ახალი ამბები

პაატა იმნაძე: „ომიკრონი“ მთლიანად ვერ ჩაანაცვლებს „დელტას“ ისე, როგორც „დელტამ“ ჩაანაცვლა მანამდე არსებული შტამი

სპეციალისტები თებერლისთვის დღეში კორონავირუსის 60 000-მდე შემთხვევას ელოდებიან. NCDC-ის დირექტორის თქმით, მათ შორის იქნებიან ისეთებიც, ვინც საერთოდ ვერ გაიგებს, რომ ვირუსი აქვს. პაატა იმნაძის თქმით, დაახლოებით 20% იქნება დიაგნოსტირებული. „ასეთ შემთხვევაში დღეში იქნება 15 000 ინფიცირებული“, - აღნიშნა იმნაძემ. კითხვაზე გაუძლებს თუ არა ამას ჯანდაცვის სისტემა და იქნება თუ არა ადგილები კლინიკებში, პაატა იმნაძემ უპასუხა, რომ გასათვალისწინებელია ერთი დეტალი. კერძოდ, ქვეყნებში, სადაც „ომიკრონი“ გავრცელდა, „დელტა“ არსად გამქრალა. „რაღაც ნაწილი „დელტათი“ დაინფიცირდება, „ომიკრონი“ მთლიანად ვერ ჩაანაცვლებს „დელტას“, ისე როგორც „დელტამ“ ჩაანაცვლა მანამდე არსებული შტამი, „ალფა“. „ომიკრონის“ შემთხვევაში, დიაგნოსტირებულებიდან 5%-ს სჭირდება კლინიკაში გადაყვანა, როცა „დელტას“ დროს ეს იყო 10-15%, გაცილებით ნაკლებ ადამიანს დასჭირდება კლინიკაში დაწვენა, თუმცა თუ ვიანგარიშებთ იმას, რომ „დელტასთან“ შედარებით, გაცილებით მეტი შემთხვევა იქნება, დაახლოებით იგივე დატვირთვა ექნებათ კლინიკებს, როგორც - აგვისტოს პიკის დროს, 65000 აქტიური შემთხვევის დროს, მაშინ რამდენიმე დღით დაგვჭირდა საველე ჰოსპიტლების გახსნა და ესეც არის გეგმაში, დღესაც იყო ამაზე საუბარი მინისტრთან შეხვედრაზე“, - განაცხადა პაატა იმნაძემ „ტვპირველი“ ეთერში. ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, „ომიკრონი“ შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. „ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ. წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს. ამ დრომდე, ოფიციალურად სპეციალისტებს არ დაუდასტურებიათ, რომ ამ შტამის წინააღმდეგ ახალი ვაქცინაა საჭირო. თუმცა Pfizer-მა 10 იანვარს განაცხადა, რომ „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინა მარტისთვის მზად იქნება.

უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-სა და რუსეთის ლიდერებს სამმხრივი მოლაპარაკებები შესთავაზა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინსა და ჯო ბაიდენს სამმხრივი მოლაპარაკებები შესთავაზა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ შეხვედრის ჩატარება ვიდეოკონფერენციის რეჟიმშიც შესაძლებელია. მისივე თქმით, ამერიკელი პარტნიორები ინტერესით შეხვდნენ ინიციატივას, რუსეთის მხრიდან რეაქციას კი ჯერჯერობით კვლავ ელოდებიან. შეგახსენებთ, 12 იანვარს NATO-მ განაცხადა, რომ მზადაა, ისაუბროს რუსეთთან შეიარაღების კონტროლისა და რაკეტების განლაგების შესახებ, რათა თავიდან აიცილოს ომის რისკი ევროპაში, მაგრამ მოსკოვმა უპასუხა, სიტუაცია „ძალიან საშიშია" და რომ წინსვლის გზა გაურკვეველია. საერთაშორისო მედია წერს, რომ შეერთებულ შტატების, მისი მოკავშირეებისა და რუსეთის პოზიციებს შორის უფსკრული ისეთი ღრმაა, როგორც არასდროს. ბრიუსელში ოთხსაათიანი მოლაპარაკებები, რაც ამ კვირაში უკვე მეორე მცდელობა იყო კრიზისის განმუხტვის, უკრაინის მახლობლად რუსული ჯარების დაგროვებით იყო გამოწვეული. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ალიანსს სურს, მოლაპარაკება გამართოს შეიარაღების კონტროლზე, მაგრამ რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება NATO-ს გაფართოებაზე - მთავარ მოთხოვნაზე, რომელსაც რუსეთი ამბობს, რომ არ დათმობს. ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.

