ახალი ამბები

კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლი საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ტოივო კლაარი საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ კლაარმა twitter-ზე დაწერა. „კვლავ ფრენა ბაქოში, თბილისსა და ერევანში შეხვედრებისთვის. ევროკავშირი პარტნიორებთან ერთად მუშაობს სამხრეთ კავკასიაში კეთილდღეობისა და მშვიდობისთვის“,- წერს ტოივო კლაარი. სომხეთის ომბუდსმენი: ყარაბაღში სროლის შედეგად ექვსი სომეხი ჯარისკაცი დაიჭრა რა საფრთხეს უქმნის საქართველოს ირან-აზერბაიჯანის დაპირისპირება და რუსეთის სავარაუდო ნაბიჯები რეგიონში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: აზერბაიჯანი და სომხეთი თეირანისთვის კარგი მეზობლები არიან, ამიტომ ჩვენ ერთმანეთის წინააღმდეგ მუშაობა არ შეგვიძლია აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი დასრულდა

ლოიდ ოსტინი: აშშ აფასებს საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევია

აშშ აფასებს საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევია. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის ტექსტი მის Twitter გვერდზე გავრცელდა მას შემდეგ, რაც თავდაცვის სამინისტროში დახვედრის ცერემონია გაიმართა. „მადლობა მინისტრ ბურჭულაძეს ასეთი თბილი მისალმებისთვის საქართველოში ჩემი პირველი ვიზიტის დროს. აშშ აფასებს საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს და ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევია“, - აღნიშნულია ლოიდ ოსტინის Twitter გვერდზე განთავსებულ ტექსტში. ცნობისთვის, ლოიდ ოსტინი საქართველოს დღეს ეწვია. აშშ და საქართველო შეთანხმებას გააფორმებენ, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად. ამავე თემაზე ოთხვარსკვლავიანი გენერალი 41-წლიანი კარიერით - ლოიდ ჯეიმს ოსტინის გზა თავდაცვის მდივნობამდე

საფრანგეთის ელჩმა ბელარუსი დატოვა

საფრანგეთის ელჩმა ბელარუსი დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Agence France-Presse-ი ავრცელებს დიპლომატს ქვეყნიდან წასვლა ოფიციალურმა მინსკმა 18 ოქტომბრამდე მოსთხოვა. გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია, თუმცა ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის ელჩი რამდენიმე დღის წინ ბელარუსში აკრძალული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. ამასთანავე, საფრანგეთმა ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს გამარჯვება არ აღიარა. ფრანგი დიპლომატი ნიკოლა დე ლაკოსტი საფრანგეთის ელჩის პოზიციას ბელარუსში 2020 წლიდან იკავებდა.

თამარ გაბუნია: სკოლებში ინფიცირების აქტიური გამოვლენა ხდება, თუმცა სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სკოლებში ინფიცირების აქტიური გამოვლენა ხდება, თუმცა სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელებას საფრთხე არ დაემუქრება. მისი თქმით, სასწავლო პროცესში პანდემიის აქტიური მართვის შედეგად შესაძლებელი იქნება სასწავლო პროცესის შენარჩუნება. „სკოლებში ფიქსირდება ინფიცირების აქტიური გამოვლენა, რის გამოც საჭიროების შემთხვევაში, წერტილოვანი ღონისძიებები ტარდება. შეიძლება კლასი გადავიდეს დისტანციურ რეჟიმზე. რამდენიმე სკოლა ასევე გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე. თუმცა სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და ვფიქრობ, აქტიური მართვის შედეგად შესაძლებელი იქნება ამის შენარჩუნება“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნია: კლინიკები კოვიდინფიცირებულებით დატვირთულია

"კლინიკები დატვირთულია, თუმცა თბილისში დატვირთვა ყველაზე ნაკლებია, რადგან მისივე თქმით, ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის გამო, დედაქალაქში ჰოსპიტალიზაციის ციფრებიც შედარებით მცირეა", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. „ეპიდემიური სიტუაცია საკმაოდ რთული რჩება. გასული 24 საათის განმავლობაში 2 400-ზე ოდნავ მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. სამწუხაროდ, 40-ზე მეტი გარდაცვალებაა. კლინიკები დატვირთულია. საყურადღებოა ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი. დღეიდან უკვე დაიწყო ე.წ. ვაქცინაციის მარათონი, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს, სოფლებსა და რაიონულ ცენტრებში აქტიურად ჩატარდეს ვაქცინაცია. 50 ლოკაციაა შერჩეული, რომ ვაქცინაციის მარათონი, რომელიც დღეიდან დაიწყო, მომდევნო დღეებში აქტიურად გაგრძელდეს თბილისიდან ჩასულ ბრიგადებთან ერთად“,- განაცხადა გაბუნიამ.

ეკატერინე ტიკარაძე: მნიშვნელოვანია, ბიზნესისთვის Covid-საშვის აპლიკაციის გამოყენება სავალდებულო გახდეს

