ახალი ამბები

ამირან გამყრელიძე: 46 000-მდე აქტიური შემთხვევაა და მათი უმრავლესობა არ არის მძიმე

"46 000-მდე აქტიური შემთხვევაა და მათი უმრავლესობა არ არის მძიმე, ამიტომ ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა მძიმე არ არის", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძის თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ რთულია, რადგან 5000 ახალი შემთხვევა ქვეყნისთვის მარტივი არ არის. „ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლა ჯერ არ გამოკვეთილა. ვფიქრობ, ეს განპირობებულია გარკვეული იმუნური ფენის გაჩენით. მილიონი ადამიანი აცრილია და ბოლო კვლევებით 42%-ს გადატანილი აქვს ინფექცია, ამიტომ ეს იმუნური ფენა ქმნის გარკვეულ რეზისტენტობას. გასულ სამშაბათს გვქონდა 4800 შემთხვევა და, ზრდა გვაქვს, მაგრამ მცირე და სწორხაზოვანი. ვაკვირდებით სიტუაციას და ვნახოთ როგორ განვითარდება ეს ყველაფერი“, - გნაცხადა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი Hunnewell Partners ნიდერლანდებში ტელეკომპანია „იმედის“ აქციების დაყადაღების შესახებ განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი Hunnewell Partners ნიდერლანდებში განცხადებას ავრცელებს. Hunnewell Partner-ის მთავარი მრჩეველი, ინგლისელი ადვოკატი მეთიუ ჯენკინსი ამ განცხადებით ეხმიანება ინფორმაციას, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში ვრცელდება, ნიდერლანდებში ტელეკომპანია „იმედის“ აქციების დაყადაღების შესახებ. „2016 წლიდან მოყოლებული, ტელეკომპანია „იმედის“ ბენეფიციარი მესაკუთრეები (საბოლოო მფლობელები) ინგლისის სასამართლოში, სამართლებრივ დავაში არიან ჩართული. ეს დავა არანაირი სახით არ ეხება „ტელეიმედზე“ საკუთრების ფლობას (ან რომელიმე სხვა აქტივების ფლობას). ინგლისის სასამართლოში ამ საქმის წარმოების ფარგლებში, არანაირი მცდელობა არ ყოფილა „იმედისა“ თუ რომელიმე სხვა ქონების წინააღმდეგ დავის. თუმცა, ორი თვის წინ, მიმდინარე წლის 21 აგვისტოს, იყო მცდელობა (წინასწარ შეტყობინების გარეშე), ნიდერლანდების სასამართლოში, შეეზღუდათ Hunnewell Partners და ირაკლი რუხაძის მიერ „ტელეიმედის“ წილის მესამე პირისთვის დათმობა. ამ მცდელობას არანაირი იურიდიული გავლენა არ მოუხდენია არც Hunnewell Partners-ზე და არც ირაკლი რუხაძეზე. ასევე, ამ მცდელობას არ აქვს რაიმე გავლენა „ტელეიმედის“ საქმიანობაზე და მისი მფლობელობის რომელიმე ასპექტზე, Media Finance Group BV-ის ჩათვლით. მხარეს, რომელიც ცდილობდა ამ შეზღუდვას აგვისტოში, ეს ზედმიწევნით კარგად უნდა ესმოდეს, რადგან ჩვენმა ნიდერლანდელმა იურისტებმა მკაფიოდ აუხსნეს არსებული ვითარება მათ წარმომადგენლებს. თუმცა, გვესმის რა, უარყოფითი „პი-არ“ ღირებულება ამ მცდელობისა, ჩვენ უკვე შევიტანეთ საჩივარი ნიდერლანდების სასამართლოში, რათა სასამართლოს ყურადღება მივაპყროთ აგვისტოს სარჩელის არაზუსტ და მცდარ ბუნებას და რათა ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ეს გაუგებრობა“, - აცხადებს Hunnewell Partners-ის მთავარი იურისტი მეთიუ ჯენკინსი. 2021 წლის 11 აგვისტოს ამსტერდამის სასამართლომ მიიღო განჩინება ტელეკომპანიების - “იმედის” და “GDS” მფლობელი ჰოლდინგური კომპანიის “Stichting Media Finance International”-ის დაყადაღების შესახებ. კომპანიის ბენეფიციარი მფლობელები ირაკლი რუხაძე, ბენჯამენ მარსონი და იგორ ალექსეევი არიან. სასამართლო განმარტავს, რომ მიღებული განჩინება არის შემაკავებელი ზომა იმისთვის, რათა მოპასუხეებმა ინგლისის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე აღნიშნული კომპანიის წილები არ გაასხვისონ. აღნიშნული გადაწყვეტილება ლონდონში მიმდინარე სასამართლო პროცესს უკავშირდება, რადგან ინგლისის სასამართლო კომპანიების Recovery Partners GP Limited-ისა და Revoker LLP-ის სარჩელის ფარგლებში ზიანის შეფასების სტადიაზე გადავიდა. საქმეზე მოპასუხეები არიან ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე, ასევე მისი ბიზნესპარტნიორები, იგორ ალექსეევი და ბენჯამენ მარსონი და მათ მიერ დაფუძნებული ჰოლდინგი Hunnewell Partners-ი. მოსამართლე სარა კოკრელმა საქმის ზიანის შეფასების ეტაპი 2021 წლის 18 ოქტომბერს დაიწყო და აღნიშნული პროცესი რამდენიმე კვირას გასტანს.