ჯანდაცვის მინისტრი ექიმებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი და ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია კლინიკების წარმომადგენლებსა და ჯანდაცვის ექსპერტებს შეხვდნენ. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ახალი შტამის, „ომიკრონის“ გავრცელების რისკები შეაფასეს და საპასუხო ღონისძიებებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ვაქცინაციის საკითხებს, ომიკრონის გავრცელების პრევენციისთვის ვაქცინის „ბუსტერული“ დოზისა და პირბადის აქტიურად გამოყენების მნიშვნელობას. შეხვედრაზე ახალი შტამის მიმდინარეობა, სიმპტომები და მკურნალობის გზებზე განიხილეს. „დღევანდელი შეხვედრა ჩემი ინიციატივით არის, რომ გავიგო რაც შეიძლება მეტი დამოუკიდებელი აზრი, დღევანდელ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან დაკავშირებით, თუ რისი პრევენცია შეიძლება გავაკეთოთ, რაში შეიძლება იყოს ჯანდაცვის სამინისტრო ჩართული, რაში შეიძლება გაგიწიოთ მხარდაჭერა, ასევე მაინტერესებს „ომიკრონის“ დღევანდელი მიმდინარეობა, რამდენად მსუბუქი მიმდინარეობაა, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები როგორ გვაქვს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

უკრაინის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა რიგი მიმართულებებით ურთიერთობების გაღრმავების მიზნით დეკლარაციას მოაწერეს ხელი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც ასახულია ორი ქვეყნის პოზიცია მთელ რიგ საკითხსა და გამოწვევაზე. „ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, უზრუნველვყოთ ორმხრივი მხარდაჭერა ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისათვის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ერთობლივად ვებრძოლოთ ჰიბრიდულ საფრთხეებს; დოკუმენტი ადასტურებს მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის სურვილს შავი ზღვა-კასპიის ზღვის რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ. ეს და დეკლარაციის რიგი სხვა დებულებები მოწმობს ჩვენი შეხედულებების ერთიანობასა და სიახლოვეს ბევრ საკითხსა და გამოწვევაზე, როგორც რეგიონული, ისე გლობალური განზომილებების თვალსაზრისით“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ერთობლივი დეკლარაცია ადგენს შეთანხმებებს ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთდახმარების მიზნით მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; ორმხრივი არსებითი თანამშრომლობის გააქტიურების სურვილს შემდეგი მიმართულებებით: პოლიტიკურ და უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ეკონომიკის, საწვავის და ენერგეტიკის, სამხედრო და ტექნიკური, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, საჰაერო ხომალდის, აგროინდუსტრიული, კულტურული, ჰუმანიტარული და სხვა. გარდა ამისა, დოკუმენტი განსაზღვრავს მზადყოფნას, გააძლიეროს თანამშრომლობა ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლაში, აძლიერებს თანამშრომლობას თავდაცვის ინდუსტრიაში და აღნიშნავს პირდაპირ განზრახვებს თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებსა და ფორუმებში, მათ შორის გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო, სუამ-ის ორგანიზაცია. დემოკრატია და ეკონომიკური განვითარება და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია. დოკუმენტი ქმნის პირობებს ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის გასაფართოებლად და პროექტების ერთობლივი განხორციელებისთვის უკრაინის ნავთობისა და გაზის ბაზარზე, მათ შორის იგულისხმება ნავთობის მიწოდება და ტრანსპორტირება, ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება, ნავთობსადენების ერთობლივი გამოყენება, ნახშირწყალბადების მოძიება და წარმოება. უკრაინის ტერიტორიაზე ახალი გადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობა და არსებულის რეკონსტრუქცია, უკრაინის გაზმომარაგება, საწვავის შენახვა უკრაინის ტერიტორიაზე მიწისქვეშა საწყობებში და ა.შ.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს დროშის ვიზუალური ინსტალაცია მოეწყო

სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს დროშის ვიზუალური ინსტალაცია მოეწყო და შენობა დროშის ფერებში განათდა. ადმინისტრაციის ცნობით, სახელმწიფო დროშის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით გაიმართა. 14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა.

