ახალი ამბები
წელს ვიყოთ ბევრად მოკრძალებული, არ გვინდა დიდი დღესასწაულები - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, შობა-ახალი წელი ბევრად „მოკრძალებულად გადაიტანონ“, რადგან ქვეყანაში მიღწეული სტაბილიზაცია 2-3 დღეში წყალში არ ჩაიყაროს. როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, არ უნდა გამეორდეს ის, რაც „შავ პარასკევს“ მოხდა. "მიუხედავად სტაბილიზაციისაა, ამ შეზღუდვების ფონზე კლების დინამიკის, დამშვიდების არავითარი საფუძველი არ არის. ამიტომ გთხოვთ, მოსახლეობას ეს შობა-ახალი წელი განსხვავებულად გადავიტანოთ. არ გვინდა დიდი თავშეყრები, არ გვინდა დიდი დღესასწაულები. არ გვინდა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ხალხმრავალი წვეულებები. წელს ვიყოთ ბევრად მოკრძალებული. იმიტომ რომ საქმე სერიოზულ გამოწვევასთან გვაქვს - პანდემიაა! ხაზს ვუსვამ, არის სტაბილიზაცია, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება, 2-3 დღეში წყალში ჩავყაროთ, თუ მოხდა იგივე რაც „შავ პარასკევს“ იყო. ამიტომ თხოვნაა, წლევანდელი შობა-ახალი წელი მოკრძალებულად უნდა გადავიტანოთ", - განცხადა გამყრელიძემ.
აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველებს, რომელთაც სახლები დაუნგრიეს, გამგეობა დაეხმარება
სამგორის რაიონის გამგეობა დაეხმარება აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ პირებს, რომლის შენობის დემონტაჟიც განხორციელდა - ამის შესახებ სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ განაცხადა. კახა სამხარაძის თქმით, სოციალურად დაუცველებმა გამგეობას განცხადებით უნდა მიმართონ. "კონკრეტულად, ვისაც დახმარება სჭირდება ჩვენი მხრიდან, აქვს სოციალური სტატუსი, არ აქვს ქონება, უნდა მოვიდეს და განაცხადი გააკეთოს. განაცხადის საფუძველზე გამგეობა გასცემს პასუხს. ვინც სოციალურად შეჭირვებულია და სახელმწიფოს მხრიდან სჭირდება დახმარება ინიდივიდუალურად შემოაქვს განცხადება, ამ განცხადების საფუძველზე ვიწყებთ განხილვას. გამგეობა ქირას საკმაოდ ბევრ ადამიანს უხდის სამგორის რაიონში. უნდა იყოს სამგორის მცხოვრები, კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. თუ არ არის სამგორში ჩაწერილი, სხვაგან ხომ იქნება ჩაწერილი", - განაცხადა კახა სამხარაძემ.
B კატეგორიის ტაქსებს მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით საქმიანობა 2022 წლამდე შეეძლებათ
B კატეგორიის ტაქსებს მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით საქმიანობა 2022 წლამდე შეეძლებათ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, გადაწყვეტილება არსებული პანდემიისა და მისგან გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გამო მიიღეს. „B კატეგორიაში, ჩვენ, მარჯვენასაჭიან ავტომობილის მძღოლებს მივეცით ამ სერვისის განხორციელების შესაძლებლობა, თუმცა ეს იყო დროში შეზღუდული. ამის უფლება ჰქონდათ 2021 წლამდე. ახლა ყველას კარგად გვესმის არსებული რთული ვითარება, პანდემია, ეკონომიკური პრობლემები და გვინდა, რომ ეს უფლება 1 წლით გავუხანგრძლივოთ. B კატეგორიის მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებს, კიდევ ერთი წლის ვადით 2022 წლამდე, ექნებათ შესაძლებლობა გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერისა და თანადგომის თვალსაზრისით“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერიამ სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში ტაქსების რეფორმა განახორციელა. რეფორმის შედეგად ტაქსები ორ კატეგორიად დაიყო. A კატეგორიის ტაქსი არის თეთრი ფერის, სპეციალური მანათობლით გადაადგილდება ქალაქში და მგზავრის აყვანა შეუძლია როგორც ქუჩიდან, ისე ონლაინ აპლიკაციის გამოყენებით; B კატეგორიის ტაქსის არ აქვს ფერის შეზღუდვა და მუშაობს მხოლოდ ონლაინ გამოძახების სერვისით.
„ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ წევრებმა პარლამენტს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მიმართეს
„ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ წევრებმა პარლამენტს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მიმართეს „დღეს საარჩევნო ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო სიის წევრები, რომლებიც ძალით იქნენ ცნობილი პარლამენტის წევრებად, უკვე პირადი განცხადებებით შედიან პარლამენტში. ამით დასრულდება პარლამენტის ერთპარტიულ პარლამენტად ფორმირების პროცესი და უკვე ჯერი იქნება პარლამენტზე, მიიღოს გადაწყვეტიელება ჩვენთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. შემდგომ უკვე საბოლოოდ გაფორმდება ერთპარტიულ პარლამენტად. სულ ყველა ვართ 36“, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა. რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტის წევრის მიერ უფლებამოსილების მოხსნის შესახებ წერილობითი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარეს წარედგინება, რომელიც დაუყოვნებლივ გადასცემს მას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. თავის მხრივ, კომიტეტი ადგენს განცხადების ნამდვილობას, გარემოებას, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადებას და არაუადრეს რვა და არაუგვიანეს 15 დღისა, ამზადებს შესაბამის დასკვნას. ამასთან, პროცედურით, პარლამენტის წევრს უფლება აქვს, უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადება გამოითხოვოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის წარდგენიდან შვიდი დღის ვადაში და განაგრძოს თავისი უფლებამოსილების განხორციელება.