ლორენს მერედიტი: ევროკავშირის ინვესტიციებს თან უნდა სდევდეს მკაფიო პროგრესი სასამართლო რეფორმის, საჯარო მმართველობის და ადამიანის უფლებათა სფეროში

ჩვენი მხრიდან განხორციელებულ ინვესტიციებს თან უნდა სდევდეს მკაფიო პროგრესი სასამართლო რეფორმის, საჯარო მმართველობის რეფორმის და ადამიანის უფლებათა სფეროში, - ამის შესახებ ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციური მშენებლობის დირექტორატის ხელმძღვანელმა, ლორენს მერედიტმა ევროკავშირის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეს არის ევროკავშირის ძირითადი ღირებულებები და ამ რეფორმების განხორციელება აუცილებელია საქართველოში დემოკრატიისა და ეკონომიკისთვის. "ევროკავშირის დახმარება საქართველოსთვის ორ საყრდენს ემყარება - ესენია ინვესტიცია და მმართველობა. ეს არის ევროკავშირის ძირითადი ღირებულებები და ჩვენ გვჯერა, რომ მმართველობის რეფორმები აუცილებელია არამარტო საქართველოს დემოკრატიული დღის წესრიგის წინ წაწევისთვის, არამედ მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად. თანაბარი საასპარეზო პირობების შესაქმნელად, ინვესტორების მოსაზიდად და საბოლოო ჯამში, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სარგებლის მოსატანად. ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირი და საქართველო ერთად უფრო ძლიერები არიან და ჩვენ მიერ გაწეული დახმარება საკეთილდღეო იქნება ყველა მოქალაქისთვის", - განაცხადა ლორენს მერედიტმა. მერედიტის ცნობით, მისი ვიზიტის ფარგლებში საქართველოსთვის 5 სხვადასხვა პროექტს წამოიწყებენ. პროექტები ეხება შეეხება შავ ზღვას და კავშირების განმტკიცებას, ასევე დახმარებას ციფრული კავშირების მიმართულებით. ციფრული მიმართულებით პროექტის ფარგლებში, დაეხმარებიან 1000 სასოფლო თემს, რათა მათ მიიღონ წვდომა ციფრულ კავშირებზე. კიდევ ერთი პროექტი კი მცირე და საშუალო საწარმოების და ინოვაციურ განვითარებას ემსახურება, რის ფარგლებშიც, 80 000 მცირე და საშუალო საწარმოს დაეხმარებიან, რათა მათ გამოიყენონ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის პოტენციალი. კიდევ ერთი პროექტი კი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. "ჩვენ ვხედავთ, რომ არ არის თანასწორი განვითარება დიდ ქალაქებსა და რეგიონებს შორის, ზოგჯერ ეს არის 5- ჯერ, 10- ჯერ განსხვავებული. ამიტომ ელჩ ჰარცელთან ერთად იმერეთის გავლით წავალთ აჭარაში და ვეწვევით ევროკავშირის პროექტის ბენეფიციარებს, რომ განვიხილოთ ჩვენი სხვადასხვა პროექტი. საქართველო და ევროკავშირი ერთად უფრო ძლიერები არიან და ჩვენ მიერ გაწეული დახმარება იქნება საკეთილდღეო საქართველოს ყველა მოქალაქისთვის", - განაცხადა ლორენსმა.

5 219 ახალი ინფიცირებული, 42 გარდაცვლილი და ინფიცირების 46 872 მიმდინარე აქტიური შემთხვევა

ბოლო 24 საათში, 57 301 ტესტის შედეგად, ინფიცირების 5 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9.11%-ია. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 872 საიდანაც 5 679 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 300 ინფიცირებული. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 269 პაციენტი. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.11%, ბოლო 14 დღის - 8.79%, 7 დღის - 9.02%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 348 პაციენტი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 619 285-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 588 პირი ემსხვერპლა. ქვეყანაში COVID19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 675 771-ს. 1 003 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 40 190 პაციენტი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 19 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 261 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 32 777 ადამიანი.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 30 000-ს გადააჭარბა

აფხაზეთში ეპიდსიტუაციის გაუარესების ახალი ტალღა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. ინფიცირების შემთხვევები გაზრდილია ბავშვებშიც. ბოლო ხანს კორონავირუსი დაუდასტურდა 250-ზე მეტ მოზარდს. რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის ოპერატიულმა შტაბმა 836 ტესტირებიდან კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 226 შემთხვევა დაადასტურა. ოკუპირებულ აფხაზეთში, დაახლოებით 240 ათასი ადამიანი ცხოვრობს, 2020 წლის გაზაფხულიდან დღემდე 30 198 ინფიცირების და ოფიციალურად დადასტურებული და გარდაცვალების 434 შემთხვევა ფიქსირდება. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ტესტზე მიმართვიანობა, როგორც აცრის მაჩვენებლი საკმაოდ დაბალია.

