ახალი ამბები
საბერძნეთში საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები იხურება
საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის შემთხვევების შემცირების მიზნით ქვეყანაში ორშაბათიდან საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები დაიხურება, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტო წერს, რომ ოქტომბრის დასაწყისიდან კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო საბერძნეთის ხელისუფლებამ შეზღუდვებისა და საყოველთაო კარანტინის ხელახალი დაწესების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ღამის ე.წ. „კომენდანტის საათსაც“ ითვალისწინებს. შეზღუდვები ძალაში ნოემბრის ბოლომდეა, სწორედ ამ დრომდე დარჩება დახურული საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები. საბერძნეთში გუშინ კორონავირუსის 3 038 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ხუთშაბათს კი ქვეყანაში კოვიდ 19-ით ინფიცირების 3 316 შემთხვევა გამოვლინდა და 50 ადამიანი გარდაიცვალა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია საბერძნეთისთვის.
„ქართული ოცნება“ ხელახალ არჩევნებს არ განიხილავს, ოპოზიციამ სამი მთავარი აქცია დაგეგმა
მაშინ, როდესაც რუსთველის გამზირზე ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავდა, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ოპონენტებს ბრიფინგიდან უპასუხეს და კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ მმართველი გუნდი ხელახალ არჩევნებს არ განიხილავს. მამუკა მდინარაძემ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაც მოიყვანა, რომელშიც მისი თქმით, მკაფიო გზავნილია ოპოზიციისთვის, რომ მეორე ტურისთვის მოემზადონ. სხვა გეგმა აქვს ოპოზიციას - პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს, მომავალი დღეების სამოქმედო გეგმა სიტყვით გამოსვლისას „ევროპული საქართველოს„ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გააცნო და სამი საპროტესტო აქცია დააანონსა. პირველი აქცია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტისას გაიმართება. გარდა ამისა, შემდეგი აქცია ჩატარდება არჩევნების მეორე ტურის დღეს, 21 ნოემბერს. რაც შეეხება მესამე საპროტესტო აქციას, ის იმ დროს გაიმართება, როდესაც მეათე მოწვევის პარლამენტი პირველად შეიკრიბება. ოპოზიციის მოთხოვნებშია, ხელახალი არჩევნები, ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა, საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი წესით დაკომპლექტება და „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლება. საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით დღეს მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა, თუმცა კონკრეტული შედეგისთვის მხარეებს ჯერ არ მიუღწევიათ. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე დღეს განაცხადეს, რომ 21 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნები მეორე ტური 16 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება და თავისუფალი, სამართლიანი საარჩევნო პროცესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიისთვის და ქართველი ხალხი აქტიურად მონაწილეობს ამ პროცესში. მასალაში გამოყენებულია რადიო თავისუფლების ფოტო რუსთაველის გამზირიდან
ავსტრია ლოკდაუნს აცხადებს
ავსტრია მომავალი კვირიდან ლოკდაუნზე გადადის. მანამდე, ამ ქვეყანაში, კარანტინი ღამის საათებში მოქმედებდა. შეზღუდვა დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში იმოქმედებს. წერს BBC კანცლერ სებასტიან კურცის განცხადებაზე დაყრდნობით შეზღუდვა 17 ნოემბრიდან შევა ძალაში. ავსტრიელები სახლის დატოვებას სამსახურის, აუცილებელი საყიდლების შესაძენად და ვარჯიშის მიზნით შეძლებენ. ავსტრიაში პარასკევს კორონავირუსის 9,586 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ 191,000 ინფიცირებულია აღრიცხული. გარდაიცვალა 1661.
ალექსანდრე ლუკაშენკომ პირობა დადო, რომ მისი შვილები პრეზიდენტები არ გახდებიან
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ პირობა დადო, რომ მისი შვილები პრეზიდენტები არ გახდებიან. „პრეზიდენტის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ არც ერთი ჩემი შვილი პრეზიდენტი არ გახდება. ვიმეორებ, არც ერთი შვილი“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ. 6 ნოემბერს ევროკავშირმა ლუკაშენკოს და 14 ბელარუს მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. ყოველდღიური მასობრივი პროტესტი ქვეყანაში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელშიც გამარჯვებულად კვლავ ალექსანდრე ლუკაშენკო გამოცხადდა. იგი უკვე მეექვსე ვადით იყრიდა კენჭს.მომიტინგეები ლუკაშენკოს გადადგომას და ხელახალი არჩევნების დანიშნვას მოითხოვენ. პროტესტის ჩახშობის მცდელობებს უკვე სულ მცირე, ოთხი მოქალაქე ემსხვერპლა, კიდევ 6 დაკარგულად ითვლება, დაშავებულთა და დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. ევროკავშირის ქვეყნები და აშშ არჩევნების შედეგებს არ სცნობენ.