"მნიშვნელოვანია, ბიზნესისთვის Covid-საშვის აპლიკაციის გამოყენება სავალდებულო გახდეს", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. როგორც ჯანდაცვის მინისტრი აღნიშნავს, ვაქცინაციის ტემპებისთვის მნიშვნელოვანია გარკვეული ირიბი რეგულაციები. მისივე თქმით, სწორედ გარკვეული სავალდებულო ღონისძიებით შეიძლება ვაქცინაციის წახალისება. "რამდენიმე ბიზნესი უკვე აქტიურად ჩაერთო მწვანე და წითელი პასპორტის აპლიკაციის გამოყენებაში. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმა მხარი დაუჭიროს ამ ინიციატივას. ამ კუთხით ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია ეს აპლიკაცია გახდეს სავალდებულო ყველა დაწესებულებისთვის და ყველა ბიზნესისთვის, რადგან სწორედ გარკვეული სავალდებულო ღონისძიებით შეიძლება, წავახალისოთ ვაქცინაცია. ჩვენ უკვე მზად გვაქვს ეს ინიციატივა, ამაზე ახლა საჭიროა ნება და თანხმობა. საერთოდ, მომხრე ვარ, რომ საზოგადოებას არ შეექმნას ზედმეტი დისკომფორტი, რადგან თითქმის ორი წელია, ისედაც რთულ ვითარებაში ვიმყოფებით, ეს კი საზოგადოების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე გავლენას ახდენს. მნიშვნელოვანია, რომ ეს აპლიკაცია პირველ რიგში, ამოქმედდეს ისეთ ბიზნესებში, რომელიც არ არის მოსახლეობისთვის პირველადი საჭიროების და ეტაპობრივად, უკვე შემდეგ გადანაცვლდეს ისეთ ლოკაციებზეც, რომელიც წარმოადგენს ჩვენი მოქალაქეების პირველად საჭიროებას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ კოვიდსაშვის ონლაინპლატფორმა შექმნა. პლატფორმის მეშვეობით, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქის კოვიდ სტატუსზე ინფორმაციის მიღება იქნება შესაძლებელი.

ეუთო აღმოსავლეთ უკრაინაში სამშვიდობო-სამეთვალყურეო მისიას აჩერებს

Reuters-ის ცნობით, აღმოსავლეთ უკრაინაში ეუთო სამშვიდობო მისიას წყვეტს. როგორც ეუთოს მისიის ხელმძღვანელი მისიის იაშარ ჰალით ჩევიკი აცხადებს, ეუთოს აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი, დონეცკში, სამეთვალყურეო მისიის შტაბ-ბინასთან, საპროტესტო გამოსვლები გახდა. დონეცკი უკრაინელი სეპარატისტების კონტროლის ქვეშ იმყოფება. „საქმე ეხება უსაფრთხოების მოსაზრებას, აქედან გამომდინარე და ჩვენი წესების თანახმად, ოპერაციას ვაჩერებთ“. განუცხადა Reuter-ს იაშარ ჰალით ჩევიკმა. რამდენიმე დღის წინ, ეუთოს მისიის შენობასთან 200-მდე პირი შეიკრიბა და უკრაინის არმიის მიერ გასულ კვირაში დატყვევებული სეპარატისტების ერთ-ერთი მეთაურის განთავისუფლებას მოითხოვდნენ. ეუთოს ექსპერტები აქამდეც იყვნენ საპროტესტო გამოსვლების მომსწრე. თუმცა ამჯერად, გავრცელებული ცნობით, პრორუსული სეპარატისტების მიერ ორგანიზებული საპროტესტო გამოსვლის მონაწილეები, როგორც ჩანს, შეეცადნენ გადაეკეტათ სასტუმროს შესასვლელი, სადაც სამშვიდბო მისიის ოფისია. სეპარატისტების მტკიცებით, 13 ოქტომბერს კონფლიქტის ხაზთან უკრაინის სამხედროებმა დააკავეს ანდრეი კოსიაკი, რომელიც, მათი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კოორდინაციის და კონტროლის ცენტრში თვითგამოცხადებული „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ წარმომადგენელია. უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთვის ის რუსეთის მოქალაქეა, რომელიც შედის რუს სამხედროთა ჯგუფში, რომელიც საიდუმლო სადაზვერვო ოპერაციებში მონაწილეობს. რუსეთი უარყოფს კიევის ბრალდებას უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტის გაჩაღებასა და იქ თავისი ნაწილების გაგზავნის შესახებ.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში არსებულ პოლიტიკაზე იმსჯელებენ

ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე დღეს ევროპული გაერთიანების ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელები შეიკრიბებიან. შეკრებილ დელეგაციას ხორვატიის საგარეო და ევროპული საკითხების მინისტრი გორდან გრლიჩ რადმანი უხელმძღვანელებს. ლუქსემბურგში გასამართ შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები სხვა საკითხებთან ერთად, დღის წესრიგით განიხილავენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში არსებულ პოლიტიკას. საგარეო უწყებების ხელმძღვანელები იმსჯელებენ ევროკავშირის ურთიერთობებზე „აღმოსავლეთ პარტნიორობასთან“ დაკავშირებით, კერძოდ, როგორ დაუახლოვდნენ ამ პროგრამაში შემავალი ქვეყნები ევროპულ გაერთიანებას ეკონომიკურად და პოლიტიკურად. დისკუსია მიეძღვნება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტრებისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მომზადების პროცესებს. „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ევროკავშირის თანამშრომლობის პროგრამაა, რომელშიც გაერთიანებულია საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი. საგარეო საქმეთა მინისტერიალზე ასევე განიხილავენ ავღანეთის, ტუნისის, დასავლეთ ბალკანეთის, ასევე სპარსეთის ყურის, ეთიოპიის, ნიკარაგუის საკითხებს.

ოთხვარსკვლავიანი გენერალი 41-წლიანი კარიერით - ლოიდ ჯეიმს ოსტინის გზა თავდაცვის მდივნობამდე

