხილეთ უკრაინის საკითხი, დაძაბულობა და უსაფრთხოების კუთხით რუსეთის მიერ რეგიონში შექმნილი ვითარება, რუსეთის აგრესიული ქმედებები, რომ ევროპის უსაფრთხოების დესტაბილიზაცია მოახდინოს და ასევე ვისაუბრეთ ძალის გამოყენების საფრთხეზე. ცხადია, ეს არის ძალიან გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი მომენტი საქართველოსთვის, მთლიანად რეგიონისთვის და ყველა ჩვენგანისთვის იმ კუთხით, რომ დავიცვათ ის ფუნდამენტური საერთაშორისო პრინციპები, რაზეც უკვე 30 წელზე მეტია, მშვიდობიანად დგას ევროპის უსაფრთხოება“, – განაცხადა დეგნანმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი კობახიძე: კელი დეგნანთან შეხვედრაზე ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, შიდა პოლიტიკური და რეგიონში მიმდინარე პროცესები განვიხილეთ

აშშ-ის ელჩი: ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს რუსეთთან, შექმნილი კრიზისის მოსაგვარებლად

ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს რუსეთთან, რომ მოვისმინოთ მათი შეხედულებები და ვიპოვოთ დიპლომატიური გზები რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისის მოსაგვარებლად, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. მისივე თქმით, კრიზისი და დაძაბულობა თავად რუსეთმა შექმნა. „ჩვენ კარგად დავინახეთ, რომ კრიზისი და დაძაბულობა თავად რუსეთმა შექმნა. ჩვენ ჯერ კიდევ ვიმყოფებით დიალოგის პროცესში იმის გასარკვევად, რა დგას რეალურად რუსეთის აგრესიის უკან, რა ამოძრავებს რუსეთს. ჩვენ საქართველო ჩავრთეთ ყველა კონსულტაციაში და გვაქვს ახლო კომუნიკაცია. შექმნილი ვითარება უარყოფით გავლენას ახდენს არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინაზე, არამედ ემუქრება იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რამაც ევროპას, ევროპის ქვეყნებს სტაბილურად ყოფნის, მათ შორის საქართველოს უპრეცენდენტო ეკონომიკური ზრდის საშუალება მისცა“, – განაცხადა ელჩმა. ასევე წაიკითხეთ: ჯენ ფსაკი: რუსული ძალის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთა იქნება განახლებული შეჭრა და ამას მკაცრი პასუხი მოჰყვება აშშ-ის პრეზიდენტი: ახლო მომავალში უკრაინის NATO-ში გაწევრიანების ალბათობა მცირეა

ირაკლი კობახიძე: კელი დეგნანთან შეხვედრაზე ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, შიდა პოლიტიკური და რეგიონში მიმდინარე პროცესები განვიხილეთ

"ჩვენ სხვადასხვა თემაზე გვქონდა ძალიან მეგობრული საუბარი, ეს იყო მათ შორის ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, სამომავლო პერსპექტივები, რა თქმა უნდა, დეტალური საუბარი გვქონდა ყველა ამ თემაზე", - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ვისაუბრეთ რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. რა თქმა უნდა, ყველას გვაინტერესებს, როგორ წარიმართება მოვლენები, პირველ რიგში უკრაინის გარშემო და ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები. საუბარი გვქონდა ძირითადად ამ თემაზე. ასევე შევეხეთ შიდა პოლიტიკურ პროცესებს, განვითარების პერსპექტივებსა და პარლამენტში პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობის საკითხებს. ვისაუბრეთ საპარლამენტო დღის წესრიგზე და საპარლამენტო დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილია საკონსტიტუციო ცვლილებებიც. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები და ვიმედოვნებ, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება“, - განაცხადა კობახიძემ. ასევე წაიკითხეთ: კელი დეგნანი: პარლამენტი პოლიტიკურ აქტორებს აძლევს შესაძლებლობას, კონცეტრირდნენ ქვეყნისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე, მათ შორის საგარეო საფრთხეზე, რომელსაც რუსეთი ქმნის

დავით ზალკალიანი ლიეტუვის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგარეო უწყების ცნობით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა ლიეტუვას მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არსებულ უსაფრთხოების გარემოს და რუსეთთან მიმდინარე დიალოგს, რა დროსაც კიდევ ერთხელ აღინიშნა პარტნიორი ქვეყნების მტკიცე პოზიცია საქართველოსა და უკრაინის მისწრაფებების მხარდასაჭერად და ასევე ხაზი გაესვა ნატოსთან, აშშ-სთან და მეგობარ სახელწმიფოებთან მიმდინარე მაღალი დონის კოორდინაციის მნიშვნელობას. პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს, კიდევ ერთხელ დადებითად იქნა შეფასებული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და მისი შედეგები, რაც მხარეთა შეფასებით, ხელშესახებ შედეგს მოუტანს ქართულ საზოგადოებას.