ვლადიმერ ვაისი: საქართველოს ეროვნული ნაკრების მომავალი მწვრთნელი შეიძლება ჩემი და ქეცბაიას მიქსი იყოს
არ ვიცი საქართველოს ეროვნული ნაკრების მომავალი მწვრთნელი ქართველი იქნება თუ უცხოელი, ის ჩემი და ქეცბაიას მიქსი შეიძლება იყოს, რომელიც ასევე ძალიან კარგი ადამიანი და მწვრთნელია, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა განაცხადა. ვაისმა საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო მატჩის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დღე იყო. „ასეთი თამაშის შემდეგ ძილი შეუძლებელია. 0:1 წავაგეთ, 1 შეცდომა დავუშვით დაცვაში და... მაკედონია მცირე შანსებსაც სულ იყენებდა ჯგუფში. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი დღე იყო. მატჩის შემდეგ ყველა ცუდად იყო, იმედგაცრუებული, ასეთი შანსი ვერ გამოვიყენეთ. თუმცა, ცხოვრება უნდა განვაგრძოთ, ხვალ სომხეთს ვეთამაშებით, ეს მატჩი უნდა მოვიგოთ. ბიჭებისთვის ერთა ლიგის B დივიზიონში დაწინაურება ძალიან კარგი იქნება, ძლიერ მეტოქეებს შეხვდებიან. ეს მომავლისთვის იქნება კარგი. იმედგამაცრუებელი მატჩის შემდეგ ძნელია მოედანზე გასვლა, თუმცა ვნახოთ. წინა მატჩში სათადარიგოთა შორის მყოფ ფეხბურთელებს მივცემ შანსს და ვეცდებით წარმატებულად ვითამაშოთ. გუშინ შევიკრიბეთ. ვისაუბრეთ ამ იმედგაცრუებაზე. მოვა ახალი მწვრთნელი, რომელიც გუნდში ახალ სულს მოიტანს და იმედია, უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს. აქ კი მაღალი დონის ფეხბურთელები დახვდება. არ ვიცი მომავალი მწვრთნელი ქართველი იქნება თუ უცხოელი, ის ჩემი და ქეცბაიას მიქსი შეიძლება იყოს, რომელიც ასევე ძალიან კარგი ადამიანი და მწვრთნელია. ის ძალიან ემოციური პიროვნება გახლავთ. თუმცა, ვინც არ უნდა იყოს, კარგ გუნდს ჩაიბარებს, უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელით. ეს 5 წელი ჩემს გულში მუდმივად დარჩება. სადაც არ უნდა ვიყო, ქართველებისა და ამ ბიჭების გულშემატკივარი ვიქნები, ნაკრებსა თუ კლუბში. მხოლოდ წარმატებებს გისურვებთ“, - განაცხადა ვაისმა. მისივე თქმით, მაკედონია დაცვაში ძალიან კომპაქტურად თამაშობდა. „მათთან სისწრაფეზე მეტად კრეატივი გვჭირდებოდა, თუმცა არაფერი გამოგვივიდა. შესაძლოა, ცვლილებები დავაგვიანე, თუმცა ეს უკვე წარსულია. თავიდან 26 ფეხბურთელი გვყავდა. 4 ფეხბურთელი გამოგვაკლდა. ამ ორი თამაშისთვის საკმარისი მოთამაშეები გვყავს. მნიშვნელოვანი ფეხბურთელების დაკარგვა მწვრთნელის თავსატეხია. იბრძოლეს, იომეს, ერთი შეცდომა დაუშვეს... შეტევაში საკმარისი სიმწვავე ვერ შევქმენით. რაც მაკედონიელებმა გააკეთეს თავდასხმაში, ჩვენ ვერ შევძელით და წავაგეთ”, - განაცხადა ვაისმა. ვაისი იმედოვნებს, რომ ეროვნული ნაკრები სომხეთთან შეხვედრას წარმატებით დაასრულებს. შეგახსენებთ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 მარცხის შემდეგ, ვლადიმერ ვაისმა განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელის პოსტს ტოვებს. წყარო: sportall.ge
ოპოზიციის მთავარ მოთხოვნად ხელახალი არჩევნები რჩება
„გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიციის მთავარ მოთხოვნად კვლავ ხელახალი არჩევნები რჩება. როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, ამ მთავარ მოთხოვნაზე შეიძლება დაშენდეს სხვა მოთხოვნებიც, კერძოდ, საარჩევნო ადმინისტრაციის და საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება. „მთავარი მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნები იმიტომ, რომ არ არსებობს სამართლებრივი პროცედურები, რომელიც მიგვიყვანს იმ შედეგებამდე, რომელიც 31 ოქტომბერს გამოხატულ ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებას ასახავს. ოპოზიციის მხრიდან ერთადერთი მთავარი საკითხი, რომელზეც მერე შეიძლება დაშენდეს სხვა საკითხები, როგორიც არის საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება და ა.შ. მთავარი საკითხი არის ხელახალი არჩევნების საკითხი“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. ამასთან, ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არ არის მიღებული გადაწყვეტილება, შეხვდება თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ოპოზიციის წარმომადგენლებს. „თუმცა, მგონია, რომ მნიშვნელოვანია მას ჰქონდეს ოპოზიციასთან შეხვედრა, რათა ჩვენი პოზიცია მოისმინოს იმ მთავარ ამბავზე, რომელიც ახლა ქვეყანაში ხდება. ეს არის გაყალბებული არჩევნები და ბოიკოტი ახალი პარლამენტის. თავისთავად ის ფაქტი, რომ აშშ-ს თუნდაც წარმავალი ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანი ჩამოდის საქართველოში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
მოლაპარაკების მაგიდაზე დარჩა ერთადერთი საკითხი - ოპოზიციის შეთავაზება ახალი არჩევნების შესახებ
მოლაპარაკების მაგიდაზე დარჩა ერთადერთი საკითხი - ოპოზიციის შეთავაზება ახალი არჩევნების შესახებ, - აღნიშნულის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც ბარქაძე აღნიშნავს, მხარეებს შორის განსხვავებული პოზიციებია, თუმცა, ისინი შეთანხმდნენ, რომ დიალოგი გაგრძელდება. „ჯერჯერობით კონკრეტულ შედეგზე საუბარი ნაადრევია. უნდა გვესმოდეს, რომ მხარეთა პოზიციებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. სამწუხარო ფაქტი გახლავთ ნამდვილად ცესკოს გუშინდელი სხდომა და სრულიად უკანონო და სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს, რომლითაც ოპოზიციას წაართვეს სასამართლოში გასაჩივრების უფლება, რომლითაც დახურეს კარი ოლქების და უბნების შედეგების გადათვლის და გადამოწმებისთვის, რომლითაც დაარღვიეს არსებული ვადები და დააჩქარეს გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ, ცესკოს ეს გადაწყვეტილება იყო ფაქტორი, რომელმაც ძალიან დაავიწროვა ჩვენი მოლაპარაკების თემა და შესაბამისად, მოლაპარაკების მაგიდაზე დარჩა ერთადერთი საკითხი - ოპოზიციის შეთავაზება ახალი არჩევნების შესახებ. ჯერჯერობით, პოზიციები ერთმანეთისგან დაშორებულია, მხარეები განსხვავებულ პოზიციაზე დგანან, მაგრამ ჩვენ შევთანხმდით, რომ დიალოგი და პროცესი გაგრძელდება და ამ დიალოგის ამოცანა გახლავთ სწორედ ის, რომ ძალიან დაშორებული პოზიციებიდან ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდეთ იმ კომპრომისამდე, რომელიც საჭიროა ამ ქვეყანაში სტაბილურობისთვის. სტაბილურობას სჭირდება აღქმა, რომ ქვეყანას ჰყავს ლეგიტიმური ხელისუფლება, სტაბილურობას სჭირდება აღქმა, რომ ქვეყანაში არსებობს კონსოლიდირებული საზოგადოება და ნორმალური პოლიტიკური პროცესი, ამ ყველაფერს ჩვენი შეფასებით, სჭირდება ახალი არჩევნები, ეს არის განხილვის თემა. პროცესი გაგრძელდება და უახლოეს დღეებში ჩვენ ველით კიდევ ახალ შეხვედრას“, - განაცხადა ბაქრაძემ.