ვაშინგტონმა რუსეთთან მიმდინარე უსაფრთხოების დიალოგის პარალელურად დაადასტურა, რომ საქართველოს შესახებ მოლაპარაკება საქართველოს გარეშე არ შედგება

საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, კარენ დონფრიდს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. საგარეო უწყების ცნობით, სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დავით ზალკალიანთან საუბრისას საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი განაგრძობს თბილისთან მჭიდრო კოორდინაციას რუსეთთან მიმდინარე უსაფრთხოების დიალოგის ფარგლებში. საუბრისას მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები და ინფორმაცია რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებით და აშშ-სა და რუსეთს შორის ორმხრივი დიალოგის, ასევე, NATO-რუსეთის საბჭოსა და ეუთოს ფარგლებში კვირის განმავლობაში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით. საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს მიმდინარე პროცესების ფონზე საქართველოსთან აქტიური კომუნიკაციისა და კოორდინაციისთვის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცეს და ხაზს უსვამს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას. დავით ზალკალიანმა მადლიერება გამოხატა აშშ-ის მიერ წარმოდგენილი გზავნილებისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, NATO-ს ღია კარის პოლიტიკის მხარდასაჭერად რუსეთის აგრესიული რიტორიკისა და ქმედებების ფონზე. „საუბრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი სახელმწიფოს სუვერენულ უფლებას, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები საკუთარი საგარეო პოლიტიკის საკითხებზე და აირჩიოს უსაფრთხოების ალიანსები. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ მხარდაჭერა გამოუხატა საქართველოს და აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორები განაგრძობენ საქართველოსთან მჭიდრო კოორდინაციას საქართველოს საკითხის განხილვის დროს და რომ საქართველოს შესახებ მოლაპარაკება არ შედგება საქართველოს გარეშე. აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მცდელობები ევროპაში გავლენის ექსკლუზიური სფეროების ლეგიტიმაციისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეფერხების მიზნით, მიუღებელია. ასევე, ხაზი გაესვა რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც განაგრძობენ კონსულტაციებს. აშშ-ის მიერ NATO-ს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან კონსულტაციების ფარგლებში, 5 იანვარს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე, ესაუბრა აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ვენდი შერმანს“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

თამარ გაბუნია: 8 000-მდე საწოლია მობილიზებული, მზარდი შემთხვევების პირობებში ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვას გავუმკლავდებით

"8 000-მდე საწოლია მობილიზებული", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარე გაბუნიამ უწყებაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, კლინიკური და ჰოსპიტალური სექტორი „ომიკრონის“ ტალღისთვის გასამკლავებლად მზად არის. „რაც შეეხება ჰოსპიტალურ სექტორს, მობილიზებული დარჩება 8 ათასამდე საწოლი, რაც არის საკმარისი საწოლფონდი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს მზარდი შემთხვევების პირობებში გავუმკლავდეთ ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვას. დღეს ჰოსპიტალური სექტორი არის მხოლოდ 50%-ით დატვირთული და საწოლების დიდი ნაწილი თავისუფალია. რაც შეეხება ტესტირებას, ეს ერთ-ერთ მთავარ მექანიზმად რჩება - ანტიგენ ტესტირება და PCR ტესტირება. ის ადგილები, რაც ჩართული იყო პროგრამაში, კვლავ გააგრძელებს მუშაობას", - განაცხადა გაბუნიამ. ამასთან, თამარ გაბუნიას თქმით, ორშაბათიდან ვაქცინირებული ადამიანებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება ცნობისთვის, საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 5567 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 36 პაციენტი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქ და აზერბაიჯანელ მეგობრებს ვთხოვეთ, საქართველოს 3+3 ფორმატის სარგებელი აუხსნან