განათლების სამინისტრო ერთ-ერთი არხის სიუჟეტს, თითქოს რამდენიმე სკოლა მერხებისა და სკამების გარეშე დარჩა ფეიკ ნიუსს უწოდებს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, თითქოს რამდენიმე სკოლა მერხებისა და სკამების გარეშე დარჩა, განცხადებას ავრცელებს. სამინისტრო აცხადებს, რომ აღნიშნული სიუჟეტი არის ტიპიური ფეიკ ნიუსი და მას სიმართლესთან მხოლოდ ის აკავშირებს, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია მართლაც მოხვდა შავ სიაში, ოღონდ მას შემდეგ, რაც აღნიშნული ტენდერი მოიგო. „სიუჟეტში საუბარია იმაზე, თითქოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ტენდერში გაამარჯვებინა კომპანიას, რომელიც შავ სიაში მოხვდა. სიუჟეტის მონაწილე რესპონდენტები კი საუბრობენ გარიგების კვალსა და კორუფციულ ინტერესებზე, რის გამოც ბიუჯეტმა თითქოს 2 მილიონით იზარალა. სამინისტრო აცხადებს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად ბიუჯეტს არცერთი თეთრით არ უზარალია და არცერთი სკოლა არ დარჩენილა მერხების ან სკამების გარეშე. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 2021 წლის 12 იანვარს გამოაცხადა კონსოლიდირებული ტენდერი სასკოლო მერხებისა და სკამების სახელმწიფო შესყიდვის თაობაზე, რომლის ფარგლებში, 2021 წლის 5 მარტს გამარჯვებული შპს გამოვლინდა. სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და გამარჯვებულ კომპანიას შორის 2021 წლის 17 მარტს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, ხოლო 29 ივლისს სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გადაწყვეტილებით, კონტრაქტორი კომპანია დარეგისტრირდა შავ სიაში. 2021 წლის 4 ოქტომბერს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ მიმართა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კონსოლიდირებული ტენდერების კომისიას სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე და 8 ოქტომბერს ხელშეკრულება შეწყდა. აღსანიშნავია, რომ შავ სიაში დარეგისტრირებულ კომპანიას, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში გარდა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიებისა, წარმოდგენილი აქვს საავანსო საბანკო გარანტია, რაც თავის მხრივ წარმოადგენს ავანსის სახით, წინასწარ გადარიცხული თანხის უზრუნველყოფის ღონისძიების საშუალებას. სააგენტომ წერილობით უკვე მიმართა გარანტორებს და მოითხოვა როგორც ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის, ასევე საავანსო საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხების ბენეფიციარისთვის გადარიცხვა. ზემოთ მოყვანილი ფაქტებიდან გამომდინარე, ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ფეიკ ნიუსის გავრცელება ცალსახად წარმოადგენს რამდენიმე სახელმწიფო ორგანიზაციის - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დისკრედიტაციის მცდელობას“, - ნათქვამია განათლების სამინისტროს განცახდებაში.

მომავალ კვირას კომპანია Facebook-ი სახელწოდების შეცვლას გეგმავს

მომავალ კვირას კომპანია Facebook-ი სახელწოდების შეცვლას გეგმავს. Reuuters-ის ცნობით, ამის შესახებ The Verge-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს. გამოცემა წერს რომ Facebook-ის ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი რებრენდინგის შესახებ ყოველწლიურ კონფერენციაზე Connect განაცხადებს, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართება. წყაროს ცნობით, ახალი სახელწოდება ამ ეტაპზე კორპორაციის ხელმძღვანელობისთვისაც კი უცნობია. Reuuters-ის ცნობით, ახალმა სახელწოდებამ უნდა ასახოს კორპორაციის მისწრაფება შექმნას ვირტუალური მსოფლიო - ე.წ. მეტასამყარო. The Verge-ის მონაცემებით, ახალი სახელწოდება შესაძლოა უკავშირდებოდეს Horizon-ს - Facebook-ის ახალ აპლიკაციას, რომელიც ვირტუალურ ოფისებში მუშაობისთვის გამოიყენება. კომპანიაში სახელწოდების შეცვლის შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოში ვიზიტს განაგრძობს

რეგიონული ტურნეს ფარგლებში, სამხრეთ კავკასიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოში ვიზიტს განაგრძობს. ხავიერ კოლომინა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდება. კოლომინასთან შეხვედრების დროს ყურადღება ქვეყნის წინაშე და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე გამახვილდება, ასევე ხაზი გაესმევა ალიანსში საქართველოს გაწევრების გადაწყვეტილების დაჩქარების აუცილებლობას. „საქართველო არის ნატო-ს ყველაზე თავსებადი და წინ წაწეული ასპირანტი გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორი; ჩვენი ქვეყანა მოქმედებს, როგორც ალიანსის პასუხისმგებლიანი წევრი, მას შეაქვს უდიდესი წვლილი ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში. საქართველოს ამ მნიშვნელოვან გზაზე აქვს შთამბეჭდავი პროგრესი და ჩვენი ქვეყანა არის ერთგული ვაშინგტონის ხელშეკრულების პრინციპების. ჩვენ ამ ყველაფრის გათვალისწინებით ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პრინციპული პოზიცია, რომ დადგა დრო, საქართველო დაწინაურდეს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე; ალიანსის გაფართოება ამ რეგიონში და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებისთვის, ისევე, როგორც ალიანსის წევრი სახელმწიფოების რუსეთიდან და სხვა მხრიდან მომდინარე საფრთხეებისგან დაცვისთვის“, – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბერაიამ. ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ გუშინ შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ასევე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას. მაღალი დონის ვიზიტი საოკუპაციო ხაზის მონახულებით დაიწყო.

რუსეთი საქართველოს ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს

ოფიციალურმა მოსკოვმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის მოქალაქე ანასტასია შატალოვას თბილისში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით ნოტა გაუგზავნა „რია ნოვოსტის" ცნობით, მოსკოვის ნოტა საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციამ გადასცა ქართულ მხარეს. მოსკოვი მოითხოვს საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებში არსებული ინფორმაცია ჩადენილი დანაშაულის ფაქტის შესახებ, რუსეთის შესაბამის უწყებებს მიეწოდოს.ასევე გაეწიოს საჭირო იურიდიული დახმარება გარდაცვლილის მამისთვის ცხედრის სწრაფად გადაცემის საკითხში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საკონსულო განყოფილების თანამშრომლები უშუალო კონტაქტში არიან თბილისში ჩამოსულ გარდაცვლილის მამასთან. „საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით ტარდება ყველა საჭირო ზომა საქართველოში მყოფი გარდაცვლილის ნათესავების ინტერესების დასაცავად, მათ შორის მისი არასრულწლოვანი ვაჟის, რომელსაც აქვს რუსეთის მოქალაქეობა,“- ნათქვამია უწყების განცხადებაში. ცნობისთვის, ანასტასია შატალოვა თბილისში ორი დღის წინ მოკლეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი.