არჩილ თალაკვაძე: დიალოგი არ დასრულებულა, კარი დიალოგისთვის და შეთანხმებისთვის ღიაა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დიალოგი არ დასრულებულა, კარი დიალოგისთვის და შეთანხმებისთვის ღიაა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, შეთანხმება მიღწეულია, რომ კიდევ ერთ შეხვედრას ჩატარდეს. „მოლაპარაკებები გრძელდება. მოგეხსენებათ, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულია. ჩვენ მივესალმებით დიალოგის ფორმატს და მაქსიმალურად ვცდილობთ დავაახლოვოთ პოზიციები, რათა დემოკრატიამ და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურმა სისტემამ განაგრძოს სტაბილურად ფუნქციონირება. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ფორმატში დიალოგი პოლიტიკურ პარტიებს შორის დასრულდება და ამოიწურება. ჩვენ მზად ვართ, რომ ეს დიალოგი განვაგრძოთ საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში. ვფიქრობ, რომ ახლა ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებში არის პოლიტიკური სტაბილურობა, არის უფრო მეტი თანამშრომლობის შესაძლებლობის მოძებნა პოლიტიკურ პარტიებს შორის. ჩვენს მიერ ჩატარებული რეფორმები ამის შესაძლებლობას აძლევს ნამდვილად ყველას. მოდით, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა“, - განაცხადა თალაკვაძემ.
მაიკ პომპეო საფრანგეთს ესტუმრა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთს ესტუმრა. „როიტერის“ ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები დაგეგმილია პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან ივ ლე დრიანთან. განსახილველ საკითხებს შორის არის - ეკონომიკა, უსაფრთხოება და კონტრტერორიზმი. „შესანიშნავია საფრანგეთში, აშშ-ის უძველეს მეგობარ და მოკავშირე ქვეყანაში ყოფნა. ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება საერთო ღირებულებებს - დემოკრატიას, თავისუფლებასა და კანონის უზენაესობას“, - დაწერა პომპეომ „ტვიტერში“. საფრანგეთის შემდეგ პომპეოს ვიზიტი დაგეგმილი აქვს თურქეთში, საქართველოში, ისრაელში, ყატარსა და საუდის არაბეთში.
ბათუმში ახალი კორონავირუსით 32 წლის ქალი გარდაიცვალა
ბათუმში ახალი კორონავირუსით 32 წლის ქალი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქალი ბათუმის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა, მას თანმხლები დაავადება შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა, იყო ინსულინდამოკიდებული. გასულ დღე ღამეში აჭარაში კორონავირუსით 7 პაციენტი გარდაიცვალა: 1. რესპუბლიკური საავადმყოფო – 55 წლის კაცი, თანმხლები დაავადებები: გულის ათეროსკლეროზული დაავდება, გულის უკმარისობა 2. რესპუბლიკური საავადმყოფო – 68 წლის კაცი, თანმხლები დაავადებები: არტ.ჰიპერტენზია, გულის ათეროსკლეროზული დაავდება, გულის უკმარისობა 3. რესპუბლიკური საავადმყოფო – 86 წლის ქალი, გულის ქრონიკული უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი 4. მედცენტრი – 57 წლის კაცი, თანმხლები დაავადებები: არტ.ჰიპერტენზია, შაქრიანი დაიბეტი 5. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი – 45 წლის ქალი, თანმხლები დაავადებები: ესენციური ჰიპერტენზია 6. რესპუბლიკური - 59 წლის კაცი. ბოლო 24 საათში კორონავირუსის დადასტურებული 3 504 ახალი შემთხვევიდან 603 აჭარაში აღირიცხა, 300 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. 14 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 76 658 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 58 674 გამოჯანმრთელდა, 669 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში სულ COVID 19-ის 17 289 აქტიური შემთხვევაა. მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.
3504 ახალი შემთხვევა და 33 გარდაცვლილი - 14 ნოემბრის სტატისტიკა
დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 504 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 504 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს - 76 658-ს. გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 163 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 58 674-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 33 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10, აჭარაში - 7, იმერეთში - 10, ქვემო ქართლში - 1, შიდა ქართლში - 2, კახეთში - 1, მცხეთა-მთიანეთში - 1, სამცხე-ჯავახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 669 გარდაცვალების შემთხვევა. დღეს გამოვლენილი 3 504 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 232 შემთხვევა, აჭარა - 603, იმერეთი - 619, ქვემო ქართლი - 122, შიდა ქართლი - 140, გურია - 94, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 397, კახეთი - 102, მცხეთა-მთიანეთი - 97, სამცხე-ჯავახეთი - 76, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 22. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 289. 5 355 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 541, აჭარაში - 890, იმერეთში - 1 049. მძიმე პაციენტი გვყავს 749, მათ შორის, თბილისში - 375, აჭარაში - 121, იმერეთში - 162. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 340 პირი, მათ შორის, თბილისში - 168, აჭარაში - 88, იმერეთში - 30. 3 361 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 551 - აჭარაში, 1 239 - თბილისში, ხოლო 282 - იმერეთში. 8 573 პირი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 425 ადამიანი, მათ შორის, თბილისში -418, აჭარაში-1 309, ხოლო იმერეთში - 32. სულ 6 ოქტომბრიდან - 13 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 14 897 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 43 263 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 6 671 პირი, აჭარაში - 18 460, იმერეთში - 4 921“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.