შეგვიძლია, „ასტრაზენეკას“ ან სხვა ტიპის ვაქცინები, რომლებიც არ საჭიროებენ დაბალ ტემპერატურას, სწრაფად დავნერგოთ ქვეყანაში - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაავადების კონტროლის ცენტრში უკვე მუშაობს ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა ის კრიტერიუმები, თუ რომელი ჯგუფები აიცრებიან პირველ რიგში. გამყრელიძის თქმით, თავიდან შეფასდა, თუ როგორია ქვეყანაში ცივი ჯაჭვის სისტემა, „ასტრაზენეკას“ ან სხვა ტიპის ვაქცინები, კი რომლებიც არ საჭიროებენ დაბალ ტემპერატურას, შესაძლებელია სწრაფად დაინერგოს ქვეყანაში. „ვაქცინაცია სამმა ქვეყანამ დაიწყო, ალბათ, მალე დაიწყებს გერმანია და რამდენიმე დიდი ქვეყანა, სადაც თავად ამ ქვეყნებში ხდება ვაქცინების წარმოება. ჯერჯერობით ვაქცინაცია მხოლოდ ერთი ვაქცინით დაიწყო. დასავლეთი მაქვს მხედველობაში, რადგან ვაქცინაცია დაწყებულია ასევე რუსული წარმოების ვაქცინით რუსეთში და ჩინური წარმოების ვაქცინით ჩინეთში. დასავლური წარმოების ვაქცინით, „ფაიზერით“ დაწყებულია დასახელებულ სამ ქვეყანაში, რომელსაც სჭირდება შესაბამისი ცივი ჯაჭვი. ჩვენთან, დაავადების კონტროლის ცენტრში უკვე მუშაობს ჯგუფი, ასეევე ჩამოყალიბებულია საკოორდინაციო საბჭოსთან შესაბამისი ინტერსექტორალური კომისია. ჯგუფმა უკვე შეიმუშავა კრიტერიუმები, რა ჯგუფები უნდა აიცრან პირველ რიგში. ასევე შეიმუშავა ეგრეთ წოდებული, სერვისების მიწოდების კრიტერიუმების, ასევე ხელმეორედ შეფასდა ქვეყანაში არსებული ცივი ჯაჭვის სისტემა, რა გვაქვს. ჩვენ გვავქვს კარგად გამართული ორიდან რვა გრადუსამდე ცივი ჯაჭვის სისტემა. არაფრის დამატება არ გვჭირდება და თავისუფლად შეგვიძლია, „ასტრაზენეკას“ ან სხვა ტიპის ვაქცინები, რომლებიც არ საჭიროებენ დაბალ ტემპერატურას, სწრაფად დავნერგოთ ქვეყანაში. ასევე, არის ამისთვის შესაბამისად მომზადებული შტაფი, რომელიც მოგეხსენებათ, რუტინულ ვაქცინაციას აწარმოებს. რაც შეეხება „მოდერნას“ ვაქცინას, რომელიც არის მინუც 20 გრადუსზე, ასევე მინუს 20 გრადუსზე ჩვენი მუნიციპალიტეტების დონემდე გვავქვს სამაცივრე მოწყობილობები მინუს 20გრადუსიანი, სადაც შეგვიძლია, თავისუფლად „მოდერნას დანერგვა“. რაც შეეხება ცივ ჯაჭვს „ფაიზერთან“ დაკავშირებით, სადაც მინუს 70-80 გრადუსი გჭირდება, ასეთი 40-მდე მაცივარი გვაქვს ქვეყანაში, შესყიდვის პროცესშია კიდევ რამდენიმე ასეთი მაცივარი და ჩვენ ამ სისტემიების გამართვაც შეგვეძლება, თუ „ფაიზერის“ ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი დიდ ქალაქებში და შესაძლებელი იქნება ამ ვაქცინის იმპლემნენტაცია. შესაბამისად, ამ ორ ვაქცინაზე საჭირო იქნება ადამიანების დამატებით გადამზადება. ასევე, ქვეყანაში სერიოზულად ფუქნქციონირებს იმუნიზაციის მოდული, რადგან ყველა ვაქცინირებული ადამიანი შეყვანილი უნდა იქნას ელექტრონულად, ერთიანი კამპანიური წესით როდესაც ერთ და ორ თვეში დაახლოებით 200-300 ათასი ადამიანი უნდა აიცრას, ამას კამპანია დასჭირდება და არ იქნება ისეთი, როგორსაც ვაწარმოებთ რუტინულ ვაქცინაციას. მაგრამ ამისთვის ეს ჯგუფი სერიოზულად მუშაობს. ალბათ ამ წლის ბოლოს ეგრეთ წოდებული ვაქცინაციის დანერგვის გეგმის პრეზენტაცია იქნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
აფრიკის დასახლებაში ნაწილი სოციალურად დაუცველია, ნაწილი კი სხვა ქონებასაც ფლობს - თბილისის მერი
თბილისის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, გუშინ აფრიკის დასახლებაში 12 მშენებარე შენობა-ნაგებობის დემონტაჟის პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი მფლობელების ნაწილი, სხვა ქონებასაც ფლობს. მერის თქმით, ადგილზე ცხოვრობენ სოციალურად დაუცველებიც, გაჭირვებული ადამიანებიც და ამას არავინ უარყოფს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც მიწების მიტაცებით ცდილობენ „ხელები მოითბონ“. „ამ საკითხს ბოლომდე ჩავყვებით და არავის ეგონოს, რომ დანაშაული არ გამოვლინდება. გაგაცნობთ კონკრეტულ მოქალაქეებს: მოქალაქე ტ.ხ-ს ქარელის რაიონის სოფელ დირბში რეგისტრირებული აქვს 600 კვადრატული მეტრის ოდენობის ქონება. მოქალაქე შ.ჯ, მცხოვრები სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში, ფლობს 4 მსუბუქ ავტომობილს. მამას რეგისტრირებული აქვს 6000 კვ მეტრი სახნავ-სათესი მიწა. მოქალაქე დ.შ, მცხოვრები ქალაქ თბილისში, გურამიშვილის ქუჩაზე ფლობს ბინას, ასევე მამას უფიქსირდება გურამიშვილზე სამი ბინა. ოჯახი ხარაგაულში სოფელ ლეღვანში ფლობს 1255 კვ მიწის ნაკვეთს. მოქალაქე დ.ტ თბილისში ქიზიყის ქუჩაზე ფლობს ბინას, დედას აქვს სოფელ ჯიმითში 3302 კვ მეტრი მიწის ნაკვეთი. მოქალაქე ვ.ფ თბილისში, გუგუშვილის ქუჩაზე ფლიბს 600 კვადრატული მეტრ ბინის ფართს. მოქალაქე გ.მ თბილისში ნავთლუღის დასახლებაში ფლობს სახლს. მამას აქვს 568 კვ მეტრი ფართი ნავთლუღის დასახლებაში. მოქალაქე ნ.ბ რეგისტრირებულია კასპში, მამას აქვს კავთისხევში 1300 კვ მეტრი ნაკვეთი. დედა რეგისტრირებულია ინდმეწარმედ. ამ ფაქტებს სჭირდება სრულუყოფილოი მოკვლევა, სიღრმეებში შესვლა და ამას აუცილებლად გავაკეთებთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გაჭირვება მეც გამოვიარე, მაგრამ არასოდეს მომსვლია აზრად, ვინმესთვის რამე მომეპარა, მით უმეტეს სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ. ასევე, თბილისის მერი გამოეხმაურა პარლამენტის წევრ სოზარ სუბარის წინასაარჩევნო დაპირებას, რომელიც მოქალაქეებს ფართების დაკანონებას ჰპირდებოდა. კახა კალაძის განმარტებით, ეს იყო დაპირება, რომელიც სრულდება, თუმცა არ ეხება ახლა, უკანონოდ მიწების მიტაცების დამტკიცებას. მერის თქმით, საქმე ეხება სახლებს, სადაც ადამიანები უკვე ათობით წელია ცხოვრობენ და დღესაც 32 ასეთ ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცემა.