მიხეილ სააკაშვილს პრევენციის მიზნით პოსპიტალში მოათავსებენ

იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს პრევენციის მიზნით პოსპიტალში მოათავსებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განუცხადა. „გავიარეთ კონსილიუმის დოკუმენტები და ყველა ერთ ტალღაზე ვართ - პრევენციული ჰოსპიტალიზაცია. ჯერ არ ვიცით, სად. ამაზე ვმუშაობთ“,- განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ. ექიმის განმარტებით, იმისთვის, რომ მიღებული გადაწყვეტილება აღსრულდეს, სააკაშვილის თანხმობაა საჭირო. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს ციხეში ხვალ დილით მოინახულებს და გადაწყვეტილებას გააცნობს. თანხმობის შემთხვევაში, მისი ჰოსპიტალიზაცია შაბათს, ან კვირას მოხდება "ვმსჯელობთ იმაზე, რომ სანამ სააკაშვილი ჰოსპიტალიზაციაზე თანხმობას განაცხადებს, შესაბამისი სამედიცინო პერსონალი ადგილზე იყოს მობილიზებული, რათა მდგომარეობის გართულების შემთხვევაში სამედიცინო დახმარება დროულად გაეწიოს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ იუსტიციის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სააკაშვილს ანალიზები ყოველდღიურად ჩაუტარდება. „ზოგადად, ექიმების შეფასებით, ამ წუთის მდგომარეობით ანალიზებისა და სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ შიმშილობის მე-19 დღეა, ნებისმიერ დროს შეიძლება, მდგომარეობა გართულდეს. ამიტომ, ისინი პრევენციის მიზნით, რეკომენდაციას უწევენ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციას. თუმცა, ამ ეტაპზე სააკაშვილს თანხმობა გაცემული არ აქვს. ამიტომ, ვმსჯელობთ იმაზე, რომ სანამ სააკაშვილი ჰოსპიტალიზაციაზე თანხმობას განაცხადებს, ადგილზე იყოს მობილიზებული შესაბამისი სამედიცინო პერსონალი, რომ მას სამედიცინო დახმარება გაეწიოს, თუკი მდგომარეობა გართულდება“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. ამასთან, ლომჯარია განმარტა, რა შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ პაციენტს სამედიცინო დახმარება მისი ნებართვის გარეშე გაეწიოს. მისი თქმით, პატიმარს სამედიცინო მომსახურება არ გაეწევა, სანამ საღ გონებაზეა და საკუთარი ნების დაფიქსირება შეუძლია. თუმცა, თუ ვითარება იმდენად გართულდა, რომ პაციენტი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს, ამ შემთხვევაში ექიმები ვალდებულები არიან, მას სამედიცინო დახმარება გაუწიონ. „ძალიან დიდი იმედი მაქვს, მიხეილ სააკაშვილის თანხმობა იქნება, რათა გართულებები დაზღვეული იყოს“, - დასძინა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე მე-19 დღეა შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით კონსილიუმია შეკრებილი. სწორედ კონსილიუმის რეკომენდაციების თაობაზე ექიმებმა იუსტიციის სამინისტროში გამართეს შეხვედრა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი, სახალხო დამცველი და პარლამენტის წევრები - მიხეილ სარჯველაძე და დიმიტრი ხუნდაძე დაესწრნენ.

შსს ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შსს ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, 18 ოქტომბერს მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, სამი პირი - 1988 წელს დაბადებული ბ.ლ., 1983 წელს დაბადებული ბ.ხ. და 1977 წელს დაბადებული ლ.რ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბ.ლ.- მ მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, 1994 წელს დაბადებულ, ა.შ.- ს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა, მიღებული დაზიანებების შედეგად ა.შ. ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბ.ლ.-მ შემთხვევის ადგილი ბ.ხ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით დატოვა, რა დროსაც ბ.ხ.-ს მის მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ მოუყვა.სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბინის ჩხრეკის დაწყებამდე ბ.ლ. მისსავე საცხოვრებელ ბინაში, ფანჯრიდან გადახტომის მცდელობის დროს დააკავეს. პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.სამართალდამცველებმა, განზრახ მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, ბ.ხ.-ს მეგობრის, ლ.რ.-ის ბინის ჩხრეკა განახორციელეს.აღმოჩნდა, რომ ბინაში იმალებოდა ბ.ხ, რომელმაც საგამოძიებო ღონისძიების ჩატარების დროს ხელყუმბარა საბრძოლო მოქმედებაში მოიყვანა, ხოლო შემდეგ აივნიდან კორპუსის ქვემოთ, პერიმეტრზე მყოფი სამართალდამცველების მიმართულებით ისროლა, თავად კი მიმალვის მიზნით სხვა საცხოვრებელი სახლის აივანზე გადახტა.პოლიციამ ბ.ხ. მიმალვის მცდელობის დროს, მეზობელი საცხოვრებელი ბინის აივანზე დააკავა და მისი პირადი ჩხრეკის შედეგად კიდევ ერთი ხელყუმბარა ამოიღო.ბ.ხ.-ს მიერ სამართალდამცველების მისამართით ნასროლი ხელყუმბარა, გამნაღმველებმა გააუვნებელყვეს.პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია და ბ.ხ.-ს დაკავებაში სამართალდამცველებს ხელი შეუშალა ბინის მეპატრონე - ლ.რ.-მ.პოლიციელების მიმართ გაწეული წინააღმდეგობისთვის იგი ადგილზე იქნა დაკავებული მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 19-353 პრიმა, 353-ე, 236-ე, 260-ე და 375-ე მუხლებით მიმდინარეობს. ანასტასია შატალოვა 18 ოქტომბერს გვიან ღამით, საბურთალოზე, ნაქირავები სახლის სადარბაზოსთან მოკლეს, მას რამდენჯერმე ესროლეს. აღნიშნული მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ 18 ოქტომბერს, ბათუმის ყოფილი მერის, ზურაბ ბერიძის სახლიც გაჩხრიკა. შატალოვას და ბერიძეს საერთო შვილი ჰყავს. მცირეწლოვნის მეურვეობის საკიტხზე, მათ შორის სასამართლო დავა მიმდინარეობდა.

