ახალი ამბები

საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ე.წ. დიაგონალური კუმულაცია ოფიციალურად ამოქმედდა

საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ე.წ. დიაგონალური კუმულაცია ოფიციალურად ამოქმედდა, რაც საშუალებას იძლევა საქართველოში თურქული ნედლეულით წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით განხორციელდეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, დიაგონალური კუმულაცია დამატებით სტიმულს მისცემს ადგილობრივი წარმოების განვითარებას და მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყანაში მეტი დამატებითი ღირებულების, ახალი საწარმოების, სამუშაო ადგილების შექმნასა და ახალი ინვესტიციების მოზიდვას. „ასევე ხელსაყრელ გარემოს ქმნის, რომ თურქეთიდან მზა პროდუქციის შემოტანის ნაცვლად, მოხდეს ნედლეულის შემოტანა-გადამუშავება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს სასარგებლოდ სავაჭრო სტრუქტურის გაჯანსაღებას თურქეთთან, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. გარდა ამისა, აღნიშნული შეთანხმების ამოქმედება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში თურქეთიდან ინვესტიციების შემოდინებასა და ერთობლივი კომპანიების ჩამოყალიბებას წაახალისებს. დიაგონალური კუმულაციის ამოქმედებით მოხდება საქართველოში არსებული სანედლეულო ბაზის გაფართოება - ქართველი მეწარმეები შეძლებენ თურქეთიდან არა მზა პროდუქცია, არამედ ნედლეული შემოიტანონ, ადგილზე თავად მოახდინონ პროდუქციის წარმოება და მისი გატანა ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, როგორც საქართველოში წარმოებული პროდუქტის. შედეგად, გაიზრდება როგორც საწარმოების, ასევე დასაქმებულთა რაოდენობა, რაც დამატებით წვლილს შეიტანს ჩვენის ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაში. მეტად განვითარდება სხვადასხვა სამრეწველო სექტორი, მათ შორის ტექსტილის, ავეჯის, საშენი მასალების, მინის, ელექტრომოწყობილობების წარმოების სექტორი, ასევე გაიზრდება იმ პროდუქციის ასორტიმენტი, რომელთა გატანაც ევროკავშირის ბაზარზე იქნება შესაძლებელი. ამასთან, დიაგონალური კუმულაციის ამოქმედება მეტად წარმოაჩენს საქართველოს, როგორც რეგიონალურ სავაჭრო ჰაბს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არჩევნების მეორე ტური 20 თვითმმართველ ქალაქსა და 42 ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება

საოლქო საარჩევნო კომისიებმა 2 ოქტომბრის არჩევნები კანონიერ ძალაში შესული საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების და ყველა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით შეაჯამეს. თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოს არჩევნების მეორე ტური 20 თვითმმართველ ქალაქსა და თემში და 42 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება. მაჟორიტარული სისტემით ჩასატარებელი არჩევნების მეორე ტურში გადავიდნენ შემდეგი საარჩევნო სუბიექტების წარდგენილი კანდიდატები: „ვადამდელი არჩევნები - ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „ევროპელი სოციალისტები“, „გახარია - საქართველოსთვის“, „თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)“, თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი - მეტი თავისუფლება“, საინიციატივო ჯგუფის (შემადგენლობით: სალომე მიქელაშვილი, გიორგი ჩხაიძე, სალომე ბარამიძე, ომარი ჭყონია, სალომე ლომინაძე) მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატი; ხოლო მერის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი საარჩევნო სუბიექტების წარდგენილი კანდიდატები: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, გახარია - საქართველოსთვის“, „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო, „საინიციატივო ჯგუფის (შემადგენლობით: ამირან ბაქანიძე, ალექსანდრე ბერიძე, ალიკო ტუღუში, დავით ჩანტლაძე, ვალერიან ცანავა) მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატი; მეორე ტურის დანიშვნის შესახებ შესაბამის გადაწყვეტილებას ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს დაგეგმილ სხდომაზე მიიღებს. მეორე ტური, კანონმდებლობის შესაბამისად, 30 ოქტომბერს გაიმართება. ცნობისთვის, 20:00 საათზე ცესკოში სხდომა გაიმართება, რომელზეც არჩევნების შედეგებს შეაჯამებენ.

პატრიარქმა მიმართვა გაავრცელა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ვეტერანების დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს. „ვეტერანების დღესთან დაკავშირებით მინდა, მივმართო ყველას, ვინც სამშობლოს დასაცავად თავი არ დაზოგა და მამულს ერთგულად ემსახურა. ბევრი მათგანი ზეციური საქართველოს მკვიდრი გახდა, ბევრიც კვლავ ჩვენს გვერდით არის და აგრძელებს ცხოვრებას. საქართველოს ეკლესიის წმინდანთა მეოხებით იმქვეყნად წასულნი უფალმა აცხოვნოს და სავანესა მართალთასა დააწესოს. ხოლო აქ მყოფთ და მათი ოჯახის წევრებს თვისი წყალობა მიჰფინოს და ჭეშმარიტების გზით ატაროს. უნდა ითქვას, რომ გაწეული ღვაწლისთვის ვეტერანებს სანაცვლო პატივი თითქმის არასდროს რგებიათ და არც არაფერი მოუთხოვიათ. ესაა სწორედ ქვეყნის სიყვარული. უანგარო მსახურნი ღმერთმა კვლავაც უმრავლოს საქართველოს!“, - აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში.

შეზღუდვების მოხსნის დაანონსების შემდეგ, აშშ-ში შესვლის მსურველი უცხოელებისთვის CDC-მ გაიდლაინი განაახლა