თბილისში მცხოვრებ 32 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება
თბილისში მცხოვრებ 32 ოჯახს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად საცხოვრებელი ფართები გადაეცემა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროექტი, მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც სრულდება. „დღეს 32 ოჯახს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა ფართები დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში - ისანში, ნაძალადევში, მთაწმინდასა და გლდანში. ეს იმ სახლების დაკანონებაა, სადაც ადამიანები წლების განმავლობაში, შვილებითა და შვილიშვილებით ცხოვრობენ, მათ თაობები გაზარდეს და გარკვეული მიზეზების გამო, დაკანონებას ვერ ახორციელებდნენ. ეს ვერ შეეხება იმ კონკრეტულ შემთხვევებს, როდესაც ადამიანი სახელმწიფოს მიწას მიიტაცებს, იტყვის ჩემიაო და დაკანონებას მოგვთხოვს. ეს ორი განსხვავებული შემთხვევაა. რაც ჩვენი დაპირება იყო, მას ვასრულებთ და ბოლომდე გვერდით დავუდგებით ყველა იმ ადამიანს, ვისაც თანადგომა სჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, სოზარ სუბარის მიერ გაკეთებული განცხადების ინტერპრეტაციაზეც ისაუბრა, თითქოს, ის წინასაარჩევნო პერიოდში, აფრიკის დასახლების მცხოვრებლებს იმ ტერიტორიის დაკანონებას ჰპირდებოდა, სადაც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განახორციელა. „გუშინ სოზარ სუბარის განცხადებას არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა და კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო - ის, რაზეც სოზარ სუბარი საუბარობს, ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო 2017 წელს, რასაც, რა თქმა უნდა, ვასრულებთ და მომავალშიც ბოლომდე მივყვებით. ჩვენი დაპირება, რაზეც სოზარ სუბარი საუბრობდა, შესრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
3487 ახალი შემთხვევა და 39 გარდაცვლილი - 16 დეკემბრის სტატისტიკა
ბოლო 24 საათში, ჩატარებული 17 943 ტესტიდან, ვირუსით ინფიცირების 3 487 შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 943 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 477 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 466 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 487 ახალი დადასტურებული შემთხვევა. მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილი ტესტირების ფონზე, ნარჩუნდება დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის სტაბილური მაჩვენებელი, მეტიც, ბოლო პერიოდში, დაწესებული შეზღუდვების ფონზე, სახეზეა ინფიცირების გავრცელების შემცირების ტენდენცია. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 198 387-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 495 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 167 281-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 922 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 487 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 477 შემთხვევა, აჭარა - 280, იმერეთი - 533, ქვემო ქართლი - 254, შიდა ქართლი - 283, გურია - 66, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 269, კახეთი - 153, მცხეთა-მთიანეთი - 85, სამცხე-ჯავახეთი - 76, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 29 158, საიდანაც, 6 721 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 876, აჭარაში - 824, იმერეთში - 1 370. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 103 პირი, მათ შორის, თბილისში - 497, აჭარაში - 148, იმერეთში - 242. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 431 პირი, მათგან თბილისში - 219, აჭარაში - 51, იმერეთში - 53. 2 461 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 823 - თბილისში, 1 183 - აჭარაში, 165 - იმერეთში. 19 976 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 622 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 245, აჭარაში -179, ხოლო იმერეთში - 7. სულ 6 ოქტომბრიდან - 15 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 20 483 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 47 759 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 261 პირი, აჭარაში - 8 150, იმერეთში - 6 312”, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ევროკავშირმა, საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა დადებითად შეაფასა
2020 წლის 15 დეკემბერს ონლაინ ფორმატში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეექვსე სხდომა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სხდომას, როტაციის პრინციპის შესაბამისად, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიისა და ეუთოს დირექტორატის ხელმძღვანელი ლუკ დევინი წარუძღვა. საქართველოს დელეგაციას კი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი ხელმძღვანელობდა. ასოცირების კომიტეტზე ქართულმა მხარემ წარმოადგინა ასოცირების შეთანხმების ფარგლებში სხვადასვხა მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ინფირმაცია. ევროკავშირის მხარემ აღნიშნა ის დადებითი ცვლილებები, რომლებიც საქართველომ განახორციელა მრავალი მიმართულებით, მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების, სასამართლო და საარჩევნო სისტემის რეფორმის და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით. შეხვედრაზე ასევე განისაზღვრა ის საკითხები, რომელთა ირგვლივ მხარეები კვლავ გააგრძელებენ ერთიბლივ მუშაობას რეფორმების პროცესის გაძლიერებისთვის. აღსანიშნავია, რომ ასოცირების