ამერიკელი თადარიგის ოთხვარსკვლავიანი გენერლის ლოიდ ჯეიმს ოსტინის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამთენიისას დაეშვა. ისტორიაში, აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს აქამდე ორჯერ სტუმრობდა. პირველად დონალდ რამსფელდი, 41- ე პრეზიდენტის, ბუშის ადმინისტრაციის დროს და მეორედ - ჩაკ ჰეგელი, 44-ე პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციიდან. დონალდ რამსფელდი საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდა, მათ შორის 2001 წლის დეკემბერშიც, რომლის შემდეგაც საფუძველი ჩაეყარა საქართველოში „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამას“, რომლისთვისაც აშშ-მ 64 მლნ გამოყო. რას ელის საქართველო დღევანდელი ვიზიტისგან, ვიდრე ამის შესახებ მოგიყვებით, გეტყვით, რომ აშშ-ის პირველი აფრო-ამერიკელი თავდაცვის მდივნის რიგით მესამე ვიზიტი, რომელსაც საქართველო ისტორიულს უწოდებს, დღეს დაიწყო, Europetime-მა კი მისი კარიერიდან საინტერესო დეტალები მოიძია. თავდაპირველად, ლოიდ ჯეიმს ოსტინმა შეერთებული შტატების თავდაცვის 28-ე მდივნად დანიშვნისას ფიცი 22 იანვარს დადო. ლოიდ ოსტინი ასევე გახლავთ პრეზიდენტის მთავარი თანაშემწე თავდაცვის დეპარტამენტთან დაკავშირებულ საკითხებში და მსახურობს ეროვნული უშიშროების საბჭოში. ლოიდ ოსტინი აშშ-ის სამხრეთ ნაწილში, ალაბამის შტატში, ქალაქ მობილში დაიბადა და ჯორჯიის შტატში, ტომასვილში გაიზარდა. მან შეერთებული შტატების სამხედრო აკადემია დაამთავრა. მას აქვს ხელოვნების მაგისტრის ხარისხი განათლების მიმართულებით ობურნის უნივერსიტეტიდან და ბიზნესის მართვის მაგისტრი ვებსტერის უნივერსიტეტიდან. გაიარა ქვეითი ოფიცრის ძირითადი და მოწინავე კურსები, არის არმიის სარდლობისა და გენერალური შტაბის კოლეჯის და არმიის სამხედრო კოლეჯის კურსდამთავრებული. 41-წლიანი კარიერა არმიაში მოიცავდა მეთაურობას დივიზიაში, ბატალიონისა და ბრიგადის დონეზე. ლოიდ ოსტინს მიენიჭა ვერცხლის ვარსკვლავი 2003 წელს, ერაყში ოპერაციის დროს, არმიის მე-3 ქვეითი დივიზიის ხელმძღვანელობისთვის. როგორც აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, რომელიც პასუხისმგებელი იყო ახლო აღმოსავლეთისა და ავღანეთის ყველა სამხედრო ოპერაციაზე, მისია დაასრულა. ამ დავალების დროს ის ხელმძღვანელობდა აშშ-ის და კოალიციის ძალისხმევას ერაყსა და სირიაში ISIS- ის წინააღმდეგ. შვიდი წლის შემდეგ არმიის გენერალი, მეთაურობდა აშშ-ის ძალებს ერაყში. ოსტინის თადარიგში გასვლის ცერემონია გაერთიანებული ბაზის მაიერ-ჰინდერსონის დარბაზში (არლინგტონი, ვირჯინია), 2016 წლის 5 აპრილს გაიმართა. ვიზიტი საქართველოში ლოიდ ოსტინის ოფიციალური შეხვედრების განრიგი მხოლო ორ აუდიენციას მოიცავს. პირველი შეხვედრა თავდაცვის მინისტრთან გაიმართება, შემდეგი მოლაპარაკება კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან შედგება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული განცხადებიდან გაირკვა, რომ აშშ და საქართველო გააფორმებენ შეთანხმებას, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად. ვიზიტის მიზნებზე კი პირველი გზავნილი თავად ლოიდ ოსტინმა Twitter-ზე განთავსებული პოსტიდან გვაცნობა. კერძოდ, მისი სიტყვებით, „აშშ ეხმარება საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობის განვითარებასა და ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლაში. მოუთმენლად ველი ჩემს შეხვედრებს საქართველოში“. უფრო ადრე კი პენტაგონმა განაცხადა: საქართველოში, სახელმწიფო მდივანი ოსტინი შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზგასმით აღნიშნოს ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირების კუთხით. ლიდერები განიხილავენ უსაფრთხოების სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას და ხელს შეუწყობენ რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას შავი ზღვის რეგიონში. ასევე პეტაგონის თანახმად, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ჯეი ოსტინი ევროპაში მიემგზავრება, რათა გაამხნევოს ფრონტის წინა ხაზზე მყოფი ქვეყნები. ამასთან, ლოიდ ოსტინი ევროპული ტურნეს დროს, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში ხაზს გაუსვამს, რომ NATO-ს კარი ღიაა და მოუწოდებს ქვეყნებს, განახორციელონ ცვლილებები მათთვის საჭირო თავდაცვითი ალიანსის წევრობისთვის. „ოსტინი ასევე აპირებს, ხაზი გაუსვას საქართველოს მიერ გაღებულ მსხვერპლს ავღანეთში, მტკიცე მხარდაჭერის მისიაში. სამივე ქვეყანა, რომელსაც აშშ-ის თავდაცვის მდივანი ეწვევა, ესაზღვრება შავ ზღვას და ოსტინი მათ ლიდერებთან ისაუბრებს შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ და შეეცდება, გააძლიეროს თანამშრომლობა ამ ხალხებს შორის“, - ვკითხულობთ თავდაცვის დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებულ ტექსტში. ამავე ინფორმაციაში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველოს და უკრაინის ტერიტორიები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. „რუსეთს საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20% აქვს ოკუპირებული. ლოიდ ჯეი ოსტინი ხაზს გაუსვამს როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში, რომ NATO-ს კარი ღიაა და მოუწოდებს ქვეყნებს, განახორციელონ ცვლილებები მათთვის საჭირო თავდაცვითი ალიანსის წევრობისთვის“, - წერია ინფორმაციაში. ამავე თემაზე პენტაგონი: თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოს ეწვევა, რათა წაახალისოს უფრო ფართო რეგიონული თანამშრომლობა შავ ზღვის რეგიონში აშშ და საქართველო შეთანხმებას გააფორმებენ, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად აშშ-ის ელჩი: აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი ამერიკისგან საქართველოს უსაფრთხოების განგრძობითი მხარდაჭერის ძლიერი სიგნალია აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოს დღეს ეწვევა