აშშ აცრილი უცხოელი მოგზაურებისთვის შეზღუდვებს 8 ნოემბრიდან მოხსნის. თეთრმა სახლმა 15 ოქტომბერს განაცხადა, რომ ყველა ქვეყნიდან ჩასული მგზავრისთვის ვაქცინაცია მოთხოვნა იქნება. სრულად ვაქცინირებულ უცხოელებს კარანტინის გავლა არ მოუწევთ. მგზავრებმა უნდა წარადგინონ ვაქცინაციის მტკიცებულება და აჩვენონ კოვიდტესტის უარყოფითი პასუხი. უცხოელ ვიზიტორებს, რომლებიც გადაკვეთენ სახმელეთო საზღვარს, არ სჭირდებათ ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა. მგზავრები აცრილი უნდა იყვნენ ამერიკის წამლისა და საკვების სააგენტოს, ან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული რომელიმე ვაქცინით. „სრულად აცრილი მოგზაურები ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაინფიცირდნენ და გაავრცელონ SARS-CoV-2 და ახლა უკვე შეუძლიათ, დაბალი რისკის ქვეშ იმოგზაურონ შეერთებულ შტატებში. ნიღბის ტარება საჭიროა თვითმფრინავებში, ავტობუსებში, მატარებლებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, აეროპორტებსა და სადგურებში. მოგზაურებს არ მოეთხოვებათ ნიღბის ტარება სატრანსპორტო საშუალების გარე პერიმეტრზე (მაგალითად, ბორანის ღია გემბანზე ან ავტობუსის ზედა ღია გემბანზე). სრულად აცრილ ავიამგზავრებს, რომლებიც ჩამოდიან შეერთებულ შტატებში საზღვარგარეთიდან, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეებს, კვლავ მოეთხოვებათ, ჰქონდეთ SARS-CoV-2 ვირუსული ტესტის უარყოფითი პასუხი ან COVID19-სგან გამოჯანმრთელების დოკუმენტაცია. შეერთებული შტატები ჩასულ საერთაშორისო მოგზაურებს კვლავ ურჩევს, გაიკეთონ კოვიდტესტი მოგზაურობიდან 3-5 დღის შემდეგ, მიუხედავად ვაქცინაციის სტატუსისა. სრულად აცრილ მოგზაურებს არ სჭირდებათ თვითიზოლაცია შეერთებულ შტატებში საერთაშორისო მოგზაურობის შემდეგ“, - წერს აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი. შეგახსენებთ, Washington Post-ი რამდენიმე დღის წინ წერდა, რომ Pfizer-ისა და Moderna-ს გარდა, შესაძლოა, ჩინური Sinovac-ი და Sinopharm-იც იყოს მისაღები ვაქცინა შეერთებულ შტატებში. თუმცა Europetime-მა CDC-ის განახლებულ სახელმძღვანელოს გადახედა, რომელშიც ჯერჯერობით, შემდეგი მითითებაა წარმოდგენილი: ადამიანები განიხილებიან სრულად ვაქცინირებულად: Pfizer-BioNTech-ის ან Moderna-ს მეორე დოზის მიღებიდან 2 კვირის შემდეგ, ან Johnson&Johnson-ის შემთხვევაში ერთი დოზის გაკეთებიდან ორი კვირის შემდეგ. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრები მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის წელიწადნახევრით იყო ჩაკეტილი. აშშ-ს საქართველო, წითელ, მეოთხე დონის კატეგორიაში, რისკის ზონაში ჰყავს შეყვანილი. „მოერიდეთ ამ მიმართულებებით მოგზაურობას. თუ თქვენ უნდა იმოგზაუროთ ამ მიმართულებებით, დარწმუნდით, რომ სრულად ხართ აცრილი მოგზაურობამდე“, - აღნიშნულია აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მითითებაში ქვეყნების შესახებ, რომელთა სიაში საქართველოც არის. ცნობისთვის, თუ საქართველოს მოქალაქე უკვე აცრილია ორი დოზა Sinopharm-ით ან Sinovac-ით და მისთვის სასურველი ქვეყანა არ აღიარებს ამ კონკრეტულ ვაქცინას, შეუძლია, დამატებით აიცრას, მაგალითად, Pfizer-ით.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საბჭოში აშშ-ის დაბრუნებას მხარი დაუჭირა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საბჭოში აშშ-ის დაბრუნებას მხარი დაუჭირა. საბჭო ამერიკამ პრეზიდნეტ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში, 2018 წელს დატოვა, ისრაელის წინააღმდეგ მიკერძოებულობაში ადანაშაულებდა და რეფორმის ნაკლებობაზე მიუთითებდა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა იანვარში დაიკავა თანამდებობა და პირობა დადო, რომ ადამიანის უფლებები იქნება მისი საგარეო პოლიტიკის ცენტრში. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო 2006 წელს, ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს იყო. შეიქმნა.

ბრიტანელი დეპუტატის მკვლელობას პოლიცია ტერაქტად განიხილავს

ბრიტანეთის პარლამენტის წევრის 69 წლის დევიდ ემესსის მკვლელობას პოლიცია ტერაქტად განიხილავს. ამის შესახებ BBC წერს. ბრიტანეთის პოლიციამ განაცხადა, რომ არსებობს პოტენციური კავშირი ისლამისტურ ექსტრემიზმთან. 25 წლის ბრიტანელი კაცი მკვლელობის ადგილზე დააკავეს. ბრიტანელი დეპუტატი, ქალაქ ლეი-ონ-სის ეკლესიაში, ესექსის საგრაფოში ამომრჩევლებთან შეხვედრისას დაჭრეს. პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის კონსერვატიული პარტიის წევრი, 69 წლის დევიდ ემესსი ადგილზე გარდაიცვალა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა მისი გადარჩენა ვერ შეძლო. პარლამენტის წევრის კოლეგების თქმით, დევიდ ემესსი რეგულარულად მართავდა შეხვედრებს თავის ამომრჩევლებთან. დევიდ ემესსი პირველად 1983 წელს აირჩიეს პარლამენტში. 2015 წელს მას დედოფალმა ელისაბედმა რაინდის ჯილდო გადასცა.

რუსთავის ციხესთან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ

რუსთავის ციხესთან შეკრებილები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას აპროტესტებენ. მედიაში გავრცელებული ცნობებით, ადგილზე იმყოფებიან რუსთავის მერიის თანამშრომლები, რუსთავის საკრებულოს უმრავლესობის წევრები და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის აქტივისტები. „აქციას სააკაშვილის მმართველობის დროს დაზარალებული ოჯახები მართავენ, რომელსაც მეც ვუერთდები", - განუცხადა რადიო თავისუფლებას გიორგი წილოსანმა, რუსთავის მერიის ერთ-ერთი აიპ-ის თანამშრომელმა. ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე სცენაა მოწყობილი, საიდანაც სიტყვით გამოსვლები მიმდინარეობს. აქციას გამოეხმაურნენ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“. „9 წლის შემდეგ „ოცნება“ ციხესთან მოშიმშილე პრეზიდენტის წინააღმდეგ აქციას მართავს. მთავარი საყრდენი: წითელაშვილი და კიტოვანი, ანუ რუსეთი. დაქცეული ქვეყნის მთავარი სიმბოლო კვლავ ცოცხი. ზიზღი, ცოცხი და სიბნელე“, - წერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი და ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, გასულ დღეეებში, ამავე ტერიტორიაზე რამდენიმე აქცია გაიმართა. 7 ოქტომბერს კი, ონლაინპეტიცია შეიქმნა და ერთი კვირის განმავლობაში, 75 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა. 14 ოქტომბერს, დედაქალაქის ცენტრში, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხალხმრავალი აქცია გაიმართა. ცნობისთვის, პირველ ოქტომბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართული ბრიფინგიდან აცნობა მედიას, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია. მიხეილ სააკაშვილმა ციხეში შიმშილობა გამოაცხადა და უკრაინის კონსულთან შეხვედრა მოითხოვა. მანამდე, პირველ ოქტომბერს დილით, მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობდა, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. თუმცა, შსს ამას უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებდნენ, რომ ვიდეო ყალბია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.