ელისაშვილი: ველოდებით „ქართული ოცნების“ გონივრულ შეთავაზებას, რათა პროტესტიც აღარ გაგრძელდეს
ველოდებით გონივრული წინადადება შემოგვთავაზოს „ქართულმა ოცნებამ“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ეს უნდა იყოს წინადადება, რომლითაც არც პროტესტი გაგრძელდება და ქვეყანაც დამშვიდდება. “ზუსტად ამას ველოდები, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი გონივრული კომპრომისი შემოგვთვაზოს, რომ პროტესტიც აღარ გაგრძელდეს და ქვეყანაც დამშვიდდეს“, - განაცხადა ელისაშვილმა. კითხვაზე, რა იქნება საუკეთესო გზა ამ შემთხვევაში, ელისაშვილმა ასე უპასუხა: „ადეკვატური წინადადება მათი მხრიდან“. აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებისა და უმრავლესობის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ამერიკის ელჩის რეზიდენციაში 12 ნოემბერს გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეებმა ელჩებს არჩევნებთან დაკავშირებით თავიანთი მტკიცებულებები წარუდგინეს.
მსახიობი არმენ ჯიგარხანიანი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა
ცნობილი მსახიობი არმენ ჯიგარხანიანი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. არმენ ჯიგარხანიანს 200-ზე მეტ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. არმენ ჯიგარხანიანის ხელმძღვანელობით, 1996 წლის 12 მარტს მოსკოვის დრამატული თეატრი დაფუძნდა.
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებისა და უმრავლესობის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებისა და უმრავლესობის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, შეხვედრაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებიც მონაწილეობენ. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ამერიკის ელჩის რეზიდენციაში 12 ნოემბერს გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეებმა ელჩებს არჩევნებთან დაკავშირებით თავიანთი მტკიცებულებები წარუდგინეს. დღესვე, ოპოზიცია, რუსთაველის გამზირზე აქციას გამართავს.
მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს გამოვიყენებთ როგორც შესაძლებლობას, დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს გამოვიყენებთ როგორც შესაძლებლობას, დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს, სადაც ოფიციალურმა პირებმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში, საფრანგეთში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში დაგეგმილ ვიზიტებზე იმსჯელეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვედზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ხაზგასმულია, რომ აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას. „კიდევ ერთხელ, ცალსახად აღვნიშნავთ, რომ ვგმობთ 2008 წელს რუსეთის შეჭრას საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებიც კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ,“- აღნიშნულია ინფორმაციაში. ბრიფინგზე ასევე აღინიშნა, რომ აშშ განაგრძობს საქართველოს დახმარებას ევრო-ატლანტიკური კავშირების გაძლიერებაში. „რა თქმა უნდა, ერთგულნი ვრჩებით, დავეხმაროთ საქართველოს, გააღრმავოს მისი ევრო-ატლანტიკური კავშირები, გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები და პროცესები. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური, დაახლოებით 16 საპარლამენტო მანდატისთვის, 21 ნოემბერს ჩატარდება. რა თქმა უნდა, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებისთვის და ქართველი ხალხი ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობს”, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირმა. მისივე თქმით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრისა და პატრიარქის გარდა სახელმწიფო მდივანი შეხვდება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ქვეყანაში სასამართლო დამოუკიდებლობის და კანონის უზენაესობის საკითხების განსახილველად. „სახელმწიფო მდივანი საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება, რათა მოისმინოს მათი შეხედულებები კანონის უზენაესობასა და დამოუკიდებელ სასამართლოსთან დაკავშირებით,“- განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტში. შეგახსენებთ, მაიკ პომპეო საქართველოში 17 ნოემბერს ორდღიანი ვიზიტით ჩამოდის.