კომიტეტის სხდოამზე ევროკავშირის მხარემ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები შეაფასა, როგორც კონკურენტუნარიანი, რომელიც ჩატარდა თავისუფალ გარემოში. მხარეებმა გამოთქვეს მზაობა იმუშაონ არჩევნებზე დაფიქისრებული ხარვეზების შემდგომი გამოსწორების მინიზნით. ევროკავშირის მხარემ გამოხატა მხარდაჭერა ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების საპარალემნტო სივრცეში წარმართვისა და და ხაზი გაუსვა პარალმენტის ეფექტიანი ფუნციონირების მნიშვენლობას. ასოცირების კომიტეტის სხდომაზე ასევე განხილული იქნა საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გამოხატა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერა. ქართულმა მხარემ მიმოიხილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა და ის ანექსიური ნაბიჯები რასაც ადგილი აქვს რუსეთის ფედერაციის მხრიდან. მხარეებმა აღნიშნეს 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულების აუცილებლობა, ხაზი გაუსვეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის მნიშვნელობას. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხრიდან ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მხარდაჭერის მნიშვნელობას. ქართულმა მხარემ ასევე ისაუბრა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ეფექტიანი განხორციელების პროცესზეც. შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სხვა საკითხებზეც ისაუბრეს. კიდევ ერთხელ აღინიშა საქართველოს წვლილი ევროკავშირის სამხედრო მისიებში. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მზაობას, გააგრძელოს ევროკავშირის მისიებში ჩართულობა. მხარეებმა ასევე განიხილეს უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხები, ისეთ სფეროებში როგორიცაა კიბერ უსაფრთხოება, ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავება, დეზინფორმაციასთან ბრძოლა და სხვა. მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, გააგრძელონ მუშაობა ამ საკითხებზე თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად. ასოცირების კომიტეტის სხდომაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის მნიშვნელობა უსაფრთხიების საკითხებში. ევროკავშირმა ასევე დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას, მათ შორის ევროკავშირში საქართველოს ეკონომიკურ ინტეგრაციის პერსპექტუვას. განხილული იქნა საქართველო-ევროკავშირის სექტორულ თანამშრომლობის დღის წესრიგი, ისეთ მიმართულებებით, როგორიცაა მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერა, რეგიონული განვითარება, სოფლის მეურნეობა, თანამშრომლობა ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის, ჯანმრთელობის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში. აღინიშნა ის პროგრესი, რაც საქართველოს აქვს ევროკავშირში ფიზიკური ინტეგრაციის პროცესში და გამოიხატება ერთობლივ პროექტებში ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ციფრული ტექნოლოგიების და გარემოს დაცვის სფეროებში. ევროკავშირში ფიზიკური ინტეგრაციის მიმართულებით განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველოში მიმდინარე სტრატეგიული დანიშნულების ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ევროკავშირისა და საქართველოს მხარეებმა ასევე განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი განვითარების ხედვები. კერძოდ აღინიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა, რომელიც 2021 წლის პირველ ნახევარში გაიმართება, საფუძველი უნდა ჩაუყაროს პარტნიორობის ახალ სტრატეგიასა და ახალ მიზნებს, რომლებიც მასში მონაწილე თითოეული პარტნიორის - და განსაკუთრებით ასოცირებული პარტნიორების - მისწრაფებებს, ამბიციებსა და შესაძლებლობებს ასახავენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განათლებისა და მეცნიერების სფეროში ევროკავშირის პროგრამებში საქართველოს აქტიურ მონაწილეობას, როგორც ქართველი სტუდენტებისთვის ევროპის უნივერისტეტებში განათლების მიღების, ასევე ქართული უნივერსიტეტების ევროპულ უნივერსიტეტთა ქსელში ჩართვის შესაძლებლობების გაზრდის კუთხით. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის მოქმედ უვიზო მიმოსვლაზე. ევროკავშირის მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები უვიზო მიმოსვლის შეუფერხებლად ფუნქციონირების შენარჩუნების მიზნით. აღინიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეებს უწყვეტად მიეწოდებათ ინფორმაცია ევროკავშირში/შენგენის სივრცეში უვიზოდ მოგზაურობის წესების შესახებ, განსაკუთრებით კოვიდ-19 პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში. მხარეებმა ასევე ერთმანეთს გაუზიარეს დეზინფორმაციასთან დაკავშირებული გამოცდილება. აღინიშნა ის აქტივობები, რომელსაც საქართველო ახორციელებს სტრატეგიული კომუნიკაციის კუთხით, რომლის მიზანია საზოგადოებისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს იმ მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარებისთვის, რომელიც ევროკავშირმა გამოყო კოვიდ-პანდემიასთან გამკლავების პროცესში. სხდომაში ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურმა, ევროკომისიამ და საქართველოს სამთავრობო უწყებებმა მიიღეს მონაწილეობა. კერძოდ, საქართველოს მხრიდან, შეხვედრაში მონაწილეობდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, შინაგან საქმეთა პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და სხვა უწყებების წარმომადგენლები. კომიტეტის შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სახალხო დამცველის მოადგილემ და სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილემ.