გიგი უგულავა 2000 ლარით დაჯარიმდა

იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა 2000 ლარით დაჯარიმდა. გიგი უგულავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლის შესაბამისად დაჯარიმდა. გიგი უგულავამ გუშინ გამოაქვეყნა PCR ტესტის პასუხი და განაცხადა, რომ სრულიად ჯანმრთელია. მას 7 ოქტომბერს კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა 14 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე აქციაზე მივიდა და განაცხადა, რომ მას ამის ნება ექიმებმა დართეს: „მეგობრებო, გუშინდელი დღის მერე განსაკუთრებულად გაიზარდა ინტერესი ჩემი ჯანმრთელობის მიმართ. მე სრულად ვარ ჯანმრთელი. ასე ვიყავი გუშინაც და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აქციაზე მისვლა. ცხადია, მე არასდროს არც ჩემს და მით უმეტეს არც სხვის ჯანმრთელობას საფრთხეში არ ჩავაგდებ“, - განაცხადა გიგი უგულავამ. ამავე თემაზე: შს მინისტრის მოადგილე: თუ გიგი უგულავამ კარანტინის წესები დაარღვია, დაჯარიმდება

საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში წყლის ხარისხის მონიტორინგისთვის პორტატული მოტივტივე სადგური პირველად განთავსდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, ევროკავშირის მხარდაჭერით, წყლის პორტატული CTD მოტივტივე სადგური შეიძინა, რაც პირველად საქართველოში, შავი ზღვის აკვატორიაში წყლის უწყვეტ მონიტორინგს უზრუნველყოფს. უწყების ცნობით, სადგური დამოუკიდებელი სისტემაა, რომელიც პირველად განთავსდა საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში და განკუთვნილია წყლის ხარისხის მონიტორინგისთვის. მოწყობილობა, GPRS კომუნიკაციის მეშვეობით, ზღვის პარამეტრებს ონლაინ რეჟიმში გაზომავს, ხოლო მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება მეთევზეობის, აკვაკულტურის და წყლის ბიომრავალფეროვნებისა და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტებისთვის.პირველ ეტაპზე, სადგურის საშუალებით განისაზღვრება სამი ძირითადი კომპონენტი: წყლის ელ. გამტარობა, ტემპერატურა და სიღრმე, რაც შესაძლებლობას იძლევა, პირველად საქართველოში, შავი ზღვის აკვატორიაში განხორციელდეს წყლის უწყვეტი მონიტორინგი. აღნიშნული კვლევები, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს თევზის მარაგების შეფასებას და მოდელირებას. „ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ახორციელებს მნიშვნელოვან პროექტს, „ტექნოლოგიური ინოვაციების ხელშეწყობა გარემოს მონიტორინგსა და მოდელირებაში თევზის მარაგებისა და არათევზეული რესურსების შესაფასებლად“ (TIMMOD), რომლის მიზანი შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესება და თევზის რესურსის მარაგების შეფასების სისტემის დახვეწაა. პროექტის ფარგლებში, სააგენტომ შეიძინა ულტრათანამედროვე სადგური, რომელიც განთავსდა შავ ზღვაში და მუდმივ რეჟიმში გააზიარებს ინფორმაციას წყლის ხარისხის და სხვა მნიშვნელოვანი პარამეტრების შესახებ.აღსანიშნავია, რომ, ამავე პროექტის ფარგლებში, ქართველ სპეციალისტებს საშუალება მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა საერთაშორისო პრაქტიკულ სწავლებასა თუ სემინარში, რაც ხელს უწყობს მათი შესაძლებლობების გაძლიერებას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა. საზღვაო კვლევების ორგანიზატორები, გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, ასევე არიან პროექტის „ტექნოლოგიური ინოვაციების ხელშეწყობა გარემოს მონიტორინგსა და მოდელირებაში თევზის მარაგებისა და არათევზეული რესურსების შესაფასებლად“ (TIMMOD) პარტნიორები - შავი ზღვის-დუნაის კვლევითი და განვითარების ასოციაცია (BDCA), სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი (AUTh) და თევზის რესურსების ინსტიტუტი (IFR).

კოვიდვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი ისევ 7000-მდე მერყეობს

15 ოქტომბერს, საქართველოში კოვიდვაქცინით 6 673 ადამიანი აიცრა. 16 ოქტომბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 906 882 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 009 387 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.5 %. სრულად ვაქცინირებულია 897 299 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 31.4%. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 076 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 599 შემთხვევა, აჭარა - 159, იმერეთი - 1 028, ქვემო ქართლი - 309, შიდა ქართლი - 387, გურია - 144, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 435, კახეთი - 720, მცხეთა-მთიანეთი - 137, სამცხე-ჯავახეთი - 85, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 73. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 5076 ადამიანს დაუდასტურდა, 44 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. 13 ოქტომბერს, 6 110 ადამიანი აიცრა. 12 ოქტომბერს - 6 837. 14 ოქტომბერს - 3 843. ამავე თემაზე: თამარ გაბუნია: რეანიმაციაში ხვდება აცრილთა 1%-ზე ნაკლები თენგიზ ცერცვაძე: ძალიან ბევრია კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა, ერთ-ერთი პირველები ვართ მსოფლიოში 15 ოქტომბრიდან „იმუნიზაციის მარათონები“ დაიწყება

ლატვიის მთავრობამ საქართველოს დონაციის სახით 83 070 დოზა Pfizer-ის ვაქცინა გადასცა