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ საქართველო 3+3-ისთანამშრომლობის ფორმატს უნდა შეუერთდეს. მის განცხადებას რუსული მედია ავრცელებს. ლავროვის თქმით, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობიდან გამომდინარე ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, საქართველოს ამ ფორმატის უპირატესობა აუხსნათ, ამიტომ ამის გაკეთება თურქეთს და აზერბაიჯანს სთხოვეს. ამავე დროს, ლავროვის თქმით, დახმარება სომხეთსაც შეუძლია. „ჩვენ მივმართეთ თურქ და აზერბაიჯანელ მეგობრებს თხოვნით, რომ აუხსნან ქართველ მეზობლებს 3+3 ფორმატთან მიერთების სარგებელი. ასეთი მონაწილეობა მათ არაფერს დაავალდებულებს პოლიტიკური პოზიციების თვალსაზრისით“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა. მისი თქმით, როდესაც უკვე მიღწეულია ყარაბაღის სამშვიდობო შეთანხმებები გასული წლის საომარი მოქმედებების შემდეგ, იწყება სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების აღდგენა და რეგიონში არსებული მარშრუტების განბლოკვა, ეს ხსნის შესაძლებლობებს, რაც არის თურქეთის, რუსეთის, ირანის ინტერესებში. ლავროვი დარწმუნებულია, რომ ეს საქართველოს ინტერესშიც უნდა იყოს. როგორც ცნობილია, პირველი შეხვედრა ამ ფორმატში მოსკოვში 10 დეკემბერს გაიმართა. საქართველომ ოფიციალურად დააფიქსირა უარი, თუმცა რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ პირველი შეხვედრის შემდეგ, საქართველოსთვის კარი ღია რჩება. მომდევნო შეხვედრას თურქეთი უმასპინძლებს. შეგახსენებთ, Europetime-მა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი პიტერ სტანო ექსკლუზიურად ჩაწერა. ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით. ცნობისათვის, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც მხარი აზერბაიჯანმა და ირანმა დაუჭირეს. ამ ინიციატივით, რეგიონული თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის რეგიონის 3 სახელმწიფოს: საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს. ასევე - ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „საქართველო უნდა იყოს ჩართული დიდ გეოპოლიტიკურ და რეგიონში მიმდინარე პროექტებში, მაგრამ არა სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე, არა ოკუპანტთან დათმობის ხარჯზე“. მანამდე, დავით ზალკალიანიმა ისიც განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთთან ერთად მონაწილეობა გაუჭირდება 3+3 ფორმატში, თუმცა რაღაც ფორმით ჩართული უნდა იყოს ახალ რეგიონულ პროექტებში. მოგვიანებით, მინისტრმა განმარტა, რომ ეს განცხადება არასწორად იყო აღქმული. ასევე წაიკითხეთ: დავით ზალკალიანი 3+3 ფორმატზე: ეს შეუძლებელია 18 ოქტომბერს, საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს 3+3 ფორმატთან დაკშვირებით დაუსვეს შეკითხვა. თავდაცვის სამინისტროში, ქართველ კოლეგა ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას უნდა სცეს პატივი. „რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, უნდა სცემდეს პატივს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

თამარ გაბუნიას თქმით, ორშაბათიდან ვაქცინირებული ადამიანებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ორშაბათიდან ვაქცინირებული ადამიანებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება. ამის შესახებ გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში ექსპერტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ამასთან, ვირუსის მსუბუქი მიმდინარეობით, იზოლაციაში ყოფნა 8 დღე იქნება საჭირო, მძიმე/საშუალო – მინიმუმ, 10 დღე. „მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში გახდა შესაძლებელი და საერთაშორისო რეკომენდაციები გამოიცა იმასთან დაკავშირებით, რომ შემცირდეს იზოლაცია-კარანტინისთვის დაწესებული ვადები. ვადები ასეთი განისაზღვრა: ასიმპტომური-მსუბუქი შემთხვევებისთვის ეს იქნება 8 დღე, ამასთან სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს სულ მცირე 24 საათი და იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღის მანძილზე მკაცრად არის რეკომენდებული ნიღბის ტარება. საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის ვადა არის მინიმუმ 10 დღე, სახეზე უნდა იყოს მკვეთრად გაუმჯობესების დინამიკა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში და აქაც იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე მკაცრად სავალდებულოა ნიღბის ტარება. რაც შეეხება კონტაქტებს, ვადები აქაც მცირდება და მსუბუქდება. თუ კონტაქტი ვაქცინირებულია, მათ შორის, ბუსტერვაქცინაციის მქონეები და ადამიანები, რომლებსაც ჩატარებული აქვთ მხოლოდ პირველი ორი დოზა, ამ დოზების მიღებიდან 2 კვირა - 90 დღის ვადაში, კარანტინის ვადა ეხსენებათ. ანუ არ არის საჭირო მათთვის კარანტინი და ასევე, კოვიდინფექციის გადატანიდან 60 დღის განმავლობაში, ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაციის პირობებში კონტაქტიდან 10 დღის შემდეგ შეუძლიათ, კარანტინში აღარ იყვნენ", - განაცხადა გაბუნიამ. ცნობისთვის, საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 5567 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 36 პაციენტი