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ვიზიტის შედეგებს აფასებს

"საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე, ვეცადეთ, მოგვეძებნა გზები NATO-საქართველოს პარტნიორობის გასაძლიერებლად", - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტის შე ხავიერ კოლომინამ თბილისში მთავრობის წარმომადგენლებთან რამდენიმე შეხვედრა გამართა. "ახლახან დავასრულე ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიასთან ერთად ჩავედი "ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან". მქონდა შესანიშნავი შეხვედრა მინისტრ დავით ზალკალიანთან და პარლამენტის სპიკერ კახა კუჭავასთან, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები როგორც მმართველი პარტიიდან, ასევე - ოპოზიციიდან. შევხვდი ქვეყნის პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს. NATO საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია", - წერს NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, NATO-სთვის საქართველოსთან აქტიური თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. "მე მსურდა გამემართა შეხვედრები ამ მნიშვნელოვანი პარტნიორის უმაღლეს წარმომადგნელებთან. მოგეხსენებათ, საქართველო ნატოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. ეს ის პარტნიორია, რომელიც უკვე სარგებლობს ჩვენს ხელთ არსებული ყველა პრაქტიკული მექანიზმით. ჩვენ გვსურს, რომ გვქონდეს ყოვლისმომცველი ურთიერთობა საქართველოსთან. ამ კუთხით, მე ბატონ ზალკალიანსაც განვუცხადე და მსურს კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩვენი მადლიერება იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც თქვენმა ქვეყნამ ბოლო წლების მანძილზე შეიტანა ავღანეთში, როგორც ერთ-ერთმა მთავარმა კონტრიბუტორმა ქვეყანამ. ასევე აღსანიშნავია საქართველოს როლი ბოლო კვირების მანძილზე ავღანეთიდან განხორციელებულ ევაკუაციის პროცესში. ნება მომეცით ხაზი გავუსვა NATO-ს როლს, როგორც 2008 წელს, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართულებით მიღებული გადაწყვეტილებების, ისე საქართველოს, საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კონტექსტში", - განაცხადა NATO-ს გენმდივნის წარმომადგენელმა მედიასთან. პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე, საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ასევე, მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს და რეფორმების ბოლომდე მიყვანის მნიშვნელობას სწრაფი დასავლური ინტეგრაციისთვის. განიხილეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარებაც. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს როლი რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ლევან იოსელიანი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია, ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე, ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრი თინათინ ბოკუჩავა და NATO-ში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ვიქტორ დოლიძე ესწრებოდნენ.

ვაშინგტონში რუსი ოლიგარქის, პუტინის მოკავშირე ოლეგ დერიპასკას სახლი გაჩხრიკეს

ტელეკომპანია NBC-მ დღეს ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქის და ალუმინის მაგნატის, ოლეგ დერიპასკას ვაშინგტონის სახლთან, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტების სიმრავლე დააფიქსირა. ადგილზე, 30-ე ქუჩის ერთ-ერთ სახლში სასამართლოს მიერ ავტორიზებული კანონის შესაბამისი აქტივობა მიმდინარეობდა, თუმცა არ დააზუსტა, ჩხრეკა დერიპასკას სახლში იყო, თუ არა. "ამერიკის ხმის" ინფორმაციით, მოსკოვში დერიპასკას წარმომადგენელს კომენტარი აქამდე არ გაუკეთებია. "როიტერის" მიერ გავრცელებულ ვიდეოშიც ჩანს მისი სახლი, რომლის შესასვლელიც პოლიციის ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. 53 წლის დერიპასკა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოკავშირე რუსი მილიარდერია, რომელიც ვაშინგტონს შავ სიაში ჰყავს შეყვანილი. ის სანქციებში 2018 წელს მოჰყვა, ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩარევის მცდელობის შემდეგ. დერიპასკამ სანქციები სასამართლოში გააპროტესტა, თუმცა - უშედეგოდ. 2018 წელს ფედერალებმა რუსი ოლიგარქის, ოლეგ დერიპასკას ქონება გაყინეს. აშშ-ში, მათ შორის მისი 42.5$ მლნ-ად შეფასებული სასახლე ნიუ-იორკში. მილიარდერი ბიზნესმენი დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ყოფილ ხელმძღვანელთან პოლ მანაფორტთან დაახლოებული პირი იყო, რომელიც გადასახადებისათვის თავის არიდებასა და თანხის დამალვაში დამნაშავედ ცნეს აშშ-ში. უცხოური მედიის ინფორმაციით, დერიპასკა, რომელმაც ძირითადად ალუმინის ბიზნესით დააგროვა ქონება, ახლოსაა ვლადიმირ პუტინთან და შესაძლოა გარეული იყოს მკვლელობის, ფულის გათეთრების, ქრთამის აღების და რეკეტის საქმეებში.