ლატვიის მთავრობის მიერ დონაციის სახით გადმოცემული 83 070 დოზა Pfizer-ის ვაქცინა საქართველოშია. Pfizer-ის ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა აღიარებული. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება. Pfizer-მა ვაქცინა გერმანულ პარტნიორ კომპანია Biontech-თან ერთად შექმნა. Covid19-ის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინით აცრა უკვე შეუძლიათ: 12-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებს; 12-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებს, კანონიერი წარმომადგენლის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, რომლებსაც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის, ან სხვა მიზნით, საზღვარგარეთ წასვლისთვის ესაჭიროებათ ვაქცინაციის ჩატარება. გარდა ამისა, ინაქტივირებული ვაქცინებით (Sinovac, Sinopharm) აცრილებს დამატებით Pfizer-ის ვაქცინით აცრის შესაძლებლობა მიეცემათ, შემდეგი წესით: ორი დოზით აცრილთა შემთხვევაში, ადამიანებს, რომლებსაც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის, ან სხვა მიზნით, საზღვარგარეთ წასვლისთვის ესაჭიროებათ ვაქცინაციის ჩატარება, დამატებით შესაძლებელია Pfizer–ის ვაქცინის ორი დოზით აცრა, მეორე დოზას და დამატებით პირველ დოზას შორის მინიმალური ინტერვალი შეადგენს 28 დღეს. ვაქცინაციის სურვილის შემთხვევაში ამცრელ დაწესებულებებს უნდა წარუდგინონ სამგზავრო ბილეთი/ჯავშვანი, მოწვევა ან წერილი სამსახურიდან მივლინების შესახებ, დამსაქმებლის წერილი ხშირი ბიზნეს-ვიზიტების შესახებ და სხვა. „ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას“, - აცხადებს ჯანდაცვის სამინისტრო. ცნობისთვის, 15 ოქტომბერს, საქართველოში კოვიდვაქცინით 6 673 ადამიანი აიცრა.14 ოქტომბერს - 3 843. 13 ოქტომბერს, 6 110 ადამიანი აიცრა. 12 ოქტომბერს - 6 837. ეს რიცხვი 16 სექტემბრამდე პერიოდში 30 000-ს აღწევდა. საქართველოში ამ დროისთვის სამი ვაქცინაა ადმინისტრირებული, Pfizer-ი, Sinovac-ი, Sinopharm-ი.

კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ გიორგი გახარიას ამომრჩეველი მეორე ტურში „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას არ მისცემს

თბილისის მოქმედი მერი დარწმუნებულია, რომ ექსპრემიერ გიორგი გახარიას ამომრჩეველი მეორე ტურში „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას არ მისცემს. „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის შეფასებით, რომ არა გიორგი გახარიას კანდიდატურა, ის არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებდა. „ბევრ გარემოებაზე იყო ეს დამოკიდებული, მათ შორის, შეიძლება ითქვას, რომ არა მისი კანდიდატურა, შეიძლება ხმები, რომლებიც მიიღო გიორგი გახარიამ, ყოფილიყო ჩვენი ხმები. თუმცა, წინ მეორე ტურია. მე დარწმუნებული ვარ, მისი ამომრჩეველი არასდროს მისცემს ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“, არასდროს მისცემს ხმას წარსულს და ბოროტებას და კარგად ხედავენ რეალურად, რისი არჩევა გვიწევს - რასა და რას შორის გვიწევს არჩევანის გაკეთება“, - განაცხადა კახა კალაძემ „რუსთავი2-ის“ ეთერში. არჩევნების მეორე ტურში 30 ოქტომბერს გაიმართება. მმართველი პარტიის კანდიდატმა კახა კალაძემ პირველ ტურში 44.97% მიიღო, ოპოზიციის ნაწილის კანდიდატს, 33.98%-მა დაუჭირა მხარი. ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ კი 8.86% მიიღო. „როგორც პასუხისმგებლიანი მოქალაქე, რა თქმა უნდა, ამ არჩევნებზე წავალ. ჩემი მხარდამჭერი ბევრად მეტს იმსახურებს. გარანტიას გაძლევთ, არცერთს არ მოვხაზავ, რადგან ერთიც და მეორეც მომავლის არჩევანს უსპობს ამ ქვეყანას, ორივემ პარტია და პერსონალიები ამჯობინა სახელმწიფო ინტერესებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ „ტვპირველის“ ეთერში.

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს პოლონეთმა სპეციალიზებული ეკიპირება დონაციით გადასცა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს პოლონეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ჟანდარმერიამ სამხედრო პოლიციის სპეციალიზირებული ეკიპირება დონაციის სახით გადასცა. დონაცია NATO-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული სამხედრო პოლიციის ინიციატივისა და საქართველო-პოლონეთის ორმხრივი თანამშორმლობის საფუძველზე განხორციელდა. დონაციის ოფიციალური ცერემონიალი პოლონეთში, ქალაქ მინსკ-მაზოვეცკიში მდებარე ჟანდარმერიის ბაზაზე გაიმართა. დონაციის ოფიციალურ დოკუმენტზე საქართველოსა და პოლონეთის სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფების ხელმძღვანელების მიერ ხელმოწერის ცერემონიალი პანდემიის გამო დისტანციურად გაიმართა, დღეს კი, სპეციალიზირებული ეკიპირების გადმოცემის მიღება-ჩაბარების დოკუმენტი გაფორმდა. აღჭურვილობა სპეციალიზირებულია სამხედრო პოლიციის ოპერირებისათვის. იგი მოიცავს სპეციალურ კონტროლის ტექნიკას, ქიმიური თავდაცვისთვის საჭირო აღჭურვილობას, შემთხვევის ადგილის დაცვის აღჭურვილობას, პირველად სამედიცინო დახმარებას, ჩეკ-პოინტების აღჭურვილობას და სხვა. პოლონეთის ჟანდარმერიის ბაზაზე გამართულ დონაციის ცერემონიალზე საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი პოლონეთის რესპუბლიკაში ნინო ბაკაშვილი, სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ვეფხია ჩალაბაშვილი, პოლონეთის ჟანდარმერიის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, პოლკოვნიკი მატეუშ დადალი, სპეციალური მომზადების ცენტრის უფროსი, პოლკოვნიკი იაცეკ კაჟიმერსკი, ასევე ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის (NATO MNMPBAT) ბატალიონის უფროსი და ინსტრუქტორები იმყოფებოდნენ. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ სტუმრებმა ქართული მხარისთვის გადაცემული ეკიპირება დაათვალიერეს და ქართველი და პოლონელი სამხედრო პოლიციელების მონაწილეობით სპეციალურად მათთვის გამართულ ერთობლივ საჩვენებელ სწავლებას დაესწრნენ. ამჟამად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ერთი ოცეული პოლონეთში, ქალაქ მინსკ-მაზოვეცკიში მდებარე ჟანდარმერიის ბაზაზე სწავლებასა და შეფასებას ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონში (NATO MNMPBAT) საბოლოო სერტიფიცირებისთვის გადის.