დღეს ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავს
რუსთაველის გამზირზე ოპოზიცია დღეს საპროტესტო აქციას გამართავს. აქციაზე ოპოზიცია ცესკოს მიერ გამოცხადებულ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გააპროტესტებს. საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტის შენობის წინ 15:00 საათზე დაიწყება. მას სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეუერთდებიან. "ევროპული საქართველოს" ლიდერები და მხარდამჭერები 14:30 საათზე, პირველ სკოლასთან შეიკრიბებიან, რის შემდეგაც მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ. შეგახსენებთ, 13 ნოემბერს „ლელოს” ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებმა რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრეს.
თენგიზ ფხალაძე: ჰოჯესის გზავნილი პომპეოს ვიზიტის წინ საექსპერტო წრეებისთვის დროული თემაა განსახილველად
მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის წინ, ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესის ინტერვიუ, რომელიც „ევროპათაიმმა“ ჩაწერა, მედიაში განხილვის მთავარი თემაა. საქართველოში ინფრასტრუქტურის გაზრდაზე ბენ ჰოჯესის განცხადებას დროულ აქცენტად მიიჩნევენ ექსპერტებიც. შეიძლება თუ არა განვიხილოთ ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის წინ მთავარ გზავნილად, რა ფორმით შეიძლება იყოს განხილული აშშ-ის მიერ საქართველოში ინფრასტრუქტურის გაძლიერება, ამ საკითხებზე „ევროპათაიმი“ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველს პოლიტიკის საკითხებში, (2014-2018) ჯიპა-ს ასოცირებულ პროფესორს, თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა. „ზოგადად, ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებში შედის, ამიტომ, ნუ ვიტყვით მაინცდამაინც ამერიკულ ინფრასტრუქტურას - ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ინფრასტრუქტურა, რომელიც მნიშვნელოვანი და საინტერესო შეიძლება იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის. აქ ბევრი რამ მოიაზრება, თუმცა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენს პორტებს და ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ის პროექტი, რომელიც დღეს არის შეჩერებული - ანაკლიის პროექტი, რომელსაც კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე, რადგან ეს არის საქართველოს ფუნქციის გამაძლიერებელი აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანში, ასევე ის პროექტი, რომელიც ჩვენი პარტნიორების, მათ შორის აშშ-ის მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს“, - აცხადებს თენგიზ ფხალაძე. რამდენად მოსალოდნელია ანაკლიის საკითხის აქტუალიზაცია, თენგიზ ფხალაძე იმედოვნებს, რომ ამ თემის აქტუალიზაცია ისევ მოხდება. „სახელმწიფო მდივანმა არაერთხელ აღნიშნა ამ პორტის მნიშვნელობა. უბრალოდ, კიდევ ერთხელ უნდა გვახსოვდეს - როდესაც აშშ ამაზე ლაპარაკობს, არ არის ხედვა, რომ ეს ამერიკული პორტი უნდა იყოს, მაშინაც თქვა, რომ ეს უნდა იყოს ის ქართული პორტი, რომელიც გააძლიერებს საქართველოს სახელმწიფოს და აშშ მზადაა, ამაში დაგვეხმაროს, როგორც სტრატეგიული პარტნიორი. ასე რომ, უნდა გავითავისოთ, რომ ეს პირველ რიგში ჩვენს ინტერესებშია და შემდგომში - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების. ბენ ჰოჯესი ლაპარაკობს იმაზე, რომ შეიძლება საქართველოში გაძლიერდეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ასევე სამხედრო - ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გზა და სტრატეგიული არჩევანი არის ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისკენ. საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც ნატოსკენ მიისწრაფვის, ძალიან ბევრს აკეთებს ამისთვის. მნიშვნელოვანია, ჩვენ გვქონდეს ის ინფრასტრუქტურა, რომელიც თავსებადი იქნება ამ თვალსაზრისითაც ალიანსისათვის. ეს უპირველეს ყოვლისა გააძლიერებს ჩვენს უსაფრთხოებას და თავდაცვის უნარიანობას, ამისთვის მნიშვნელოვანია როგორც მრავალმხრივი ფორმატის გამოყენება, რაშიც იგულისხმება საქართველო - ნატოს ურთიერთობები და იგივე შავი ზღვის უსაფრთხოების პროგრამა, ასევე ორმხრივი ურთიერთობები, კერძოდ, საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში“, - აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე. რაც