საქართველოში კორონავირუსის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისია იქმნება
საქართველოში კორონავირუსის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისია იქმნება. მთავრობის შესაბამისი განკარგულება „საკანონმდებლო მაცნეზე“ გამოქვეყნდა. დადგენილების თანახმად, კომისია „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის პოლიტიკის განსაზღვრისა და დანერგვის ხელშეწყობისთვის იქმნება, მის შემადგენლობაში კი იქნებიან: ჯანდაცვის მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე; მინისტრის პირველი მოადგილე – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორი, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე. დადგენილების თანახმად, კომისიის მუშაობაში წევრის სტატუსით მონაწილეობა ეთხოვებათ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ქვეყნის წარმომადგენლობას; გაერო-ს ბავშვთა ფონდის ქვეყნის წარმომადგენლობას; აზიის განვითარების ბანკის ქვეყნის მისიას; მსოფლიო ბანკის ქვეყნის წარმომადგენლობას; გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობას; ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობას; აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს. დადგენილების მიხედვით, კომისიის ამოცანაა, „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან მჭიდრო კოორდინაციით, ასევე, საჭიროებისამებრ, მისი განახლება; „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაციის უზრუნველყოფა და მონიტორინგი. კომისია უფლებამოსილია, განახორციელოს „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის დანერგვისთვის სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული გაერთიანებების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა; COVAX Facility-სთან კომუნიკაცია ეროვნული კოორდინატორის მეშვეობით, „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის დანერგვისთვის ფინანსური რესურსების მოზიდვის კოორდინაცია, ექსპერტების, საქართველოს პარლამენტის წევრების, ადმინისტრაციული ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების მოწვევა კომისიის საქმიანობის საჭიროების გათვალისწინებით.
მამა-შვილს, რომელთა ფოტომაც დღეს სოციალური ქსელი მოიცვა, თბილისის მერმა ბინა აჩუქა
"გავარკვიე საღამოსვე რა პირობებში ცხოვრობს და ჩემი პირადი საჩუქარი, ჩემი ოჯახის სახელით, იქნება ბინა ამ ოჯახისთვის" - ამ შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა თბილისი მერმა კახა კალაძემ facebook-ის პირად გვერდზე. "ახლა დავბრუნდი მერიიდან და არ შემიძლია დღესვე არ დავწერო, როგორც მერმა უკვე ვისაუბრე დღევანდელ მოვლენებზე, უბრალოდ ჩემი პირადი პოზიცია უნდა დავწერო- მედიაში რომ დაიწყეს მამა-შვილის ფოტოს გავრცელება როგორც მსხვერპლის, გული მომიკვდა, ტყუილის ტირაჟირებისთვის ბავშვი რატომ-თქო? ისიც კი გავიფიქრე, სახე მაინც დაეფარათ, იქნებ არ უნდა ოჯახს ბიჭუნას ასე გამოჩენა-თქო.... მეგონა მაგ ზღვარს არასდროს უნდა ჩავცდეთ, რომ ანტიპიარისთვის ბავშვები გამოვიყენოთ. მოგვიანებით, როცა გაირკვა, რომ. ბავშვი და მამამისი იქვე ცხოვრობენ, ჩემი და ჩემი შვილების ფოტოები მიაშენეს მათ ფოტოს. ვერც ვბრაზდები, მგონი არც მიკვირს.ასეთ ადამიანებს რა გითხრათ სხვა? - ეგეთი ქცევა თქვენი არჩევანია. მთავარი ამჯერად ჩემთვის ისაა, რომ როცა შემიძლია დავეხმარო, ვეხმარები, ასე გამზარდეს ასე ვზრდი ჩემს შვილებს. გმირობაა მარტო კაცი ზრდის 6 შვილს. გმირი მამაა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მხარში ამოვუდგე მას. გავარკვიე საღამოსვე რა პირობებში ცხოვრობს და ჩემი პირადი საჩუქარი, ჩემი ოჯახის სახელით, იქნება ბინა ამ ოჯახისთვის.ამდენი სიძულვილის, ცილისწამების და ტყუილის ფონზე ამ ოჯახის გაბედნიერებაა ჩემთვის დღევანდელი დღის შედეგი." - წერს კახა კალაძე.