თამარ გაბუნია: რეანიმაციაში ხვდება აცრილთა 1%-ზე ნაკლები

სტატისტიკა აჩვენებს, რომ მძიმე კოვიდპაციენტების უმეტესობა არ იყო ვაქცინირებული. ასევე აცრა არ აქვს გაკეთებული იმ ადამიანების უდიდესი ნაწილს, რომლებიც ჰოსპიტალში ხვდებიან. ეს არის 98% ან უფრო მეტი. სტატისტიკის თანახმად, რეანიმაციაში ხვდება აცრილთა 1%-ზე ნაკლები, რაც დაბალი მაჩვენებელია და იყო გარდაცვალების ერთეული შემთხვევები. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს. „სადავო აღარაა, რომ ვაქცინა იცავს ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციისგან და კიდევ უფრო მეტად - გარდაცვალებისგან. ამიტომ, ვაქცინაცია მნიშვნელოვანია „დელტა“ შტამის გავრცელების პირობებში. ვაქცინა დღევანდელი მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალია და აუცილებელია, ეს გამოსავალი გამოვიყენოთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. მისივე თქმით, არ არსებობს იმის გარანტია, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაიზრდება, თუ რიგ ღონისძიებებს არ დავიცავთ. „ვაქცინაცია და წესების დაცვა. სხვა რამ COVID-19-ის წინააღმდეგ მეცნიერებს ჯერ არ შეუქმნიათ. ასევე, ეს არის მობილურობის შეზღუდვა და ვაქცინაცია. მობილურობის შეზღუდვის სტაბილურად შენარჩუნება, უბრალოდ წარმოუდგენელია. ამიტომ, ჩვენთვის და ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის უმთავრესია ვაქცინაცია. შეზღუდვებს არ მოაქვს გრძელვადიანი შედეგი. „ამიტომ, ისევ და ისევ უნდა დავამატოთ ვაქცინაციის მექანიზმი და გავიზიაროთ სხვა ქვეყნების გამოცდილება. სხვა ქვეყნებში, რომლებმაც ძალიან წარმატებულად გაართვეს თავი კოვიდის მართვას, არის მაღალი მაჩვენებელი ვაქცინაციისა და გამოიყენება PCR ტესტირება სოციალურ ადგილებში დასაშვებად. ჩვენც დავიწყეთ ამ მოთხოვნების დაყენება, მაგალითად კონფერენციებში, ტრენინგებში მონაწილეებისთვის. ახალა ეტაპობრივად უნდა გაფართოვდეს ეს მოთხოვნები, რათა ჩვენ უსაფრთხოდ შევძლოთ ბიზნეს და სოციალური საქმიანობის გაგრძელება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში კორონავირუსი 5076 ადამიანს დაუდასტურდა, 44 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსი 5076 ადამიანს დაუდასტურდა, 44 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინფორმაცია Stopcov.ge-ზე განახლდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1 126 პაციენტი. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 076 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 599 შემთხვევა, აჭარა - 159, იმერეთი - 1 028, ქვემო ქართლი - 309, შიდა ქართლი - 387, გურია - 144, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 435, კახეთი - 720, მცხეთა-მთიანეთი - 137, სამცხე-ჯავახეთი - 85, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 73. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 657 753 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 609 987, გარდაიცვალა 9 440 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.06%, ბოლო 14 დღის - 8.04%, 7 დღის - 8.77%. აქტიური შემთხვევა: 38 300, საიდანაც 5 176 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 717, აჭარაში - 475, იმერეთში - 1 275. ამ ეტაპზე საქართველოში 1 180 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 252 იმყოფება. მძიმე პაციენტი: 1 180, მათგან თბილისში - 131, აჭარაში - 15, იმერეთში - 24. 922 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 473 - თბილისში, 241 - აჭარაში. 32 202 ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 59 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 59, ხოლო აჭარაში - 0. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 15 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 257 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 28 386 ადამიანი. 922 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 473 - თბილისში, 241 - აჭარაში. Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინა 6 673-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 906 882 აცრა გაკეთდა. საქართველოში გუშინ კორონავირუსი 4 212 ადამიანს დაუდასტურდა, 38 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

თენგიზ ცერცვაძე: ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ რეკომენდაციები და რჩევები მივცეთ. იყო რჩევა, რომ ხალხმრავალი შეკრებები არ ჩატარებულიყო