ანდრიუს კუბილიუსი: მმართველმა პარტიამ 19 აპრილის შეთანხმებიდან გამოსვლით, შარლ მიშელს უთხრა: „არ გვჭირდები, წადი"

"თუ თქვენ ნამდვილად გსურთ ინტეგრაცია, რეალური ინტეგრაცია და არა ცარიელი განცხადებები, საქართველომ გადაჭარბებულად უნდა შეასრულოთ არსებული გეგმა",- აღნიშნული განცხადება, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ქართველი ჟურნალისტებისთვის გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე გააკეთა. კუბილიუსის თქმით, მმართველმა პარტიამ 19 აპრილის შეთანხმებიდან გამოსვლით, შარლ მიშელს უთხრა: „კარგი, ჩვენ არ გვჭირდები, წადი!“- ამის შესახებ "გასაგებია ქართველი პოლიტიკოსების რეაქცია ევროპარლამენტიდან მომდინარე კრიტიკულ განცხადებებთან დაკავშირებით, მაგრამ თუ საქართველოს ნამდვილად სურს ევროკავშირთან ინტეგრაცია ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის წევრებმაც არსებულზე უკეთ უნდა იმუშაონ, რაც ჯერ არ ჩანს. მე მესმის ქართველი პოლიტიკოსების რეაქცია გარკვეულ კრიტიკულ განცხადებებზე, რომელიც მოდის ევროპარლამენტიდან, ეს ის არის, რასაც ზოგჯერ პოლიტიკოსები აკეთებენ, საკმაოდ პოპულარულია ევროკავშირშიც კი ყველაფერში ბრიუსელის დადანაშაულება. მაგრამ, მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ თუ თქვენ ნამდვილად გსურთ ინტეგრაცია, რეალური ინტეგრაცია და არა ცარიელი განცხადებები, თქვენ გადაჭარბებულად უნდა შეასრულოთ არსებული გეგმა. თქვენს ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, თქვენს მინისტრებს, პარლამენტის წევრებს სჭირდებათ, რომ უკეთ იმუშაონ, რათა დაარწმუნონ და შექმნან დადებითი აღქმა ბრიუსელში, ინსტიტუციებს შორის და სამწუხაროდ, ამ დროის განმავლობაში ეს სწორედ ის არის, რაც მათ აკლიათ. მე, მაგალითად, არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა მმართველმა პარტიამ, რომ გამოსულიყო 19 აპრილის შეთანხმებიდან. პოლიტიკური თვალთახედვიდან, ზოგადი პოლიტიკური თვალთახედვიდან, ეს იყო დიდი შეცდომა. შარლ მიშელი არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და ის პირადად ჩაერთო ქვეყნის შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანის პროცესში და მმართველმა პარტიამ მას უთხრა: „კარგი, ჩვენ არ გვჭირდები, წადი!“ ეს ის არ არის თუ როგორ უნდა ეძებდნენ ქვეყნები შესაძლებლობას, რომ გეგმა არსებულზე უკეთ შეასრულონ“,- განაცხადა კუბილიუსმა.

ძლიერმა წვიმამ და მეწყერმა ლანჩხუთის რაიონის მოსახლეობა დააზარალა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ კვლავ პრობლემები შექმნა. წვიმის შედეგად ჩამოწოლილმა მეწყერმა შიდა მიმოსვლის გზებზე გადაადგილების პრობლემა შექმნა. ბოლო მონაცემებით დაზიანებულია 11 ხიდი, დატბორილია საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანებულია შიდა გზები. ამ დროისთვის ყველა მონაკვეთი გაწმენდილია და აღდგენილია საგზაო მოძრაობა. დღის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა 7 ადმინისტრაციულ ერთეულს. "ენერგო პრო ჯორჯიას" ბრიგადების მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ელექტროენერგიის მიწოდება მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში აღდგა. ადგილზე დილიდან იმყოფებოდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი და ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის თანამშრომლები. შესაბამისი კომისიის მიერ მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