კახა კალაძე: შენობებში, რომლის დემონტაჟიც მოხდა, ადამიანები არ ცხოვრობდნენ
"იმ შენობა-ნაგებობებში, რომლის დემონტაჟიც განხორციელდა, არ ცხოვრობდნენ ადამიანები"- განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში. "ეს არ იყო საცხოვრებელი სახლები, ეს იყო მშენებარე შენობა-ნაგებობები. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, იმ შენობა-ნაგებობებში, რომლის დემონტაჟიც განხორციელდა, არ ცხოვრობდნენ ადამიანები. იმ შენობებს, სადაც ეს ადამიანები ცხოვრობენ არავინ შეხებია, მიუხედავად იმისა, რომ უკანონოდ აქვთ დატაცენული მიწები და უკანონოდ აქვთ აშენებული სახლები" - აღნიშნა კახა კალაძემ რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში. თბილისის მერია აცხადებს, რომ აფრიკის დასახლებაში ნაგებობის დემონტაჟი უკანონო მშენებლობებს უკავშირდება.
"რესპუბლიკელი" ირაკლი ჩავლეიშვილი პარტიას ტოვებს და აჭარის უმაღლეს საბჭოში შედის
"რესპუბლიკელი" ირაკლი ჩავლეიშვილი პარტიას ტოვებს და აჭარის უმაღლეს საბჭოში შედის. ამის შესახებ მან განცხადება თავისი facebook-ის გვერდზე სულ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. "მეგობრებთან ხანგრძლივი განსჯის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლასთან დაკავშორებით. 1990 წლიდან მოყოლებული, ვიყავი როგორც აჭარის, ასევე ქ. ბათუმის სამი მოწვევის დეპუტატი. ამ ხნის განმავლობაში, ყოველ ჯერზე გაყალბებული არჩევნების შედეგად, ხშირად მარტო მიწევდა ოპოზიციურ ფლანგზე მოღვაწეობა. მომავალშიც ასე ვაპირებ.სამწუხაროდ, ჩემი და საქართველოს რესპუბლიკური პარტიის დამოკიდებულება, უმაღლესი საბჭოს ბოიკოტირებასთან დაკავშირებით, რადიკალურად განსხვავდება. ვფიქრობ, დეპუტატის ადგილი პარლამენტშია. ასევე თანავუგრძნობ მომიტინგეებს ქუჩაში, სადაც ჩემი პოლიტიკური ცხოვრების საკმაოდ დიდი ნაწილი გამიტარებია" - წერს ირაკლი ჩავლეიშვილი. ის ასევე შეეხო ელჩების საკთხს და აღნიშნავს, რომ მისთვის მიუღებელია ელჩების კრიტიკა. "დასავლური პოლიტიკური ფასეულობები ჩემი პოლიტიკური ცხოვრების ქვაკუთხედია. ამიტომაც ჩემთვის ყოვლად მიუღებელია ევროკავშირის და აშშ-ს ელჩების დაუმსახურებელი და დაუფიქრებელი კრიტიკა. ყოველივე ზემოთ გამოთქმულიდან გამომდინარე, იძულებული ვარ შევაჩერო საქართველოს რესპუბლიკურ პარტიაში ჩემი წევრობა.ვრჩები ოპტიმისტად და იმედს ვიტოვებ, რომ დადგება ის დროც, როდესაც საქართველოში პატივი მიეგება ერთი ადამიანის განსხვავებულ აზრს!დროა ყველაზე კარგი მსაჯული და იმედია გამოაჩენს, ვისი პოზიციაა ჩვენს შორის სწორი." - წერს ირაკლი ჩავლეიშვილი თავის facebook გვერდზე. როგორც თავად აღნიშნავს, ამ თემაზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას მედიასთან არ აპირებს. აჭარის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე მონაწილეობა მიიღო 22-მა საარჩევნო სუბიექტმა პროპორციული არჩევნებისათვის, ხოლო 46 კანდიდატმა მაჟორიტარული არჩევნებისათვის. შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 314 889. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 186 205-მა ამომრჩეველმა. (59, 13%). პროპორციული წესით 31 ოქტომბერს 5%-იანი ბარიერი გადალახა 2-მა საარჩევნო სუბიექტმა: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო,“ (45.9%-ით) და საარჩევნო ბლოკმა: ნაციონალური მოძრაობა, გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია’’ (34.% - ით). არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართა N28 და N30 მაჟორიტარულ ოლქებში. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის (243 892) 30%-მა, 73 833-მა ამომრჩეველმა.