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე გამართულ ხალხმრავალ აქციაზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს იყო რეგულაციების დარღვევა და სამედიცინო თვალსაზრისით ეს იყო გაუმართლებელი. ინფექცინისტმა აღნიშნა, რომ რეგულაცია დაარღვია გიგი უგულავამაც. „თუ მედიკოსმა მისცა მას ამის უფლება, მედიკოსმაც დაარღვია რეგულაციის წესი და გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას. მეორეა, ის არის თუ არა გადამდები, მე ვერ ვიტყვი, ზოგიერთი პაციენტი ვირუსისგან ადრე თავისუფლდება, ზოგიერთი გვიან. თუ მან გაიკეთა ტესტი და მართლაც უარყოფითია, ეს არავინ იცის და ამას ვერ გადავამოწმებთ, მაშინ ის არ იქნებოდა გადამდები, მაგრამ რამდენადაც ჩვენთან მაინც მიღებულია 10-12 დღე და მთელ მსოფლიოში ასეა მიღებული რაღაც გამონაკლისების გარდა, 10-12 დღის განმავლობაში პაციენტი მაინც ითვლება პოტენციურად გადამდებად. რა თქმა უნდა, ჯობდა არ გაეკეთებინა. მაინცდამაინც ნუ გამოვიტანთ რაღაც განსაკუთრებულ შემთხვევად ბატონი გიგის შემთხვევას. გასაგებია, იყო მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, იყო ძალიან დიდი თავყრილობა, თვლიდნენ ყველა, რომ იქ უნდა მდგარიყვნენ, გამოჩენილიყვნენ და მოტივაციამ გადასძალა გონებრივ მიდგომას და რეგულაციის დაცვას. რამდენი ვინმეა ასე, რამდენი გიგია, რომელიც არ იცავს რეგულაციას?! თქვენ რა გგონიათ, გუშინ იქ დაახლოებით 30 000 კაცი იყო და შეიძლება, გიგიზე ბევრად მეტი გადამდები იყვნენ სხვები. გიგი ამბობს მაინც, რომ მერვე დღე იყო და გავიტესტე და არ ვარ გადამდებიო, თუმცა ღმერთმა იცის ასე იყო თუ არა. მაგრამ სხვა ადამიანი რამდენი იყო უფრო მოკლედ დროის წინ დაინფიცირებული და რამხელა გავრცელების რისკი ტრიალებდა ეს ყველამ იცის, რად უნდა ამას საუბარი, რომ ასეთი დიდი აქციები არის რისკის ფაქტორი ახალი შემთხვევების მატების. მაგრამ ამაზე მიდის ჩვენი საზოგადოება, ვინაიდან არის უკიდურესად დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია, არის არჩევნების პერიოდი და პრინციპული მეორე ტურის წინა პერიოდი. თუ კი მოსახლეობის დიდი ნაწილი ისედაც არ იცავს რეგულაციებს, რა გიკვირთ როდესაც ასეთი მოტივაცია ჰქონდათ, ისინი არ დაიხევდნენ უკან და შეიკრიბებოდნენ. ეს არის ცალსახად არასწორი. რა ვქნათ, ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ რეკომენდაციები და რჩევები მივცეთ, იყო რჩევა, რომ ხალხმრავალი შეკრებები არ ჩატარებულიყო, ჩაატარეს და ეს ახსნეს ძალიან დიდი მოტივაციით. ეს იყო რეგულაციების დარღვევა და სამედიცინო თვალსაზრისით ეს იყო გაუმართლებელი. მაგრამ რეალობას გავუსწოროთ თვალი, ასეთი რაღაცები ადრეც ხდებოდა, ახლაც ხდება და მომავალშიც მოხდება უბრალოდ, მასშტაბები იყო დიდი. მეორე მხარე, რომელიც რიცხობრივად ბევრად აღემატება იმ მხარეს, რომელიც გუშინ გამოვიდა მაქსიმალური მობილიზაციის შედეგად, რამდენიმე ათეული ათასი კაცი გამოიყვანეს, მეორე მხარეს რომ გაუჩნდეს რაღაც პროტესტის გრძნობა და ერთი კვირის შემდეგ გამოიყვანოს სამი იმდენი ხალხი, რა იქნება ეს? ესეც ცუდი იქნება და ეს იქნება რეგულაციის დარღვევა და კატეგორიულად არ შეიძლება, მაგრამ მე ამასაც არ გამოვრიცხავ, რომ ასეც მოხდეს“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე. გიგი უგულავამ დღეს PCR ტესტის პასუხი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ სრულიად ჯანმრთელია. მას 7 ოქტომბერს კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა 14 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე აქციაზე მივიდა და განაცხადა, რომ მას ამის ნება ექიმებმა დართეს: „მეგობრებო, გუშინდელი დღის მერე განსაკუთრებულად გაიზარდა ინტერესი ჩემი ჯანმრთელობის მიმართ. მე სრულად ვარ ჯანმრთელი. ასე ვიყავი გუშინაც და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აქციაზე მისვლა. ცხადია, მე არასდროს არც ჩემს და მით უმეტეს არც სხვის ჯანმრთელობას საფრთხეში არ ჩავაგდებ“.

დავით ზალკალიანმა 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადისთვის მომზადების საკითხი სლოვენიის პრეზიდენტთან განიხილა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბორუტ პაჰორს შეხვდა. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესს და ამ მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. „აღინიშნა საქართველოს მისწრაფება, მოემზადოს 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადისთვის. განიხილეს აღმოსავლეთ პერტნიორობის მოახლოებული სამიტი და მოსამზადებელი სამუშაო. ამ კონტექსტში, მინისტრმა ხაზი გაუსვა სლოვენიის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას და მხარდაჭერას. საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას, რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას და ადგილზე არსებულ რთულ ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გარემოს. მინისტრმა მადლობა გადაუხადა სლოვენიის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. მინისტრმა სლოვენიის პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ და ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლების სურვილს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ყველა ის სარგებელი, რაც საქართველოს მოქალაქეებს აქვთ ევროპასთან დაახლოების პროცესში. მინისტრმა პრეზიდენტს, ბორუტ პაჰორს გადასცა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მოწვევა“, - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში. დავით ზალკალიანი დღეს სლოვენიელ კოლეგას ანჟე ლოგარსაც შეხვდა. „განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხს. „სლოვენიის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის კონტექსტში, ხაზი გაესვა სლოვენიის მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერის მნიშვნელობას. აღინიშნა საქართველოს მოლოდინები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებით და ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გაწეულ სამუშაოს ევროინტეგრაციის გზაზე, ასოცირების შეთანხმების მოთხოვნების შესრულებას, რეფორმებს, ვიზალიბერალიზაციას, კანონმდებლობის ჰარმონიზაციას და საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებს ამ კუთხით. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესი და საქართველოს მნიშვნელოვანი მიღწევები ალიანსთან თანამშრომლობის კუთხით. აღნიშნეს, რომ საქართველო არის წარმატებული ასპირანტი ქვეყანა, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც სატრანსპორტო ჰაბის, ფუნქციას ავღანეთიდან სამხედროებისა და მოქალაქეთა ევაკუაციის პროცესში. ყურადღება გამახვილდა საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ევროკავშირისთვის, ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანზიტო და ენერგეტიკული რგოლის კონტექსტში. ამ მხრივ განსაკუთრებით აღინიშნა შავი ზღვის, როგორც დამაკავშირებელი მარშრუტის როლი. საუბარი შეეხო ასოცირებულ ტრიოს, მის მიზნებს, მნიშვნელობასა და ევროკავშირთან ტრიოს შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებს. მინისტრმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორებზე არსებული მდგომარეობის, მძიმე ჰუმანიტარული ვითარების და მიმდინარე უკანონო პროცესების - ე.წ. „ბორდერიზაციის”, ადამიანების გატაცებისა და დაკავების ფაქტების შესახებ და აღნიშნა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებების საკითხისადმი პარტნიორების მხარდაჭერის აუცილებლობა. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობას და რუსეთის ფედერაციის მხრიდან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების აუცილებლობას. აღინიშნა EUMM-ის განსაკუთრებული როლი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორებთან ვითარების მონიტორინგის და ინციდენტების პრევენციის თვალსაზრისით. მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო სფეროში ურთიერთობები და აღნიშნეს ამ მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურების საჭიროება, მიესალმნენ ახლო მომავალში ბიზნეს დელეგაციების ვიზიტების განხორციელებას“, - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ტექსტში.