შეეხება ჰოჯესის გზავნილს „პომპეოს ვიზიტის წინ, საინტერესო რჩევა-შეთავაზებად შეიძლება განვიხილოთ საექსპერტო საზოგადოებისგან, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს საქართველოს, შავი ზღვის, ევროპის უსაფრთხოება, ხედავს საქართველოს როლს ამ დიდ სურათში, იცის ამერიკის ეროვნული ინტერესები და ეს არის ის რჩევა, რომლის განხორციელებაც როგორც საქართველოს, ასევე შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებშია. ასე რომ, ეს არის ძალიან დროული აქცენტი ანალიტიკური წრეებისთვის და კარგი იქნება, თუ ამას ყურადღებას მიაქცევენ და მის გამოყენებას და რეალიზაციას მაქსიმალურად შეეცდებიან“, - აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე. რაც შეეხება მაიკ პომპეოს ვიზიტისგან მოლოდინებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ პომპეოს ვიზიტიდან ორი თემაა მნიშვნელოვანი. 1. უსაფრთხოების კონტექსტი ჩვენს რეგიონში და ამ ჭრილში დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველო-ამერიკის ურთიერთობას. 2. საქართველოს დემოკრატიული განვითარება იმიტომ, რომ ეს არის ის თემა, რასაც ჩვენი ურთიერთობები ეფუძნება. „აქ არამხოლოდ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რას უნდა ველოდოთ, არამედ იმასაც, რა შეგვიძლია ჩვენ შევთავაზოთ, რა შეიძლება იყოს ის ინიციატივები, რომლებიც შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ხელისუფლებას, როგორი ხედვა შეიძლება ჰქონდეს. არის ერთგვარი კომენტარები, რომ პომპეო არის წამსვლელი ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანი - ეს ასე არ უნდა განვიხილოთ, რადგან ამერიკის პოლიტიკა სხვანაირად მუშაობს. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მემკვიდრეობითობა შეერთებული შტატების პოლიტიკაში“, - აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე. როგორც ცნობილია, ევროპაში ბოლო ქვეყანა, სადაც პომპეო ვიზიტის დროს ჩერდება, საქართველოა, რის შემდეგაც სახელმწიფო მდივანი ისრაელს ეწვევა. „ცხადია, რომ ძირითადი აქცენტი კეთდებოდა უსაფრთხოების თემატიკაზე და მთავარი თემა ამ ტურნეში იყო ახლო აღმოსავლეთი და აზიის საკითხი, თუმცა იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენს რეგიონში ვითარდება, საქართველო არის ბოლო ქვეყანა ევროპაში, სადაც პომპეო ვიზიტის დროს ჩერდება, რაც კიდევ ერთელ ადასტურებს, რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს ამ ქვეყნის უსაფრთხოებას და რეგიონში საქართველოს უსაფრთხოებას“, - აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე. უნდა ველოოდთ თუ არა ნატოში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას, თენგიზ ფხალაძის თქმით, ნატოში ინტეგრაცია მრავალმხრივი ფორმატია და ეს არ არის მხოლოდ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებზე დამოკიდებული, თუმცა თუ ჩვენ ორმხრივ ურთიერთობას განვავითარებთ და უსაფრთხოების სფეროში სხვა საფეხურზე გადასვლას შევძლებთ, ეს ნატოში ინტეგრაციაზეც იმოქმედებს.
იტალია ე.წ.წითელ ზონას აფართოვებს
იტალიის ე.წ.წითელ ზონას, სადაც კორონავირუსის მაღალი რისკის გამო მკაცრი „ლოქდაუნია“ გამოცხადებული, კიდევ ორი რეგიონი - კამპანია და ტოსკანა - დაემატა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კამპანიის ხელისუფლება აცხადებს, რომ რეგიონის ჯანდაცვის სისტემა კოლაფსს უახლოვდება. კორონავირუსის გავრცელების რისკი შესაბამისად, იტალიაში რეგიონები იყოფა სამ - წითელ, ნარინჯისფერ და ყვითელ ზონად. ახალი რეგიონების დამატებამდე „წითელ ზონაში“ შედიოდა ლომბარდია, ბოლცანო, პიემონტი და ვალე-დ’აოსტა ჩრდილოეთით და კალაბრია სამხრეთით. აღნიშნულ რეგიონებში, სადაც დაახლოებით 16.5 მილიონი ცხოვრობს, მოქალაქეებს თავიანთი სახლების დატოვება მხოლოდ სამსახურში წასვლის შემთხვევაში, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზების, აუცილებელი საჭიროების პროდუქციის შესაძენად ან სხვა გადაუდებელი აუცილებლობის გამო შეუძლიათ. დაკეტილია ბარები და რესტორნები. იტალიაში პარასკევს კორონავირუსის 40 902 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის. ქვეყანაში, საერთო ჯამში, კოვიდ 19-ით 1 მილიონზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული, დაღუპულთა რიცხვი კი 44 000-ს აჭარბებს.