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას აშშ-ის სენატში მხარი არ დაუჭირეს

აშშ-ის სენატმა კანონპორექტი, რომელიც გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებდა, არ დაამტკიცა. „რესპუბლიკელი“ სენატორი ტედ კრუზის მიერ წარდგენილი კანონპროექტის მიღებას 60 სენატორის მხარდაჭერა სჭირდებოდა. კენჭისყრის შედეგად, მას მხარი 55-მა სენატორმა დაუჭირა. სენატორმა ჯინ შაჰინმა აღნიშნა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციები საფრთხეს უქმნის ვაშინგტონისა და ევროპის ერთიანობას. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია და მისი მხარდამჭერები აცხადებენ, რომ კანონპროექტი ზიანს აყენებს გერმანიასთან ურთიერთობას.

საქართველოს უსაფრთხოებასა და ეროვნულ ინტერესებზე რეგიონული უსაფრთხოების გავლენის საკითხები თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა დახურულ რეჟიმში განიხილა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა საქართველოს უსაფრთხოებასა და ეროვნულ ინტერესებზე გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს გავლენაზე, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებსა და გამოწვევებზე დახურული შეხვედრა გამართა. პარლამენტის ცნობით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილემ და თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დეპუტატებს დახურულ ფორმატში ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. .„კომიტეტის სხდომაზე მომხსენებლებმა უსაფრთხოების გარემოზე, სხვადასხვა ხასიათის საფრთხესა და გამოწვევებზე ამომწურავი და დეტალური ინფორმაცია წარმოადგინეს. საუბარია როგორც სამხედრო ასევე ჰიბრიდულ საფრთხეებზე, მათ გამოვლინებებზე. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ კონკრეტულ რეგიონებზე, როგორც ჩვენს ასევე სხვა რეგიონებზე, სადაც დღეს რუსეთის ფედერაციის სამხედრო აქტივობებს ადგილი აქვს და საიდანაც შესაძლოა არსებობდეს პირდაპირი ან არაპირდაპირი ნეგატიური გავლენა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე. როგორც დაზვერვის სამსახურის, ასევე სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის მხრიდან მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია მოვისმინეთ და შესაბამისი უწყებების მოსმენების აღნიშნული პრაქტიკა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში, კვლავაც ინტენსიურად გაგრძელდება. გამოწვევა და პრიორიტეტებიც ამ გამოწვევების შესაბამისად ბევრია. ჩვენი საინფორმაციო მოთხოვნებისთვის ისევე როგორც ჩვენი საზედამხედველო საქმიანობისთვის მსგავსი მოსმენები მნიშვნელოვან ხასიათს ატარებს“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ შეხვედრის შემდეგ. ცნობისთვის, 13 იანვარს, საქართველოს პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ასევე დახურულ კარს მიღმა იმსჯელეს ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე აშშ-ისა და რუსეთს და NATO-სა და რუსეთს შორის ამ კვირაში გამართული შეხვედრების შესახებ. „საქართველო აქტიურ კომუნიკაციაში იყო ჩართული როგორც აშშ-თან, ასევე ნატო-ს 30- ვე წევრ ქვეყანასთან, აქტიურად მუშაობდნენ პარტნიორებთან საელჩოები, რათა საქართველოს საკითხები სათანადოდ ყოფილიყო ხაზგასმული და წამოწეული“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ. „დოკუმენტთან მიმართებით, რაც რუსეთმა გაავრცელა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია ხაზგასმული, ამით პრაქტიკულად რუსეთი საერთაშორისო საზოგადოებისგან ითხოვდა, აღიარებული ყოფილიყო ევროპის დაყოფა უსაფრთხოების ზონებად, კერძო ექსკლუზიური გავლენის სფეროებად. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რასაც აყენებდა არის ის, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნები და მათ შორის, საქართველო არ უნდა გახდნენ NATO-ს წევრები და ამაზე ვალდებულება უნდა აიღოს დასავლეთმა, რაც ცალსახად არის წინააღმდეგობაში საერთაშორისო სამართალთან, სუვერენიტეტის პრინციპთან და თავისთავად საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. ეს იყო ის საკითხი, რაზეც დასავლელ პარტნიორებთან გვქონდა პირველივე დღეებიდან კომუნიკაცია, როცა ეს პროცესები დაიწყო“, - აღნიშნა დარსალიამ.