საქართველოში კორონავირუსი 2479 ადამიანს დაუდასტურდა, 42 გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსი 2479 ადამიანს დაუდასტურდა, 42 გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 2374. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 25 385 ტესტი, მათ შორის 15 522 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 863 PCR ტესტით. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 664 813-ს. 17 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.77%, ბოლო 14 დღის - 8.47% ხოლო 7 დღის - 9.07%. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 614 855-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 510 პირი ემსხვერპლა. 2 479 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 869 შემთხვევა, აჭარა - 117, იმერეთი - 474, ქვემო ქართლი - 128, შიდა ქართლი - 132, გურია - 50, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 220, კახეთი - 396, მცხეთა-მთიანეთი - 35, სამცხე-ჯავახეთი - 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18. ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 40 422, საიდანაც: 5 562 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 919, აჭარაში - 520, იმერეთში - 1 293. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 247, მათ შორის, თბილისში - 405, აჭარაში - 107, იმერეთში - 439. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 284 პირი, მათგან თბილისში - 142, აჭარაში - 26, იმერეთში - 29. 970 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 519 - თბილისში, 253 - აჭარაში. 33 890 სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 61 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 61, ხოლო აჭარაში - 0. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 17 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 258 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 27 836 ადამიანი.

საბურთალოზე ახალგაზრდა ქალი მოკლეს

თბილისში, საბურთალოზე, გვიან ღამით ქალი მოხდა. გავრცელებული ცნობებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან მას რამდენჯერმე ესროლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

აშშ და საქართველო შეთანხმებას გააფორმებენ, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად

საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივნის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. პენტაგონის ხელმძღვანელ სთბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრი დახვდა. დღესვე, ჯუანშერ ბურჭულაძე ლოიდ ოსტინს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლებს. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, ქართველი და ამერიკელი კოლეგები ორმხრივ შეხვედრას გამართავენ, სადაც აშშ-სა დასაქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. მოგვიანებით, ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოსა და აშშ-ის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები მედიის წარმომადგენლებისთვის განცხადებებს გააკეთებენ. დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის შეთანხმების გაფორმება, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად. ვიზიტის ფარგლებში ლოიდ ოსტინი შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს თავდაცვის ძალების ერთ-ერთ სამხედრო ბაზას ესტუმრება და ამერიკელი და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით ერთობლივ სწავლებას დაესწრება. "საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის საქართველოში ოფიციალური ვიზიტი ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში გამორჩეულ თანამშრომლობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. აღნიშნული ვიზიტი ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების კიდევუფრო გაღრმავებასა და პარტნიორობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოს დღეს ეწვევა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ჯეი ოსტინი ევროპაში მიემგზავრება, რათა გაამხნევოს ფრონტის წინა ხაზზე მყოფი სახელმწიფოები. ამ სათაურით ახალი ამბების კატეგორიაში პუბლიკაცია განთავსდა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ვებგვერდზე, რომელიც ოფიციალური პირების კომენტარებს ეყრდნობა. მისი მიხედვით, ოსტინი ევროპული ტურნეს დროს, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში ხაზს გაუსვამს, რომ NATO-ს კარი ღიაა და მოუწოდებს ქვეყნებს, განახორციელონ ცვლილებები მათთვის საჭირო თავდაცვითი ალიანსის წევრობისთვის. „ოსტინი ასევე აპირებს, ხაზი გაუსვას საქართველოს მიერ გაღებულ მსხვერპლს ავღანეთში, მტკიცე მხარდაჭერის მისიაში. სამივე ქვეყანა, რომელსაც აშშ-ის თავდაცვის მდივანი ეწვევა, ესაზღვრება შავ ზღვას და ოსტინი მათ ლიდერებთან ისაუბრებს შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ და შეეცდება, გააძლიეროს თანამშრომლობა ამ ხალხებს შორის“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში. თავდაცვის მდივანი, ლოიდ ჯეი ოსტინი III ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრება საქართველოში, უკრაინასა და რუმინეთში, ასევე ეწვევა ბელგიას NATO-ს თავდაცვის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 20-21 ოქტომბერს გაიმართება. პენტაგონის მიერ, 15 ოქტომბერს გავრცელებულ თავდაპირველ განცხადებაში თავდაცვის დეპარტამენტი აღნიშნავდა, რომ ევროპელ მოკავშირეებსა და პარტნიორებს მტკიცედ უჭერს მხარს შავი ზღვის მნიშვნელოვან რეგიონში რუსეთის მიერ დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების ფონზე. „თავდაცვის მდივანი მოუთმენლად ელის კოლეგებთან და სხვა მაღალი რანგის მოხელეებთან შეხვედრას, რათა განამტკიცოს ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულება უსაფრთხო, სტაბილური და წარმატებული ევროპის მიმართ. საქართველოში, სახელმწიფო მდივანი ოსტინი შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზგასმით აღნიშნოს ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირების კუთხით. ლიდერები განიხილავენ უსაფრთხოების სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას და ხელს შეუწყობენ რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას შავი ზღვის რეგიონში. უკრაინაში, მდივანი შეხვდება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და თავდაცვის მინისტრ ანდრი ტარანს, რათა დაადასტუროს ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ვიზიტის ფარგლებში განიხილავენ უკრაინის თავდაცვისა და თავდაცვის ინდუსტრიის რეფორმების განხორციელების პროგრესს, რომელიც აუცილებელია ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და შავის ზღვის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან რეგიონული თანამშრომლობის განსამტკიცებლად. რუმინეთში, მდივანი ოსტინი შეხვდება პრეზიდენტ კლაუს იოჰანისსა და ეროვნული თავდაცვის მინისტრ ნიკოლაე ჩუკას, რათა დაადასტუროს ერთგულება ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობისა და NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის მიმართ, აღნიშნოს რუმინეთის ლიდერობა ალიანსში პასუხისმგებლობის განაწილების კუთხით და გაუზიაროს მოსაზრებები შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებსა და რეგიონულ თანამშრომლობაზე. თავდაცვის მდივანი ასევე ეწვევა აშშ-ის როტაციულ ძალებს მიჰაილ კოგალნიჩანუს საჰაერო ბაზაზე. ბელგიაში, მდივანი ოსტინი პირველად დაესწრება პირადად NATO-ს თავდაცვის მინისტერიალს, სადაც ის შეხვდება მოკავშირე კოლეგებსა და გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს. სახელმწიფო მდივანი ოსტინი ყურადღებას გაამახვილებს NATO- ს სამხედრო ადაპტაციის განვითარებაზე და სამომავლო გამოწვევებისთვის ალიანსის მზადყოფნის უზრუნველყოფაზე. ის განამტკიცებს შეერთებული შტატების ერთგულებას NATO-ს მიმართ და ხაზს გაუსვამს შტატების ფუნდამენტურ როლს ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაში. გარდა ამისა, მდივანი ოსტინი გამოიყენებს შესაძლებლობას, ვიზიტის დროს მოინახულოს თავდაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები სხვადასხვა ქვეყანაში, გაეცნოს მათ როლს რეგიონში, მადლობა გადაუხადოს მათ და მათი ოჯახის წევრებს თავდაცვის დეპარტამენტის მისიასა და ქვეყნის თავდაცვაში შეტანილი წვლილისთვის“, - აღნიშნული იყო პენტაგონის განცხადებაში. პირველად 12 ოქტომბერს დააანონსა თავდაცვის დეპარტამენტმა, რომ ლოიდ ოსტინი საქართველოს ეწვევა.