BBC: ევროპის ქვეყნები შობის წინ შეზღუდვებს ამკაცრებენ
ევროპის რამდენიმე ქვეყანა, კორონავირუსის ინფექციის გავრცელების გამო, შობის წინ შეზღუდვებს ამკაცრებს. - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ნიდერლანდებში ხუთკვირიანი ლოკდაუნი გამოცხადდა. ყველა მაღაზია, თეატრი და სპორტული დარბაზი დაიხურა. შეზღუდვები უფრო გაამკაცრა გერმანიამ და მკაცრი ლოკდაური გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ინფიცირებულთა რაოდენობამ რეკორდულ დონეს მიაღწია. დაიხურა სკოლები და მაღაზიები. ნოემბრიდან უკვე გაჩერებულია რესტორნები, ბარები და დასასვენებელი ცენტრები. შეზღუდვები 16 დეკემბრიდან 10 იანვრამდე გაგრძელდება, მაგრამ შობის დღე მცირე შეღავათი იქნება. ევროპის მედიკამენტების სააგენტო (EMA) 21 დეკემბერს აპირებს შეკრებას, რათა განიხილონ, გერმანიის მიერ Pfizer-BioNTech ვაქცინის შემოტანის საკითხი. ეს ვაქცინა უკვე დამტკიცებულია დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს მარეგულირებლის მიერ. საფრანგეთშიც რთული სიტუაციაა, ამიტომ დაიხურა თეატრები, კინოთეატრები, ბარები და რესტორნები. 20:00 საათიდან 06:00 საათამდე დაწესდება ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათიც. კომენდანტის საათი გაუქმდება შობის ღამეს, მაგრამ არა ახალი წლის ღამეს. რაც შეეხება იტალიას, იტალიაში დღიურად დაღუპულთა რიცხვი 500-ს უახლოვდება. მთავრობა შობასთან დაკავშირებით ზომების გამკაცრებას განიხილავს. ჯერ ზუსტი დეტალები არ არის ცნობილი, მაგრამ შეზღუდვები გამკაცრდება შობისა და ახალი წლის ღამის მონაკვეთში. პრემიერ მინისტრმა ჯუზეპე კონტემ პოტენციური ჩაკეტვა აღწერა როგორც "ახალი შესუსტება". ვირუსის ინფექციის ზრდის გამო, შეზღუდვებს ამკაცრებს ესპანეთის მთავრობაც. შეზღუდვები გამკაცრდება 23 დეკემბრიდან 6 იანვრამდე. დაშვებული იქნება მხოლოდ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან სტუმრობა. ხოლო სოციალური შეხვედრები შემოიფარგლება მხოლოდ 10 ადამიანით.
FDA აცხადებს, რომ Moderna-ს ვაქცინა ეფექტური და უსაფრთხოა
Moderna-ს ვაქცინა უსაფრთხო და 94% ეფექტურია - აცხადებენ ამერიკელი ექსპერტები. ამის შესახებ ინფორმაციას კი BBC ავრცელებს. როგორც სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, ეს შეიძლება გახდეს კორონავირუსის მეორე ვაქცინა, რომელიც დაშვებული იქნება აშშ – ში. ეს ხდება ერთი დღის შემდეგ, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ამერიკელებმა დაიწყეს Pfizer-BioNTech ვაქცინის გამოყენება. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა 300 000-ს გადააჭარბა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გრიგოლ ვაშაძის მიერ პარტიის დატოვებას ეხმაურებიან
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პარტიიდან წასვლა ენმ-სთვის დიდი დანაკლისია. ამის შესახებ სამადაშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა. „თუ ბატონი გრიგოლის გადაწყვეტილება, ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით უფრო საფუძვლიანი მსჯელობის განვითარებას, კარგი იქნება პარტიისთვისაც და მათთვისაც, ვისაც ეს პარტია ეიმედება“, - წერს სალომე სამადაშვილი. ხატია დეკანოიძე ვაშაძის განცხადებას შეცდომას უწოდებს და აღნიშნავს, რომ „გენერლები ჯარს სტრატეგიას არ უწუნებენ“. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ელჩებზე თავდასხმა არ ყოფილა. „ნამდვილად არ შემიძლია ბატონ გრიგოლს განცხადებით წასვლა მოვუწონო, რადგან კარგი იქნებოდა, მანამდე პარტიასთან და პარტიის პოლიტსაბჭოსთან კომუნიკაცია ჰქონოდა. არც ერთ განცხადებაში ენმ-ს, არც ერთი ლიდერის მიერ, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებზე თავდასხმა არ ყოფილა. არ ვიცი, ვის მოიხსენიებს ის ოდიოზურ ფიგურებად. ნამდვილად მინდა გითხრათ, რომ ოდიოზური ფიგურები, რომლებიც დღეს სამწუხაროდ აქებდნენ მის ამ ნაბიჯს, შეგვიძლია მმართველ პარტიაში ვნახოთ“, - აცხადებს ხატია დეკანოიძე. მისი თქმით, გრიგოლ ვაშაძის განცხადების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლის შესახებ სურვილი, სხვა რომელიმე წევრს ჯერ არ გამოუთქვამს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირეძე ვაშაძეს წლების განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ მისი ეს გადაწყვეტილება ყველასთვის მოულოდნელი არ ყოფილა. „პარტიიდან მისი წასვლა ბევრისთვის მოულოდნელი იყო, ბევრისთვის არა. შეიძლება, ზოგს არ მოეწონა ამ გადაწყვეტილების დრო, ზოგს ფორმა. არ არის ადვილი, მიიღო ყველასათვის მოსაწონი გადაწყვეტილება, მით უმეტეს, პოლიტიკაში. მადლობა ბატონო გრიგოლს ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისათვის“, - წერს სოციალურ ქსელში რომან გოცირიძე. ნუგზარ წიკლაური ხატია დეკანოიძის აზრს იზიარებს და აცხადებს რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სტრატეგიული გეგმის წარდგენას ვაშაძისგან ელოდა. „თუ ფიქრობდა, რომ ან ტაქტიკური ან სტრატეგიის თვალსაზრისით ჩვენ გვქონდა რაიმე სახის პრობლემები, პირიქით, მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ ელოდა მისგან სტრატეგიული გეგმის წარმოდგენას. რაც შეეხება ვაშაძის განცხადებას, რომ პარტიაში ოდიოზური ფიგურები გამოჩნდნენ, ჩემთვის უცნობია, ოდიოზურ ფიგურებში ვის გულისხმობს ბატონი გრიგოლი. მე დღეს ვნახე ოდიოზური ფიგურები - თეა წულუკიანი და სხვა წევრები, რომლებიც იწონებდნენ გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა. წიკლაურის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არასდროს არ დასხმია თავს არც ერთ დიპლომატს. „ჩვენ გვაქვს ჩვენი მტკიცე პოზიცია, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ გაყალბებული არჩევნების შედეგად ე.წ. პარლამენტში არ შევალთ და ფარსში მონაწილეობას არ მივიღებთ. შეიძლება, ჩვენი ზოგიერთი განცხადება განსხვავდებოდა პოზიციისგან, რომელიც ზოგიერთ დიპლომატს ჰქონდა, მაგრამ არ გადაგვილახავს ზღვარი, რომელსაც ჰქვია კეთილი თანამშრომლობა ჩვენს უცხოელ მეგობრებთან“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა. გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალურ მოძრაობა“ დღეს დატოვა.