დავით ზალკალიანი NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდება

17-18 იანვარს, ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელს ეწვევა, სადაც შეხვედრებს გამართავს NATO-ს შტაბ-ბინასა და ევროკავშირში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ორმხრივ შეხვედრას გამართავს NATO-ს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთან. ამავე დღეს გაიმართება არაფორმალური შეხვედრა NATO-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან. „შეხვედრების მთავარ მიზანს წარმოადგენს NATO-სა და რუსეთის ფედერაციას შორის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით დაწყებულ დიალოგის ფარგლებში მოკავშირეებთან კონსულტაციების გამართვა. შეხვედრებზე ასევე განხილულ იქნება ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკა და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების კუთხით არსებული გართულებული გარემო. წლის დასაწყისშივე NATO-ს შტაბ-ბინაში დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტი ნატო-საქართველოს თანამშრომლობის განსაკუთრებული ურთიერთობების კიდევ ერთი დასტურია და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ასპირანტ საქართველოს ნატო-ს დღის წესრიგში საგულისხმო ადგილი უკავია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შალვა პაპუაშვილი: ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა პირადი სიმპათია-ანტიპათიით მისაღები გადაწყვეტილება არაა

"ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე, დადასტურდა დანაშაულის არსებობა, რაც ეხება დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, ეს არ არის პირადი სიმპათია-ანტიპათიის მიხედვით მისაღები გადაწყვეტილება", - ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. "განაჩენი, რომელიც მოვისმინეთ მძიმეა, ამით დადასტურდა დანაშაულის არსებობა. ეს არის მძიმე და ამაზე საჭიროა პასუხის გაცემა. რაც შეეხება პროცედურებს პარლამენტში, კანონმდებლობის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში პარლამენტმა უნდა იმსჯელოს უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე. საპროცედურო კომიტეტი ამ საკითხს განიხილავს და მისი დასკვნიდან გამომდინარე პარლამენტი იმსჯელებს. სამართლებრივ დასკვნას ვნახავთ, რომელსაც წარმოადგენს საპროცედურო კომიტეტი და აქედან გამომდინარე მიიღებს პარლამენტი გადაწყვეტილებას", - განაცხადა პაპუაშვილმა. ამასთან, თაღლითობაში დადანაშაულებულ ბადრი ჯაფარიძეს შესაძლოა, სადეპუტატო მანდატი შეუწყდეს - საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, შესაძლოა, მისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი გახდეს. შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენი ცნობილია ცნობისთვის, TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო, თებერვალში კი, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა". რაც შეეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა. ასევე წაიკითხეთ: ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნება“ ჩემთვის მანდატის მოხსნის საკითხს თუ განიხილავს, ეს პოლიტიკური დევნა იქნება

იენს სტოლტენბერგი უკრაინის მთავრობის წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევებს მკაცრად გმობს

უკრაინის წინააღმდეგ კიბერშეტევების შესახებ NATO-ს გენერალური მდივანი განცხადებას ავრცელებს. „NATO წლების განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობდა უკრაინასთან მისი კიბერთავდაცვის გასაძლიერებლად. NATO-ს კიბერექსპერტები ბრიუსელში უკრაინელ კოლეგებს უზიარებდნენ ინფორმაციას მიმდინარე კიბერ აქტივობების შესახებ. უკრაინის ხელისუფლებას ადგილზე მოკავშირე ექსპერტებიც უჭერენ მხარს. უახლოეს დღეებში NATO და უკრაინა კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმებას ხელს მოაწერენ. NATO-ს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერაუკრაინის მიმართ გაგრძელდება“, - აღნიშნულია განცხადებაში. უკრაინის სამინისტროებზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა

ბორის ჯონსონის ოფისი დედოფალს პრინც ფილიპის დაკრძალვის წინა დღეს წვეულების ჩატარებისთვის ბოდიშს უხდის