თუ კორონავირუსის ვაქცინა დამტკიცდება, საქართველო 700 000 დოზას მიიღებს - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 700 000 ადამიანისთვის საჭირო დოზა აქვს შეკვეთილი, რომლითაც პირველ რიგში მაღალი რისკის მქონე ჯგუფები აიცრებიან. კითხვაზე, რომელი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შემოვა საქართველოში, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ეს ვაქცინების გლობალური ალიანსის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. მისივე თქმით, საქართველომ გლობალური ალიანსის ანგარიშზე 4 მილიონი დოლარი უკვე გადარიცხა. ,,სხვადასხვა სახელმწიფოებს შეკვეთილი აქვთ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დაახლოებით, 8 მილიარდი დოზა. ჩვენ რომელ ვაქცინას მივიღებთ, ეს გადაწყვეტილი იქნება ე.წ. კოვაქს - პლატფორმაზე, რომელიც შექმნილია ვაქცინების გლობალური ალიანსის მიერ, რომელთანაც ვთანამშრომლობთ ორი ათეული წელია. თუ რომელ ვაქცინას შეისყიდის ეს პლატფორმა ჩვენი ტიპის ქვეყნებისთვის და საქართველოსთვის, ჯერ არ ვიცით. საქართველომ 4 მილიონი დოლარი უკვე გადარიცხა კოვაქს პლატფორმაზე და დაკვეთილი გვაქვს 700 000 ადამიანის მოცვისთვის დოზა ვაქცინისა, სულ ეს ჯდება 17 მილიონ დოლარამდე. პირველი შენატანი საქართველოს შეტანილი აქვს და როდესაც რომელიმე ვაქცინა დამტკიცდება, წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველო მიიღებს ამ ვაქცინას და აიცრება 700 000-მდე ადამიანი. პირველ რიგში ესენი იქნებიან მაღალი რისკ-ჯგუბი, რომელიც უკვე განსაზღვრულია“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, კორონავირუსის ვაქცინის შექმნა და მისი პრაქტიკაში გამოყენება პანდემიის დამარცხების ერთ-ერთ ყველაზე დიდ იმედად ითვლება თუმცა ის, რომ კოვიდის ვაქცინა ხელმისაწვდომი თვეების შემდეგ გახდება, ,,ეს გადაჭარბებული იმედებია“. ,,კოვიდის ვაქცინის შექმნა და მისი პრაქტიკაში გამოყენება ითვლება დღეს ერთ-ერთ ყველაზე დიდი იმედად პანდემიის დამარცხების. თუმცა ის, რომ კოვიდის ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება თვეების შემდეგ, ეს გადაჭარბებული იმედები გახლავთ. დღეს დაახლოებით 200-მდე სხვადასხვა ვაქცინაა კოვიდ 19-ის წინააღმდეგ შექმნილი, აქედან კლინიკური კვლევის ფაზაშია რამდენიმე ათეული და ბოლო ფაზაში არის 5-მდე ვაქცინა, საიდანაც 3-ს აქვს საკმაოდ დიდი მოლოდინი. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ყველაზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია Pfizer- ის მიერ შექმნილმა ვაქცინამ, სადაც კვლევებმა აჩვენა, რომ 90%-ზე მეტი დამცველობა აქვს. თუმცა, დიდი ალბათობით არ იქნება მხოლოდ ერთი ვაქცინა, რომელიც იქნება გამოყენებული კოვიდის საწინააღმდეგოდ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში, 102 წლის პაციენტმა COVID 19 დაამარცხა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 102 წლის პაციენტმა ახალი კორონავირუსი დაამარცხა. მოხუცებული ხანდაზმულთა სახლში დაინფიცირდა. ის კლინიკაში ორი კვირის წინ შეიყვანეს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, გალინა ბებო თავს კარგად გრძნობს და ის საავადმყოფოდან ხვალ გაეწერება. ამ დროისთვის, კლინიკაში 77 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, აქედან 2 კრიტიკულად მძიმეა. იმერეთში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 513 შემთხვევა გამოვლინდა. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 73 154 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 55 511 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 636 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2 447 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში 3 413 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 957 პირი. მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.