კელი დეგნანი: პარლამენტი პოლიტიკურ აქტორებს აძლევს შესაძლებლობას, კონცეტრირდნენ ქვეყნისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე, მათ შორის საგარეო საფრთხეზე, რომელსაც რუსეთი ქმნის

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი პარალმენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვდა. ელჩმა ჟურალისტებს პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ განუცხადა, რომ განსახილველ საკითხებს შორის იყო როგორც პარლამენტის საქმიანობა და მისი დღის წესრიგი, ასევე რეგიონში უსაფრთხოების საკითხები. „ჩვენ განგვიცხადეს, რომ მომდვენო სესიებზე პრიორიტეტული საკითხებს შორის იქნება იქნება სასამართლო რეფორმა და საქართველოს კანონმდებლოს ჰარმონიზაცია ევროკავშირთან, ასოცირების ხელშეკრულოების კონტექსტში და ასევე მუშაობა დემოკრატიის საკითხებზე მუშაობის გაძლიერება. საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგ იქნება საკანონმდებლო საქმიანობის კუთხით. მოხარული ვიყავი იმის გაგებით, რომ დღის წესრიგი ასევე მოიცავს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ყველა პოლიტიკური ლიდერისთვის, რომ ჩაერთონ მუშაობაში ქვეყნისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე როგორც საგარეო კუთხით, საფრთხეზე, რომელსაც რუსეთი ქმნის, ასევე შიდა გამოწვევებზე, როგორიცაა ეკონომიკური გაჯანსაღება, კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია და ბევრი სოციალური საკითხი. ვამაყობთ იმით, რომ საქართველოსთან ბევრ ამ საკითხზე ვმუშაობთ, როგორიცაა ენერგოუსაფრთხოება, განათლება და რა თქმა უნდა, კორონავირუსის მიმართ რეაგირება და ეკონომიკური გაჯანსაღება“, - აღნიშნა კელი დეგნანმა. ელჩის თქმით, შეხვედრებზე საუბრის თემა ასევე იყო რეგიონის აქტუალური საკითხები, განსაკუთრებით, უკრაინაში მიმდინარე პროცესები და უსაფრთხოების საკითხები რეგიონში; რუსეთის აგრესიული, დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები და მათგან მომდინარე საფრთხე, რომელიც ემუქრება ევროპის უსაფრთხოებას. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მთლიანად ევროპისთვის იმ კუთხით, რომ დავიცვათ ფუნდამენტური ღირებულებები, რომლებზეც უკვე 30 წელზე მეტია, დგას ევროპის უსაფრთხოება. კარგად ვხედავთ, რომ ეს კრიზისი და დაძაბულობა თავად რუსეთმა შექმნა და ჩვენ ჯერ კიდევ პროცესში ვართ იმის გარკვევის, თუ რეალურად რად ამოძრავებს რუსეთს. ეს არამხოლოდ უარყოფით გავლენას ახდენს უკრაინასა და საქართველოზე, არამედ, ეს სიტუაცია ემუქრება იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებმაც ხელი შეუწყო ევროპაში სტაბილურობას, კეთილდღეობას. ჩვენი მიზანია, ეს კრიზის გადაიჭრას დიპლომატიური გზით, სწორედ ამიტომ, ხვალ, ჟენევაში, სახელმწიფო მდივანი ბლინკენი შეხვდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრს, სახელმწიფო მდივანი ასევე ხვდებქა მოკავშირეებს, რათა ეს კრიზისი გადაიჭრას მშვიდობიანი გზით“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.

უკრაინის მთავრობის წარმომადგენელი: კიევი ბაიდენის განცხადებით გაოგნებულია

უკრაინის მთავრობის წარმომადგენელი ამერიკულ ტელეკომპანია „სიენენთან“ საუბარში აცხადებს, რომ შოკირებულია ჯო ბაიდენის იმ განცხადებით, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინაში რუსეთის მიერ შესაძლო შეჭრასა და „მცირე შეჭრას“ ერთმანეთისგან განასხვავებს. „ეს პუტინს მწვანე შუქს უნთებს უკრაინაში შესასვლელად. კიევი გაოგნებულია“, – აღნიშნა „სიენენთან“ საუბარში უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელმა, რომლის სახელსაც ამერიკული მედიასაშუალება არ ასაჯაროებს. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის პრეზიდენტი: ახლო მომავალში უკრაინის NATO-ში გაწევრიანების ალბათობა მცირეა