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ოფისი დედოფალ ელისაბედ მეორეს ბოდიშს უხდის იმის გამო, რომ ოფისის წარმომადგენლების ნაწილი 2021 წლის 16 აპრილს, პრინცი ფილიპის დაკრძალვის წინა დღეს, ოფისის ბაღში მოწყობილ წვეულებას ესწრებოდა. როგორც პრემიერ-მინისტრის სპიკერმა განაცხადა, რომ „ღრმად სამწუხაროა, რომ ეს მოხდა ეროვნული გლოვის დროს“. მანამდე, ბორის ჯონსონმა აღიარა, რომ „ლოკდაუნის“ დროს მის ოფიციალურ რეზიდენციაში წვეულებას დაესწრო, რის გამოც ბოდიში მოიხადა. ამავე თემაზე: ბორის ჯონსონმა აღიარა, რომ „ლოკდაუნის“ დროს მის ოფიციალურ რეზიდენციაში წვეულებას დაესწრო და ბოდიშს იხდის

იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსმა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში მიღების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ვადები არ დაუდგენია

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანება გადაწყვიტა, მაგრამ ვადები არ დაუდგენია. ამის შესახებ სტოლტენბერგმა La Repubblica-სთან ინტერვიუში განაცხადა. „უკრაინამ უკვე მოითხოვა გაწევრიანება და ჩვენ გადავწყვიტეთ ამ მიმართულებით მუშაობა მისი რეფორმების მხარდაჭერით, შეიარაღებული ძალების მოდერნიზების კუთხით, რათა NATO-ს სტანდარტებს შეესაბამებოდეს. მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ალიანსის კარი ღიაა. 2008 წელს NATO-ს ბუქარესტის სამიტზე გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებიან, თუმცა არ გვითქვამს როდის მოხდება ეს“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

გაერო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ. განცხადებას საქართველოს წარმომადგენლობა ავრცელებს. „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტოების ჯგუფი საქართველოში სინანულს გამოთქვამს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო. 2022 წლის 13 იანვარს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომლითაც უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და იქმნება ორი ცალკეული ინსტიტუტი: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ერთ-ერთი ყველაზე სანდო, დამოუკიდებელი და ავტორიტეტული ინსტიტუტია, რომელიც უფლებამოსილია გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევები და უზრუნველყოს პერსონალური მონაცემების დაცვის ზედამხედველობა საქართველოში. ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებულნი ვართ, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დაჩქარებული წესით და ინკლუზიური და გამჭვირვალე დისკუსიების გამართვის გარეშე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესაბამისი საფუძვლისა და სახელმწიფო ინსპექტორისთვის ექვსწლიანი მანდატის ჩამორთმევის აუცილებლობის დამაჯერებელი დასაბუთების არარსებობა შემაშინებელ გზავნილს უგზავნის ადამიანის უფლებათა დამცველ დამოუკიდებელ ინსტიტუტებს. შეშფოთებულნი ვართ, რომ ახლადშექმნილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატში შემავალი დანაშაულებათა სიის არსებითი გაფართოება გამოიწვევს უწყების გადატვირთვის სერიოზულ რისკს და მისი გუნდის ყურადღების გადატანას მისი ძირითადი მანდატის შესრულების - დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლისაგან. წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებელის საქართველოში მისიის დროს (2015 წ.) გაიცა რეკომენდაცია, რომელშიც გამოთქმულია შეშფოთება რომ არსებობს რისკი ზედმეტად ფართო იურისდიქციამ, იქნება ეს ექსკლუზიური თუ დისკრეციული, შესაძლოა, [სახელმწიფო ინსპექტორის] ამოცანა მეტისმეტად გაართულოს [თუკი] ... სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი დანაშაულებები, რომლებიც არ შედიან წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის ძირითად ჯგუფში... [მისი მანდატის ფარგლებში შევა]. გაერო მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოითხოვოს შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტების მოსაზრება ამ გადაწყვეტილებების საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრის შესახებ“, - აღნიშნულია განცხადებაში. ამავე თემაზე: პრეზიდენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის“ გაუქმების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

შალვა პაპუაშვილი: პრეზიდენტმა ხელი მოაწერა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს და გარკვეულ ისტერიკას პასუხი გაეცა