ე.წ კარტოგრაფების საქმეზე პროკურატურაში თავდაცვის მინისტრი გამოიკითხა
ე.წ. დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურაში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა. მისი დაკითხვის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს პროკურატურის პრესსამსახურში დაუდასტურეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი საზღვრის დამდგენი კომისიის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოიკითხა.ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვას ამ საქმის ბრალდებულის ივერი მელაშვილის დაცვის მხარე თვეზე მეტია, ითხოვს. ისინი თავდაცვის მინისტრის გარდა ასევე ითხოვენ მმართველი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის დაკითხვასაც.პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ბრალდებით 2020 წლის 17 აგვისტოს დაიწყო. სექტემბერში, კი სახელმიწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურის განცხადებით, დაკავებულებმა საზღვარი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და „საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს“.პროკურატურამ გამოძიება თავდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული რუკების საფუძველზე დაიწყო, რომელიც მათ, თავის მხრივ, რუსეთში მომუშავე ბიზნესმენის, დავით ხიდაშელის დახმარებით მოიპოვეს.
სოზარ სუბარი ვარაუდობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ბევრი ადამიანი დატოვებს
პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი ვარუდობს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ბევრი ადამიანი დატოვებს. როგორც ჟურნალისტებს სუბარმა განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წევრის განცხადებაში გამოჩნდა, რომ პარტიაში მყოფ ადამიანებს „ერთმანეთის ატანა და ერთანაირი ღირებულება არ აქვთ“. „მათ აქვთ აბსოლუტურად სხვადასხვა მსოფლმხედველობა. ბუნებრივია, რომ ეს დაშლა გაგრძელდება. თავისთავად, ამ პარტიას რომ მომავალი არ აქვს, ალბათ, მისი წევრებიც ხედავენ. ეს პროცესი გაგრძელდება, რაშიც მხოლოდ დადებითს ვხედავ“, - აღნიშნა სუბარმა. შეგხსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ დღეს პარტია დატოვა.
კელი დეგნანი: საქართველოს ამერიკაზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს
ფაქტია, საქართველოს ამერიკაზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა, ოპოზიციის მხიდან გამოხატული კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა. "ყველას აქვს უფლება, საკუთარი აზრი ჰქონდეს, თუმცა არსებობს განსხვავება მოსაზრებასა და ფაქტს შორის, ფაქტია, რომ საქართველოს ამერიკაზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს. აშშ-ის საელჩო 30 წელია, ძალიან ბევრს მუშაობს, რათა საქართველოს, ჯანდაცვისა და თავდაცვის განვითარებაში დაეხმაროს. სხვა რა მტკიცებულების წარმოდგენა შეგვიძლია, რომ დაგანახოთ ჩვენი ზრუნვა. ეს არის სიმართლე, მიუხედავად იმისა, ვის ექნება ძალაუფლება აქ თუ თეთრ სახლში, ჩვენი ვალდებულება საქართველოს წარმატების მიმართ არ შეიცვლება“, - განაცხადა კელი დეგნანმა. ელჩმა "ნაციონალური მოძრაობიდან" გრიგოლ ვაშაძის წასვლაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ის გამორჩეული ქართველია, თავისი ქვეყნის სამსახურში ყოფნის ხანგრძლივი და შთამბეჭდავი კარიერით. "ის იყო თავისი პარტიისა და ქვეყნის ინტერესების ძლიერი დამცველი. მე ძალიან ვამაყობ, რომ ვიცნობ ბატონ ვაშაძეს და ვწუხვარ, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, ვფიქრობ, საქართველო ძალინ უნდა ამაყობდეს, რომ ჰყავს გრიგოლ ვაშაძის მსგავსი გამორჩეული და ერთგული ლიდერები“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
200-ლარიანი კომპენსაციის ჩარიცხვა 2021 წლის იანვრიდან დაიწყება
200-ლარიანი კომპენსაციის ჩარიცხვა 2021 წლის იანვრიდან დაიწყება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. "მიმდინარე წლის განმავლობაში, ჩვენ დაახლოებით 125 000 ადამიანს დავეხმარეთ 1 200-ლარიანი საკომპენსაციო პაკეტით ექვსი თვის განმავლობაში და შევპირდით ჩვენს მოსახლეობას, ბიზნესს, რომ ამას გავაგრძელებთ იანვრიდან. შესაბამისად, იანვრიდან მოხდება ამ ინფორმაციის როგორც მოგროვება, ისევე შესაბამისი გადარიცხვები და ტრანზაქციები", - განაცხადა მაჭავარიანმა. რაც შეეხება 300-ლარიან ერთჯერად დახმარებას, მინისტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე 50 000 განცხადებაა დარეგისტრირებული. "ვვარაუდობდით, რომ 100 000 ადამიანამდე ავა ეს რიცხვი. საკომპენსაციო პაკეტით თანხის გადახდა დაიწყება და დამთავრდება მიმდინარე წლის ბოლომდე“, - განაცხადა მაჭავარიანმა.