ენტონი ბლინკენი ბერლინშია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბერლინში მოკავშირეებთან მოლაპარაკებების მიზნით ჩავიდა. Reuters-ის ცნობით, უკრაინის გარშემო დაძაბულობის ფონზე, ბლინკენი მოლაპარაკებებს გამართავს გერმანელ, ფრანგ და ბრიტანელ კოლეგებთან. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ხვალ ჟენევაში გაემგზავრება და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მანამდე, უკრაინაში იმყოფებოდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გზას აირჩევს, აშშ რუსეთის ეკონომიკას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს შეგახსენებთ, 12 იანვარს NATO-ში განაცხადეს, რომ ალიანსი მზადაა, ისაუბროს რუსეთთან შეიარაღების კონტროლისა და რაკეტების განლაგების შესახებ, რათა თავიდან აიცილოს ომის რისკი ევროპაში, მაგრამ მოსკოვმა უპასუხა, სიტუაცია „ძალიან საშიშია" და რომ წინსვლის გზა გაურკვეველია. საერთაშორისო მედია წერს, რომ შეერთებული შტატების, მისი მოკავშირეებისა და რუსეთის პოზიციებს შორის უფსკრული ისეთი ღრმაა, როგორც არასდროს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის სამხედრო დაზვერვა: რუსეთმა სასაზღვრო ზონაში ჯარების მობილიზაცია თითქმის დაასრულა ბრიუსელში ოთხსაათიანი მოლაპარაკებები, რაც გასულ კვირაში უკვე მეორე მცდელობა იყო კრიზისის განმუხტვის, უკრაინის მახლობლად რუსული ჯარების დაგროვებით იყო გამოწვეული. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ალიანსს სურს, მოლაპარაკება გამართოს შეიარაღების კონტროლზე, მაგრამ რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება NATO-ს გაფართოებაზე - მთავარ მოთხოვნაზე, რომელსაც რუსეთი ამბობს, რომ არ დათმობს. ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.

პროკურორი: მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის საქმეზე ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს

ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს, ბრალდების მხარის მტკიცებულებები დაცვის მხარემ გახადა უდავო, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ სააკაშვილის საქმეზე ბრალდებულების გათავისუფლებაზე საუბრისას განაცხადა. „გარდა ამისა, ბრალდებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, აქედან გამომდინარე დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდების მხარეც დაეთანხმა და მიაჩნია, რომ ნაკლებად მკაცრი აღმკვეთი ღონისძიება უზრუნველყოფს მათ სათანადო ქცევას და მოსამართლემ შეუფარდა გირაო 5 000 ლარის ოდენობით. მოწმეების, წერილობითი და ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევა აღარ მოხდება, ვინაიდან დაცვის მხარემ უდავო გახადა ყველა მტკიცებულება“, – განაცხადა პროკურორმა. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ბრალდებულები – გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ და მათ 5000-5000 ლარიანი გირაო შეეფარდათ. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. ასევე წაიკითხეთ: ელგუჯა ცომაია: შს მინისტრის ყოფილი მოადგილე დამიკავშირდა და მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანა მთხოვა

ჯანმომ საერთაშორისო მოგზაურობაზე შეზღუდვების მოხსნის ან შემსუბუქების რეკომენდაცია გასცა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტმა საერთაშორისო მოგზაურობაზე შეზღუდვების მოხსნის ან შემსუბუქების რეკომენდაცია გასცა. კერძდ, „ქვეყნებს შორის გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვებს შედეგი არ კოაქვს და მხოლოდ ხელს უწყობს ეკონომიკურ და სოციალურ სტრესს. ამასთან, განმარტებაში კომიტეტი მიუთითებს, რომ საერთაშორისო მოგზაურობაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა „ომიკრონის“ გავრცელებას ვერ შეუშალა ხელი.