სუს-ი: სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს სუს-ის უფროსის მოადგილის სახლი გაქურდეს, გაძარცულია სუს-ის თანამშრომლის სახლი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 28 სექტემბერს მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ აღნიშნულ დღეს თითქოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის სახლი გაქურდეს. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 28 სექტემბერს მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტის შესახებ.გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის სახლი გაქურდეს სიმართლეს არ შეესაბამება. ასევე სრული სიცრუეა თითქოს, ქურდობისას სახლიდან გაქრა სამსახურებრივი მეხსიერების ბარათი. გაქურდულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული დანაყოფის ერთ-ერთი თანამშრომლის ოჯახის კუთვნილი სახლი. საცხოვრებელი სახლიდან წაღებულია საოჯახო ნივთები. ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის ელჩი: აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი ამერიკისგან საქართველოს უსაფრთხოების განგრძობითი მხარდაჭერის ძლიერი სიგნალია

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანის, ლოიდ ოსტინის ვიზიტი ამერიკის მხრიდან საქართველოს უსაფრთხოების განგრძობითი მხარდაჭერის ძლიერი სიგნალია. მისივე თქმით, შეხვედრები ფოკუსირებული იქნება იმაზე, რა შეუძლიათ კიდევ მეტი გააკეთონ საქართველოს უსაფრთხოების შესაძლებლობების გასაძლიერებლად. „ძალიან, ძალიან მოხარული ვარ, რომ ხვალ თავდაცვის მდივანი ოსტინი ჩამოდის საქართველოში. ეს არის ამერიკის მხრიდან საქართველოს უსაფრთხოების განგრძობითი მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი. შეხვედრები ფოკუსირებული იქნება იმაზე, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ერთად უფრო მეტად, რათა გავაძლიეროთ სააქართველოს უსაფრთხოების შესაძლებლობები", - განაცხადა კელი დეგნანმა.

აშშ-ის ელჩი: აშშ-ის საელჩო, ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება სააკაშვილის მდგომარეობას და არსებულ ვითარებას

"ვაშინგტონიც და აშშ-ის საელჩოც ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს მიხეილ სააკაშვილის გარშემო არსებულ მოვლენებს", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. მისივე თქმით, ასევე ყურადღებას ამახვილებენ არჩევნების საკითხზეც. ელჩის განმარტებით, მნიშვნელოვანია, მომავალი პერიოდი იყოს მშვიდი და შეიქმნას შესაბამისი გარემო არჩევნების ჩასატარებლად. „ვიცი, რომ ბევრი ქართველი ყურადღებას აქცევს სააკაშვილთან დაკავშირებულ მდგომარეობას, მის სიტუაციას. ასევე, ვაშინგტონი და აშშ-ის საელჩო ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს მის გარშემო არსებულ მოვლენებს. მიმაჩნია არსებობს სივრცე, რომ წინასაარჩევნოდ პარტიების მხრიდან ყურადღების გადატანა ამომრჩევლებთან ურთიერთობაზე მოხდეს, პროგრამების გაცნობის კუთხით და მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო პერიოდი არჩევნებამდე იყოს მშვიდი და შესაფერისი იმისათვის, რომ ჩატარდეს კარგი არჩევნები“, - განაცხადა კელი დეგნანმა. ელჩის თქმით, მისი მხრიდან არ იქნება მართებული მთავრობისთვის თქმა, რა უნდა გააკეთონ. "რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნების მეორე რაუნდისთვის გარემო მშვიდი იყოს, არჩევნები ჩატარდეს ისეთ გარემოში, რომ საზოგადოებას ჰქონდეს უსაფრთხოების განცდა და გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. ვფიქრობ, ფოკუსი უნდა გაკეთდეს ამ საკითხებზე, კანდიდატებზე და არა ერთმანეთზე თავდასხმებზე, მით უმეტეს არა ძალადობასა და რაიმე სახის აგრესიულ გამოსვლებზე“, - აღნიშნა ელჩმა.