ხვალ მეგის ქარდავას სასამართლო პროცესი გაიმართება

უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირების შემდეგ, მეგის ქარდავას საქმეზე ხვალ, პირველი სასამართლო სხდომა გაიმართება სასამართლო ელდარ ქობალიას, კობა მატკავას და მერაბ ყოლბაიას წამების საქმეებს განიხილავს. აღნიშნულ საქმეზე მეგის ქარდავას ბრალი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეობის პერიოდთან დაკავშორებით წამების მუხლით აქვს წარდგენილი. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 16:00 საათზეა ჩანუშნული. შეგახსენებთ, ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის 11 საქმეა აღძრული, მათგან ნახევარში ქარდავა უკვე მსჯავრდებულია. ყოფილ მაღალჩინოსანზე ძებნა 2013 წელს გამოცხადდა. საქართველოს მიერ ძებნილი ქარდავა უკრაინაში პირველად 2017 წელს ყალბი პასპორტების აღმოჩენის გამო დააკავეს. დაკავებული უკრაინას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვდა. 4 წლიანი პროცედურების შემდეგ უკრაინის სამართალდამცავმა უწყებებმა ქარდავა ხელმეორედ დააკავეს და 13 სექტემბერს უკრაინის სასამართლომ მისი ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მას საქართველოს გარდა, უკრაინის, ლატვიისა და ბელიზის მოქალაქეობის დამატასტურებელი ფიქტიური მოწმობები ჰქონდა, სარგებლობდა ომარ ძანძავას სახელზე გაცემული პასპორტითაც. საქართველოში, მეგის ქარდავას მძიმე ბრალდებები სისხლის სამართლის 11 საქმეზე წარედგინა, მათ შორის 5 საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დაუსწრებლად დადგა. ყოფილმა მაღალჩინოსანმა ქვეყანა 2012 წელს, ოქტომბრის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ დატოვა. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, პატიმრების წამების ეპიზოდზე, მეგის ქარდავას 7 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა. გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 2006 წლის ციხის ბუნტის საქმეზეც - მეგის ქარდავა ისევ პატიმარების მიმართ, არაადამიანურ მოპყრობაში დამნაშავედ სცნეს და 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. იგივე სასჯელი მიესაჯა ქარდავას ზუგდიდის პოლიციაში ბელა როგავას დამამცირებელი მოპყრობის საქმეზე. ე.წ. კასრების საქმეში წამებასა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მეგის ქარდავას სასჯელი 9 წლით განესაზღვრა. 9 წელი მიესაჯა პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამებით გარდაცვალების საქმეზეც. თბილისის საქალაქო სასამართლო მეგის ქარდავას წინააღმდეგ, 6 საქმეს ჯერ კიდევ განიხილავს. სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, მეგის ქარდავა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ორჯერ დაჯილდოვდა, კონსტიტუციური წყობილების დაცვისთვის და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის.

ევროპის სახალხო პარტია საქართველოში კანონის უზენაესობის შესახებ გაჩენილ კითხვებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ევროპის სახალხო პარტიის რამდენიმე დეპუტატი, საქართველოში კანონის უზენაესობის შესახებ გაჩენილ კითხვებთნ დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. ევროპის სახალხო პარტიის რამდენიმე დეპუტატის განცხადებით, ის ფაქტი, რომ საქართველოში ოპოზიციის ლიდერი და ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია, ბადებს კითხვას დევნის პოლიტიკური ხასიათის შესახებ. მათი თქმით, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებები მხოლოდ ადასტურებს პოლიტიკურ მოტივებს ბატონი სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეების უკან და სრულიად მიუღებელია ევროპული ტიპის მართლმსაჯულების სისტემაში და ძირს უთხრის ხალხის არჩევანს საქართველოს ევროპულ გზაზე. "საქართველომ, ევროკავშირთან ასოცირებულმა ქვეყანამ, აიღო ვალდებულება დაიცვას ევროპული ღირებულებები და პრინციპები, როგორიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. ქართველი ხალხი, რომელიც საქართველოს ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერია და საქართველოს ევროპელი პარტნიორები ელოდებიან მთავრობას და მმართველ პარტიას სრულად განახორციელონ და დაიცვან ეს პრინციპები და სტანდარტები. ახალგაზრდა ევროპულ დემოკრატიულ ქვეყნებში, რომლებიც კვლავ იბრძვიან პოსტ-ტოტალიტარული პოსტსაბჭოთა ჩვევებით, მაგალითად იანუკოვიჩის დროს უკრაინაში, ჩანს, რომ პოლიტიკურ ოპოზიციის ლიდერის, ყოფილი პრეზიდენტის ან პრემიერ მინისტრის დაკავება და პატიმრობა ასეთ ევროპულ ქვეყანაში დაუყოვნებლივ გააგზავნეთ გამაფრთხილებელი სიგნალი მსოფლიოს, რომ მოცემულ ქვეყანაში დემოკრატია და კანონის უზენაესობა შეიძლება გაუარესდეს. საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხეშია. მთავრობა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ამ ეტაპზე პირველადი პასუხისმგებლობა ეკისრება ამ სიტუაციასა და მის გადაწყვეტას. ისინი არჩევანის წინაშე დგანან-გააგრძელონ უარყოფითი შედეგების შემსუბუქება, გააძლიერონ პოლარიზაცია და უნდობლობა შიდა და საერთაშორისო დონეზე, სანამ სააკაშვილი ციხეში დარჩება, ან დაუბრუნონ თავიანთი აქცენტი კანონის უზენაესობისა და ევროპული ტიპის მართლმსაჯულების სტანდარტების დაცვაზე ევროპული მისწრაფებები. სააკაშვილის საქმე გადაეცა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ეს არის გზა, რათა ევროპული მართლმსაჯულება მივიღოთ საქართველოს მომავლისათვის უმნიშვნელოვანეს საქმეში და ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება მის განხილვებს და იმოქმედებს მისი დასკვნების შესაბამისად. სანამ ECHR განიხილავს საქმეს, სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს ციხიდან", - ნათქვამია ევროპის სახალხო პარტიის დეპუტატების ერთობლივ განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ევროპარლამენტარები: ანდრიუს კუბილიუსი, რიო ტერასი, რასა იუკნევიჩიენე,მირიამ ლექსმანი და სანდრა კალნიეტე. დავით ზალკალიანი: დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრებზე, არცერთხელ დასმულა საკითხი, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა საქართველოს ევროინტეგრაციას ხელს უშლის

დავით ზალკალიანი: დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრებზე, არცერთხელ დასმულა საკითხი, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა საქართველოს ევროინტეგრაციას ხელს უშლის