ენტონი ბლინკენი: თუ რუსეთი უკრაინაში კვლავ შეიჭრება, NATO-ს მოუწევს აღმოსავლეთ ფლანგზე გაძლიერდეს

"თუ რუსეთი უკრაინაში კვლავ შეიჭრება, NATO-ს მოუწევს აღმოსავლეთ ფლანგზე გაძლიერდეს" - ამის შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, „ამერიკის ხმის“ აღმოსავლეთ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელთან, მიროსლავა ღონღაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. "ჩვენ რუსეთს შევთავაზეთ მკაფიო არჩევანი. ერთის მხრივ, არჩევანი დიპლომატიისა და დიალოგის, ან კონფრონტაციისა და შედეგების. სულ ცოტა ხნის წინ, ჩვენ გვქონდა რუსეთთან დიპლომატიური ჩართულობის ინტენსიური სერია, უშუალოდ ჩვენს შორის, სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის საშუალებით ნატოში და ასევე ეუთოში, რუსეთის ფედერაციის საბჭოსთან. და მე კვლავ ვიტოვებ იმედს, რომ რუსეთი ამ დიპლომატიურ გზას გააგრძელებს. მაგრამ, ჩვენ ასევე ნათლად განვაცხადეთ, თუ რუსეთი გადაწყვეტს განაახლოს თავისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენ არ ვართ მხოლოდ „ჩვენ“, მარტო შეერთებული შტატები. ჩვენ ვართ ბევრი ქვეყანა ევროპაში და მის მიღმაც კი, ვინც [რუსეთის აგრესიას] ძალიან ძლიერ და მტკიცე პასუხს გასცემს", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გზას აირჩევს, აშშ რუსეთის ეკონომიკას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: თუ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია რეაქციის გარეშე დარჩება, ეს მთელ მსოფლიოში დემოკრატიის შერყევას გამოიწვევს ენტონი ბლინკენი: რუსეთს შეუძლია, უკრაინაზე თავდასხმა ძალიან მოკლე დროში განახორციელოს

სენატორი რობ პორტმანი: ღრმად შეწუხებული ვარ ბაიდენის მიერ უკრაინაზე გაკეთებული კომენტარით

"ღრმად შეწუხებული ვარ აშშ-ს პრეზიდენტის კომენტარით, რომელიც უკრაინას ეხება", -ამის შესახებ სენატორი რობ პორტანი აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას Twitter-ზე გამოეხმაურა. "ღრმად შეწუხებული ვარ აშშ-ს პრეზიდენტის კომენტარით, რომელიც მიუთითებს, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა შესაძლოა მხოლოდ "მცირე შეჭრა" იყოს. ეს ამ საფრთხის აღქმის არასწორი გზაა. უკრაინაში რუსეთის ნებისმიერი შეჭრა უნდა განიხილებოდეს, როგორც დიდი შეჭრა, რომელმაც შესაძლოა უკრაინასა და ევროპაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს", - განაცხადა სენატორმა. ასევე წაიკითხეთ: სენატორი რობ პორტმანი: ჩვენ უკრაინა და საქართველო NATO-ში უნდა შევიყვანოთ სენატორი: ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს „მწვანე შუქი“ აუნთო აშშ-ის პრეზიდენტი: ახლო მომავალში უკრაინის NATO-ში გაწევრიანების ალბათობა მცირეა

ჯენ ფსაკი: რუსული ძალის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთა იქნება განახლებული შეჭრა და ამას მკაცრი პასუხი მოჰყვება

ნებისმირი რუსული ძალის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთა იქნება განახლებული შეჭრა და ამას მოჰყვება სწრაფი, მკაცრი, ერთიანი პასუხი, – ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის პრესმდივნის ჯენ ფსაკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „პრეზიდენტი ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტთან მკაფიო იყო: თუ ნებისმიერი რუსული ძალები უკრაინის საზღვარს გადაკვეთენ, ეს იქნება განახლებული შეჭრა და ამას მოჰყვება აშშ-ისა და ჩვენი მოკავშირეების მხრიდან სწრაფი, მკაცრი და ერთიანი პასუხი. ხანგრძლივი გამოცდილებიდან პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე იცის, რომ რუსეთს აქვს აგრესიული ქმედებების ფართო კრებული, რომელიც სამხედრო მოქმედებების გარდა, მოიცავს კიბერთავდასხმებს და ნახევრად სამხედრო ტაქტიკებს. დღეს მან დაადასტურა, რომ რუსეთის აგრესიის ამ აქტებს მოჰყვება გადამწყვეტი, შესაბამისი და ერთიანი პასუხი“, – ნათქვამია ჯენ ფსაკის განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის პრეზიდენტი: ახლო მომავალში უკრაინის NATO-ში გაწევრიანების ალბათობა მცირეა სენატორი რობ პორტმანი: ღრმად შეწუხებული ვარ ბაიდენის მიერ უკრაინაზე გაკეთებული კომენტარით

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 2 656 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 2 656-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 635 602 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 021 943 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 946 255, გარდაიცვალა 14 582 პაციენტი. ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.