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი: სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია ამ წუთში არ არის საჭირო

პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, ამჟამად ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ არის. როგორც ექიმი განმარტავს, მიხეილ სააკაშვლი მორალურად კარგად გრძნობს თავს, თუმცა სიარული უჭირს და სისუსტე აქვს. „შეიძლება, დაჭირდეს კონსილიუმის ადრე დანიშვნა, ვიდრე სამშაბათს. ვნახოთ, დღევანდელი დღე როგორ იქნება. მორალურად ძალიან კარგად არის, მაგრამ უჭირს სიარული. ბოლო კვლევებს გავეცანი, წინასთან შედარებით დიდი განსხვავება არ არის. აქვს სისუსტე, უფერულობა. ვთქვათ, ადამიანს გრიპი გადახდა, დაახლოებით ასეა. ჰოსპიტალიზაცია ამ წუთში არ არის საჭირო, ვნახოთ. ძირითადად ვისაუბრეთ ჯანმრთელობაზე. მე ახლა წავალ სახლში, დავურეკავ ციხის მთავარ ექიმს. შემდეგ უნდა გადაწყვიტონ, რაკი ხვალ ვგეგმავ მონახულებას. ჩემი რჩევა და რეკომენდაცია არის, კონსილიუმი შედგეს უფრო ადრე, ვიდრე სამშაბათს. ექიმებმა უნდა თქვან, რა გავაკეთოთ შემდეგ", - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილის მონახულების შემდეგ. იუსტიციის მინისტრის მოთხოვნით, ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეისწავლის.

პატრიარქის თანამოსაყდრე: ბოროტება ზოგჯერ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღვკვეთოთ და შევაჩეროთ

"ბოროტება ზოგჯერ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღვკვეთოთ და შევაჩეროთ. დღეს საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე. სხვათა შორის, ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას, ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე. ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია", - ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება, ასევე ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც, უნდა მოვიკვეთოთ ასეთი ადამიანი. „ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს მისი დალოცვა! დღეს, როგორც ყოველ კვირა დღეს, როდესაც სიმრავლე ხალხისა იკრიბება ტაძრებში, იკითხება ხოლმე სახარების გამორჩეული მონაკვეთები. დღევანდელ სახარებაში იყო შემდეგი სიტყვები უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი: „როგორც გსურთ, რომ მოგეცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ". აი, ასეთია უფლის ეს თითქოს მოკლე და მარტივი სწავლება; ეს კანონი, ეგრეთ წოდებული ოქროს წესი, ყველამ მშვენივრად ვიცით. იგი გვხვდება ძველ აღთქმაშიც, მაგალითად, „ზირაქის სიბრძნეში“, რომელშიც ნათქვამია: ,,ნუ დაუგებ სხვას მახეს, თორემ შენ თავადვე გაებმები მასში!" ე. ი. თუ ვინმეს ბოროტებას გაუკეთებ, აუცილებლად შენც იგივე ბოროტება შეგემთხვევა. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ გვავიწყდება ეს სწავლება, ეს ოქროს წესი, ძალიან ადვილად განვიკითხავთ, უდიერად ვსაუბრობთ მოყვასებზე, საკუთარ თავს კი იშვიათად განვიკითხავთ. თქვენ იცით, რომ უფალმა ბრძანა, ახალ მცნებას გაძლევთო; ანუ ამ სიტყვებთან ერთად ისიც თქვა, რომ მარტო თქვენს ახლობლებსა და მოყვარულებს თუ ჰყვარობთ და სიკეთეს უკეთებთ, რა საზღაური იქნება ეს ქრისტიანისთვის, რადგან წარმართებიცა და ცოდვილნიც - ცოდვილებში ამ შემთხვევაში წარმართები იგულისხმებიან - ჰყვარობენ და სიკეთეს უკეთებენ თავიანთ ახლობლებსო. და დასძენს უფალი: ,,ხოლო თქვენ გიყვარდეთ თქვენი მტრები და სიკეთეს უკეთებდეთ მათ და იქნება თქვენი საზღაური დიდი და იქნებით ძენი მაღლისა, ვინაიდან იგი ტკბილია, იგი კეთილია ბოროტთა და უმადურთა მიმართაც!" ასეთი საოცარი სიტყვებია დღევანდელ სახარებაში. ე. ი. ,,გიყვარდეთ მტერნი თქუენნი!" ახალი აღთქმიდან ალბათ ეს არის ჩვენთვის ყველაზე რთული სიტყვები გასაკეთებლად, აღსასრულებლად და გასაგებად. თუმცა შეუძლებელი არ არის, ვინაიდან უფალი გვასწავლის ამას, რაც ნიშნავს, რომ ყოველივე შესაძლებელია ღვთის მადლით თუ ჩვენ ამას მოვისურვებთ. აი, დღეს ძალიან მოკლედ გავერკვეთ, ვინ არის ჩვენი მტერი? აქ, რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ პირად მტერს და არა სამშობლოს დამპყრობელს, იმ გარემოებას, როდესაც ჩვენ იძულებული ვართ, იარაღი ავიღოთ ხელში და ვიომოთ. აქ ეს იმიტომ არ იგულისხმება, რომ ასეთ მტერთან შებრძოლება ყოველთვის გმირობად ირაცხებოდა ეკლესიის მიერ. აქ საუბარია პირად მტრებზე. ვინ არიან ისინი? ვინც ჩვენ გარშემო იმყოფებიან, ეს არიან ადამიანები, რომლებიც, პირველ რიგში, ჩვენი სულის გადარჩენას უშლიან ხელს, ამაში გვებრძვიან. გარდა ამისა, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენს სიცოცხლეს ემუქრებიან, ჩვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ხელყოფენ, ჩვენს კეთილ სახელს ლახავენ ცილისწამებებით, შეგნებულად გვემტერებიან. აი, ასეთი ადამიანები არიან ჩვენი მტრები. ჩვენ ზოგჯერ ისეთ ხალხს ვუწოდებთ მტრებს, რომლებიც სინამდვილეში მტრები კი არ არიან, არამედ, ნებსით თუ უნებლიეთ, გარკვეულ უსიამოვნო მდგომარეობაში გვაყენებენ. და რას ნიშნავს ,,გიყვარდეს მტერი", როგორ უნდა გამოხატო სიყვარული მტრისა? აი, დღევანდელი სახარება გვასწავლის ამას: მოექეცი სხვას ისე, როგორც შენ გინდა, რომ მოგექცნენ. აქ არ წერია და არც იგულისხმება, რომ მტრისადმი სიყვარული უნდა იყოს რაიმე გრძნობა, რომელიც ჰგავს ემოციას ან ტრფიალებას. მტრის სიყვარულში იგულისხმება - არ გაუკეთო ბოროტი მას, შური არ იძიო მასზე და არ უპასუხო ბოროტებით. ეს ყველაფერი კი სულაც არ ნიშნავს, რომ წაახალისო ბოროტება, წაუყრუო, ვინაიდან ბოროტება ყოველთვის ბოროტებაა და მას უნდა ვებრძოლოთ, იგი უნდა შევაჩეროთ და, შეძლებისდაგვარად, ეს უნდა მოხდეს სიყვარულით, მოწყალებით, დარიგებით, ქველმოქმედებით. ამასთან, მინდა, თქვენი ყურადღება იმაზეც გავამახვილო, რომ აქ ჩამოთლილი ხერხების გარდა, ბოროტება ზოგჯერ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღვკვეთოთ და შევაჩეროთ. დღეს საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე. სხვათა შორის, ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას, ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე. ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია და, გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება, ასევე ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც, უნდა მოვიკვეთოთ ასეთი ადამიანი, პირად მტერზეა საუბარი, მოვიკვეთოთ ჩვენი ცხოვრებიდან ან საზოგადოებიდან. შეგახსენებთ პავლე მოციქულის სიტყვებს: ,,მოიკვეთეთ უკეთური!" იგი პირდაპირ აცხადებს ამას. და უფალი იესო ქრისტეც ამბობს, რომ ,,თუ შენს წინააღმდეგ შესცოდავს შენი ძმა, მიდი და ამხილე იგი, თუ გაგიგონებს და მოინანიებს, შეგიძენია შენი ძმა, თუ არა, ორი ან სამი ადამიანი წაიყოლე და მათი თანდასწრებით ამხილე. თუ მათაც არ გაუგონებს, კრებულთან მიიყვანე და კრებულის თანდასწრებით უთხარი ეს ყველაფერი, და თუ კრებულსაც არ გაუგონებს და არ მოინანიებს"; და გახსოვთ რას ამბობს უფალი? ,,იყოს ასეთი ადამიანი შენთვის, როგორც წარმართი, მებაჟე და მეზვერე!" თუ რას ნიშნავს ებრაელისთვის წარმართი, მებაჟე და მეზვერე, თქვენ მშვენივრად გემახსოვრებათ: როდესაც ებრაელი ხვდებოდა მეზვერეს ან წარმართს ქუჩაში, იგი ქუჩის მეორე მხარეს გადადიოდა. სწორედ აქ ჩანს მშვენივრად, თუ რა არის საფუძველი შერიგებისა, შენდობისა. ამიტომ ჩვენ, როდესაც ხდება რაღაც გარემოებები, ქრისტიანები უნდა ვეცადოთ, ვიაზროვნოთ სახარებისეულად და გავიხსენოთ, რას ამბობს ამაზე უფალი ჩვენი იესო ქრისტე. აი, ეს მინდიდა, მეთქვა თქვენთვის. ამგვარად, ვეცადოთ, ჩვენს მტრებში ღვთის ქმნილება დავინახოთ. თუ ის დაცემულია, სულიერად დაავადებული, მაშინ სჭირდება მკურნალობა, მიდგომა ზემოთ ჩამოთვლილი სხვადასხვა საშუალებით და არა ბოროტებითა და სიძულვილით. საბოლოო ჯამში, აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენს გულში არ იყოს სიძულვილი, შურისძიება, რადგან მაშინ სულიწმიდის მადლი არასოდეს შემოვა ჩვენში და, შესაბამისად, სულის გადარჩენასაც ვერ მივემთხვევით. ე. ი. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რომ არ ვიძიოთ შური, არ ვუსურვოთ ბოროტი ჩვენს მტერს. თუ ამას მივაღწევთ, უკვე დიდი გამარჯვება იქნება საკუთარ თავზე. და უფრო მეტიც, უფალი მოგვიწოდებს, რომ არა თუ ვიძიოთ შური, არამედ სიყვარულიც გამოვავლინოთ. ვიმეორებ, ეს სიყვარული არ არის ემოცია, გრძნობა, როგორც ბევრს ჰგონია, არამედ გაუკეთო სიკეთე მტერს, მოექცე სიყვარულით, ანუ ეს არის სახარებისეული არა გრძნობა, არამედ ადამიანის თვისება. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. ვეცადოთ, ღვთის შეწევნით, ეს მცნება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - „გიყვარდეთ მტერნი თქვენი და ისე მოექეცით ადამიანებს, როგორც გინდათ, რომ თქვენ მოგექცნენ“, - შევასრულოთ, რადგან ადამიანთა სიყვარული მეშვეობით, ჩვენ შევიყვარებთ ღმერთსაც, შევიმეცნებთ ღმერთსაც. რატომ? იმიტომ, რომ „ღმერთი სიყვარულ არს“! და სიტყვებისამებრ პავლე მოციქულისა: ,,ვინც შეიყვარებს მოყვასს, მან აღასრულა რჯული". ამინ! ჩვენ დღეს ვაჯილდოებთ დეკანოზ კონსტანტინე გიორგაძეს გამშვენებული ჯვრითა და მიტრით! იგი მიემგზავრება პეტერბურგში ჩვენს ქართულ სამრევლოში სამოღვაწეოდ და ამასთან დაკავშირებით, ასევე მის მსახურებასთან დაკავშირებით , მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის ბრძანებულებით, იგი ჯილდოვდება გამშვენებული ჯვრითა და მიტრით. გილოცავთ, აქსიოს“, - აღნიშნა მეუფე შიომ ქადაგებისას.

თურქეთის პრეზიდენტი: აშშ-მა თურქეთს „F-35“-ის პროგრამაში ჩადებული ინვესტიციების ნაცვლად „F-16“ ტიპის ავიაგამანადგურებლები შესთავაზა

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, აშშ-მა თურქეთს „F-35“-ის პროგრამაში ჩადებული ინვესტიციების ნაცვლად „F-16“ ტიპის გამანადგურებლები შესთავაზა. Reuters-ის ცნობით, როგორც ერდოღანი აცხადებს, თურქეთს კვლავ სურს, „F-35“-ის პროგრამაში მონაწილეობა და მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა მიაჩნია რომ აშშ-ის მიერ შეთავაზებული „F-16“-ების შეძენა ქვეყნის საჰაერო დაცვის პოტენციალს მნიშნელოვნად გააძლიერებს. „F-35“-ის 100 ავიაგამანადგურებლის შესაძენად, თურქეთმა აშშ-ს 1,4 მილიარდ დოლარის ინვესტიცია გადაურიცხა, თუმცა აშშ-მ თურქეთი „F-35“-ის პროგრამიდან მას შემდეგ გაიყვანა, რაც ოფიციალურმა ანკარამ რუსეთისგან „S-400“ ტიპის სარაკეტო სისტემები შეიძინა. აშშ არაერთხელ დაემუქრა თურქეთს სანქციებით, თუ კვლავ შეისყიდიდა რუსული წარმოების იარაღს, თუმცა ერდოღანის განცხადებით, თურქეთი რუსული წარმოების სარაკეტო სისტემების შეძენას კვლავ გეგმავს.

იურისტების ჯგუფი: გირგვლიანის საქმეზე მოსამართლეების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს და ხელისუფლებას ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს

იურისტების ჯგუფი, ხელისუფლებას გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ორმაგი სტანდარტების გამოყენებაში ადანაშაულებს. აღნიშნულ თემათან დაკავშირებით, იურისტების ჯგუფმა სპეციალური განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით პასუხისგებაში მიეცნენ მაღალი თანამდებობის პირები - შსს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის თავმჯდომარე - ბაჩო ახალია და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ არ დამდგარა სამართალდამცავი სისტემის თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხი. "საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2011 წლის 26 აპრილს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქმეზე: „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ საქართველოს მიერ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. სტრასბურგის სასამართლომ მიუთითა რომ აღნიშნულ საქმეზე ხელისუფლების სხვადასხვა შტოები: გამოძიების ორგანოები, დევნის ორგანოები, პრეზიდენტი, სასჯელაღსრულებითი უწყება და სასამართლო შეთანხმებულად მოქმედებდნენ რათა არ განხორციელებულიყო მართლმსაჯულება. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აღნიშნულ საქმეზე დაიწყო ხელახალი გამოძიება და პასუხისმგებლობაში მიეცნენ მაღალი თანამდებობის პირები - მათ შორის შსს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის თავმჯდომარე - ბაჩო ახალია და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მეორეს მხრივ ნიშანდობლივია ის, რომ გირგვლიანის საქმის ფაბრიკაცია და მართლმსაჯულების გაყალბება მოხდა სწორედ სამართალდამცავი სისტემის თანამშრომლების - გამომძიებლების, პროკურორების, მოსამართლეების მიერ, თუმცა დღემდე არ დამდგარა მათი პასუხისმგებლობის საკითხი. აღნიშნული მეტყველებს იმას, რომ ქართულმა ოცნებამ წინა ხელისუფლების მანკიერი სამართალდაცვითი სისტემა გამდმოიბარა თავისი ფიგურანტებით და დღეს თავის სასარგებლოდ ამუშავებს. 2019 წლის 27 ივლისს ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ (კონსტიტუციის 42-ე მუხლის) მიერ გამოქვეყნდა კვლევა რომელიც ნათლად აჩვენებს, თუ როგორ გაამრუდეს მოსამართლეებმა მართლმსაჯულება გირგვლიანის საქმეზე. ეჭვს არ უნდა იწვევდეს ის გარემოება, რომ ეს გაყალბება მოხდა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან წინასწარი შეთანხმებით. სამოქალაქო სექტორმა არაერთგზის მოუწოდა ხელისუფლებას რომ დაეყენებინა გირგვლიანის მოსამართლეების პასუხისმგებლობის საკითხი, თუმცა მოხდა პირიქით, გირგვლიანის საქმის განმხილველი მოსამართლეები ნაირა გიგიტაშვილი და ლევან მურუსიძე უვადოდ დაინიშნენ. დღეს როდესაც გირგვლიანის საქმის ირგვლივ საზოგადოებრივი ინტერესი კვლავ გამოცოცხლდა, იურისტები ხელისუფლებას კვლავ მოუწოდებენ აირიდოს ორმაგი სტანდარტით მოქმედება და სამართალდამცავი სისტემა გაათავისუფლოს იმ საქმის ფიგურანტებისგან რომელიც მძიმე ლაქად ადევს ქართულ მართლმსაჯულებას", - აღნიშნულია იუისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: კახა წიქარიშვილი, კახა კოჟორიძე, მაია ბაქრაძე, ირაკლი კორძახია, ეკატერინე ციმაკურიძე, ბესიკ ლოლაძე, გიორგი ცობეხია, ირმა კაკიაშვილი, თამარ გეგელია, ირაკლი გაბრიჩიძე, ხათუნა გრიგალაშვილი, ირაკლი შავაძე, თამარ ხიდაშელი, უჩა ნანუაშვილი.