"ზოგიერთი დაინტერესებული მხარის მხრიდან გარკვეულ ისტერიას პასუხი გაეცა იმით, რომ დისკუსიის მოსმენის შედეგად პრეზიდენტმა ხელი მოაწერა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც სამსახურის გაუქმებასა და მის ნაცვლად ახალი სტრუქტურების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „ამ პროცესის განმავლობაში გვესმოდა სხვადასხვა სახის კრიტიკა, მათ შორის, რატომ იყო დაჩქარებული პროცესი. ამასობაში გავიდა ბევრი დრო და იყო საკმაო დრო იმისთვის, რომ თუკი რაიმე კრიტიკული არგუმენტი არსებობდა, გამოთქმულიყო. ყველა არგუმენტი გამოითქვა, ყველა არგუმენტი გავცვალეთ. საბოლოო ჯამში, მშრალი ნაშთი დარჩა ის, რომ ყველა ვთანხმდებით, ინსტიტუციურად ეს იყო სწორი გადაწყვეტილება და რაიმე არსებითი კრიტიკა ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. აქედან არის ნაკარნახევი პრეზიდენტის გადაწყვეტილება. პრეზიდენტმაც მოისმინა რა ყველა ეს მოსაზრება, გამოიტანა საკუთარი გადაწყვეტილება და ხელი მოაწერა ამ კანონს. აქედან გამომდინარე, მთიანად ამ პროცესს მათ შორის, გარკვეულ ისტერიას ზოგიერთი დაინტერესებული მხარის მხრიდან, გაეცა პასუხი იმით, რომ პრეზიდენტმა ამ დისკუსიის მოსმენის შედეგად ხელი მოაწერა კანონს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის“ გაუქმების შესახებ კანონს ხელი მოაწერა ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ 26 დეკემბერს განაცხადა, რომ უწყების მოსალოდნელი გაუქმების შესახებ ინფორმაცია მედიით შეიტყო. გადაწყვეტილებას მოჰყვა ამერიკის ელჩის კრიტიკა, რომელიც 27 დეკემბერს შეხვდა სახელმწიფო ინსპექტორს. ამასთან, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. რაც შეეხება მმართველი პარტიის პოზიციას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, საუბარია ინსტიტუციურ რეფორმაზე და „ლონდა თოლორაიას მიმართ გუნდში არანაირი პრობლემა არ აქვთ“. ასევე წაიკითხეთ: ამერიკის ელჩმა კომიტეტების თავმჯდომარეებს ორ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით პროცესის გადადებისკენ მოუწოდა

კოვიდინფიცირებულებს 112-ში სატელეფონო კონსულტაციის ნაცვლად, კონკრეტულ პორტალზე დარეგისტრირება შეეძლებათ

COVID19-თ ინფიცირებულ პაციენტებს 112-ში სატელეფონო კონსულტაციის ნაცვლად, კონკრეტულ პორტალზე დარეგისტრირება შეეძლებათ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „თუ დაგიდასტურდათ COVID-19, შესაძლებლობა გაქვთ, 112-ში სატელეფონო კონსულტაციის ნაცვლად პორტალზე დარეგისტრირდეთ - https://er.moh.gov.ge მიღებული ინფორმაცია 112-ის მიერ დამუშავდება და შემდგომი მონიტორინგისათვის გადაეცემა ოჯახის ექიმს. აღნიშნული პორტალი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა“, - აცხადებენ უწყებაში. ამასთან, საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 5567 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 36 პაციენტი

საფრანგეთმა უკრაინას Airbus ვერტმფრენები გადასცა

ორი ქვეყნის შეთანხმების საფუძველზე, საფრანგეთმა უკრაინას Airbus ვერტმფრენები გადასცა. საფრანგეთის რესპუბლიკასთან მთავრობათაშორისი შეთანხმების განხორციელების და შინაგან საქმეთა სამინისტროს საინვესტიციო პროექტის განხორციელების ფარგლებში საავიაციო უსაფრთხოებისა და სამოქალაქო დაცვის ერთიანი სისტემის შესაქმნელად, უკრაინამ 55 ახალი მოდელის საფრენი აპარატი უნდა მიიღოს. უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური 24 ახალ ვერტმფრენს მიიღებს. კონტრაქტის თანახმად, უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურს 2020 წლის იანვარში ვერტმფრენების პირველი პარტია გადაეცა.