ბათუმში, ჩამონგრეული კორპუსის მიმდებარედ, საცხოვრებელი სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის მიმდებარედ, საცხოვრებელი სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. მემედ აბაშიძის 56 ნომერში მდებარე კორპუსის მდგრადობას დღეს ექსპერტები სწავლობდნენ. წინასწარი შეფასებით, სახლი საცხოვრებლად უსაფრთხო არ არის, მიზეზი კი ამავე კორპუსის პირველ სართულზე ერთ-ერთ ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოა. „ექსპერტიზის სრულ დასკვნას ჯერ არ ვიცნობთ. სპეციალისტებისგან არის მოთხოვნა, რომ პრევენციის მიზნით აქ მცხოვრებლების ევაკუაცია მოხდეს. მოგეხსენებათ, დღეს ჩაუტარდა ექსპერტიზა დანგრეული კორპუსის მომიჯნავე ორივე სახლს. ერთს არა აქვს პრობლემა, მეორე სახლიდან ევაკუაცია კი პირველ სართულზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო განხორციელდა. მუნიციპალურმა ინსპექციამაც აღმოაჩინა ნებადართული პროექტის დარღვევის ფაქტი. ამ კორპუსში 50-მდე ოჯახი ცხოვრობს. მათი ნაწილისთვის ეს არ არის მუდმივი საცხოვრებელი და არ იმყოფებიან აქ, დანარჩენი ყველა ოჯახი გადავა სასტუმროში, მე პირადად გადავდივარ ძმასთან“, - განაცხადა მედიასთან მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლელა სურმანიძემ, რომელიც ამავე კორპუსის მცხოვრებია. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის განაცხადებით, სამუშაოზე ნებართვა მერიას გაცემული ჰქონდა, თუმცა მუნიციპალურმა ინსპექციამ დამტკიცებული პროექტის დარღვევის ფაქტი გამოავლინა. ცნობისთვის, 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, სამი ბავშვია. გადარჩა მცირეწლოვანი, რომელიც იქვე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილიდან გადმოიყვანეს. მაშველებმა ცოცხლად კიდევ ორი ადამიანი ამოიყვანეს, მათგან ერთის, 37 წლის კაცის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ქალი კი, რომლის ორი მცირეწლოვანი შვილის ცხედრებიც იპოვეს, ტრაგედიის მეორე დღეს, კლინიკაში გარდაიცვალა. სამძებრო სამაშველო სამუშაო 29 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამავე თემაზე: როდის დაიწყება ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის დემონტაჟი და რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში

ხავიერ კოლომინა: ვიმედოვნებთ, განვსაზღვრავთ გზებს და საშუალებებს, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ NATO-ს ჩართულობა კავკასიაში

NATO-ს გენერალური მდივნის ახლად დანიშნული სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა საქართველოს პირველი ვიზიტით ეწვევა. გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში, სამხრეთ კავკასიაში ვიზიტს ბაქოში სტუმრობით, 17 ოქტომბერს დაიწყებს, რის შემდეგაც თბილისსა და ერევანს ეწვევა. ხავიერ კოლომინა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს შეხვდება და რეგიონული უსაფრთხოებისა და NATO-სთან პარტნიორობის საკითხებს განიხილავს. „მოუთმენლად ველოდები ჩემს პირველ მოგზაურობას კავკასიაში მომდევნო კვირას. ამ ვიზიტის დროს, ახალ რანგში, როგორც NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, პირველი შეხვედრები მექნება სამი ქვეყნის მაღალი რანგის პირებთან. ეს იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა, კონტაქტების დამყარებისა იმ პერიოდის შემდეგ, რომლის დროსაც რეგიონში მოგზაურობები შეზღუდული იყო COVID19-ის პანდემიის გამო. ვიზიტი დამეხმარება, უკეთ გავიაზრო ჩემი თანამოსაუბრეების მხრიდან პერსპექტივები და წუხილები, როგორც რეგიონულ უსაფრთხოებასთან, ასევე, NATO-სთან მათი პარტნიორობის პერსპექტივებთან დაკავშირებით. ვიმედოვნებთ, რომ განვსაზღვრავთ გზებს და საშუალებებს, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ NATO-ს ჩართულობა კავკასიაში“, - აღნიშნულია ვიზიტთან დაკავშირებულ ტექსტში, რომელიც ხავიერ კოლომინას Facebook გვერდზე განთავსდა. შეგახსენებთ, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელად სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ესპანელი დიპლომატი ხავიერ კოლომინა პირიზი სექტემბერში დაინიშნა. ცნობისთვის, ხავიერ კოლომინამ დიპლომატიური სამსახური 2001 წელს დაიწყო. 2001-2002 წლებში იყო ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული ორგანიზაციების ხელმძღვანელი. 2017-2021 წლებში - NATO-ში ესპანეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე. მანამდე კი, სხვადასხვა დროს მუშაობდა პოლიტიკური განყოფილების უფროსის პოზიციაზე ესპანეთის საელჩოში, ტოკიოში. ასევე, ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოზიცია ეკავა. ასევე მუშაობდა გაეროში ესპანეთის მისიაში (პირველი მდივანი), სირიაში ესპანეთის ელჩის მოადგილედ (2006-2008). ხავიერ კოლომინამ ჯეიმს აპატურაი შეცვალა, რომელმაც უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებზე NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის პოზიცია დაიკავა. კერძოდ, აპატურაის პოსტი ტერორიზმთან ბრძოლის, ჰიბრიდეული საფრთხეებისა და უსაფრთხოებაზე კლიმატის ცვლილების გავლენას მოიცავს. ჯეიმს აპატურაი NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის რანგში საქართველოს ბოლოს ივლისში სტუმრობდა. ის პრეზიდენტმა ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.