"იმ არაერთ შეხვედრაზე, რომელსაც ევროპელ კოლეგებთან ვმართავ, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხი არ წამოწეულა და საერთოდ, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა საკითხი, რომ ეს რაღაცნაირად ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის შემდგომ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას", - ამის შსახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. მინისტრის თქმით, რა თქმა უნდა, ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან არის გარკვეული მოსაზრებები, ზოგი არის სუბიექტური იმ პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარე, რაც ყოფილ პრეზიდენტს მათთან ჰქონდა. „მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტის დაკავება მოხდა და ის სასჯელს იხდის საქართველოს პენიტენციურ სისტემაში, მრავალი შეხვედრა მქონდა ევროპელ კოლეგებთან, ევროპიდან ცოტა ხნის წინ დავბრუნდი, შეხვედრა მქონდა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანასთან, გუშინ საქართველოში ჩამოსული იყო ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე ვესწრებოდი პრემიერ-მინისტრთან აშშ-ის თავდაცვის მდივნის შეხვედრას და დღესაც ვიყავი NATO-ს გენერალურ წარმომადგენელთან, საერთოდ არ გვიმსჯელია ყოფილ პრეზიდენტზე და იმასთან დაკავშირებით, რომ ის სასჯელს იხდის იმ დანაშაულებზე, რომელიც მას მისჯილი აქვს სასჯელი. ეს საუბრის თემა საერთოდ არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან არის გარკვეული მოსაზრებები, ზოგი არის სუბიექტური იმ პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარე, რაც ყოფილ პრეზიდენტს მათთან ჰქონდა, რა თქმა უნდა, ზოგი პარლამენტარია. მათ პარლამენტარობა და პოლიტიკოსობა შესაძლებლობას აძლევთ, რომ უფრო მეტად თავისუფალი იყვნენ განცხადებებში, მაგრამ უმაღლეს დონეზე, სახელმწიფოთა დონეზე, არც ერთ შეხვედრაზე მსგავსი საკითხი არ წამოწეულა და საერთოდ, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა საკითხი, რომ ეს რაღაცნაირად ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის შემდგომ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ყველა კარგად აცნობიერებს, რომ საქართველო არის სუვერენული ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისი ინსტიტუტები და ყველა პატივს სცემს ჩვენს ინსტიტუტებს. მიხეილ სააკაშვილს სასამართლოს მხრიდან აქვს მისჯილი, ის არის ბრალდებული-მსჯავრდებული კონკრეტულ კრიმინალურ საქმესთან დაკავშირებით და სასჯელს იხდის იმის მიხედვით, რაც განაჩენიც გამოტანილი იყო ქართული მართლმსაჯულების, ქართული სასამართლოს მხრიდან“, – განაცხადა ზალკალიანმა.

დროებითი მოთავსების იზოლატორში პატიმრის დაზიანების საქმეზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური განცხადებას ავრცელებს

დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებული პირისთვის დაზიანებების მიყენებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური განცხადებას ავრცელებს. "2020 წლის 18 ოქტომბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შემოვიდა შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებულ ბ. ხ. -ს სხეულზე არსებულ დაზიანებებთან დაკავშირებით. შეტყობინების მიღების შემდგომ, ბ. ხ. -სთან გარემოებების დაზუსტების მიზნით ჩატარდა გასაუბრება, რის საფუძველზეც, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან ბ ხ.-ს მიმართ განხორციელებული სავარაუდო არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა და ჩვენების მიცემის იძულების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’, ,,ე’’ და ,,ზ’’ ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 335-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით," - ნათქვამია განცხადებაში.

პრეზიდენტი NATO-ს გენერალური მდივნის ახლად დანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის ახლადდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს ხავიერ კოლომინას შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტმა ხავიერ კოლომინას NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელად დანიშვნა მიულოცა და მომავალი მჭიდრო ურთიერთობის გაგრძელებისათვის მზადყოფნა გამოთქვა. შეხვედრისას, რომელიც ორბელიანების სასახლეში ჩატარდა, საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს გენერალური მდივნის ახლადდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ადამიანთა უკანონო გატაცებებს, ჯანდაცვის სერვისებსა და ვაქცინაზე ხელმისაწვდომობას, მშობლიური ენაზე სწავლების აკრძალვას და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის საკითხებს ეხება. პრეზიდენტის განცხადებით, მაღალი დონის ვიზიტები და ნატოს მხრიდან საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები საქართველო - ნატოს მჭიდრო ურთიერთობებზე მეტყველებს. შეხვედრისას საუბარი შეეხო ნატოს მომავალი სამიტის მნიშვნელობას საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის პროცესში. მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში შექმნილ მდგომარეობას, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს და ამ მიმართულებით ალიანსთან სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობებს. ხავიერ კოლომინას განცხადებით, ალიანსისათვის მნიშვნელოვანია რეგიონის სტაბილურობა. პრეზიდენტის თქმით, რეგიონული სტაბილურობისათვის და შავი ზღვის უსაფრთხოებისათვის ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირის ჩართულობით სატრანსპორტო, საკომუნიკაციო და ინფრასტრუქტურული მიმართულებებით ერთობლივი პროექტების განხორციელება. ხავიერ კოლომინა მიესალმა საქართველოს ხელისუფლების აქტიურ ჩართულობას რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში. შეხვედრისას ისაუბრეს აშშ - საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში დადებულ ახალი მემორანდუმზე და ხავიერ კოლომინამ აღნიშნული შეთანხმების დადება საქართველოსთვის მნიშვნელოვან წარმატებად შეაფასა.