სახალხო დამცველი რუსთავის N17 ციხეში იმყოფებოდა, სადაც გუშინ, ხანძრისას ორი პატიმარი გარდაიცვალა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსთავის მე-17 პენიტენციური დაწესებულებაში იყო, სადაც პატიმრებს და ციხის ადმინისტრაციას ესაუბრა. „მათი განცხადებით ხანძარი მოულოდნელად გაჩნდა, სერიოზული და დიდი დაკვამლიანება იყო. როგორც ჩანს, ერთ-ერთი პატიმარი, რომელიც დაიღუპა, ცდილობდა გამოსვლას, თუმცა გისოსები იყო. იყო მცდელობა, რომ ჩაემსხვრიათ შუშები, მაგრამ გისოსების გამო ვერ მოხერხდა ამ ადამიანის ფანჯრიდან გამოყვანა. როდესაც სახანძრო მოვიდა, დაახლოებით 20 წუთს ასახელებენ, ორი ადამიანი იპოვეს. მათ ჩაუტარდათ ხელოვნური სუნთქვა, გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხა. დაიღუპნენ არა დამწვრობით, არამედ კვამლით. როგორც მითხრეს, თვითონ იმ პატიმარმა, რომელიც შიგნით იმყოფებოდა, ჩაამსხვრია შუშა, თუმცა, გისოსები იყო და ვერ გამოვიდა. სამეურნეო ნაწილის პატიმრები გარეთ იყვნენ, თუმცა დანარჩენი პატიმრები შეიყვანეს კორპუსის შიგნით ტერიტორიაზე. საბედნიეროდ, როგორც პატიმრები ამბობენ, კვამლი წავიდა მათ კორპუსის საპირისპირო მხარეს. თუ კვამლი წავიდოდა იმ კორპუსის მხარეს, სადაც შეიყვანეს, გაცილებით მძიმე შედეგი დადგებოდა. ციხის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ეს იყო მათ პირველი რეაქცია და თუ ვითარება გართულდებოდა, გადაიყვანდნენ მეორე კორპუსის ტერიტორიაზე, სადაც უფრო დიდი ტერიტორია და გაშლილი ეზოა. თუმცა გიდასტურებთ, რომ ხანძრის დროს პატიმრები შეიყვანეს დახურულ სივრცეში და იქ ელოდებოდნენ. ჩემი დაკვირვებით, იმდენად გვერდითაა ეს კორპუსი, სასადილოსთან, სადაც ხანძარი გაჩნდა და იმდენად მძიმე დაკვამლიანება იყო, ქარის მიმართულება რომ წასულიყო იმ კორპუსისკენ, სადაც პატიმრები იყვნენ, მძიმე შედეგი დაგვიდგებოდა, პატიმრები ამბობენ, რომ ამ კორპუსში დაკვამლიანება და პანიკა არ ყოფილა“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ. რაც შეეხება დაშავებულებს, ლომჯარიას თქმით, სამი დაშავებულიდან ორი პატიმარია, ხოლო ერთი „ილი ჯგუფის“ თანამშრომელი. „ერთი დაშავდა კვამლის შესუნთქვით გამოწვეული ინტოქსიკაციით და მეორეს, როგორც ვიცი, დაზიანებული აქვს თითი და გადაიყვანეს კლინიკაში. ორივე დაშავებული გადაყვანილია. მეორე გარდაცვლილი არის ე.წ. ბრიგადირი, რომელიც საკუთარი მეგობრის, პატიმრის დახმარებას ცდილობდა. თავადაც პატიმარი იყო. როგორც გვეუბნებიან, კვამლი ძალიან სწრაფად გავრცელდა. თვითონაც დაბნეულები იყვენ“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ მედიასთან. ნინო ლომჯარიას განცხადებით, რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძარი სავარაუდოდ ჭერში, დენის გაყვანილობიდან გაჩნდა და არა გაზქურიდან. „ვფიქრობ, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, დაცული იყო თუ არა სახანძრო უსაფრთხოების წესები და რეაგირება სწორად განხორციელებული, თვითონ მშენებლობის დროსაც რამდენად იყო უსაფრთხოება დაცული, იმიტომ, რომ ძალიან სწრაფად გავრცელდა ცეცხლი, მომწამვლელი კვამლი იყო, ეს არის სამზარეულოს ტერიტორია. ზოგადად, ჩვენ დავინტერესდებით და ვნახავთ, არის თუ არა სახანძრო უსაფრთხოების წესები (დაცული) ციხეებში და რამდენად ხშირად ამოწმებენ ამ რეგულაციების დაცვას. ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მაგრამ მე როგორც მითხრეს დიდი ალბათობით, ეს არ გაჩენილა გაზქურისგან, სავარაუდოდ, ცეცხლი გაჩნდა ჭერში და შესაძლებელია ეს ყოფილიყო დენის სადენებისგან“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. განახლება: სახალხო დამცველის აპარატმა ცოტა ხნის წინ განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც ომბუდსმენი პენიტენციურ დაწესებულებებში ხარვეზებზე მიუთითებს და იუსტიციის სამინისტროს მოუწოდებს, პროაქტიულად და სრულფასოვნად მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას მსგავსი მნიშვნელობის ფაქტებთან დაკავშირებით“. „დავრწმუნდით, რომ ხანძრის დროს დაშავებული კიდევ ორი პატიმარი უზრუნველყოფილი იყო სამედიცინო დახმარებით. გავესაუბრეთ როგორც პატიმრებს, ისე ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, დავათვალიერეთ შემთხვევის ადგილი (დაწესებულების სამზარეულოსა და სასადილოს შენობა). დღის განმავლობაში პატიმრები შეუფერხებლად სარგებლობდნენ ოჯახის წევრებთან სატელეფონო კავშირის უფლებით, მიეწოდებოდათ საკვები, თითქმის მთელ დაწესებულებაში სრულად აღდგა ელექტრომომარაგება. მიღებულმა ინფორმაციამ აჩვენა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში სავარაუდოდ არ არსებობს სახანძრო-უსაფრთხოების წესები და კრიტიკულ შემთხვევებზე რეაგირების მკაფიო ინსტრუქციები. გამოჩნდა, რომ ცეცხლის კერის გაჩენის შემთხვევაში, პენიტენციურ დაწესებულებებში იქმნება ხანძრის კიდევ უფრო ფართოდ გავრცელებისა და პატიმართა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების მაღალი რისკი. მიღებული ინფორმაციის თანახმად, არ ხდება სახანძრო-უსაფრთხოების ხარისხის გეგმიური თუ არაგეგმიური მონიტორინგი. სხვადასხვა შენობის (მაგ., სამზარეულო, საცავები) სამშენებლო მასალების შერჩევისას სავარაუდოდ არ ხდება ცეცხლგამძლეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების გათვალისწინება. აუცილებელია, პატიმართა საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლის გაჩენისა თუ დაკვამლიანების გავრცელების შემთხვევაში, არსებობდეს კორპუსების სწრაფი ევაკუაციის ეფექტიანი გეგმა. ასევე, საცხოვრებელ კორპუსთან ახლო მდებარე შენობაში ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, უნდა არსებობდეს საცხოვრებელ კორპუსში მყოფი პატიმრების დაკვამლიანების ინტოქსიკაციისგან დაცვის მკაფიო ინსტრუქცია. სახალხო დამცველის აპარატი დეტალურად შეისწავლის პენიტენციურ დაწესებულებებში სახანძრო-უსაფრთხოების პროტოკოლების არსებობისა და ეფექტიანობის საკითხს. ასევე, ყურადღებით დააკვირდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მიმდინარე გამოძიების პროცესს. აქვე სახალხო დამცველი მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, პროაქტიულად და სრულფასოვნად მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას მსგავსი მნიშვნელობის ფაქტებთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, რუსთავის N17 დაწესებულების სამზარეულოში გუშინდელი ხანძრისას ორი ადამიანი დაიღუპა. დღეს კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრმა.